ესე (თარგმანი),  თარგმანი,  პროზა (თარგმანი)

ნიკოლა დე შამფორი – მაქსიმები და ფიქრები, ხასიათები და ანეკდოტები

 

სებასტიან-როშ ნიკოლა, რომელმაც აიღო ფსევდონიმი – დე შამფორი, აბსოლუტიზმის დასასრულისა და დიდი რევოლუციის პერიოდის მწერალი, პოეტი და ჟურნალისტი იყო. მონარქისტულ საფრანგეთში ის, პირველ რიგში, დრამატურგად მიიჩნეოდა; მხარი დაუჭირა რევოლუციას, ესწრებოდა ფიცს ბურთის სათამაშო დარბაზში და იყო იაკობინელთა კლუბის წევრი. „დიდი ტერორის“ პერიოდში დააპატიმრეს ცრუ დასმენით, შემდეგ გამოუშვეს, მაგრამ მუდმივი მეთვალყურეობის პირობით. სცადა თვითმკვლელობა, გადაარჩინეს და ძალიან დასუსტებული გარდაიცვალა 1794 წლის 13 აპრილს. მისი მრავალრიცხოვანი ნაწარმოებებიდან დღეს მხოლოდ „მაქსიმები და ფიქრები, ხასიათები და ანეკდოტები“ იპყრობს მკითხველის ყურადღებას, როგორც ერთგვარი პორტრეტი რევოლუციამდელი საფრანგეთისა. მწარე იუმორით, რეჟიმის მიუღებლობითა და გონებამახვილური შენიშვნებით გაჯერებული ეს ნაწარმოები მხოლოდ ავტორის სიკვდილის შემდეგ, 1795 წელს დაიბეჭდა.

 

ფრანგულიდან თარგმნა ნიკოლოზ აგლაძემ

 

– ჩვენმა საუკუნემ რვა დიდი კომედიანტი ქალი შვა: ოთხი თეატრში და ოთხიც საზოგადოებაში მოღვაწეობს. პირველი ოთხი არიან: მადმუაზელ დ’ანჟევილი, მადმუაზელ დიუმენილი, მადმუაზელ კლერონი და მადმუაზელ სენტ-უბერტი; სხვა ოთხი – მადამ მონტესონი, მადამ დე ჟანლი, მადამ ნეკერი და მადამ დ’ანჟივილი.

 

– მ… მეუბნებოდა: „თავი ისე შევიზღუდე, რომ ყველა სიამოვნებას ჩემში ვეძებ, მხოლოდ გონების სავარჯიშოებში. ადამიანის ტვინში ბუნებამ მოათავსა ნათხემად წოდებული პატარა ჯირკვალი, რომელიც სარკის როლს ასრულებს; მისი გამოისობით, მეტ-ნაკლები წარმატებით, შემცირებულსა თუ გაზრდილს, სრულად თუ ნაწილობრივ, სამყაროს ყველა ობიექტს და საკუთარი ფიქრის ნაყოფსაც კი წარმოვისახავთ. ადამიანი მფლობელია ამ ჯადოსნური ფარნის, რომლის შუქზე გათამაშებული სცენების მონაწილეცაა და მაყურებელიც. ესაა საკუთრივ ადამიანი, აქაა მისი საუფლოს საზღვარი: ამას იქით ყოველივე მისთვის უცხოა.“

 

– „დღეს, 1782 წლის 15 მარტს, – მეუბნებოდა ბატონი დე… – იშვიათი ყაიდის კეთილი საქმე ჩავიდინე. მე ვანუგეშე კაცი პატიოსანი, სიქველით აღსავსე, ათასი ლივრი რენტით ხელდამშვენებული, სახელოვანი, ჭკუით განთქმული, სრულიად ჯანმრთელი, და ა. შ.; მე, ღარიბმა, უთვისტომომ და სნეულმა.“

 

– ცნობილია ფანატიკური სიტყვა, რომელიც დოლის ეპისკოპოსმა მეფის წინაშე პროტესტანტების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით წარმოთქვა. მან მთელი სამღვდელოების სახელით ისაუბრა. როდესაც სენ-პოლის არქიეპისკოპოსმა ჰკითხა, თუ რატომ ისაუბრა თანამოძმეების სახელით ისე, რომ არც კი დაეკითხა, მან მიუგო: „მე დავეკითხე ჩემს ჯვარს“. „ასეთ შემთხვევაში, – თქვა სენ-პოლის არქიეპისკოპოსმა – ზუსტად უნდა გაგემეორებინათ ის, რაც თქვენმა ჯვარმა გიპასუხათ“.

