ახალი წიგნები

ახალი წიგნები – 2009 – ოქტომბერი

ნაირა გელაშვილი, “პირველი ორი წრე და ყველა სხვა”, რედაქტორები: ლეილა სიხარულიძე, რუსუდან კაიშაური. თბ. 2009

ნაირა გელაშვილის ახალი რომანი 1992-94 წლებში დაიწერა, თუმცა საბოლოო რედაქცია 2008-ში გაუკეთდა. დაემატა რამდენიმე პასაჟიც.
მოვლენები “თარგმანის ცენტრში”, 80-იანი წლების ბოლოს ვითარდება, სადაც თავი მოუყრიათ სხვადასხვა ეროვნებისა და სპეციალიზაციის ადამიანებს: დალი კანაშვილი ევროპული ლიტერატურის სპეციალისტია, ფლორა ბერძენიშვილ-ილიაიდი – ბერძნულის, დორა იბარური – ესპანურის, გვიდო ბანიანი – იტალიურის, მოსე კირხელი – ებრაულის, სანდრო დარჩიაშვილი – აღმოსავლეთ ევროპულის, გუნდა აკაბა – კავკასიურის, როსტევან არაბელი – სპარსულ-არაბულის და ა.შ. ამ ადამიანების შემოქმედებითი ცხოვრების ფონზე, ლიტერატრულ-ფილოსოფიური საუბრების თანხლებით მიმდინარეობს იმდროინდელი საქართველოს მძიმე და წინააღმდეგობით აღსავსე მოვლენები. რომანში არაერთი პლასტია: ისტორიული რემინისცენციები, პოლიტიკური ცხოვრების პერიპეტიები, კულტუროლოგიურ-ლიტერატურული წიაღსვლები ერთმანეთშია გადახლართული და საბოლოოდ, ძალზე საინტერესო, მრავლისმომცველი რომანის დაბადების მომსწრენი ვხდებით.

ზვიად კვარაცხელია “ჰაე”. თბ. ინტელექტი, 2008

ახალგაზრდა მწერალი ზვიად კვარაცხელია წარმოშობით ზუგდიდიდანაა. ასაკის მიუხედავად (იგი 22 წლისაა), ორი წიგნის ავტორია. “ჰაე” მისი რიგით მესამე კრებულია, რომელიც გამომცემლობა “ინტელექტმა” დაბეჭდა.
“ჰაე” იგივე სიკვდილია, ბოლოს, მისრულის, მიწურვილის აღმნიშვნელი. ჰაეს მოახლოება, ანუ სიკვდილის პირისპირ დგომა, დაბადების თვალახელიდან იწყება და ხიფათის ტეხილებად გასდევს მთელ ცხოვრებას”. თუმცა, ჰაემდე საკმაოდ შორია. ავტორი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და შემოქმედებით ცხოვრებას ახლა იწყებს. ამ გზაზე ბევრია სანახავი და საძიებელი, ძიება კი მისი ერთ-ერთი მთავარი ვნებაა. “ამ წიგნის ავტორი მაძიებელი კაცია, ერთი მისი პერსონაჟივითაა, რომელიც კითხულობს: “რატომ მახრჩობს და მასახიჩრებს სურვილი, გავიგო რა ხდებოდა დასაწყისის წინ, რა მოხდება დასასრულის მერე?!” – წერს წინასიტყვაობაში ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე და იმასაც დასძენს, ამ ავტორის წიგნის წაკითხვა ღირსო. ბატონ ლევანს მხარს ოთარ ჭილაძე უმაგრებს, რომელიც ზვიად კვარაცხელიას ოპტიმიზმით შეჰყურებს: დარწმუნებული ვარ, მისი გამოჩენა სამწერლო ასპარეზზე მხოლოდ იმის იმედს განუმტკიცებს ყველა ჩვენგანს, რომ ქართული სული არ დაძაბუნდებაო, – წერს დიდი მწერალი. რამდენად გაამართლებს ახალგაზრდა ავტორი სახელოვანი კოლეგების ნდობას, მომავალი გვიჩვენებს.

იოსებ გრიშაშვილი, “ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა”,
სახელგამი, 1927, თბ. “სიესტა”, 2009 (რეპრინტი).

