ტიმ ო’ბრაიენი – ორი მოთხრობა

Tim-OBrien 948

ტიმ ობრაიენი (1946) თანამედროვე ამერიკელი მწერალია. მისი ყველაზე ცნობილი წიგნია 1990 წელს გამოცემული მოთხრობების კრებული The Things They Carried. ეს სანახევროდ ავტობიოგრაფიული კრებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ვიეტნამის ომზე დაწერილ წიგნებს შორის. წინამდებარე მოთხრობები ამ კრებულიდანაა აღებული. წიგნის ქართულ თარგმანს მალე გამოსცემს გამომცემლობა “დიოგენე”.

 

ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ

სიყვარული

ომის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ჯიმი ქროსი შინ, მასაჩუსეტსში მესტუმრა. მთელი დღე ყავას ვსვამდით, სიგარეტს ვაბოლებდით და ყველაფერზე ვლაპარაკობდით, რაც კი კარგა ხნის წინ განგვეცადა თუ გადაგვეტანა, რასაც ჯერ ისევ თან დავატარებდით. სამზარეულოს მაგიდაზე ასიოდე ძველი ფოტოსურათი გვქონდა გაშლილი. რეთ კაილის, კაიოვას, მიჩელ სანდერსის და საერთოდ, ყველა ჩვენიანის სურათები, რომლებიდანაც ახალგაზრდული, უცნაურად მშვიდი სახეები შემოგვცქეროდა. მახსოვს, სხვებზე დიდხანს ტედ ლავენდერის ფოტოზე შევაჩერეთ მზერა. ცოტა ხანში ჯიმიმ თვალები მოისრისა და მითხრა: საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებ ლავენდერის სიკვდილსო. ეგ ისეთი რამეა, ვერაფრით რომ ვერ მოვინელებო, – ჩაილაპარაკა ჩუმად და მეც კვერი დავუკარი. ძალიან კარგად მესმის შენი-მეთქი, ვუთხარი. მეც ბევრი რამის გამო მქენჯნის-მეთქი სინდისი. ერთი ხანობა, თითქოს სათქმელიც გამოგველია. მერე დავასკვენით – ყავა გვეყოფა, ჯობია ჯინზე გადავიდეთ, ცოტათი მაინც გამოვისწოროთ ხასიათიო და მართლაც, მალე უკვე გულიანად ვიცინოდით ადრინდელ, ერთად გამოვლილ თავგადასავლებზე. გავიხსენეთ, როგორ ეხვია ჰენრი დობინსს კისერზე მეგობარი გოგოს ნაილონები, კაშნესავით; კაიოვას თხელძირიანი მოკასინები და სანადირო ტომაჰავკი. რეთ კაილის კომიქსები… შუაღამისკენ ორივე გვარიანად შევჭიკჭიკდით და ვიფიქრე, არც არაფერი დაშავდება, მართაზეც თუ ვკითხავ-მეთქი რამეს. არ მახსოვს, კითხვა რანაირად ჩამოვაყალიბე, ოღონდ ჯიმი ქროსმა კი ცოტა არ იყოს, გაოცებულმა შემომხედა: “თქვენ, მწერლებს, არაფერი გავიწყდებათ!” – მეუბნება. მერე გამიღიმა, მომიბოდიშა და სტუმრების მოსასვენებელ ოთახში გავიდა. იქიდან ჩარჩოში ჩასმული, მომცრო ფოტოსურათით დაბრუნდა. ფრენბურთის თამაშისას გადაღებული ფოტო იყო – მთელი ტანით გაწვართული, დაძაბული, ხელებგაწვდენილი მართა ბურთის მოგერიებას ცდილობდა.

- ეს გახსოვს? – მკითხა.

თავი დავუქნიე და, ცოტა არ იყოს, გაკვირვებულმა ვკითხე – საიდან, აკი დაწვი-მეთქი?

ჯიმი უწინდებურად იღიმებოდა. მერე, თვალებგაბრწყინებულმა, ერთი დახედა ფოტოს, მხრები აიჩეჩა და მითხრა: – კი, მართლა დავწვი. ლავენდერის დაღუპვის მერე აღარ შემეძლო… ეს კი სხვაა, მართამ თვითონ მაჩუქა.

