თარგმანი,  პოეზია (თარგმანი),  რეცენზია

ყველა საუკუნის ქართული პოეზიის ანთოლოგია გერმანულ ენაზე

antologia 8374

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით გამომცემლობa POP Verlag-მა გერმანულ ენაზე თარგმნა და გამოსცა ქართული პოეზიის ანთოლოგია. გერმანულენოვან გამოცემაში გაერთიანებულია ყველა ეპოქის 80-ზე მეტი ქართველი ავტორის პოეტური ნაწარმოები. წიგნში შესულია ახალი, დღემდე გამოუქვეყნებელი თარგმანები.
კრებული – ქართული პოეზიის ანთოლოგია ნინო პოპიაშვილმა და გერტ რობერტ გრიუნერტმა შედგინეს. გერმანულენოვან თარგმანზე მუშაობდნენ გერტ რობერტ გრიუნერტი, შტეფი ხოტივარი-იუნგერი, ნაირა გელაშვილი, მაია ლისოვსკი, ნინო პოპიაშვილი, შორენა შამანაძე და თამარა ზიგერი.
წიგნს თან ახლავს აუდიო დისკი, სადაც ჩაწერილია 37 ქართველი პოეტის, მათ შორის გალაკტიონ ტაბიძისა და ირაკლი ჩარკვიანის ლექსები ავტორების შესრულებით.

კრებულში მოიცავს შემდეგი ავტორების ნაწარმოებებს: იოანე ზოსიმე, დავით აღმაშენებელი, ჩახრუხაძე, შოთა რუსთაველი, დავით გურამიშვილი, ბესარიონ გაბაშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, პაოლო იაშვილი, კოლაუ ნადირაძე, სიმონ ჩიქოვანი, გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი, ტერენტი გრანელი, ნიკო სამადაშვილი, იოსებ ნონეშვილი, შოთა ნიშნიანიძე, შოთა ჩანტლაძე, გაბრიელ ჯაბუშანური, ოთარ ჭილაძე, ოთარ ჭელიძე, ირაკლი აბაშიძე, მორის ფოცხიშვილი, მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე, ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, იზა ორჯონიკიძე, გივი გეგეჭკორი, თამაზ ჭილაძე, ანა კალანდაძე, ესმა ონიანი, ლია სტურუა, ჯანსუღ ჩარკვიანი, გივი ალხაზიშვილი, ტარიელ ჭანტურია, კარლო კაჭარავა, ნაირა გელაშვილი, გურამ ოდიშარია, დათო მაღრაძე, დათო ბარბაქაძე, ზურაბ რთველიაშვილი, ზვიად რატიანი, შოთა იათაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ცირა ბარბაქაძე, ეკა ბაქრაძე, შალვა ბაკურაძე, ირმა შიოლაშვილი, ლელა სამნიაშვილი, რეზო გეთიაშვილი, ცირა ყურაშვილი, გაგა ნახუცრიშვილი, ეკა ქევანიშვილი, რატი ამაღლობელი, გიორგი კეკელიძე, დიანა ანფიმიადი, ბელა ჩეკურიშვილი, ირაკლი კაკაბაძე, კატო ჯავახიშვილი, ნინო სადღობელაშვილი, ქეთი თუთბერიძე, ალექს ჩიღვინაძე, პაატა შამუგია, ნიკა ჯორჯანელი, ლია ლიქოკელი, ნიკო გომელაური, დავით დეფი, ირაკლი ჩარკვიანი, ხალხური ლექსები.

ყველა საუკუნის ქართული პოეზიის ანთოლოგია გერმანულ ენაზე

Eine Anthologie georgischer Lyrik (Hrsg. Gert Robert Gruenert, Nino Popiaschwili), ქართული ლექსის ანთოლოგია (შემდგენლები: გერტ რობერტ გრიუნერტი, ნინო პოპიაშვილი), მთარგმნელები: გერტ რობერტ გრიუნერტი, შტეფი ხოტივარი-იუნგერი, ნაირა გელაშვილი, მაია ლიზოვსკი, ნინო პოპიაშვილი, შორენა შამანაძე, თამარა ზიგერი. POP Verlag, 2015.

„ეს ანთოლოგია არის ნიშანსვეტი ჩვენი ქვეყნების ლიტერატურის ისტორიაში“. ასე შეაფასა დოქტორმა შტეფან ვაკვიცმა, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის დირექტორმა ქართული პოეზიის გერმანულენოვანი ანთოლოგია, რომელიც ახლახან გერმანიაში, გამომცემლობა Pop Verlag-მა გამოსცა და სადაც 80-ზე მეტი ქართველი პოეტის 300-მდე ლექსია შეტანილი. ანთოლოგია 578 გვერდიანია, მას ერთვის აუდიო დისკი, სადაც 37 ქართველი პოეტი თავის თითო ლექსს კითხულობს.

