ახალი ამბები

ახალი ამბები (ნოემბერი, 2007)


ბრიტანული ბუკერი ირლანდიელ ავტორს

16 ოქტომბერს ბრიტანული ბუკერის პრემიის ლაურეატი გამოვლინდა – პრესტიჟული ჯილდო ირლანდიელ მწერალ ქალს, ენ ენრაიტს გადაეცა რომანისათვის “კრება” (“The Gathering”). გამარჯვებულის გარდა ბუკერის პრემიაზე წელს 5 ავტორი იყო ნომინირებული – ნიკოლა ბარკერი (“Darkmans”), მოჰსინ ჰამიდი (“The Reluctant Fundamentalist”), ლლოიდ ჯონსი (“Mister Pip”), იან მაკიუენი (“On Chesil Beach”), ინდრა სინჰა (“Animal’s People”). ენ ენრაითი წლევანდელ ფინალისტებს შორის აუტსაიდერად ითვლებოდა და ფსონებიც ძირითადად იან მაკიუენსა და ლოიდ ჯონსზე იყო გადანაწილებული, თუმცა, 50 ათასი ფუნტი სტერლინგისათვის ბრძოლაში ირლანდიელი ავტორი უფრო წარმატებული აღმოჩნდა. ენრაითი აქამდე ტელეპროდიუსერად მუშაობდა. “კრება” მწერლის მეოთხე რომანია. მასში ერთი დიდი ირლანდიური ოჯახის ისტორიაა მოთხრობილი – თაობათა შორის ურთიერთობა და ოჯახური პრობლემები რომანის მთავარი თემაა.

ანტირელიგიური ლიტერაურა National Book Awards – ზე

National Book Awards–ის ფინალისტების სია გამოცხადდა. 20 ფინალისტს შორის ყველაზე დიდი ყურადღება დოკუმენტური პროზის ჟანრში წარდგენილი ავტორების ნაშრომებმა მიიპყრეს – ქრისტოფერ ჰიჩენსის ანტირელიგიურმა ”ღმერთი არ არის დიადი: როგორ წამლავს რელიგია” (“God is Not Great: How Religion Poisons Everything”) და ტიმ ვაინერის წიგნმა ამერიკის კონტრდაზვერვის შესახებ – ”ფერფლით დატოვებული მემკვიდრეობა: CIA-ს ისტორია” (“Legacy of Ashes: The history of the CIA”). “წელს პირველი შემთხვევაა, როცა ნომინანტთა სია არ შეიცავს 11 სექტემბრის, ისლამისა და ცენტრალური აღმოსავლეთის პრობლემატიკით დატვირთულ ტექსტებს”, – განაცხადა National Book Awards–ის ფონდის ხელმძღვანელმა. ფონდი საუკეთესო ამერიკელ ავტორებს ავლენს და პრემია 4 სხვადასხვა ჟანრში გაიცემა – მხატვრული და დოკუმენტური პროზა, პოეზია და საყმაწვილო ლიტერატურა. საბოლოო გამარჯვებულთა ვინაობა ნოემბერში იქნება ცნობილი. სხვადასხვა დროს National Book Awards-ის ლაურეატები იყვნენ ჯონ აპდაიკი, ფილიპ როთი და რალფ ელისონი.

ფილის უითლის წიგნები 35 ათას დოლარად

18-ე საუკუნეში მოღვაწე მწერლის, ფილის უითლის საავტორო წიგნის ძველისძველი კოლექცია სამხრეთ კალიფორიის უნივერსიტეტმა შეისყიდა. წიგნში ავტორის სხვა ნაწარმოებებთან ერთად მისი პირველი ლექსიცაა შესული, რომელიც მწერალმა 13 წლის ასაკში დაწერა. უითლის წიგნის პირველი გამოცემა სულ რაღაც 100 ეგზემპლარადაა შემორჩენილი და აქამდე იგი თომას კუპერის ბიბლიოთეკის კოლექციის კუთვნილება იყო. ფილის უითლი პირველია აფროამერიკელ მწერალებს შორის, ვისი ნაწარმოებებიც წიგნად გამოიცა. იგი აფრიკაში დაიბადა და 7 წლის ასაკში ბოსტონელმა ოჯახმა მონების ბაზარზე იყიდა. მისი წიგნი ლონდონში 1773 წელს დაიბეჭდა და ერთი წლის შემდეგ უკვე უითლიც გაათავისუფლეს მონობიდან. წიგნის პირველმა ამერიკულმა გამოცემამ კი მწერლის გარდაცვალების შემდეგ, 1784 წელს იხილა დღის შუქი. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტმა უითლის თითოეულ წიგნში 35 ათასი დოლარი გადაიხადა.

