,,ანტიბაბილონი 2022″ საერთაშორისო მეგაპროექტია, რომელშიც მსოფლიოს ხუთი ქვეყანაა ჩართული. პროექტის მიზანია, შექმნას თავისუფალი, მრავალენოვანი პოეტური სივრცე, რომელიც მოიცავს პერფორმანსებს, პოეზიის დეკლამაციასსა და დისკუსიებს.
“ანტიბაბილონი 2022”-ის ორგანიზატორია ბერლინში დაფუძნებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია PANDA platforma. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ტარდება ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
პარტნიორი ქვეყნებია საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა და გერმანია.
15 ნოემბერს თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში, ჩატარდება „ანტიბაბილონი 2022“-ის ღონისძიება, რომელიც პროექტის გუნდის შემოქმედებითი ტურის ნაწილია. ამ ტურის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 1-თვიანი მრავალენოვანი პოეზიის ლაბორატორიის შედეგები შერჩეული მონაწილეებითა და ჟიურის წევრებით ხუთი ქვეყნიდან.
არილი “ანტიბაბილონი 2022“-ის ჟიურის წევრს, პაატა შამუგიას ესაუბრა:
თქვენ ჟიურის წევრთა შორის ხართ, მონაწილე კი ანდრო დადიანი იქნება. რით გამოირჩევა მისი პოეზია? როგორ გადაწყდა “ანტიბაბილონი 2022“-ში მისი მონაწილეობა?
ბევრი კარგი პოეტის კარგი ნაწარმოები შემოვიდა. მე პირდად ორი ფავორიტი მყავდა – ეკა ქევანიშვილი და ანდრო დადიანი. საბოლოოდ, ანდროზე შეჩერდა უმრავლესობის არჩევანი. ანდროს პოეზია პერფორმატიულია, მისი წაკითხვა ტექსტის დამატებით შრეებს აჩენს. ამიტომაც, რაკი ეს პროექტი ამ ორივე კომპონენტს ითვალისწინებს, ანდრო ყველაზე უკეთ ჩაჯდა ამ კონტექსტში.
რა მოლოდინები გაქვთ, რით არის მნიშვნელოვანი ამ პროექტის მასპინძლობა?
პროექტი “ანტიბაბილონი” პოეზიის მეშვეობით ენობრივი ბარიერის დაძლევის გზაა. პერფორმანსებად ქცეული ტექსტები აიოლებს თუნდაც შენთვის უცნობ ენაზე დაწერილი ტექსტის გაგებას.
© არილი