პროზა

ოლესია თავაძე – ორი ნოველა


სუნამო

როდესაც ცხოვრების უღელტეხილზე დგახარ, არ არის გასაკვირი – წარსულს აჯამებდე. ისე კი არა, მათემატიკურად, ნაკრებს შეჯამებისას მკვეთრი დამრეცი ხაზი გაუსვა და საბოლოოდ ანგარიში გაასწორო. არა. წინ კიდევ, თუ ღმერთი იზამს, ერთი იმდენი დრო გიდევს, მაგრამ ის დრო, წესით, აღარ უნდა იყოს წარსულივით ტევადი, გაიწელება, უფრო და უფრო წარსულისკენ მიგაბრუნებს. არ არის გასაკვირი აჯამებდე…  გასაკვირია, წარსულში ქექვისას, კერძოს სახელს უძებნიდე, ზოგადი კი ხელიდან გისხლტებოდეს. გასაკვირია, ოცი წლის გრძნობას უეჭველად სიყვარული დაარქვა და სიყვარული კი რა არის – ვერ დაადგინო, დღესაც რომ სისხლი დაგდის ღალატისა, და ღალატი რა არის საზოგადოდ ვერა სთქვა. ადრე პირიქით იყო – იმწუთიერს ვერ უგებდი,  და ზოგადი მკვეთრად გქონდა დახარისხებული და სახელდარქმეული. რას იზამ, თუ ჭკუას არ გადასცდი, ეგების ოდესმე დაამთხვიო ეს ორი მცნება – კერძო და ზოგადი. არც ისაა გასაკვირი, საბოლოოდ ორივეს ვერაფერი გაუგო და ახალშობილივით, ჭკუის დაუმძიმებლად, თვლემას მიეცე.

ეს მეორე, ნამდვილად არ არის გამორიცხული. იმიტომაცაა ალბათ, შუახანს მიწეული, ერთხელაც შეჩერდები, და უღელტეხილის გამოვლილ აღმართს გადახედავ. ჯერ კიდევ  კარგად შენახული ორმოც წელს გადაბიჯებული ქალი თუ ხარ, ბუნებრივია, ქვეყნის გაუგებრობაში პირველ რიგში სიყვარულის რაობას არკვევდე. სიყვარულს მშობლების მიმართ, მამაკაცის მიმართ, შვილის მიმართ (ყველაფერი მიმდევრობით), მეგობრის მიმართ, და თუ გულწრფელი ხარ და საზოგადოების მზერა არა გაქვს მოპყრობილი, სამშობლოს სიყვარულს არ გამოტოვებ, ან კიდევ ბოლოში მოაქცევ – იმიტომ რომ, ალბათ ამ წინა სიყვარულების  ჯამია, და თუ ნამდვილია, ყურადღებას არ უნდა იქცევდეს.  მოყვასის სიყვარული ყველასათვის ხელმისაწვდომადაა აღიარებული, სამშობლოს სიყვარული კი გმირების ხვედრად, და თავმდაბალი კაცი თუ ხარ (ქალი მითუმეტეს), საკუთარ გმირობას არ უნდა ჩემობდე.  ასე რომ მარტო შვილის სიყვარულსაც  რომ ჩაჰკირკიტებდე, არც ეს არის დასაძრახისი  –  „შვილ გაუზარდე სამშობლოს”,  „კიდევაც დაიზრდებიან” “ბოკვერები”  და ა.შ.

ჩემი ბოკვერი დღეს 25 წელიწადს უკაკუნებს, ყველა ქართველისათვის საამაყო სათქმელად – უმაღლესის სტუდენტია, ლამაზი, მოხდენილი, კეთილი და მშობლებისათვის შედარებით იოლი გასაძლები. როგორც ეტყობა, ქალების მოწონებას იმსახურებს და მათ მიმართ თვითონაც არ იშურებს გრძნობას. გადაბერებულ ქალებზეც კი, ქალი რომ აღარ ჰქვია, გაუგებარ არსებად რომ გადააქცია დრომ, მათ ეგოისტურ ეშმაკობას წრფელი სიბრალულით პასუხობს, და როცა არ ეზარება, კიდევაც კეთილად ემსახურება. ნებისმიერი სიცოცხლის წინაშე ღვთისნიერი რიდი აქვს, – მოდაში შემოსული ბუდიზმით შეპყრობილი კი არა, ისე, უდოგმო და უმიზეზო კრთომა სიცოცხლის წინაშე. ეს ყველაფერი – კერძოდ სიყვარულია, და ზოგადადაც ალბათ იგივე ჰქვია. ამ საყოველთაო მოსიყვარულეობის შედეგად დედაც უყვარს, რასაკვირველია, მაგრამ… სწორედ საზოგადო დასკვნა ჭირს – კერძო ზოგად სტრეოტიპში (რომ იტყვიან) არ ჯდება, და ეს არის რომ ვყვები.

