ესე,  ესე (თარგმანი)

ოსტინ რ. ფრიმენი – დეტექტივების წერის ხელოვნება

 

თარგმნა თამარ ლომიძემ

 

იმ პროზაულ ნაწარმოებთა ლიტერატურული სტატუსის დადგენა, რომელთა მთავარი თემა ბოროტმოქმედებათა გამოძიება ან სხვა ამგვარი საიდუმლოებების ამოცნობაა, მთელ რიგ სიძნელეებს უკავშირდება. კრიტიკოსები და, საერთოდ, ისინი, ვისაც მეტ-ნაკლები კავშირი აქვთ ლიტერატურასთან, დეტექტივს – თუ ვისარგებლებთ იმ ულაზათო სახელწოდებით, რომლითაც ეს ჟანრია ცნობილი – მიიჩნევენ „დაბალ“ ჟანრად, რომელსაც ჭეშმარიტად მაღალმხატვრულ ლიტერატურასთან საერთო არაფერი აქვს. დეტექტივებს უმეცარი და უნიჭო მჯღაბნელები წერენ და ამგვარი ლიტერატურის „მომხმარებლები“ არიან კლერკები, ფაბრიკებში მომუშავე გოგონები და სხვა ადამიანები, რომლებსაც არც კულტურა აქვთ და არც – ლიტერატურული გემოვნება.

მართლაც, ამგვარი მწერლები სწორედ ვულგარული გემოვნების მქონე მკითხველებისთვის წერენ, მაგრამ მხოლოდ დეტექტივები როდი გამოირჩევიან მდარე ხარისხით. უნიჭო მწერლები სასიყვარულო და ისტორიულ ნაწარმოებებსაც წერენ, მაგრამ საყურადღებოა ერთი განსხვავება: ამ ჟანრების ადგილი ლიტერატურაში განისაზღვრება შედევრების საფუძველზე, ხოლო დეტექტივის შეფასება, როგორც ჩანს, ხდება მისი მდარე ნიმუშებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მთელი ჟანრის სტატუსი განისაზღვრება ყოვლად უვარგისი ნიმუშების მიხედვით.

რით აიხსნება ეს შეუსაბამობა? რატომ ხდება, რომ სასიყვარულო რომანებს ღირსეული ჟანრის მდარე ნიმუშებად მიიჩნევენ, დეტექტივებს კი მავანი პირველი ცოდვის გამო გმობენ, სათანადო განსჯის გარეშე? ხომ აშკარაა, რომ დეტექტივთა მოყვარული მკითხველები ვულგარული გემოვნებით სულაც არ გამოირჩევიან. დეტექტივზე უფრო პოპულარული ჟანრი არ არსებობს. ცნობილია, რომ ბევრი თვალსაჩინო პიროვნება სიამოვნებით კითხულობდა დეტექტივებს. სწავლულები და ინტელექტუალები ამ ჟანრს ხშირად უპირატესობას ანიჭებენ სხვა ლიტერატურულ ჟანრებთან შედარებით.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, კვლავ გეკითხებით: რაში მდგომარეობს დეტექტივისადმი ესოდენ ქედმაღლური დამოკიდებულების მიზეზი? ხომ აშკარაა, რომ ლიტერატურული ჟანრი, რომელიც ინტელექტუალური და კულტურული ადამიანების აღტაცებას იწვევს, არსობრივად, ცუდი არ უნდა იყოს. ის ვერც უშინაარსო იქნება და ვერც ამორალური. და ეს მართლაც ასეა. შესაძლოა, ამგვარი დამოკიდებულების მიზეზი ისაა, რომ მართლაც ბევრი უხარისხო დეტექტივი იწერება, რომ ახალბედა და დილეტანტი მწერლები სწორედ ამ რთულსა და ძნელ ჟანრს მიმართავენ ხოლმე თავიანთი უხეირო დებიუტებისთვის და რომ საკმაოდ კარგი დეტექტივებიც კი ხშირად არ გამოირჩევიან მხატვრული ღირსებებით; ბოლოს, ისიც აღსანიშნავია, რომ სერიოზული რომანისტები, როდესაც ისინი ლიტერატურის ამ ჟანრის ნაწარმოებებს წერენ, მნიშვნელოვან წარმატებებს ვერ აღწევენ, რადგან არც შესაბამისი ტემპერამენტი აქვთ და არც – სათანადო უნარები.

