(ამბავი ნუგზარ ზაზანაშვილზე, ჩუმი პოეტი, რომელიც სულ ხმაურობდა)
ხომ გყოლიათ ცხოვრებაში ისეთი ადამიანები, რომლებსაც ძალიან იშვიათად ხვდებით, თან მთლად ყმაწვილობაში კი არა, სულაც, ზრდასრულ ასაკში გაიცანით, მაგრამ შეგრძნება გაქვთ, რომ მთელი ცხოვრება იცნობთ, არა მარტო იცნობთ, უბრალოდ მეგობარია, მეგობრობა ხომ ეგრე ყალიბდება, თან გვიან ასაკში, ერთი სალაპარაკო ენა გაქვთ, უამრავი საერთო მეგობარი და რატომღაც ისე აღმოჩნდა, რომ ფიზიკურად შეხვდით გვიან, გრძნობ, რომ ერთი ღირებულებებით ცხოვრობთ და ერთნაირად გიყვართ ვისკი.
ასე გავიცანი ნუგზარ ზაზანაშვილი. მწერალთა სახლში იყო რომელიღაცა ლიტერატურული ოფიციალური შეხვედრა. მშვენიერი ალაფურშეტი დაგვხვდა და სოლიდური დელეგაცია. ცოტა ხნით ეტიკეტი დავიცავი და მერე მაგიდასთან მივიპარე, მრავალფეროვანი სასმელები აღმოჩნდა. მე და ნუგზარი შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს და როგორც ზრდილობიან ხალხს სჩვევია, ერთმანეთს გავუღიმეთ, თავი დავუქნიეთ მისალმების ნიშნად და უცებ რაღაცნაირი უხერხული ამბავი მოხდა, ორივემ ერთად წავიღეთ ვისკის ბოთლისკენ ხელი. მერე როგორც ხდება – ორივე რომ თმობს ხოლმე. დაგისხამთ-მეთქი, არაო, მოდი, მე გიმასპინძლებო…. უცებ დაწვდა ბოთლს და თვითონ დამისხა. ყინული ჩაგიყაროო? არა, ვისკის ყინულს არ ვაკარებ- მეთქი და აიო, გაეღიმა, ესე იგი ჩვენი ახლო მეგობრობის პირველი ნაბიჯიც გადაიდგაო,- ვისკიში ყინული როგორ შეიძლებაო. ასე გავიცანი ნუგზარ ზაზანაშვილი ახლოს. ვწრუპავდით და ვუსმენდით მაღალფარდოვან გამოსვლებს, დროდადრო ჭიქას გამოწევდა ხოლმე და ვუწკარუნებდით ერთმანეთს, თან ჩურჩულით ყველაზე რაღაც კომენტარებს აკეთებდა ქირქილით. მერე, მოდი რა გავიდეთო. იქვე ახლო-მახლო, ლუდის ბარში აღმოვჩნდით. დიდი ხანი მესაუბრა ლიტერატურასა და ბუნებაზე, პოეზიას, ფლორას, ფაუნას და ადამიანის ფილოსოფიას უცნაურად აკავშირებდა.
დაახლოებით ასე:
„რა უნდა დამხვდეს იმ ქვეყნად ისეთი,
ეს ივლისის წვიმა რომ არ მომენატროს,
ან – თუნდაც ეს გალუმპული ყვავი,
ჭადრის ტოტზე რომ ზის
და – იმის თავიც აღარა აქვს,
დაიჩხავლოს: „მეტი ვერასდროს”…
ინტელექტის და ენერგიის ნიაღვარი მოდიოდა, რამე რომ იყოს, ვერც კი გავიხსენებ იმ საუბრის დეტალებს, უბრალოდ ერთი დიდი ტალღა დამეჯახა აზროვნების. რომ დავიშალეთ, თბილად დამადო ხელი მხარზე, კავშირზე იყავიო – ისე მითხრა, მეგობრობის დრო მთლიანად დაარღვია. მივხვდი, სამყარომ ერთი უკეთილშობილესი ადამიანი მაჩუქა, ემოციური, ცოტა ექსპანსიური, ბოდიშით და, რუსებს აქვთ ერთ ასეთი გამოთქმა „Давить интелектом“, აი, სწორედ ასეთი.
მერე ხშირად ვურთიერთობდით, ხან სოციალური ქსელებით, ხან ტელეფონით და რამდენჯერმე შევხვდით. დამპირდა, ახლა ერთ წიგნს გამოვცემ და უნდა მოგაწოდო რამენაირადო, ვერაფრით მოვახერხეთ, მერე იყო პანდემია და ცოტა ხნით სახლში ჩავჯდები, ჯანმრთელობა უნდა გამოვისწორო, თორემ ვეღარ ვილხენ ისე როგორც მინდაო. ეს წიგნი იყო „რუსოფობია – ანუ პოეტური იმპერიალიზმი ლომონოსოვიდან ევტუშენკომდე“ – თუმცა ამაზე მერე. მანამდე კი, მისი მხოლოდ ერთი კრებული მქონდა, მექანიკური როიალი, ერთი ჰაიკუსავით ლექსი ჰქონდა პოეტზე:
„ჩიტი ასწრებს განთიადს,
მოასწავებს –
გალობს,
გალობს – მგოსანს შუქი
ეგულება ახლო…
პოეტსაც ხომ მგოსანს ვეტყვით,
პოეტიც ხომ გალობს…
გალობს და გალობს და გალობს და
გალობს და გალობს და გალობს და
გალობს და გალობს და გალობს და“
გადავწყვიტე, უბრალოდ მომეთხრო განსაკუთრებულ ადამიანზე განსაკუთრებული პოეზიით, რომელიც სულ ჩანდა, მაგრამ არასოდეს ხმაურობდა ან პირიქით, არასოდეს ჩანდა, მაგრამ სულ ხმაურობდა.
ავდექი და ჩემი კინო-ტელე გამოცდილება გამოვიყენე და დავიწყე დოკუმენტური ნოველის, პორტრეტის კეთება, გადავწყვიტე, მის ცხოვრებაში მემოგზაურა და ერთგვარი დოკუმენტური ფილმისთვის ნოველა დამეწერა.
ლექსებიც შეგნებულად პირდაპირ წიგნიდან ამოვჭერი, ცხოვრებისა და წიგნის ერთგვარი კოლაჟი რომ გამოსულიყო.
ვფიქრობდი, რა ფორმა მომეძებნა, პოეზიას გავყვე, მსოფლმხედველობას, ცხოვრების წესს, თუ პროფესიას, სადაც სერიოზული წარმატებები ჰქონდა, – გიორგი ნახუცრიშვილმა მითხრა: „ფაქტობრივად, მთელ ამიერკავკასიაში გეობოტანიკის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი იყოო, თავისუფალი შემოქმედი მეცნიერიო. რასაც ნუგზარი ფლობდა, ის იყო ნამდვილი მეცნიერის უნარებიო, შემოქმედებით ძიება ჰქონდა სულო“.
ჰოდა, მივხვდი რომ ასე, ან პოეზიას ცალკე, ან ადამიანს ცალკე, ან მეცნიერებას ცალკე ვერ გავყვებოდი, რაღაც უნდა მომეფიქრებინა.
კოტე ჯანდიერმა: „დიდი მასშტაბების ადამიანი იყოო, მრავალშრიანი ინტელექტითო“ – და, აბა, როგორია, ახლა ასე ცალსახად რამეს გავყვე.
