პოეზია (თარგმანი)

ამერიკელი პოეტების მცირე ანთოლოგია

ინგლისურიდან თარგმნა ზაალ ჩხეიძემ 

 

ედგარ-ლი-მასტერსი

 

მწვერვალი

 

სად მივაკვლიო ელმერს და ჰერმანს, ან ბერტსა და ტომს, ანდაც ჩარლის, სად მივაკვლიო.

სად მივაკვლიო იმას უნდილს, იმას მკლავმაგარს, იმას ხუმარას, იმას ლოთს ან იმას ჩხუბისთავს? –

აქ, აქ არიან, ყველანი ერთად მწვერვალზე წვანან.

იმას ცხელებამ მოუღო ბოლო,

ის გამოიწვა, მაღაროში გამოიბუგა,

ის ჩხუბში მოკვდა,

ის – საკანში,

ის კი ხიდიდან გადმოვარდა მუშაობით ქანცგაწყვეტილი, ვერ აუთავდა ცოლ-შვილის რჩენას –

აქ, აქ არიან, სძინავთ, სძინავთ საღათას ძილით, მწვერვალზე წვანან.

სად მივაკვლიო ელას ან ქეითს, მეგის ან ლიზის, ანდაც ედითს, სად მივაკვლიო.

სად მივავლიო იმას გულჩვილს, იმას გულალალს, იმას კისკისას, იმას ამაყს, იმას ბედნიერს? –

აქ, აქ არიან, ყველანი ერთად მწვერვალზე წვანან.

ის თან გადაყვა ნაბიჭვრის შობას,

ის აკძალულმა სიყვარულმა ჩადო მიწაში,

იმას ბორდელში მოუღეს ბოლო, ვიღაც პირუტყვმა დაკლა დანით,

ის სიამაყემ მოინელა, დამსხვერულმა, გაცრუებულმა, გულისწადილის ძებნაში მოკვდა,

იმან იცხოვრა ჯერ ლონდონში, მერე პარიზში,

თავისი წილი სამარე კი ჩვენთან იპოვა, გოგოებმა ჩამოასვენეს, ელამ და მეგიმ და ქეითმაც –

აქ, აქ არიან, სძინავთ, სძინავთ საღათას ძილით, მწვერვალზე წვანან.

სად მივაკვლიო ძია ისააკს ან დეიდა ემილის მაინც,

სად მივაკვლიო ანდაც კინკეიდს – ბებერ ტაუნის, სევინ ჰუტონს,

სად მივაკვლიო მაიორ ვოლკერს – როგორ უყვარდა დარბაისლებთან დინჯი განბჭობა რევოლუციის? –

აქ, აქ არიან, ყველანი ერთად მწვერვალზე წვანან.

აქ დაუმარხავთ თვალცრემლიანებს ომში მკვდარი ვაჟიშვილები,

ქალიშვილებიც, ცხოვრებისაგან გათელილნი,

მათი ობლებიც. –

აქ, აქ არიან, სძინავთ, სძინავთ საღათას ძილით, მწვერვალზე წვანან.

სად მივაკვლიო, მაინც სად არის ნეტავ ჯოუნსი, ჩვენი ბებერი მევიოლინე,

საწუთისოფლოდ გაჩენილი,

იმ ოთხმოცდაათ წელიწადში დღეცისმარედ დაუდეგარი,

შიშველი მკერდით რომ მიარღვევდა ქარბუქს და თოვლჭყაპს,

მსმელი, დამრტყმელი, თავქეიფა, არც ცოლი რომ არ გახსენებია არასოდეს, არც ნათესავი,

არც რომ ოქროსთვის გაუკლავს თავი, არც სამოთხისთვის?

 

ჰეი, აქ არის, ზის და ყბედობს,

ძველ დროს იხსენებს, დიდი ხნის წინათ ჩამქრალს და ჩავლილს –

რა გემო ჰქონდა ოდესღაც სადღაც მოხრაკულ თევზებს,

როგორ მიქროდნენ კლერის წარაფთან გამართულ დოღში ბედაურები,

რა თქვა სპრინგფილდში მაშინ ლინკოლნმა.

 

 

ამანდა ბარკერი

 

უკვე ფეხმძიმე მიმიღო ჰენრიმ,

კარგად იცოდა, ვერ გავაჩენდი – გავაჩენდი და გადავყვებოდი მშობიარობას.

სწორედ მაგიტომ

ყმაწვილმა ქალმა გადავიარე ალაყაფები არარაობის.

