ახალი ამბები

სამეცნიერო ზღაპრების კონკურსი “ფასკუნჯი” გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, მწერალთა სახლი აცხადებს სამეცნიერო ზღაპრების კონკურსს „ფასკუნჯი“. 

სამეცნიერო ზღაპრების კონკურსის მიზანია ლიტერატურისა და მეცნიერების გადაკვეთის წერტილი მეცნიერებით დაინტერესების ერთგვარ იმპულსად აქციოს ბავშვებისათვის და ქართულ ლიტერატურულ, სახელოვნებო და საგამომცემლო სივრცეში დაამკვიდროს სამეცნიერო ზღაპრების მიმართულება, რაც ქართული ლიტერატურისთვის დღემდე აუთვისებელ სივრცეს წარმოადგენს;

კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნაწარმოებების სამიზნე ჯგუფია სკოლამდელი ასაკის ბავშვები და დაწყებითი კლასების მოსწავლეები. კონკურსის გამარჯვებული ნაწარმოებები 2023 წელს გამოიცემა ერთიანი კრებულის ან სერიის სახით და გავრცელდება სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე მწერლებს. კონკურსის მონაწილეებს უფლება აქვთ, ითანამშრომლონ სხვა სფეროების წარმომადგენლებთან (მეცნიერები, ილუსტრატორები და სხვ.) და მათთან ერთად შექმნან საკონკურსო ნაწარმოები.

საკონკურსო მასალა უნდა განეკუთვნებოდეს სამეცნიერო ზღაპრების ჟანრს და მიზნად ისახავდეს სკოლამდელი ასაკის ბავშვებსა და დაწყებითი კლასების მოსწავლეებში მეცნიერების ამა თუ იმ დარგის, მიღწევის, გამორჩეული მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის და/ან მეცნიერებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი საკითხის მიმართ ინტერესის აღძვრას. სასურველია, ზღაპარში ასახული იყოს ქართული მეცნიერების მიღწევები(ც), ქართველ მეცნიერთა წარმატების გზა, ქართულ სამეცნიერო სივრცეში მიმდინარე პროცესები და ა.შ. ავტორი ნაწარმოების თემის შერჩევაში თავისუფალია, თუმცა მასში დაცული უნდა იყოს წარმოდგენილი სამეცნიერო ფაქტების სიზუსტე.

საკონკურსო ნამუშევარი უნდა მოიცავდეს სამეცნიერო ზღაპრის ტექსტს და, შესაძლოა, მასთან ერთად წარმოდგენილი იყოს ილუსტრაციებიც. ნამუშევარი უნდა იყოს გამართული მხატვრული, სტილისტური და ტექნიკური თვალსაზრისით და არ უნდა აღემატებოდეს 1500 სიტყვას.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 12 თებერვლის ჩათვლით.

ნამუშევრებს შეაფასებს საკონკურსო კომისია და გამოავლენს გამარჯვებულებს, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო (I ადგილი: 1500 ₾. II ადგილი: 1000 ₾. III ადგილი: 800 ₾.)

კონკურსის შესახებ არილი თათია მთვარელიძეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის კოორდინატორსა და კონკურსის იდეის ავტორს გაესაუბრა:

როგორ შეარჩიეთ კონკურსის სახელი?

როდესაც კონკურსის იდეა დაიბადა და სახელწოდებაზე ფიქრი დავიწყეთ, პირველივე ვერსიად გაჩნდა სიტყვა „ფასკუნჯი“, ვინაიდან ვიცოდით, რომ კონკურსის სახელწოდება უნდა ყოფილიყო ახლობელი ქართული ცნობიერებისთვის, უნდა ყოფილიყო მითთან, ზღაპართან და გარკვეულწილად – მეცნიერებასთან დაკავშირებული.

მოგეხსენებათ, თითქმის ყველა ზღაპარი რაღაც ფანტასტიკურს შეიცავს. ჯადოსნურ ზღაპრებს ვგულისხმობ. მაგრამ ის, რაც ფანტასტიკად მოჩანდა წინა საუკუნეებში და რაც თქმულებებში, ზღაპრებსა თუ ლიტერატურულ ნაწარმოებებში როგორც დაუჯერებელი ამბები, ისე იყო წარმოდგენილი, დღეს შეიძლება რეალობა იყოს. ამ დაუჯერებელი ამბების რეალობად ქცევა კი მეცნიერების საქმეა და ამის დამადასტურებელი არაერთი ზღაპარი თუ ლიტერატურული ნაწარმოები არსებობს, რომელთა ჯადოსნური შინაარსიც რეალობად აქციეს მეცნიერებმა.

