ესე,  კრიტიკა,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა,  პორტრეტი

მალხაზ ხარბედია – შეთხზული „მე” – მწერალი და ავტობიოგრაფია (IV)

გაგრძელება, დასაწყისი იხ. არილი, #2, 3, 4, 2022

„არილის“ წინამდებარე პუბლიკაციაში არ ჩავრთეთ მორიგი თავი, „პაიდეუო, პაიდეუეის, პაიდეუეი – ავტობიოგრაფიული ესე განათლებასა და ღირებულებებზე“, რომელიც უკვე ქსელშია გამოქვეყნებული და თავის დროზე დაიწერა კრებულისთვის „ევროპული ღირებულებები და ევროპული იდენტობის იდეა. თბ. ევროპის ფონდი, გამომცემლობა ლოგოსი, 2018“ . გთხოვთ ტექსტი მოძებნოთ arilimag.ge-ზე.

განათლება – პირველი ნაბიჯები

თვითგანვითარება. ამ სიტყვას ძალზე ხშირად შეხვდებით მე-19 საუკუნეში დაბადებული მწერლების ავტობიოგრაფიებში, თუმცა მე-20 საუკუნიდან უკვე თითქმის ყველა საშუალო სკოლაში იწყებს სწავლას.

ეს თვითგანვითარება პირველივე ბიოგრაფიებიდან გვხვდება. ასეთებს ხან მამა ეხმარება, ხანაც დედა, ზოგიც ხარის ბეჭზე სწავლობს წერა-კითხვას (მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ქაღალდიც ჰქონდეთ სახლში). დედა ზოგჯერ თავისი ხელნაწერით ასწავლის ანბანს ან ქაღალდის ნახევებზე ჩამოწერილი ასოებით. სხვებს ანაბანა ბუხართან შეუსწავლია გოგებაშვილის „დედა ენით“.

პატარა იოსებ გრიშაშვილი ხარფუხში ერთ პატივსაცემ ოჯახში მიუბარებიათ და ქართულ წერა-კითხვას შემდეგ უკვე ამ ოჯახის უფროსი ქალი „კაჭაანთ სონა” (სოფიო გრიგოლაშვილი) ასწავლიდა. კონსტანტინე გამსახურდიას პირველი მასწავლებელი სოფლის დიაკვანი, ევგენ ქოიავა ყოფილა.

თავისი განათლებით, როგორც წესი, ამაყობენ, წერენ, რომ პანსიონი, სადაც ისინი სწავლობდნენ, ქალაქის ყველა კერძო სასწავლებელზე უკეთესი იყო (მაგ. ქალთა, ფრანგი ქალის, ფავრის პანსიონი XIX საუკუნის 60–იან წლებში), აღნიშნავენ, რომ ენათმცოდნე ოჯახში მიუღიათ განათლება, „ვეფხისტყაოსანი“ ხომ თითქმის ოჯახის ყოველმა უფროსმა ქალმა ზეპირად იცის. ეს წიგნი ხანდახან ხელნაწერის სახით ინახება მათ ოჯახებში, ხელნაწერის სახით აქვთ ასევე „დავითნი”. მშობლები ფალავნებივით იძახებდნენ ხოლმე ბავშვებს საზეპიროებით ცოდნის დასამტკიცებლად.

კონსტანტინე ნიკოლაძე (ნიკო ნიკოლაძის ძმა) ძმას 1872 წელს, 12 წლისა ევროპაში წაუყვანია და თავის ავტობიოგრაფიაში წერს: მეცხრამეტე საუკუნეში, შეიძლება მე ვიყო ერთი პირველი ქართველაგანი, რომლმც პირველმა მიიღო საშუალო ცოდნა ევროპაში”-ო.

დაწყებით კლასებში ხშირია მოსწავლეთა ექსპლუატაციაც. მასწავლებლები მათ ხანდახან ვენახებში აგზავნიან სამუშაოდ ან ტყე-ღრეში უშვებენ სადილისთვის სატაცურის მოსაგროვებლად. ამუშავებენ თავიანთ კალო-საბძელში, ეზოში, მატყლს „აწეწვინებენ“, ქათმის ბუმბულს არჩევინებენ.

უცხოელ მასწავლებლებს გვარებით ვიცნობთ. მაგ. ილიასთან ჰაკკე, ეკატერინე გაბაშვილის ზემოთ ხსენებული ფრანგი მასწავლებელი მადამ ფავრი, ვინმე იუშკოვი და სხვები.

იაკობ ფანცხავა იხსენებს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწეს, ვალერიან გაფრინდაშვილის მამას, ივანე გაფრინდაშვილს, რომელიც „ყოვლად გამოუსადეგარი პიროვნება” ყოფილა თურმე და იქვე ერთი-ორ მწარე ამბავსაც გვიამბობს. ერთხელ ვერაფრით ვერ მოახერხა თურმე თანდებულის ახსნა, ერთმანეთში დომხალივით ურევდა რუსულ-ქართულ სიტყვებს და ახსნილი გაუგებარი დარჩა. უყვარდა გამოთქვა, „ძმაო, კაცო!“, ხშირად იმეორებდა. ლაპარაკისას ცხვირში ფრუტუნებდა, სულ საყვედურებს ამბობდა, ყვიროდა, ხანდახან დასდევდა კიდეც მოსწავლეებს. ერთ-ერთი ასეთი „რბოლისას“ მერხთან დაეწია თურმე ბავშვს და წიხლი ზურგში ჩააზილა:

„მოწაფე თვალის დახამხამებაში ანაზდად წაიქცა. იატაკზედ გაიშხლართა. ივანე შეჰკრთა და მოწაფეს მოფერება დაუწყო. მოწაფე კი მას ყურს არ უგდებდა, სწუხდა და „ვაი-ვაიო!“ გაიძახოდა, ვითომ დარტყმეული ადგილი სტკივოდა. ამ დროს ამ სცენას მასწავლებელმაც შემოუსწრო. ივანე კლასიდან კუდ-ამოძუებული გაიპარა. მოსწავლე სწრაფად წამოდგა და თავის პარტაზედ ადგილი დაიჭირა. ამ გაკვეთილის შემდეგ, როცა ამხანაგს შევეკითხეთ, მართლა სტკივოდა თუ არა დარტყმული ადგილი, გვიპასუხა: გაგონილა!.. რის ტკივილი, რა ტკივილი!… თითქოს ბუზიც კი არ დამფრენოდეს, რომელსაც არ კი უკბენიაო!… გაშხლართვა კი განგებ მოვიგონეო. ეს ამბავი იმავე დღეს ყველა მოწაფეებმა და მასწავლებლებმაც გაიგეს. ამ დღიდან ივანე გაფრინდაშვილი ყველას თვალში სასაცილო გახდა“.

