ახალი წიგნები

ანბანით მოთხრობილი საქართველო

ვაფასებთ განვლილ წლებს, რაც პროექტზე მუშაობა დავიწყეთ და დიდი გამოწვევებით სავსე გზა გამოვიარეთ. არ არის მარტივი სულ რამდენიმე წელიწადში მცირე ენაზე შექმნილი მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურა თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის რუკაზე მონიშნო, საერთაშორისო მკითხველი შენს ავტორებზე აალაპარაკო. შევდივარ გერმანულ წიგნის მაღაზიებში და თაროებზე ქართველი ავტორების არაერთ გამოცემას ვხედავ გერმანულ თარგმანებში. საინტერესო რეცენზიები იწერება ქართულ წიგნებზე, რაც, ბუნებრივია, გვიჩენს დიდი სიამაყის გრძნობას.

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსმა ქართულ ლიტერატურას და ავტორებს დიდი და საინტერესო მოგზაურობა დააწყებინა, ხოლო გერმანელი მკითხველი აუდიტორიის გახსნილობამ და ჩვენი ავტორების მიმართ მათი მხრიდან გაზრდილმა ინტერესმა დამატებითი ძალა მოგვცა, რათა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული კულტურის და ლიტერატურის ხასიათი განსაკუთრებით მრავალფეროვნად ვაჩვენოთ.

Georgia Made by Characters სლოგანი ზუსტად ასახავს იმ პათოსს, რომლითაც ქართველი მწერელები და არტისტები საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარდგებიან. დიახ, ქართულმა ანბანმა შექმნა საქართველო… ქართული კულტურა, რომლის იდენტობასაც ყველა ეპოქაში ქართული ენა და დამწერლობა განსაზღვრავდა, უნიკალურ ანბანზე შექმნილი ქართული ლიტერატურა, რომელიც მე-5-ე საუკუნიდან დღემდე უწყვეტად იმავე ანბანზე იქმნება.

გლობალიზაციის ეპოქაში კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება მცირე ერებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ქართული დამწერლობა და ენა, ჩვენი იდენტობის და სახელმწიფოებრიობის მთავარი მახასიათებელები, განსაკუთრებულ ყურადღებას, დაცვას და განვითარებას საჭიროებენ. სიმბოლურია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ 2018 წელს (The European Year of Cultural Heritage 2018), რომელიც ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის თავს ემთხვევა, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სლოგანით Georgia Made by Characters წარდგება და თავის ამბავს 33 უნიკალური ასონიშნით მოჰყვება.

დიდი ქართველი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე თავის ერთ-ერთ ლექსში ზუსტად გვიზიარებს იმ განწყობას და ემოციას, რომელიც მას, როგორც მწერალს ქართული ენის წინაშე არსებული გამოწვევებისადმი გააჩნდა:

„მე დაგიგდებთ ყურს თუნდ მთელი დღე და მთელი ღამე,

მე დაგიგდებთ ყურს თვეობით და წელიწადობით –

ილაპარაკეთ, გევედრებით… ოღონდ ქართულად…

ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ“.

მადლობა მინდა გადავუხადო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, ყველა ჩვენს გერმანელ პარტნიორს და მეგობარს ქართული ლიტერატურის მიმართ ასეთი მზარდი ინტერესისა და მხარდაჭერისთვის და წარმატება ვუსურვო ყველა ქართველ ავტორს 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.

მედეა მეტრეველი

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი

© არილი

Facebook Comments Box