ო, მოგზაურო, ჩემთან სოფელში, სადაც ვცხოვრობდი,

ასე სჯეროდათ, უყვარსო ჰენრის,

როგორც ქმრებს უყვართ ცოლები ისე,

მაგრამ მისმინე,

მე, მტვრადქცეული, გეუბნები,

რომ ვძულდი მაგას და მაგიტომაც მომიღო ბოლო

და სიძულვილი დაიპურა ჩემი სიკვდილით.

 

 

ოლი მაკგი

 

არ შეგხვედრიათ სოფლის შარას ადევნებული

კაცი მწუხარე და მოტეხილი, თვალდარდიანი?

ჩემი ქმარია. ეს მან წარმტაცა სილამაზე, ყმაწვილქალობა;

ჰოდა, დამჭკნარი, კან და კბილებჩაყვითლებული,

დამდაბლებული და სამარცხვინოდ ქედწახრილი

მიმიყვანა სამარის კართან.

როგორ გგონიათ, გულს რა უღრღნის? ახლა მაინც რა არ ასვენებს?

სახება ჩემი – რა ვიყავი და რად მაქცია.

სწორედ ეგ სახე ეზიდება ჩემკენ, აქეთკენ, საფლავისაკენ.

სიკვდილის მერეც რა ტკბილია შურისძიება!

 

 

ჰოდ პუტი

 

ჰო, მეც აქა ვარ, ბებერ ბილ პირსოლს ვუწევარ გვერდით,

ინდიელებთან ვაჭრობით რომ გამდიდრდა, იმას,

იმას, მერე რომ გაკოტრდა ვითომ

და კიდევ მეტი მოიხვეჭა მაგ გაკოტრებით.

რაც თავი მახსოვს, სულ წელებზე ვიდგამდი ფეხებს და ლუკმა პური მენატრებოდა.

ვუცქერდი, როგორ ისქელებდნენ ჯიბეებს სხვები, ბებერი ბილისნაირები.

ჰოდა, ერთ ღამით პროკურორის წარაფთან დავხვდი გამვლელს ვიღაცას,

გავძარცვავ-მეთქი. არ შემომაკვდა?!

გამასამართლეს, ჩამომახრჩეს.

ეგ იყო და ეგ, გავუქონელდი.

ახლა გვერდიგვერდ განვისვენებთ მეცა და ბილიც,

გაკოტრებულნი სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად.

 

 

ნოულტ ჰოჰეიმერი

 

მისიონერთა ქედთან მომკლეს, ეგრევე მომკლეს, სროლა რომ ატყდა

და როცა გული გამიპო ტყვიამ,

ვინატრე, ნეტავ, არ მომეცვალა სახლიდან ფეხი,

თუ დამიჭერდენენ, დავეჭირე, ღირსიც ვიყავი,

მე არ მოვპარე კარლ ტრენარის მისი ტახები?

სად გამოვრბოდი, რა მინდოდა, რა ჩემი საქმე იყო ჯარი?

ათას წილად სჯობს ციხეში ჯდომა აქ წოლას ახლა.

თავზე ფრთოსანი ძეგლი მადგას მარმარილოსი,

პიდესტალზე კი წაუწერიათ – Pro Patria-ო.

ნეტა რას ნიშნავს?

 

 

კარლ სენდბერგი

 

 

მეძველმანე

 

გმადლობ, უფალო, სიკვდილისათვის,

რომ შეამჩნიე, რომ გაუჩინე საქმე მასაც

და ჩვენი თავი ჩააბარე, სიცოცხლისგან დაქანცულების.

ხომ ხდება ხოლმე, მობერდება როცა საათი,

მოუცვდებიან ჭანჭიკები, გორგოლაჭები,

ის კი წიკწიკებს კვლავაც ჯიუტად და ფეხათრევით მიყვება აწმყოს.

მომსვლელ-წამსვლელნი გახედავენ საათს ღიმილით, გაიხუმრებენ,

რის მაქნისია, გამოშტერდაო.

და სწორედ მაშინ, მადლიერების რაგვარი გრძნობით,

ევსება გული საათს, როდესაც

შემოაყენებს მეძველმანე დანჯღრეულ ფურგონს,

შემოვა შინ და შემოხვევს მკლავებს, ჩაუჩურჩულებს:

,,აქ აღარ არის შენი ადგილი,

წამოდი ჩემთან“.

მადლიერების რაგვარი გრძნობით ევსება გული საათს, როდესაც…

რა შეედრება მაშინ ამ ჩურჩულს.

რა შეედრება მეძველმანის მოხვეულ მკლავებს.