ანთოლოგიის გამოსვლა ფართოდ შეაფასეს ქართველმა და გერმანელმა ლიტერატორებმა, მკვლევრებმა, ლიტერატურათმცოდნეებმა, პოეტებმა და მწერლებმა.

„დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ქართული პოეზიის თარგმანებს, რომელიც ამ შესანიშნავი კრებულის შინაარსს წარმოადგენს. ანალოგიური კრებული მახსოვს, 70-იან წლებში გამოვიდა ადოლფ ენდლერის ინიციატივით, რომელსაც ერქვა ქართული პოეზია „რვა საუკუნიდან“: პირველი ცდა, რომელსაც უნდა ჰქონდეს გაგრძელება. ამას შეიძლება დაემატოს მოსაზრება, რომ მსგავსი პროექტი ყოველთვის ცდად რჩება, რადგან ლიტერატურა, როგორც ადამიანის კრეატიული მოღვაწეობის ყველა სხვა სფერო, არის უსაზღვროდ პოლითემატური. მოცემული კრებულის ერთ-ერთი ძირითადი ღირსება, ჩვენი აზრით, არის ის, რომ იგი მკითხველს აგრძნობინებს თავისი შინაარსის ზუსტად ამ უსაზღვრო მრავალსახეობას.“ _ აღნიშნა ქართული წარმოშობის გერმანულენოვანმა მწერალმა და ფილოსოფოსმა, გივი მარგველაშვილმა, რომელიც თავად მონაწილეობდა 45 წლის წინ გამოცემული „რვასაუკუნოვანი ქართული პოეზიის“ კრებულის თარგმნაში. ეს კრებული 1970 წელს გამოიცა გერმანიაში, ბერლინში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით.

„მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოების ყოველი კარგი თარგმანი წარმოადგენს ყველაზე მტკიცე ხიდს უცხო სულებს შორის, რომლებიც სხვადასხვა ენებში ცხოვრობენ და რომელთაც ასეთი ხიდები სჭირდებათ. საქართველო – ძველისძველი ქრისტიანული კულტურის ქვეყანა – მიეკუთვნება იმ ქვეყანათა რიგს, რომლებსაც განსაკუთრებული ლტოლვა ახასიათებთ   გერმანული კულტურის, ლიტერატურისა და ფილოსოფიის მიმართ. თვით პოსტსაბჭოთა ეპოქის ამ საყოველთაო კრიზისშიც კი სრულდება გერმანულენოვანი ლიტერატურის ახალი მნიშვნელოვანი თარგმანები და კვლევები, მაგალითად, დავასახელებდი „ფაუსტის“ მესამე (შესანიშნავ) თარგმანს და რაინერ მარია რილკეს რჩეულ ნაწარმოებთა (თარგმანები და გამოკვლევები რილკეს შესახებ) კრებულის ხუთ ტომად გამოცემას.

ქართული პოეზიის ანთოლოგია “Ich aber will dem Kaukasos zu..”  წარმოადგენს გერმანელი მკითხველისთვის ქართული პოეზიის ერთიანი სურათის გაცნობის მეორე მნიშვნელოვან ცდას. (პირველი იყო „Die georgische Dichtung aus acht Jahrhunderten“ რვა საუკუნის ქართული პოეზია ბერლინი 1970). 240 ლექსისგან შემდგარი კრებული წარმოადგენს იმ ადამიანთა დაუღალავი შემოქმედებითი მუშაობის შედეგს, რომლებსაც კარგად ესმით, რომ მიუხედავად უდიდესი ძალისხმევისა და თავგანწირვისა, თარგმანს საქმე აქვს ყოველთვის რაღაც მიუღწეველთან. გერმანელი პოეტისა და მთარგმნელის  ფილიგრანული, გულმოდგინე მუშაობა საგანგებო აღნიშვნის ღირსია.“ აღნიშნავს მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, გერმანისტი, „კავკასიური სახლის“ დირექტორი, ნაირა გელაშვილი.

