1906 წელს, როცა ამერიკაში ამ სტრიქონების ავტორის თხზულებათა მრავალტომეული გამოიცა, იგი თითქმის აღარავის ახსოვდა. აღარ ახსოვდათ ჰენრი თორო, არც 1836 წელს ჰარვარდში მის მიერ წარმოთქმული სიტყვა: ,,მე მინდა ვისაუბრო ხელუხლებელ ბუნებაზე, სრულ თავისუფლებაზე და სიშმაგეზე.’’ რომელიც დღეს ისევე შთამაგონებლად ჟღერს, როგორც მარტინ ლუთერ კინგის ,,მე მაქვს ოცნება’’. თოროს ხსოვნასთან ერთად გაფერმკრთალებული იყო ამერიკელი ტრანსცენენდენტალისტების – გაბედულ მეამბოხეთა და ინტელექტუალთა გაერთიანების სულისკვეთებაც, რომელმაც პროტესტანტულ პრაგმატიზმს თავისუფალი პიროვნებისა და მისი სინდისის კულტი, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, აღმოსავლეთის ირაციონალობა და მისტიციზმი დაუპირისპირა. ამ ადამიანებმა ამერიკის ისტორიაში პირველებმა თქვეს, რომ შრომას დამონებული კაციც მონაა, რომ ადამიანს ადამიანობის განსახორცილებლად მოცალეობა, მეგობრები, ბუნებასთან ურთიერთობა სჭირდება. სხვა ლიტერატურულ-ფილოსოფიური დაჯგუფებებისგან განსხვავებით ამათ მანიფესტიც კი არ შეუმუშავებიათ, რადგან ერთმანეთის ინდივიდუალიზმს პატივს სცემდნენ. თორო, ზოგიერთის აზრით, საშიში რადიკალი და ანარქისტი, ემერსონის თქმით კი იშვიათი, ფაქიზი და აბსოლუტური რელიგიურობის ადამიანი, მის წიაღშიც ინდივიდუალისტად და მაქსიმალისტად გამოიყურებოდა. მას ,,სხვა დოლის რიტმი ჩაესმოდა’’, სხვანაირად ცხოვრება არც შეეძლო, რადგან ჰენრი უორდ ბიჩერის სიტყვები მასზე იყო ზედგამოჭრილი: ისე ცხოვრობდა და ლაპარაკობდა, როგორც უფლის მიერ შემართული მშვილდის ერთადერთი ისარი. კონკორდი, ტრანსცენდენტალისტი მწერლების და მხატვრების კოლონია, ალბათ ამერიკაში მისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი იყო, მაგრამ ერთხელ, საწერად რვეული რომ დასჭირდა, კონკორდის მაღაზიებშიც კი მხოლოდ საბუღალტრო დავთრები შესთავაზეს. ,,ადამიანები, რომლებსაც ვხვდებოდი, იმდენს ვერ მაძლევდნენ, რამდენსაც სიჩუმე, რომელსაც ისინი მირღვევდნენ:…”მეტისმეტ სიმჭიდროვეში ვცხოვრობთ და ერთმანეთს გამუდმებით ფეხებში ვედებით. ასე მგონია, ამის გამო ერთმანეთის პატივისცემას ვკარგავთ. ნამდვილი ურთიერთობისთვის ამგვარი სიხშირე საჭირო არაა.’’ 1845 წელს ,,ახირებულმა’’ თორომ დიდი ხნის ნანატრი ექსპერიმენტი განახორციელა – კონკორდთან ახლოს, უოლდენის ტბასთან ქოხი აიშენა და ორი წელი და ორი თვე ტყეში გაატარა. რამდენიმე წლის შემდეგ კი დაწერა ,,უოლდენი, ანუ ტყეში ცხოვრება’’- ფილოსოფიურ-პოეტური პროზის შედევრი.
დღეს თორო ეკოლოგიური აზროვნების ერთ-ერთ პიონერად ითვლება, თითქოს ეკოსაბოტაჟიც, ბუნების ძალთა შემბოჭველ ტექნიკურ სიახლეებთან ბრძოლაც მისი მოგონილია. ხელუხლებელი ბუნების მიმართ მისი სიყვარული, ერთგულება და აღფრთოვანება რომ ქრისტიანულ ანთროპოცენტრიზმზე გადაბიჯება იყო, გასაგებია, მაგრამ ბუნების, ბუნებრიობისა და ველური მდგომარეობისადმი ინტერესში სრულიად განსხვავებული, თოროსეული ანთროპოცენტრიზმი ჩანს. მას ველურის გამძლეობისა და ცივილიზებული ადამინის ინტელექტის შერწყმა აინტერესებდა. ეს კარგად ჩანს უოლდენის იმ პასაჟში, სადაც ქოხის დალაგებისას გარეთ გადგმულ საწერ მაგიდას და ბუნებასთან მის უეცარ შეერთებას აღწერს. არის სხვა მომენტიც: მოგვიანებით, 50-იან წლებში მეინის შტატის ჩრდილოეთში მართლა ველურ ბუნებას გადააწყდა. ამ შეხვედრამ თორო შეზარა და დათრგუნა. ,,რომელი ტიტანია, ჩემს გასრესვას რომ ლამობს? სად ვართ? რანი ვართ?’’ მართალია, ,,უოლდენის’’ პირველი ვარიანტი 1849 წელს დასრულდა, მაგრამ საბოლოო ვერსია 1854 წლით თარიღდება, ამიტომ, საფიქრებელია, რომ წიგნში მის აზროვნებაში მომხდარი გვიანდელი სინთეზი აისახებოდა. უეჭველია – თავისუფლებისმოყვარე თოროს, ,,სამოქალაქო დაუმორჩილებლობის’’ ავტორს, ბუნება ადამიანის თავისუფლების თავშესაფარად და გარანტად მიაჩნდა.