 

– დადასტურებული ფაქტია, რომ ჩვენმა ქალბატონმა, მეფის ქალიშვილმა, ერთ-ერთ თავის მონასთან თამაშისას მას ხელზე დახედა, თითები დათვალა, შემდეგ გაკვირვებულმა წარმოთქვა: „როგორ, თქვენც ჩემსავით ხუთი თითი გაქვთ?“ და კიდევ ერთხელ დაითვალა თითები, რათა საბოლოდ დარწმუნებულიყო.

 

-მარშალმა რიშელიემ ლუი XV-ს ერთი დიდგვაროვანი ქალბატონი – აღარ მახსოვს, რომელი – საყვარლად შესთავაზა. მეფე უარზე იყო და ახსნა, რომ შემდეგ მისი თავიდან მოშორება ზედმეტად ძვირი დაუჯდებოდა.

 

– ბატონმა ტრესანმა 1738 წელს შეთხზა ბატონი ნივერნუას ჰერცოგის განმაქიქებელი კუპლეტები. 1780 წელს ის აკადემიაში არჩევას ლამობდა და ამ მიზნით ეწვია ბატონ ნივერნუას ჰერცოგს, რომელმაც სტუმარი მშვენირად მიიღო, ბოლო ნაწარმოებების წარმატება მიულოცა, იმედებით აღავსო და მხოლოდ მაშინ, როდესაც ბატონი ტრესანი ის-ის იყო ეტლში უნდა ჩამჯდარიყო, მიმართა: „მშვიდობით, ბატონო გრაფო, გილოცავთ, მეხსიერების საბოლოოდ დაკარგვას“.

 

– მარშალი დე ბირონი მძიმედ დასნეულდა და აღსარების თქმა უნდოდა; მეგობრების თანდასწრებით დაიწყო: „ჩემი ვალია ღვთის წინაშე, ჩემი ვალია მეფის წინაშე, ჩემი ვალია სამშობლოს წინაშე“… „მოკეტე – გააწყვეტინა ერთ-ერთმა მეგობარმა – თორემ ვალაუვალ მევალედ მოკვდები.“

 

– დიუკლუა აკადემიის სხდომებზე ხშირად წარმოთქვამდა: „მძ…“, „სი…“; აბატმა რენელმა, რომელსაც გრძელი ფიგურის გამო დიდ, უგესლო გველად მოიხსენიებდნენ, ერთხელ უთხრა: „ბატონო ჩემო, უწყოდეთ, რომ აკადემიაში მხოლოდ ისეთი სიტყვების წარმოთქმაა დასაშვები, რომლებიც ლექსიკონში მოიძებნება“.

 

– ბატონი დე ლ… თავის მეგობარს, ბატონ დე ბ…-ს, ფრიად პატივსაცემ, მაგრამ დაუფასებელ კაცს, უყვებოდა მასზე საზოგადოებში გავრცელებული ჭორებისა და მითქმა-მოთქმის შესახებ. დე ბ…-მ კი ცივად მოუჭრა: „სწორედაც დღევანდელ საზოგადოებას, ამ პირუტყვსა და გაიძვერას, თუ ეკადრება ჩემი ყაიდის კაცის განსჯა“.

 

– მ… მეუბნებოდა: ყველა ქვეყნის ქალებს ვიცნობ; იტალიელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია დარწმუნებული სატრფოს გრძნობებში, თუკი საყვარელი მზადაა მის გამო დანაშაულის ჩასადენად; ინგლისელი – სიგიჟის, ხოლო ფრანგი – სისულელის“.

 

– დიუკლო ამბობდა ერთი უკანასკნელი გაიძვერას შესახებ: „სახეში ვაფურთხებთ, ფურთხს ფეხით ვახოცავთ და ის მადლობას გვიხდის“.