ფაქტობრივად ეგზისტენციალური დილემის წინაშე აღმოვჩნდი, ისე კი აქვს ასეთი პოეზია, სულ ეგზისტენციალური დილემებით სავსე, ცხოვრებასავით ჰყვება ამბებს გლობალურ პრობლემებზე, მიყვება ემოციებს, უცნაური დაკვირვება აქვს ცხოვრებაზე, თითქოს უმნიშვნელოს პოეზიად აქცევს და ბოლოს ფილოსოფიაში გადადის… უუჰ, არ მინდოდა ასეთი მაღალფარდოვნება, მაგრამ თუ წაგიკითხავთ, დამეთანხმებით.
თან ისეთ ტრაგიკულს, თითქოს სასოწარკვეთამდე უიმედოს, ისე მსუბუქად ამბობს.
„ლიტონი სიტყვა…
რამდენი ლიტონი სიტყვაა,
ლიტონი ფრაზაა გარშემო…
მაგალითად:
„ნეტავ, სულ არ მოვსულიყავი ამქვეყნად“.
მაგრამ…
შენ მხოლოდ მხოლოდ ჩასახვისას ჩნდები,
მანამდე კი არა ხარ,
არაფერი ხარ,
არაფერიც კი არა ხარ…
მოვსულიყავიო…
შენ არ მოდიხარ – ჩნდები
და არც მიდიხარ – ქრები,
არც მოდიხარ და არც მიდიხარ –
ჩნდები წამით და უმალ ქრები…
და რა?
არც არაფერი.
უბრალოდ ამ დეკემბრის ღამით
ძალიან ლამაზი ცაა –
უღრუბლო და გამჭვირვალე,
ძალიან ლამაზი მთვარეა და ვარსკვლავები.“
აბა უბრალოდ სცადეთ და მკრეხელურად სამი სტროფი ამოიღეთ და მიამონტაჟეთ ერთმანეთს, რა გამოვა?
„რამდენი ლიტონი სიტყვაა
ლიტონი ფრაზა გარშემო
მაგალითად
ნეტავ სულ არ მოვსულიყავი ამ ქვეყნად…“
….
არც მოდიხარ და არც მიდიხარ
ჩნდები წამით და უმალ ქრები
და რა?
არც არაფერი
უბრალოდ ამ დეკემბრის ღამით
ძალიან ლამაზი ცაა,-…“
აი, ასე მარტივად ალაგებს სიცოცხლის ამაოებას, შექსპირს რომ „ყოფნა, არ ყოფნა“ დაურქმევია.
ჰოდა, დავიწყე ნუგზარ ზაზანაშვილის ცხოვრებაში მოგზაურობა, ხომ გინახავთ ორსონ უელსის „მოქალაქე კეინი“, – მსგავსი გამოძიება დავიწყე, მინდოდა, მისი „როუზ ბუტონ“ მეპოვა. მითუმეტეს, როგორც მიხასიათებდნენ და როგორც გავიცანი, ნამდვილად ჩარლს ფოსტერ კეინივით ძლიერი და ნიჭიერი კაცი იყო, თუმცა სიყვარულით გაზრდილი.
შვილებს შევხვდი: ნანოს, ქეთის, ირაკლის, უახლოეს მეგობარს – კოტე ჯანდიერს, ნახცოს, ძია გიორგის, მეუღლეს… ყველას, ვისაც მივწვდი.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 66 წლის წინ ირაკლი ზაზანაშვილის ოჯახში პლატონის ქუჩაზე გაჩნდა ბიჭი ნუგზარ ზაზანაშვილი. „პლატონის“ ქუჩა!
მანამდე, იმპერიის დროს, ეს ქუჩა „ვორონცოვის“ ქუჩა ყოფილა. ზაზანაშვილებს ორსართულიანი პატარა სახლი დგმიათ, „დღემდე ეგეთიაო, – კოტე ჯანდიერმა, – მთელი სტუდენტობა მანდ მაქვს გატარებული“, საბჭოთა პერიოდში პლატონის ქუჩა გადაერქვა და ამით თურმე ტრაბახობდა ნუგზარი.
კოტემ მომიყვა, პირველად აქ წაიკითხა მიშა ქვლივიძემ ჯერ კიდევ დაუბეჭდავი „იუდას მონოლოგი“:
„…ვდუმდით, დუმილმა სული დაღალა
იწურებოდა დათქმული ვადა.
და დაიყივლა ერთხელ მამალმა
და ეს ყივილი გასროლას ჰგავდა.
მერე მოვიდა სიო ფრთამალი,
დაფლითა შავი ღრუბლების ფარჩა.
უკვე მეორედ ყივის მამალი,
მოღალატე კი არა ჩანს და არ ჩანს!…“
გაოგნებულები ვუსმენდითო, ძალიან კარგი სამეგობრო ჰყოლია ნუგზარის მამას, ძია ირაკლის. პოეტი იყო ერთი ძალიან კარგი, სანდრო მათიაშვილი, მერე ნუგზარმა წერილიც გამოაქვეყნა „ლიტერატურულ გაზეთში“ მის შესახებ – „გამქრალი პოეტი“.
თვითონ ძია ირაკლი, მხატვარი კერამიკოსი ყოფილა, ულამაზეს დეკორატიულ და გამოყენებით ჭურჭელზე მუშაობდა, რა თქმა უნდა, ძირითადად, ღვინის გარშემო და აი, სწორედ „პლატონის“ ქუჩაზე, ირაკლი ზაზანაშვილის სახლში იმართებოდა არაორდინალური ნადიმები.
სანამ ამ ნადიმებზე მოვყვები, იმას გეტყვით, რომ ნუგზარს სკოლა ჰქონდა დამთავრებული „პლეხანოვზე“. ცნობილი რკინიგზის სკოლა; ალიოშა ცინცაძე- ყველასთვის ცნობილი დირექტორი თავის გამონათქვამებით.
სანიმუშო მოსწავლე ყოფილა და სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა თურმე კლასელებთან. დაადგებოდა თავის კლასელს გვიან ღამით, „კარგი ღვინო აქვს და გავაგრძელოთ“ საბაბით და იწყებოდა სკოლის პერიოდის გახსენება, ამბები საბჭოთა სკოლის ისტორიებიდან, ხანდახან აბსურდამდე რომ მიდიოდა სწავლის მეთოდები. მისთვის ეს ბავშვობა, ქალაქი და გარემო, რომელშიც გაიზარდა, იყო ერთგვარი ცხოვრების წესი და ყოფის იდეალური ფორმა, რომლითაც ყოველთვის ამაყობდა. ეს იმას არ ნიშნავდა, რომ საბჭოთა პერიოდის ნოსტალგია ჰქონდა, პირიქით, იმ საბჭოთა დროს რაც გადაურჩა საღი, იმის ნოსტალგია. კინოსავით ჰყვებოდა ამ გარემოზე და სურნელზე, განწყობაზე, რაშიც ნუგზარი გაიზარდა.
ნამდვილი პოეტურ კინოა მისი პოეზია, ამონარიდი „კონვენციური ლექსიდან“ – ასევე ჰქვია ზუსტად.
