ახალი ამბები,  ახალი წიგნები

„წერილი ვერდაბადებულ ბავშვს“ – მალე ორიანა ფალაჩის რომანი გამოიცემა

პირველად ქართულ ენაზე იტალიელი ავტორის, ორიანა ფალაჩის რომანი „წერილი ვერდაბადებულ ბავშვს“ გამოიცემა. წიგნი იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ითარგმნა და „დიოგენე“ გამოსცემს.

ორიანა ფალაჩი 1929 წელს იტალიაში დაიბადა და, გარდა იმისა, რომ მწერალი იყო, წარმატებული ჟურნალისტიც გახლდათ. სახელი გაითქვა ინტერვიუებით, რომლებშიც მისი გამბედაობა და პირდაპირობა ჩანდა. განსაკუთრებით ცნობილია მისი წიგნი „ინტერვიუ ისტორიასთან“, რომელიც მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურებთან ინტერვიუებს მოიცავს. მათ შორისაა ჰენრი კისინჯერი, რომელმაც მოგვიანებით ეს ინტერვიუ შეაფასა, როგორც „ყველაზე გამანადგურებელი საუბარი, რომელიც ოდესმე ჰქონია პრესის რომელიმე წარმომადგენელთან“.

რაც შეეხება მის რომანს, „წერილი ვერდაბადებულ ბავშვს“ 1975 წელს გამოიცა, შემდეგ კი უამრავ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოს მასშტაბით მისი მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა. ესაა ტრაგიკული მონოლოგი ქალისა, რომელიც მუცლადმყოფ ბავშვს ესაუბრება. ტექსტი რთულ შეკითხვებს სვამს (ხომ არ აჯობებდა, საერთოდ რომ არ დაბადებულიყავი?) და ქალად ყოფნის მნიშვნელობას ეხება: უნარს, შვა სიცოცხლე ან უარი თქვა ამ შესაძლებლობაზე.

რომანის დასაწყისში, როცა ორსულობის შესახებ შეიტყობს, პროტაგონისტი სასოწარკვეთილია. არაფერი იცის ბავშვზე, გარდა იმისა, რომ ეს ქმნილება მთლიანად და ცალსახად მის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. საკუთარ სხეულში სხვა არსების აღმა მისთვის შოკისმომგვრელი გამოცდილებაა, პასუხისმგებლობის შეგრძნება კი უზარმაზარი და დამთრგუნველი ტვირთი. ბავშვს რომ არჩევა შესძლებოდა, დაბადებას, გაზრდას, ტანჯვას ამჯობინებდა თუ უკან დაბრუნებას? უარი უნდა თქვას თავისუფლებაზე, სამსახურზე, საკუთარ არჩევანზე? როგორ უნდა მოიქცეს, როცა მისი ინდივიდუალიზმი და თავისუფლებაც გამოწვევის წინაშე დგას?

მთავარი გმირი საუბრებისას შეკითხვებს, დაბნეულობას, თავის წინააღმდეგობრივ განცდებს გვიზიარებს და ნელ-ნელა არაერთ პრობლემას ააშკარავებს. მაგალითად, განსხვავებებს სქესთა შორის. დედამისის აზრით ქალად ყოფნა უიღბლობაა, თავად კი ფიქრობს, რომ ქალად ყოფნა გამოწვევაა და აუცილებლობა, რომ უამრავი სირთულე გადალახო. დროდადრო იმასაც ფიქრობს, რომ უკეთესია, თუ მისი შვილი ბიჭი აღმოჩნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბნელ ქუჩებში მოხვედრის არ შეეშინდება და არც ხალხი ეტყვის შეურაცხმყოფელ სიტყვებს, როცა შეცდომებს დაუშვებს. თუმცა, მალევე აცნობიერებს, რომ მამაკაცებისთვისაც არანაკლებ რთულია ცხოვრება: მათ ომში იხმობენ, დასცინიან, როცა სისუსტეს ავლენენ ან ტირიან. ამიტომაც ასკვნის, რომ საკმარისია, იყო უბრალოდ ადამიანი და ყველაზე მომხიბვლელი სიტყვა პერსონაა, რომელიც ქალებისა და კაცებისთვის ლიმიტს არ აწესებს.