“რა სამწუხაროა, რომ ტფილისის წარსულზე უცხოელ ორიენტალისტებმა მეტი იციან, ვიდრე ჩვენ, ტფილისის ჰაერით გამოზრდილებმა! არამც თუ წარსულის შესწავლა, ტფილისის თანამედროვე მყობადიც კი არ არის უნაკლოდ ასახული. ჩვენი ისტორიული დაუდევრობა” – წერს იოსებ გრიშაშვილის თავის ცნობილ წიგნში “ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა.” სწორედ ამ “დაუდევრობის” გამოსასწორებლად ჩაიცვა პოეტმა რკინის ქალამნები, ხელში კალამი აიღო და დედაქალაქის მივიწყებული ამბები ქაღალდზე გადმოიტანა. ამბები კი საინტერესოზე საინტერესოა. რას არ შეხვდებით აქ, ვის არ გაიცნობთ: კინტოებს და ყარაჩოღელებს, თბილისურ ამქრებს, ყეენობის მონაწილეებს, სახელგანთქმულ მოკრივეებს და რაც მთავარია, ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემას: გივიშვილსა და სკანდარნოვას, ბეჩარასა და ჰაზირას, იეთიმ გურჯსა და ანტონ განჯისკარელს… წიგნი ოთხი ნაწილისგან შედგება და ტექსტობრივთან ერთად ფოტო და მუსიკალურ მასალასაც მოიცავს. თავის დროზე, 1928 წელს, “ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა” მცირე ტირაჟით გამოვიდა და მაშინვე იქცა იშვიათობად. დღესაც, 80 წლის შემდეგ, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, გამომცემლობა “სიესტამ” მხოლოდ 2 ათასი ეგზემპლარი დაბეჭდა. ვიმედოვნებთ, ეს არ იქნება ერთადერთი ტირაჟი.

მორის მეტერლინკი, პიესები, (სრული კრებული ორ ტომად), ფრანგულიდან თარგმნა დათო აკრიანმა. თბ. “სიესტა”, 2008.

ბელგიელი პოეტი, დრამატურგი და ფილოსოფოსი. წერდა ფრანგულად. 1911 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი. პირველი აღიარება პიესა-ზღაპარმა – “პრინცესა მალენი” (1889) მოუტანა, რასაც მოჰყვა თითოაქტიანი პიესები “ბრმები” და “დაუპატიჟებელი”(1890). მისი შემოქმედების მთავარი თემებია სიკვდილ-სიცოცხლის რაობა, ადამიანის ბედი და დანიშნულება სამყაროში. მეტერლინკმა თავიდანვე მკვეთრად ჩამოაყალიბა შემოქმედებითი პოზიცია: განუდგა ყოფით, პოლიტიკურ და სოციალურ თემატიკას და მთელი ყურადღება გამოგონილ სამყაროზე გადაიტანა. ზღაპარი მისი პიესების მამოძრავებელი მუხტი გახდა. 1909 წელს ქვეყნიერებას მოევლინა მეტერლინკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილოსოფიური პიესა-ზღაპარი “ლურჯი ფრინველი,” რომელიც მითიური ბედნიერების ძიების სიმბოლოდ იქცა. ქართულ ენაზე გამოსულ ორტომეულში დრამატურგის ყველაზე ცნობილი 14 პიესა შევიდა, მათ შორის, “პრინცესა მალენ,” “შვიდი პრინცესა,” “ტენტაჟილის სიკვდილი,” “ლურჯი ფრინველი,” “მონნა ვანნა…”. მეტერლინკის შემოქმედების თაყვანისმცემელნი სათანადოდ დააფასებენ დათო აკრიანის თარგმანსაც. ორტომეულს თან ახლავს მთარგმნელის ვრცელი ესსე დრამატურგის შესახებ, სადაც დაწვრილებითაა განხილული ბელგიელი მწერლის შემოქმედებით-ესთეტიური მსოფლმხედველობა.

სერგეი დოვლატოვი, “ჩემოდანი”, თარგმნა ირაკლი ჯავახაძემ, რედაქტორები: ლოლა ქადაგიშვილი, ლელა მაჩაბლიშვილი. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.