 

 

ღამეული მოძრაობები – ნიუ იორკი

 

ღამით, როდესაც ზღვიდან მოსული, მოეჭდობიან ქარები ქალაქს,

მიაყუჩებენ როდესაც ქუჩებს, გამოთანგულებს შუადღის ბუღით.

ღამით, როდესაც ნეონის შუქებს

ეჟივჟივება ჩიტების ურდო,

შუქებს, რომლებიც ღამეულ ცაში აციმციმებენ

ქალაქის სახელს.

ღამით, როდესაც მატარებლები  ქალაქისაკენ მოიჩქარიან,

მოიჩქარიან საიდან აღარ, ხალხთან,

რომელიც ითხოვს ლუკმას და ელის წერილებს.

ქალაქი დღის წესს

არ მისდევს მხოლოდ,

ღამითაც ცოცხლობს, სუნთქავს და ფეთქავს.

ცეკვავენ, ვისაც…

მღერიან, ვისაც…

მეზღვაურები, ჯარისკაცები ეძებენ კარზე მიწერილ ნომრებს.

ღამით, როდესაც ზღვიდან მოსული მოეჭდობიან ქარები ქალაქს.

 

 

ბუფალოები

 

წავიდნენ, გაქრენ ბუფალოები, გადაიხვეწნენ.

ისინიც გაქრნენ, ვისაც უხილავს ბუფალოები,

ლეგიონები ბუფალოების.

ვისაც უხილავს, როგორ დათქერეს უკიდეგანო პრერიები,

როგორ აქციეს მტვრის გრიგალებად სიმწვანე მიწის,

როგორ აპობდნენ ვეებერთელა შუბლებით მწუხრებს.

წავიდნენ, გაქრნენ, ვისაც უხილავს.

წავიდნენ, გაქრნენ ბუფალოებიც.

 

 

ასურნარსიფალ III

 

(ნაწყვეტი ბაბილონური თიხის ფირფიტიდან, 4 000 წელი ჩვენს ერამდე)

 

სამი გალავნით მოეზღუდათ ქალაქი ტელა, როცა მიველ და შემოვადექი,

და მთელ იმედებს ამ გალავნებზე ამყარებდნენ იქაურები,

ამიტომ არცვინ გამომეგება, არ მომეახლა მუხლისჩოქით, თაყვანისცემით.

მეც ავდექი და დავაქციე ყველა კედელი,

სამი ათასი ჯარისკაცი შევყარე სიკვდილს,

წამოვასხი ცხვარი და ძროხა,

რასაც კი მზერა მისწვდა ჩემი, დავინადავლე,

ცეცხლში ჩავნაცრე დიდგვაროვან ტყვეთა რიგები.

ზოგს დავასხიპე ფეხი და მკლავი,

სხვებს ყურები და თითები ჩამოვათალე,

სხვებს წამოვთხარე ორთავ თვალი, წავართვი ჩინი,

წამოვახვავე პირამიდად მკვდრების თავები,

დავყევი ხეებს სათითაოდ, რაც მომრჩა თავი,

ქალაქს გარშემო ყელსაბამად შემოვუკიდე.

და მერე, როცა განვასრულე საქმე საჩემო,

ბევრს აღარაფერს ერქვა უკვე ქალაქი ტელა.

 

ამერიკის რკინიგზა

 

ჰანტინგტონს სძინავს, ექვსი ფუტი აქვს მის სახლს სიგრძე.

ჰანტინგტონს სძინავს და ესიზმრება რკინიგზები, მან რომ აშენა და ფლობდა მერე.

ჰანტინგტონს სძინავს და ესიზმრება ათი ათასი კაცისაგან მისთვის ნათქვამი, მისთვის და ერთხმად – ,,დიახ, სერ!”

ბლითერის სძინავს, ექვსი ფუტი აქვს მის სახლს სიგრძე.

ბლითერის სძინავს და ესიზმრება როგორ აწყობდა რელსებს და შპალებს.

ბლითერის სძინავს და ესიზმრება ჰანტინგტონისთვის მისგან ნათქვამი, მისგან და ერთხმად – ,,დიახ, სერ!”

იძინეთ მშვიდად, შენც ჰანტინგტონ და შენც ბლითერი,

მაგ ექვსფუტიან მყუდრო სახლებში.

 

ღობე

 

დასრულდა სახლი ტბის ნაპირას, ახალი სახლი, ქვით ნაშენი, და მუშები ღობეს იწყებენ.

რკინის ძელები, წვერწამახული მარგილები გამოფატრავენ ნებისმიერს, ვინც გაბედავს და წამოეგება.