ამგვარად, დეტექტივის რეპუტაცია ემყარება არა იმას, თუ როგორი შეიძლება იყოს და როგორი უნდა იყოს ის, არამედ იმას, როგორი იყო დეტექტივი (ძალზე ხშირად) წარსულში, როდესაც ამ ჟანრის მდარე, პრიმიტიული ნიმუშები იწერებოდა. სამწუხაროდ, ამგვარი დეტექტივები დღესაც მრავლად იწერება, მაგრამ მათი მიხედვით არ უნდა ვიმსჯელოთ ჟანრის ღირსებების შესახებ. მისასალმებელია, რომ ამჟამად ლიტერატურაში მოღვაწეობენ ახალი თაობის მწერლები, რომლებიც სერიოზულად ეკიდებიან დეტექტივს. მათ ჩამოაყალიბეს უფრო მკაცრი სტანდარტები და შექმნეს შესანიშნავი (როგორც ჩანაფიქრის, ისე შესრულების მხრივ) ნაწარმოებები, რამაც ხელი შეუწყო ამ ლიტერატურული ჟანრის პოპულარობის ზრდას. მაგრამ, ამ მწერალთა მიღწევების მიუხედავად, ისინი უმცირესობას შეადგენენ. ამიტომ კვლავ უნდა გავიმეოროთ: ისეთი დეტექტივი, რომელშიც ხორცშესხმულია ჟანრის დამახასიათებელი თავისებურებები და რომელიც, გარდა ამისა, ხასიათდება დახვეწილი სტილით, ოსტატურად გამოკვეთილი ფონით, საინტერესო პერსონაჟებით, ალბათ, ყველაზე იშვიათი მოვლენაა მხატვრულ პროზაში.

კარგი დეტექტივების იშვიათობა შეიძლება აიხსნას იმ ფაქტით, რომელსაც, როგორც ჩანს, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ კრიტიკოსებიცა და ავტორებიც: საქმე ისაა, რომ სრულყოფილი დეტექტივი, ჩვეულებრივ, მეტად მძიმე და უაღრესად რთული (ტექნიკური თვალსაზრისით) მუშაობის შედეგად იქმნება. ამგვარი სამუშაოს განსახორციელებლად ავტორს უნდა ჰქონდეს გარკვეული თვისებები, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავი არაა, მაგრამ ერთსა და იმავე მწერალს იშვიათად აქვს ხოლმე. ერთი მხრივ, დეტექტივი მხატვრული ნაწარმოებია, რომელიც წარმოსახვასა და ფანტაზიას საჭიროებს; მეორე მხრივ, ესაა ინტელექტუალური ვარჯიში – ამიტომ ავტორს უნდა შეეძლოს მკაფიოდ, ლოგიკურად აზროვნება და, ამასთან ერთად, უნდა ჰქონდეს საკმაოდ ფართო სპეციალური ცოდნა. იმას, რომ ამგვარი მუშაობა მეტად რთული საქმეა და რომ ბევრმა მწერალმა არაფერი უწყის ამ სირთულის შესახებ, მოწმობს ტრადიციული ტიპის რომანისტთა უიღბლო ექსპერიმენტები, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ – ექსპერიმენტები, რომლებიც მარცხით მთავრდება ავტორების მიერ დეტექტივის არსისა და ბუნების სრული გაუგებლობის გამო.

ფართოდ გავრცელებულია მცდარი შეხედულება, თითქოს დეტექტიური ნაწარმოები აუცილებლად სენსაციური უნდა იყოს. ასეთ შემთხვევებში დეტექტივი ხშირად ერევათ ჩვეულებრივ კრიმინალურ რომანში, რომლის სიუჟეტის საფუძველია ტრაგიკული, თავზარდამცემი და ხშირად ამაზრზენი მოვლენები და რომლისთვისაც დამახასიათებელია უხეში და მკვეთრი სენსაციურობა. ჩვეულებრივ, ამგვარი ნაწარმოების მიზანია, ისე დააშინოს მკითხველი, რომ ეს უკანასკნელი ჟრუანტელმა აიტანოს; და რადგანაც ასეთი მკითხველის მგრძნობელობა მრავალი კრიმინალური ნაწარმოების კითხვის შედეგად უკიდურესად ჩლუნგდება, საჭიროა მისი სულ უფრო მეტი დაშინება. საბავშვო ლექსში მონადირე მღერის:

„ბეჰემოთს პლატინის ტყვიებს ვესვრი, რადგან, თუ ნამდვილ ტყვიებს გამოვიყენებ, ბეჰემოთის ტყავი მათ აუცილებლად აისხლეტს“.

და ეს, არსებითად, უხეში სენსაციების მიმწოდებლის პოზიციაა. მისი მიზანია, აუცილებლად შეაღწიოს მკითხველის მენტალურ ეპიდერმისში, რომლის სიმკვრივის შესაბამისად უნდა დაარეგულიროს თავისი ლიტერატურული ჭურვის წონა და სიჩქარე.

