მალხაზ ხარბედია – „მკვდარი სულები“ სუფრასთან

Piotr-Piotrovich-Petukh

შესავლის ნაცვლად მსუქნების და გამხდრების დახასიათებით დავიწყებ, რომელიც ამ დიდი რომანის შესავალშივე გვხვდება.

გოგოლის სიტყვით, მსუქნებს უკეთ ეხერხებათ თავიანთი საქმეების მოგვარება, ვიდრე გამხდრებს. გამხდრები მხოლოდ განსაკუთრებულ დავალებებს ასრულებენ ან უბრალოდ ირიცხებიან სადღაც და ცხოვრებას ლაქუცში ატარებენ. მათი არსებობა მსუბუქია და არასაიმედო. მსუქნებს კი არასდროს უკავიათ ასეთი ირიბი თანამდებობები, არამედ მხოლოდ პირდაპირი, და თუკი სადმე ადგილს დაიკავებენ, მხოლოდ საიმედო ადგილს, რათა მყარად და დიდხანს იჯდნენ. გამხდარი სამ წელიწადში ყველაფერს ლომბარდში ჩააბარებს, მსუქანს კი საქმეები კარგად მისდის. ხან სახლს შეიძენს ცოლის სახელზე, ხანაც სოფელს შეისყიდის. რომანში მსუქნებიც გვხვდებიან და გამხდრებიც, და გოგოლი ორივეს მადას დეტალურად აღწერს, სოციალური მდგომარეობის მიხედვით. იგი სხვანაირადაც აჯგუფებს ადამიანებს, კიდევ არაერთი კრიტერიუმი აქვს მწერალს მათი შედარებისთვის, რომელთაგან ერთ–ერთი ყველაზე გამოკვეთილი რომანის მთავარი გმირის, ჩიჩიკოვის ქვეჯგუფია. მათ ავტორი შურით უყურებს და ეს შური პირველ რიგში ჭამის მადას უკავშირდება.

ერთხელ ერთ ტრაქტირთან, გნებავთ სამიკიტნოსთან ჩერდება ჩიჩიკოვი სადილად და ავტორი თავისი წიგნის მთავარი გმირის მადაზე იწყებს ლაპარაკს. ლაპარაკობს აღფრთოვანებით და შურით, როგორც ზემოთაც ვახსენეთ. იგი იმ ქალაქელებივით კი არ არის, პეტერბურგელი და მოსკოველი დიდებულებივით, სულ ხვალინდელი სადილის ფიქრში რომ არიან და ზეგის ნადიმს რომ აწყობენ წარმოსახვაში, სადილამდე წამალს რომ ჩაუფენენ, შემდეგ კი ერთიორ ხამანწკას (устерс) გადაყლაპავენ, ზღვის ობობას ან სხვა ეგეთ ურჩხულს ჩააყოლებენ და მერე კარლსბადში ან კავკასიაში დარბიან სამკურნალოდ. არა, ჩიჩიკოვი სხვა ტიპია, ერთ „სტანციაში“ იგი ლორს მიირთმევს, მეორეში გოჭის ხორცს, მესამეში ზუთხის მოზრდილ ნაჭერს დაითრევს, ან რაიმე შებრაწულ ძეხვს, ხახვით. სხვაგან ცქვრინის (Стерлядь) უხას მოხვრეპს, რძიანს, ქაფქაფას, ნალიმებითა (ჩვენში თავდიდას ან ღლაბუტას უხმობენ, ლოქოს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ვირთევზას ბიძაშვილია) და სხვა თევზეულით შევსებულს, დააყოლებს რასტეგაის (расстегай) და კულებიაკას – მოზრდილ, გულსართიან ღვეზელებს, ლოქოს плес-ით (ლოქოს ცხიმიანი კუდი იგულისხმება). მოკლედ, მთხრობელს საშულო შეძლების ბატონის მადაზე აქვს საუბარი, რომლისაც მარტო მას კი არა, თითქმის ყველას შურს.