„ჩვენი სახლიდან მუსიკა ისმის –
მოწაფეს ეტიუდს ასწავლის დედა,
მე კი მაწამებს ეჭვები სიყრმის
და სიყმაწვილის მაოგნებს ელდა:
სიყვარული მჭირს და საგულეში
ვეღარასოდეს ჩადგება გული, –
ასე მგონია და უხეშობით
ვნიღბავ სინაზეს,
გრძნობას და
სურვილს.
აი, პირველი ოდნავლექსებიც,
აი, “თბილისში”ვდგავართ, ვაბოლებთ
ოცკაპიკიან ლუდს შევექცევით,
ათკაპიკიან ხინკალს ვაყოლებთ,
ვმსჯელობთ, ვკამათობთ,
ვდაობთ და გვჯერა –
თავისუფლება აქვეა, ახლო:
ბრწყინვალე დროში შევდივართ ერთად
ალეკო, გია, ლევანი, ვახო…“
ნანო მომიყვა: „მამასთვის თბილისელობა და ოჯახური ტრადიცია ძალიან ბევრს ნიშნავდა, ცოტა ნასვამზე ამაზე ტრაბახობდა კიდეც, თავის ქალაქურ წარმომავლობაზეო“…. ნუგზარისთვის, თბილისი არასოდეს ყოფილა ის ბანალური, საბჭოეთში გაჩენილი კლიშე, რუსულად საზიზღრად რომ ჟღერს, „თბილისი არი ატნაშენია“.
ირაკლიმ მითხრა, ნასვამზე ტრაბახობდა, ხელოვანი ქალაქელები ვართ ზაზანაშვილები და ყველაზე საამაყო და საზრუნავი სიცოცხლის ბოლომდე ეს ჰქონდა, ზაზანაშვილების სახელი და შვილების ღირსეული მომავალიო.
წინაპრების საფლავების მოვლა ჰქონია განსაკუთრებული რიტუალი. აღდგომას დაუვლიდა ყველას, გაიხსენებდა, თითქოს ცდილობდა, წარსული უწყვეტად მიება მომავლისთვის. იმ ნადიმებზე „პლატონის“ ქუჩაზე, მართლაც საოცარი ხალხი იკრიბებოდა, ძია ირაკლის უახლოესი მეგობრები. ერთ ლექსს პირდაპირ უძღვნის ნუგზარი ამ ნადიმებს, პლატონის „ნადიმებს“ რომ ჩამოჰგავდა.
მამაჩემის მეგობრების –
პოეტის მიხეილ ქვლივიძის, კერამიკოსების თამაზ გამცემლიძის და ზურაბ კვიჟინაძის, ფსიქიატრის და პოეტის სანდრო მათიაშვილის ხსოვნას
„ძია მიშა,
ძია სანდრო,
ძია ზურა,
ძია თამაზ,
მესიზმრებით – თქვენთან ერთად
სუფრას მუდამ უზის მამაც.
და კოტეც იხსენებს, რომ ეს იყო სწორედ ის კლასიკური ნადიმი, რომელიც იშვიათათღა ჩანს თბილისში, აი, ილიას ხუთშაბათობებს რომ ჩამოჰგავს, ნუგზარი ამ მიძღვნაში წერს იმ ნადიმებზე რა შეიძლებოდა მოგესმინა ჯერ ბავშვს და მერე უკვე სტუდენტობის პერიოდში.
„მუსაიფობთ, ბჭობთ და დავობთ
ხან – რაზე და ხანაც – რაზე.
მხატვრობაზე,
ლექსზე,
ომზე,
ამ დაწყევლილ ქვეყანაზე –
უმწეოზე,
მშვენიერზე,
კვეტერაზე,
უბისაზე,
გელათზე და იყალთოზე,
წინაპარზე,
მწვრთნელზე,
წვრთნაზე,
თიხის მადლზე,
სიტყვის ყადრზე.
სინაღდეზე,
კაცობაზე,
სიყვარულზე,
სინანულზე,
წარუვალზე,
წარმავალზე
და ნელ-ნელა თვრებით – ასე…“
სწორედ იმ ქალაქის ჩამომავალი იყო ნუგზარი და ეს მის ნებისმიერ საქციელში ჩანდა, ფასეულობებში, ღირებულებათა მთელს ხასიათში, რომელსაც, სხვათა შორის, ფართო მკითხველი არ იცნობდა.
ნუგზარისთვის თბილისი იყო ბოლშევიკებამდელი ქალაქი, იმპერიას რომ ჰა და ჰა დაუძვრებოდა ხელიდან. ევროპაში თავისუფლად გადიოდნენ, სწავლობდნენ შრომობდნენ და, სხვათა შორის, ძირითადად, ქართველები ქმნიდნენ ცივილურ გარემოს საქართველოში… და მერე მოვიდნენ ბოლშევიკები. ამ პატარა კუპლეტშიც კი მძაფრად ჩანს იმ ნადიმებზე რა დამოკიდებულება ჰქონდათ ბოლშევიკებთან:
„ასე თავისუფლდებით და
თავს გრძნობთ სულ სხვა სამშობლოში,
ხოლო გარეთ უცხო ხალხი
აფრიალებს წითელ დროშებს,
აჯილდოებს ჩინ-მედლებით
ერთმანეთს და „ისმის ტაში!“
და სევდა, სევდა ნოსტალგიური, დროში და ყოფაში, როცა გაკლდება ადამიანები და მათთან ერთად განუმეორებელი სურნელი, რომელსაც ვერ დააბრუნებ.
„ძია თამაზ,
ძია ზურა,
ძია სანდრო,
ძია მიშა,
როგორ გაუკაცრიელდა
თქვენი ქალაქური ნიშა!..“
და მერე იყო სტუდენტობა, ეს ის დროა, როდესაც ქართველ ბიჭებს და გოგოებს საბჭოთა გარემოდან გასაქცევად რომანტიზმი აქვთ საშველად. გეოლოგების, არქეოლოგების პროფესიებია პოპულარული, გურამ რჩეულიშვილის სილუეტი – ბათინკები, სპორტული აღნაგობა და თავგადასავლები. ცოტას ყველა წერს. ჩუმად ან ღიად, სადღაც კი არის თავისუფალი სამყარო, ეს 70-იანი წლების შუაში ხდება, ჩუმად უსმენენ ამერიკის ხმას, არალეგალურად ჩამოტანილ ვინილის ფირფიტებს, ჯინსების ჩაცმა ჯერ კიდევ აკრძალულია. ნუგზარი სწავლას იწყებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ფიზიკური გეოგრაფიის მიმართულებაზე.