ამჟამად არც ერთი სერიოზული ავტორი არ უსაყვედურებს კრიტიკოსებს, რომ მათ არ მოსწონთ სენსაციურობა ლიტერატურაში. ეს უკანასკნელი აუცილებელია ყველაზე უნიჭო მწერლებისთვის და ყველაზე გაუწაფავი მკითხველებისთვის; სერიოზული ლიტერატურა ხვეწს მკითხველის წარმოსახვას, ხოლო სენსაციური ლიტერატურა, პირიქით, აჩლუნგებს მას და, ისევე, როგორც ნარკოტიკები და სტიმულატორები, ერთგვარ ჩვევად იქცევა, რომლის გამო დოზა სულ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს. მზარდი სენსაციურობა დამახასიათებელია ჩვენი კინემატოგრაფისთვისაც. ის, რაც თავდაპირველად გვაღელვებდა, დროთა განმავლობაში ჩვეულ მოვლენებად იქცევა. ამიტომ კინოში სულ უფრო მეტად შთამბეჭდავი ამბები აისახება; ერთ მძაფრ პერიპეტიას მეორე მოსდევს, რაც  გამორიცხავს საგანგებოდ გააზრებული სიუჟეტური კონსტრუქციების გამოყენებას. იგივე ხდება ლიტერატურაში. გაზეთში ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნებული რომანის ყოველი ნაწილი, რომელიც ორიოდ ათას სიტყვას (ან ნაკლებს) მოიცავს, კულმინაციით მთავრდება, მაგრამ მომდევნო გამოქვეყნებული ნაწილი ისე იწყება, თითქოს მსგავსი არაფერი მომხდარა; ამგვარი კინორომანი – ყველაზე მძაფრი სენსაციურობის nec plus ultra – სხვა არაფერია, თუ არა რიგი გამაოგნებელი მოვლენებისა, რომელთაც არავითარი ლოგიკური კავშირი არ აერთიანებს და სადაც თითოეული მოვლენა დამოუკიდებელი რგოლია; ის ალოგიკურია, წინასწარ მოუმზადებელი; არავითარი წანამძღვრები არა აქვს და არც არავითარი შედეგები მოსდევს.

ზოგიერთ ამგვარ ნაწარმოებს დეტექტივებად მიიჩნევენ, რომელთაგანაც მათ კრიტიკოსები, როგორც ჩანს, ვერ განასხვავებენ. მათში მართლაც აღწერილია ბოროტმოქმედება და ის ხშირად წარმოუდგენელ, დაუჯერებელ ვითარებაში ხდება; შემდეგ ავტორი აღწერს, როგორ დაძრწიან უამრავი რევოლვერითა და ავტომატური პისტოლეტით შეიარაღებული პოლიციელები ან მაძებრები ავტომანქანებით, თვითმფრინავებით, მოტორიანი ნავებით;  ერთ ფათერაკს მაშინვე მეორე მოსდევს. თუკი სიუჟეტში გვხვდება რაიმენაირი მინიშნება დამნაშავის ვინაობისა და მოტივების შესახებ, ის სრულიად არადამაჯერებელია; მაგრამ მთავარი, რაც მკითხველებს სიამოვნებას ანიჭებს, ესაა ცალკეული პერიპეტიები და არა სიუჟეტის ხლართები. ამგვარ ნაწარმოებებს „დეტექტივები“ არ უნდა ვუწოდოთ, რადგან დეტექტიური ჟანრის თავისებურებები მათში სრულიად არ შეიმჩნევა. განვიხილოთ ეს თავისებურებები.

სხვა ლიტერატურული ჟანრებისგან განსხვავებით, დეტექტივი მკითხველს, უპირველეს ყოვლისა, ინტელექტუალურ სიამოვნებას ანიჭებს. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ჟანრის ნაწარმოებებში ვერ ვიპოვით მაღალმხატვრული ლიტერატურისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს: დახვეწილ სტილს, იუმორს, საინტერესო სახეებს, შთამბეჭდავ და ემოციურად დაძაბულ        სიუჟეტს. პირიქით, მას ეს თავისებურებები უნდა ჰქონდეს. დეტექტივი შეიძლება გამოირჩეოდეს საინტერესო, დამაჯერებლად გაშლილი სიუჟეტით. მაგრამ ესაა სხვა პროზაული ჟანრების ძირითადი თავისებურებები, დეტექტივებში კი ისინი მეორად, დაქვემდებარებულ როლს ასრულებენ და, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება ემსხვერპლონ კიდეც ინტელექტუალურ ინტერესს. დეტექტივების მკითხველებს იმის გამო უყვართ ამ ჟანრის ნაწარმოებები, რომ მისი მეშვეობით გონების გავარჯიშების საშუალება ეძლევათ; ეს სიამოვნება მით უფრო მძაფრია, რაც უფრო სრულად კმაყოფილდება მკითხველთა შესაბამისი აუდიტორიის მოლოდინი.

