კრიტიკა,  ლიტერატურათმცოდნეობა,  პოლემიკა,  რეცენზია

ანუკი იმნაიშვილი – ორიოდ სიტყვა თეონა დოლენჯაშვილის ბოლო წიგნზე

 

თეონა დოლენჯაშვილი თავისი ერთ-ერთი პირველი მოთხრობით – ,,ფიდაი, ანუ ამინა სამიდან ხუთამდე”- გავიცანი, მას მერე ფიდაი ჰქვია ჩემთვის და მას მერე დარჩა ჩემთვის ომის და ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლად. არადა სხვა მოთხრობებიც აქვს: ,,ლიანა, ვერა, ნორიკო”, ,,ექსპედიცია”… იმერული იუმორითა და ირონიაშეპარული რომანტიზმით. მაგრამ მან სიტყვა აქცია იარაღად და მას მერე მშვიდობის დამყარებას ცდილობს, რომელიც არა და არ  ეღირსა ჩვენს თაობას არც საკუთარ ქვეყანაში და არც საკუთარ პლანეტაზე.

,,ჩიტი არ გამოფრინდება” აფხაზეთიდან დევნილებისა და  ალეპოელების ისტორიებს ყვება, რომლებსაც ერთი სახე აქვთ: თვალებდათხრილი, დაგლეჯილი, დასახიჩრებული, პატივაყრილი და გაუბადრუკებული ომის სახე-ხატი, ხოლო მშველელი მხოლოდ ღმერთშია განსახიერებული, ღმერთი კი, მგონი მართლა ერთი ყოფილა, რომელიც საიდანღაც, ზემოდან დაგვყურებს, როგორც ჭიანჭველების უზარმაზარ ბუდეს და ომის შესახებ დასმული შეკითხვების არსიც აბსოლუტურად იდენტურია, მნიშვნელობა არ აქვს ამ შეკითხვას ზრდასრული დასვამს თუ 9 წლის მოზარდი, მთავარი აქ სხვა რამეა – პასუხები არ არსებობს. ტექსტის ენა ისეთი მკაცრია, ალბათ ოდენ ომი თუ გამოიყენებს საკომუნიკაციოდ. ამბები ამბავში და პერსონაჟები ასაკის მიხედვით, რომელთა დედაკონტექსტი მხოლოდ ერთია, ომისგან გაქცევა და  სამშვიდობოზე გაღწევა. აქ და ამ დროს, ამ საუკუნეში, სადაც წინდაცვეთისა და ქალწულების ჯიჰადისთვის შეწირვის რიტუალები ყველაზე დაუნდობელი მეთოდებით ისევ იმართება, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ დედამიწაზე პირველყოფილი წყობილების გენეტიკა საზოგადოებაში ისევ ცხოველმყოფელია და ამ შემთხვევაში, ვერც მითოლოგიური და ვერც სხვადასხვა რელიგიის ღმერთები ვერაფერს შეცვლიან.