ეს წიგნი 1998 წელს ითარგმნა. ირაკლი ჯავახაძე ერთ-ერთი იყო რუსი მწერლის მცირერიცხოვან ქართველ თაყვანისმცემელთაგან. “ჩემოდანი”-ს შემდეგ დოვლატოვის მოთხრობები და ჩანაწერებიც თარგმნა, თუმცა, წიგნად არ გამოსულა. სერგეი დოვლატოვი 1941 წელს დაიბადა. 1944 წლიდან ლენინგრადში ცხოვრობდა, მუშაობდა და წერდა მოთხრობებს, რომელთა დაბეჭდვასაც მაშინდელი ხელისუფლება კრძალავდა. მწერლის პირველივე კრებული საბჭოთა უშიშროების სპეცსამსახურმა გაანადგურა. სამაგიეროდ, იბეჭდებოდა დასავლურ ლიტერატურულ ჟურნალებში, რის გამოც საბჭოთა კავშირში ცხოვრება აუტანელი გახდა. 1978 წელს დოვლატოვი ჯერ ვენაში, შემდეგ კი ნიუ-იორკში
გაემგზავრა, სადაც 1990 წელს გარდაიცვალა. ამერიკაშივე მოიპოვა მსოფლიო აღიარება. მისი მოთხრობები სადა, დახვეწილი ენით და თხრობის ექსპრესიული მანერით გამოირჩევა. “ჩემოდანში” მწერლის ავტობიოგრაფიის ფონზე მკითხველი საბჭოური ცხოვრების ტრაგი-კომიკურ სურათებსაც გადაავლებს თვალს, რომლებიც ბევრის მეხსიერებაში დოვლატოვის ჩემოდანში ჩაკუჭული ფინური წინდებივითაა მივიწყებული.

სერგეი დორენკო, 2008, რუსულიდან თარგმნეს გიორგი კეკელიძემ და გელა თავაძემ. თბ. “სიესტა,” 2009.

სერგეი დორენკო ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტია, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული რუსული პოლიტიკური ცხოვრების პერიპეტიებში. მუშაობდა სხვადასხვა სატელევიზიო არხზე, მათ შორის, ენტევეზე, ოერტესა და რენ-ტივიზე, სხვადასხვა ცნობილი პროგრამის წამყვანად. ბოლო წლებში რადიოსადგურ “ეხო მოსკვის” თანამშრომელი იყო, თუმცა, აქედანაც წამოვიდა. სკანდალურ ბესტსელერს, როგორც რომანის ეპიგრაფში აღნიშნავს, ვლადიმირ პუტინის ხსოვნას უძღვნის. ამ ადამიანის შესახებ მოგონებები სევდიანია, თუმცა ირონიული. იმის მიუხედავად, რომ ბევრ რამეს გაგებით ეკიდება, მისთვის მიუღებელია რუსეთის ნაციონალური ლიდერის მმართველობის სტილი. წიგნიდან შეიტყობთ, როგორ ცდილობს პუტინი ნახევარი მსოფლიოს ამოწყვეტას. რა არის მისი და შროდერის მეგობრობის ნამდვილი მიზეზი, რა აკავშირებთ რუსეთის პირველ პირსა და ანატოლი სობჩაკის ქალიშვილს, ბორის ბერეზოვსკისა და რომან აბრამოვიჩს. და ბოლოს, რატომ სურს პუტინს მარადიული სიცოცხლე და რა გზებს მიმართავს დაოიზმით შეპყრობილი პრეზიდენტი მიზნის მისაღწევად.

ჯ.რ.რ.ტოლკინი, “ჰობიტი”, ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ, რედაქტორები: ლ.ქადაგიშვილი, თ.გავაშელიშვილი. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.