ამგვარად, კარგი დეტექტიური ლიტერატურა, ზოგადად, შეიძლება კარგი ბელეტრისტიკა იყოს, მაგრამ ჯერჯერობით განვიხილოთ მისი ის თავისებურებები, რომლებითაც დეტექტივი განსხვავდება სხვა ლიტერატურული ჟანრებისგან და რომლებიც მის სპეციფიკურ ხასიათს განაპირობებს. ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ სიამოვნება, რომელსაც დეტექტივი ანიჭებს მკითხველს, უპირველეს ყოვლისა, ინტელექტუალური ხასიათისაა. ახლა  უფრო დეტალურად განვიხილავ ამ სიამოვნების არსს და ხერხებს, რომლებითაც ის ყველაზე უკეთ მიიღწევა. თავდაპირველად უნდა ვიკითხოთ: როგორია დეტექტივების ტიპური მკითხველი? რომელი ტიპის ადამიანებისთვისაა განკუთვნილი ნამდვილი, ყველა წესის დაცვით აგებული დეტექტივი?

ჩვენ უკვე დავრწმუნდით, რომ დეტექტიური ლიტერატურა დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაგრამ ჩვეულებრივი მკითხველი დეტექტივს მაღალ მოთხოვნებს როდი უყენებს. ის კითხულობს როგორც კარგ, ისე ცუდ დეტექტივებს და არც ისე მკაფიოდ გრძნობს მათ შორის არსებულ (თუნდაც, მხატვრული ოსტატობის ასპექტში) განსხვავებას. დეტექტივის ჭეშმარიტი შემფასებლები, რომლებიც აშკარად უპირატესობას ანიჭებენ ამ ტიპის ლიტერატურას სხვა ჟანრებთან შედარებით და მას ყურადღებით და კრიტიკულად კითხულობენ, ძირითადად, ინტელექტუალები არიან: თეოლოგები, ჰუმანიტარული პროფილის მეცნიერები, იურისტები და, შესაძლოა, ნაკლებად – ექიმები და ზუსტ მეცნიერებათა წარმომადგენლები. თუკი ვიმსჯელებთ იმ წერილების მიხედვით, რომლებსაც დროდადრო ვიღებ, დეტექტივების მოყვარულთა შორის ჭარბობენ მეცნიერული ანალიზისადმი მიდრეკილი, განსწავლული სასულიერო პირები.

თეოლოგს, მეცნიერს და იურისტს საერთო თვისება აქვთ: ისინი დახვეწილი ინტელექტუალები არიან. მათ სიამოვნებას ანიჭებს რთული დისკუსიები, ინტელექტუალური  პოლემიკა, რომელშიც განსახილველი პრობლემა, ჩვეულებრივ, ნაკლები მნიშვნელობისაა, მისი გადაჭრის ხერხთან შედარებით. დეტექტივი საინტერესოა თავისი ლოგიკით და რაც უფრო რთულია მტკიცებულებათა სისტემა, მით მეტად ვტკბებით კითხვის პროცესით. ინტელექტუალური დისპუტის მონაწილეს სიამოვნებას ანიჭებს გონების ვარჯიში, ისევე, როგორც ათლეტს სიამოვნებას ანიჭებს კუნთების გავარჯიშება. მაგრამ სიამოვნება, რომელსაც გვანიჭებს ამგვარი დისპუტები,  დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მკაცრადაა დაცული დეტექტივში ანალიზის წესები, რამდენადაა შესაძლებელი ამოსავალ მონაცემთა მართებული ინტერპრეტაცია და რამდენად გამორიცხულია მცდარი მსჯელობები.

მოსწავლეები, ქუჩის ორატორები და სხვა ადამიანები, რომელთათვისაც უცნობია დისკუსიის მეთოდები, დებატების დროს ლიტონ, არადამაჯერებელ არგუმენტაციას მიმართავენ ხოლმე. ყოველი მონაწილე ცდილობს გააოგნოს თავისი მოწინააღმდეგე „ეჭვმიუტანელი ფაქტებით“. მოწინააღმდეგე მხარე მათ ფიქციად აცხადებს და, თავის მხრივ,  მოჰყავს  კონტრარგუმენტები, რომელთა ჭეშმარიტება მაშინვე საკამათო ხდება. ამგვარად, ურთიერთსაპირისპირო თვალსაზრისების ქაოსში დისკუსია, ჩვეულებრივ, უსაგნო ხდება ხოლმე. სრულიად სხვაგვარად იქცევა დახელოვნებული პოლემისტი. ის იწყებს იმით, რომ მკაფიოდ განსაზღვრავს დისკუსიის საგანს  და მოწინააღმდეგესთან ერთად აყალიბებს ამოსავალ მონაცემებს; თეოლოგიური პოლემიკა, ჩვეულებრივ, ემყარება თვალსაზრისებს, რომლებსაც ორივე მხარე ჭეშმარიტ თვალსაზრისებად მიიჩნევს; ასევე, დაპირისპირებულ მხარეთა კამათი სასამართლოში ეხება არა ამა თუ იმ ფაქტის ჭეშმარიტებას, არამედ იმას, თუ რა დასკვნები შეიძლება გაკეთდეს იმ მონაცემების საფუძველზე, რომელთაც ორივე მხარე უცილობელ მონაცემებად აღიარებს.