სხვათა შორის, ეს პირველი „ტრაქტირი“, სადაც ჩიჩიკოვმა შეიარა, უფრო ქოხს ჰგავს, ვიდრე სამიკიტნოს. მაშინდელი რუსეთი მოფენილი იყო ასეთი „ქოხებით“. შესვლისთანავე თვალში გეცემოდათ სოფლის გზისპირა დუქნებისთვის დამახასიათებლი ყველა ატრიბუტი: ძველი სამოვარი, ფიჭვით აკრული კედლები, სამკუთხა კარადა ჩაიდნებით და ფინჯნებით, ფაიფურის მოოქროვილი კვერცხები ხატების წინ, კატა, ბუნდოვანი სარკე, სადაც, როგორც წესი, ორის ნაცვლად ოთხი თვალი ჩანს ხოლმე, სახის ნაცვლად კი გაბრტყელებული ცომი. ასეთ დუქნებში ხატებთან სხვადასხვა სურნელოვანი მცენარის კონებია ჩამოკიდებული.

ჩიჩიკოვი გოჭს მოითხოვს, პირშუშხათი და არაჟნით, და იწყება ჩუმი მომსახურება – მოხუცი ქალი ჯერ თეფშს მოიტანს, შემდეგ ორკბილა ჩანგალს, დანას, გახამებულ ხელსაწმენდს და სამარილეს, რომელიც ფეხზე ვერ დგას და წარამარა იქცევა.

ჩიჩიკოვი საქმეზეც ზრუნავს სადილობამდე და თავის მომავალ „საქმიან პარტნიორებზეც“ ჰკითხავს მოხუცს: მანილოვს და სობაკევიჩს თუ იცნობო? მოხუცი რა თქმა უნდა ორივეს კარგად იცნობს და ჩიჩიკოვს პირველ რიგში პირის გემოთი წარუდგენს ორივეს ხასიათს, ვის რისი შეკვეთა უყვარს, როგორ მიირთმევენ კერძებს და სხვ. მანილოვი ქათამს ახარშვინებს ხოლმე და ხბოს ხორცს უკვეთავს თურმე. ცხვრის ხორცი თუკი აქვს, ცხვარსაც დაიდგამს წინ. მოკლედ ყველაფერს სინჯავს რაც კი ტრაქტირში მოიპოვება. სობაკევიჩი კი მხოლოდ ერთ რამე კერძს შეუკვეთავს და ეგრევე შთანთქავს, თანაც იმავე ფასში დამატებასაც თხოულობს.

ჩიჩიკოვს რომანის დაწყებისთანავე შივდება და იგი პირველივე გვერდებზე ასეთ სოფლურ ტრაქტირში ნაყრდება ტრადიციული კერძებით – შჩი ფენოვანი ღვეზელით, რომელსაც ხანდახან კვირეების მანძილზეც ინახავენ, ტვინი ბარდით, სოსისები კომბოსტოთი, შემწვარი დედალი და კიტრის მწნილი, რომელიც ისევ ფენოვან ღვეზელთან ერთად მოდის.

გოგოლი საუზმეს, სადილსა და ვახშმებსაც აღწერს, მწირ სამხრებსაც და ყველა გარკვეული თავისებურებით ხასიათდება. მაგ. საუზმე ფეტინიასთან: შემოდის სოკოს მწნილი, ღვეზელები, ნაირნაირი ბლინები (скородумки, шанишки, пряглы) სხვადასხვა გუსართითა თუ ნამატით (припёка, თავსართი ვუწოდოთ ხუმრობით) – ხახვით, ყაყაჩოს მარცვლით, ხაჭოთი, წვრილი თევზით (ტბის ცქიმურა, сняточки), კვერცხით. ჩიჩიკოვი ჯერ კვერცხის ღვეზელს გაანახევრებს, შემდეგ სამ-სამ ბლინს სამ-სამჯერ გადაახვევს, ერბოში ამოავლებს და პირისკენ გააქანებს, დანარჩენსაც გადასწვდება, ბოლოს კი შეუქებს მასპინძელს ნახელავს და საქმეზე მიემგზავრება. მის საქმეში კი ყოველთვის იშლება სუფრები, სადილისა თუ ვახშმისა, რომელსაც ნელ–ნელა აღვწერთ, დაკვირვებით. თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგიერთისთვის სადილი და ვახშამი ყველაფერია, სხვები კი უფრო მეტ ყურადღებას დასალევს უთმობენ.