„პირველი, ვინც ყველაზე მეტად გამაღიზიანა, ნუგზარ ზაზანაშვილი იყოო, საშუალო სიმაღლის, სიმპათიური, მუდამ კარგად ჩაცმული, შოკოლადისფერი კოსტიუმი, თეთრი პერანგი და დადიოდა ესე… ეცვა განსხვავებულად, იყო განსხვავებული, ირონიული – ვერ ავიტანე რო დავინახე. სულ ჰქონდა ირონიული ღიმილი, განსაკუთრებით უცნობებთან. ის იმ კატეგორიის იყო, ავტომატურად რომ ლიდერებად იქცევიან. ყველას უნდა მასთან ურთიერთობა და თვითონ არჩევს ვისთან იურთიერთოს. ლიდერები სულ მძაბავენ, მაგრამ ნუგზარს ყველაფერთან ერთად ჰქონდა საოცარი იუმორი… და თან ლინგვისტური, სიტყვებს იგონებდა, ყველა ლექტორის შარადა მოიგონა… იშვიათი ნიჭის პატრონი იყო, რა მომენტში ასწრებდა რაღაცის წაკითხვას, არ ვიცი, ყველაფერი წაკითხული ჰქონდა… ეტყობოდა, რომ იყო უზომოდ განათლებული და დიდი ინტელექტით“, – ამას ჰყვება კოტე ჯანდიერი, რომელსაც ტელევიზიაში მივაკითხე, თავის პატარა კაბინეტში. დაკავებული კაცია კოტე, შეიძლება ტელეფონსაც არ უპასუხოს, სოციალური ქსელები არ აქვს და ვერ მისწერ. ძლივს დავიჭირე. რამდენჯერმე დავურეკე და რომ გაიგო, ნუგზარზე უნდა მოეყოლა, უცებ გამონახა დრო – მთხრობელი რომ უმაგრესია კოტე, ყველამ ვიცით, მაგრამ, აი, ემოცია მოჰყვებოდა ისეთი მის მონათხრობს… სევდა ჰქონდა ხმაში, არ უყვარს კოტეს დიდი ემოციების ჩვენება, მაგრამ ეტყობოდა. სულ ბოლოს რომ ვკითხე, რა დაკარგე, ნუგზარი რომ აღარ არი-მეთქი, დიდი პაუზა ჰქონდა, ორი სიტყვით მითხრა – „ნახევარი აღარ ვარო“.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს რომ მითხრა კოტემ, ბოლო კრებულის ერთი პატარა ლექსი გამახსენდა, სრულიად შესაძლებელია არაფერ შუაშია, მაგრამ ის ემოცია გამიჩინა, როცა გრძნობ, რომ არყოფნა შორს არ არის და ადამიანები განახევრდებიან შენი არ ყოფნით.
„როცა არყოფნა შორს აღარ არი –
გულს უკეთ ესმის ძველი ზღაპარი,
ძველი იგავი და ძველი მითი…
და გული ხვდება –
შებინდებისას
რად
გალობს
ჩიტი…“
ამ განახევრების გრძნობას კი ტოვებენ განსაკუთრებული ადამიანები.
ისეთ სპეციალობაზე სწავლობდნენ, მუდამ პრაქტიკებზე ყოფნა უწევდათ და, რა თქმა უნდა, ყველაფერი მთავრდებოდა ლუდით. პირველივე ასეთი შეხვედრა ლუდით დამთავრდა, მაგდენი არც მანამდე და არც მერე არ დამილევიაო – კოტემ – და, საერთოდ, პროფესიონალური სმა ნუგზარმა გვასწავლაო.
იმ დროს ახალი გამოსული ყოფილა ოთარ ჭილაძის პირველი პოეტური კრებული „გულის მეორე მხარე“. ეს ის დროა, ოთარ ჭილაძის მხოლოდ ერთი რომანია გამოცემული ჯერ – „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ (1973).
პირადად მე, პირველი, რაც გაცნობისას შევატყვე ნუგზარს, ის იყო, რომ საკმაოდ პირდაპირ გამოთქვამდა თავის აზრებს, თითქმის უხეშობამდე პირდაპირ, გახსნილად და ვერდიქტივით.
ყველა მაგას აღნიშნავდა, მოურიდებლად ამბობდა სიმართლესო, საკმაოდ გასაგებად და არაორაზროვნად შეეძლო ეთქვა, რა აზრის იყო შენზე, შენს გაკეთებულ საქმეებზე, ვინმე მწერალზე.
ის კი არა, ირაკლიმ გაიხსენა, აი, ესე შეეძლო აეღო ტელეფონი და თავის ჩვეული საუბრის მანერით კაი გვარიანად და უხეშად მოეკითხა ადამიანი, ვისი საქციელიც არ მოეწონა, უსამართლობამ შეაწუხა ან უსინდისობამ, პირდაპირ „ეჯახებინა“ რა ჩაიდინა და არც თავის მართლებისთვის მოესმინა: „წავიდეს ამის არაკაცი..“ და დაეხეთქებინა ყურმილი.
იმ პირველი, პრაქტიკების პირველი ლუდის სმის დროს, თურმე ზუსტად ასე პირდაპირ გამოუთქვამს თავისი აზრი – აი, გამოჩნდა პოეტი, რომელმაც დაამთავრა გალაკტიონის ეპიგონობის ეპოქაო, დაამთავრა გალაკტიონის მიმბაძველობის გულისამრევი დროო. გახსნა ახალი ჰორიზონტიო. შევეკამათეო კოტემ, – გალაკტიონს მაინც სხვა მასშტაბები აქვს-თქო! და, არავითარ შემთხვევაში! აი, რითაა ნაკლებიო- და წაუკითხავს ლექსი კრებულიდან, ზეპირად იცოდა თურმე, ეს ლექსი არის რადიკალური სიახლეო. რომ გვეგონა, გალაკტიონის იქით აღარაფერი იყო, მთელი სამყარო გახსნაო. ლექსი თავისი სპეციფიკური ხმით და საუბრის მანერით წაუკითხავს:
მარინა! მაგრამ როგორ გამიგებ …
„მარინა! მაგრამ როგორ გაიგებ:
ჩვენს შორის მთელი წელია უკვე.
ქუჩებში ქარი დგას და არიგებს
უჩინარ ეჟვნებს, ზარებს და ბუკებს.
აქ იყო თოვლი და როგორც ვალი
ჩემს მხრებზე იწვა მთელი სიმძიმით
და შეუმჩნევლად მიღლიდა თვალებს
თეთრი სანთლების ცივი ციმციმი….“
მისი ცხოვრების მთავარ მარინაზე ცოტა ქვემოთ, მანამდე კი სწორედ ამ პირველი პროფესიული სმის მერე ნუგზარის სტუდენტური სამეგობრო შეუერთდა პლატონის ქუჩაზე ნადიმებს.
სტუდენტობის პერიოდში ერთი მოლხენა გადადიოდა მეორეში, იწყებოდა მეგობრებთან მისვლა, ჩვენს საერთო მეგობარს, უკარგეს ადამიანს, ლევან კიტიას გადაჰკიდებია, მაგას დიდი ხანია სტიპენდია არ დაუხარჯავს და მივაკითხოთო. ლევანი ცხოვრობს ვაკის საცურაო აუზთან, იქვე ცეკას აუშენებია სახლი თავის ნომენკლატურული კომუნისტური ბობოლებისთვის. ერთი ჰყოლია ამოჩემებული, ძალიან ცნობილი, იმ გენერაციის კომუნისტებს რომ განასახიერებდა. ერთი შემთხვევა ჰქონდა ჩარჩენილი, ერთხელ ოპერაში ვერ შესულს მოახსენეს, პლისეცკაია იყო ჩამოსული და ცეკამ წაიღო ყველა ბილეთიო – მოლარეს უხეშად მიუჯახუნებია სალაროს ფანჯარა. ეტყობა, ეს გაახსენდა და დაუწყია ყვირილი, აჰყვა თურმე კოტეც, – გამოდი გარეთ, რა გინდა შენ პლისეცკაიაზე ოპერაში, მამაშენი რომ ურმით გადაბრუნდა, ბაბუაჩემი რუსთაველზე წიგნებით დადიოდაო, – თუმცა არასოდეს სჩვეოდა ქალაქელობით ბანალური ტრაბახი, ეს იქ დადგა ერთგვარი საპროტესტო პერფორმანსი კომუნისტების წინააღმდეგ.
