ახალი ამბები

ახალი ამბები (ოქტომბერი, 2007)

კონტრდაზვერვა ჯორჯ ორუელის კვალზე

ინგლისში მწერალ ჯორჯ ორუელის საიდუმლო დოსიე იპოვეს. აღმოჩნდა, რომ 20 წლის განმავლობაში “1984”-ის ავტორი კონტრდაზვერვის ეჭვმიტანილი იყო კომუნისტებთან თანამშრომლობაში. პირველი ჩანაწერები მის დოსიეში მაშინ გაჩნდა, როცა მწერალი საფრანგეთში ცხოვრობდა. მან ბრიტანულ გაზეთს ”Working Lifes” საზღვარგარეთის კორესპონდენტად თანამშრომლობა შესთავაზა, და სწორედ აქედან გახდა იგი დაკვირვების ობიექტი. პარიზში მომუშავე აგენტი, მართალია, აღნიშნავდა, რომ ორუელი დიდი რაოდენობით ფრანგულ გაზეთებს კითხულობდა, და მათ შორის კომუნისტურ L’Humanite-საც, მაგრამ კომუნისტებთან უშუალო კავშირში არ შეუნიშნავს. 1937 წელს მწერალი ესპანეთში გაემგზავრა, სადაც რესპუბლიკელების მხარეზე იბრძოდა. ამის შესახებ დოსიეში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილი ”ერთის მხრივ ანარქისტია და უპირატესობას ანიჭებს ექსტრემისტების წარმომადგენლებთან ურთიერთობას”. 1941 წელს ორუელმა BBC-ში დაიწყო მუშაობა. 1945 წელს კი, ”ცხოველთა ფერმის” გამოსვლის შემდეგ, მის დოსიეში ასეთი ჩანაწერი გაჩნდა: ”ბლერის (ორუელის ნამდვილი გვარი) შეხედულებები, რა თქმა უნდა, მემარცხენეობისკენ იხრება, მაგრამ ის ძალიან შორსაა კომუნიზმისგან”.

სილვია პლათი – პოეტი-მხატვარი

ამერიკელი პოეტის, სილვია პლათის ნახატები და გრავიურები, რომელთა უმეტესობაც აქამდე უცნობი იყო ფართო აუდიტორიისათვის, ოქტომბერში პოეტის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოქვეყნდება. წიგნის – ”მხედველობითი რითმები: სილვია პლათის ვიზუალური აღქმა” (”Eye Rhymes: Sylvia Plath’s Art of the Visual”) პრეზენტაცია 14 ოქტომბერს შედგება ჩელტენჰამის ლიტერატურულ ფესტივალზე. რედაქტორის, კეტლინ კონორსის, თქმით, წიგნში შესულია სილვიას ბავშვობისდროინდელი ილუსტრირებული წერილები, რომლებიც 1996 წელს აღმოაჩინეს პლათის ოჯახის საცხოვრებელი ბინის სხვენში; გარდა ამისა – სახელმძრვანელოების ესკიზები, სახვადასხვა პორტრეტები და ავტოპორტრეტი. რაც მთავარია, პლათის ეს ნამუშევრები მხოლოდ ერთ განსაზღვრულ პერიოდს ეკუთვნის – 20 წლისამ მან თავი დაანება ხატვას და სამწერლო საქმანობას მიჰყო ხელი.

იან მარტელის საგანმანათლებლო საქმიანობა

2002 წლის ბუკერის პრემიის ლაურეატმა, კანადელმა იან მარტელმა, გადაწყვიტა კანადის პრემიერ-მინისტრი სტივენ ჰარპერი მხატვრული ლიტერტურის კითხვას მიაჩვიოს – როგორც ცნობილია, ჰარპერი დემონსტრატიულად არ ინტერესდება ლიტერატურით და ხელოვნებით. კვირაში ორჯერ მწერალი პრემიერ-მინისტრის ოფისში თითო ნაწარმოებს აგზავნის, იმის იმედით, რომ ჰარპერი მას წაიკითხავს. მარტელი აქციის შეწყვეტას მანამ არ აპირებს, სანამ ჰარპერი პოსტს არ დატოვებს. მინისტრის მისამართით უკვე რვა წიგნი გაიგზავნა, მათ შორის ”ბჰაგავადგიტა” და ვოლტერის ”კანდიდი”, ბოლო ნაწარმოები კი, რომელიც მას მარტელმა შეურჩია, ავგუსტ სტრინდბერგის პიესა ”ქალბატონი იულიაა”. წაიკითხა თუ არა ჰარპერმა წიგნებიდან ერთ-ერთი მაინც, არავინ იცის. სამადლობელი წერილი პრემიერ ინისტრის ოფისიდან მარტელმა მხოლოდ ერთხელ მიიღო.