მაგ. ავიღოთ ნოზდრიოვი, რომელიც გიჟური შეძახილებით (ბა, ბა, ბა!) შემოვარდება რომანში და მაშინვე იმაზე იწყებს ლაპარაკს, თუ რამდენი ბოთლი შამპანური ჩაცალა ამასწინათ, ვინ რითი აზავებს ღვინოს და სხვ. იგი გატაცებული მწეველიცაა, ნაირნაირი ჩიბუხითა და თამბაქოთი შეიარაღებული, მაგრამ ავტორის დაკვირვებით, სადილი მისი ცხოვრების არსს ნამდვილად არ წარმოადგენს. მართალია თავიდან კოხტად დაიწყებენ, გამოყვანილი თევზეულით, ზურგიელით და ანისულის არყით, მაგრამ შემდეგ როგორც ირკვევა, ყველა კერძს გარკვეული ხარვეზი აქვს. ზოგი მიმწვარია, ზოგი მოუხარშავი. გარდა ამისა, როგორც ჩანს მზარეული რაღაცა განსაკუთრებული შთაგონებით ხელმძღვანელობდა და რაც ხელში მოხვდებოდა, იმას ამატებდა – დაინახავდა პილპილს, მოაყრიდა პილპილს. ხელში თუ კომბოსტო მოხვდებოდა, კომბოსტოს მისცემდა კერძს, რძე თუ იყო იქვე, რძესაც მოასხამდა, ასე ექცეოდა ლორს, ბარდას, მოკლედ ყველაფერს. მთავარია ცხელი ყოფილიყო, გემოს კი რამე ეშველებოდა.

ნოზდრიოვი და ღვინო ცალკე საუბრის თემაა. ჯერ წვნიანიც არ იყო შემოსული, რომ სტუმრებს უკვე გაპიპინებული ჰქონდათ ჭიქები პორტვეინით. შემდეგ გოსოტერნის (დამახინჯებულია Haut Sauternes) ჯერი დადგა, რადგან თურმე საგუბერნიო და სამაზრო ქალაქებში არ არსებობს ჩვეულებრივი სოტერნი და მხოლოდ ეს „ზემო“, „მაღალი“ სოტერნი იშოვება (აქ დიდი ირონიული ქვეტექსტებია). სვამენ მადერასაც, რომელზეც მასპინძელი დასძენს – ასეთი ფელდმარშალსაც კი არ დაულევიაო. თან ეს მადერა პირს შუშხავს, რადგან ვაჭრებმა კარგად იციან „პომეშჩიკების“ გემოვნება და დაუნდობლად აზავებენ მადერას ხან რომით, ხანაც არყით, იმის იმედით, რომ რუსული სტომაქები ყველაფერს აიტანენ.

