ესე (თარგმანი)

უმბერტო ეკო – რატომ უნდა ვიკითხოთ კლასიკოსები

 

იტალიურიდან თარგმნა დარეჯან კიკოლიაშვილმა

 

ჩვენ ჯერ კიდევ ვერ დაგვიდგენია, რა არის კლასიკური ნაწარმოები. შემოგთავაზებთ სოციოლოგიური ხასიათის განმარტებას, გამოწვლილვის გარეშე: კლასიკურია ნაწარმოები, რომელიც ყველას სძულს, რადგან სკოლაში იძულებით ასწავლეს.

ნანახი გექნებათ, კორიერე დელა სერას ლიტერატურულ დამატებაში ერთმა კრიტიკოსმა გამოჰკითხა მკითხველები იმის დასადგენად, რომელია ურნაში გადასაგდები წიგნი. ხმათა უმრავლესობა „დანიშნულებს“ ერგო, ტიპურ კლასიკურ წიგნს. მე სასწაულად გამიმართლა, მამაჩემმა, რომელიც კულტურის სფეროში კი არ საქმიანობდა, ტიპოგრაფის შვილი იყო და ახალგაზრდობაში რაღაცები წაეკითხა, „დანიშნულები“ ექვსი თვით ადრე მაჩუქა, ვიდრე სკოლაში დამავალებდნენ. ჰოდა, ჩემი ნებით წავიკითხე და არა როგორც საშინაო დავალება. ძალიან მომეწონა, იმდენად მომეწონა, რომ მას მერე ბევრჯერ გადავიკითხე; ჩემი სკოლის ამხანაგებისთვის კი მხოლოდ გასავლელი მასალა იყო.

სკოლა ისეა მოწყობილი, რომ შეგაძულოთ კლასიკოსები, რაც უნდა ყოჩაღი მასწავლებელი გყავდეთ. ერთი ბერძნულისა და ლათინურის მასწავლებელი გვყავდა, ვგიჟდებოდით მასზე, ძალიან მაგარი ვინმე იყო, მაგრამ მეტისმეტად უყვარდა კლასიკოსები, მათ ისე გვიკითხავდა, თითქოს თაფლს აგემოვნებსო და ვერაფრით გაგვაგებინა, ჩვენც რატომ უნდა მოგვწონებოდა. ვესწრებოდით ამ დიდ ორგაზმს და ასეთი დაგვამახსოვრდა, კლასიკური წიგნის მშვენიერებისა კი ვერასოდეს ვერაფერი გავიგეთ.

რა არის კლასიკა? ეს სიკვდილს გადარჩენილი ნაწარმოებია. გაგეგონებათ ასეთი ტერმინი: კანონიკა. კრიტიკოსმა ჰაროლდ ბლუმმა უკვე მეორე წიგნი დაწერა კანონიკურ ლიტერატურაზე. კანონიკა იმ ტექსტების ერთობლიობაა, რომლებსაც კულტურისთვის ფუნდამენტურად მივიჩნევთ; შეიძლება, ვიმსჯელოთ, ესა თუ ის ავტორი კანონიკურია თუ არა, მაგრამ კანონიკა არსებობს და ავტორთა ეს ერთობლიობაა. მაგრამ წიგნი კანონიკურია, რადგან გადარჩა. თუ არისტოტელეს „პოეტიკას“ წაიკითხავთ, რომელშიც ტრაგედიაზე ლაპარაკობს, ნახავთ, რომ უთვალავ ტრაგედიას ახსენებს. ჩვენ მათგან მხოლოდ ორს თუ სამს ვიცნობთ, რადგან ეს ის ტრაგედიებია, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს. დანარჩენები არ ვიცით, რა იყო, გზაში დაიხოცნენ. ისინი უიღბლო ტრაგედიებია. რატომ გადარჩა სოფოკლე და არა სხვა? იმიტომ, რომ ყველაზე ყოჩაღი იყო? ყველაზე ხელებდაკაპიწებული ირჯებოდა თეატრის ორგანიზატორებთან? შემთხვევით გადარჩა? მისი ნაწერები იმ ადგილას არ იყო, სადაც ხანძარი გაჩნდა? არ ვიცით. ცოტა უარესად რომ წასულიყო საქმე, ვერც დანტე გადარჩებოდა, რადგან XVIII საუკუნეში მისი დანახვა აღარავის უნდოდა.