გმირები ძირითადად ბრძოლის ველზე იბადებიან. გმირობის ტოლფასია ომზე წერაც. ამ ტექსტის ავტორმაც გაბედა და შეულამაზებლად, სიტყვებისგან შეკერა ძაძები, რომელიც არავის და არაფერს უხდება დედამიწის ზურგზე; გაბედა და უყვირა ყველა უსამართლოდ დაღუპულს, დაარწმუნა ისინი, რომ მათ ,,შეუძლიათ მთელ ამ ბოროტებასა და სისასტიკეს მოერიონ, საკუთარი სილამაზითა და სიყვარულით გასრისონ”. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ჩემი თაობის მწერლობაში, ჩემ ენაზე ყველაზე დიდ ბოროტებაზე, ყველაზე სასტიკად და შეულამაზებლად ყველაზე ლამაზი გოგოები წერენ, იმიტომ რომ თანდაყოლილი ცოდნით იციან მეგობრის, შვილის, ქმრის, შეყვარებულის, სიმშვიდის, საქმის, სახლის, სამშობლოს სიყვარული. ასეა თეონას შემთხვევაშიც და მისი პერსონაჟებიც, (რომლებიც ისეთივე რეალური არსებები არიან, როგორც ჩვენ ყველანი) თანდაყოლილი ყველა ინსტინქტით იბრძვიან სიცოცხლის გადასარჩენად, რათა ისევ უყვარდეთ… ეს არ არის ,,ფემინისტური კრიტიკის“ მიმდევრის მოსაზრება, ესაა რიგითი მკითხველის ემოცია წაკითხულის მიმართ. ხოლო, საკუთრივ წიგნის ლიტერატურულ მხარეს, რაც შეეხება, თეონა დოლენჯაშვილის რომანი ,,ჩიტი არ გამოფრინდება“ აერთიანებს რამდენიმე პერსონაჟის თავგადასავალს და დაწერილია რეპორტაჟის სტილში, თუმცა, ეს არაა ჟურნალისტური ე.წ. მასალა, ესაა ეპიკური ნაწარმოები და ომის ეპოპეა საქართველოდან ვიდრე სირიამდე, სოხუმის ზღვის ნაპირებიდან ვიდრე პალმირას რომაული ამფითეატრის სცენამდე, XX საუკუნის ბოლო ათწლეულებიდან ვიდრე XXI საუკუნის 1-ელ ათწლეულამდე და მას შემდეგაც. წიგნი ალბათ მხოლოდ მაშინაა ძალიან მაგარი, როცა მასში ყველაფერი ნაღდი და მართალია, არა მხოლოდ ამბავი ან სცენა, არამედ სირცხვილიც კი ხელშესახებად ნამდვილია. ასეთი ნამდვილი და მრავალთაგან ერთ-ერთი ჩამოურეცხავი სირცხვილია ქართველებისთვის საკენ-ჭუბერის ხეობა და სირიელებისთვის ალბათ, ანტიკური კულტურული  მემკვიდრეობის ძეგლებით არალეგალური ვაჭრობა, პალმირას ნგრევა და განადგურება. შემთხვევითი არაა ავტორისეული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ომის სახე და შედეგი ორ უძველეს ქვეყანაში, საქართველოსა და სირიაში წარმოაჩინოს, რათა ისტორია მთელი თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით მკითხველისთვის ხელშესახები, დაუვიწყარი და სამომავლოდ გასათვალისწინებელი გახადოს.

თეონა დოლენჯაშვილის რომანის პერსონაჟებისთვის საკუთარი არჩევანი ომი არ ყოფილა (და მჯერა, რომ არცერთი მოკვდავისთვის საკუთარი არჩევანი ომი არაა). ომზე არ უფიქრია ტექსტის მთავარი ანტაგონისტის დედას, აფხაზ ანას და პალმირასა და მისი ექსპონატების უკანასკნელ მცველს, დამასკოელ რიჰმანს. ისინიც, როგორც წიგნის სხვა დანარჩენი პერსონაჟები, ისტორიული უბედურების მძევლები არიან, ხოლო ჩვენ, რეალური არსებები ავტორის ჩათვლით, ამ ისტორიული დრამის რეციპიენტები. თანამედროვე სახელოვნებო ესთეტიკა დაცლილია პატრიოტული პათეტიკისგან, თუმცა, ავტორი მაინც ახერხებს, რომ ამ ტექნოკრატიულ, ზედაპირულობით მოცულ და ადამიანების სიცოცხლის თამაშით გართულ სამყაროში, ყველაზე დიდ ღირსებად აღიარებული ფასეულობა – ქვეყნის სიყვარული, სამშობლოს ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დაყენების საკითხი ისევ ფუნდამენტურ ღირებულებად აქციოს: ანას ოცნება და შვილისადმი ანდერძად დატოვებული სურვილი – რაიმენაირი სახით საკუთარ მიწაზე, აფხაზეთში დააბრუნოს და რიჰმანის თავგანწირვა პალმირას გამო, სწორედაც რომ ამის გამოხატულებაა.