ღობე? რა ღობე? ღობე კი არა, შედევრია. არ გაიკარებს ახლოს არვის. არ გაიკარებს მაწანწალებს, ბოგანოებს, უსახლკაროებს, ლუკმის მონატრულთ. არ გაიკარებს ახლოს არც ბავშვებს, წამონთებული თვალებით რომ ეძებენ ადგილს თამაშობის გასამართავად.

რკინის ამ ძელებს, ფოლადის ამ წამახულ ხიშტებს, აფხავებულებს,

ვერ შეუსხლტებათ ვერაფერი, ვერც ვერავინ გადაევლებათ, გარდა სიკვდილის, წვიმისა და ხვალინდელი დღის.

 

ბალახი

 

შემოალაგეთ, შემოაწყვეთ ერთიმეორეს,

აუსტერლიცთან, ვატერლოოსთან ცხედრები მთებად წამოახვავეთ.

ჩამარხეთ მერე და მე მიმიშვით.

მე ბალახი ვარ.

მოვაბიბინებ.

წამოახვავეთ გეტისბურგთან მთებად ცხედრები,

იპრთან, ვერდენთან წამოახვავეთ.

ჩამარხეთ მერე და მე მიმიშვით.

ორი წლის შემდეგ, ანდა ათის, რა ბედენაა,

აქ მგზავრი ვინმე კონდუქტორს ჰკითხავს:

– რა ადგილია ეს, ბატონო?

სადა ვართ ახლა?

მე ბალახი ვარ.

მიმიშვით-მეთქი.

 

 

ანნა იმროთ

 

ჰო, აი ეგრე – დაუკრიფეთ გულზე ხელები.

ჰო, აი ეგრე – გაუწვართეთ ფეხებიც ოდნავ.

გამოუძახეთ ოთხთვალას, რომ შინ წაასვენოს.

შინ დედამისი დაიტირებს,

დებიც და ძმებიც იქვითინებენ.

რადგანაც ყველამ ჩამოაღწია,

ყველა გოგომ,

ყველამ უვნებლად

– ალმოდებული ფანჯრებიდან ვინც კი ისკუპა.

რადგან იღბალმა მას ერთადერთს აქცია ზურგი.

ჰო, ყველაფერი უფლის ნებაა

და კიდევ ალბათ სახანძრო კიბის უქონლობისა.

 

ბილბეა

 

(ძველი ფირფიტიდან, ბაბილონის გათხრები, ძვ.წ. მე-4 ათასწლეული)

 

ბილბეა, ბაბილონს ვიყავი შაბათს ღამით

და ვერსად მოგკარი თვალი.

შემოვიარე ძველი ადგილები,

ყველანი ვნახე, გოგოები, ბილბეა ვერა.

 

სად დამეკარგე? სად წახვედი?

სად გადაცხოვრდი?

რატომ აღარ მწერ?

დავდარდიანდი, გული ჩამწყდა, დავბრუნდი უკან.

 

ნეტა როგორ ხარ?

მომწერე რამე.

თავს გაუფრთხილდი.

 

 

ბედნიერება

 

ჩამოვუარე პროფესორებს, სიცოცხლის აზრს რომ ასწავლიან,

ვეხვეწე ყველას,

მითხარით-მეთქი, მაინც რა არის ბედნიერება.

ჩამოვუარე ძლიერებსაც ამასოფლისას,

იმათ, ვინც უდგას სათავეში ათასთა შრომას.

თავებს მიქნევდნენ, მიღიმოდნენ – მოგცლია ერთი, გვასულელებო.

მერე ერთ კვირას, ნაშუადღევს,

ფიქრში გართული მივდევდი როცა ჭადრისწყლის ნაპირს,

თვალი მოვკარი, გამოსულიყვნენ უნგრელები,

ცოლშვილიანად შეფენილიყვნენ ხეების ჩრდილში,

მოედგათ ლუდი, მთელი კასრი,

აკორდეონიც გამოეტანათ.

 

 

ემი ლოუელი

 

***

წაკიდებოდა ალისფერად

ნეკერჩხლის ფოთლებს

ცვარი დილისა,

თუმც იგივ ცვარი ლოტოსის ყვავილს

უმჭვირვალებდა სიკამკამეს

დადენილ ცრემლთა.

 

 

გაზაფხულის დილა

 

ეცვა მოსასხამი

მომიმოქარგული ნეკერჩხლის ფოთლებით,

წითლით და ოქროსფრით.

ორი ორლესულიც აესხა.

მოჰქონდა ლამპარიც იორდასალიმის.

დილით გაღვიძებულს

დამიხვდა ჩრდილიღა დაბინდულ ქლიავის

მომდგარი შოჯიზე.