თუმცა ისტორიულ ფილტრაციას გარკვეული ნდობით უნდა მოვეკიდოთ.

ვიღაცები დროდადრო მიხსნიან, რომ არსებობს სერიოზული წიგნები, რომლებიც კლასიკაა და ახლახან დაწერილებიც, რომლებსაც სურთ, კლასიკად იქცნენ და, ამავე დროს, არსებობს ბესტსელერები, ხალხი რომ ბეცელერად გამოთქვამს, რომლებიც, რაკი ჩვენი გართობა შეუძლიათ, დიდი ტირაჟით იბეჭდება და ლიტერატურული ღირებულება არ გააჩნია. აი, რას გეტყვით: კლასიკური ნაწარმოებები გადარჩა, რადგან ყველა ბესტსელერი იყო. ბიბლია ბესტსელერი იყო და არის, მჭედლები დანტეს ზეპირად ამბობდნენ, ხმამაღლა, როგორც ბოკაჩო გადმოგვცემს. მანძონიმ, საწყალმა, დიდძალი ფული იზარალა, რადგან მისი ათეულობით პირატული გამოცემა გამოვიდა სხვადასხვა ენაზე. მანძონი საავტორო უფლებებით არ სარგებლობდა, მაგრამ უდიდესი ბესტსელერი იყო. მოკლედ, ეს წიგნები გადარჩა, რადგან ბესტსელერები იყო.

სარწმუნო კრიტერიუმია ეს?

ალბათ, გაგიგიათ ასეთი წარმოსახვითი, მაგრამ ჭკუასთან ახლოს მყოფი რეკლამა: მიირთვით ქაქი, არ შეიძლება, მილიონობით ბუზი ცდებოდეს!

ამ რეკლამის წინააღმდეგ ორი მოსაზრება არსებობს: ერთი, რომ ძალიანაც შესაძლებელია, მილიონობით ბუზი ცდებოდეს, ისევე, როგორც მილიონობით მოქალაქემ არასწორად მისცეს ხმა არჩევნებში, მეორე, რომ შეიძლება, ბუზებს ჰქონდეთ მოთხოვნილებები, რომლებიც ჩვენსას არ ემთხვევა. შეიძლება, წიგნი ბესტსელერი იყო ძვ. წ. II საუკუნეში, რადგან პასუხობდა მოთხოვნებს, რომლებიც ჩვენსას აღარ ემთხვევა. მაგრამ ბუზების შესახებ ეს ფრაზა ეყრდნობა პრინციპს, რომელიც თეოლოგიაშიც გამოიყენება და ღმერთის არსებობის დასტურია ჭეშმარიტების შესახებ საყოველთაო კონსენსუსის – consensus gentium-ის – საფუძველზე. დიდად რაციონალური დადასტურება არ არის, მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ ის ამბობს: „არ შეიძლება, უარყოთ ღმერთის არსებობა, რადგან ათასწლეულების განმავლობაში და სხვადასხვა კულტურაში წარმართებს უმაღლესი გონის არსებობა სჯეროდათ“.

უზენაესი გონის იდეა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ათეისტსაც არ შეუძლია, ანგარიში არ გაუწიოს consensus gentium-ს, ამგვარად, შეუძლია, როგორც ათეისტს, არ სწამდეს ღმერთი, მაგრამ არ შეუძლია, არად ჩააგდოს ის ფაქტი, რომ ათასწლეულების განმავლობაში სხვადასხვა ხალხი საკრალურის საკითხს წამოჭრიდა. ასე რომ, როგორც ვხედავთ, consensus gentium-ი საკმაოდ სარწმუნოა. კლასიკოსებმა ჩვენამდე მოაღწიეს, რადგან გადარჩნენ. და გადარჩნენ დარვინისეული მიზეზებით, რომელთა მიხედვით, ჩვენ, ჰომო საპიენსი გადავრჩით, ნეანდერტალელი კი გადაშენდა. კლასიკოსებს დინოზავრებზე მეტად გაუმართლათ.