პროფესორ ალექსანდრე კარტოზიას შეფასებით, „ადოლფ ენდლერისა და რაინერ კიშის შესანიშნავი ანთოლოგიის გამოცემიდან 45 წლის შემდეგ გამოსული ეს პოეტური კრებული  გვიქმნის ახალ და დღემდე ყველაზე მასშტაბურ წარმოდგენას ქართული პოეზიის შესახებ. ეს არის წიგნი, რომელიც უპირობოდ იმსახურებს ყურადღებას და ეს არის თარგმანი, რომელიც უპირობოდ იმსახურებს მადლიერებას.“

„ბოლო პერიოდში ქართული მწერლობა სულ უფრო მეტად მისაწვდომი ხდება საერთაშორისო ლიტერატურული წრეებისათვის, რაც, უდაოდ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და მისი მიზანმიმართული სტრატეგიის დიდი დამსახურებაა. ქართული ლიტერატურა აქტიურად ითარგმნება მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე; ამ პროცესში დიდი ყურადღება ეთმობა გერმანულენოვან თარგმანებს, რომლებმაც არა მარტო უნდა გააცნონ ქართული ტექსტები მაღალგემოვნებიან გერმანელ მკითხველს, არამედ – შეაგრძნობინონ ქართული მწერლობის ხიბლი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქართული პოეზიის ანთოლოგიაც, შინააარსობრივად და თემატურად მასშტაბური, მოცულობითი ფორმატის მქონე გამოცემა, რომელშიც ქართული პოეზიის ძალზე ფართო და საინტერესო სპექტრია წარმოდგენილი. წარმატებას ვუსურვებ წიგნს!“ პროფ. ირმა რატიანი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი.

“ეს არის ყოვლისმომცველი, ძალიან სანაქებო წიგნი, რომლის გამოჩენა ძალზე მნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს. გამომცემელთა მიერ ავტორების შერჩევა გვიჩვენებს ნაციონალური პოეზიის აზროვნების სიღრმეს. ეს გამოცემა ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად დახვეწილად შეეცადნენ მთარგმნელები ქართული ლექსები გერმანულ ყალიბში (ფორმაში) მოექციათ. მათ შეძლეს ისეთი კრებული წარმოედგინათ, სადაც როგორც ცალკეული/თითოეული პოეტი, ისე ქართული პოეზიის კონტურები თანაბრად არის წარმოჩენილი. ანთოლოგიის გამომცემლებმა თამამად შეიძლება იფიქრონ, რომ მათ შექმნეს რაღაც დიდებული. ეს იქნება გერმანულენოვან სამყაროში ერთ-ერთი ხანგრძლივი კულტურული მიღწევა ქართული კულტურის განვითარების საქმეში. სასურველია, რომ ანთოლოგიას გაეცნოს მკითხველთა ფართო წრე“. პროფესორი ჰაინც ფენრიხი, კავკასიოლოგი, იენის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის განყოფილების დამფუძნებელი.

„საქართველოში ლანდშაფტთან, ძველ საეკლესიო არქიტექტურასთან, გაწყობილ მაგიდებთან და უმშვენიერეს პოლიფონიურ სიმღერებთან ერთად განსაკუთრებით მოვიხიბლე ევროპული აზროვნებითა და ლიტერატურით, რომელიც შენარჩუნებულია თვით მაღალ მთებშიც კი. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენის ფორმა და ჟღერადობა ძალიან რთული სათარგმნელია, ახლახანს გამოცემული ანთოლოგია ფართო თვალსაწიერს გვიქმნის ქართული პოეზიის სიმდიდრეზე თვალის გასადევნებლად“.  ეკეჰარდ მაასი, ბერლინის გერმანულ-კავკასიური საზოგადოების დაფუძნებელი და თავმჯდომარე, პუბლიცისტი, მთარგმნელი, გამომცემელი.

ქართული პოეზიის პირველი ათოლოგია 1887 წელს გამოსცა ართურ ლაისტმა ილია ჭავჭავაძის ხელშეწყობით გერმანიაში, ლაიპციგში. ქართული პოეზიის მეორე ანთოლოგია 1970 წელს გამოიცა ბერლინში. ახლად გამოსული ანთოლოგია ამ ტრადიციის გამგრძელებელია.

„თავს მიტოვებულად ვგრძნობდი და რადგან  სხვა არა დამრჩენოდა რა, მივაშურე  ჩემს კავკასიას,  ვთარგმნიდი რუსულ ნოველას, ეს მაძლევდა ნუგეშს….“ წერდა კარლ აუგუსტ ვარნჰაგენი Karl August Varnhagen 1840 წლის 7 ივლისს, როცა მიხეილ ლერმონტოვის „ბელას“ თარგმანს იწყებდა. ამ იდუმალებით მოცულ სამყაროში, რომელიც გერმანელ გადასახლებულებს ჯერ კიდევ 200 წლის წინ ხიბლავდა, ახლა უკვე შევყავართ ახალ ლიტერატურულ მეგზურს – ჰოლდერლინის სტრიქონით დასათაურებულ კრებულს „Ich aber will dem Kaukasos zu…“ ეს არის მნიშვნელოვანი (და თანაც საკმაოდ მოხერხებული) ლირიკული გზამკვლევი, რომელიც საქართველოს კარებს ფართოდ აღებს. ის აგრძელებს იმ ტრადიციებს, რომელიც არტურ ლაისტმა Arthur Leist (1900) და ნოდარ რუხაძემ Nodar Ruchadse (1978) დაიწყეს. ალბათ, არ არსებობს უცხო ქვეყნის ენობრივი თუ წარმოდგენითი სამყაროს შეფასების უკეთესი ხერხი, ვიდრე ამგვარი პოეტური კრებულები.