ორიანა ფალაჩის რომანი „წერილი ვერდაბადებულ ბავშვს“ იტალიურიდან ნათია აბრამიშვილმა თარგმნა.

ნათია აბრამიშვილი, მთარგმნელი: „ორიანა ფალაჩი – ,,რკინის ჟურნალისტი’’ – როგორც მას ბევრი უწოდებს, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული ფიგურაა. ფალაჩი, ძირითადად, ომის თემატიკაზე წერდა და სახელიც მსოფლიო ლიდერებთან უჩვეულოდ გამბედავი ინტერვიუებით გაითქვა. მის რესპონდენტთა შორის იყო მოამარ კადაფი, ჰენრი კისინჯერი, ინდირა განდი, აიათოლა ხომეინი და ბევრი სხვა. რესპონდენტებთან მისი კითხვები ყოველთვის პირდაპირი, მოურიდებელი და უხეშიც კი იყო, რითაც მათში ხშირად უკმაყოფილებას იწვევდა. ორიანა ფალაჩი საოცრად გამბედავად მიიკვლევდა გზას კაცების მიერ მართულ სამყაროში და საკუთარ აზრს სხვადასხვა სოციო-პოლიტიკურ საკითხებზე ყოველთვის თამამად გამოთქვამდა.

წერა ადრეული ასაკიდან დაიწყო და თავს ჟურნალისტზე უფრო მეტად მწერლად მიიჩნევდა. მის ლიტერატურულ მოღვაწეობაში ნაწარმოებს ,,წერილი ვერდაბადებულ ბავშვს’’ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს არის დღიური მარტოხელა ქალისა, რომელსაც დაუგეგმავი ორსულობა უამრავ ცხოვრებისეულ საკითხზე აფიქრებს. შვილის გაჩენა წიგნის პროტაგონისტისთვის უფლებაა და არა მოვალეობა. ნაყოფთან დიალოგში ხშირად უპირისპირდება ერთმანეთს სიხარული და მღელვარება, ახალი სიცოცხლის გაჩენით გამოწვეული ბედნიერება და შიში. ღირს კი ამ უსამართლო სამყაროში შვილის გაჩენა? არჩევანი რომ ჰქონდეს, ამ სამყაროს თითოეული მანკიერება რომ იცოდეს, ისურვებდა ნაყოფი განვითარებას და ამქვეყნად მოვლინებას? რატომ არავინ ეკითხება ჩასახვამდე ნაყოფს, სურს თუ არა იმ ტკივილთან გამკლავება, რომელსაც ცხოვრება უმზადებს? – ეს ის კითხვებია, რომელიც მომავალ დედას მოსვენებას არ აძლევს. მასში გულისწყრომას იწვევს ის ფაქტი, რომ მამაკაცს მსგავს თემებზე ფიქრის ,,ვალდებულება’’ არ აქვს. ,,მამაკაცი არ ორსულდება – ნეტავ ეს უპირატესობაა თუ ნაკლოვანება? გუშინდელ დღემდე უპირატესობად და პრივილეგიადაც კი მიმაჩნდა. დღეს კი ვფიქრობ, რომ ნაკლოვანებაა. დიდებული გრძნობაა შენს სხეულში მოათავსო ახალი სიცოცხლე, გახდე ორი ერთის ნაცვლად. ზოგჯერ ტრიუმფის განცდა მიპყრობს და ამ ტრიუმფის თანმხლებ სიმშვიდეში აღარაფერი მანაღვლებს: არც ის ფიზიკური ტკივილი, რომლის განცდაც მომიწევს, არც სამსახური, რომელიც ამ ყველაფერს შეეწირება და არც დაკარგული თავისუფლება’’.