„ფემინისტური მეთოდოლოგიით“ ვერ იხელმძღვანელებ თეონა დოლენჯაშვილის ამ წიგნის განხილვისას. ის დაცლილია ე.წ. ,,ენჯეოშნიკური“ და ,,მომგებიანი თემატიკით“ კეკლუცობისგან, ფემინისტური ეპისტემოლოგიისა თუ ქალური წერილობის ნიშაში რთულად მოსაქცევი ტექსტია. ცხადია, ომი ერთ-ერთია იმ ,,მომგებიანი თემატიკის“ ჩამონათვალში, რომლებითაც მსოფლიო ლიტერატურის სხვადასხვა წარმომადგენლები მანიპულირებენ. თუმცა, ომი თავისი შინაარსით – ემანსიპაციის, გენდერული თუ უმცირესობათა თანასწორობისა და ჩაგვრის, რასიზმისა და სოციალური უთანასწორობის თემებისგან (რაც თავის მხრივ, უდავოდ სენსიტიურია) განსხვავებული მგონია, რადგანაც ომზე, როგორც მოვლენაზე, მძივივითაა აკინძული მთელი რიგი პრობლემები, მოვლენები: სოციო-კულტურული, გეოპოლიტიკური, ადამიანური თუ ეკონომიკური რესურსების დანაკარგ-დანაკლისები და რაც ყველაზე მთავარია, მორალური და სულიერი ღირებულებების დევალვაცია, რომელიც აბსოლუტურად აკარგვინებს სახეს ყველას და ყველაფერს. და გამომდინარე იქიდან, რომ ქართველ 90-იანელთათვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა ყველაზე ტრავმული აღმოჩნდა, აფხაზეთის თემატიკა დღემდე აქტუალურია ჩვენს რეალობაში, და ვფიქრობ, კარგა ხანს იქნება მწერალთა „ინტერესის სფერო“, ისევე, როგორც მეორე მსოფლიო ომზე იქმნება დღემდე მხატვრული ტექსტები და ფილმები, მაგრამ ამჯერად თეონა დოლენჯაშვილის რეფლექსია და ამოსავალი არაა კიდევ ერთხელ დაგვანახოს ამ ომის აბსურდულობა, ამ აბსურდისგან მომკილი შედეგები: გაუტანლობის, უთავმოყვარეო ღალატის, ინსტიქტების ზეიმის, მამაკაცების დამცრობის, საკუთარ ქვეყანაში საქირქილო და სათაკილო დევნილად გადაქცევის, ქალების გაუტეხლობისა და შეუპოვრობის ტრაგიკული სურათები, რომელიც ერთ დიდ კომპლექსად გვექცა მთელ ერს, არამედ ავტორს აქვს ერთადერთი მთავარი სათქმელი, რომელიც პრინციპად აქცია და ამ პრინციპის ადეპტია თავადაც: ომი არაა ვინმეს არჩევანი, არ არსებობს სხვისი ან საკუთარი ომი, დედამიწა ერთია თავისი ისტორიით, რომელიც განურჩევლად ყველას ეკუთვნის და არ უნდა დანებდე, ყველა ომიდან აუცილებლად ცოცხალი უნდა დაბრუნდე!

ის, რომ ომი ერთ-ერთი „მომგებიანი თემაა“ თანამედროვე პროზაში, მკვლევართა გარკვეულ ნაწილსაც უჩენს სურვილს, ამა თუ იმ ავტორთა ნაწერები ომის შესახებ, ერთმანეთს შეადაროს (ამგვარ შედარებას ვხვდებით გიორგი მაჭარაშვილი წერილში ,,ჩიტი, რომელმაც არ იცის ფრენა“). იყო დრო, პერსონაჟთა შედარებითი დახასიათებები იწერებოდა ჩვენში, რომელიც ისეთივე უშედეგო აღმოჩნდა, როგორც გემოვნებაზე დავის სენტენცია. პრინციპში, არც ეს შედარებებია დასაძრახი, მაგრამ მაინც სიფრთხილეა საჭირო, როცა დოლენჯაშვილს და ალექსიევიჩს ერთმანეთს ვადარებთ, სულ მცირე, მათ მიერ დაწერილი რომანების ხასიათი უნდა გავითვალისწინოთ და როცა აღმოჩნდება, რომ ერთი ოდენ მხატვრული პროზაა, ხოლო მეორე – დოკუმენტური, ,,შედარებით დახასიათებებსაც“ აზრი ეკარგებათ. ამ შემთხვევაში, ვერც ლიტერატურულ გავლენებზე ვიტყვით ვერაფერს (რომ დოლენჯაშვილი ალექსიევიჩის გავლენის ქვეშ მოექცა), იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ომი ჩვენთვისაც მრავალგზისი გამოცდილებაა და ომზეც და მის შედეგებზეც ,,ღრმა ცოდნას“ ვფლობთ ავტორიან-მკითხველიანად.