 

– დ’ალამბერი, უკვე საყოველთაოდ განთქმული, ესტუმრა მადამ დიუ დეფანს, რომელთანაც ასევე იყვნენ ბატონი პრეზიდენტი ენო და ბატონი დე პონ-დე-ვეილი. მოვიდა ექიმი, გვარად ფურნიე, რომელმაც შემოსვლისას მიმართა ქალბატონ დიუ დეფანს: „ბედნიერი ვარ, რადგან შემიძლია დაგიდასტუროთ ჩემი ფრიად მოკრძალებული პატივისცემა“; შემდეგ ბატონ პრეზიდენტ ენოს: „ჩემო ბატონო, მაქვს პატივი მოგაგებოთ სალამი“; შემდეგ ბატონ დე პონ-დე-ვეილს: „ჩემო ბატონო, თქვენს მონა-მორჩილად მიგულეთ“; და ბოლოს დ’ალამბერს: „გამარჯობა, ბატონო“.

 

– „ერთი კაცი უკვე ოცდაათი წელია საღამოებს ქალბატონ დე …-სთან ატარებდა. მისი მეუღლე გარდაიცვალა; ყველა ფიქრობდა, რომ ქალბატონ დე …-ს მოიყვანდა ცოლად და ამას მოუწოდებდა კიდეც. მან კი იუარა: „ასეთ შემთხვევაში, აღარ მეცოდინება სად გავატარო საღამოები“.

 

– ქალბატონი ტამსენი, ნატიფი მანერების, მაგრამ უპრინციპო და ამ გამონათქვამის პირდაპირი მნიშვნელობით, ყველაფერზე წამსვლელი ქალი იყო. ერთხელ, როდესაც მის დახვეწილობას აქებდნენ, აბატმა ტრუბლემ თქვა: „ნამდვილად, თუკი ის თქვენს მოწამვლას გადაწყვეტს, დარწმუნებული იყავით, ყველაზე ტკბილ შხამს შეარჩევს“.

 

– ბატონმა ბროგლიმ, რომელიც მხოლოდ მხედრული დიდების წინაშე იხრიდა ქედს, ერთ დღეს თქვა: „ამ ვოლტერს, ყველა რომ ადიდებს, მე კი დიდად არაფრად ვაგდებ, ერთი ლამაზი პწკარი მაინც ჰქონია: „გამართლებია ომში მას, ვინც პირველად გახდა მეფე“.

 

– მ…-ის ერთი ნაწარმოებთან დაკავშირებული მოსაზრება სადავო გახადეს და უმტკიცებდნენ, რომ პუბლიკა ამ საკითხზე განსხვავებულად მსჯელობს. „პუბლიკა! პუბლიკა! – თქვა მან – რამდენი ბეცია საკმარისი, რომ პუბლიკა ვუწოდოთ?“

 

– ბატონი დ’არჟანსონი ბატონ სებურის გრაფს, თავისი ცოლის საყვარელს, ეუბნებოდა: „ზედმიწევნით ორი თანამდებობა შეგეფერებათ: ბასტილიის ან ინვალიდების სასახლის მმართველისა. თუ ბასტილიაში დაგნიშნავთ, ყველა იტყვის, რომ იქ მე გაგაგზავნეთ, ხოლო თუ ინვალიდებში – ყველა იფიქრებს, რომ ეს ჩემი ცოლის ნახელავია.“

 

– არსებობს მედალი, რომელსაც პრინცი კონდე, მისი თქმით, ფლობდა და რომლის დაკარგვასაც ძალიან ნანობდა. მედლის ერთ მხარეს ლუი XIII იყო გამოსახული, ჩვეული წარწერით: Rex Franc, et Nav. [1], მეორე მხარეს – კარდინალი რიშელიე, გარშემო კი სიტყვები: Nil sine consilio[2].

 

– მას შემდეგ, რაც მ…-მა წაიკითხა წმინდა ჟერომის წერილი – რომელშიც ეს უკანასკნელი ძალას არ იშურებს თავისი ვნებების სრულად წარმოსაჩენად – თქვა: „მისი საცთური სურვილს ბევრად მეტად აღმიძრავს, ვიდრე მისი მონანიება – შიშს“.