საგნებმა უცნაური აკვიატება იციან, და უცნაურად მდგრადი ასოციაციები. სუნამო, და მით უფრო ფრანგული – მოინახება კი ქალი, რომ არ უყვარდეს? რომ არ უხაროდეს? თუ სჩუქნიან, მით უმეტეს!  ახლაც შენახული მაქვს პირველი ფრანგული სუნამოს მიკროსკოპიული, სათითურისოდენა ბოთლი. სხვა რა დავარქვა არ ვიცი – ბოთლი, (ფლაკონი)?! სულ მცირე ჩვენს წარმოდგენაში ასჯერ დიდია იმაზე, მე რომ ვამბობ. არც ჭურჭელი გამოდგება ამ შემთხვევაში. მოკლედ, ციცქნა, ერთი წვეთის ტევადობის შუშა, არცთუ მოსიყვარულე დედამთილის ნაჩუქარი. მე კი ვერ ველევი. სხვა რამდენი მოჰყვებოდა ამ პირველს, რამდენი მოჰყვებოდა ათიოდე წელი რომ გამოვაკლოთ აღმართის ასაკს – ვინ მოთვლის. რამოდენიმე ბოთლი (შუშა) შემორჩა ჩემს ტუალეტის მაგიდას, ზოგი რას მაგონებს, ზოგი რას. ის კი არა და, უკუღმადაც გახსენებს შემთხვევითი სურნელი ხან დედის ღიმილს, ხან სიყვარულის პირველ გაზაფხულს, და შემდეგ  კი, როგორც დასტური ოდესღაც მართლაც არსებულისა,  მეხსიერებას ამოაქვს დავიწყებიდან ის ჭურჭელი, რომელშიც  ესა თუ  ის სუნამო იყო დამწყვდეული.  ბევრნაირია ეს ბოთლები, ლამაზიცა და ულამაზოც – მაინც მიყვარს. და მხოლოდ ერთს ვერ ვიტან ურყევად და მდგრადად. ეს არის პატარა თხელი ბოთლი, აბსოლუტურად სწორი, მრგვალი შეუმჩნეველი წახნაგებითა და ოქროსფერი სახურავით, სახურავზე ლათინურად აწერია – “Dior”. ეს “დიორიც” კი არ შველის საქმეს, მაინც არ მიყვარს. ბოთლი თავისხელა თეთრი  მუყაოს კოლოფში უნდა ყოფილიყო. მაგრამ, როდესაც ცელოფნის ქაღალდი შემოვახიე… ასე ეფექტი არ ექნება ჩემს მონაყოლს, ჯერ წინ რაც მიუძღვოდა, იმას მოვყვები.