თანამედროვე სახელოვნებო ესთეტიკაში და რეალურ მოცემულობაშიც უგულებელყოფილია ემპათია, ემოცია, მგრძნობელობა. უახლესი ფილოსოფიაც ამას გვარწმუნებს, რომ სამყარო მიზეზ-შედეგობრივ კავშირებსა და ფასეულობებს მოკლებული ქაოსიაო. ამ ქაოსში კი, იკარგება აკადემიური ცოდნაც; ასე მაგალითად, გვავიწყდება, რომ ლიტერატურას თავისი თეორია და  მხატვრული მხარეები გააჩნია და პროზას პერსონაჟებისა თუ სიუჟეტის გარდა, ჟანრის თავისებურებები სრულყოფენ. და ავტორს ზედაპირულობაში რომ ჩავუთვლით მწერლურ ,,მანევრებს“, ის შეიძლება ტროპის სახეები აღმოჩნდეს. მხოლოდ მეტაფორებითა და მწერლის მიგნებებით თუ გავერთობით, ვინძლო, ტექსტის ფინიშიც სწორად ვერ აღვიქვათ (როგორც ეს მაჭარაშვილს დაემართა) და ,,ორმაგი კოდირებით“ ვიმართლოთ თავი, მაშინაც კი, თუ მწერალი ამ ხერხს საერთოდ არ გვთავაზობს, მკითხველს არ გვიტოვებს თავისუფალ არჩევანს წიგნის სასურველი დასასრულისთვის და პირდაპირ გვეუბნება –  „ალექსი არ კვდება! არა!“

თეონა დოლენჯაშვილის ამ კონკრეტული რომანის სამწერლო ენას, რაც შეეხება, შეიძლება ვინმეს კლიშეებიანი, ხელოვნური და სენტიმენტებით გაჯერებული მოეჩვენოს (როგორც დავით გაბუნია შენიშნავს) და ეს განცდაც შეგვიძლია, ისევ და ისევ იმ ზედაპირულობისა და ემოციებისგან დაცლილი მოცემულობით გავამართლოთ, რასაც  თანამედროვე სახელოვნებო რეალობა და სინამდვილე გვთავაზობს:  ავტორის და ,,მაღალი ხელოვნების“ სიკვდილი, სადაც სიმბოლოს ნიშანი ჩაენაცვლა და ამით ტექსტის  გამარტივება მოხდა, რის შედეგადაც შეიქმნა საერთო ენა და აქ უკვე დავკარგეთ: ავტორის ენა და სტილი ანუ ავტორის სახე, ავტორისეული პოზიციების დაფიქსირება. ჩვენში წინა პლანზეა ცინიზმი და თამაში, ამ ესთეტიკამ ჩამოგვიყალიბა სამყაროს თავისებური აღქმა, რომელიც უფრო მსოფლშეგრძნებითია, ვიდრე მსოფლმხედველობითი… ხოდა, ვაღიარებ, მეც „ჩარჩენილი“ ვარ იმ ესთეტიკაში, რომელსაც პოსტმოდერნიზმს ეტყვიან და რომლის ნიშაშიც ვეღარ ვაქცევ ბოლოდროინდელ ქართულ ტექსტებს, ტრადიციული საწყისებისკენ შემობრუნების ტენდენციები შეიმჩნევა უკვე და ამ წიგნმაც, თუნდაც ენობრივი თვალსაზრისით, სწორედ ეგ განცდა გააჩინა, გარდა იმისა, რომ ავტორი წარმატებით ცდილობს მშვიდობისათვის ბრძოლის უნარი და კაცობრიობის გადარჩენისათვის აუცილებელი ფასეულობები აღადგინოს. არც იმის ილუზია გვაქვს, რომ დიდი ლიტერატურა და მაღალი ხელოვნება იქმნება ჩვენში (თუნდაც სხვაგან). მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმაზე მაინც ნუ ვიდავებთ, რომ ავტორმა ჩვეულ სტილში, თხრობის დამახასიათებელი დინამიკით და თუნდაც, მეტაფორული მრავალფეროვნებით ნამდვილად შესანიშნავი საკითხავი შემოგვთავაზა. ამ წიგნის მთავარ ღირებულებად კი, შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ საერთაშორისო ენაზე მეტყველებს, ომი ყველა ენაზე ომია და ამდენად, ყველა წარმომავლობის მკითხველისთვის იმპულსური და ადვილად აღსაქმელი იქნება იდეა, სიუჟეტიც და ემოციაც.

დაბოლოს, ავტორისეული რეფლექსიები მაინც მომავალი თაობებისთვის განკუთვნილი მგონია – ეს გადატანილი ყველა ისტორიული ტრაგედია, რაც ყველას ერთად უხვად მოგვიტანა ამ კონკრეტულმა ხანმა უნდობარმა, გამოცდილებად გადასცეს მერმისს, თეთრი ცარცით თეთრ კედელზე დაწერილ უკვალოდ და შეუმჩნევლად დარჩენილ ამბებად რომ არ იქცეს.

P.S. ჩიტი ვერაფრით გამოფრინდება, ომის დროს მხოლოდ ტყვიები და ბომბები დაფრინავენ!

© არილი

 

Facebook Comments Box