სწავლის პროცესში სულ პრობლემებს აწყდებიან. სოციალურ თემებთან ერთად მოსწავლეთა უფლებებზეც ბევრს საუბრობენ, ძალადობაზე, მშობლიური ენის აკრძალვაზე, უცოდინარ მასწავლებლებზე და ა.შ. თუმცა ზოგჯერ ავტორები ისეთ მასწავლებლებსაც ასახელებენ, რომელთან შეხვედრამაც მათი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და მათთან ურთიერთობის შემდეგ სწავლაში აღარ „წაუბორძიკნიათ“ (ამას მაგ. შიო არაგვისპირელი ამბობს ვასილ ბარნოვზე და მოსე ჯანაშვილზე, ამ და სხვა თავში კიდევ არაერთხელ შეგვხვდება ეს და სხვა ნათელი სახელები).

ძირითადად, მაშინდელ სასულიერო სასწავლებლებში მასწავლებლები მხეცებს ჰგვანდნენ. შიო არაგვისპირელი წერს:

“ღვთის მოყვარე ვიყავ, მაგრამ საღთო საგნების სწავლება მახინჯად იყო დაყენებული. წირვა–ლოცვა ისე უწესო და ძალდატანებითი, რო თან და თან საღმთო სჯულის, მღვდლისა და საყდრის ხსენება ზიზღსა მგვრიდა <…> თითქოს ღვდლად უნდა წავსულიყავი, მაგრამ როგორ, როდესაც სულიერად შიშველ მყვეს, მამის გადმონაცემი კი წამიშალეს და ეხლა ღვდლად?!“.

ნამდვილი მონსტრი ყოფილა მისი ბერძნულის მასწავლებელი, რომელიც თავის ნებაზე წერდა ნიშნებს და იმდენს მიაღწია, რომ ყველას შეაძულა თავისი საგანი. კითხვაც კი დაავიწყდათ მოწაფეებს.

როგორც ყოველთვის, თხრობაში საფუძვლიანია თედო სახოკია. იგი განათლების თემასაც დიდ ადგილს უთმობს. სწავლა მამამისმა 5 წლისას დააწყებინა, შემდეგ ერთი პოლონელი ქალი ასწავლიდა, ინდოეთის ტელეგრაფზე მოსამსახურის ცოლი. ასწავლიდა რუსულად. შემდეგ რუსული წერა-კითხვის სწავლებას განაგრძობდა ერთი რუსი პოლკოვნიკის, ვინმე ალექსანდროვიჩის და. შემდეგ იგი შეჰყავთ სოხუმის მთიელთა სკოლაში, სადაც ქართულის ხსენებაც კი არ იყო. მამამისი დაფიქრებულა, საყველპურო, შინაურული ქართული მაინც არ დავავიწყო ბავშვსო და თავის დიაკვანს, გვარად ჭალაგანიძეს მიანდო ეს საქმე. რის ვაი-ვაგლახით უშოვნიათ პეტრე უმიკაშვილის დაბეჭდილი ქართული ანბანი, ფურცლის მეოთხედზე დაბეჭდილი, დაუწყიათ სწავლა, მაგრამ ერთხელაც მობეზრებია თედოს და ნაფლეთებად უქცევია ეს ანბანი. რუსული უკვე ვიცი, ეს რაღაში დამჭირდებაო. შემდეგ იტყუებოდა, კატამ დამიხიაო.

მამას ბევრი არ უნაღვლია, მოზარდიც გახარებული იყო, რომ გადაურჩა ქართულ ანბანს, თუმცა 1876 წლის რუს-ოსმალოს ომმა მაინც აიძულა იგი დაჰბრუნებოდა მშობლიურ ენას. სოხუმიდან ბევრი აიყარა და სამეგრელოს დაუბრუნდა. მისი ოჯახი დედულეთში, ხობში, სოფ. ხეთაში მივიდა და იქაურ სასოფლო სკოლაში, ვინმე ზოსიმე ჩაჩუასთვის მიუბარებიათ მისი თავი, „იქნება ქართული წერა-კითხვა ასწავლოთ როგორმეო“. პატარა თედოს ერთგვარი პატივისცემითა და შურით უყურებდნენ თურმე, რადგან რუსული იცოდა, რომელსაც თანატოლებსაც ასწავლიდა, დავალებული ჰქონდა, თუმცა იმათ „ჩქინიბურის“, ჩვენებურის, ქართულის სწავლება ავიწყდებოდათ და ისევ მშობლიური ენის გარეშე რჩებოდა ბავშვი. შემდეგი მასწავლებელი იყო სამეგრელოში გავლენიანი მღვდელი შიო იოსავა და მისი შვილები. პატარა თედოს რუსულს ისევ აქტიურად იყენებენ სხვები. ბაბუამისმა მაგ. კარგად აუღო ალღო მის ცოდნას, რუსულ ლოცვებს და გალობას და პატარა დიაკვნად გაიხადა თურმე, გლეხებთან დაჰყავდა ტაბლების საკურთხებლად, სადილ-ვახშმებზე სტუმრებთან „მამაო ჩვენოს“ რუსულად ათქმევინებდა, მოკლედ, „თავი ექებოდა“. შიოც, ძირითადად, საოჯახო საქმეში იხმარებდა ბავშვს და ასეთების გამო ქართული სულ უფრო უკან იწევდა.

შემდეგ მარტვილის სასწავლებლის ჯერი დადგა, მისაღებზე ქართულში შერცხვა, რუსული წიგნები კარგად ახსოვდა, მამამისმა კი შვილის ფასის ასაწევად ბავშვს ჩააცვა სოხუმიდან წამოღებული მთიელთა სკოლის წითელსაყელოიანი შავი მუნდირი, რომელიც უკვე დაჰპატარავებოდა და ისე მიიყვანა სასწავლებელში. მეტსახელი მაშინვე შეარქვეს: „მებატე რუსი“ და ეს სახელი მანამ ეძახეს, სანამ საერთოდ ხელი არ ააღებინეს ამ მუნდირზე და მათსავით შინ მოქსოვილი შალის ხალათი არ ჩაიცვა. სხვათა შორის, გლეხის, ივანე ოდიშარიას სახლში, სადაც იგი ქირით ცხოვრობდა, ასევე ცხოვრობდნენ ძმები ბესარიონ (შემდგომში კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია) და გიორგი ხელაიები. და აი, დადგა ქართულის დროც. ბესარიონ ხელაიას 2 კვირაში უსწავლებია ჭირვეული მოწაფისთვის ქართული. და წერითაც თურმე „სრულიად უმტკივნეულოდ, გაუწყრომლად“ წერდა:

„ჩემი პირველი წერილი, ქართულად დაწერილი, მამაჩემს ნოემბერში გავუგზავნე, ჩემი კარგათ ყოფნას და სწავლაში წარმატებას ვატყობინებდი და თან ვსთხოვდი სამის აბაზის გამოგზავნას. ისე გახარებოდა მამაჩემს ჩემი წერილის მიღება, რომ საგანგებოდ გამოგზავნილის კაცი ხელით სამი აბაზიც მომაწოდა და ათიოდ სულგუნიც საგზლად“.