 

– მ… ამბობდა: „ქალებში კარგი მხოლოდ ისაა, რაც საუკეთესო აქვთ“.

 

– ქალბატონი პრინცესა დე მარსანი, ახლა ესოდენ ღვთისმოსავი, ადრე ბატონ დე ბისისთან ერთად ცხოვრობდა. მან პატარა სახლი უქირავა პლიუმეს ქუჩაზე, იქ ერთხელ ისეთ დროს მივიდა, როდესაც ბატონი დე ბისი მეძავებთან ერთობოდა და კარი არ გაუღო. ეტლის გარშემო სევრის ქუჩის ხილით მოვაჭრეები შეიკრიბნენ და უთხრეს: „ნამდვილი ბოროტებაა არ შეუშვა პრინცესა იმ სახლის ზღურბლზე, რომლის ფულსაც თავად იხდის და ამ დროს იქ ვახშმით ლამაზ გოგონებს გაუმასპინძლდე“.

 

– სასულიერო თანამდებობის მოსურნე ერთი კაცი ამბობდა: „სულის წარწყმედადაც რომ დამიჯდეს, მღვდლად უნდა ვეკურთხო“.

 

– ერთი კაცი თავით ფეხებამდე შავით იყო მოსილი: დიდი პლერეზები, შავი პარიკი, ჩამოგრძელებული სახე. მეგობარი შეხვდა და შეიცხადა: „ღმერთო ჩემო! რა დანაკარგი განგიცდიათ!“ „- არანაირი დანაკარგი – მიუგო კაცმა – ერთი ისაა, რომ აწი ქვრივი ვარ.“

 

– ქალბატონი დე ბასომპიერი, რომელიც მეფე სტანისლასის კარზე ცხოვრობდა, ბატონი დე ლა გალესიერის, მეფის კანცლერის, საყვარელი იყო. ერთ დღეს მეფე მას ესტუმრა და სცადა აღვირახსნილად მოპყრობოდა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. „ვჩუმდები, – თქვა სტანისლასმა – დანარჩენს ჩემი კანცლერი გეტყვით.“

 

– ადრე, სანამ საჭმელს შეუდგებოდნენ, „სამეფო ღვეზელს“ ჭრიდნენ. ერთხელ მეფედ ბატონი ფონტენელი აირჩიეს და რადგან ის არ ჩქარობდა სუფრაზე მყოფთათვის მის წინ ჩადგმული მშვენიერი კერძის შეთავაზებას, ვიღაცამ მიმართა: „მეფეს ქვეშევრდომები ავიწყდება“. „აი, ასეთები ვართ ჩვენ, სხვები,“ – მიუგო ფონტენელმა.

 

– დამიენის თავდასხმამდე[3] თხუთმეტი დღით ადრე პროვანსელი ვაჭარი გავლით იყო ლიონიდან ექვსიოდე კილომეტრით დაშორებულ პატარა ქალაქში, სადაც ერთ ფუნდუკში გაჩერდა. გვერდით ოთახიდან, რომლისგანაც მის სამყოფელს მხოლოდ სიფრიფანა კედელი ჰყოფდა, მან გაიგონა, რომ ვინმემ, გვარად დამიენმა მეფე უნდა მოკლას. ვაჭარი პარიზში მოდიოდა; ის ეახლა ბატონ ბერიეს, რომელიც ადგილზე ვერ აღმოაჩინა, დაუტოვა წერილი, რომლშიც გაგონილი ამცნო, რამდენიმე ხანში დაბრუნდა და პირადადაც წარდგა ბატონი ბერიეს წინაშე. შემდეგ ვაჭარმა თავისი პროვინციისკენ გასწია და გზაში გაიგო დამიენის თავდასხმის ამბავი. ბერიე მიხვდა, რომ ვაჭარი არ გაჩუმდებოდა და მისი, ბერიეს,  გამოჩენილი დაუდევრობა დაღუპავდა, ამიტომ ლიონის გზაზე პოლიციისა და გვარდიის რაზმი გაგზავნა; ვაჭარი დაიჭირეს, პირი აუკრეს, პარიზში ჩამოიყვანეს და თავი უკრეს ბასტილიაში, სადაც თვრამეტი წელი გაატარა. ბატონმა მალზერბმა, რომელმაც 1775 წელს მრავალი ტუსაღი დაიხსნა, აღშფოთების პირველ წამს თავი ვერ შეიკავა და ეს ამბავი ქვეყანას მოსდო.