ნოზდრიოვი ამით არ კმაყოფილდება და რაღაცა განსაკუთრებულ ღვინოზე აგზავნის მსახურს, რომელიც მისი სიტყვებით ერთდროულად ბურგუნდიულიცაა და შამპანურიც (!!!). მოაქვთ რიაბინოვკაც. თავად ნოზდრიოვი ძალიან აქებს, მაგრამ ვაი რომ მასში მთელი ძალით იგრძნობა რახის გემოები. სვამენ კიდევ ერთგვარ ბალზამს, ძნელად დასამახსოვრებელი სახელით, იმდენად რთული სახელით, რომ მეორე ჯერზე თავად მასპინძელი უკვე სულ სხვა სახელით იხსენიებს სასმელს. ბოლოს წაკინკლავდებიან და ამ დროს მაგიდაზე რამე განსაკუთრებული სასმელი კი აღარ დგას, არამედ მხოლოდ გაურკვეველი კვიპროსული ღვინო, ძმარი და კვაწარახი, როგორც ნიშანი უთანხმოებისა და გაუგებრობისა. საუზმე მწირია – ჩაითა და ერთი ბოთლი რომით.

მორიგი სადილი სობაკევიჩთან იმართება. თავიდან თითო სირჩა არაყს ჩაურტყამენ, როგორც წესია და ჩააყოლებენ ნაირნაირ მწნილეულობას და სხვა აღმგზნებ მადლიან რამეებს, ჩააყოლებენ ისევე, როგორც მთელს თვალუწვდენელ რუსეთში აყოლებენ, მის ქალაქებსა და სოფლებში. იწყება  სასადილო ოთახისკენ გადინება, სადაც ყველას, როგორც ნარნარი ბატი, დიასახლისი მიუძღვება, თეოდულია ივანოვნა. სუფრა ოთხზეა გაშლილი, აქებენ შჩის, რომელიც თავიდან შემოაქვთ: სობაკევიჩი მოხვრეპს პირველ კოვზ შჩის და ნიანიას უზარმაზარ ნაჭერს გადაიღებს (ერთგვარი მოძეხვო–მოკუპატო ტიპია, რომელიც დატენილია ცხვრის შიგნეულობით, წიწიბურათი, ტვინით და ჩლიქებით). მოსულიერებული მასპინძელი ჩიჩიკოვს ეუბნება, ასე ქალაქში ვერ შეჭამო, რაზეც ჩიჩიკოვი არ ეთანხმება, გუბერნატორთან კარგი სუფრა იყოო, ღორის კატლეტები და მოხარშული თევზიო. სობაკევიჩი კი – აჰ, რას ამბობთ, ვიცი მაგათი მზარეულის ამბავი, ვითომ ფრანგთან სწავლობდა, ბაზარში კი კატას იყიდის, გაატყავებს და კურდღლად ასაღებსო.

კურდღლად გასაღებული კატის შემდეგ რატომღაც ბაყაყზე ჩამოვარდება სიტყვა და სობაკევიჩი ამბობს, სულ რომ შაქარმოყრილი მომიტანო, მაინც არ მივეკარებიო. იწუნებს ხამანწკებსაც – ძაან კარგად ვხედავ რასაც წააგავს ეგ თქვენი ხამანწკებიო და ცხვრის ფერდს დაწვედება, ფაფასთან ერთად მიირთმევს და თან ქება–დიდებას აღავლენს მის მიმართ. რაღაცა ფრიკასე არ გეგონოს, „ბარსკი“ სამზარეულოებში რომ ამზადებენ 4 დღე–ღამე ბაზარში ნაგდები და ნათრევი ხორცისგანო.

გასაკვირი არაა, რომ სობაკევიჩი ვერ იტანს დიეტას და დიეტოლოგებს.  აგინებს გერმანელ და ფრანგ ექიმებს, რომლებმაც ეს უბედურება მოიგონეს და მზად არის ყველა მათგანი ჩამოახრჩოს. მისი ფილოსოფია ასეთია (რომელიც მანამდე მოხუცმა ქალმაც შეამჩნია გზისპირა ტრაქტირიდან): თუ ღორი მაქვს, მთელი ღორი გამოიტა, ცხვარი მაქვს, მთელ ცხვარს შევჭამ, ბატზე მიდგება საქმე? მთელი ბატი დამიდგით. მირჩევნია ორი კერძი შევჭამო, მაგრამ ისე, როგორც სული მკარნახობსო და უცებ ამას საქმით ამტკიცებს – თეფშზე ცხვრის ნახევარ ფერდს გადაიღებს და მთლიანად შესანსლავს, ბოლო ძვლამდე გაღრღნის და გატლეკს.