ამ ამბებს რომ ვისმენდი, გურამ რჩეულიშვილის აჯანყებებს მაგონებდა რაღაცით, ახლა რომ ეძახიან „რებელებს“ დაუმორჩილებელ ყმაწვილებს.
ნუგზარის დედა, ცისანა დეიდა, ყოფილა ოპერის კაპელის დირექტორი, არ არსებობდა, გვეთხოვა, – აუ, ცისანა დეიდა, დაუკარით რა და, რა საქმეც არ უნდა ეკეთებინა, დაანებებდა თავს და როიალს მიუჯდებოდაო, უკრავდა და უკრავდა თავდავიწყებით თურმე. ვისხედით ესე და ვუსმენდით ბედნიერად, ნუგზარი კი ამაყი და კმაყოფილი იყო იმით, რომ ამხელა სიამოვნებას ვიღებდით მის ოჯახში.
***
ისევ დედას
„სტკიოდა გაუსაძლისად სტკიოდა
არ უჩიოდა დიდად
იცოდა რომ მიდიოდა
და
არ მეშინიაო
არც ეტყობოდა შიში
იქნებ იმიტომ რომ ტკივილმა თავი მოაბეზრა
ტკივილმა 37-ში რომ ჩაიბუდა სულში
მამის გაუჩინარებისას
ტკივილმა გუნდი რომ მოაძებნინა თავშესაფრად
გუნდს რომ შეასისხლხორცა
გუნდს რომ შეაბერა
გუნდს რომელსაც უსმენდა
გუნდს რომელსაც ასწავლიდა
ვერდის რექვიემსაც
ორფის Carmina Burana-საც
და სულხანიშვილის “ღმერთო, ღმერთო”-საც“
ნუგზარს საოცარი სითბო ჰქონდა დედის, მიუხედავად იმისა, რომ ნუგზარი უკვე შუა ასაკში იყო და ქალბატონი ცისანა უკვე ღრმად მოხუცი წავიდა, ძალიან მტკივნეულად განიცადა დედის წასვლა. დიდი ხანი, ფაქტობრივად, დეპრესიაში იყოო – ქეთიმ. ქეთი ნუგზარის შვილია, ზუსტად ისეთი გულწრფელი, როგორიც ნუგზარი.
გაგას მრგვალ ბაღთან შევხვდი, გიორგი ნახუცრიშვილთან მივდიოდი სტუმრად. დიახ, ის გიორგი ნახუცრიშვილი, უცნობილესი ბოტანიკოსი, პროფესორი, აკადემიკოსი, ამ დარგის კორიფე საქართველოში. გარდა იმისა, რომ გაგა ნახუცრიშვილის მამაა, ნახცოსი, კიდევ ის რომ, ნუგზარის პირველი ლექტორი იყო, აი სადაც კოტემ და ნუგზარმა ერთმანეთი გაიცნეს იმ ჯგუფის ხელმძღვანელი უნივერსიტეტში.
გაგა ჰო ძალიან მიყვარს და მისი პოეზია, პირველად ვიყავი მასთან სტუმრად ახალ ბინაში. აუო, მეხამუშება რაღაცნაირად ეს ახალი სახლები, ის მერჩივნაო, ძველებური შუშაბანდებითო და გასასვლელ-გამოსასვლელებითო. რა თქმა უნდა, გემრიელი პატარა სუფრა გაიშალა, თუმცა მანამდე ძია გიორგისთან ჩამოვჯექი, ჩავრთე ტელეფონში ხმის ჩამწერი, ისე მავიწყდება, ამდენ ამბებს როგორ დავიმახსოვრებ, გამომრჩება რამე ძვირფასი ამბავი და გავწამდები… კი ბატონოო, ჩაიწერეო, ძია გიორგიმ და დაიწყო: „აი, პირდაპირ ეტყობოდა, რომ ყველასგან გამორჩეული იყო, უზომოდ ნიჭიერი და, ამ დროს, ფართო ჰუმანიტარული განათლებით“.
ყველას ერთი უცნაური რამე შევატყვე ნუგზარის ცხოვრებაში მოგზაურობისას. ვისაც კი შევხვდი, კითხვები არავის დასჭირვებია. იწყებენ ნუგზარზე მოყოლას და არ ჩერდებიან, ჰყვებიან და ჰყვებიან, ჰყვებიან და ჰყვებიან, ისე როგორც თვითონ ნუგზარი ჰყვებოდა ხან, ზოგადად, ცხოვრებაზე, ხან თავის ცხოვრებაზე, მსუბუქად და მარტივად. ესე მარტივად ესაუბრა გაგასაც თავისი ლექსით. ნახცომ მითხრა, პატარა ვიყავი, რომ გავიცანი ყაზბეგის ექსპედიციაში და ვერაფრით იგრძნობდი, რომ უფროსი იყო ასაკით, თუმცა ვერც ზედმეტს გაბედავდიო. აბა, ორი სიტყვით სცადე და დაახასიათე-მეთქი, ვთხოვე გაგას: „გამოირჩეოდა ბუნებრიობით. სადაც არ უნდა ყოფილიყო, როგორც არ უნდა ყოფილიყო, ის იყო, რაც იყო. ვიწრო წრეში დალევა უფრო უყვარდა სუფრებზე მეტად. სილაღე, გულწრფელობა, ხშირად „უხეში” პირდაპირობა, რომლის მიღმაც მგრძნობიარე, ადამიანური ადამიანი იყო“.
***
არასდროს მითქვამს „ასეთი დროა“
გაგა ნახუცრიშვილი
ეჰ, ჩემო გაგა,
გითქვამს თუ არა –
ლექსს მიღმა მუდამ „ასეთი დროა“:
იცვლება ხალხი, იცვლება ჰავაც –
ასეთი წავა,
ისეთი მოვა…
თუმცა, რომ მოვა,
გვამცნობს გაზეთი:
იყო ისეთი,
გახდა ასეთი…“
ადამიანებისთვის ის ალბათ იყო ადამიანი, რომელზეც სულ უნდათ, რომ ილაპარაკონ, გაიხსენონ, რადგან ძალიან დააკლდათ, დააკლდათ უზომოდ.
გაანახევრა ან სიცარიელე დაუტოვა, ან შიში უსაყრდენობის, ან სიმარტოვე… მიუხედავად ემოციური, ხანდახან რთული ხასიათისა… თუმცა ასეთი ენერგიის და ნიჭის ადამიანები ვერასოდეს ეტევიან საზღვრებში, რომლებიც ხანდახან სხვების საზღვრებსაც კი ლახავს.