ფრანკფურტის წიგნის 59-ე საერთაშორისო ფესტივალი

ფრანკფურტის წიგნის 59-ე ფესტივალმა წინა წლების რეკორდი მოხსნა – ფესტივალზე 108 ქვეყნიდან 7448 გამომცემლობა და წიგნის 400 ათასი დასახელება იყო წარმოდგენილი, სტუმრების რიცხვმა კი 300 ათასს გადააჭარბა. ფესტივალი 11-დან 14 ოქტომბრამდე გაგრძელდა და მისი ძირითადი პროგრამა საგამომცემლო საქმიანობის განვითარება, ციფრული ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენება და განათლების პოპულარიზაცია იყო. ფესტივალის დირექტორმა, იურგენ ბოოსმა, განაცხადა, რომ დღესდღეობით დაახლოებით 770 მილიონი ადამიანი ზოგადი განათლების დეფიციტს განიცდის და ფრანკფურტში შეკრებილი საზოგადოების მოვალეობაა, ამ პრობლემის გლობალურად გადაჭრის მეთოდები შეიმუშაონ. ”ის ეპოქა დამთავრდა, როცა წიგნის ფესტივალი მხოლოდ საზეიმო მოვლენად ითვლებოდა”, – აღნიშნა მან პირველივე დღეს, გახსნის საზეიმო ცერემონიაზე. 11-დან 14 ოქტომბრამდე მკითხველებს ასევე საშუალება ჰქონდათ, მწერლებისა და გამომცემლებისაგან საინტერესო სემინარები მოესმინათ – ფრანკფურტს წიგნის ფესტივალს წელს უმბერტო ეკო, გიუნტერ გრასი და ფეი უელდონი სტუმრობდნენ.

კატა რომის პაპის ბიოგრაფიას წერს

იტალიაში მალე გაყიდვაში იქნება წიგნი, სადაც რომის პაპის, ბენედიქტ XVI-ის ცხოვრების შესახებ მისი კატა, სახელად – კიკო, ჰყვება. სახალისო ბიოგრაფიის ავტორი, ჟურნალისტი ჟან პერეგო, მილანში ცხოვრობს. მისი თქმით, ”იოზეფი და კიკო” საყმაწვილო ჟანრის წიგნი იქნება. მასში აღწერილია პაპის მთელი ცხოვრება – დაბადებიდან უწმინდესად არჩევის დღემდე. პერეგომ აღნიშნა, რომ იგი პირადად არასოდეს შეხვედრია პაპს, მაგრამ მისი პერსონა იმდენად კეთილი, მშვიდი და გაწონასწორებულია, რომ ყოველთვის ჰქონდა სურვილი, მის შესახებ დაეწერა. წიგნის წინასიტყვაობა ბენედიქტ XVI-ის პირადმა მდივანმა, გეორგ გენსვაინმა მოამზადა. ”ეს პაპის ყველაზე განსხვავებული ბიოგრაფიაა – თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მას კატა გვიყვება. კიკო დიდი ხანია, რაც ბენედიქტ XVI-ს იცნობს და მის შესახებ საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალები იცის”, – წერს გენსვაინი.

გიუნტერ გრასი 80 წლისაა

გერმანელ მწერალს, ნობელის პრემიის ლაურეატს – გიუნტერ გრასს, 16 ოქტომბერს 80 წელი შეუსრულდა. მწერლის იუბილე მის მშობლიურ ქალაქში – გდანსკში (ყოფილი დანციგი) 3-დღიანი ზეიმით აღინიშნა. გრასი ასევე პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტს, ლეხ ვალენსას შეხვდა და გერმანია-პოლონეთის მიმდინარე ურთიერთობებზე გაესაუბრა. წლების წინ, როცა გრასმა თავის ერთ-ერთ რომანში აღიარა, რომ ახალგაზრდობაში იგი ჰიტლერის საიდუმლო შეიარაღებულ ორგანიზაციაში მსახურობდა, ვალენსამ საკითხი დასვა, ჩამოერთმიათ მწერლისთვის გდანსკის საპატიო მოქალაქეობა. თუმცა კი, როცა გრასმა ქალაქის მერს, პაველ ადამოვიჩს, წერილი მისწერა და აუხსნა, რომ ეს მისი ახალგაზრდობის მწარე შეცდომა იყო, მას საპატიო წოდება შეუნარჩუნეს. ახლა კი პოლონეთი ნობელიანტის 80 წლის იუბილეს ზეიმობს, მის საპატივცემულოდ სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად ”თუნუქის დოლის” თეატრალური წარმოდგენაც კი შედგა.