 

 

პატრისია დონეგანი

 

***

ესმის ნეკერჩხალს,

ყიდის კაცი შემწვარ კარტოფილს,

მის ხმაში ნოტი საფსალმუნო,

სასაგალობლო.

 

 

ინდოეთი

 

1987 წლის ნოემბერი, ვარანასიდან გაიასაკენ

(მე-3 კლასის ვაგონი)

 

დილის ბურუსი

გაწოლილი ინდურ ველებზე.

 

მატარებელში ბრმა მათხოვარი,

ბინდისფერი,

მღერის სიმღერას მონადირისას

 

და აჩხაკუნებს ვერცხლის მონეტებს.

უღარიბესი გლეხკაცები ჯიბეებში იქექებიან.

 

დალიცლიცებენ

ამომავალი მზის სხივები

ათავთავებულ ოქროსფერ ველებს.

***

 

ვზივარ სარკმელთან.

ვჭამ ფორთოხალს.

შენ მოდიხარ და მაშიშვლებ და

სიტყვის უთქმლად.

 

 

საგანგებო გზავნილი

 

მინახავს მრავლად სიკვდილის გზაზე ახალშემდგარი,

შესიებული სხეულები განგს რომ მიჰქონდა

და სიგარეტის კვამლით სავსე ბარებიც ვიცი ჩიკაგოსი, ეგეც მინახავს

ჩამიფურცვლია ათასობით – ფოლიანტები ბერებისაგან დაწერილი, გადაწერილი

ზაფხულის ხვატში შევფარებივარ კორეულ ბაზრებს და მიძინია გასაშრობად გამოდებული თევზების გვერდით და ზამთრის სუსხშიც მიძინია იმავ ბაზრებში ოთხად მოკეცილს სიცივისაგან

და მიცქერია მთვარისათვის ნისლშიც, წვიმაშიც

დავნაყრებულვარ, პურის ნაფხვენი მილოკია ჩემივ პეშვიდან; ისეც ყოფილა, სულ სათითაოდ მილოკია და ვერც ვერაფერს გამოვრჩენილვარ საკუთარ თითებს, დამტვრეულებს, დაკოჟრებულებს

გამომივლია სიცოცხლეები, გამოვქანცულვარ ტალღებში ვნების, ბოროტების და უმეცრებისა

უთვალავგვარად დამიგრიხავს ჩემი სხეული – მოვკაკვულვარ და გავჭიმულვარ, დავგორგლილვარ და დამინძრევია, მივბრუნებულ-მოვბრუნებულვარ, მომიჯვამს კიდეც და მივცემივარ სიყვარულსაც, დამიჩენია ქვეყნად ბავშვებიც და მიქროლია, როგორც ირემი გადაქუსლავს ხოლმე გზაშარებს, გავრინდებულვარ, როგორც რომ ჩხიკვმა იცის ხოლმე გარინდება ხეზე ჯდომისას

მტრის თვალებსაც ვცნობ – ირლანდელთა, მექსიკელთა, ჩინელთა თვალებს – ჩამიხედავს და სიკვდილისწინა წამიც ვიცი

მივფერებივარ ახალშობილთა ვარდისფერ თითებს და გაოცებულს მიცქერია მათი პაწია ფრჩხილებისათვის, სიკვდილშეყრილის ხელიც მჭერია

თავად ვიხილე ყველაფერი, რაც რომ გიამბე, თავად ვიხილე ისიც, რაც რომ არ მიამბნია

ვიხილე, რათა მოვსულიყავ და მომეტანა ეს ვარდი შენთვის.

 

***

თავსხმა წვიმაში

გამომდგარა მეძავი გოგო,

საცვალს ირეცხავს.

 

***

რიჟრაჟი ზამთრის,

ტოტი რაა, არ იძვრის ისიც,

ჩემივე ძვლების ვაყურადებ მხოლოდღა ჩხრიალს.

 

პოეტური ნებართვა

 

ილაპარაკეთ, განიხილეთ,

რაც რომ თქვენ გსურდეთ

ანგელოზები მილტონისა

დანტეს ეშმაკნი

ბლეკის ვეფხვნი

გზა-შარები კერუაკისა

 

მე ის უფრო მაინტერესებს,

ვინ დამირეცხავს ამ დათხვრილ თეფშებს?

 

***

ბომბავენ ქაბულს

დაბომბვებს შორის

ჭრიჭინობელებს გააქვთ გნიასი.

 

***

ცა – მოსარკული.

ნაგასაკი.

ირმის ნახტომი.

 

***

ელავდა წუხელ

ამდილანდელი თეთრი ზამბახი

წუხანდელ ელვას.

 

Facebook Comments Box