მოვიდა სემინარიაში სწავლის დროც. თედო სახოკია ნარატოლოგიაში ცნობილ ხერხს, პროლეფსისს იყენებს და გვამცნობს, რომ რექტორად 1886 წელს იოსებ ლაღიაშვილის მიერ სატევრით მოკლული პავლე ჩუდეცკი დახვდა. წინსწრებით ამბობს ამას, ჯერ კი ეს ადამიანი ცოცხალია და ახალმოსულებს ღიმილით ართმევს ატესტატებს. როგორც სასულიერო პირის შვილი, თედო სახოკია ე.წ. „ბურსაში“ მოხვდა (ოღონდ თავის ხარჯით, სრული ბურსა-პანსიონისთვის კიდევ ობლობა იყო საჭირო), ანუ სემინარიის შენობაშივე მოთავსებულ პანსიონში, სადაც სამღვდელოების ხარჯზე ეძლეოდათ საკვები, ტანისამოსი, ბინა, შაქარი და სახელმძღვანელოები. მათ ბურსაკებს ეძახდნენ და სულ მალე ამ მეტსახელმა კიდევ უფრო დაზუსტებული მნიშვნელობა შეიძინა:

„…ეს სახელი უჭვივოდათ ყველა უხეშ, ტლანქ, ნატიფ ქცევაზე მწყრალად მყოფ მოწაფისათვის. მართლაც, მაშინდელი სემინარიელები ყველანი სოფლელები იყვნენ. გაუთლელები, მოუხეშავნი როგორც ქცევასა, ასე ლაპარაკში და ამგვარად განირჩეოდნენ ამ მხრით გიმნაზიაში მოსწავლეთაგან. თქვენ მაგათი მარტო გრძელი, შავი მაუდის საზამთრო გვაბანაკები ბრძანეთ, მათს მატარებელ მოწაფეთ შავ ყორნებს რომ ამსგავსებდა!… ასე რომ, ყველასაგან ყბად-ასაღები, დასაცინი და საქირდავი სემინარიელები იყვნენ.“

როგორც წესი, სემინარიაში შედიან რწმენით, უფროსების პატივისცემით, მთავრობის მოქმედების უკრიტიკო მიღებით და ერთ წელიწადში ეს ყველაფერი ქრება, ძირფესვიანად ერყევათ მსოფლმხედველობა და ზურგს აქცევენ ყველაფერს ძველებურს.

საოცრად აღწერს თედო სახოკია თანასემინარიელების გარეგნობას. დასავლეთ საქართველოდან ჩამოსულთაგან განსხვავებით კახელი და ქართლელი მოსწავლეები შავგვრემნები იყვნენ და საშინელებად ეჩვენებოდათ. ძლივს შეაჩვიეს თვალი ამ ქერათმიანმა და ცისფერთვალებმა კოლხებმა. სიშავით განსაკუთრებით გამოირჩეოდა თურმე შიო დედაბრიშვილი:

„ძალზე შავი, ლოყებაკვერილი, ჩემზე, მაგალითად, საბთხურის შთაბეჭდილებასა სტოვებდა… პირველში გავურბოდი კიდეცა. წარმოვიდგენდი კი, რომ ეს ადამიანი, ჩუმი, გულჩათხრობილი, ერთავად განმარტოვებული, სულ მოკლე ხანში ჩემ მეგობრად გახდებოდა“.

სასულიერო განათლების მომხრეები უფრო მამები არიან, დედები კი ხანდახან წინააღმდეგობას ბედავენ. ხდება პირიქითაც, როცა მამა უპირისპირდება შვილის სასულიერო კარიერას. სოფლებში თანატოლები „ვიწროშარვლიანებს“ ეძახიან ქალაქში განათლების მისაღებად წასულ ყმაწვილებს.