როგორც მითხრა, 1979 წელს, შემთხვევით შეხვედროდნენ ერთმანეთს კოლეჯის კურსდამთავრებულთა წვეულებაზე. არაფერი შეცვლილიყო, მართა ისევ უყვარდა. რვა თუ ცხრა საათი გაატარეს ერთად. ბანკეტს ცეკვები მოჰყვა, მერე კარგა ხანს დასეირნობდნენ კამპუსის ეზოში და თავ-თავიანთი ცხოვრების ამბავს უყვებოდნენ ერთმანეთს. მართა ლუთერანული ეკლესიის მისიონერი გამხდარიყო, მოწყალების დის კურსებიც დაემთავრებინა, თუმცა მთავარი ეს არ იყო – უფრო სხვა რამ ამოძრავებდა და როგორც მისიონერს, ეთიოპია, გვატემალა და მექსიკა მოევლო. არ გავთხოვილვარ და ალბათ, არც არასდროს გავთხოვდებიო, – უთქვამს. ოღონდ მიზეზი კი არ უხსენებია. ეს კია, ამას რომ ეუბნებოდა, მზერა გვერდზე გაექცასავით და ჯიმიც მიხვდა, მართას შესახებ რაღაც-რაღაცებს ბოლომდე ვერასოდეს შევიტყობო. ისევ ისეთი, რუხი და უტყვი თვალები ჰქონდა. მოგვიანებით, როცა ხელზე ხელი წაავლო, იმას თითები არ მოუჭერია საპასუხოდ, ხოლო კიდევ ცოტა ხნის შემდეგ, როცა უთხრა – ჯერ ისევ მიყვარხარო, გოგოს არც ნაბიჯი შეუნელებია და არც რამე უპასუხია. კიდევ რამდენიმე წუთის მერე კი მაჯის საათზე დაიხედა და უკვე გვიანიაო, ჩაილაპარაკა. საცხოვრებელ კორპუსამდე მიაცილა. ერთი კი იფიქრა, ოთახში ხომ არ შევაპატიჟებინო თავიო, მაგრამ ამის მაგივრად, მხოლოდ ჩაიცინა და უთხრა – ერთხელ, სწორედ ამ ადგილას, კინაღამ მართლა ვაჟკაცური ნაბიჯი გადავდგიო. აი მაშინ, “ბონი და კლაიდი” რომ ვნახეთ. კინოდან დაბრუნებულები, ზუსტად აქ ვიდექით, როცა დავაპირე ხელში ამეტატებინე, ოთახში ამეყვანე, საწოლზე გადამეწვინე და მთელი ღამე მუხლზე მოგფერებოდიო. ცოტაღა დამაკლდა და ნამდვილად ასე ვიზამდიო. მაგრამ იმან თვალები დახუჭა და თითქოს უცებ შეამცივნაო. ძალიანაც კარგი, ეგ რომ არც სცადეო. საერთოდ არ მესმის, როგორ აკეთებენ კაცები ეგეთ რამესო. მაინც რასო? – ჩაეკითხა ჯიმი და მართამაც უპასუხა – აი, საერთოდ რასაც აკეთებენო. კაცმა თავი დაუქნია. ნელ-ნელა ხვდებოდა, რასაც გულისხმობდა მართა. უთხრა კიდეც – მესმის, გასაგებიაო. მეორე დილით, საუზმობისას, გოგომ მოუბოდიშა – სცადა აეხსნა, სხვანაირად ვერ მოვიქცევიო და მანაც გაუგო. მერე მართას გაეცინა, სურათი აჩუქა და სთხოვა, ამას მაინც ნუღარ დაწვავო. ჯიმიმ თავი გადააქნია.

- ასეა თუ ისე, მე მაინც მიყვარს! – ჩაიბურტყუნა ბოლოს.

მერე უკვე სტუმრობის ბოლომდე ვერიდებოდი მართას ხსენებას, თუმცა როცა უკვე მანქანისკენ მივაცილებდი ჯიმის, ვუთხარი კიდეც – სიამოვნებით დავწერდი მოთხრობას თქვენ ამბავზე-მეთქი. ჩაფიქრდა, მერე ეშმაკურად შემომხედა და მითხრა: – რატომაც არა? იქნებ იმანაც წაიკითხოს და სულაც აქეთ დამაგლიჯოს კალთა. იმედი ბოლოს კვდება, ეგრე არაა?

ეგრეა-მეთქი, დავეთანხმე.

მანქანაში ჩაჯდა და ფანჯრის შუშა ჩამოსწია:

- იცოდე, კაი ტიპი უნდა გამომიყვანო – მამაცი, ლამაზი და საერთოდ… რაც მთავარია, საუკეთესო ოცმეთაური! – წამით შეყოყმანდა. – ოღონდ ძალიან გთხოვ, იმაზე ნუ დაწერ ნურაფერს, როგორ…

- არა, – მივუგე, – იმაზე არაფერს დავწერ.

