პოეზია

ალეკო ცქიტიშვილი – ახალი ლექსები

ლოცვა საბჭოთა თაობისათვის

ეკლესიაში როცა ვდგავარ, უფრო მიწიერ

ფიქრებით ტკივილს ვერ ვიამებ და ეს სავსებით

ბუნებრივია და ვლოცულობ: უფალო, მშიერ

თაობას მოეც პური კუჭის ამოსავსებად

და თევზიც, რათა შესანსლოს და აამოძრაოს

ნაყროვანების ენერგიით დუნე სხეული.

მერმე და მერმე კვლავ ვლოცულობ: საამო ცაო,

მიძინებულო ღვთისმშობელო, ეშმაკეული

ჩასახლებია ამ თაობას გვამში და კივის

იქიდან, უშნოდ იკრიჭება და თავს იწონებს

მილიონობით დაღუპული სულის არქივით.

უფალო, რაა სარგებელი და საპირწონე

ამ თაობისთვის?! ორმოც წელზე მეტი იარონ

იმავე ქვეყნად, უდაბნოდ რომ თვითვე აქციეს?!

ხომ საშიშია, თავი მეტად დაიზიანონ

ხეტიალისას უმოსეოდ, ურეაქციოდ,

თუკი უზომოდ ზომბებივით იმოძრავებენ?!

იქნებ, უბრალოდ, დაიყარონ ზედ ნაფთალინი,

რაკი ამგვარად ჯახირობენ და იწვალებენ

თავს, დაჟინებით, შენ კი არა, უყვართ სტალინი –

სისხლით დაწინწკლულ ულვაშებით, როგორც კალმახი,

უსხლტით ამღვრეულ ცნობიერში და ამ რეგვენთა

მწკრივს დიუნები და ხორშაკი გზად ხომ გალახავს?!

ამიტომ გვედრებ, უფალო, ნუ დაანებებ თავს –

მოეც საძღომად პური, თევზი, ამოუყორე

სტომაქი, რათა ილასლასონ მერე ცოტა ხნით,

მენდე – შეუნდე, თუ არადა – სეირს უყურე,

განათებული მთის და ბარის მოვლით რომ დაღლი.

2021 / 11

გზა

კორპუსებს შორის ჩაესვენა მზე,

ჩამოწოლილი ბინდი თვალებს ღლის

და ავტობუსის გაჩერებებზე

დგანან ლანდები ხვალინდელი დღის.

ხვალ რა იქნება?.. რა იქნება ხვალ?!

მქონდეს თუ არა ხვალის იმედი,

მოულოდნელად თუ დავკარგე გზა,

გზა თუ დავკარგე და ვერ მივედი

იქ, სადაც ლანდებს სამარადისო

გაჩერება აქვთ – სასაფლაოზე

(მათი ცოდვებიც შენ უნდა ზიდო

კორპუსებს შორის ჩამავალო მზევ).

07.12.22.

მუხათგვერდის სამკუთხედები

ცოტნეს

ძალიან რომ მოვინდომოთ –

მე აქედან,

შენ მაქედან,

იქნებ, როგორღაც ვიპოვოთ გზა,

რომელიც აქ დაგაბრუნებს

და შეგვახვედრებს.

იქნებ, არსებობს სასაფლაოს ტურბულენტობა –

მუხათგვერდის სამკუთხედები,

სადაც ჩემისთანა მგზავრი გაქრება

და მაქეთკენ გზას დაადგება,

თავისიანი რომ იპოვოს,

წამოიყვანოს.

ეს იდუმალი სამკუთხედები უნდა ვიპოვოთ,

რადგან ზოგს ვხედავთ, ზოგსაც – ვერა,

მაგრამ მიზანი – ჩემი და შენი შეხვედრა შედგეს,

იქნებ, მათი საშუალებით მიღწევადია?!

იქნებ, ამ წეროების სამკუთხედმა,

ჯვრის მონასტერთან ღრუბლებში რომ გაუჩინარდა,

დროებით, საგზლის ასაკენკად,

ჩონჩხიანი ტყეებისკენ გადმოუხვია

და შენი თვალთახედვის არეშიც მოხვდა.

ესეც ხომ გზაა?!