გიორგი ნახუცრიშვილი გეობოტანიკის კურსს უკითხავდა იმ დროს გეოლოგებს: „სხვა დისციპლინა იყო გეოლოგებისთვის, მაგრამ მაინც შევთავაზე, ნუგზარს, კოტეს და ზაურ ბიძინაშვილს. იმდენად ნიჭიერები იყვნენ, რომ ჯერ კიდევ სტუდენტები წავიყვანე ბოტანიკის ინსტიტუტში სამუშაოდ. ფაქტობრივად, პროფესიის შეცვლა ვთხოვე და დამთანხმდნენ. ბოტანიკა არ ჰქონდათ გავლილი და პირდაპირ ფიტოცეროლოგია, ანუ მეცნიერება მცენარეთა ციროზების შესახებო, რა არის ტყე, რა არის მდელო საქართველოს მცენარეულის საფუძველზე“- შემეძლო არ დამეწერა მთელი ეს ტერმინოლოგია, მაგრამ აღსაქმელად დავწერე… მე გამოთქმაც კი მიჭირს ამ სამეცნიერო ტერმინის… მაგრამ აზროვნებისა და შეთავსების მასშტაბებს კარგად აჩვენებს – პოეტური, დიდი ჰუმანიტარული ინტელექტი და პარალელურად მეცნიერი. შეყვარებული საკუთარ პროფესიაზე…
მაშინ ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი ყოფილა ნიკო კეცხოველი, გიორგი ნახუცრიშვილი – მოადგილე და წარუდგენია კოტე, ნუგზარი და ზაური, რომ სამსახურში აეყვანა. კოტე ჰყვება: „ბოტანიკა, რა თქმა უნდა, არ ვიცოდითო, მაგრამ საუბარი ლიტერატურაზე ჩამოვარდა და ნინო კეცხოველმა, აბა, ეს თუ გაქვთ წაკითხულიო, აბა, ის თუ იცითო, ძალიან გაუგეს ერთმანეთს და მოეწონათო. ორივე ნიჭიერი, ორივე ლიტერატურული სენტიმენტებით, ორივე ქართლური პირდაპირობით. ძალიან მოსწონდა პაპა ნიკო, ყველაფერი მოსწონდა უპირობოდ, რაც მოსაწონი არ იყო, ისიც. თვითონაც ეგეთი იყო, თავისი ჩამოყალიბებული აზრით, არ ჰქონდა მნიშვნელობა, მოსწონდა ვინმეს თუ არ მოსწონდა… ნუგზარი გახდა დიდი მეცნიერი, მე ვერ გავხდი მეცნიერიო, – კოტემ, – იმან მოახერხა, ის კი არა, როცა რუსული საბჭოთა საზღვრები აღარ იყო და უკვე დასავლეთთან დაიწყო საქმიანი კონტაქტები, მოახერხა და ინგლისური ისწავლა, ბოლოს ლექციებს კითხულობდა ინგლისურად სამეცნიერო კონფერენციებზე… და თან ახერხებდა ლექსის წერას…“
ნუგზარს თავიდან დაუწყია მცენარეების კარტოგრაფირების შესწავლა თან ძალიან ინტენსიურად. ეს ის დროა, ჯერ კიდევ მოსკოვსა და პეტერბურგში აკეთებ შემაჯამებელ მოხსენებებს და აი, აქ გაიხსენა ძია გიორგიმ ძალიან საინტერესო რამ. ალბათ ეს იყო მოტივაცია, რის გამოც ნუგზარმა დაწერა წიგნი, ზემოთ რომ ვთქვი, ქვემოთ მოგიყვებით-მეთქი, ის წიგნი,- „რუსოფობია – ანუ პოეტური იმპერიალიზმი ლომონოსოვიდან ევტუშენკომდე“. როგორც ჩანს, იმ პერიოდშიც არ ეპუებოდა ყოფით დონეზე გამოთქმულ საბჭოთა რუსულ-დერჟავნიკულ ვნებებს, რაც კარგად გვახსოვს იმათ, ვისაც ცოტა ხნით მაინც უცხოვრია იმ დროს, როგორ ყოფითად ხდებოდა იმ დერჟავნიკული იდეების გადმონთხევა ნებისმიერი რუსი ჩინოვნიკისგან და როგორ უკვირდათ, როცა არ უთმობდი. მშვენივრად იცოდა, ზოგადად, რუსული ლიტერატურა და ფიქრობდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო კულტურაში, მაგრამ ასევე იცოდა, როგორ მჟღავნდებოდა რუსული შოვინიზმი გენიოსთა ტექსტებშიც კი… სანამ არგუმენტები ესმოდათ, თურმე უხსნიდა და როცა აღარ ესმოდათ არგუმენტები, რაც რუსებს ხშირად ახასიათებდათ და ახასიათებთ, მაშინ, როგორც ჩანს, თავის ქართლურ ხასიათსაც ავლენდა. ამ წიგნით ნუგზარმა, როგორც ნამდვილმა ხელოვანმა და ღირსეულმა ადამიანმა, ყველას უთხრა, რომ „რუსო-ფობია“ ზიზღი კი არ არის, ეს არის შიში იმისა, რასაც უკვე 200 წელზე მეტია განვიცდით ქართველები იმპერიისგან. ყოველგვარი ზედმეტი ისტერიის გარეშე, თვით ტიუტჩევის, ტოლსტოის, ლერმონტოვის, მაიაკოვსკის, ევტუშენკოს, ახმატოვას, ცვეტაევას და სხვების ციტატებით არგუმენტირებულად საუბრობდა ამ დერჟავულ შოვინიზმზე, განსაკუთრებით საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით მაღალი რუსული ლიტერატურის კვარცხლბეკიდან.
ამ თემებზე უკმეხად ახსნის მიუხედავად, თავისი ინტელექტით აღფრთოვანებულს ტოვებდა რუსებს, რომელთა შორის უამრავი მოაზროვნე იყოო – ძია გიორგიმ. ხვდებოდნენ, რა ინტელექტის ადამიანთან ჰქონდათ ურთიერთობა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც აეროპორტში დარჩენია გამოსვლის უშველებელი ტექსტი, მაგრამ მოხსენება მაინც გაუკეთებია ყოველგვარი წუნის გარეშე, ალბათ სწორედ ასეთი ხასიათის გამო სცემდნენ იქ პატივს.