ამგვარად, ინტელექტუალურ სიამოვნებას დისკუსია გვანიჭებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ამოსავალი მონაცემები უტყუარია. კამათი იმასთან დაკავშირებით, მოხდა თუ არა ესა თუ ის ფაქტი, ინტელექტუალური თვალსაზრისით, უინტერესოა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ლოგიკური არგუმენტაცია (ანუ მსჯელობათა თანმიმდევრული ჯაჭვი) ვერ განხორციელდება მანამ, სანამ ორივე მხარე არ მიაღწევს შეთანხმებას ამოსავალი მონაცემების თაობაზე. დეტექტივების ავტორებს გამუდმებით ავიწყდებათ ხოლმე ეს აშკარა ჭეშმარიტება. მათი სიუჟეტები, და, მაშასადამე, მტკიცებულებათა სისტემა ხშირად ემყარება ფიზიკურ, ქიმიურ და ა.შ. მონაცემებს, რომლებიც განათლებულ მკითხველს ეჭვებს აღუძრავს, ეს კი მთლიანად აუფასურებს ამ მონაცემთა საფუძველზე გამოტანილ დასკვნებს და, მაშასადამე, მკითხველს არგუმენტაციის სიმწყობრით დატკბობის საშუალებას არ აძლევს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ლოგიკური შეცდომების თავიდან არიდების უნარი. დასკვნა აუცილებლად და გარდუვალად უნდა გამომდინარეობდეს წანამძღვრებიდან; ეს უნდა იყოს ერთადერთი შესაძლო დასკვნა, რომლის უცილობლობაში კომპეტენტურ მკითხველს ეჭვი არ შეეპარება.

სწორედ ეს ნაკლოვანება ახასიათებს დეტექტივებს. მათში, როგორც წესი, უამრავი ლოგიკური შეცდომა გვხვდება. უნარიანი, მარჯვე გამომძიებელი სთავაზობს ხოლმე მკითხველებს თავის დასკვნას, რომელიც ნაწარმოებში ერთადერთი მართებული დასკვნის სახით განიხილება, თუმცა, მკითხველი მშვენივრად ამჩნევს, რომ ესაა  მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი – უამრავი შესაძლო დასკვნიდან. მაგრამ როდესაც ავტორისეული ინტერპრეტაციის ჭეშმარიტებაში მკითხველს ეჭვი ეპარება, ქარწყლდება დეტექტივის მოსალოდნელი ეფექტიც. მთელი კონსტრუქცია ირღვევა და და მკითხველი ინტელექტუალურ სიამოვნებას ვეღარ განიცდის.

ახლა, როდესაც განვიხილეთ ამ სიამოვნების არსი, შეგვიძლია გავაანალიზოთ დეტექტიური ნაწარმოების სტრუქტურა და ის საშუალებები, რომლებითაც ეს სიამოვნება მიიღწევა. არ შევჩერდებით იმ თავისებურებებზე, რომლებიც ახასიათებს დეტექტივს, როგორც პროზაულ ჟანრს, მაგრამ ვერ დავეთანხმებით მეტად გავრცელებულ თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ დეტექტივს ამგვარი თავისებურებები არ გააჩნია. თუ არ ჩავთვლით სიყვარულის თემას – რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, დეტექტივში ადგილი აღარ რჩება – დეტექტიური რომანი მხატვრული დონისა და ლიტერატურული ოსტატობის მხრივ არ უნდა ჩამორჩებოდეს ნებისმიერი სხვა ჟანრის ნაწარმოებებს. ყოველივე ის, რაც ეწინააღმდეგება ძირითად თემას და ხელს უშლის მის მკაფიოდ ჩამოყალიბებას, უგულებელყოფილ უნდა იქნას, მაგრამ იუმორი, შთამბეჭდავი გარემო, საინტერესო პერსონაჟები და ემოციური ეპიზოდებიც კი არა მარტო სასურველია (ესთეტიკური თვალსაზრისით), არამედ, შეიძლება გამოყენებულ იქნან იმისთვისაც, რომ კრიტიკულ მომენტებში მკითხველმა ყურადღება არ მიაქციოს „ყალბ მინიშნებებს“ და სხვა ხერხებს, რომელთა მეშვეობითაც მწერლები ხშირად აბუნდოვანებენ თხრობას. დიკენსის „ედვინ დრუდის საიდუმლო“ ბრწყინვალე ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას ბრწყინვალე ნაწარმოები დეტექტიური სიუჟეტის საფუძველზე.