რატომ?

იმიტომ, რომ კლასიკოსების საკითხი მეხსიერების საკითხია. მეხსიერება ინდივიდუალური ცხოვრების ფუნდამენტია. ადამიანმა უცებ ტვინის რაიმე დაზიანების გამო მეხსიერება სრულიად რომ დაკარგოს, ამებად იქცევა. სწორედ ამიტომ არ მაინტერესებს რეინკარნაციის საკითხი. არ მაინტერესებს, მითხრან, რომ აქლემში მოხდება ჩემი რეინკარნაცია, თუ იმ აქლემს არ ემახსოვრება ის, რაც ახლა მე მახსოვს და ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი.

მეხსიერება სოციუმების ფუნდამენტური საკითხია. პრეისტორიიდან მოყოლებული, მუხის ძირას ჩამომჯდარი მოხუცი, რომელიც ახალგაზრდებს წინა ეპოქების მითებსა და ამბებს უყვება, ამ მეხსიერებას გადასცემს მათ: საზოგადოება სწორედ იმიტომ ცოცხლობს და ვითარდება, რომ თან დააქვს ეს მეხსიერება. ბიბლიოთეკები სხვა არაფერია, თუ არა გარანტია, რომ კოლექტიური მეხსიერება გადარჩება და, ყველა ნაკლის მიუხედავად, ასევეა ინტერნეტიც. მეხსიერების გარეშე ნაკლებს ცოცხლობ და ნაკლები პიროვნულობა გაქვს. თუმცა მეხსიერებასაც ემუქრება საშიშროება. წაგიკითხავთ, ალბათ, ბორხესის ნოველა, სადაც ერთი პერსონაჟია, მეხსიერებიანი ფუნესი ჰქვია, ყველაფერი ახსოვს, ახსოვს ყოველი ხის ყოველი ფოთოლი, რომელიც თავის დღეში უნახავს, ახსოვს თავს გადახდენილი ამბის ყოველი წამი. ყველაფერი ახსოვს. ტოტალური მეხსიერება აქვს. და პრაქტიკულად, იმბეცილია. ეს იმიტომ, რომ ვეღარ უძლებს. ინტერნეტივითაა. ჩვენ რომ ყველაფერი გვცოდნოდა, რაც ინტერნეტშია, შევიშლებოდით. მაშ, რომელია მეხსიერების მეორე სიკეთე? პირველი ისაა, რომ ინახავს, მეორე ის, რომ ფილტრავს. მტრისას, ჩვენი როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური მეხსიერება ყოველდღიურად რომ არ სპობდეს და იშორებდეს, რაც არაარსებითი ან ძნელი დასამახსოვრებელია. ყველანი მეხსიერებიან ფუნესს დავემსგავსებოდით.

ამრიგად, კლასიკა მეხსიერების ორმაგი შრომის – შენახვისა და ფილტრაციის – ნაყოფია. უნდა ვენდოთ ამ ფილტრაციას? არა, იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც აუცილებელი არ არის, დემოკრატიას ვენდოთ. შეიძლება, უმრავლესობამ ვიღაცას მისცეს ხმა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ვიდავოთ, სწორი იყო თუ არა ეს არჩევანი. ამგვარად, გამუდმებით ვდავობთ ფილტრაციის სისწორეზე. ამბობენ: „ნახეთ, როგორ მიეცა დავიწყებას XVII საუკუნის უმნიშვნელოვანესი ავტორი ესა და ეს“. უნივერსიტეტები იმ ხალხით ცხოვრობენ, რომლებიც ფსიქოანალიტიკოსებივით, მეხსიერების ხარახურიდან ამოქექავენ დავიწყებულ ამბებს და ისევ გვთავაზობენ. მაგრამ როგორც ჩერჩილი ამბობდა, დემოკრატია მმართველობის ყველაზე უარესი ფორმაა, თუმცა დღემდე ამაზე უკეთესი არაფერი გვაქვსო, ამგვარადვე სხვა უკეთესი ვერაფერი მოვიგონეთ, გარდა კლასიკოსთა გაუთავებელი ტრიალისა, რის შედეგადაც კანონიკის ბირთვი უცვლელად რჩება, პერიფერია კი გამუდმებით მდიდრდება. ჩათვალეს, რომ XIX საუკუნის ყველაზე სახელგანთქმული ფრანგი მწერალი სიუ იყო, რომელსაც დღეს აღარავინ კითხულობს და, ამავე დროს, ათვალწუნებული მწერალი, რომელსაც დიუმა ერქვა, დაახლოებით ერთ თვეში პანთეონში დაივანებს.