პირველი მასწავლებლები, როგორც ითქვა, მშობლები არიან ან დედინაცვალი, იშვიათად – ბებო-პაპა, და-ძმა, დეიდა-მამიდები, შინაური მასწავლებელი, სოფლის დიაკვანი, რომელიც ყოველწლიურად 2–2 თვით ხსნის ანბანისა და ანგარიშის სკოლას. ასევე, ჯარიდან ან სასწავლებლიდან დაბრუნებული ან სულაც გამორიცხული ახალგაზრდები.  თუმცა საფუძვლიანი განათლების კერად, ცხადია, სასწავლებელი მიიჩნევა. ამ ორ უზარმაზარ ტომში ათეულობით სხვადასხვა სასწავლებელია ჩამოთვლილი. მოდით, უცებ გადავავლოთ თვალი. ესენია: სოფლის სკოლები, თუმცა სოფელში, სადაც სკოლა არაა, განათლებულ საზოგადოებას მღვდელი, დიაკვანი და მწერალი (გადამწერი, წერილის დამწერი) წარმოადგენს. აქვეა ნახსენები სათავადაზნაურო სკოლები, წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სასწავლებელი, სენაკის სასულიერო სასწავლებელი, სამინისტრო სკოლა, ხონის ორკლასიანი სკოლა, სამრევლო სკოლა, ქვაშვეთის სამრევლო სკოლა, ნორმალური ორკლასიანი სასწავლებელი, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ბათუმის ქართული სკოლა, სასოფლო-სამრევლო სკოლა, საეკლესიო ერთკლასიანი სასწავლებელი, კრონდშტადტის სამხედრო-საზღვაო იუნგთა სკოლა, ბუღდანოვას კერძო სასწავლებელი, თბილისის სათავად-აზნაურო გიმნაზია, ვაჟთა პირველი გიმნაზია, მეორე გიმნაზია, ქალთა საზოგადოების სკოლა, გორის ქალთა კლასიკური გიმნაზია, საჭამიასერის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებელი, თბილისის საეპარქიო გიმნაზია (ქალთა), “სუფსარქისისა და სუპგეორქის სკოლა”, თბილისის ნერსესიანის სასულიერო სემინარია, ბაქოს გოგოლის სახელობის სასწავლებელი, ხონის საოსტატო სემინარია, მასთან არსებული ორწლიანი სკოლა (ეს და ის ორკლასიანი ალბათ ერთი და იგივეა), ზემო მაჩხაანის სამკლასიანი სასწავლებელი, მაჩხაანისვე არასრული საშუალო სკოლა, ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, ქუთაისის სემინარია, გორის სასულიერო სემინარია და გიმნაზია, თბილისის სასულიერო სემინარია, თბილისის ბოტანიკურ ბაღთან არსებული მებაღეობის სკოლა, თელავის სამაზრო სკოლა, პოლტავის სასულიერო სემინარია, „სუხუმის“ ორკლასიანი სასწავლებელი, ხონის სამასწავლებლო სემინარია, ავლაბრის სამოქალაქო სასწავლებელი, ქუთაისის ქალთა გიმნაზია, საეკლესიო ერთკლასიანი სასწავლებელი, გორის რუსული კლასიკური გიმნაზია, ფოთის უმაღლესი პირველდაწყებითი, გუმანიური ტექნიკუმი, მთიელთა საბავშვო სახლი, სადაც მაგ. გაბრიელ ჯაბუშანური სწავლობდა და „სუხუმის აფხაზური სკოლა-ინტერნატი“, ოჩამჩირის ქართული საშუალო სკოლა, ამბროლაურის საშუალო სკოლა, ცხმორისის შვიდწლიანი სკოლა, მეზღვაურთა საშუალო სკოლა. მე-20 საუკუნიდან უკვე სკოლების დანომვრაც დაიწყო და ზემოთდამოწმებული „ინდივიდუალობაც“ ციფრებში გაიცვალა. ზოგს საქართველოს ფარგლებს გარეთ უწევს დაწყებითი განათლების მიღება, რადგან მშობლები არიან სამუშაოდ წასული.

ეს თავი „თვითგანვითარებით“ დავიწყე და აქვე განვავრცობ ამ თემას. ავტობიოგრაფიების ავტორები ხშირად ამბობენ, რომ უსისტემოდ და ბევრს კითხულობენ. შეხვდებით ასეთ გამოთქმებსაც: თუ რამ ცოდნა შემიძენია – პირადი მუშაობით”. ლიდია მამულაიშვილი-მეგრელიძე მაგ. წერს: ვკითხულობდი ყველა წიგნს, რაც მომხვდებოდა ხელშ. ამიტომაც ძალიან ადრე, სულ 13–14 წლისა, დავშორდი აზროვნებით, გრძნობით და სულიერი ცხოვრებით მაშინდელი გურიის ავად–აზნაურულ გაფუქსავატებულ ნაწილს საზოგადოებისას, რომელნიც მესამე დასელებს უწოდებდნენ თავისთავს”. თვითგანვითარების გამოა, რომ ნატალია მიხეილის ასული აზიანი-დონდაროვა 13 წლისა ტოლსტოის „კრეიცერის სონატას“ კითხულობს და შემდეგ მასწავლებელ-ქალს „გულუბრყვილოდ“ ჰკითხავს, „Что такое „дом терпимости“?“, რაზეც ერთი ამბავი ატყდება. ეს მოუსვენარი გოგონა თბილისის „წმინდა ნინოს“ სახელობის პანსიონში თავს ცუდად გრძნობს, სატუსაღოდ მიაჩნია, მხოლოდ რუსულად ან ფრანგულად ლაპარაკის უფლებას აძლევენ. ბოლოს „გამოაბრახუნეს“, რადგან „ნაჩალნიცა“ ტატიშჩევას ზემო სართულიდან ვაშლი სთხლიშა თავში, იმის გამო, რომ ხშირად სჯიდა.

იმავეს აკეთებდა ნატალია გორის პროგიმნაზიაშიც. დირექტორ სტრელეცკის ქრონიკული ნერვიული თავის ცანცარი ჰქონია, კლასში გამოჩნდებოდა თუ არა, გოგონაც თავს აქეთ-იქით აქნევდა, აჯავრებდა და ამაზეც არაერთხელ დაუსჯიათ. ყოფაქცევაში ყოველთვის „ედინიცა“ ჰყოლია თურმე, მათემატიკაშიც იგივე. ხშირად ერთობოდა კლასელებისთვის თმათა ჩაწვნით და შემდეგ დაფასთან გამოძახებისას ძალიან ხალისობდა, როცა ერთს გამოიძახებდნენ და იგი მეორესაც წაითრევდა დაფისკენ. მორიგი გამორიცხვის შემდეგ ისევ მოიცალა საყვარელი წიგნებისთვის. ბევრ კითხვას უწუნებდნენ, გაგიჟდებიო. მერე გონჩაროვის Обрыв წაიკითხა და „ამ რომანის გმირ ქალ ვერასეეფ, რომელიც იქამდინ მომწონდა, რომ ჩემ იდეალათ დავისახე, ქოლგას ვიღებდი ხელში, სახლიდან ვიპარებოდი და გორის მიდამოებში ვეძებდი ჩემ ხვედრ ვოლოხოვს. ჩემ საბედნიეროთ, არავინ შემხვდა, თორემ, გადაცმული კინტოც რომ ყოფილიყო, მარკიზ პოზა-თაც მეჩვენებოდა. საზოგადოთ, ნიღილიზმმა ძალიან გამიტაცა“.

მუდმივ კითხვას უწუნებენ მარიამ გარიყულსაც. ამიტომ, გადაწყვეტილი აქვს, მონაზვნად წავიდეს. მამას ბიძაც კი მიუგზავნა მოციქულად. ასე ფიქრობდა, რომ მონასტერში თავისუფლად იცხოვრებდა და რასაც უნდა, იმას წაიკითხავდა. მამამისს მოციქულის პირითვე შემოუთვლია: „როდესაც ოცდახუთი წლის იქნება და მაშინაც ამ სურვილს განიმეორებს, აღარ დავუშლიო“.

კითხვაზე გამახსენდა, ლეო ქიაჩელს უწერია ავტობიოგრაფიაში სიტყვასიტყვით ასე, უელსისა და დარვინის ორიგინალებს ვკითხულობდით რუსულ თარგმანშიო.