ინგლისელმა მწერალმა ჯონ რონალდ რუელ ტოლკინმა სახელი ორი ცნობილი საბავშვო რომანით: “ბეჭდების მბრძანებლითა” და “ჰობიტით” გაითქვა. არდას სამეფოსა და შუამიწეთის ამბები მთელს მსოფლიოში პატარებისა და მათი მშობლების დიდი სიყვარულით სარგებლობს. “ჰობიტი” ცნობილი ტრილოგიის, “ბეჭდების მბრძანებლის” ერთგვარი შესავალია. სწორედ ამ წიგნში მოიპოვებს ჰობიტი ბილბო ჯადოსნურ ბეჭედს, რომლის თითზე წამოცმაც ნებისმიერს უჩინრად აქცევს. ერთ საღამოს ბილბოს უცნაური სტუმარი ეწვევა და 13 ჯუჯასთან ერთად შორეულ და სახიფათო მოგზაურობაში ეპატიჟება. დახმარების სანაცვლოდ ჯუჯები ნაპოვნი განძის მეთოთხმეტედ ნაწილს ჰპირდებიან, თუმცა, საბოლოოდ, მხოლოდ პერანგს, ხმალსა და ბეჭედს არგუნებენ. წიგნი პირველად 1937 წელს გამოიცა და პოპულარობა სწრაფად მოიპოვა. იგი ნომინირებული იყო კარნეგის მედალზე და New York Herald Tribune-ს სპეციალური პრიზიც მიიღო წლის საუკეთესო საყმაწვილო ნაწარმოებისთვის. მოგვიანებით გამოკითხვაში, რომლის მიხედვითაც საუკუნის საბავშვო წიგნები უნდა გამოევლინათ, “ჰობიტი” ერთ-ერთ აუცილებელ საბავშვო საკითხავად დასახელდა, რომელიც ნებისმიერ ასაკში ინარჩუნებს აქტუალობას.

ანტონი, სუროჟელი მიტროპოლიტი, “ადამიანი ღვთის წინაშე”, რუსულიდან თარგმნა ნ.გურაბანიძე-ქადაგიძემ, რედაქტორი: არჩილ მანჯგალაძე. თბ. “სიესტა”, 2009.

“ჩვენ ვცოდავთ, თითოეული ჩვენგანი – ცალ-ცალკე; და ამავე დროს ჩვენ ვცოდავთ ასევე, როგორც ქრისტიანული საზოგადოება. თითოეული ცალ-ცალკე და ყველა ერთად – ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც არაფრით ჰგავს ქრისტეს და მის მოციქულებს და წმინდანებს. არ შეიძლება თავი იმით ვიმართლოთ, რომ ყველა ვერ იქნება წმინდანი, რომ ყველა ვერ დაემსგავსება ქრისტეს. არ შეიძლება ვიცოდეთ, რისი მიღწევა შეგვიძლია; მაგრამ რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რისი მორევაც შეგვიძლია, ძალიან კარგად ვიცით და ზურგს ვაქცევთ, რადგან უფრო იოლია მოინანიო, ვიდრე შეიცვალო” – ეს მცირე ამონარიდია ანტონ სუროჟელის შესანიშნავი წიგნიდან, რომელიც ადამიანებს სერიოზული განსჯისა და დაფიქრების საშუალებას აძლევს. აქ განხილული თემები ძალზე მნიშვნელოვანია თითოეული ქრისტიანისათვის, რადგან ცხოვრების საზრისს, რწმენისა და ურწმუნოების, ღვთის შემეცნების, ჭეშმარიტების წვდომისა და არაერთ საინტერესო საკითხს ეხება. კრებული, რომელიც ძირითადად ანტონ მიტროპოლიტის ზეპირ გამოსვლებს ეფუძნება, რუსულ ენაზე რამდენჯერმე გამოვიდა. ნაწყვეტები ამ წიგნიდან უცხოურ პერიოდიკაში იბეჭდებოდა, გასული საუკუნის 70-90-იან წლებში ბი-ბი-სის მაუწყებლობითაც გადაიცემოდა და დიდ ინტერესს იწვევდა. ანტონ სუროჟელის ქართულ ენაზე გამოცემის ინიციატორი ზურაბ ჟვანიას ოჯახი გახლავთ. ვფიქრობთ, მკითხველი ბევრ საინტერესოს იპოვის მიტროპოლიტის ნააზრევში და მისთვის საინტერესო კითხვებზეც მიიღებს პასუხს.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box