ამ ისტორიებთან დაკავშირებით გასართობ ამბებს მოყვა კოტე: „ძალიან ხშირად მათი ექსპედიციები იყო ყაზბეგში, სადაც სერიოზული სამეცნიერო სამუშაოები ტარდებოდა. ნუგზარს საფუძვლიანად ჰქონია შესწავლილ ყაზბეგის ბუნება. ჰქონდა შემუშავებული მცენარეული რუკა, ეს მისი აღმოჩენილი მეთოდი იყო და განსაკუთრებული ადგილი ეკავა სამეცნიერო წრეებში. იმ დროს ჩამოდიოდნენ საკავშირო მნიშვნელობის მეცნიერები და ასეთ შოვინისტურ დამოკიდებულებას ავლენდნენ ხშირადო, მაგრამ ყველა მოთოკა და თავისი ადგილი მიუჩინა, რაც არ უნდა თანამდებობა ჰქონოდა ან სამეცნიერო ხარისხიო. ერთმა გაგვაბრაზა ძალიან, მეც კი ვეღარ ვიკავებდი თავსო – კოტემ – შეგვჭამა უმიზეზო პრეტენზიებით და სულ ცდილობდა, რომ ეგრძნობინებინა, რომ რაღაცით მეტი იყო ჩვენზე, პირდაპირ ეროვნებას უსვამდა ხაზს და ბოლოს მოახერხა და წყობიდან გამოგვიყვანა და პასუხიც მიიღო შესაბამისიო. მერე ცდილობდა, რომ დაეცვა ზომიერება და ველზე რომ გავედით, ფეხი იტკინა და ისევ ჩვენი საშველი გახდა, ჯერ არავინ ეკარებოდა და ბოლოს ისევ ნუგზარი მიეხმარა, მაგრამ სულ აგრძნობინებდა, სად იყო მისი ადგილიო“. თუმცა ერთი ძალიან სახალისო ისტორია მომხდარა. ყოფილა ვინმე პროფესორი-აკადემიკოსი ვასილიევი, რომელიც ჩამოვიდა და აქ შუბლშეკრული აკვირდებოდა მუშაობას, ერთ საღამოს , რა თქმა უნდა, დალია… დარჩნენ ნუგზარი და ეს აკადემიკოსი მარტო დიდ მისაღებ ოთახში, დანარჩენებს ვეღარ გაუძლიათ და დასაძინებლად დაშლილან. ძალიან გვიან ხმაურს გაუღვიძებია ყველა და რას ხედავენ, სასტუმრო ოთახში, მაგიდასთან ზაზანაშვილი ზის, ეს აკადემიკოსი დადის მაგიდის გარშემო, ნუგზარი იძლევა ბრძანებებს, „ტავარიშჩ ვასილევსკი, შაგომ მარშ“ – ვასილიევი ხომ იყო და „ვასილევსკი“ დაარქვა და ეს „ტავარიშჩ ვასილევსკი“ ნუგზარის ბრძანებაზე სამხედრო ნაბიჯით გარშემო უვლიდა მაგიდას. „ტავარიშჩ ვასილევსკი, ვოლნა!“, – აკადემიკოსი დაჯდება, დაუსხამდა ნუგზარი, ის დალევდა, ისევ – „ტავარიშჩ ვასილევსკი, შაგომ მარშ“ – და ისიც წამოხტებოდა და დადიოდა თურმე მაგიდის გარშემო.
მერე ჩამოვიდა გიორგი ნახუცრიშვილი – გაიგო, გაწყრა და, – მოარიდეთ ეს ზაზანაშვილსო. ყველა ეს საქმიანი და დამღლელი დღე, მთაში, ყაზბეგში, რა თქმა უნდა, ბოლოს მოლხენით მთავრდებოდა, მაგრამ დილას ნაბახუსევზე გაიღვიძებდა, იყო მკაცრი და ჰქონდა აკვიატებული ფრაზა, „რო მოვკვდე ,საქმე არ უნდა გააკეთოთ?“.
„სხვათა შორის, გაორება ჰქონდა ირაციონალურ პოეტიკასა და რაციონალურ პროფესიას შორის, ძალიან ძნელია, რომ შეათავსო, თან არა უბრალოდ მეცნიერი, არამედ თან კარგი მენეჯერიც უნდა იყო. დიდი რესურსების კაცი იყო, შემოქმედება, მეცნიერება, მენეჯმენტი, მოლხენას ყოველთვის დიდი ადგილი ეკავა – ეს ერთგვარი რელაქსი იყო, ძალიან ძნელია ამის გარეშე ეცხოვრა, ერთგვარი დასვენება იყო მისთვისო“ – კოტემ.
ის კი არა, საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა და შემოვიდა საერთაშორისო ორგანიზაციები, „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი“ (WWF), ნუგზარი ამ ფონდის კავკასიის ოფისის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და კონსერვაციის პროგრამის დირექტორი გახდა, უცნობილესი ეკოლოგი. ძალიან საპასუხისმგებლო საქმე იყო, მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით. საქმეში ყოფილა მკაცრი, საშინლად ვერ იტანდა უპასუხისმგებლობასა და არაპროფესიონალიზმს, – ირაკლიმ მომიყვა, შვილმა, ერთხელ ძალიან დავიძაბე, თანამშრომელი, რომელიც გაუთავებლად ზარმაცობდა და ვერ მუშაობდა, საშინელ დღეში ჩააგდოო, – თუმცა მერე უთქვამს, არ გავუშვებ, უსამსახუროდ ცოდოაო. ძალიან ერიდებოდათ მისი და ყველას ეხმარებოდა, ფინანსურად, საქმით. ნიჭიერებს ძალიან ხელს უწყობდა კარიერის აწყობაში.
ისიც ყოფილა, დასახმარებლად საკუთარი ფული გაუგზავნია თანამშრომლისთვის, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, გვარიანი თანხა, თან მიუყოლებია, ცოტა მოვაკელი, ვისკი ვიყიდე, შენი ჯანმრთელობისა ჰო უნდა დავლიოთო.
მაშინ უკვე ძალიან დაძაბული იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა და ნუგზარი და WWF იყო ადგილი, სადაც სომხები და აზერბაიჯანელები მეგობრობდნენ, ერთს უთქვამს, ნუგზარს ვერ ვაკადრებთ კონფლიქტსო.
…და, რა თქმა უნდა, ოჯახი.
ქეთის შევხვდი კაფეში, თითქმის ერთ დროს მივედით, ადრე ერთადერთხელ მყავდა ნანახი, საბას დაჯილდოების შემდეგ ვახშამი იმართება ხოლმე და იქ იყვნენ ნუგზარის მაგივრად, ნანო და ქეთი, აი, ზუსტად ისე უშუალოდ შემხვდა, როგორც მაშინ ნუგზარი შემხვდა, გაცნობისას. მაშინ შეხვედრისას ვერ ვუთხარი, ღიმილით ჰგავდა ძალიან მამას, ღიმილით და თავისუფალი სიცილით.
ერთხელ ერლომ ახვლედიანმა მითხრა: ადამიანი ორი რამით იცნობა ღიმილით და ხმის ტემბრით, ორივეში ყველაზე მეტად ჩანს გულწრფელობაო… გულწრფელობა, აი, ის სიტყვა, რაც ყველაზე მეტად ახასიათებდა ნუგზარს, იმიტომ ჰქონდა ასეთი მიზიდულობა, გულწრფელობის გამო.
ჰოდა, ქეთის აქვს ასეთი გულწრფელობა და ასე თავისუფლად და ემოციურად მომიყვა ნუგზარზე, ძალიან დიდი ხანი ვიცხოვრეთ ცალ-ცალკეო და საკმაოდ გვიან დავუმეგობრდი მამასო, მაგრამ თავიდანვე მივხვდი, რომ რაღაც სხვანაირ მამასთან მქონდა საქმეო.
90-იანების ეპოქა, სიცივე, შიმშილი, ომი – გადარჩენის ზღვარზე დგას ხალხი. ცოტა ხნით, მეუღლის, მარინა ნინიძის თხოვნით, მოსკოვში გაარიდა ოჯახი. მაგრამ ვერ გაძლო, უფრო სწორად, ვერ დატოვა იმ სამყაროში და მალევე დააბრუნა უკან, ალბათ ქეთისთვის და ირაკლისთვის ეს „მალევე“ არც ისე პატარა დრო იყო.
როგორ ათავსებდა კონსერვატიულ ქართულ მამობას და ასეთ ლიბერალურ ხედვებს, ძალიან მიკვირსო, იბუზღუნებდა და მერე იტყოდა, კარგი, როგორც გინდაო. სერიოზული განათლების მიღებაში დამეხმარა და უცებ მოცეკვავე გავხდი, თავიდან იბუზღუნა -„ამისთვის ისწავლე ამდენი“ – და მერე კონკურსი მოვიგე და ამაყობდა, უხაროდა – ეღიმება საუბრისას ქეთის და ვატყობ, შეუმჩნევლად ცრემლს იწმენდს.
