“I dream’d in a dream I saw a city invincible to the attacks of the
whole of the rest of the earth,”
ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ უოლტ უიტმენის გამო დამიჭერდნენ, ისიც ბუშის ქუჩაზე. ასეთი ფრაზით შეიძლება დაიწყოს ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობა ამერიკელმა მწერალმა. მაგრამ როცა ამ ფრაზით ქართველი პოეტი იწყებს სტატიას, რომელშიც რეალურ ფაქტებზე საუბრობს, გვიჩნდება კითხვები, რომლებიც ამავე დროს შეიძლება პასუხებიც იყოს.
გუშინ, 14 აგვისტოს მე, შოთა გაგარინი და ირაკლი კაკაბაძე პატრულისთვის ბოროტი დაუმორჩილებლობის გამო დაგვაკავეს. რეალური მიზეზი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ ბუშის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას და მისთვის ამერიკელი პოეტის უოლტ უიტმენის სახელის დარქმევას მოვითხოვდით.
ვიდექით ეგრეთ წოდებულ “უსაფრთხოების კუნძულზე” და უიტმენის, გინზბერგის, ეშბერის, ასევე საკუთარ ლექსებს ვკითხულობდით. “О Captain! my Captain!” გზის სავალი ნაწილი თავისუფალი იყო. “О Captain! my Captain!” ვკითხულობდით პოლიფონიურად, ერთმანეთის წარმოთქმული ფრაზები ერთმანეთს ერეოდა “О Captain! my Captain!” და განსხვავებულ ლექსებს წარმოქმნიდა. ამას ემატებოდა მანქანების ხმაური. “О Captain! my Captain!” ეს ქუჩის მონათვლის, განწმენდის უვნებელი რიტუალი გახლდათ. “О Captain! my Captain!” ჩვენ უიტმენის ამერიკა გვინდა და არ გვინდა იდიოტი ბუშის ამერიკა, – იყო მთავარი მესიჯი.
რამდენიმე წამში უსაფრთხოების კუნძულზე საპატრულო მანქანა გაჩერდა. პოლიციელები მანქანებიდან გადმოვდნენ და დაბნეულები შემოგვყურებდნენ და როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, დღეს სასამართლო პროცესზე აღნიშნა, ჩვენ თურმე ისე ვიყავით დაექსტაზებულები კითხვით, დაექსტაზებულნი ახალი ქუჩის გაჩენით, რომ მათი მოსვლა ვერც შევამჩნიეთ. პოლიფონიური კითხვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. კიდევ ორი თუ სამი საპატრულო მანქანის მოსვლის შემდეგ ჩვენ გვთხოვეს დაგვეტოვებინა უსაფრთხოების კუნძული. რამდენიმე წამში უკვე ქუჩის მიღმა ვიყავით.
ჩვენი დაკავება ბარდიურზე მოხდა, როცა ჟურნალისტები არკვევდნენ რა მოეხერხებინათ ინტერვიუს ნაცვლად ირაკლის მიერ შეთავაზებული სიმღერისთვის. ამ დროს ჩვენ მოგვიახლოვდნენ ბატონი პოლიციელები და თავაზიანად გვთხოვეს მათ გავყოლოდით. ჯერ ირაკლი, შემდეგ კი მე და შოთა გაგარინი თვინიერად ჩავსხედით მათ მანქანებში, დავიძარით და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში აღვმოჩნდით.
ჟურნალისტებს რომ მივბაძო, როგორც ჩემი მეგობარი შოთა გაგარინი აცხადებს: პოლიციისთვის ბოროტი წინააღმდეგობის გაწევა. ეს იყო ჩვენი მუხლი. სამივეს საქმე გააერთიანეს. დაპატიმრებისას უფლებები არ განუმარტავთ. ოქმში ჩაწერეს, რომ უარი ვთქვით ადვოკატზე, რაც სრული სიცრუეა. დაკავებულებს კარგად გვეპყრობოდნენ. გასაჩივრებას ვაპირებ. ფირზე (ჟურნალისტების და კავკასიური სახლის ოპერატორის) ასახულია, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ გაგვიწევია.
მართლაც არსებობს ამის დამადასტურებელი ვიდეო ჩანაწერები, მოწმეების ჩვენება. აბსურდია ბრალდება, რომ ბილბორდის შეღებვისას გზის სავალი ნაწილი გადაიკეტა ან ჩვენ ბოროტად არ დავემორჩილეთ კანონის დამცველებს. რადგან ბუშის გამოსახულებიან ბანერზე გრაფიტის დატანას ბატონი პოლიციელები საერთოდ არ დასწრებიან. ქუჩაზე მანქანათა მოძრაობის ინტენსივობა კი საშუალებას იძლევა მათთვის ყოველგვარი შეფერხების გარეშე დაწერო ახალი ქუჩის სახელი. ერთადერთი ბრალდება რაც ჩვენთვის შეიძლებოდა წაეყენებინათ სწორედ ბუშის სურათის გრაფიტით შემკობასთან (რაც არ მტკიცდებოდა) და ბილბორდის დაზიანებასთან კავშირი გახლდათ, ბანერისა, რომლის ფასიც სავარაუდოდ 100 ლარზე მეტი არ ღირს. თუმცა ეს არ მომხდარა.
რამდენიმე საათის განმავლობაში, თანამშრომლები ადმინისტრაციული დაკავების ოქმს ავსებდნენ, გვათვალიერებდნენ, შემდეგ კი ხელბორკილები დაგვადეს და იმ შემინული და ოვალ=მოვალური შენობის ეზოდან პირდაპირ “კაპეზეში” (ქალაქის სამართველოში) გადაგვიყვანეს, სადაც გავატარეთ კიდეც ღამე, მეათე საკანში, ფუკოს “ციხის დაბადებას”, სოციალიზმსა და ჩვენს შეუცვლელ უოლტ უიტმენზე საუბარში.
დილას კი სასამართლო გველოდა, საიდანაც 400-400 ლარიანი ჯარიმით გაგვათავისუფლეს. პროცესი ახალი სტატიის თემაა, თავისი ოქმში შეტანილი ალენ გინზბერგის ფრაზებითა (America when will we end the human war? Go fuck yourself with your atom bomb) და ადვოკატების, პატრულის თუ ჩვენს მიერ წარმოთქმული სიტყვებით. თუმცა ამაზე აღარ გავჩერდები. უბრალოდ მინდა ავღნიშნო, რომ ბრალდება ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული და ჩვენი მხრიდან არანაირ კანონის დარღვევას ადგილი არ ქონია.
წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკაში მიხეილ სააკაშვილის ან რომელიმე ქართველი პოლიტიკოსის სახელობის ქუჩა გახსნან. გამორიცხულია, მაგრამ მაინც წარმოვიდგინოთ. ერთი წლის შემდეგ კი გამოვიდეს სამი ამერიკელი პოეტი და მოითხოვოს, რომ მიხეილ სააკაშვილის ქუჩას სახელი გადაერქვას და ვაჟა ფშაველას სახელი ეწოდოს. ნუთუ მათაც დააკავებენ? ან ჩვენ როგორ განვეწყობით მათდამი?
© netgazeti.ge