 

– ერთ მგრძნობიარე და სიყვარულში პატიოსან ახალგაზრდას აღვირახსნილი მეგობრები აბუჩად იგდებდნენ, რადგან მისი სენტიმენტალურობა თვალში ეჩხირებოდათ. ის კი, ჩვეული გულუბრყვილობით პასუხობდა: „განა ჩემი ბრალია, რომ მეტად მიყვარს ქალები, რომლებიც მიყვარს, ვიდრე ქალები, რომლებიც არ მიყვარს?“

 

–  კარდინალმა დე როანმა, რომელიც ერთხელ ვენაში ელჩობისას ვალების გამო დააკავეს, როგორც საფრანგეთის დიდმა მოძღვარმა[4], დოფინის დაბადების აღსანიშნად შალედან პატიმრები გაათავისუფლა. ერთმა კაცმა ციხის გარშემო შექმნილი აურზაურის მიზეზი იკითხა; მას უპასუხეს, რომ ეს ბატონი კარდინალი დე როანის გამო ხდებოდა, რომელიც ამ დღეს შალეში იყო. „როგორ თუ, – წრფელად გაიკვირვა კაცმა – ისიც დაიჭირეს?“

 

– ბატონი დე როკემონი, რომლის მეუღლეც ფრიად თავისუფალი ქცევით გამოირჩეოდა, თვეში ერთ ღამეს მის საძინებელში ატარებდა, რათა ცოლის ორსულობის შემთხვევაში მითქმა-მოთქმა აეცილებინა თავიდან. ოთახს ის შემდეგი სიტყვებით ტოვებდა: „მე ვალი მოვიხადე,  აწი მთესველმა იკითხოს.“

 

– ბატონი დე …, რომელსაც მძიმე დარდი გამოჯანმრთელების საშუალებას არ აძლევდა, მეუბნებოდა: „ვინმეს ჩემთვის დავიწყების მდინარე რომ ეჩვენებინა, სიჭაბუკის წყაროდ მომეჩვენებოდა“.

 

– ერთხელ საფრანგეთის აკადემიაში შემოწირულობას აგროვებდნენ; აღმოჩნდა, რომ ექვსფრანკიანი მონეტა, თუ ერთი ლუიდორი აკლდებოდათ. ივარაუდეს, რომ სიხარბით განთქმულ ერთ აკადემიკოსს თავისი წვლილი არ შეუტანია; ეჭვმიტანილი ირწმუნებოდა, რომ ფული დადო; მაშინ შეგროვებაზე პასუხისმგებელმა თქვა: „მე ეს არ მინახავს, მაგრამ თქვენი მჯერა“. ბატონმა ფონტენელმა კი ამოწურა კამათი სიტყვებით: „მე ნამდვილად ვნახე, მაგრამ არ კი დავიჯერე“.

 

– აბატი მორე ესტუმრა კარდინალ დე ლა როშ-ემონს, რომელიც ახლახანს დაბრუნებულიყო სამღვდელოების კრებიდან და ცუდ გუნებაზე იყო. აბატმა უხასიათობის მიზეზი ჰკითხა. “მიზეზები საკმაოზე ბევრია, – მიუგო მოხუცმა კარდინალმა: ერთი – რომ მომიწია გავძღოლოდი ამ შეკრებას, რომელიც უარესად უბრალოდ ვერ ჩაივლიდა; ამას გარდა, შეკრებაზე ჭარბად იყვნენ სამღვდელოების აბატ დე ლა ლუზერნის მსგასი ახალგაზრდა წარმომადგენლები, რომლებსაც, წარმოიდგინეთ, არ სურთ დაკმაყოფილდნენ არადამაჯერებელი არგუმენტებით.“

 

– ახალგაზრდა და ღარიბი აბატი რეინალი დათანხმდა ყოველდღიურად მესის ჩატარებას ოც სუდ; როდესაც ის ცოტათი გამდიდრდა, მესა აბატ დე ლა როპტს დაუთმო, ისე რომ რვა სუს თვითონ იტოვებდა; შემდეგ დე ლა პორტიც წელში გაიმართა და მესა ქვე-ქირავნობით გადასცა აბატ დინუარს ისე, რომ რეინალის წილს იქით, კიდევ ოთხი სუ რჩებოდა. ამგვარად, ამ უბედურ მესას, დაბეგრილს ორმაგად, აბატი დინუარისთვის მხოლოდ რვა სუს შემოსავალი მოჰქონდა.