ალბათ, ასე, ოცდაათი წელი მისრულდებოდა იმ დაბადების დღეს. ვერაფერს ვშველი ჩემს მეხსიერებას, ბოთლის ფორმა რამ დამამახსოვრებინა და საკუთარი წლები არა?! მოკლედ, დაბადების დღე მქონდა, სტუმრები, მეგობრები, მაშინ ჯერ კიდევ  დედ-მამა… ბევრნი იყვნენ იმ დღეს, იმ წელს არავინ მაკლდა სათვალავში. საჩუქრებს საჩუქრები მოჰყვებოდა. არ მიხაროდა-მეთქი, როგორა ვთქვა, მაგრამ  მე მაინც იმ  ერთს ვუცდიდი, ვფიქრობდი, ეგების წელს მაინც მომესიყვარულოს, მასაც ხომ წელი მოემატა, ცოტა ხომ გაიზარდა და თავის მალულ სიყვარულს ახლა ხომ მოუვლის. ფუსფუსში გართული ხანდახან თვალს გავაპარებდი შვილისკენ საჩუქრის მოლოდინში. რა საჩუქრებს ჩუქნიან დედებს ათიოდე წლის შვილები? მე არც მანამდელ ასაკში ვიცოდი, რას ახერხებენ პატარები და ვერც ათი წლისებისა გავიგე. ამასობაში კიდევ ერთი ტკბილი მეგობარი შემომესწრო, მომეხვია, გულში ჩამიკრა და პატარა, ულამაზეს ქაღალდში გახვეული კოლოფი მომაწოდა. დრო ვიხელთე, საძინებელ ოთახში მალულად (გულმა რომ არ მომითმინა) გავხსენი, ბურბუშელები შემოვაძვრე, შემდეგ ლამაზი ყვავილებიანი ქაღალდი შემოვაცალე, შემდეგ ცელოფანის ქაღალდს ოქროსფერი სალტე მოვაცალე, თავი ავხადე და შიგნით ჩავიხედე… კოლოფში თავისივე ზომის სარეცხის „შპილკა“/სარჭი იდო – ხის, რკინის  ზამბარიანი საბჭოთა სარეცხის „შპილკა“, ფრანგულიც კი არა! კოლოფზე ლათინურ ასოებს Dior-ს, „შპილკის“ სიახლეც კი არ შველოდა.  გული ჩამივარდა, სახტად დავრჩი, ფრანგული სუნამოს მაგივრად ხელში  სარეცხის „შპილკა“ მეჭირა. ჩემს წყენას საზღვარი არ ჰქონდა, თავს გონივრობისკენ მოვუწოდებდი იუმორის დასაფასებლად, რა არ ვუჩიჩინე, – რა ბრწყინვალე ხუმრობაა-მეთქი. ჩემს ქალურ თავმოყვარეობას მეტი შეურაცხყოფის წარმოდგენა არც მაშინ შეეძლო, და ახლაც ამაზე დამამცირებელი ხუმრობა თუ არსებობს არა მგონია. კიდევ უკეთესი – ბოლოს სტუმრები რომ დაიშალნენ და ცრემლმორეული თავის შეკავებას რომ ვეღარ ვახერხებდი, აღმოჩნდა რომ ეს ხის „შპილკა“ ასე ოსტატურად იმ სუნამოს კოლოფში ჩემმა შვილმა ჩადო, იმ საჩუქრის სამაგიეროდ, რომელსაც ათი წლის განმავლობაში ველოდი. გაღიმებულმა სუნამოს გადამალული ბოთლი მომირბენინა – სწორი, მრგვალი, შეუმჩნეველი წახნაგებით, ოქროსფერი სახურავით, სახურავზე ლათინურად რომ Dior-ი აწერია. იმ ბოთლის დანახვაზე დღესაც ტანში მზარავს. ის მშველის,  რომ რაც დრო გადის სუნამოს და, ფრანგულს მით უმეტეს, ნაკლებად მჩუქნიან და დამთხვევა თითქმის გამორიცხულია.

