ნუგზარ ზაზანაშვილი – უფალს უყვარს ფუფალა და სხვა ლექსები

 

nugzar zazanashvili 37547

***

შუქი,

ფანჯარა,

ღამის პეპლები,

და – არეკლილი – მინაზე სახე…

ლექსი იმისთვის არ იწერება,

რომ იხსენებდნენ პოეტის სახელს…

 

ლექსი იმისთვის არ იწერება,

რომ იხსენებდნენ პოეტის სახელს…

ქრებიან:

შუქი,

ღამის პეპლები,

და – არეკლილი – მინაზე სახე…

 

კონვენციური ლექსი

სიზმრებში ყველა არის ცოცხალი,

ყველა – ცოცხალიც და გარდაცვლილიც,

აღარ ტრიალებს დროის ბორბალი,

აღარც გზაა და აღარც მანძილი…

 

აი, დათოვლილი ხიდი,

კიოსკი,

პატარა ქუჩა,

თუთის ხეები…

და მოედნიდან სანაპიროსკენ

იმ თებერვალში ციგით ვეშვები,

მამა მახარებს გოჩას გაჩენას,

აი, წვიმებიც და წყალდიდობა

და მუნჯი “გეგე” თითებით მიხსნის

რაღაცას და მეც ვხვდები ვითომდა,

ესეც – ზაფხულის ნანატრი ხვატი,

ვწუწაობთ, ვხარობთ,

ვტეხავთ ერთ ამბავს,

ქურთი ქუბარა ქუჩას ხვეტავს და

ლივლივ უბზინავს ჭრელ-ჭრულა კაბა…

 

ჩვენი სახლიდან მუსიკა ისმის -

მოწაფეს ეტიუდს ასწავლის დედა,

მე კი მაწამებს ეჭვები სიყრმის

და სიყმაწვილის მაოგნებს ელდა:

სიყვარული მჭირს  და საგულეში

ვეღარასოდეს ჩადგება გული, -

ასე მგონია და უხეშობით

ვნიღბავ სინაზეს,

გრძნობას და

სურვილს.

 

აი, პირველი ოდნავლექსებიც,

აი, “თბილისში”ვდგავართ, ვაბოლებთ,

ოცკაპიკიან ლუდს შევექცევით,

ათკაპიკიან ხინკალს ვაყოლებთ,

ვმსჯელობთ, ვკამათობთ,

ვდაობთ და გვჯერა -

თავისუფლება აქვეა, ახლო:

ბრწყინვალე დროში შევდივართ ერთად

ალეკო, გია, ლევანი, ვახო…

 

და…

მოედანი სისხლის ლაქებით…

ვხედავ – ბიჭები მხრებში მოხრილან,

საით მიდიან ამ ქალაქიდან?..

იყო ქალაქი თუ არ ყოფილა?..

 

და თითქოს უკვე ვეჩვევი

აჩრდილს,

ჩრდილის ნაცვლად რომ

დღემუდამ დამდევს…

ჩადის მზე ჩუმად,

მზე ჩქარა ჩადის:

მართლა, წამია მიწიდან ცამდე…

 

თუმცა -

ტასიკო მოგვევლინა! -

მოითხოვს ზღაპარს:

ჰოპლა და ვცხოვრობ! -

ვემსგავსები

მხნე თოვლის პაპას!..

 

და ვიცი, ბოლოს გაქრება შიშიც,

მადლიერებით მივიღებ სასჯელს

და უშფოთველად მოვკვდები ძილში,

რომ სამუდამოდ სიზმრებში დავრჩე…

 

***

ლოპოტაზე

ნისლში – ტბის

ოდნავლივლივი,

ნაპირზე – ლანდი ფიჭვების…

ჩუმად ქრებიან ფიქრები,

ჩუმად ქრებიან იჭვები…

 

წამიც ტბასავით ლივლივებს,

წამს ფიჭვის კევის გემო აქვს

და…

მორბის ჩემი ბავშვობა, -

ჯიბით პატარა მზე მოაქვს…

 

***

ცარიელი სიტყვებით სავსეა

ყოველი დღე

 

***

რა ადრე ვსწავლობთ

ლაპარაკს

რა გვიან ვსწავლობთ

მოსმენას

 

***

მექანიკური როიალი

პირველი დამხვედრი ლონდონის

Heathrow-ს აეროპორტში

მექანიკური როიალია

 

მიდიხარ გრძელი დერეფნით

სასაზღვრო კონტროლისკენ და

გხვდება შავი როიალი

 

შავი როიალი დგას

წვიმის წვეთებიან ფანჯარასთან

და თავისთვის უკრავს თავისთვის

უკრავს თავისთვის

 

შავი და თეთრი კლავიშები მოძრაობენ

და გამოსცემენ ჰარმონიულ ჰანგებს

 

რა ხდება ნეტავ

განგებ

და რა არ ხდება ნეტავ

განგებ

 

საგნებიც იღლებიან

საგნებიც ცვდებიან

ტკივათ საგნებსაც

 

ძნელია

უცხო უშველებელ აეროპორტში

გაგნება

 

გავცდი შავ როიალს რომელიც დგას

წვიმის წვეთებიან ფანჯარასთან

და თავისთვის უკრავს თავისთვის

უკრავს თავისთვის

 

და რჩება ჩემს მეხსიერებაში

სამუდამოდ

სანამ მე ვარ

ის სულ ასე იდგება

წვიმის წვეთებიან ფანჯარასთან

და შავ-თეთრი კლავიშებიც

მუდამ იმოძრავებენ

 

და თან დროდადრო შემახსენებენ

რომ

როცა გბეზრდება

მაგრამ თავს ვერ ანებებ

 