ერთხელ, 1885 წელს, 16 წლის დავით გაბრუაშვილი-ვეძელი გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში შევიდა და კარგი წასაკითხი წიგნები მოითხოვა, თანაც დასძინა, ყარამნიანი, ვისრამიანი, ბარამიანი, ალექსიანი, ალღუზიანი, შვიდ ვეზირიანი უკვე წაკითხული მაქვსო. უცებ ერთი უცნობი გამოირჩა და ბარათი მისცა: „ამ ბარათით ქართულ თეატრში მიკითხე და წიგნსაც მოგცემ და თეატრის ბილეთსაც“-ო. ეს უცნობი ალექსანდრე ყაზბეგი ყოფილა. შემდეგ პარიკმახერთან გადასულა დავით გაბრუაშვილი სამუშაოდ და იქ კიდევ უფრო კარგად დაწაფებია თვითგანვითარებას. მალე ლექსების „წერვაც“ დაუწყია.

ჰაიდარ ალის ძე აბაშიძის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ის მომენტი ყოფილა, როცა “ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ დავაღწიე ავი ხოჯა-მოლების გავლენას და შევიგნე, რომ ქართველი ვარ. შეგნება იმისა, რომ აჭარელი ქართველია, ყველაზე ადრე შთამინერგა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ბათუმის ქართულმა სკოლამ“.

სწავლა რთული და მტკივნეული პროცესია, ბავშვებს ჭინჭრითაც უსუსხავენ წვივებს, ლაზათიანი ყურის აწევებიც გვხვდება და, საერთოდ, უმრავლესობას ჰგონია, რომ სკოლა ის ადგილია, სადაც აუცილებლად უნდა სცემონ, სახაზავებით გაუმასპინძლდნენ და სახლში მუდამ თვალცრემლიანი გამოუშვან”. ცემა-ტყეპა, პიროვნების ფეხქვეშ ელვა, ფიზიკური შრომისა და სიარიბისათვის ზოგიერთი მასწავლებლის მხრივ მასხრად აგდება, დაჩოქება, გინება, დამამცირებელი ეპიტეტები”. ქართულად დალაპარაკებაზე სასჯელს ვერავინ აცდა. კონსტანტინე კაპანელი იხსენებს, რომ კვანათის ნორმალურ ორკლასიან სასწავლებელშიც და ფოთშიც, ქართულად დალაპარაკება აკრძალული იყოო. ასეთ დროს მას „მაშინათვე მიაჩეჩებდნენ ხელში განსაკუთრებული ფორმის ფირფიტას, რაც ნიშნავდა გაკვეთილების შემდეგ დარაჯებთან სასწავლებლის შენობის დახვეტის ვალდებულებას“. ალიო მირცხულავაც ახსენებს ამ ე.წ. „ბეზაბედას ფირფიტებს“. ამ წესს ბავშვებიც გაუეშმაკებია და „ვაი მაშინ, თუ ვინმე ცუღლუტი მოწაფეთაგანი ამ ნალისოდენა ფირფიტას შემოგაჩეჩებდა ხელში! საღამომდე სკოლაში უსმელ-უჭმელა დაგტოვებდნენ“. იქვეა დასჯის მეთოდების აღწერაც:

„<მასწავლებელი> თავში ჩააფრინდებოდა მოწაფეს, ორივე ყურით მაღლა ასწევდა და ასე იმდენხან ეჭირა, სანამ საწყალ ბავშვს გუგებიდან თვალები არ გამოეკარკლებოდა და აგლეჯილ ყურებიდან სისხლი ყელზე არ გაესკვნებოდა“.

ალიო მირცხულავა ასევე დეტალურად იხსენებს საღმრთო სჯულის მასწავლებლის, კინტირია კვირკველიას ჭირვეული ჯორის ამბავსაც.

მხოლოდ მასწავლებლები არ აწამებდნენ უმცროსობას, არამედ ხანდახან მოსწავლეებიც ტანჯავდნენ თავიანთ მოძღვრებს. მაგ. კოლაუ ნადირაძეს ჰყვარებია მათი წვალება, სხვათა მაგალითებიც საკმაოდ ვიცით, თუნდაც იაკინთე ლისაშვილის, ვინც სოფლის სკოლაში სწავლისას ძალიან გამოირჩეოდა ცელქობით, ხშირი იყო ჩხუბი და გარტყმა, „რის გამოც მასწავლებელი ხშირად მაგდებდა სკოლიდან და ბოლოს საქმე ისე მოეწყო, რომ მასწავლებელთან ცუდი დამოკიდებულების გამო მეოთხე განყოფილებაში ორი წელი ვიჯექი (მანამდე ვსწავლობდი კარგად) – მასწავლებელი (კ. სვანიძე) არც მკითხავდა რასმეს და არც მე ვუპასუხებდი. ჩვენ „გადაკიდებულები“ ვიყავით. ამის გამო მივატოვე სწავლა…“.

სოსო გრიშაშვილი „შაიკის“ მეთაურია და შემდეგ სკოლიდანაც რიცხავენ ცელქობის გამო.

აკაკი გაწერელიას კითხვა ძალიან ადრე დაუწყია, კითხულობდა უწესრიგოდ, მოთხრობებს, რომანებს, ბროშურებს, ძველ ჟურნალ-გაზეთებს, ქართველ კლასიკოსებს, ილიას, აკაკის, ალექსანდრე ყაზბეგს. 12 წლამდე წაუკითხავს რაც კი რამ ბულვარული რომანი იყო თარგმნილი, მიადგა მაჩაბლის შექსპირსაც. გიმნაზისტობის პერიოდში რუსული და ევროპული ლიტერატურა ამოწურა, იხსენებს დოსტოევსკით გატაცების პერიოდსაც. კითხულობდა ედგარ პოს, სტრინდბერგს, იბსენს, ანდრეი ბელისა და ექსპრესიონისტებს, ვასილი როზანოვს.