მწერლები ღაზას სექტორის ტერიტორიაზე

ებრაელი მწერლები – ამოს ოზი, დევიდ გროსმანი და აბრაამ იეჰოშუა იმ 11 აქტივისტს შორის არიან, რომლებმაც ისრაელის მთავრობისადმი პეტიციას მოაწერეს ხელი. პეტიციის მოთხოვნა ღაზას სექტორში ჰამასის ისლამისტური დაჯგუფების წინააღმდეგ საომარი მოქმედების შეწყვეტას ითვალისწინებს. აქტივისტების მოწოდებაზე ისრაელის მთავრობამ უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ახლა ლოიალურიბის გამოჩენა მოვლენების გაუარესებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. ჰამასის ოფიციალური მიზანი ისრაელის გეოგრაფიული რუკიდან წაშლა და მის ადგილას (დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორის ჩათვლით) ისლამური თეოკრატიის შექმნაა. საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ებრაელი ავტორების პეტიცია მემარცხენე გაზეთში, “Ha’aretz”-ში, დაიბეჭდა, თუმცა, მათი ავტორიტეტი ისრაელის მთავრობისთვის სტრატეგიის შეცვლის მიზეზი არ აღმოჩნდა – რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ვერც ამოს ოზის სახელმა და ”ისრაელის სინდისად” აღიარებულმა წოდებამ იმოქმედა.

ბრიტანეთის ბიბლიოთეკას საფრთხე ემუქრება

ბრიტანეთის ბიბლიოთეკის საგანძურს აუქციონზე გაყიდვის საშიშროება ემუქრება. თუ აქამდე ბიბლიოთეკაში მსოფლიო ლიტერატურის არაერთ მნიშვნელოვან და ორიგინალური დოკუმენტზე მკითხველს თავისუფლად მიუწვდებოდა ხელი, ახლა უკვე სახელმწოფო დაფინანსების შეკვეცამ მკითხველთა ინტერესზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. წერილით, რომელიც ”The Observer”-ში გამოქვეყნდა, მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი დაწესებულების აღმასრულებელი დირექტორი, ლინ ბრენდლი, მთავრობას მიმართავს, ხელი შეუწყოს ”ერის შემოქმედებითი აზროვნებისა და მეხსიერების ასწლოვანი რესურსის შენახვას”. ბრენდლიმ ასევე აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, რომელსაც წელიწადში 67 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს, საკმაოდ დიდი თანხა შედის სახელმწიფო ბიუჯეტში და, სხვა თუ არაფერი, მთავრობა ვალდებულია, დაიცვას მსოფლიო კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლები აუქციონზე გატანისა და კოლექციონერების ხელში ჩავარდნისგან.

ადოლფ ჰიტლერის პირადი წერილები

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გერმანელებისათვის მეტად საინტერესო წიგნის პრეზენტაცია შედგა – წიგნს ”წერილები ჰიტლერის მისამართით” ჰქვია და მასში 1925-45 წლებში ჰიტლერისათვის მიწერილი პირადი წერილებია თავმოყრილი. განწყობილება და მიმართვები ფიურერის მიმართ მრავალფეროვანია – წერილებს შორის არის როგორც აღფრთოვანება, პატივისცემა და მატერიალური დახმარების მოლოდინი, ასევე ხშირია დაზარალებულთა და ნაცისტური სისტემის მსხვერპლთა ვედრება, დატოვოს პოსტი. გარდა ამისა, ჰიტლერს სხვადასხვა პირად შეკითხვებსაც უსვამდნენ, კერძოდ, ეტანებოდა თუ არა იგი ალკოჰოლს ან თამბაქოს, ზოგიერთი წერილთან ერთად საჩუქრებსაც უგზავნიდა – მაგალითად, თაფლსა და ცხვირსახოცებს. წერილების ავტორებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ფიურერის სტუმრად დაპატიჟებასაც ბედავდნენ. წიგნმა გერმანიაში დიდი ინეტერესი გამოიწვია და მისი ნაწყვეტები ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გერმანულ ტაბლოიდში, ”ბილდში”, იბეჭდება.

© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”

Facebook Comments Box