ახალი წიგნები

ახალი წიგნები (აპრილი, 2007)

ეკა ქევანიშვილი, “ჭორია”, ამელი (ნინო თარხნიშვილი), “ქალთარაფერა” (ლექსები); რედაქტორი ანა ჭაბაშვილი, თბ. “დიოგენე” 2006.

ორი გოგოს ჭორ-მართალი, უჩვეულო ქალური სითამამით მოყოლილი ჩვეულებრივი ამბები. გოგოები ცხოვრობენ, უხარიათ, ტირიან, იცინიან, დარდობენ, ალაგებენ სახლებს, ფუსფუსებენ სამზარეულოში, ელოდებიან, ენატრებათ, ხან ღმერთებს ელაპარაკებიან და ხანაც ოთახის კუთხეებში გაბმულ აბლაბუდებს წმენდენ… მაგრამ ორი ავტორი ამას ერთმანეთისგან აბსოლუტურად განხვავებული ფორმით და შინაარსით აკეთებს – ეკა არ სპეკულირებს ემოციურობით, მკითხველი სიამოვნებას იღებს ტექსტებიდან და ავტორის პიროვნებაც სტროფებს მიღმა რჩება. ამელის მინიატურული პროზა კი ემოციების პატარა ხურჯინია, სადაც ტექსტებზე მეტად ხშირად ავტორი იკითხება.

ირაკლი კაკაბაძე, “კანდიდატი ჯოყოლა” (პიესა); თბ. “სიესტა”, 2007 (მეორე გამოცემა).

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდანტის, ჯოყოლა ქისტაურის წინასაარჩევნო კამპანია წარმატებით მიდის. ელექტორატში მისი რეიტინგი მატულობს და პარტიაც კმაყოფილია პროცენტული მაჩვენებლებით. თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ამის შესახებ საინფორმაციო გადაცემის ტელეწამყვანები ჰყვებიან. პოლიტიკური რეალობა და გარემოცვა ჯოყოლას პიროვნული განითარებისა და ბედნიერებისთვის გასაქანს არ აძლევს. ისიც იმავე პრობლემას აწყდება, რასაც – ვაჟას პერსონაჟი: პიროვნებასა და საზოგადოებას შორის გაუცხოება, “თემობის წესის” მკაცრი კანონები და მათზე მორჩილება, როგორც ჩანს, არც 21-ე საუკუნის საქართველოსთვის ყოფილა უცხო. წიგნი დაჯილდოებულია ჰელმან-ჰამეტის ლიტერატურული პრემიით. პრემია ენიჭებათ მწერლებს, რომელთაც მოღვაწეობა უხდებათ ავტორიტარული და ტოტალიტარული მმართველობის პირობებში და მათ ნაწერებში ჰუმანიზმია გამოვლენილი.

ჯორჯ ორუელი, “ცხოველთა ფერმა”; მთარგმნელი დავით აკრიანი; თბ. “სიესტა”, 2006.

ცხოველებმა აჯანყება მოაწყვეს და ფერმიდან განდევნეს ადამიანები; მათი გადაწყვეტილება შემდეგნაირია – შექმნან საკუთარი მმართველობის სისტემა, მაგრამ, ამავე დროს, არანაირად არ დაემსგავსონ ადამიანებს. აკრძალულია ტანსაცმლის ჩაცმა, საწოლზე წოლა, ფულის გამოყენება და სხვა ფაქტორები, რომლებიც მხოლოდ ადამიანს ახასიათებს. მაგრამ, მიუხედავად დიდი მცდელობისა, დროთა განმავლობაში ფერმა მაინც “ეცემა ადამიანის დონემდე” – კეთილშობილი ცხოველები ადამიანურდებიან. “ცხოველთა ფერმა” პოლიტიკური იგავ-არაკია, რომელიც აკრიტიკებს ადამიანურ ბუნებას და შესაბამისად, ყველა იმ ფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ “ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგი – უფრო.”

კატარინა მასეტი, “ტიპი მეზობელი საფლავიდან” (რომანი), მთარგმნელი დავით გაბუნია, რედაქტორი თამარ გავაშელიშვილი, თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2006.

ქვრივი დეზირეს ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა წიგნებით გადავსებული პატარა ოთახი, ამავე ნივთებით გარემოცული სამსახური – ბიბლიოთეკა, და გარდაცვლილი ქმრის საფლავი ქალაქგარეთ. არც ფერმერი ბენის სამუშაო დღე გამოირჩევა განსაკუთრებულობით, უბრალოდ, ხანდახან მშობლების საფლავზე უწევს გასვლა… სწორედ აქ შეხვდებიან ერთმანეთს დახვეწილი, ინტელექტუალი ქვრივი და ტლანქი, ვულგარული ფერმერი. მართალია, ერთმანეთისგან მათ სოციალური მდგომარეობა და მისწრაფებები აშორებთ, მაგრამ აერთიანებთ რაღაც, რის გამოც მათი ურთიერთობა ჯერ რომანტიულ, ხოლო შემდგომ კი დრამატულ ხასიათს იღებს. არსებობს თუ არა პრიორიტეტები ქალისა და კაცის ურთიერთობაში, და თუ არსებობს, რა არის ეს – რაციონალიზმი თუ შიშველი ვნება? კატარინა მასეტს ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები აქვს.

პიერ ბურდიე, “განსხვავება”, მსჯელობის სოციალური კრიტიკა, მთარგმნელი გიორგი ბარამიძე, რედაქტორი ლალი ქადაგიძე. თბ. “დიოგენე”, 2006.

ფრანგი ფილოსოფოსის კლასიკად ქცეული პოსტსტრუქტურული დაკვირვებები სოციალურ ჯგუფებზე, მათ ესთეტიკაზე, გამოვნებასა და აღქმის კოეფიციენტებზე. წიგნი საფრანგეთში 1979 წელს გამოიცა და არაერთი სოციოლოგის კვლევის საგანი გახდა. ნაშრომს თან ერთვის სტატისტიკური მონაცემები, გრაფიკები და ცხრილები, რომლებიც მსჯელობის სოციალური კრიტიკის თემას კიდევ უფრო საინტერესოს ხდიან მკითხველთა ფართო აუდიტორიისთვის.

“ძველი მსოფლიოს ისტორიის ენციკლოპედია”. ავტორთა ჯგუფი. მთარგმნელი ციცო ხოცუაშვილი, რედაქტორები რუსუდან გორგაძე, მარინე სოხაძე. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”. 2006.

ამომწურავი ინფორმაცია ძველი მსოფლიოს ისტორიული განვითარების შესახებ მკითხველთა ფართო ასაკობრივი და ინტელექუალური სპექტრისათვის. მესოპოტამიის სამყარო, ძველი ეგვიპტე, ძველი საბერძნეთი, რომი, მაკედონია – ადრეული ცივილიზაციების შესახებ აქ ლეგენდების, ფაქტებისა და თარიღების მთელი რიგია წარმოდგენილი. წიგნს თან ერთვის რთული სიტყვების ლექსიკონი. გარდა ამისა, ხშირად შეგხვდებათ რჩევა, ესტუმროთ საინტერესო ვებ-გვერდებს და მეტი გაიგოთ ძველი სამყაროს შესახებ.

© “ცხელი შოკოლადი”

Facebook Comments Box