რომელია თქვენი ყველაზე ადრეული მოგონება?
გატეხილი სათამაშო გადავაგდე ბაღში, რომელსაც ვერ ვხედავდი, რადგან არ ვიყავი საკმარისად მაღალი, ფანჯრის ჩარჩოს მიღმა რომ გადამეხედა. გავიგონე, როგორ თქვა ვიღაცამ „აჰ“, მაგრამ ვერასოდეს შევიტყვე, რა მოხდა.
ვინ არიან თქვენი გმირები?
პიკოლო, ახალგაზრდა შერიფი, პერსონაჟი დასავლური კომიქსიდან, რომელიც იტალიაში გამოიცა და 1950-იან და 60-იან წლებში ითარგმნა თურქულად. ტომიქსი (მისი თურქული სახელი) იყო ყოველთვის სამართლიანი, მამაცი და უფროსებისთვის საყვარელი. მისნაირი ვარცხნილობა მინდოდა მქონოდა. განსხვავებით მისი მეგობრებისგან, იგი არასდროს ეკარებოდა ალკოჰოლს. ის კვლავ ჩემი გმირია, თუმცა მე ბევრი ისეთი რამისგან ვიღებ სიამოვნებას, რაც მას არასოდეს გაუკეთებია.
ბოლოს რომელმა წიგნმა შეგიცვალათ შეხედულებები?
ჟან-ჟაკ რუსოს აღსარებამ. 1975 წელს, როცა 33 წლის ვიყავი, სტამბოლიდან ანკარასკენ მიმავალ მატარებელში ათი საათის განმავლობაში წავიკითხე მთლიანად ეს 600 გვერდიანი წიგნი. როცა ჩამოვედი, განსხვავებული ადამიანი ვიყავი. ის, რამაც შემცვალა, ავტორის უკიდურესი გულწრფელობა იყო. გავაცნობიერე, რომ თუ ინტიმურ საკითხებზე ასე მტკიცედ და დიდი ძალით ლაპარაკობ, ყველაფრის დაწერა შეგიძლია.
რომელ პოლიტიკურ ფიგურას (ახლანდელს ან წარსულიდან) სცემთ პატივს?
მუსტაფა ქემალ ათათურქს, თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელს.
სად და როდის ისურვებდით ცხოვრებას?
1650 წელს, სტამბულის ისტორიულ ცენტრში. ნოსტალგიის გამო არა, იმიტომ, რომ ძალიან მაინტერესებს მაშინდელი რეალობა.
რომელი სატელევიზიო გადაცემის გარეშე ვერ შეძლებდით ცხოვრებას?
Prime-time news. დამოკიდებული ვარ BBC-დან ან CNN-დან მსოფლიოს შესახებ მიღებულ ინფორმაციაზე.
ვინ დახატავდა თქვენს პორტრეტს?
მე უკვე გავაკეთე ეს, მაგრამ ალბათ ისევ უნდა გავაკეთო. ვფიქრობ, ყველამ უნდა ისწავლოს ავტოპორტრეტის შექმნა სიტყვებით ან ხაზებით, თუნდაც ფერებით.
რომელია თქვენი თანმდევი მელოდია?
შიგერუ უმებაიასისის “Yumeji’s Theme”, ფილმიდან – In the Mood For Love. ყოველთვის ვუსმენ. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სიყვარულში არის რაღაც მისტიკური, რაც ჩვენი გამოცდილებების მიღმაა.
რომელია საუკეთესო რჩევა, რომელიც ოდესმე მიგიღიათ?
„ენდე საკუთარ თავს, იყავი მომთმენი და ისიამოვნე!“ – მეგობარმა მითხრა, როცა ძალიან ახალგაზრდა იყო. სამწუხაროდ, მისი დიდებული რჩევა ვერ გავითვალისწინე, რასაც ვნანობ, მაგრამ ჩემმა სინანულმა და ბრაზმა ჩემი ცხოვრება გაამდიდრა.
ამჟამად რა გაწუხებთ?
საკუთარი თავის არასწორად წარმოჩენა, როცა ვპასუხობ შეკითხვებს ჩემს ცხოვრებაზე.
რა შეცვლიდა უკეთესობისკენ თქვენს ცხოვრებას?
ვიღაც სხვა რომ პასუხობდეს ჩემს მეილებს. რა თქმა უნდა, ბედნიერი არ ვიქნებოდი სხვისი გაცემული პასუხებით, მაგრამ უკეთესი ცხოვრება – ძირითადად – ასევე ილუზიაა.
როდის იყავით ყველაზე ბედნიერი?
როცა ვიგრძენი, რომ დავწერე რამდენიმე კარგი აბზაცი და გვერდიც კი.
სხვა ცხოვრებაში რა სამსახურს აირჩევდით?
ვიქნებოდი მხატვარი, რომელიც ნანობს, რომ მწერალი არ გახდა.
ყველანი განწირულები ვართ?
დიახ, მაგრამ ზოგიერთი უფრო განწირულია, ვიდრე ჩვენ.
© არილი