მის მერე აგერ თხუთმეტჯერ გადავიხადე დაბადების დღე, და იმდენად გამოვფხიზლდი, შვილისგან საჩუქარს აღარ ველოდი, ის კი არა, მადლობელი ვიყავი იუმორით სავსე სიურპრიზებს რომ აღარ მიწყობდა. წელსაც მყავდა სტუმრები. ისეთი ხალხმრავლობა აღარ იყო მართალია, ადრე რომ ყოფილა. ერთი-ორი ახალი ამხანაგი შევიძინე, ათიოდე დავკარგე, და ანგარიშის ამბავია – ასე თუ გაგრძელდა, სულ მალე წინა დღის გაცნობილს შევრჩები დაბადების დღეს პირისპირ. მარტოობას ეგეც კი სჯობია. რაღა თქმა უნდა, ისევ საჩუქრებს ვათვალიერებდი სუყველას დასანახად (ახლა ასეა მიღებული ზრდილ წრეებში), მომეტებულ სიხარულს ვთამაშობდი მადლიერების გრძნობით, გულს კი აღარაფერი ახარებდა წინანდებურად. ჩემი ვაჟკაცი შვილისკენ თვალს კარგა ხანია აღარ ვაპარებდი, და დიდ პატივად ვუთვლიდი ჩემს თავს, ხუთიოდე წუთით თუ იკადრებდა ჩვენთან  ჩამუხვლას. იმ დღესაც, მთელი დღის მზადების მერე დაღლილი მივწექი სავარძელში სტუმრების მოლოდინში, უცებ რომ შემოვარდა, აღგზნებული, გაწითლებული, ხელში ფრანგული სუნამოს კოლოფი ეჭირა. გაუხვეველი, მუქი შინდისფერი კოლოფი ოქროსფერი მცენარის ტოტებით როიალის თავზე ნერვიულად დადო და, ის იყო რომ შევკრთი, მომმართა – რამე ლამაზი გასახვევი ქაღალდი გექნებაო. შეკითხვა, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა და კოლოფს ხელი წავატანე. კოლოფში ოცნება იდო, ყველა ქალის ოცნება. შინდისფერსავე ყრუ ბოთლს ისევ უცნაური მცენარის ოქროსფერი ტოტები  გასდევდა, ნაპოლეონის საომარი ქუდივით განიერი სახურავი ბოთლის მოყვანილობას აგრძელებდა, და, საოცრება, კოლოფს რომ მოაშორებდი, სახურავში გაყრილი აბრეშუმის გრაგნილი კანაფი, შუშისქვეშ მოქცეული, გრძელი შინდისფერი აბრეშუმის ფოჩით თავდებოდა. სუნამოს იდუმალებით სავსე,  გამომწვევი სახელი ერქვა – Opium-ი.  გული ამიჩქარდა, ფერი მეცვალა და ალბათ ამის საპასუხოდ, მომესმა შვილის გაღიზიანებული ხმა: “დიახ, მიყვარს, ძალიანაც მიყვარს, და რა, არ შემიძლია  ვაჩუქო?! მეჩქარება, მელოდებიან, დროზე მომიძებნე ქაღალდი, ძალიან გთხოვ!” სახტად დავრჩი და ძლივსღა ამოვღერღე – მასაც დაბადების დღე აქვს? – თუმცა კარგად მახსოვდა, რომ ჩემსას არ ემთხვეოდა. – არა, არა, – ბრაზმორეულმა მიპასუხა, – უბრალოდ დღეს შემთხვევით ვიყიდე, და დროზე, მეჩქარება!

წავიდა. მოცელილი სავარძელზე მივეგდე. ეს ყველაფერი განზრახ ჩაფიქრებულ წყენას ჰგავდა, მაგრამ ამის დაჯერება არ შემეძლო, იმ დღეს უნდა გადავრჩენილვიყავი, სტუმრებს ველოდი, და დავიჯერე რომ დაემთხვა, ნამდვილად დაემთხვა და მეტი არაფერი. ახლა რომ ვფიქრობ, მართლაც ეგრე იქნებოდა. წყენა გამინელდა, მაგრამ იმ “ოპიუმზე” უფრო საოცნებო საჩუქარი ქვეყანაზე თუ არსებობს, არა მგონია.

ამას წინათ, მოულოდნელად დავბრუნდი სახლში, გვიანი იყო, არავინ დამხვდა. მაგიდაზე არნახული არეულობა იყო, ერთმანეთში აზელილი სუფრა, ჭიქები, სიგარეტის ნამწვავები. სილაგაწნულივით კარებში გავჩერდი, ისედაც გულმოსულს ბოროტება მომეჭარბა და როგორ  განვმუხტულვიყავი არ ვიცოდი. ამასობაში შემოსასვლელი კარი გაჭრიალდა და ოთახში ფრთხილად ახალგაზრდა ლამაზი მამაკაცი  შემოვიდა. უცხო თვალით შევხედე, და უცებ ჩემი შვილი თუ იყო, ვერ ვიცანი. წამიერმა სენტიმენტალობამ გამიარა, ახლა უკვე შვებით მივვარდი ბოღმის ამოსანთხევად. ჩემს სხაპასხუპით გასროლილ სიტყვებს ჩვეული საპასუხო სიხისტე უნდა მოჰყოლოდა და ერთმანეთის ძიძგნაში გულსაც მოვიოხებდი. ეს მინდოდა, ამას ველოდი, და როგორც სხვა პლანეტიდან, ისე მომესმა ალერსით გამთბარი ხმა:

– ნუ მერჩი, ნუ მეჩხუბები, ნუ, ძალიან გთხოვ, ეხლავე ავალაგებ, მესმის, გეწყინა, არ გელოდი.