მთხრობელები ასახელებენ თავიანთ საყვარელ მასწავლებლებსაც. ყველაზე ხშირად მათ რიცხვში ხვდებიან ვასილ ბარნოვი, ია ეკალაძე, ვუკოლ ბერიძე, ნიკო ლომოური. ახსენებენ ცნობილ პედაგოგებსა და საზოგადო მოღვაწეებს, ნაკლებად ცნობილ მასწავლებლებს, ანეტა იურკევიჩსა და ზემო მაჩხაანელ ელენე ბოსტაშვილს, ქართული კლასიკური ლიტერატურის დიდ მოყვარულს, ქსენია მაქსიმეს ასულ ბოლქვაძეს, „ადამიანურობის ეტალონს“. ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას გორის პროგიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებლად დახვედრია ცნობილი რევოლუციონერ-ხალხოსანი მიხეილ ყიფიანი, რომელმაც ყმაწვილი ქალის ბუნდოვანი მისწრაფებები „დღის სიცხადეში“ გამოუტანია და „მაგარი უროთი ჩაუმკვრივებია“. თბილისის ქალთა საეპარქიო გიმნაზიაში ასწავლიდნენ ახალგაზრდა კორნელი კეკელიძე, გიორგი ახვლედიანი, დიმიტრი უზნაძე, სერგი დანელია და სერგო გორგაძე. სანდრო შანშიაშვილი ახსენებს მოსე ჯანაშვილს, საშა ნეიმანს, ლათინური ენის მასწავლებელ ალექსანდრე მიქაბერიძეს, გერმანულის მასწავლებელს, ნიკო ლორთქიფანიძეს, პეტრე მირიანაშვილს, გრ. ვოლსკის, გიორგი ნათაძეს, სეით იაშვილს, სამღვთო სჯულში კალისტრატე ცინცაძეს. გიორგი ლეონიძის საყვარელი მასწავლებლები არიან – შიო შიუკაშვილი, ვასილ ბარნოვი, ნიკო სულხანიშვილი და ია კარგარეთელი. ვასილ ბარნოვზე წერს, მისი უსაყვარლესი მოწაფე და მესაიდუმლე გავხდიო. იგი თავისი ჩარიცხვის წელს იხსენებს, 1913-ს. ამ დროს სემინარიიდან 2 წლის გარიცხული იყო გალაკტიონი, ნიჭიერ ახალგაზრდა პოეტს, „დემონს“ (ქუჩუ ქავთარაძეს) ვერ აეტანა სემინარიის რეჟიმი და თავი მოეკლა, ხოლო ი. მოსაშვილს უკვე მოესწრო ხარკოვის უნივერსიტეტში შესვლა.

ხშირად უსახსრობის გამო სწავლის მიტოვება უწევთ ყმაწვილებს, თუმცა უმრავლესობა მალევე პოულობს გამოსავალს და სხვა სასწავლებელში გადადის, ან უფასოში ან შეღავათიანში. ანდა სულაც ეგრევე მასწავლებლები ხდებიან, როგორც მაგ. სოლომონ ცაიშვილი. იგი ძალიან ემადლიერება იონა მეუნარგიას ოჯახს, რომელიც მისი თვითგანვითარების დაუშრეტ წყაროდ იქცა.

უმაღლესი განათლება

ჯერ სასწავლებლებს ჩამოვთვლი:

თბილისის, პეტერბურგის, ვარშავის, ბერლინის, ნანსის, პარიზის სორბონის, მიუნხენის, ჟენევის, ლაიფციგის, ბერნის, ბრიუსელის, ნოვოროსიისკის, ყაზანის, მოსკოვის, ხარკოვის უნივერსიტეტები, კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი, ბრიუსოვის სახელობის სალიტერატურო ინსტიტუტი, პეტერბურგის ფსიქო-ნევროლოგიური ინსტიტუტი (აქ ვლადიმერ გეგეჭკორი სწავლობდა, სწავლას თავი დაანება ფილტვების დაავადების გამო. ნევროლოგიურში კიდევ რამდენიმე ქართველი მწერალი სწავლობდა, ეტყობა რაღაც განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა ამ სასწავლებელს). მოსკოვის მინაევსკის სახელობის უნივერსიტეტი, ყაზანის აკადემია, თბილისის საკავშირო სუბტროპიკული ინსტიტუტი, ვარშავის სამასწავლებლო ინსტიტუტი, ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტი, მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი, ქუთაისის საავიაციო ტექნიკუმი, ბათუმის პოლიტ-საგანმანათლებლო სასწავლებელი. ლევან გელაძე (დ. 1932) თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში პედიატრიულ ფაკულტეტზე სწავლობდა და საცხოვრებელ მისამართსაც ასახელებს, მედქალაქი, #74 ოთახი. 

სხვათა შორის, მე-20 საუკუნის 30-იან წლებში პოპულარული იყო მოსკოვის ლიბკნეხტის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. რამდენიმე აფხაზმა მწერალმა სუხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა. ნანა გალავანოვამ სტალინირის (ცხინვალის) პედინსტიტუტში ჩააბარა 1952 წელს, აქვე სწავლობდა კიდევ რამდენიმე ოსი მწერალიც. მამედ ვარშანიძე ცეკასთან არსებულ ორწლიან სკოლაში სწავლობდა, თინა დონჟაშვილმა კი მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტი, ხოლო შემდეგ ლენინგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემია დაასრულა. 1939 წელს მესამე რანგის სამხედრო ექიმის წოდება მიანიჭეს და გააგზავნეს ქირურგ-ორდინატორად თბილისის საოლქო სამხედრო ჰოსპიტალში, საიდანაც ფრონტზე მოხვდა. თავისი მოკლე ავტობიოგრაფიის ბოლოს ავტორი წერს: „1946 წელს ვიქენი დემობილიზებული. 1947 წელს დავიწყე წერა.“. 

ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი დაამთავრა ლადო ასათიანმა, რომელიც შემდეგ ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა.

მონპელიეს უმაღლეს აგრონომიულ სასწავლებელში სწავლობდა სიმონ ქვარიანი, სადაც ფრანგულ ენაზე ნაშრომიც დაწერა, „კავკასიის მევენახეობა-მეღვინეობის სურათები“ და რომელიც ცალკე წიგნადაც გამოიცა 1900 წელს. ნატალია აზიანი-დონდაროვა მოსკოვის უნივერსიტეტში თავისუფალი მსმენელია და კლუჩევსკის და სხვათა ლექციებს ესწრება, თუმცა ახალგაზრდა დრამატურგი უფრო დიდი აღტაცებით ელეონორა დუზეს თამაშს იხსენებს, ვიდრე სწავლას. მის წარმოდგენებს იგი ოთხჯერ დასწრებია, ორჯერ დიუმას „მარგარიტა გოტიეს“ და თითოჯერ „ადრიენა ლეკუვრერსა“ და ზუდერმანის „სამშობლოს“. დასი იტალიურად თამაშობდა თურმე, თუმცა დონდაროვას ყველა ეს პიესა ზეპირად სცოდნია და არაფერი გამოჰპარვია. იგი ასევე დასწრებია დირიჟორ ნიკიშის კონცერტებს, იქვე აღნიშნავს, „სერიოზული მუსიკა აგრერიგათ არ მესმოდა და ყველას ისევ ჩვენი თარი და ბაიათები მერჩივნაო“. ასეთ მონატრებას სხვაგანაც ავლენს ქალბატონი ნატალია, „იმატრას“ განთქმულ წყალვარდნილს ახსენებს და ასე ამბობს, „ჩვენი ატენის ხეობა მომაგონაო“.