წიგნში ფალაჩი ეხება ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის მტკივნეულ თემასაც. ,,ვიცი, კაცების მიერ კაცებისთვის შექმნილ სამყაროში ვცხოვრობთ. მათი დიქტატურა იმდენი ხანია გრძელდება, რომ უკვე ენაშიც გადგმული აქვს ფესვები. საზოგადოდ კაცს უწოდებენ ქალსაც და კაცსაც, სიტყვა კაცობრიობაშიც ორივე სქესის წარმომადგენელი ერთად მოიაზრება. კაცების მიერ სამყაროს ასახსნელად მოგონილ ლეგენდებში პირველი ქმნილება ქალი არაა: კაცია, რომელსაც ადამი ჰქვია. ევა შემდეგ ჩნდება, რათა ადამი გაართოს და შეცდომები ჩაიდინოს. ფრესკებზე, რომლებიც მათ ეკლესიებს ამშვენებს, ღმერთი ყოველთვის წვერებიან მოხუც კაცადაა წარმოდგენილი და არა ჭაღარათმიან ქალად. მათი ყველა გმირი მამაკაცია: დაწყებული  ცეცხლის მომპარავი პრომეთედან და იკაროსიდან, რომელმაც ფრენა სცადა, დამთავრებული იესოთი, რომელიც მამის და სულიწმიდას შვილად ითვლება. თითქოს ქალი, რომელმაც ის შობა მხოლოდ ინკუბატორი ან ძიძა ყოფილიყოს. და მაინც, ან ზუსტად ამიტომ, საოცარია იყო ქალი. ქალობა ერთი დიდი თავგადასავალია, რომელიც უდიდეს გამბედაობას მოითხოვს. ის გამოწვევაა, რომელიც არასდროს გბეზრდება’’. სწორედ ასეთია ფალაჩის პროტაგონისტი – გამბედავი, შეუპოვარი, ყველაფრის მიუხედავად ოპტიმისტი. იგი თავის თავში პოულობს ძალას, დაინახოს ქალად და დედად ყოფნის ბედნიერება ან, როგორც თავად ამბობს, ,,უპირატესობა’’. იგი ახერხებს მტანჯველ ფიქრებს თავი დააღწიოს და ბევრი ყოყმანის შემდეგ ხვდება: ,,მაშინაც კი, როცა ჩემს წარუმატებლობებს, იმედგაცრუებებსა და ტანჯვას მივტირი, ვასკვნი, რომ ტანჯვა სჯობს არარას. და თუკი ამ დასკვნას განვაზოგადებ და დაბადება/არ დაბადების დილემას მივუსადაგებ, გამოდის, რომ დაბადება სჯობს არ დაბადებას’’.

ორიანა ფალაჩის ენას ჟურნალისტური სიცხადე ახასიათებს. იგი მოურიდებლად აშიშვლებს ყველაზე მახინჯ რეალობასაც, თამამ აზრებს კი შეულამაზებლად გამოთქვამს. თუმცა, მის ენას არც მხატვრულობა აკლია. მთელი ნაწარმოები მონოლოგია და მიუხედავად ამისა, ავტორი ყოველთვის ახერხებს მონოტონურობის დაძლევას და ტექსტი მუდმივად ინარჩუნებს დინამიკურობას. ახალგაზრდა ქალის ფიქრები, განცდები და ემოციები სიუჟეტის ქვაკუთხედია. სწორედ მისი გონებაა მოქმედების მთავარი ადგილი. ტრაგიკული ფინალის მიუხედავად, პროტაგონისტი შესანიშნავად ხვდება, რომ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სიცოცხლე მარადიულია, ჩვენი, ,,ადამიანური’’ ტრაგედიები კი მის დინებას ვერაფერს აკლებს“.

© არილი