შეგიძლიათ, დაუშვათ, რომ ყველა გადარჩენილი კლასიკოსი ცუდი არჩევანია. შეცდომით მოხდა, როგორც, მაგალითად, შეცდომა იქნებოდა, ნეანდერტალელი რომ გადარჩენილიყო და არა ჰომო საპიენსი. მაგრამ დღეს თუ ფსიქოანალიტიკოსთან მივდივართ და „ოიდიპოსის კომპლექსს“ ვახსენებთ, ეს იმიტომ, რომ ოიდიპოსზე სოფოკლემ გვიამბო. თუ გავაანალიზებთ, რა და როგორ ვიცით, რას და როგორ ვამბობთ, თუნდაც მართკუთხედზე ვლაპარაკობდეთ, ეს იმიტომ შეგვიძლია, რომ ამაზე უკვე სხვამ ილაპარაკა, ამ შემთხვევაში ევკლიდემ. ასე რომ, კლასიკოსთა წაკითხვა, რომლებიც შეცდომით გადარჩნენ, თუნდაც მცდარ მიზეზთა წყალობით, გვეხმარება, გავიგოთ, როგორ ვაზროვნებთ ჩვენ. მცდარ მიზეზთა გამო ვაზროვნებთ ასე? მერე რა?! მაგრამ თუ არ გვეცოდინება, საიდან გვაქვს ესა თუ ის აზრი, ძალიან გაგვიჭირდება.

კლასიკოსები, რომლებიც აღმოაჩინა ან თავიდან აღმოაჩინა კოლექტივმა, რომელიც კანონიკური ტექსტების სიას ამდიდრებს, ან ინდივიდმა, რომელმაც პირველად გადაწყვიტა, „დანიშნულები“ წაეკითხა, სავსეა სასიამოვნო სიურპრიზებით. ორი დღის წინ აქ ბენინი გამოდიოდა, რომელმაც გვიამბო, როგორ კითხულობს დანტეს ყოველი ფილმის მონტაჟის წინ, რადგან მასთან პოულობს მონტაჟის ხელოვნების ზღაპრულ ტექნიკურ ნიმუშებს. მე რამდენიმე გვერდი მივუძღვენი „დანიშნულების“ პირველი გვერდების „სატელევიზიო მონტაჟს“. ვისაც ციფრული ვიდეოკამერა აქვს და რამის გადაღება უნდა, თუნდაც საკუთარი სახლის აივნიდან, კარგს იზამს, თუ ამ რომანის დასაწყისს გადაიკითხავს, რომ გაიგოს, როგორ ამოძრაოს კამერა. დეტექტიური რომანის მაქინაციებს ვერ გაიგებ, თუ სოფოკლეს „ოიდიპოს მეფის“ პერიპეტიებს არ იცნობ. რომელი პუარო! ოიდიპოს მეფე ყველა დროის საუკეთესო დეტექტივია.

ამგვარად, ეს უსასრულო თავგადასავლების სამყაროა.