ცხვარს ვატრუშკები (ხაჭოს ღია გულსართით სავსე პური, აჭარული ხაჭაპურივით) მოჰყვება, რომელიც თითოეული თეფშზე უფრო დიდია, მაგიდაზეა გადმოსული. შემოაქვთ ხბოსხელა ინდაური, ათასნაირი სატენით დატენილი – კვერცხი, ბრინჯი, ღვიძლი… სადილი ამით სრულდება, მაგრამ ჩიჩიკოვი რომ სუფრიდან წამოდგება, ერთი ფუთით უფრო დამძიმებული ეჩვენება თავი და ლასლასით მიდის სასტუმრო ოთახისკენ, სადაც მურაბა ელის. თან რა მურაბა – თაფლში მოხარშული თალგამი.

საუკეთესო სადილები და ვახშმები პოლიცმეისტერთან იშლება. გოგოლი დაწვრილებით აღწერს ამ დღესასწაულებს, მუცელღმერთობის ზეიმებს.

სუფრა აქაც ხემსით იწყება რა თქმა უნდა: მაგიდები გადავსებულია სვიით, ზუთხით, ზურგიელით, ორაგულით, დაწურული ხიზილალით, ახლადშემარილებული ხიზილალით, ქაშაყით, ტარაღანათი, ყველებით, შებოლილი ენებით. ეს რაც შეეხება ნაყიდ თევზეულს. ამას სამზარეულოს ნუგბარი ემატება – ღვეზელი ზუთხეულის თავ–ხერხემლით, ხრტილებით და ლაყუჩებით. მეორე ღვეზელი – არყა სოკოთი, პრიაჟენცები (ხორც–კომბოსტოვანი ღვეზელი), მასლიანცები (ერბოში ნატუნტურები ცომეულობა), ვზვარენცები (მოხარშული ხილი თაფლით). ამ დროს ზოგი ბანქოს თამაშობს, სხვები კი ჩუმ–ჩუმად იჭყიტებიან კარების ღრიჭოში, ათვალიერებენ კერძების განლაგებას, ირჩევენ საყვარელ ადგილებს, მაგალითად დიდ ზუთხთან, რომელიც კუთხეშია დასვენებული. რა თქმა უნდა, თითქმის ყველა, გასტრო–გნიასის დაწყებამდე, თითო „სტოპკა“ არაყს ურტყამს (მუქი ზეთისხილისფერი არაყია) და იწყება…

ხემსი იმდენია და იმდენნაირი, ყველა ხასიათს ერგება: ზოგი ხიზილალას მიაწვება, ზოგი ყველს, ვიღაცა ორაგულის სიახლოვეს მოიკალათებს. სობაკევიჩმა საერთოდ ყურადღებასაც კი არ მიაქცევს ამ წვრილმანებს და ეგრევე ზუთხთან გამაგრდება. და სანამ სხვები მუსაიფობენ, წრუპავენ და ციცქნიან, იგი დახლ. 15 წუთში, ცარიელი ხერხემლის ამარა ტოვებს ზუთხს. ამ დროს პოლიცმოისტერი დაიძრება ზუთხისკენ ლაპარაკ–ლაპარაკით. ხალხს მიმართავს, ბუნების აი ამ საოცარ ქმნილებაზე რას იტყოდითო და რას ხედავს, ბუნების აი იმ საოცარი ქმნილებისგან მხოლოდ კუდი და ხერხემალია დარჩენილი. სობაკევიჩი კი ამ დროს ვითომც აქ არაფერიაო, რაღაცა გამომშრალ პატარა თევზს ეწვალება ჩანგლით. ამის შემდეგ მას აღარაფრის თავი აღარ აქვს. ზის სავარძელში, იბღვირება და თვალებს აფახულებს. ერთ მომენტში ერთი პოლკოვნიკი ქალბატონს საწებლიან თეფშს მოშიშვლებული დაშნით აწვდის, სხვები კი კამათობენ და თან აურება თევზს და საქონლის ხორცს ნთქამენ, ბლომად მდოგვში ჩაწობილს.