თედო სახოკია ჟენევაში მიემგზავრება სასწავლებლად, ჯერ ფრანგულს სწავლობს ინტენსიურად და შემდეგ იქაური უნივერსიტეტის  საბუნებისმეტყველო „ნაწილზე“ შედის, სადაც კარლ ფოხტისა და გრებეს ლექციებს ისმენს, მალე კი პარიზში ჩადის და სორბონში „საისტორიო ნაწილზე“ აბარებს, რადგან ამ ფაკულტეტზე ფული არ იყო გადასახდელი. ამის მიუხედავად, მაინც ვერ შეძლო პარიზში დიდხანს გაჩერება და 2 წლის შემდეგ, 1889 წელს საქართველოს დაუბრუნდა. ამას არ შეუშლია ხელი ახალგაზრდა მწერლისთვის და მეცნიერისთვის, რომ ევროპაში დაბრუნებაზე ეფიქრა და 1900 წელს, კათალიკოს-პატრიარქის, კირიონის ხელშეწყობით ისევ დაუბრუნდა პარიზს, სადაც, სხვათა შორის, მსოფლიო გამოფენა იმართებოდა და თედო სახოკიაზე განსაკუთრებული გავლენა მოუხდენია ამ „კოლოსალურ, სასწაულებრივ და განსაცვიფრებელ პროგრესს“.

გამოფენის დათვალიერების შემდეგ პარიზის საანთროპოლოგიო საზოგადოებასთან არსებულ საანთროპოლოგიო უმაღლეს სკოლაში შევიდა:

„იმავ თავითვე ძალიან მაინტერესებდა ბიოლოგია, ყოველ ორგანულ არსის და, უმთავრესად, ადამიანის წარმოშობის ისტორია, მისი პირველყოფილი მდგომარეობა და კულტურა, თანდათანი პროგრესი, ვიდრე დღევანდელ მდგომარეობამდე მიაღწევდა. ჩემი გული მიიწევდა კერძოდ ეტნოგრაფიისაკენ, რომელიც, დაბოლოს, ჩემს სალიტერატურო მუშაობაში, ჩემს სპეციალობად უნდა გამეხადნა“.

საანთროპოლოგიო უმაღლესი სკოლის მონაკვეთში სახოკია თავის პროფესორებს ჩამოთვლის და შემდეგ თავის საგანსაც აღწერს, დაუვიწყარია სიტყვები, თუ როგორ ტაატით მოდიოდა ჩვენი წინაპარი, ტაატით ეძებდა ჭეშმარიტებას, კანონებს, პრინციპებს. ერთ-ერთ სხდომაზე ბატონების (ყვავილის) სახალხო მკურნალობის შესახებაც წაუკითხავს მოხსენება. შემდეგ წიგნადაც გამოუცეს ეს მოხსენება. ანდაზების კრებულიც გამოუცია ფრანგულად, იქიდან კი „ცნობის ფურცელსა“ და „მოამბეს“ ყოველ კვირა უგზავნიდა თითო წერილს. იმ პერიოდში მოგზაურობაც მოასწრო – ინგლისში, შვეიცარიაში, ბელგიაში, იტალიაში, სადაც მიქელ თამარაშვილს მიუწვევია. ნაწერების დაბეჭდვაშიც ეხმარებოდა.

ერთხელ მეგობარმა მკითხა, როცა თედო სახოკიას თარგმნილ „დეკამერონზე“ ჩამოვაგდე სიტყვა, „კი მაგრამ, იცოდა იტალიურიო?“. აი, მისი პასუხი:

„გადავწყვიტე შემოდგომამდე, ე.ი. პარიზში სწავლის განახლებამდე, ორი თვე გამეტარებინა იტალიის ისეთ მხარეში, სადაც ყველაზე წმინდათ ლაპარაკობდნენ იტალიურსა, აქ ენაც მესწავლნა და ზაფხულის თვეებიც სოფლის წმინდა ჰაერზე გამეტარებინა“.

პარიზისა და შემდეგ ბრიუსელის უნივერსიტეტში სწავლობდა დავით კასრაძე, რომელიც ლენინთან შეხვედრასაც იხსენებს. მას კობა სტალინი უქია. კასრაძე ბავშვობიდან იცნობდა სტალინს, მისი ძმის კლასელი იყო და ამიტომ აღფრთოვანდა ამ შექებით, შემდეგ კი სტატიაც დაუწერია და ლენინის თანასწორ ადამიანად დაუსახავს იგი. თანაც ამაყობს, ეს მე ვთქვი პირველადო:

„ვერავითარი დედოფალი მარია ანტუანეტა ვერ მოისყიდის სტალინს და ისტორიის წინაშე გამურული პირბადით არ წარსდგება, როგორც რევოლუციის მოღალატე“.

დეტალურად ჰყვება თავისი უმაღლესი განათლების ამბებს კონსტანტინე გამსახურდია. ჯერ კენიგსბერგის უნივერსიტეტში შევიდა, სადაც კანტს სწავლობდა, შემდეგ ლაიფციგის უნივერსიტეტში გადავიდა, სადაც ვუნდტს და კოსტერს უსმენდა, ასევე კასირერს, გატაცებული იყო შოპენჰაუერის ფილოსოფიით, ვაგნერის მუსიკით, ბალზაკისა და სტენდალის რომანებით. 1913 წელს მიუნხენის უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას, გაიცნობს თომას მანს (როგორც სხვაგან აღნიშნავს, გაუცნია გერჰარტ ჰაუპტმანი და ანატოლ ფრანსიც). 1914 წელს, ომის დაწყებისთანავე აპატიმრებენ, პატიმრობა კიდევ უფრო აკადემიური გამოდგა – იქვე იყვნენ „გამოჩენილი სწავლული პირები“, მწერლები, მუსიკოსები, მომღერლები, ელინისტები, რომელთან ერთადაც თათბირებს ატარებდნენ „ელლინთა“ ლიტერატურასა და კულტურაზე, ოქსფორდელი პროფესორები, ბრიუსელის სწავლულები, ირლანდიელი მხატვრები, პარიზელი დენდები. ლაგერში თურმე კონცერტებიც ეწყობოდა, ასევე გამოფენები, ლიტერატურული საღამოები. ბოლოს კონსტანტინე გამსახურდია თომას მანს გამოუხსნია და მიუნხენის უნივერსიტეტში დაბრუნებულა.