კეტრინ ჰეპბერნი – რეი ბრედბერის მუზა

ამერიკელი მწერალი, ფანტასტიკის ჟანრის კლასიკოსად წოდებული რეი ბრედბერი, სექტემბრის ბოლოს ახალი წიგნის – ”ახლა და მარად” (”Now and Forever”) – გამოცემას აპირებს. წიგნში ორი აქამდე გამოუქვეყნებელი რომენი შევა – ”ლევიათან 99” (“Leviathan ’99”) და ”სადღაც ორკესტრი უკრავს” (“Somewhere a Band is Playing”). ”ლევიათანის” მთავარი პერსონაჟი თეთრ კომეტას დასდევს, და თავად ავტორი მას თავისი შემოქმედების ”კოსმიურ მობი დიკს” უწოდებს, ნოველა ორკესტრის შესახებ კი თურმე მსახიობ კეტრინ ჰეფბერნისათვის კინოსცენარად ყოფილა ჩაფიქრებული და ტექსტზე მუშაობა მწერალმა მას შემდეგ დაიწყო, რაც მსახიობი ფილმში – ”ზაფხული” (Summertime, 1952) იხილა. 22 აგვისტოს მწერალს 87 წელი შეუსრულდა.

ლერმონტოვი – შოტლანდიელი კლასიკოსი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს, გადაამოწმონ ლეგენდა რუსი კლასიკოსის, მიხაილ ლერმონტოვის წარმოშობის შესახებ, რომლის თანახმადაც იგი შოტლანდიელი იყო. ამ ისტორიაზე ნათელის მოფენა მხოლოდ დნმ-ის ანალიზის ჩატარებს შემდეგაა შესაძლებელი, და გენეტიკის მკვლევარებიც აპირებენ იგრეკ-ქრომოსომის საფუძველზე დაადგინონ მწერლის ნამდვილი წარმომავლობა. გავრცელებული ვერსიის თანახმად, რუსეთში მცხოვრები ლერმონტოვები შოტლანდიელი ჯარისკაცის, ლერმონტის გვარიდან მოდიან, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნეში ტყვედ ჩაუვარდა რუსებს, თუმცა, ამის შესახებ არანაირი წერილობით და ნივთიერი მტკიცებულება არ არებობს. BBC-საგან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლერმონტოვის გვარის გარდა გადამოწმდება რუსეთში მცხოვრები გრეიგების, კრიჩტონების, რიდებისა და სმიტების წარმომავლობაც.

ოქტომბრის ციებ-ცხელება – 2007 წლის ბუკერი

ლონდონში 2007 წლის ბუკერის პრემიაზე წარდგენილთა საბოლოო სია გამოქვეყნდა. პრესტიჟული ლიტერატურული პრემიისათვის ექვსი მწერალი იბრძოლებს: ნიკოლა ბარკერი(“Darkmans”), ენ ენრაიტი (“The Gathering”), მოჰსენ ჰამიდი (“The Reluctant Fundamentalist”), ლოიდ ჯონსი (“Mister Pip”), იენ მაკიუენი (“On Chesil Beach”), ინდრა სინჰა (“Animal’s People”.).
ექსპერტების დაკვირვებით, წელს ჟიურიმ ორიენტაცია ძირითადად დამწყები ავტორების წახალისებაზე აიღო. კონკურსანტთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 35 წლის პაკისტანელი მოჰსენ ჰამიდია. თუმცა, ისევ და ისევ სპეციალისტების აზრით, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი იენ მაკიუენს აქვს, რომელიც 1998 წელს უკვე გახდა ბრიტანული ბუკერის მფლობელი რომანისათვის ”ამსტერდამი”. დაჯილდოების ცერემონიალი 16 ოქტომბერს ლონდონში, გილდჰოლის დარბაზში ჩატარდება და 50 000 ფუნტი სტერლინგის მფლობელიც იქ გამოვლინდება.