ისედაც წყლიან თვალებში ცრემლი ჩაუდგა და არაამქვეყნიური სიკეთით მიყურებდა. ერთბაშად ვერ შევძელი შეჩერება და ჩემსას ისევ მწარედ გავიძახდი. უცებ მოულოდნელზე მოულოდნელი მოხდა – ჩემსკენ ნაბიჯი გადმოდგა, ორივე ხელი ვედრებით გამომიწოდა, ფრთხილად გულში ჩამიკრა. მერე რაც მომესმა უკვე ქვეყნის დაქცევაც ჰგავდა:

– მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, ქვეყანაზე ყველაზე, ყველაზე მეტად…

თავზე კრძალვით ხელს მისვამდა და გულში მიკრავდა. ღვინის სუნით შეწუხებულმა ოდნავ უკან გავიწიე და თვალებში ჩავხედე, ცრემლი უხვად ეღვრებოდა და შავ უძირო თვალებში არაადამიანური ტკივილი ჰქონდა ჩამდგარი. ასე  სტკივათ ალბათ, გულიდან ყველაზე ძვირფასს რომ იგლეჯენ. შევშინდი, რომ ნათქვამი აღარ დაუბრუნდებოდა, ხელები გავუწოდე და ლამაზ მხარზე თავი დავადე. ასეთი  ლამაზი მამაკაცის სახე ასე ახლოს არასოდეს მინახავს, ასე არავის სიყვარულს არ შევუშფოთებივარ, და ასე სამუდამოდ არავისი სიტყვები გულში არ ჩამრჩენია.

         წალკოტი

დიდი ხანია გამოყრუებულად ვცხოვრობ ჩვენს პატარა, ღარიბულად ნაშენებ სახლში. სოფელი ახლა შენდება, ნელ-ნელა იყრის თავს, აქა-იქ კაკუნის ხმა ისმის, შორიშორ შემოძახილი. ჯერ ბუნების ხმები ჭარბობს. ჯერ კიდევ არის ისეთი დილა  და ისეთი  ადგილი – აივნის ხის სვეტზე ცერად შემომჯდარი გაკვირვებული კოდალა ნისკარტის გამეტებული ბრაგუნით რომ გაგაღვიძებს. არის ისეთი საღამოები ჭრიჭინების გაბმული ჭრიჭინი სიჩუმედ რომ მოგეჩვენება, და ისეთი სიმარტოვე – ზოგჯერ თავმობეზრებული და უსაქმო, საწერ მაგიდას ნებით რომ მიუჯდები და წერილის წერას დაიწყებ. ზოგჯერ დღე დღეს ისე ებმის, ადამიანის ხმას ვერ გაიგებ, ძაღლთან იწყებ ლაპარაკს და კრთები საკუთარი ხმის გაგონებაზე, ძაღლი კი გაოგნებული უჩვეულო ნდობით, გამწარებით, მოწყვეტამდე იქნევს კუდს მადლიერების ნიშნად. ეს, რა თქმა უნდა, თუ საკუთარი ძაღლი გყავთ, თორემ მაწანწალას სალაპარაკოდ სადა სცალია. ცხვირპირის მიწაზე თრევით, ყნოსვა-ყნოსვით, დღეღამ დარბის საჭმელის საძებნელად. სხვა სულიერებზე რა გითხრათ, არიან ჯერ კიდევ ზღარბები, კურდღლები, მელიები, შვლებიც გვყავდა, სანამ სათიბებს გადაბარავდნენ სახლების საძირკვლებად. უშიშარი ხვლიკებიც ხომ არიან და არიან, არაფრით არ ტოვებენ აქაურობას, თავისი სისხარტის იმედად, ალბათ.

ჩვენს განაყოფ მიწაზეც,  ჩვენს მეზობლად სახლია აშენებული, უფრო მკვიდრად და საშვილიშვილოდ, მაგრამ სიცარიელით უფრო დამორჩილებული დროს და უამინდობას. პატრონი ათასში ერთხელ თუ  მოაკითხავს სულის ჩასაბრუნებლად, მიიხედ-მოიხედავს, განწირულად ამოიოხრებს, და მოსაღამოვებისას, ისევ ქალაქში ბრუნდება. ამასწინადაც, როგორც ყოველთვის მოულოდნელად, გაიჭრიალა ჭიშკარმა და მეზობლის ეზოში მანქანა შემოვიდა. ნაცნობ სახლის პატრონს და მძღოლს უცნობი ქალი მოჰყვათ.

