ახალი წიგნები

ახალი წიგნები – 2008 – დეკემბერი

გაბრიელ გარსია მარკესი, მოთხრობები. მთარგმნელი თეა გვასალია. თბ. “ინტელექტი” 2008.

ცამეტი მოთხრობა და ერთი რომანი – წიგნი კიდევ ერთი საჩუქარია კოლუმბიელი მწერლის ქართველი თაყვანისმცემლებისთვის. გაბრიელ გარსია მარკესის არაერთი ნაწარმოებია უკვე ქართულ ენაზე ნათარგმნი, რომელთა რიცხვსაც ამჯერად მოთხრობები: “ქვეყნად ყველაზე ლამაზი დამხრჩვალი”, “ტრამონტანა”, “აგვისტოს საშინელებანი”, “გზა მშვიდობისა, ბატონო პრეზიდენტო”, “სანტა”, “ჩვიდმეტი მოწამლული ინგლისელი, “შენი სისხლის კვალი თოვლზე”, “მარია დუშ პრაზერეში” და სხვ., და რომანი “სიყვარულსა და სხვა დემონებზე” შეემატა. წიგნში ასევე წაიკითხავთ ქართველი რეჟისორის, დავით პაპავა-გურჯის ნობელიანტ მწერალთან შეხვედრის სასიამოვნო მოგონებებს.

ჯუანშერ ტიკარაძე, „უკუქცევა“ (ლექსები). თბ. „დიოგენე“ 2008.

პოეზიის მოყვარულებს წინ კიდევ ერთი საინტერესო საკითხავი ელით – ჯუანშერ ტიკარაძის ახალ პოეტურ კრებულში „უკუქცევა“ პოეტის 1982-2006 წლებში დაწერილი ლექსებია თავმოყრილი. წიგნი ავტორის მეორე პოეტური კრებულია, მკითხველთა ნაწილი მის შემოქმედებას 2002 წლის გამოცემით იცნობს. „მიმავალი კაცის ჩანაწერები“, „სანამ ოფელიას მოასვენებენ,“ „გაწყვეტილი კრიალოსანი“, „ბეკეტი, კამიუ და სხვანი მარტოხელა ზარმაცი ადამიანისთვის“, „ვინმე, ნისლიდან გამოსული“, „ინსტრუქციები დამწყებ მომაკვდავს“ და სხვა ლექსები კიდევ ერთ საინტერესო და გამორჩეული ხელწერის მქონე პოეტს გააცნობს მკითხველს.

მაინ რიდი, “უთავო მხედარი” (რომანი). მთარგმნელი ელგუჯა მაღრაძე. რედაქტორი ანა კორძაია-სამადაშვილი. თბ. “არეტე” 2008.

ყველას გვაქვს სამყარო, რომელში დაბრუნებაც ხანდახან ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლებს – ბავშვობას ან სიყმაწვილის პერიოდს გვახსენებს. გვაქვს წიგნებიც, რომლებიც ამ სამყაროში გვაბრუნებს. ალბათ არაერთი თქვენგანისათვის ერთ-ერთი ასეთი წიგნი მაინ რიდის „უთავო მხედარია“ – მეცხრამეტე საუკუნის ტეხასის უდაბნოებშიც გიმოგზაურიათ რომანის პერსონაჟებთან ერთად და მორისისა და ლუიზას სასიყვარულო თავგადასავლის გულშემატკივარიც ყოფილხართ. ახლა კიდევ ერთხელ გეძლევათ საშუალება, გაიხსენოთ საყვარელი რომანი, იმ ახალგაზრდებს კი, რომელთაც ჯერ არ წაუკითხავთ „უთავო მხედარი“, წინ საინტერესო სათავგადასავლო საკითხავი ელით.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, “ილია ჭავჭავაძე და მისი ეპოქა” (მასალები). თბ. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი 2008.

მეცხრამეტე საუკუნე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპოქაა ქართული ლიტერატურის ისტორიაში და ამიტომაც ხშირად გადაიქცევა ხოლმე არაერთი მკვლევარის დაკვირვებისა და ინტერესის სფეროდ. ამჯერად ხელთ გვაქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომელთა ფოკუსშიც აღნიშნული პეროიდის უმნიშვნელოვანესი ფიგურა, მწერალი და საწოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძეა მოქცეული. წიგნში “ილია ჭავჭავაძე და მისი ეპოქა” საინტერესო მასალებს ნახავთ ილიას შემოქმედების ირგვლივ, მკითხველი კიდევ ერთხელ ექნება საშუალება, ახლებურად გაიაზროს ილიასა და მთელი მისი ეპოქის კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა.

ლიტერატურის თეორია, XX საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობები. თბ. ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა 2008.

ლიტერატურა ცოცხალი ორგანიზმია და დროთა განმავლობაში ვითარდება, სახეს იცვლის. ამ პროცესში იგი მკითხველით საზრდოობს, და ხშირად ლიტერატურის ახლებურად წაკითხვა ხდება მისი სახეცვლილებსა და ზრდის წინაპირობა. წინამდებარე წიგნში თავმოყრილი მასალებიც მეოცე საუკუნის ძირითადი ლიტერატურულ-თეორიული კონცეფციებისა და მიმდინარეობების ანალიზს მოიცავს, კვლევისა თუ კრიტიკის ახალ, საინტერესო მეთოდოლოგიებს, რომლებიც არა მარტო ფილოლოგებსა და ვიწრო ჰუმანიტარული პროფილით მომუშავე პირებს დააინტერესებს, არამედ ლიტერატურათმცოდნეობით გატაცებულ ფართო აუდიტორიასაც.

ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების სიმფონია-ლექსიკონი. II ნაკვეთი. რედატორი ნარგიზა გოგუაძე. თბ. „არტანუჯი“ 2008.

ქართული ლექსიკოლოგიით დაინტერესებული პირებისათვის გამომცემლობა „არტანუჯმა“ კიდევ ერთი საინტერესო ლექსიკონი მოამზადა. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურული ძეგლების სიმფონია-ლექსიკონი 1963-1971 წლებში გამოცემული ძველი ქართული აგიოგრაფიული ძეგლების ოთხი ტომის მასალას მოიცავს და ნაშრომი ხელნაწერთა ინსტიტუტშია მომზადებული. სიმფონია-ლექსიკონი ნაკვეთებად გამოიცემა, ამჯერად კი მკითხველის წინაშე ლექსიკონის მეორე ნაკვეთია. ნაშრომის პირველი ნაწილი 2006 წელს გამოვიდა.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box