რაც შეეხება მხატვრული ფორმის საკითხს, ადვილი შესამჩნევია, რომ, არსებითად, დეტექტიური რომანის სიუჟეტი სხვა არაფერია, თუ არა ბელეტრისტიკით შენიღბული ლოგიკა. მაგრამ ეს ლოგიკის სპეციფიკური ფორმაა. დეტექტივში მკითხველები ეცნობიან საიდუმლოებით მოცულ ფაქტს, მაგრამ მათ ამ ფაქტის განმარტებისთვის აუცილებელ მონაცემებსაც სთავაზობენ, თუმცა, ეს მონაცემები შეუმჩნევლად და შეუსაბამო თანმიმდევრობით წარმოიდგინება, რათა შენიღბულ იქნას საქმის ჭეშმარიტი ვითარება; მკითხველის ამოცანაა, დააკვირდეს ამ მონაცემებს, დაადგინოს მათი მართებული თანმიმდევრობა და ურთიერთმიმართება, ისე, რომ პრობლემა ცალსახად თვალსაჩინო გახდეს. ამგვარად, სიუჟეტი, ჩვეულებრივ, შედგება ოთხი ეტაპისგან:1) პრობლემის ჩამოყალიბება; 2) მისი გადაწყვეტისთვის საჭირო მონაცემების („სამხილების“) მითითება; 3) მაძებრის მიერ გამოძიების დასრულება და დასკვნის გაცხადება; 4) ამ დასკვნის არგუმენტირება სამხილთა (მტკიცებულებების) წარმოდგენის მეშვეობით.

  1. დეტექტიური პრობლემა, როგორც წესი, უკავშირდება ბოროტმოქმედებას – და არა იმიტომ, რომ ბოროტმოქმედება საინტერესო თემაა, არამედ იმის გამო, რომ ის ყველაზე უფრო ბუნებრივი საბაბია ამგვარი სახის გამოძიების ჩასატარებლად. ამავე მიზეზით – ესე იგი, ჟანრის მოთხოვნების გათვალისწინებით – დანაშაული, ჩვეულებრივ, პიროვნების და არა საკუთრების წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული, ხოლო მკვლელობა – რეალური ან სავარაუდო, ან კიდევ მკვლელობის მცდელობა – ყველაზე უკეთ შეესაბამება დეტექტივის, როგორც ჟანრის მოთხოვნებს. ბოროტმოქმედი ხომ ერთგვარი „მოთამაშეა“, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ თამაშობს. და თუ გვინდა, რომ ის თამაშში აქტიურად ჩაერთვეს, ფსონი საკმარისად მაღალი უნდა იყოს. ბოროტმოქმედი, რომლის დანაშაული სიკვდილით დასჯას იმსახურებს, ბუნებრივია, ძალ-ღონეს არ დაიშურებს თავისი სიცოცხლის გადასარჩენად. ამის წყალობით ნაწარმოებში აღწერილი სიტუაცია აუცილებელ დრამატიზმს შეიძენს.

 

  1. ნაწარმოებში ძირითადი ყურადღება უნდა დაეთმოს ამბის თხრობას, რომლის დროსაც ამოსავალი მონაცემები, ანუ „სამხილები“ რაც შეიძლება შეუმჩნევლად უნდა იქნეს წარმოდგენილი, მაგრამ ისე, რომ მკითხველს მათ უტყუარობაში ეჭვი არ შეეპაროს. ავტორმა ეს თამაში კეთილსინდისიერად უნდა წარმართოს. ბანქოს თითოეული ქაღალდი სწორად უნდა დაიდოს, ისე, რომ მკითხველმა კარგად დაინახოს მასზე გამოსახული ფიგურა. დაუშვებელია ფაქტების მცდარად წარმოდგენა. მკითხველი დარწმუნებული უნდა იყოს ამ ფაქტების ჭეშმარიტებაში. ძველი ყაიდის დეტექტიურ ნაწარმოებებში გვთავაზობენ მცდარ სამხილებს, რის გამოც მკითხველს ეჭვი მიაქვს ხან ერთ ხან მეორე, ხან კი – მესამე პერსონაჟზე. „სამხილებს“ დეტალურად განიხილავენ,  ბოლოს კი აშკარა ხდება, რომ მათ არავითარი ღირებულება არ აქვთ. გამალებული ძიება უშედეგოდ მთავრდება. ყოველივე ეს ღლის მკითხველს და, ჩემი აზრით, მოწმობს ავტორის გაუწაფავობის შესახებ. ჩემს პრაქტიკაში მცდარი სამხილებით სრულიად არ ვსარგებლობ, მაგრამ ვცდილობ მკითხველის დაინტერესებას ინტრიგის განვითარებით.  თუკი ყინული ძალზე თხელია, ჩავრთავ ხოლმე დრამატულ ეპიზოდს, რომელიც მკითხველის ყურადღებას იპყრობს და  საშიში ადგილის გადალახვაში ეხმარება. არ შეიძლება მკითხველის დაბნევა და შეცდომაში შეყვანა, რადგან მან შეიძლება ინტერესი დაკარგოს სიუჟეტისადმი. საერთოდაც, ამგვარი ხერხების გამოყენება საჭირო არაა: მკითხველი შეიძლება თვითონაც შეცდეს, თუნდაც ბოროტმოქმედების დამადასტურებელი სამხილები ტექსტში ნათლად იყოს მითითებული. რამდენიმე წლის წინ, ექსპერიმენტის სახით, შევთხზე „შეტრიალებული დეტექტივი“, რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველ ნაწილში დეტალურად იყო აღწერილი ბოროტმოქმედება, მიზეზების, მოტივებისა და თანმხლები გარემოებების ჩათვლით. მკითხველი უნდა გასცნობოდა ჩადენილ ბოროტმოქმედებას, ყველაფერი შეეტყო დამნაშავის შესახებ და დაკვირვებოდა ყველა ფაქტს. ერთი შეხედვით, სათქმელი აღარაფერი დარჩა, მაგრამ ვივარაუდე, რომ მკითხველს იმდენად გაიტაცებდა თვით ბოროტმოქმედება, რომ ის ვერ შეამჩნევდა მრავალ მნიშვნელოვან დეტალს. ასეც მოხდა. მეორე ნაწილმა, რომელშიც დანაშაულის გამოძიება იყო აღწერილი, მკითხველთა უმრავლესობაზე სიახლის შთაბეჭდილება მოახდინა. ყველა ფაქტი თითქოს ცნობილი იყო, მაგრამ მკითხველისთვის ბუნდოვანი დარჩა, რა როლს ასრულებდნენ ეს ფაქტები.