თუმცა დავუშვათ, ეს ამბები სრულებით არ გაინტერესებთ. საქმე ისაა, რომ კლასიკოსების კითხვა და თქვენი გემოვნების შესაბამისად კანონიკის თავისუფლად გამდიდრება სიცოცხლეს ახანგრძლივებს. როცა არაფერი ხდება, დრო აღარ გადისო, ვამბობთ ხოლმე, ხოლო როცა საათები ან დღეები საყვარელ საქმეში გაგვიტარებია, ვიტყვით, დრო წუთში გაფრინდაო. მაგრამ ეს ასე არ არის! სცადეთ, გაიხსენოთ დიდი ხნის წინ გატარებული მოსაწყენი დღე: იქიდან ცოტა გემახსოვრებათ. ის საათები და დღეები თქვენს გონებაში ბუნდოვან ნალექს, პაწაწკინტელა სივრცეს წარმოქმნის. არსებობს ხალხი, ვინც სიცოცხლე ერთი და იმავე საქმის კეთებაში გალია და უკან მოხედვისას ეჩვენება, რომ ამ ქვეყნად არც უარსებია. ყველაფერმა თავზარდამცემად სწრაფად ჩაიარა. ახლა გაიხსენეთ დღე ან კვირა, როდესაც ემოციებით სავსე უამრავი რამ მოხდა, ერთმანეთის მიყოლებით, ვთქვათ, მთაში გატარებული ორი კვირა ან ძვირფასი ადამიანის გარდაცვალების გამო გლოვაში გატარებული დღეები. ყველაფერი გემახსოვრებათ. მათ გაიხსენებთ, როგორც სავსე დღეებს, გაგიჭირდებათ მათი შეჯამება და მოგეჩვენებათ, რომ, განცდილის შესაბამისად, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ძალიან ბევრი რამ გადაგხდათ. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ადამიანები მუდამ ცდილობდნენ, წარსული აღედგინათ, იმ მოხუცთა პირითაც, რომლებიც ცეცხლის პირას ამბებს ჰყვებოდნენ, როგორც უკვე ვთქვი. ადამიანი, რომელსაც საკუთარ მოგონებებთან ერთად იულიუს კეისრის მკვლელობის ან ვატერლოოს ბრძოლის დღე ემახსოვრება, იმაზე ბევრად მეტი ახსოვს, ვისაც სხვისი ამბებისა არაფერი გაუგია. ბევრი ემოციური პირადი მოგონება მაქვს, რომლებიც მე კი არა, მამაჩემს, დედას, ბებიას, ძიას გადახდენიათ და რომლებიც მათ მიამბეს, ზოგი ამბავი – არაერთხელაც, ისე, რომ ჩემს პირად მოგონებებად იქცნენ. ძალიან ბევრი ცოცხალი მოგონება მაქვს პირველი მსოფლიო ომისა, როცა ჯერ დაბადებულიც კი არ ვიყავი. რაც მეტი მემახსოვრება, გამოვა, თითქოს მეტი ვიცხოვრე. ვფიქრობ, ეს საუკეთესო მიზეზია, რომ კლასიკოსები ვიკითხოთ, ყველა იმ სხვა მიზეზის მიუხედავად, რომლებიც შეიძლება აქ გაგვახსენდეს. გამომცემელმა ვალენტინო ბომპიანიმ ერთხელ თქვა, კაცი, რომელიც კითხულობს, ორს უდრისო. თუ მსუბუქად მივუდგებით, შეიძლება, ასე გავიგოთ: კაცი, რომელიც კითხულობს, უფრო კულტურულია და რაკი ბევრი რამე იცის, მეტ წარმატებას მიაღწევს. მაგრამ ასე არაა. კარგად ვიცით, რომ ზოგჯერ უდიდესი წარმატებისთვის მიუღწევია ხალხს, ვისაც თავის დღეში არაფერი წაუკითხავს და თან ნახევარკაცია. წარმატებისთვის არ უნდა ვიკითხოთ. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ უგრძესი, სავსე ბავშვობა გავიარე, სავსე იმიტომ, რომ სავსეა მოგონებებით, სხვებს რომ მოვპარე. მე ისინი მოვპარე სანდოკანს და იანეზს, როცა მალაიზიური ნავი პროა მიაქროლებდათ, მოვპარე მალაიზიელებს, მოვპარე დარტანიანს, როცა ლორდ უინტერს დუელს უმართავდა, ნიღბიან კაცს, როდესაც დიანა პალმერს მისდევდა და რენცო და ლუჩიასაც, როდესაც კომოს ტბის ერთ ტოტს მიჰყვებოდნენ ლტოლვილობის ჟამს, რადგან სიცოცხლის ის „წილი“, რომელსაც კითხვისას შევიგრძნობთ, არ განასხვავებს შედევრებსა და გასართობ ლიტერატურას. ჩემი ცხოვრების ნაწილია ოდესური კიბე „ჯავშნოსან პოტიომკინში“ და ყველაზე ცუდ ვესტერნში ნანახი დილიჟანსის დევნა, თუმცა „წითელ ჩრდილებში“ ნანახმა დევნამ მეტი სიცოცხლე მაჩუქა, ვიდრე რანდოლფ სკოტის ყველა სხვა დევნამ. კაცმა რომ თქვას, ჩემი ცხოვრების ნაწილია ასევე არარომანული ამბებიც, დინოზავრების ისტორიები, როგორ აღმოაჩინა მადამ კიურიმ რადიუმი და მრავალსაუკუნოვანი კითხვები სამყაროს შესახებ. არ დაუჯეროთ მას, ვინც გეუბნებათ, რომ მხოლოდ მნიშვნელოვანი წიგნები უნდა იკითხოთ. ცოცხალი და მშვენიერი მოგონებები მაკავშირებს, შესაძლოა, სულელურ წიგნებთან, რომელთა კითხვაში მრავალი მღელვარე საღამო გამიტარებია. მადლიერი ვარ იმათი, ვინც ჩემთვის წერდა და ისეთი ხანგრძლივი სიცოცხლე მაჩუქა, რომ მხოლოდ ნაწილ-ნაწილ უნდა მოვიგონო. ეს იმედს მაძლევს, რომ დიდხანს ვიცოცხლებ, რათა ყველაფერი გავიხსენო, რაც ჩემთვის მოუყოლიათ. სანამ ძალიან ახალგაზრდა ხარ, არ ფიქრობ, რომ დიდხანს სიცოცხლეს აზრი აქვს. მახსოვს, ბიჭობაში ვფიქრობდი, მინდა, სამოცი წლისა მოვკვდე, ამით ავადმყოფობას ავიცილებ-მეთქი. გადავიფიქრე. შემიძლია, გითხრათ, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ოცდაათი წლიდანაც კი, რწმუნდები – სულაც არ არის ურიგო, იცხოვრო კიდევ მეტი, თუ დავუშვებთ, რომ ახლა ომი რომ დაიწყოს, ბევრი თქვენგანი ამაზე ნაკლებს იცოცხლებს. მოკლედ, კლასიკოსთა კითხვა, ყოველი ეპოქისა, თანამედროვეთა ჩათვლით, კარგი გარანტიაა სიბერისა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ სიმწიფის ასაკისა – კი, რომელიც არ დაახანებს ოცდაოთხის წლის მერე. დაიმახსოვრეთ, ყველაფერი, რასაც 24 წლის მერე წაიკითხავთ, არ დაგრჩებათ, დარჩება მხოლოდ 24 წლამდე წაკითხული, უნივერსიტეტის პროფესორებსაც კი.

გარდა იმისა, რომ კითხვის მომენტში თავს ვიქცევთ, ვიმეორებ, „ოიდიპოს მეფე“ სიყვარულის, სიკვდილის, გამოძიების დიდი ისტორიაცაა. თუ ყოველი სატელევიზიო გადაცემა გასული კვირის გადაცემის მსგავსია, ყოველი წიგნი, თუნდაც ყველაზე სულელური, განსხვავებულია. ასე რომ, აირჩიეთ თქვენი კლასიკოსები და შექმენით თქვენი კანონიკა.

© არილი

Facebook Comments Box