წინდები

ჰენრი დობინსი კარგი ბიჭიც იყო და სანაქებო ჯარისკაციც ეთქმოდა, ოღონდ აი, გონებამახვილობით კი მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა. ირონიას საერთოდ ვერ ხვდებოდა და რაღაცით მთლად ამერიკას ჰგავდა – დიდი, ღონიერი, კეთილი ზრახვებით აღსავსე და მუცელზე ცოტა ქონმოდებული. ოღონდ არა – ზარმაცი. მუდამ მეგობრის დასახმარებლად შემართული. უბრალოების, უშუალობისა და მუყაითობის განსახიერება. ისევ და ისევ, საკუთარი სამშობლოს მსგავსად, დობინსი ცოტა არ იყოს, გულჩვილობისკენაც გახლდათ მიდრეკილი.

ახლაც, ოცი წლის შემდეგაც კი თვალწინ მიდგას, მორიგ დავალებაზე მიმავალი, როგორ იხვევს ყელზე მეგობარი გოგოს ნაილონებს.

ესეც მისი ერთი უცნაურობა გახლდათ. ამ წინდებს ავგაროზის ძალა აქვს და იღბალი მოაქვსო, – ამბობდა. ხშირად ცხვირთანაც მიიტანდა ხოლმე და ხარბად ისუნთქავდა იმ თავისი მეგობარი გოგოს სხეულის სურნელს. ის მოგონებებიც უყვარდა, რაც ამ დროს ამოუტივტივდებოდა ხოლმე. ზოგჯერ, მძინარეს, წინდა სახეზეც ეფარა – ზუსტად ისე, მეტი სიმშვიდისა და უსაფრთხოებისთვის ბავშვი რომ წაიფარებს ბამბის საბანს. მოკლედ, სხვა ავგაროზის არ სჯეროდა და არც სჭირდებოდა. ეს წინდა იცავდა საიმედოდ. სხვა სულიერ სამყაროშიც კი გადაყავდა, სადაც ყველაფერი გასაგები და მშობლიური ჩანდა: იმ ადგილებში, სადაც იმედი ჰქონდა, ოდესმე იმ გოგოსთან ერთად დასახლდებოდა. ვიეტნამში გადასროლილი, ბევრი ჩვენგანის მსგავსად, არც დობინსი იყო თავისუფალი ცრურწმენებისგან, ამის გამო კი კიდევ უფრო უმტკიცდებოდა წინდის დამცავი ძალის ურყევი რწმენა. ეტყობა, მისთვის ეს რაღაც ჯავშნის მაგიერიც თუ გახლდათ. როცა კი გვიან ღამით საფარში ჩავსხდებოდით, ჩაფხუტებს დავიხურავდით და ჯავშანჟილეტებსაც მოვირგებდით, ჰენრი დობინსი ამ ყველაფერთან ერთად, კიდევ სხვა რიტუალსაც ასრულებდა – შემოიხვევდა წინდას კისერზე, წინ გამონასკვავდა და თავიც ქუდში ეგონა. ცხადია, ეს ამბავი ბევრმა გაიხადა სახუმაროდ, თუმცა მეორეს მხრივ, მასხრადაც არ აგვიგდია, ან როგორ მოგვიბრუნდებოდა ენა, როცა დობინსს მართლა არაფერი ეკარებოდა – ერთხელაც არ დაჭრილა და ის კი არა, თითიც კი არ გაუკაწრავს როდისმე. აი, აგვისტოს თვეში, ნაღმს დააბიჯა ფეხი, ნაღმი კი არ აფეთქდა. ზუსტად ერთი კვირის თავზე, გაშლილ ადგილას, ტყვიების წვიმაში მოყვა, საფარი კი ახლო-მახლო არსად ჩანდა. იმანაც ცხვირი იმ წინდაში ჩარგო, ერთი ღრმად ჩაისუნთქა და მართლა რომელიღაც ზღაპრის გმირივით, საღ-სალამათმა გამოაღწია იმ ჯოჯოხეთიდან.

სწორედ ასეთმა შემთხვევებმა გვაქცია ბრმად მორწმუნეთა ოცეულად – ფაქტები ჯიუტი იყო და საკამათოდ რატომ უნდა გაგვეხადა?

მერე კი, სადღაც ოქტომბრის ბოლოს, იმ გოგომ მიატოვა და დობინსისთვის ეს მეტად მძიმე დარტყმა გამოდგა: ერთი ხანობა, გარე-გარე, სულ მარტო დაიარებოდა ხოლმე, ხმაგაკმენდილი; თან მალიმალ შეყვარებულის წერილს გადაიკითხავდა, ვინ იცის მერამდენედ. კვირის თავზე კი ისევ გულდაგულ, დიდი მონდომებით შემოიხვია წინდა ყელზე, საიმედოდაც გამონასკვა და მოგვახსენა – დიდი ამბავი! მთავარია, ჯადო-ძალა არ დაკარგოსო.