სწორედ პოეტები არიან ისინი, ვინც აკვირდებიან რომელიმე კულტურის ხალხის ოცნებებსა და ტკივილებს, წარმოსახვით ხატებსა და წარმოდგენებს, კონფლიქტებსა და მისწრაფებებს.. პოეტები აგროვებენ მათ, გამოსახავენ მათ ენაში და ინახავენ არქივის სახით. აგერ უკვე მრავალი წელია, რაც ვიცნობ ამ წიგნის გამომცემლებს: რაინლანდელ ლირიკოს გერტ გრუნერტს Gert Grünert  და ლიტერატურათმცოდნე ნინო პოპიაშვილს.  ვიცნობ მათ, როგორც ქართული კულტურის გერმანელ-ქართველ შუამავლებსა და ქართული კულტურის დაუღალავ დამცველებს. და აი, მათ იპოვეს ერთმანეთი და 240 ლექსით თერთმეტი საუკუნიდან – ნახევარი მათგანი თანამედროვე პოეტებს ეკუთვნის – შექმნეს საქართველოს პოეზიის დღემდე ყველაზე მასშტაბური პალიტრა. თუმცა მათი არჩევანი არ ყოფილა „ლიტერატურის კანონი“, ისინი მიზნად ისახავენ არა წარმომადგენლობითობისა და გამორჩეულობის წარმოჩენას, არამედ ითვალისწინებენ ხმათა მრავალფეროვნებასა და ავლენენ საოცარ გულისხმიერებას იმის მიმართ, რაც არაცენტრალურ გზებზე ხარობს და ამიტომაც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. ერთი სტილისტური ხერხი განსაკუთრებულად გამოარჩევს ამ ზღვისპირა და მთაგორიან ქვეყანას – ესაა  ბუნების მეტაფორები. ცხოველთა და მცენარეთა სამყარო, მდინარეები, ამინდის ცვლილებები, წელიწადის დროები და ბუნებრივი სტიქიები – ყველაფერ ამას ყოველთვის ეთმობა სიტყვაუხვი აღწერა. თუმცა ლექსების თემაა აგრეთვე სამშობლოს სიყვარული და ტკივილი მისი მდგომარეობის გამო, სიყვარული და ვნება,  გულისყური  აღმოსავლეთისა და დასავლეთის ლიტერატურისა და ხელოვნების მიმართ, სოციალური ცხოვრება ურბანიზირებულ და ინდუსტრიალიზირებულ სამყაროში. ზოგიერთი ლექსი მოცემულია ორიგინალში  – ეს მათთვის, ვინც იცნობს ქართულ ენასა და დამწერლობას,  ზოგიერთს ახლავს კომენტარი, აუდიო CD კი მკითხველს აძლევს საშუალებას ქართული ენის იდუმალი და მშვენიერი პოლიფონიით დატკბეს. თუ მოკლედ შევაჯამებთ, ეს არის წარმატებული და საყურადღებო ანთოლოგია, რომელიც მისაღებია ყველასთვის, ვისაც პოეზია და მსოფლიო ლიტერატურა უყვარს.

დოქტორი ნიკოლაუს გათერი,  მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, ვარნჰაგენის საზოგადოების თავმჯდომარე

ეს მოცულობითი ანთოლოგია შთამბეჭდავი პოეტური მოგზაურობაა კავკასიაში. ის წარმოგვიდგენს საქართველოს ლირიკულ მრავალფეროვნებას მე-11 საუკუნიდან დღემდე, თანამედროვე ნიჭიერი ახალგაზრდა ავტორებს, რომლებიც მოდერნისა და პოსტმოდერნის გავლენებს თავისებურად ავლენენ და ქართული პოეზიის სიცოცხლისუნარიანობას ახალ აქცენტებს ამატებენ.  გერმანიაში თუკი ვინმეს  უნდა, ამ უცნობი ქვეყნის პოეზიას გაეცნოს, მას ეს კრებული აუცილებლად გამოადგება.

ალექს კუტში,, პოეტი, სხვადასხვა პოეზიის ანთოლოგიის გამომცემელი

მოამზადა შორენა შამანაძემ

© არილი

Facebook Comments Box