მკითხველის უუნარობა, რომ გაერკვეს ფაქტების შედარებით ღირებულებაში, ერთგვარი საძირკველია, რომელზეც დეტექტიური ნაწარმოები აიგება. ჩემი აზრით, ავტორს თამამად შეუძლია შეგვატყობინოს ყველა ფაქტი, იმ პირობით, რომ ამ ფაქტებს ცალ-ცალკე წარმოგვიდგენს და არ გაამხელს მათ ურთიერთმიმართებებს. და რაც უფრო აშკარად და დაუფარავად წარმოგვიდგენს მათ, მით მეტ ინტერესს გამოიწვევს ნაწარმოებში ასახული ისტორია. ავტორისა და  მკითხველის ერთგვარი ფარული შეთანხმების შესაბამისად,  მკითხველს უნდა შეეძლოს დეტექტიური პრობლემის გადაჭრა ტექსტში მოყვანილი ფაქტების საფუძველზე, მას სავსებით უნდა ხელეწიფებოდეს მართებული დასკვნის დამოუკიდებლად გამოტანა. ასეთ შემთხვევაში, სამხილები მკითხველს რაც შეიძლება ადრე უნდა მიეწოდოს. მკითხველს ხელთ უნდა ჰქონდეს მრავალი სამხილი, რომელთაც გაიაზრებს ნაწარმოების კითხვის დროს. დაუშვებელია, რომ ძირითადი ფაქტები მან მხოლოდ ნაწარმოების შეიტყოს და კიდევ უფრო უმართებულოა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე სამხილებს – მაგალითად, თვითმხილველთა ჩვენებებს – მკითხველი რომანის ბოლო გვერდზე გაეცნოს. ეს დაარღვევს ფარულ შეთანხმებას ავტორსა და მკითხველს შორის.