 

ცეკვა

 

მუსიკის ხმა არ ისმოდა. სოფლის მეტი ნაწილი ფერფლად იყო ქცეული, მისი სახლის ჩათვლით, რომელსაც ახლა მხოლოდ ბოლი ასდიოდა. ფეხშიშველი გოგო კი შორიახლოს იდგა და თვალდახუჭული ცეკვავდა. ალბათ ასე, თოთხმეტი წლის თუ იქნებოდა. შავთმიანი იყო და მუქ-ხორბლისფერი პირისკანი ჰქონდა. რატო ცეკვავს? – გაიკვირვა აზარმა. ნანგრევები საგულდაგულოდ მოვჩხრიკეთ, თუმცა ბევრი არაფერი გვიპოვია. რედ კაილიმ ვახშმისთვის წიწილის დაჭერა მოახერხა. ლეიტენანტი ქროსი რაციით შვეულმფრენებს დაუკავშირდა და გადასცა – შეგიძლიათ უკან გაბრუნდეთო. გოგო თითის წვერებზე იდგა და ადგილზე ირწეოდა – მტვერში, საკუთარ ნასახლართან. ხანდახან, ნელ-ნელა დაბზრიალდებოდა კიდეც, ზოგჯერ კი რაღაცაზე ეღიმებოდა თავისთვის. რატო ცეკვავს? – ვერ მშვიდდებოდა აზარი და ჰენრი დობინსმაც უთხრა – მიზეზს რა მნიშვნელობა აქ, ეცეკვება და ცეკვავსო. მოგვიანებით, დამწვარ სახლში გოგოს ოჯახის წევრებიც ვნახეთ – ყველა მკვდარი იყო, მთლად დანახშირებული. დიდი ოჯახი არ ეთქმოდა: ერთი ბავშვი, დედაბერი და კიდევ – ერთი ძნელად გასარკვევი ასაკის ქალი. გვამები რომ გარეთ გამოვათრიეთ, გოგო ისევ ცეკვავდა. ახლა ყურებზე აეფარა ხელები და, ეტყობა, ესეც რაღაცას ნიშნავდა. რამდენიმე ნაბიჯი ერთ მხარეს წაიცეკვა, მერე შეჩერდა და ახლა მეორე მხარეს გამობრუნდა. თან ლამაზად არხევდა თეძოებს.

- არა, მაინც ვერ ვხვდები! – თქვა აზარმა. ნანგრევებიდან ამოსულ ბოლს ჩალის სუნი დაკრავდა და ბოლქვებად მიიზლაზნებოდა ცაში. სოფლის მოედანზე  რამდენიმე მოკლული ღორიც ეგდო. გოგო ისევ აიწია თითის წვერებზე, ნელ-ნელა შემოტრიალდა და ცეკვა-ცეკვით შეაბიჯა ბოლის ქულაში. მეოცნებესავით მშვიდი, ფიქრიანი სახე ჰქონდა. ცოტა ხნის მერე, როცა იმ ნასოფლარს გამოვეცალეთ, ის ჯერ კიდევ აგრძელებდა თავის ცეკვას.

- ეტყობა, რაღაც თავიანთი რიტუალია, – ივარაუდა აზარმა, მაგრამ ჰენრი დობინსმა ახლაც ცივი წყალი გადაასხა: არა, უბრალოდ უყვარს ცეკვა და რა ქნასო.

იმ საღამოს, როცა გადამწვარი სოფლიდან ისევ ჩვენს ბანაკს დავუბრუნდით, აზარი ერთთავად იმ გოგოს ცეკვაზე ღადაობდა – ვითომ ბაძავდა კიდეც, ხან შეხტებოდა და ხანაც სასაცილოდ ტრიალებდა ერთ ადგილას. მერე ყურებზეც აიფარა ხელები, ახლა გვერდულად წაიცეკვა – ჯერ ერთ, მერე მეორე მხარეს და ბოლოს თეძოებიც აათამაშა ვნებიანად. თუმცა ჰენრი დობინსი, ვინაც იმ თავისი ზორბა ტანის მიუხედავად, მუდამ ფეხაკრეფით დაიარებოდა ხოლმე, უკნიდან მიეპარა, აიტაცა, ღრმა ჭასთან მიიყვანა და ჰკითხა: გინდა ახლა თავ-ფეხიანად გადაგიშვა შიგო? აზარმა გაიბრძოლა – არაო და დობინსმაც – კარგი მაშინ, წესიერად იცეკვეო.

© არილი