– როგორი წალკოტი ყოფილა! არაბუნებრივი ხმით წამოიყვირა ქალმა  მანქანიდან გადმოსვლისას.

აღტაცებას წამიც არ დააცალა, იქვე დაგდებულ ბარს დაავლო ხელი და უწვიმო ზაფხულით გახრიოკებულ მიწას თხრა დაუწყო.

ქალს ახალგაზრდულად მოქნილი ტანი ჰქონდა. თეთრი, მკლავებაწეული “საროჩკა” მორგებულად ეცვა, შემოტმასნული ქვედა კაბა, თითქოსდა უნებლიეთ იმეორებდა საკუთარი სხეულით იდუმალ ტკბობას, თეძოს გაცნობიერებულად მიხრა-მოხრას, ხელებსაც შინაგანი ტკბობით, ბუნებრივად ამოძრავებდა, და მხოლოდ სახე, ულამაზო და იჭვიანი, ასაკით შეუფერებელი სიმწრისგან ნაადრევად მობერებული, არღვევდა სხეულის თანაფარდობას და იერს უხდენდა. თვალები აქეთ-იქით დაბნეულად დაურბოდა, თითქოსდა რაღაცის დასტურად საყრდენს ეძებდა, თუ იმედს იმისა, რომ ეს ყველაფერი – მისი სხეული, მისი ხელები, ამაო არ არის და უაზრო.

–  მე ამ ხეებს სულ შემოვუბარავ! ისევ წამოიყვირა ქალმა – რა კარგია! აქ ვიცხოვრებ ზამთარ-ზაფხულ, სამსახურშიც აქედან ვივლი! რატომ ამ დრომდე ვერ ჩამოვედი?! ორშაბათს სამსახურში დარეკეთ, უთხარით ვერ მოვაო!  – ნერვიულად, თითქოსდა ვიღაცის ჯიბრით თუ გასაგონად იძახდა ქალი და უაზროდ იქნევდა ბარს. მერე წუთით შედგა და გაბოროტებული  მზერა ძმას მიაპყრო.

– დიახ, მარტო ვიცხოვრებ!

– ასე იცი! – კეთილი ღიმილით, ბედსშეგუებულად, უმისამართოდ ჩაილაპარაკა ძმამ.

მძღოლი ასევე  ბედსშეგუებულად, მაგრამ მალული გაღიზიანებით ეზიდებოდა წყაროს წყალს ქალისთვის სამარაგოდ. ერთიან წრიალში კიდევაც დაბნელდა. ძმა და მძღოლი მანქანას მიუბრუნდნენ.

იმ  ღამეს მეც მივყვებოდი ჩემს მეზობელს ქალაქში. მარტო დარჩენილ ქალს  რომ ვეთხოვებოდი, მოღალატის განცდა მქონდა, თითქოს საშველად ხელი არ გავუწოდე, თითქოს სერიოზული გამოცდის პირისპირ მარტო ვტოვებდი. ვიგრძენი, რომ დარჩენა შემეძლო, მაგრამ გაუცნობიერებელი გაბოროტებით ჩავიქნიე ხელი და მოვიხურე მანქანის კარი. ორი დღის შემდეგ დავბრუნდი ჩემს უცაბედად მიტოვებულ სახლში. ყველაფერი ისევ ისე, ჩვეულებრივად დამხვდა, როგორც ყოველთვის.  ზოგი რამ ღია, ზოგი სიჩქარეში უადგილოდ მიყრილ-მოყრილი. მეზობელთანაც ისევე, როგორც ყოველთვის, არავინ იყო. მოჭრიალე ჭიშკარი წინანდებურად, გაკვანძული ზორტით იყო დაბმული, სახლის კარს დიდი ბოქლომი ედო, და მხოლოდ ორად-ორი, საცოდავად გაწოწილი კომშის ხის ღერო ირგვლივ უცნაურად იყო შემობარული.

ისწრაფე, ბუნების ტრფიალო!

© არილი

Facebook Comments Box