ან ამ ანძას – ეიფელის კოშკის მსგავსს,

ელექტროგადამცემი ხაზების ხმით რომ ზუზუნებს,

220 ვოლტის გარდა, იქნებ,

ჩემი მონატრების გატარებაც შეუძლია,

რომ შენს გაყინულ თავის ქალას შეახოს

და თვალებში გამოგახედოს.

იქნებ, ეს Vipera kaznakovi –

სამკუთხედი, ბრძნული თავით უნდა შევჭამო,

მინდიასავით,

რომ მცენარეთა ხმები მომესმას

და ვისწავლო, კონკრეტულად,

შენს საფლავზე გაფანტული სუკულენტების გენების ენა,

უდაბნოდან რომ მოჰყვებათ

და ჰყვებიან დიუნებს შორის დაკარგულთა ისტორიებს.

იქნებ მათ უკვე იპოვეს გეზი

და შემიძლია მათ კვალს გამოვყვე.

შენ რაღას იზამ?!

მაქეთაც ხომ გაქვს საშუალებები ჩვენი მიზნისთვის?!

იქნებ პარკური,

როგორც ამბობდი – გადაადგილების ხელოვნება,

რაც აქ ისწავლე,

მანდაც გარგია და სალტოებით შეგიძლია,

გამოუცნობ ქიმერებს ასცდე,

სააქაოს გამოაღწიო.

იქნებ, დედის ცრემლს ჩაეჭიდო –

ყველაზე სანდოს, მაცოცხლებელს,

რაც მანდ მოგწვდება

და სამშვიდობოს გამოგიყვანს

უსულდგმულო დღეების გარეთ.

18.11. 2021 

შეხვედრა

წინ გაუვალი ნისლი და ზღვაა

შეუშრობელი ცრემლის. მე გეძებ.

შენ მელოდები სადღაც, საზღვართან,

ხელში ხმლით, როგორც ძველი მებრძოლი.

სადღაც, საზღვართან, გზა უერთდება

იდუმალებით გარემოსილ გზებს.

ინთება, ქრება, ისევ ინთება

მიცვალებულთა (უჩინართა) მზე.

მოვდივარ. ნაბიჯს ნელ-ნელა ვადგამ.

ოდნავ ვეყრდნობი სიღარიბის ჯოხს.

თან გაკვირვებას ვერ ვმალავ, რადგან

თვალნათლივ ვხედავ, სად გამირბის დრო.

ვხედავ და თითქოს ხელით ვეხები,

აქამდე ჩვენზე რაც დრომ იცოდა.

შენ მელოდები და ვეჩეხებით

სასიამოვნო პირობითობას,

რომ შეიძლება უეცრად შევხვდეთ

ცოტა ხნით მაინც (ბედიც ეგ არი) –

მე – დაკარგული ლანდების მეკვლე,

შენ – ზეციური რაზმის მხედარი.

15.10.22

ტერენტის დღე

თოვს. პანთეონი ქალმა ჩარაზა.

ვხედავ საფლავებს და ყინვის გრანულს.

ათოვს ფაქიზად, ათოვს ლამაზად

ყველას, მათ შორის ტერენტი გრანელს.

შემოვიარე. სანთელი ჩაქრა

და რომელიღაც საფლავთან შევდექ.

ამ სასაფლაოს აფიშად აკრავს

დღე ოცდაოთხი ნოემბრის შემდეგ.

დაქროლა ქარმა, ხე ახმაურდა –

უზარმაზარი კვიპაროსის ხე.

აქ ვიმყოფები და რა თქმა უნდა,

მახსოვს პოეტის დაბადების დღე.

2022.11.

ძველი სიზმრის გააზრება

ჩემი ხელები ცას ეხებოდა,

შენ კი გეძინა

გადამფრენი ფრინველის ზურგზე.

ცაში ეს ხდება

უფრო მეტად დამაჯერებლად,

ვიდრე ზოგადად ცა არსებობს

და ჩვენ ვიზრდებით.

მე ვერ ვიჭერდი დროს ღრუბლებში

პეპლის საჭერით,

როცა შენ იქვე ვარსკვლავებს კრეფდი.

ეს ერთი წამი

არ გაქრება ძილის ბურუსში,

ვიდრე წინ კარი ღიაა და

ჩვენ შეგვიძლია,

ერთმანეთის სიზმარში მოვხვდეთ.