,,უოლდენში’’ თორო წერს, რომ ტყეში არსებობის გასააზრებლად გადასახლდა. მარტოობა არჩია, მაგრამ საოცარია – მთელი ტექსტი ყველაზე მაღალი ხარისხის მხნეობითაა გაჯერებული, არცერთი სიტყვა მარტოობაზე და მოწყენილობაზე. ადამიანების სამყაროს გამორიდებული თოროს სული უსასრულო სამყაროში ერთ პატარა მანათობელ ციურ სხეულად ჩანს და მკითხველს ბედნიერ გალაქტიკაში ვარსკვლავების წკრიალი ესმის.
ტყიდან წამოსვლის მიზეზიც არანაკლებ საფუძვლიანი იყო. ამ წლებში თორო აბოლიციონისტურ მოძრაობაში საფუძვლიანად ერთვება. როგორც ყოველმა ბრძენმა, მანაც იცოდა, როდის იყო ქვების შეგროვების დრო, და როდის – მათი გადაყრისა. როცა მშობლიურ კონკორდში მონობის მიმართ ჯეროვანი პროტესტი ვერ დაინახა, მერიის შენობის სახურავზე აძვრა და განგაშის ზარებს შემოკრა. ისევ ,,უოლდენიდან’’: ,, უიმედობის სიმღერის თქმას არ ვაპირებ, პირიქით, რიჟრაჟის მამალივით ხაფი ხმით უნდა დავყივლო.’’ თოროს ნაწერები ამ მოყივარი და შეურიგებელი ,,მე’’-ს შექმნილია, მაგრამ ამ კაცს არც სახელი სჭირდებოდა, არც დიდება და გავლენა. ცხოვრების გზა მარტომ, წელგამართულმა, უბრალომ და სულით მხნემ გალია.
როცა გარდაიცვალა, ემერსონმა მეგობრულ სიყვარულს, აღფრთოვანებას და სინანულს თავი გამოსამშვიდობებელ სიტყვაში მოუყარა: ,,მისი ენერგია და პრაქტიკული შესაძლებლობები დიდი საქმეებს და ლიდერობას უნდა გადაწვდომოდა, და ამ იშვიათი ძალაუფლების გამოუყენებლობა ვერ მომინელებია. არ შემიძლია ეს უამბიციობა დანაშაულად არ ჩავუთვალო .. მას ამერიკის სულის ინჟინრობა უნდა ეთავა, მაგრამ მოცხრის შემგროვებელთა კაპიტნობას სჯერდებოდა….ამ ქვეყანამ არ იცის, ან ჯერ ვერ გაუგია, რა დიდი შვილი დაკარგა. მისი სული ყველაზე კეთილშობილი საზოგადოებისთვის იყო შექმნილი; დღეგრძელი არ იყო, მაგრამ ამსოფლიური შესაძლებლობები სრულად ამოწურა. თუკი სადმეა ცოდნა, თუკი სადმეა სიქველე და სილამაზე, მისი სულიც იქ დაივანებს.’’
დრომ აჩვენა, რომ გავლენასთან დაკავშირებით ემერსონი უპატიებლად ცდებოდა. ახლა საკითხავია, რას ეტყვის თორო, ბუნებისგან და ბუნებრიობისგან (,,სრულ თავისუფლებაზე და სიშმაგეზე’’ რომ არაფერი ვთქვათ) რკინა-ბეტონში გამაგრებულ ქართველობას; დღევანდელ ვითარებაში მცირე ინჟინრობას მაინც თუ გაუწევს – თუნდაც ეს იგავი (,,უოლდენის’’ პირველ თავში თორო წერდა, რომ წიგნს ხელმოკლე ადამიანებს უფრო უძღვნის):
,,შეიხ საადი შირაზელის ,,გოლესთანში’’ მაქვს ამოკითხული: ერთ ბრძენს ჰკითხეს: ,,რატომაა, ამდენი ხიდან, ყოვლისშემძლე უფალმა ტანმაღლები და ჩრდილიანები რომ შექმნა, აზატს, ანუ თავისუფალს მხოლოდ უნაყოფო კვიპაროსს ვეძახით? ,,ყოველ მცენარეს თავისი ნაყოფი აქვს და ყვავილობის დრო, და სიყვითლის და ხმობის ჟამიც სხვადასხვაგვარად უდგება,’’ მიუგო შემკითხველთ ბრძენმა, ,,მხოლოდ კვიპაროსს არ აქვს არცერთი, რადგან მუდამ ერთნაირად მწვანეა, – ასეთები არიან აზატებიც, თავისუფალი რწმენის ადამიანები. რაც წარმავალია, გულით ნუ მიეჯაჭვები; ხალიფების დინასტია როდესმე დასრულდება, მდინარე დიჯლა კი, ტიგროსსაც რომ უწოდებენ, ბაღდადში მერეც იდინებს. თუ მდიდარი ხარ, ნაყოფიერი და ხელგაშლილიც იყავი, როგორც ფინიკის პალმა; მაგრამ თუ არაფერი გაქვს გასაცემი, აზატი იყავ, როგორც კვიპაროსი.’’
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“