ასეთ დღეებში სასმელიც ბევრი ისმება და სადღეგრძელოც ბევრი ითქმება, მლიქვნელური, დამტკბარი სადღეგრძელოები – ძირითადად შამპანურით და უნგრული ტოკაით.

დამთრგუნველი პურმარილები ყველგან როდი იშლება. მაგ. პლიუშკინთან სულ სხვა სიტუაციაა, მასთან ყველა მსახური ერთი ფეხსაცმლით დადის და ლიქიორის „გრაფინჩიკიც“ დამტვერილია, კაციშვილი არ ეკარება. რომანში ღარიბი კაცის ულუფებზეცაა საუბარი. ასეთად ითვლება ქაშაყი, კიტრის მწნილი და 2 გროშის პური. ღარიბი კაცისთვის დიდი მიღწევაა, როცა შჩის საქონლის ხორცის მოზრდილ ნაჭერს აყოლებს.

რომანში ტარაკანა შავქლიავს გავს, ადამიანს სამოვარს ადარებენ, ქუჩაში ვიღაცა ყიდის თხილს, საპონს და თაფლაკვერებს, რომელიც თავის მხრივ საპონს ჰგავს. აქ მსუბუქი ვახშამი შეიძლება უწოდონ გოჭის ხორცს. გვხვდება სხვადასხვა უცნაურობაც, მაგ. თეოდულია ივანოვნა, სობაკევიჩის ცოლი, ხელებს კიტრის მწნილის წათხში იბანს. აქ, ზოგიერთ ოჯახში პურის ნახეტიც კი არ აბადიათ, მაგრამ სამაგიეროდ შამპანური აქვთ, რომელსაც ხმაურით გახსნიან და ცქრიალ–ცქრიალ ჩაისხამენ. დღე ხანდახან ცივი ხბოს ხორცით, მჟავე შჩით და ღმა ძილით სრულდება. ხანაც ჩაით (ჩაის ზოგადად ბევრს სვამენ, განსაკუთრებით ნაყროვანებისას). მიირთმევენ კატლეტს კაპარით, ზედაც არყით, შემწვარ ქათამს რაღაცრუღაცეებით (с финтерлеями) და ერთი ბოთლი ღვინით, მგზავრობისას კი დღე შეიძლება ცივი ღვეზელით და შემწვარი ცხვრის ხორცითაც გადააგორონ.

რომანში ფრანგ მზარეულსაც შეხვდებით, ჰოლანდიურ, თეთრ ქათქათა ტანსაცმელში გამოწყობილს, ტრუფელებიან კატლეტებს რომ ამზადებს. ვიღაცა მილუტინის დახლებთან გაივლის, საიდანაც ორაგული გიყურებს ფანჯრიდან, ალუბალი – ცალი 5 რუბლი ღირს. იყურება საზამთროც – დილიჟანსივით საზამთრო, 100 რუბლიანი, იყურება და სულელს ეძებს, მომავალ მყიდველს ეძახის.

