ინტერვიუ

ინტერვიუ ბიძინა მაყაშვილთან – „არის ისეთი ავტორი, მერე ხვდები, რომ სიაში უნდა შეგეყვანა, მაგრამ ვიღაცებმა კატეგორიული წინააღმდეგობა გაგიწიეს“

ესაუბრა თაკო წულაია

ბიძინა მაყაშვილი ინტერვიუში ჟიურის წევრობის გამოცდილების შესახებ საუბრობს: იხსენებს პირველ „საბასა“ და გადაწყვეტილებების მიღების რთულ პროცესს. განიხილავს წლევანდელ ლაურეატებსა და ფინალისტებს; გვიზიარებს იმასაც, რას შეცვლიდა, გამარჯვებულთა ვინაობა მხოლოდ მისი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო და თავის წლევანდელ ფავორიტებს ასახელებს.

როგორ შეაფასებდით „საბას“ ოცწლიან ისტორიას? იმ წლებიდან, როცა ჟიურის წევრი იყავით, რომელი ავტორები და წიგნები დაგამახსოვრდათ განსაკუთრებულად?

წარმოიდგინეთ, ოცი წელი რაღაც რომ ვითარდება, რაღაც ხდება და თვალს ადევნებ… პირველ რიგში, ის გამოჩნდა, რომ „საბამ“ შეიძინა მნიშვნელობა. ბევრი ამბობს, „საბასთვის“ წერენო, მაგრამ არ მესმის, რას ჰქვია „საბასთვის“ დაწერა. თუ ისე არ შეუძლია წერა ადამიანს, ჯილდოსთვის დაწერას როგორ შეძლებს? ხანდახან იმასაც ამბობენ, დღეს არაფერი არ ხდებაო. როგორ არ ხდება, რამდენი რამე იწერება… ჩვენი ქვეყნის ლიტერატურას რამდენი ხნის ისტორია აქვს? და რამდენი გვქონია ძალიან დიდი გამონათება? მაინცდამაინც ამ ოც წელში ხომ არ შეიქმნება შედევრები?! მაგრამ ზოგადად, საკმარისად კარგი რაღაცები ჩნდება ხოლმე.

„საბაზე“, ძირითადად, სულ კარგი წიგნები მხვდებოდა. ერთი წლით ვარ მხოლოდ უკმაყოფილო. არ მინდა, კონკრეტულად დავასახელო, მაგრამ არ მინდოდა, რომ იმ წელს ერთ „წონიან“ ნომინაციაში პრემია გაცემულიყო. კარგად მახსოვს ჩემთვის პირველი „საბა“, 2007 წელს იყო და მახსოვს ლაშა ბუღაძის „ოქროს ხანა“, წაკითხული მქონდა და ძალიან მომწონდა. სხვათა შორის, ლაშას ამ პერიოდის ნაწარმოებები უფრო შემორჩა მეხსიერებას – ახალგაზრდულ თემატიკაზე რაც აქვს, მსუბუქია, ხალასი. მაშინ ასეთი პრეცედენტიც მოხდა: დებიუტის ნომინაციაში დავაჯილდოვეთ მთარგმნელი ქეთი ქანთარია დიბისი პიერის „ვერნონ გენიოს ლითლის“ თარგმანისთვის. ეს იყო რომანი, რომელსაც ბუკერი ჰქონდა მოგებული და არ იყო ადვილი სათარგმნი, თან სწრაფადაც ითარგმნა. მახსოვს ასევე მალხაზ ხარბედიას პირველი „საბა“ დოკუმენტურ პროზაში.

საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში სიახლეა „საბასთვის“. ამ ნომინაციის გამარჯვებული პირველად 2021 წელს, „საბას“ მე-19 დაჯილდოებაზე დასახელდა. რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს ლიტერატურულ სივრცეში ამ ნომინაციის არსებობა? რა დანიშნულება აქვს დღეს ამ გამოცდილებებისა და, ზოგადად, წარსულის ანალიზს?