 

– სენ-ბრიოს ეპისკოპოსმა, მარია ტერეზიას საფლავთან წარმოთქმულ სიტყვაში, პოლონეთის გაყოფაზე საუბრისას, მარტივად აიცილა თავიდან უხერხულობა: „საფრანგეთი, – თქვა მან ისე, რომ იქამდე გაყოფა არც უხსენებია – მეც მასავით მოვიქცევი და ამის შესახებაც კრინტს არ დავძრავ.“

 

– მილორდი მალბორო ერთ მეგობართან და დისშვილთან ერთად სანგარში იყო, რა დროსაც ზარბაზნის ჭურვმა ამ მეგობარს ტვინი გაასხმევინა და შხეფებით დისშვილის სახე დაფარა. ახალგაზრდა კაცმა შიშით უკან დაიხია. უშიშარმა მალბორომ მას მიმართა: „მაშ, ბატონო ჩემო, ხომ არაფერმა გაგაკვირვათ? – დიახ, – მიუგო ახალგაზრდამ და სახე მოიწმინდა – ნამდვილად მიკვირს, როგორ მოახერხა ამდენი ტვინის პატრონმა, ასე უაზრო საფრთხისათვის უმიზნოდ და უმიზეზოდ თავის შეშვერა.“

 

– მენის ჰეცოგინიამ, რომელიც ბევრს ავადმყოფობდა, თავისი ექიმი დატუქსა: „განა სასჯელი არ არის, ამდენი შეზღუდვა რომ დამიწესეთ და განმარტოებით ცხოვრებას მაიძულებთ? – მაგრამ თქვენს უდიდებულესობას სასახლეში 40 ადამიანი ახლავს! – მერე რა! განა არ იცით, რომ ირგვლივ ორმოცი, ან თუნდაც ორმოცდაათი კაცის ყოლა პრინცესასათვის განმარტოებას ნიშნავს?“

 

– როდესაც შარტრის ჰერცოგმა გაიგო, რომ ჰერცოგინია დე ბურბონს, მის დას, ბატონმა არტუას გრაფმა შეურაცხყოფა მიაყენა, წარმოთქვა: „ – რა ბედნიერებაა, არც მისი მამა ვიყო და არც ქმარი“.

 

– გარეგნულად ძლიერ შეუხედავი, მაგრამ ნათელი გონების პატრონი, ბატონი გრაფი დე მირაბო, სასამართლოში თავს იცავდა მოხიბვლის მიზნით გატაცების ცრუ ბრალდებისაგან. „ბატონებო, – თქვა მან – მე მოხიბვლას მაბრალებენ; პასუხისა და თავდაცვის ნაცვლად, გთხოვთ, სასამართლოს მასალებს ჩემი პორტრეტი დაურთოთ.“ კომისარმა ყური არ ათხოვა: „სულელო, – უთხრა მოსამართლემ – ბატონის სახეს შეხედე მაინც!“

 

– მ… მეუბნებოდა: „ჭეშმარიტი გრძნობის შეუძლებლობამ მეც მაიძულა სიყვარული ისე აღმექვა, როგორც ყველას. ეს გზა კი, ჩემი მხრიდან, დიდ კომპრომისს წარმოადგენდა: თითქოს კაცს სპექტაკლზე წასვლა უნდოდეს, იფიგენიას ბილეთი ვერ ეშოვოს და „სახალისო ვარიეტეთი“ დაკმაყოფილდეს“.