  1. მაძებრის მიერ საბოლოო დასკვნის გამოცხადება, ე.ი., დამნაშავის „აღმოჩენა“, ფორმალური თვალსაზრისით, ძიების დამამთავრებელი მომენტია. სრულიად დაუშვებელია, რომ ამის შემდეგ რაიმე ახალი ფაქტი გაცხადდეს. მკითხველმა უნდა გაიცნობიეროს, რომ ახლა მის ხელთაა მტკიცებულებებიც და მათ საფუძველზე მიღებული დასკვნაც. თუ ასე არაა, ნაწარმოების კონსტრუქცია კვლავ ინგრევა და მკითხველი მოტყუებული რჩება. „აღმოჩენა“ ყოველთვის მოულოდნელია მკითხველისთვის და ამდენად, წარმოქმნის ნაწარმოების დრამატულ კულმინაციას, მაგრამ კულმინაციის დრამატიზმისთვის აუცილებელია, რომ დასკვნა დამაჯერებელი იყოს. ამას ხშირად არ ითვალისწინებენ ავტორები, განსაკუთრებით, ზოგადი პროფილის რომანისტები, როდესაც ისინი დეტექტივების წერას იწყებენ,  მკითხველის გაოცებას ცდილობენ და  ავიწყდებათ, რომ ფაქტების ანალიზი, ლოგიკური თვალსაზრისით, ეჭვმიუტანელი  უნდა იყოს. ჩემმა მეგობარმა ლიტერატორმა, რომელიც აანალიზებდა განსაკუთრებით დამაჯერებლად დაწერილ დეტექტივს, განაცხადა, რომ  „ხისტმა არგუმენტაციამ გაანადგურა ესთეტიკური ეფექტი“. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ხისტი არგუმენტაცია, თავის მხრივ, ესთეტიკური ეფექტის საფუძველია. დეტექტიურ ნაწარმოებში კულმინაციის დრამატული ეფექტი იმით აიხსნება, რომ მკითხველი უეცრად იაზრებს მთელი რიგი გაუგებარი ფაქტების მნიშვნელობას; და თუკი ასეთი გააზრება დაუყოვნებლივ არ მოხდება, კულმინაციის ეფექტი სუსტდება და ჭიანურდება ბოლო გვერდებამდე, ნაწარმოების დასასრულამდე.
  2. დასკვნის დამაჯერებლობა. ესაა „დეტექტიური“ სიუჟეტის სპეციფიკური თავისებურება. ჩვეულებრივ რომანებში კულმინაცია ანუ კვანძის გახსნა ამთავრებს ამბავს, ხოლო ყველაფერი, რაც მას მოსდევს, დაძაბულობის მოხსნას ემსახურება. მაგრამ დეტექტივს დუალური ხასიათი აქვს. ერთი მხრივ, ესაა დრამატულ სიუჟეტზე აგებული ნაწარმოები. მეორე მხრივ, მასში, ასე ვთქვათ, ჩაქსოვილია ლოგიკური პრობლემა და, შესაძლოა, სიუჟეტის კულმინაციურ მომენტში ლოგიკური პრობლემა გადაუწყვეტელი დარჩეს. ასეთ შემთხვევაში ავტორის მოვალეობაა, მაძებრის, როგორც შუალედურის რგოლის მეშვეობით, ანალიზისა და სამხილთა საფუძველზე დაასაბუთოს თავისი დასკვნა. მან უნდა აჩვენოს მკითხველს, რომ ეს დასკვნა ბუნებრივად და გონივრულად გამომდინარეობდა მკითხველისთვის ცნობილი ფაქტებიდან, და რომ შეუძლებელია სხვაგვარი დასკვნის გამოტანა.

დაკვირვებული მკითხველისთვის ყველაზე უფრო საინტერესოა ნაწარმოების ეს ნაწილი, რომლის მიხედვით ის აფასებს მთელი ნაწარმოების ხარისხს. მაგრამ ძალზე ხშირად მკითხველი მხოლოდ იმედგაცრუებას გრძნობს, რადგან ავტორი ვერ ახერხებს ნაწარმოებში ასახული პრობლემის გადაჭრას. ძველი სიმღერისა არ იყოს, რომელშიც ლოცმანი საშიშ რჩევას იძლევა: „ნუ გეშინია, ენდე ბედისწერას“, ავტორი ახვავებს საიდუმლოებებით მოცულ მოვლენებს, იმ იმედით, რომ მიაგნებს მათ დამაჯერებელ ახსნას, მაგრამ როდესაც მან მკითხველს ანგარიში უნდა გაუსწოროს, აშკარავდება, რომ ლოგიკის თვალსაზრისით, ის გაკოტრებულია. მის მიერ წარმოდგენილი ეგრეთ წოდებული არგუმენტაცია ვერ არწმუნებს მკითხველს, რომ იდუმალი ფაქტები ახსნილია და რომ საზრიანი მაძებრის მარჯვე მიხვედრები ანალიზის შედეგია. ამგვარი მიდგომის ტიპური ნიმუშია ედგარ პოს მოთხრობა „მკვლელობა მორგის ქუჩაზე“, სადაც დიუპენი ხვდება თავისი მეგობრის გამოუთქმელ აზრებს და თითქოს დიალოგსაც აწარმოებს მასთან. ეს მკითხველის გაოცებას იწვევს: როგორაა შესაძლებელი ამგვარი სასწაული? შემდეგ დიუპენი ყველაფერს განმარტავს, მაგრამ მისეული განმარტება სრულიად არადამაჯერებელია. მკითხველის ცნობისმოყვარეობა დაუკმაყოფილებელი რჩება. დაკვირვებული მკითხველისთვის კი დამაჯერებლობა დეტექტივის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი თვისებაა. სწორედ ის წარმოადგენს წყაროს ინტელექტუალური კმაყოფილებისა, რომელსაც მკითხველი ეძიებს; დამაჯერებლობის მიღწევა ძალზე ძნელია და ავტორისგან უდიდეს რუდუნებას, დაძაბულ მუშაობას მოითხოვს.

 

© არილი

Facebook Comments Box