მნიშვნელოვანი მგონია. არა იმიტომ, რომ მეც მივიღე ეს ჯილდო. არც ვფიქრობდი მაშინ მაგაზე. რომ მითხრეს, ეს ნომინაცია შემოვიტანეთო, პირველი, რაც ვთქვი,ეს იყო – სწორედ ისაა, რასაც ჩემს წიგნზე ვფიქრობდი-მეთქი. მუსიკაზე კი არ არის (თუმცა მასში ბევრი მუსიკაა), ჩემი განვლილი ცხოვრების რაღაც ეტაპის ანალიზია. ასეთი ტიპის ლიტერატურა საინტერესოა. არსებობს ისტორიის სახელმძღვანელო, მაგრამ ადამიანების მიერ შექმნილი დოკუმენტური მეხსიერება ბევრად მნიშვნელოვნად მიმაჩნია. აქედან უნდა ისწავლო ისტორია და არა აუცილებლად თარიღებითა და სკოლის სახელმძღვანელოებით. ყველა ეპოქის ასე შესწავლის ფუფუნება სად გვაქვს, მაგრამ დოკუმენტურ პროზას, ბიოგრაფიულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

გასულ წელს თავადაც ამ ნომინაციაში მიიღეთ პრემია წიგნისთვის „მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში ანუ ბლუზი მტკვრის პირას”. ამჯერად კი დავით ჯიშკარიანი და რუსუდან გორგილაძე დაჯილდოვდნენ. მოგვიყევით მათ წიგნებზე, როგორია მათი ხედვა? რა არის მათი ტექსტების მთავარი სათქმელი? როგორც აღნიშნეთ, გამარჯვებულების შერჩევაზე ბევრი არ გიფიქრიათ.

პირდაპირ პასუხობდა ორივე თემატიკას, რაც ამ ნომინაციაშია ჩადებული. ამ შემთხვევაში უფრო მეტი იყო დოკუმენტალისტიკა, ვიდრე ჩემთან და ივა ფეზუაშვილთან. ჩვენი წიგნები უფრო თხრობითი იყო და ემოცია ჭარბობდა. გამარჯვებულ წიგნებში თითქმის ერთი და იგივე ეპოქა შუქდება, რომელსაც ჩვენი მშობლები მოესწრნენ. ერთია სანახაობაზე (ფეხბურთი) და მეორე – საკვების იდეოლოგიზაციაზე. სწორედ პური და სანახაობაა ის, რითაც იმპერიები და რეჟიმები მართავდნენ საზოგადოებას.

სამწუხაროდ, წელს მხოლოდ ერთი იყო ეს ჯილდო და გაყოფა მოგვიწია.

გარდა ხსენებული წიგნებისა, სხვა ფინალისტების ან მოკლე სიის მიღმა დარჩენილთა ტექსტებშიც ხომ არ შეგხვედრიათ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია? მხოლოდ რუსუდან გორგილაძე და დავით ჯიშკარიანი დაინტერესდნენ წარსულის კვლევითა და ანალიზით?

ასეთი ტექსტები ცოტა იყო. ეს ნომინაცია საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიას გულისხმობს, ესე იგი 90-იანებსაც მოიცავს. უფრო ამ ფართო პერსპექტივით იყო რაღაცები. მაგალითად, გაგა ნახუცრიშვილის „კინო – ყაზბეგი“, სადაც იგონებს თავის ბავშვობას, სკოლის პერიოდს, პიროვნებებს, ადგილებს… ბევრი რამე გამიცოცხლა. ლანა ღოღობერიძის წიგნში ეს ნაკლები იყო, ფოკუსი ძირითადად პანდემიის პერიოდზე ჰქონდა. კიდევ იყო ერთი საბჭოთა პერიოდზე, ოღონდ სუსტი იმისთვის, რომ ნომინაციაში მოხვედრილიყო: ავტორი ახალგაზრდობის ერთ ამბავს აღწერს.

ვისაუბროთ ნომინაციაზე წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა. სანამ გამარჯვებულს ვახსენებდეთ, სხვა ნომინანტებზე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი. „ტფილისის ღამის რაინდები“, „წიგნის ნადიმები – ესეები ლიტერატურულ გასტრონომიაზე“, „კინო “ყაზბეგი” – როგორ შეაფასებთ ფინალისტებს?