 

– ქალბატონი დე ბრიონი გრაფ დე შუაზელის გამო დაშორდა კარდინალ დე როანს, რომელიც მეტოქესთან კავშირის გაწყვეტას სთხოვდა. მათ შორის ბობოქარი სცენა  გაიმართა, რომლის დასასრულსაც ქალბატონი კარდინალს ფანჯრიდან გადაგდებით დაემუქრა. „ჩემითაც შემიძლია ჩავიდე, – მიუგო მან – იმ გზით, რომლითაც ასე ხშირად ამოვდიოდი“.

 

– ბატონი გრაფი დე შუაზელი მეფე ლუი XV-სთან ბანქოს სათამაშოდ იყო, როდესაც თავისი გაძევების ამბავი შეიტყო. ბატონმა დე შოველენმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა იმ პარტიაში, განაცხადა, რომ თამაშს საკუთარი მეწყვილის გარეშე ვერ გააგრძელებდა. მეფემ ბატონ შოველენს უთხრა: „ჰკითხეთ, თუ სურს გაგრძელება“. შოველენმა გაგზავნა წერილი შანტელუში და ბატონი შუაზელის თანხმობაც მიიღო. ერთი თვის თავზე, მეფემ მოიკითხა, თუ იყო დათვლილი იმ პარტიის შედეგები. „დიახ, – მიუგო შოველენმა – ბატონმა შუაზელმა სამი ათასი ლუიდორი მოიგო. – აჰ! როგორ გამახარეთ, – უთხრა მეფემ, – გაუგზავნეთ მოგებული თანხა, რაც შეიძლება სწრაფად.“

 

– „სიყვარული,  – ამბობდა მ… – მხოლოდ ნატიფი სულით გამორჩეულთა თავშესაქცევს უნდა წარმოადგენდეს. როდესაც ვხედავ, რომ გაუთლელი ხეპრე სასიყვარულო საქმეში ერევა, მინდება ვუთხრა: „სადაა, რომ ცხვირს ჰყოფთ?“ ყომარბაზობა, სუფრა და კარიერა – აი, თქვენი ჭეშმარიტი საქმე!“

 

– არ აქოთ ჩემთან ნ…-ის ხასიათი: ის უხეში და უტიფარი კაცია, რომელიც ცივ გონებას ისევე ეყრდნობა, როგორც ბრინჯაოს ქანდაკება მარმარილოს პოსტამენტს.

 

– თუ იცით, – მეუბნებოდა ბატონი დე …, – რატომ არის, რომ ფრანგები უფრო პატიოსნები არიან ახალგაზრდობაში, ასე, ოცდაათ წლამდე, ვიდრე ამ ასაკს გადაცილებულნი? იმიტომ, რომ სწორედ ამ ასაკში ეხილებათ თვალი;  იგებენ, რომ ჩვენში ან გრდემლი უნდა იყო, ან – ურო; რომ სრულიად ნათელია, სენი, რომლითაც ერი იტანჯება, უკურნებელია. ახალგაზრდები, იმ ძაღლს ვგავართ, თავისი პატრონის სადილს სხვა ძაღლებისაგან რომ იცავს[5]; ოცდაათს გადაცილებულნი კი იმავე ძაღლს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ამ სადილიდან თავის წილსაც იღებს.

 

– ქალბატონმა დე ბ…-მ, რაკი დიდი გავლენის მიუხედავად, ბატონ დე დ…-ს, თავის საყვარელსა და ფრიად უმაქნის კაცს, ვერაფერი მოუხერხა, მას ცოლად გაჰყვა. საყვარლის სტატუსით ასეთ კაცს ვერ გამოაჩენ, ქმარი კი ნებისმიერი ივარგებს.

 

[1] საფრანგეთისა და ნავარას მეფე (ლათ.)

[2] არაფერი რჩევის გარეშე (ლათ)

[3] დამიენის თავდასხმა – თავდასხმა მეფე ლუი XV-ზე, რომლის დროსაც დამიენმა მეფე დანით დაჭრა.

[4] საფრანგეთის დიდი მოძღვარი – უმაღლესი სასულიერო პირი საფრანგეთის სამეფო კარზე.

[5] იხ. ლაფონტენის „იგავებში“ (VIII, 7): „ძაღლი რომელიც კისრით პატრონის სადილს ატარებდა“.

© არილი

Facebook Comments Box