ქართული მითოლოგიური წარმოდგენებისთვის ფასკუნჯი ჯადოსნური ფრინველია, რომელიც ორ სკნელს შორის მოძრაობს – ქვესკნელსა და ზესკნელს შორის, იგი ძალიან ჰგავს ფენიქსს, მზეჭაბუკთან მეგობრობს და მისი გადაყვანა შეუძლია ფრენით ერთი სკნელიდან მეორე სკნელში, სამეცნიერო ენაზე რომ ვთქვათ, სხვადასხვა განზომილებაში გადასვლა შეუძლია. ფასკუნჯს სულხან საბა ორბელიანიც განმარტავს ძალიან საინტერესოდ და ცოტა უფრო შორსაც რომ წავიდეთ, ფასკუნჯი სამთავისის ტაძარზეცაა გამოსახული ბარელიეფის სახით. მოკლედ რომ ვთქვათ, ესაა მითოლოგიური ფიგურა, რომელიც ქართულ ცნობიერებაში, ძირითადად, დადებითი ფუნქციითაა აღჭურვილი და რომელიც მეცნიერებასა და ზღაპრის ჟანრს საინტერესოდ აერთიანებს იმ თქმულებებში, სადაც გამოჩნდება ხოლმე. თან ლამაზი სიტყვაა, კონკურსებს კი უხდება ლამაზი სიტყვები… 

„ფასკუნჯი“ მხოლოდ წელს ჩატარდება თუ ყოველწლიური სამეცნიერო ზღაპრების კონკურსი იქნება? გაქვთ კონკრეტული გეგმები თუ წლევანდელ შედეგებსა და ავტორების ჩართულობაზეა დამოკიდებული კონკურსის მომავალი?

მოგეხსენებათ, კონკურსი წელს პირველად გამოცხადდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში და ხორციელდება მწერალთა სახლთან თანამშრომლობით. მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამა მიზნად ისახავს, მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივებას ფართო საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი – ბავშვებსა და მოზარდებში. ამ მიზნით არაერთი კონკურსი გამოცხადდა გასულ წლებშიც, მათ შორის – ლიტერატურული კონკურსები. ზოგიერთი მათგანი ტრადიციად იქცა და დღემდე ხორციელდება.

გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ მაღალი იქნება დაინტერესება სამეცნიერო ზღაპრების კონკურსის მიმართ, როგორც მწერლების, ისე ბავშვების მხრიდან. ამ კონკურსს ორი ძირითადი მიზანი აქვს – სამეცნიერო ზღაპრის ჟანრის გააქტიურება ქართულ სალიტერატურო სივრცეში და სკოლამდელი და დაწყებითი კლასის მოსწავლეებამდე მეცნიერების მიტანა ზღაპრების საშუალებით. სამინისტრო გეგმავს ამ კონკურსის ტრადიციულ კონკურსად ქცევას, თუმცა წინასწარ გადაჭრით რამის თქმა რთულია, ვინაიდან საამისოდ, რა თქმა უნდა, აუცილებელია კონკურსში ავტორების ჩართულობა.

გარდა ბავშვებისა, რომელთათვისაც მეცნიერებით დაინტერესების იმპულსი იქნება კონკურსის ფარგლებში შერჩეული ტექსტების წაკითხვა, როგორ ფიქრობთ, თავად ავტორებსაც გაუჩნდებათ ამ ჟანრში მუშაობის მოტივაცია?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ კონკურსისა სწორედ ქართველი ავტორების წახალისება გახლავთ.

სამეცნიერო ფანტასტიკა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაში, კინოში, ხელოვნების სხვა ჟანრებში. ასევე ძალიან პოპულარულია სამეცნიერო ზღაპრის ჟანრიც, მაგრამ ქართულ სალიტერატურო სივრცეში ეს სფერო ნაკლებადაა ათვისებული. ამ კონკურსის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ესაა – ჟანრის გააქტიურება ანუ ავტორების წახალისება. ამის გამოცდილება აქვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შემიძლია სამეცნიერო კომიქსების კონკურსი მოვიყვანო მაგალითად, რომელიც სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობით განვახორციელეთ და რასაც სხვა დაწესებულებების მიერ გამოცხადებული სამეცნიერო კომიქსების კონკურსები თუ ღონისძიებები მოჰყვა. ამ კონკურსის წარმატების ერთ-ერთი საზომი ის იქნება, თუ ქართველი ავტორები და გამომცემლობები დაინტერესდებიან სამეცნიერო ზღაპრით, რაც საუკეთესო ინსტრუმენტია ბავშვებში მეცნიერების მიმართ ინტერესის აღსაძვრელად.

საინტერესოა ისიც, რომ სხვა სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობის უფლებაც აქვთ მონაწილეებს. ამის გათვალისწინებით, რა კრიტერიუმებით შეფასდება საკონკურსო ნამუშევრები? რა იქნება გადამწყვეტი მათი შერჩევისას?

მოგეხსენებათ, კონკურსი გამოცხადდა მწერალთა სახლის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის იდეაც და რესურსებიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მოდის, კონკურსის შინაარსობრივ ნაწილსა და შეფასებაში სამინისტრო, რა თქმა უნდა,  არ ერევა. კონკურსს ჰყავს საკონკურსო კომისია, რომელიც პროფესიონალებისგან შედგება, მათვე განსაზღვრეს შეფასების კრიტერიუმები და შესაბამისად, საკონკურსო კომისია განსაზღვრავს, რა არის გადამწყვეტი საკონკურსო ნამუშევრის შერჩევისას. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილე მწერლისთვის სხვა სფეროს წარმომადგენელთან თანამშრომლობა სავალდებულო არ არის. შესაბამისად, ეს ვერ ჩაითვლება შეფასების მთავარ კრიტერიუმად. კრიტერიუმებთან დაკავშირებით სხვას ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნე, სამინისტრო არ ერევა კონკურსის ორგანიზებასა და საკონკურსო ნამუშევრების შეფასებაში. აქედან გამომდინარე, ამ კითხვაზე უფრო კონკრეტულ პასუხს კომისიის წევრები გაგცემენ. 

© არილი

Facebook Comments Box