მალხაზ ხარბედიას „წიგნის ნადიმები“ ერთხმად შევიტანეთ მოკლე სიაში. საინტერესო იყო. კითხვისას სულ ვხედავდი, როგორ ვნადიმობთ მე და მახო (რაც ჩვენი ურთიერთობისთვის უცხო არ არის) და ის მიყვება ამ წიგნს. თითქოს ისე მოხდა, რომ რაც მოუნდა და გაახსენდა, ის შეიტანა. რა თქმა უნდა, მშვენივრად იყო ყველაფერი, იცის თავისი საქმე. „ტფილისის ღამის რაინდებიც“ კარგი საკითხავი იყო, მაგრამ მე მაინც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უფრო გაზეთების ტექსტებს ვეცნობოდი, ვიდრე ავტორისეულ თხრობას. „კინო „ყაზბეგი“ მინდოდა, რომ უფრო წინ ყოფილიყო, მაგრამ ასე მოხდა. პოეტურად იყო დანახული ყველაფერი, კარგად ჰყვებოდა გაგა, მაგრამ ესეც შედარებით პატარა ეპოქას მოიცავდა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ქალბატონმა ლანამ გაიმარჯვა თავისი ემოციით, ინტელექტით…

„ძალიან პირადული და ამავდროულად კოლექტიური მოგონებების საოცრად ფაქიზი კრებული“ – ასე შეფასდა ლანა ღოღობერიძის „ვისთვის გალობს შაშვი“. კიდევ რა გამოარჩევს ამ წიგნს? როგორ შეარჩიეთ?

კარგად იკითხება. ქალბატონი ლანას დაწერილია, რომელიც საინტერესო პიროვნებაა, საინტერესო ცხოვრება ჰქონდა, მრავალპლანიანი. მისი მოგონებები და გულახდილად აღწერილი ემოციები ერთადაა თავმოყრილი. უკითხავთ ხოლმე, რატომ გაიმარჯვა ლანამ; იმიტომ მიეცით, რომ ლანა ღოღობერიძეა… ლანას მანამდეც ჰქონდა წიგნი, მაგრამ „საბა“ არ მიუღია.

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკის ნომინაციაში სულ 7 ავტორი იყო წარდგენილი. ეს მაშინ, როდესაც სხვა ნომინაციებში ხშირად მოკლე სიებიც კი უფრო ვრცელია. თქვენი აზრით, რაზე მიუთითებს ამ მიმართულებით ავტორებისა და ტექსტების სიმცირე?

კიდევ უფრო მოკლე იყო სია, თავიდან სულ ოთხი წიგნი შემოვიდა. ზოგი ჩვენ გადავიტანეთ დოკუმენტური პროზიდან, რადგან არ იყო ჟანრობრივად ესეისტიკა. მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ კრიტიკა არა გვაქვს. ადრე ლევან ბრეგაძის თითქმის ყოველი ახალი წიგნი იღებდა „საბას“. ეკუთვნოდა. ფაქტობრივად, უკონკურენტო იყო. ახლა ცოტა მეტია, ვიდრე ადრე. წელს გამარჯვების კანდიდატი ორი იყო. გამარჯვებული წიგნი და „შექსპირის პოსტმოდერნიზმი“. მათ შორის ვმსჯელობდით.

კრიტიკის ნომინაციაში ნუგეშა გაგნიძე დაჯილდოვდა. რას გვეტყვით მის წიგნზე „ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე“?

ჩემი ემოციური დამოკიდებულება ასეთია: როცა მკითხეს, რას ფიქრობ ამ წიგნზე, რატომ გამოარჩევო, ვუპასუხე: ეგ წიგნი რომ წავიკითხე, რობაქიძის გადაკითხვა მომინდა-მეთქი. ამ წიგნმა მომანდომა. არაა რობაქიძე ჩემი მწერალი, მაგრამ ისეთი ფაქტები იყო წამოწეული, რომ დავინტერესდი.