რა თქმა უნდა, რომანის გვირგვინია პიოტრ პეტროვიჩ პეტუხი, თავისი მადით, მსოფლმხედველობითა და მენიუთი. ეს ადამიანი გასტრონომიული თვალსაზრისით კულმინაციურ მომენტში შემოდის ნაწარმოებში. იგი სულ ერთიდაიგივე კითხვას სვამს, ისადილეთ? ისადილეთ? თუ ვინმემ უპასუხა ვისადილეო, ბრაზდება, ასე ამბობს, თუ ისადილე რაღაში მჭირდები, რა საქმე მაქვს შენთანო. პეტუხი თევზების ასხმით ხელში შემოაბიჯებს წიგნში, მისი პირველივე გამოჩენა შთამბეჭდავია, თანაც დიდი ზუთხი ჰყავს დაჭერილი, რომელსაც მსახურები ზიდავენ. საუბარი მაშინვე სადილზე ჩამოვარდება, ვიღაცა იტყვის, სადილზე კი ვიყავი, მაგრამ მშიერი დავრჩი, მადა არ მქონდაო. გაირკვევა, რომ იმ ვიღაცას მოწყენილობის გამო არ ჰქონდა მადა. პიოტრ პეტროვიჩი აღშფოთებულია – ცოტას ჭამთ და იმიტომ ხართ მოწყენილებიო, აბა კარგად ჭამეთ და მერე ნახეთო. ზემოხსენებული ბატონი დარწმუნებულია, რომ მოწყენილობა ბოლო დროის გამოგონებაა, მანამდე არ არსებობდა. იგი არასდროს იწყენს, დრო არა აქვს. დილას რომ ადგება ჩაი უნდა დალიოს, მერე სათევზაოდ მიდის, მერე სადილის დრო მოდის, სადილის შემდეგ წამოხვრინვასაც კი ვერ მოასწრებ – ვახშამია, შემდეგ მზარეული მოდის და ხვალინდელი დღის მენიუ უნდა შეუკვეთოს. როდისღა უნდა მოიწყინოს?!

პეტუხთან სადილის შესავალი ასეთია: იღება კარი, შემოდიან ემელიანე და ანტოშკა ხელსახოცებით, შლიან სუფრას და დგამენ ლანგარს ექვსი „გრაფინჩიკით“, სხვადასხვა ფერის ნაყენით სავსეს. მალე მათ გარს შემოუწყობენ ხიზილალას, ყველებს, არყა სოკოს და მანჭკვალას მწნილს. შემოაქვთ თავდახურული თეფშები, რომლის ქვეშაც გამდნარი კარაქის თუხთუხი და ტკრციალი ისმის. ხემსს სადილი მოჰყვება, თან პეტუხი ყურადღებას არ ადუნებს, თუკი ვინმეს თეფშზე ერთ ნაჭერს ხედავს, ეგრევე მეორეს დაუდებს და ეუბნება – „მეწყვილის გარეშე ვერც ადამიანი, ვერც ფრინველი ვერ იცოცხლებს“. იმ ორს როცა შეჭამს, მესამეს გადაუღებს სიტყვებით: „ორი რა არის, ღმერთი სამობითაა“. შეჭამდა მესამეს – „ვის უნახავს საზიდარი სამ ბორბალზე, ან სამკუთხა ქოხს ვინ აშენებს?“. ოთხზე და ხუთზეც აუცილებლად იტყოდა რამეს, მათთვისაც ჰქონდა გამზადებული მახვილი სიტყვა პეტუხს. ამ ენამოსწრებულობის გამო ჩიჩიკოვს 12 ნაჭრის შეჭმა მოუწია, რის შემდეგაც ხბოს სუკის მოზრდილი ნაჭერი გადაუღო მასპინძელმა. ჩიჩიკოვს უკვე აღარ შეეძლო, ადგილი აღარ დამრჩაო, ემუდარებოდა მოძალადეს, რაზეც პეტუხის ულევი სიტყვიერი მარაგიდან კიდევ ერთი გამოთქმა წამოვიდა: „ეკლესიაშიც არ იყო ადგილი, მაგრამ ქალაქის თავი რომ შევიდა, მაშინვე გამოიძებნაო“. ნემსი არ ჩავარდებოდა, ისე იყო გადაჭედილი, თუმცა მისთვის ადგილი მაინც გამოინახაო. ასეა ეს ნაჭერიც, ქალაქის თავივითააო. გასინჯა ჩიჩიკოვმა და დარწმუნდა, რომ მართლა ქალაქის თავივით ნაჭერი იყო და ადგილიც მალე გამოინახა სტომაქში.