ანტუან დე სენტ ეკზიუპერის “ახალი” წიგნი

საფრანგეთში ანტუან დე სენტ ეკზიუპერის გამოუქვეყნებელი ნაწარმოები იპოვეს. გაზეთ ”ფიგაროს” ლიტერატურული დამატება იუწყება, რომ ლაპარკია ეკზიუპერის შემოქმედების ადრეული პერიოდის ნოველა ”მოცეკვავე მანონზე”. ასევე აღმოჩენლია მწერლის 1933 წლით დათარიღებული წერილი, რომელსაც იგი თავის სატრფოს, ლუიზა ვილმორენს სწერს. ცნობილია, რომ აქამდე ”მოცეკვავე მანონის” მხოლოდ მცირე ნაწყვეტი -15 სტრიქონი იყო აღმოჩენილი, რომელიც მწერლის ნაწარმოებების სრული კრებულის ფრანგულ გამოცემაშია შესული. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ”მოცეკვავე მანონი” პირველი პროზაული ტექსტია მას შემდეგ, რაც ეკზიუპერმა ლექსების წერას თავი დაანება. ნოველის ხელნაწერი მწერალს ლუიზა ვილმორენისთვის უჩუქებია. ”მოცეკვავე მანონის” სრული ტექსტი საფრანგეთში ოქტომბრის ბოლოსთვის წიგნად გამოიცემა.

ფრანკფურტი ფესტივალისთვის ემზადება

ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის მოახლოებასთან ერთად გერმანიის მთავრობამ კულტურის სფეროში შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყო – ამჯერად გერმანია ჩინეთთან კულტურული კავშვირების გაფართოებისკენ მიისწრაფვის. ამის შესახებ გერმანიის კულტურის მინისტრმა, ბერნდ ნოიმანმა, ღიად განაცხადა, როდესაც პეკინის წიგნის ბაზრობაზე სიტყვით გამოვიდა. გერმანია წლევანდელი გამოფენის მთავარი მონაწილე იყო. ნოიმანის თქმით, ორივე ქვეყნის კულტურის მესვეურებმა მაგალითი უნდა აიღონ ბიზნესის სფეროს სხვა წარმომადგენლებისა და ფინანსისტებისგან და ურთიერთობები უფრო უნდა გააღრმავონ. პეკინის წიგნის ბაზრობას წინა წლებში მთავარ ფიგურად საფრანგეთი და რუსეთი სტუმრობდნენ. ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის დირექტორის აზრით, 2010 წლისათვის ჩინეთში წიგნის 400 მილიონი პოტენციური მყიდველი იქნება.

ჰემინგუეი – ისევ აუქციონზე

29 ნოემბერს Swann Galleries-ის აუქციონზე 19-20-ე საუკუნის სხვა ლიტერატურულ რარიტეტებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ჰემინგუეის რომანის ”ვის უხმობს ზარი” (“For Whom the Bell Tolls”) სამუშაო ვერსია, რომელშიც ჩასწორებები მწერლის ხელითაა შეტანილი. კორექტურული შესწორებების გარდა სამუშაო ვერსიაზე შერჩენილია ჰემინგუეის მიერ დაწერილი მიძღვნა, საიდანაც ვიგებთ, რომ რომანი მწერლის საცოლეს, მარტა ჯელჰორნსა და ძველ მეგობარს, ტობი ოტო ბრიუსს ეძღვნებოდა. ბრიუსი ფლორიდაში ცხოვრობდა და მწერლის მძღოლის და მდივნის სამუშაოს ასრულებდა. გასაყიდი ობიექტი მთელი ამ დროის მანძილზე სწორედ მასთან ინახებოდა. სავარაუდოდ, აუქციონზე მისი ფასი 75 ათასიდან 125 ათას დოლარამდე იმერყევებს. ამავე აუქციონზე გაიტანენ ჰემინგუეის მესამე წიგნის – ”მამაკაცები ქალების გარეშე” (“Men Without Women”) ნაბეჭდ ვერსიას, რომელშიც 1973 წლით დათარიღებული მცირე ზომის მოთხრობებია შესული.

James Tait Black Memorial – ის ახალი მფლობელი

ამერიკელ მწერალს, კორმაკ მაკარტის, რომელმაც 2007 წლის გაზაფხულზე თავისი ბოლო რომანისათვის “გზა” (“The Road”) პულიცერის პრემია მიიღო, ამავე წიგნისთვის ამჯერად ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ინგლისურენოვანი ლიტერატურისათვის – James Tait Black Memorial – მიანიჭეს. პრემიას 1919 წლიდან დღემდე ედინბურგის უნივერსიტეტი გასცემს და ახალი ლაურეატის ვინაობაც ედინბურგის წიგნის ფესტივალზე გამოვლინდა, თუმცა 74 წლის მაკარტიმ ცერემონიალზე დასწრება ვერ შეძლო. 2006 წელს James Tait Black Memorial–ის მფლობელი იენ მაკიუენი გახდა. სხვადასხვა დროს ლაურეატები იყვნენ დ.ჰ. ლორენსი, ოლდოს ჰაქსლი, გრემ გრინი, ივლინ ვო, ლორენს დარელი, აირის მერდოკი, სალმან რუშდი.

© “ცხელი შოკოლადი”

Facebook Comments Box