გასულ წლებთან შედარებით, წელს რამდენად რთული იყო გადაწყვეტილებების მიღება? თქვენი პერსონალური და საერთო, საბოლოო არჩევანი თუ დაემთხვა ერთმანეთს?

რა დასამალია, მეც მყავდა ჩემი ფავორიტები. პირველ რიგში, იმის თქმა მინდა, რომ ყველა გადაწყვეტილებას ვეთანხმები, მაგრამ მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო და „საბას“ ერთკაციანი ჟიური ჰყოლოდა, რაღაცებს შევცვლიდი. მაგალითად, თარგმანში პრემიას მივცემდი თაკო ჭილაძეს. ჯერ ერთი, მნიშვნელოვანია, რომ ქართულად ითარგმნა ფილდინგი და თან კარგადაა გაკეთებული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კატია ვოლტერსის საწინააღმდეგო მაქვს რამე, ეკუთვნოდა, მაგრამ რადგან კითხვა ასეთი ფორმისაა…

ყველაფერი შეთანხმებითა და კენჭისყრით გადაწყდა, გამორიცხულია სხვაგვარად, მაგრამ, მაგალითად, მე რომანის ნომინაციაში პრემიის გაყოფა არ მინდოდა. გაყოფა უფრო დებიუტში მგონია მისაღები, სადაც მრავალი ჟანრის წიგნი შემოდის. ორივე რომანი მომწონს, მაგრამ არ მინდოდა.

სირთულეები ყოველთვის არის ხოლმე. ერთი წელი მახსოვს, როცა ძალიან იოლად შევთანხმდით. თუ არ ვცდები, 2012 წელი იყო.  წელს უფრო შეთანხმების გზით მივდიოდით საბოლოო გადაწყვეტილებამდე. წინა წლებში კენჭს ვყრიდით, ვწერდით ჩვენს ფავორიტებს. წელს ვთანხმდებოდით და, თუ საჭირო იყო, მერე ხდებოდა კენჭისყრა რაღაც საკითხებზე. მაგალითად, გავყოთ თუ არ გავყოთ. თან ადვილი იყო წელს, თან – არა. მერე გულიც გწყდება, ბევრი რომ ვერ შევიდა მოკლე სიაში. არის ისეთი ავტორი, მერე ხვდები, რომ სიაში უნდა შეგეყვანა, მაგრამ ვიღაცებმა კატეგორიული წინააღმდეგობა გაგიწიეს. ვისზეც ახლა გავიფიქრე, გამარჯვებული არ იქნებოდა, მაგრამ მოკლე სიაში შეიძლებოდა მოხვედრილიყო.

მკითხველი გამარჯვებულებსა და მერე მოკლე სიაში მოხვედრილ წიგნებს კითხულობს ხოლმე. როცა ჟიურიში არა ვარ, მეც სულ ვკითხულობ. ამ ფუნქციითაც მნიშვნელოვანია „საბა“ და არა მარტო იმიტომ, რომ ავტორები წაახალისოს.

ადრე არ მეგონა, თუ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ „საბასადმი“. ძალიან სტრესული ყოფილა ავტორებისთვის და ჟიურის წევრისთვისაც რთულია. ბევრს იცნობ, ზოგი ახლობელიც არის. მძიმეა. წელს ასეთი ფაქტი მოხდა: საბას დაჯილდოების დღეს ჟიური ზევით ვიყავით, ცალკე, საიდანაც ვერთვებოდით და ბასა ჯანიკაშვილმა დამირეკა,  რომელიც პიესისთვის იყო ნომინირებული. წინა დღეს „უბრალოდ, ბავშვების“ შესახებ მელაპარაკა და მკითხა, საბაზე ხომ იქნები, გნახავო. კი-მეთქი. დაჯილდოებამდე მირეკავს, სადა ხარ, ადგილი შეგინახეო. გამხელა, რა თქმა უნდა, არ შემეძლო. წელს ნამდვილად საიდუმლოდ დარჩა ჟიურის ვინაობა.

© არილი

Facebook Comments Box