პეტუხს ლომბარდიდან ფული აუღია თავის დროზე, რომ 10 წლის სამყოფი ღვინო და სხვა რამეები შეეძინა. ღვინო ბევრი აქვს, დაუნანებლად ასხამს და ასხამს. რასაც სტუმრები ვერ სვამდნენ, ალექსაშას და ნიკოლაშას გამოაცლევინებს ხოლმე, უძირო თანამეინახეებს. ისინი თავისასაც კარგად სვამენ და სუფრიდან ისე დგებიან, თითქოს თითო ჭიქა წყალი დაელიოთ. სტუმრები კი მძიმედ დადიან, ძლივს მიღოღავენ აივნამდე.

ყველაფრის დასრულების შემდეგ პეტუხი თავის ოთხადგილიან ტახტზე წამოწვება და ხვრინვას ამოუშვებს, მაშინათვე მჭედელის საბერველად იქცევა, ცხვირიდან და პირიდან ისეთ ხმებს გამოსცემს, როგორიც მაშინდელ ახალ მუსიკაშიც კი არ შეხვედრია მთხრობელს. დოლის ხმაც ისმოდა, ფლეიტისაც და ძაღლის ყეფაცო.

ასეთი გულუხვობაა ვახშამზეც. აქაც უძრაობა და სისავსეა, ნავახშმევს კი მზარეულისთვის მეორე დღის სადილის შეკვეთის ჯერი დგება. ამ დროს ჩიჩიკოვი დაძინებას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის, ბორგავს, რადგან პიოტრ პეტროვიჩ პეტუხი ხმამაღლა ჩამოთვლის ხვალინდელი დღის რამე–რუმეებს, თან ისე გემრიელად, რომ მკვდარსად კი გაუღვიძებს მადას. ეს წერილიც ამ ჩამონათვალით მინდა დავასრულო, ძილის დასაფრთხობად თუ მოწყენის გასახანგრძლივებლად:

პირველი შეკვეთა ოთხკუთხა კულებიაკაა – ერთ კუთხეში ზუთხის ლაყუჩები და ხერხემლის ტვინი ჩადეო, მეორეში წიწიბურას ფაფა და ხახვით შეკმაზული სოკოო, მესამეში და მეოთხეში კიდევ რაღაცაო. თან ეუბნება, ერთ მხარეს დაიბრაწოს, მეორე მხარეს არაო, წვენიც ჰქონდეს და პირში თოვლივით დნებოდესო… ღორის სიჩუგი (Сычуг, კუპატივითაა) არ დაგავიწყდეს, შუაში ყინულის ნატეხი ჩაუდე, რომ კარგად გაიბეროსო. ზუთხს ალყა სჭირდება, კიბორჩხალების და შეპიწკინებული წვრილი თევზის ალყა, ცქიმურების ფარში, დაკეპილი თევზი, პირშუშხა, არყა სოკო, თალგამი, სტაფილო, ვარსკვლავივით ჭარხალი და მიწამხალაო. და აი, ამ დროს დგება შეწვა–დაბრაწვა–ხარშვა–ცხობის ჯერი და აქ უკვე გოგოლიც ყრის ფარ–ხმალს, ჩიჩიკოვს კი სადღაც რომელიღაცა მორიგი ინდაურის ხსენებაზე ჩააძინებს, ძალით. ჩააძინებს პერსონაჟს, ვისი მადაც ასეთი შესაშური იყო რომანის დასაწყისში და ვინც მერე უფრო მადიანი პერსონაჟების შემოტევისას მოიცელა.

© ინდიგო