2001-2021

ვსვამ

„ნუთუ კითხვები მხოლოდ პასუხებს გაეცემათ?“

                        დათო ბარბაქაძე

? როგორ გადავადნო სიტყვები

  ფერად ლითონებად

  და ბოლოს გავსინჯო კბილით

  რა ხარისხია

  ბაჯაღლო ოქრო თუ

  მატყუარა ბიჟუტერია

  თვალს რომ ახარებს

  მაგრამ შიგთავსი ცარიელი აქვს

? საკუთარი კუბო ხომ არ ვატარო

  მთელი ცხოვრება

  ლოკოკინას ნიჟარასავით

  შევითვისო შევისისხლხორცო

  და ყოველ დილით მასში ჩავწვე

  სიკვდილის არსის გასაცნობად

  გასააზრებლად

? ვის ესმის კიდევ სიტყვის სუნთქვა

  როგორც ჭიის შრიალი წიგნში

  როდესაც ღამით სიჩუმე გვფარავს

  და არ გვაძინებს

? როგორ ამოვაორთქლო

  წლობით ნაგროვები

  ალკოჰოლის მეტასტაზები

  გამოფიტული ყელიდან და

  გულმუცელიდან

  როცა მუდმივად ვსვამ

  პასუხებს

  საბოლოო კითხვების ძალით

? ამ გზას რა დალევს

  სიარულით ან შეცნობით

  ან უარყოფით

  როცა ჰორიზონტი ორ ნაბიჯშია

  მაგრამ თან არ ჩანს

? საქმეს რა დალევს

  როცა საქმეზე მიდგება

  და აღარ მოიცდის

  გახანგრძლივებული წუწუნით

  ხელის ჩაქნევით

  და ამოოხვრით

  რომ ყოველივე ამაოა რაც საამოა.

                                    2021

მკითხველი

            დილით სიზმრების გაზეთებივით

            მაგიდაზე დაყრა რომ შეიძლებოდეს,

            შენ დაჯდებოდი აქ, მაგიდასთან

            და საკუთარი თვალით ნახავდი

            პურის ნამცეცებს,

            პირიდან რომ ჩამოგიცვივდა

            ვახშმობისას, დაძინებამდე და მერე

ძილში მათ ჩიტივით კენკავდა ცოლი

            სინამდვილეში დაწოლის წინ

            მაგიდას რომ ალაგებდა და

შენ ხედავდი მის თვალებში

გაზაფხულის წვიმებამდელ ჰაერს –

სიფრთხილეს, ჩიტებისთვის აუცილებელს

და ჭას, რომელშიც ჩავარდა ბუდე

სველი ბარტყებით, ავტობუსის

გაჩერებასთან დაყრილ ჩენჩოებს

მზესუმზირასას – უეცრად ცვრიან

ქვებად რომ იქცნენ

და საყელოაწეულ გამვლელებს

ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით

სწრაფი სვლით, ყოველდღიურობის

ნისლით, მკრთალებს,

როგორც უსასრულო ფოტოფირს…

            დილით გაზეთებივით ამ სიზმრების

            გაშლა რომ შეიძლებოდეს, ცოლი,

            ალბათ, ისევ თავზე დაგადგებოდა

            და დაგიშლიდა საკუთარი სიზმრების კითხვას.

2001-2021

* * *

ღელე ხარ –

თევზებით

და ფეხშიშველა ბავშვების ხმებით

მიერთებული

წყაროსთან,

ზღვასთან,

როგორც ჭიპლარით შვილი დედასთან

და დედა შვილთან.

მე – მებადური,

შენს მახლობლად

ქოხში მცხოვრები

და მომლოდინე,

რომ ერთხელაც ბადეს მოჰყვება

შენი ყველაზე ჩუმი

სიზმარი.

            2003

P.S.

ვიცი, ეს ღამე ერთგულია

ჩემი.

.

ღამე და მე! ღირს

კი ამაზე ფიქრი კიდევ?

.

ხელი მომკიდე

და გაწიე შიში – ფარდა.

.

შემოიხედე. აქ

სარკმელთან ვდგავარ

და ქვა ვარ.

.

ლოდივით ლოდინის გარდა,

სხვა რა საქმე მაქვს?!

.

შეგვჭამს ეს მანძილი

და დრო, როგორც

კალია ჭამს ფოთოლს.

.

ნაბიჯებს არავინ ითვლის,

როცა სიცოცხლე მიდის.

                                    2022

© არილი

Facebook Comments Box