(რადგან ასე ხარ აღზრდილი:

გეჩვენება – თავს თუ დაანებებ

მერე  მეორეც თავს დაანებებს

მერე მესამეც მეათეც მეასეც

მეათასეც

და დაინგრევა ქვეყანა

და ეს ცუდია)

 

ჰოდა

ამას ვამბობდი

 

როცა გბეზრდება

მაგრამ თავს ვერ ანებებ

მექანიკურ როიალს ემსგავსები

რომელიც დგას

წვიმის წვეთებიან ფანჯარასთან

და თავისთვის უკრავს თავისთვის

უკრავს თავისთვის უკრავს

თავისთვის უკრავს თავისთვის

 

***

ცნობილ მოტივზე

წვიმები

თოვლი

ქარბუქი

ნისლი…

ესეც საქმეა – ბოლომდე მისვლა…

თან ისე,

რომ არ დაკარგო თავი…

სეტყვა

მეწყერი

ღვარცოფი

ზვავი

 

***

დრო იყო

დედები შვილების ჯინსებს აუთოებდნენ

და იყო დედათა და შვილთა

გაუთავებელი ბრძოლა

დაუთოების გამო ატეხილი

 

დრო იყო ასეთი -

დაუთოებული შარვლების დრო

 

***

033

თეთრი რეანიმაციული სასწრაფო

თეთრტანიანი ჭადრების ქვეშ

ჭავჭავაძის გამზირზე

 

ნეტავ რამდენ ხანს იცოცხლებენ

კიდევ ჭადრები

 

***

ჩემმა ხანდაზმულმა მეზობელმა,

ოპერის ყოფილმა ორკესტრანტმა,

ხაშმელმა პავლემ, რომლის

მუსიკალური სავარჯიშოების

ჰანგები (“დაისიდან”) ჩემ

ყურამდე ოცი წლის მანძილზე

ყოველ დღე აღწევდა, თურმე

სიკვდილის წინ შვილებს ანიშნა -

კლარნეტი მომიტანეთ, თქვენ

კი გადითო, გულში ჩაიხუტა

ჩასაბერი ინსტრუმენტი

და ასე განუტევა სული.

 

***

სიცოცხლე წიგნია

არ ვიცი

სიცოცხლე თეატრია

არ ვიცი

სიცოცხლე გამოცდაა

არ ვიცი

 

ვიცი რომ

ქუჩაში ივნისია

ცაცხვებია

და ნიავია

და ნიავი ათრთოლებს

გულისებრი ფორმის ფოთლებს

 

და სადღაც შორიდან

ჩახლეჩილი ხმა მოისმის

„ვიბარებ ბოოთლებს“

 

***

სიმყუდროვე

აუცილებლად – რაფაზე ია,

აუცილებლად – შპალერი სადა

და საყიდლების პატარა სია

და “შკაფისთავზე” მთვლემარე კატა…

 

***

ვინ იტყვის

ია უშნოა

 

***

უფალს

უყვარს

ფუფალა

 

***

ხანდახან

ცრემლის ლუპის გარეშე

არაფერი ჩანს

 

***

კარუსელი ტრიალებს

 

ტრიალებენ ცხენები

ჟირაფი

გედი

ლომი

ვეფხვი

მაიმუნი

შავი ხარი

თეთრი ძროხა

ვარდისფერლოყება ღორი

მარხილი

იალქნიანი ნავები

ლურჯი ნაუტილუსი

საჰაერო ბურთი

ზღაპრული საფრენი აპარატი

ძველებური ჯიპი და კაბრიოლეტი

და სხვა

პატარ-პატარა

ფერად-ფერადი

რამე-რუმეები

 

და ეს სხვას არაფერს ნიშნავს

გარდა იმისა რომ

კარუსელი ტრიალებს

ტრიალებს კარუსელი

უბრალოდ ტრიალებს კარუსელი

და

ბავშვები

უბრალოდ

ხალისობენ

 

***

მე მარტივი ვარ

ექიმმა

არტერიები ჯერ კიდევ გაგიძლებსო

და მიხარია

 

მე მარტივი ვარ

ცოტათი დათბა

აყვავდა ატმის ხე

და მიხარია

 

მე მარტივი ვარ

ჩემმა შვილმა რომელიღაც

კონკურსზე გაიმარჯვა

და მიხარია

 

მე მარტივი ვარ

მოუგო საქართველოს

რაგბის ნაკრებმა რუსეთისას

და მიხარია

 

მე მარტივი ვარ

წავიკითხე ვიღაცის მშვენიერი ლექსი

და მიხარია

 

მე მარტივი ვარ

ჩემზე ვიღაცამ რაღაც კარგი სთქვა

და მიხარია

 

მე მარტივი ვარ

ვიღაცას რაღაც ვაჩუქე

გაუხარდა

და მიხარია

 

მე მარტივი ვარ

სააღდგომო კვერცხები

უნაკლო მუქ-წითლად შეიღება

და მიხარია

 

მე მარტივი ვარ

მენატრება

შვიდი წლის წინ გარდაცვლილი

დედა

 

მე ვარ მარტივი

და კიდევ უფრო მარტივი

გავხდები მალე

 

***

რა გაჭიკჭიკებს ასე ხმამაღლა

შეღამებისას

პატარა ჩიტო

 

ხომ იცი

ვერ შეაჩერებ დღეს

და ღამესაც არაფერი ესმის

 

თუმცა

მე ხომ მესმის

 

***

ნამდვილი პოეზია

“სალფეთქის” ფურცლებზე

და “პაპიროსის” კოლოფებზე

იწერება

© არილი