შემდეგ ბერლინის უნივერსიტეტში შესულა, რომელიც 1919 წლს დაუსრულებია და ფილოსოფიის დოქტორის წოდება მიუღია. იმოგზაურა იტალიაში, 6 თვე ფლორენციაში, 3 თვე რომში: „ამ დროს მივიღე ნებართვა გადამეთარგმნა ქართულად დანტე“. 

წიგნში კონსტანტინე გამსახურდიას ორი ავტობიოგრაფიაა შესული, ერთმანეთისგან მცირედ განსხვავებული. მაგ. მეორე ავტობიოგრაფიაში ასეთ ცნობასაც ვხვდებით:

„1923 წელს ს. ორჯონიკიძის დახმარებით წავედი პარიზს და მთელი 2 სემესტრის მანძილზე ვუსმენდი ცნობილ ფილოსოფოს ბერგსონს“.

სხვათა შორის, სერგო ორჯონიკიძე ასეთ შუამავლობებში და დახმარებებში კიდევ არაერთხელ ჩანს, ხან სტალინთან შეხვედრას უგვარებს რომელიმე მწერალს, ხან კიდევ რაღაც თემებს ალაგებს.

ბევრია ისეთი, ვინც მიატოვა სწავლა. დავით სულიაშვილი 10 წელი ცხოვრობდა ევროპაში, ლაიფციგში, ჟენევაში, ციურიხში. ჟენევაში სოციოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა უსახსრობის გამო ვერ დაამთავრა. სიკო ფაშალიშვილმა 1918 წელს თბილისის ახლად გახსნილი უნივერსიტეტის სიბრძნისმტყველების ფაკულტეტი დატოვა. სწავლა არ დასცალდა გაბრიელ ჯაბუშანურსაც. მან პირველად 1934 წელს ჩააბარა უნივერსიტეტში და მალევე დაანება სწავლას თავი ხელმოკლეობის გამო – იგი თელავის რაიონის სოფელ ინგეთში გადავიდა მასწავლებლად, თავისივე სოფელში, სადაც 1933 წელს გადმოსახლდა ხევსურეთიდან მშობლებთან ერთად. 1936 წელს ხელახლა ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის დას/ევროპული ენებისა და ლიტერატურის სექციაზე, გერმანულის განხრით, თუმცა უნივერსიტეტი ამჯერადაც არ დაუმთავრებია.

ალექსანდრე ქუთათელი 1918 წელს დაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში ჯერ სამკურნალო ფაკულტეტზე შევიდა და შემდეგ ფილოლოგიური არჩია. აქ იგი გრიგოლ წერეთელს დაემოწაფა. მესამე პირში ასე წერს ავტორი:

„წერეთელი მას თავის ბინაზეც ამეცადინებდა, ძველი ბერძნულის იონიურ, დორიულ კილოკავებში წვრთნიდა, თავის კათედრაზე დატოვებას უპირებდა“.

ბრიუსოვის სახელობის სალიტერატურო ინსტიტუტში სწავლობდა ალიო მირცხულავა, სადაც თავად ბრიუსოვი იყო რექტორი და ლექტორიც. ავტორი რამდენიმე შემთხვევას იგონებს: ერთხელ თურმე მთვრალი ესენინი შემობარბაცებულა ლექციაზე, კათედრაზე ასულა და თავისი ლექსის კითხვა დაუწყია. ბრიუსოვს არც შეუმჩნევია ეს ამბავი, ისევ თავის ადგილას იჯდა, გულზე ხელდაკრეფილი. მაიაკოვსკისაც არაერთხელ გადაყრია ავტორი მოსკოვში სწავლისას. შემდეგ თბილისის შეხვედრასაც იხსენებს ალიო მირცხულავა, როცა მან, კარლო კალაძემ და კონსტანტინე ლორთქიფანიძემ შეხვედრა მოუწყვეს სათაყვანებელ პოეტს. მირცხულავასთვის უთქვამს, შენი ლექსი ბესიკსაც მაგონებსო და ქართულად დაუწყია დეკლამირება: „ტანო ტატანო, გულწამტანო, ზილფად მარებო!“. ამ მოგონებას ძალიან უფრთხილდება პოეტი, თუმცა 1936 წელს მოსკოვში, კრემლში, სტალინთან შეხვედრას უფრო დიდი სიყვარულით იხსენებს.

1927 წელს ჩაირიცხა უნივერსიტეტში სოლომონ ხუციშვილი. იგი თითქმის ყველა თავის მასწავლებელს ჩამოთვლის: ივანე ჯავახიშვილს, კორნელი კეკელიძეს, გიორგი ჩუბინაშვილს, აკაკი შანიძეს, გიორგი ახვლედიანს, მიხეილ ზანდუკელს, ვახტანგ კოტეტიშვილს. იმ დროს ახალგაზრდები იყვნენ სიმონ ჯანაშია, არნოლდ ჩიქობავა, ალექსანდრე ბარამიძე, ვარლამ თოფურია, კოტე ბაქრაძე, რევაზ ნათაძე, რომლებიც პრაქტიკუმში ამეცადინებდნენ სტუდენტებს. ცალკე გამოყოფს სოლომონ ხუციშვილი შალვა ნუცუბიძისა და სერგი დანელიას ლექციებს.

სოლომონ ხუციშვილი ახსენებს გრიგოლ წერეთელსაც, რომელზეც ასევე მოწიწებით წერს აკაკი გაწერელია. მან 1932 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტი და ყველაზე დიდი სიყვარულით გრიგოლ წერეთლის ლექციებს იხსენებს კლასიკური (საბერძნეთისა და რომის) ლიტერატურაზე. სხვათა შორის, აკაკი გაწერელია 15 წლისა უკვე სტატიებს ბეჭდავდა, მაგ. ექსპრესიონიზმზე და სხვ თემებზე. შემდეგ იგი ამ წერილებს მოწაფურ ვარჯიშობას უწოდებდა. 16 წლისა იგი უკვე ფუტურისტების კორპორაციის წევრი გახდა, საქართველოს მწერალთა ყრილობის დელგატიც ამ ასაკში იყო. ამავე ასაკში ინტერესდება იგი ფორმალიზმით და პოეტიკის საკითხებით. 19 წლისა პირველ მოხსენებას კითხულობს ქართული ლექსის რიტმიკაზე.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

© არილი

Facebook Comments Box