„გაბრაზებულა კიდეც უზომოდ, მაგრამ მერე, უცებ ხვდებოდა, რომ თავისუფლება არის მთავარი… ძალიან განიცდიდა ჩვენს პირად ცხოვრებას. იქით ირაკლიზე ნერვიულობდა, ჩემს ძმაზე, როგორც ყველა ქართველი მამა, ისიც განსაკუთრებულად აქცევდა ყურადღებას ვაჟის ყოფას. განსაკუთრებით ბოლო წლებში ძალიან დამეგობრდნენ… ნანოზე ზრუნავდა და სულ ეგონა, რაღაცას აკლებდა… და ის, რაც ყველაზე მეტად მახსენდება, საოცარი იუმორი, სიტყვებს იგონებდა, ყველას სახელებს არქმევდა, გარითმავდა ისე, რომ მთელი დღე ვხალისობდით.
ნელ-ნელა მივხვდი, რა მასშტაბის მამა მყავდა, გვიან გავიგე, რომ თურმე ლექსებს წერდა და არა ისე, გასართობად და წვრილმანი პოეტური ახირებით… აღმოვაჩინე, რომ უსერიოზულესი პოეტია“.
და მერე იყო ის უწყვეტი თხრობა მამაზე, რაც, როგორც ზემოთ ვთქვი, ყველას შევამჩნიე, კითხვები არ იყო საჭირო, ჰყვებოდა და ჰყვებოდა.
ნანოც „საბას“ ვახშამზე გავიცანი და მერე აღარ შევხვედრივარ, მამაზე მინდა-მეთქი ვისაუბროთ და სიხარული დაეტყო, გაციებული იყო და ონლაინ შევხვდით. უზომო ზრუნვა და ნერვიულობა შვილზე, მის ყოფაზე, მომავალზე და უსაშველო სითბო, – „სულ ღელავდა ჩემს ყოფით პრობლემებზე, სულ უნდოდა, რომ მყარად ვყოფილიყავი. ჩემს შვილზე ზრუნავდა, მე კი მყავდა დიდი მეგობარი და დიდი საყრდენი. ახლა, მისი წასვლის მერე, კიდევ უფრო ვგრძნობ, და ვგრძნობ იმას, რამხელა კვალი დაუტოვებია ადამიანებში, სულ სხვანაირად გადავიაზრე მისი პიროვნება, ბევრ წინააღმდეგობებს უყრიდა თავს ხასიათში, რამდენადაც იყო პრაგმატული და რაციონალური, იმდენად იყო მგრძნობიარე და ემოციური… პირველი მიმხვდარა, თუ რამე მიჭირდა, თან ჩვენ ხომ ერთ ოჯახად არ გვიცხოვრია, აი, ვერც წარმოვიდგენდი, თუ ასე უხილავად შეეძლო ადამიანს ეგრძნო პრობლემა და ძალიან ფაქიზად დამდგომოდა გვერდით, თან ეს მატერიალური თანადგომა სულაც არ ყოფილა… თუმცა მატერიალური თანადგომა ჩვეულებრივ წესად ჰქონდა. უნიკალური ურთიერთობა ჰქონდა შვილიშვილთან, ტასოსთან. ძალიან ანებივრებდა, ვღელავდი კიდეც, რომ ნამეტანი მატერიალური დამოკიდებულება არ ჰქონოდა ნუგზართან, თუმცა ერთხელ ვკითხე ტასოს, შენთვის რას ნიშნავს საინტერესო ადამიანი-მეთქი და ბაბუო, ძალიან საინტერესო რაღაცებს ჰყვება და საინტერსოთო. ჩემთვის ეს დიდი აღმოჩენა იყო და გამიხარდა… ჰელიუმის ბუშტი მაქვს ძალიან ჩარჩენილი, ბავშვობისას ხშირად დავსეირნობდით ერთად და ეს სილუეტი სულ მახსოვს, მერე ტასოს რომ ასეირნებდა, ამ სილუეტს მახსენებდა: ნუგზარი, ბავშვი და ჰელიუმის ბურთი. რომ გამოვიდა პირველი კრებული, ძალიან ამაყი ვიყავი, ძალიან. თინეიჯერი ვიყავი და ბევრს ნიშნავდა ჩემთვის პოეტი მამა. მისი ოთახი მახსოვს და ენერგეტიკა, წიგნების თაროები, საწერი მაგიდა. მამა იმ ოთახით ჩანდა, ვინ იყო… მის მაგიდაზე სულ იდო ლიტერატურული გაზეთები, ჟურნალები, „ლიტერატურული გაზეთი“, „არილი“ სულ იდო, სულ ყოველთვის კითხულობდა ახლებს… პროცესი? არასოდეს მინახავს, როგორ მუშაობდა, მაგრამ მამას ლექსებში სულ ვგრძნობდი სევდას, რაღაცნაირს, მოუხელთებელს… სიკვდილზე სულ ფიქრობდა, მე არ ვიცი ადამიანი, ვინც ასე მომზადებული შეხვდა სიკვდილს… მხოლოდ ჩვენზე, სამივე შვილზე ზრუნვა და ფიქრი ჰქონდა ბოლოს“.
„თუკი გკითხავთ ვინმე ჩემზე,
რა უყვარდაო ყველაზე მეტად? –
ასე უპასუხეთ:
სასმელზე და დროსტარებაზე,
წიგნის კითხვასა და ლექსის წერაზე მეტად
უყვარდა საღამოობით ქალაქების
პარკებში მარტო ჩამოჯდომა,
სიგარეტის გაბოლება
და სახეების თვალიერება, –
იქ, სადაც ვერავინ ცნობდა,
ზოგს – მიხრა-მოხრითაც კი –
ის კი თითქოსდა ცნობდა ყველას,
თქო…“.
ბიჭისთვის მამა სხვაა, – ხომ არსებობს ასეთი აზრი. ირაკლის, რომელიც ძალიან პატარა წავიდა მოსკოვში და ჩამოვიდა 11 წლის, აბსოლუტურად უცხო გარემოში, ცოტა გასჭირვებია, ძალიან ძნელი აღმოჩენილა შეგუება თბილისურ გარემოსთან. „ახლა ვხვდები, როგორ ფრთხილად მოახერხა, რომ შევგუებოდი ამ ყველაფერს, შეიძლება, ცოტა დამნაშავეთაც გრძნობდა თავს, რომ ამდენი ხანი უიმისოდ ვიყავი, მაგრამ სადაც მივდიოდით, ყველგან უდიდესი პატივისცემით ეპყრობოდნენ და გულში სულ ვამაყობდი, ერთადერთი რჩევა ჰქონდა – ფულისთვის და მდგომარეობისთვის ადამიანებისთვის არ მეტკინა გული და არ მომეტყუებინა, პატიოსნება, პატიოსნება ჰქონდა ერთადერთი თხოვნა… თავიდან ცოტა გამიჭირდა, მის ახირებას – მოლხენას და სმას შევგუებოდი, ბოლოს მე და მამა ძალიან დავმეგობრდითო, უკვე ძალიან ღიად ვესაუბრებოდით ერთმანეთს – ერთხელ მითხრა, ძალიან მძიმე ვარ ჰო, ვის უნდა ჩემი ლექსები, რა გამიკეთებია… ვერაფერს გიტოვებთ შვილებს და მასაც ვერ მივეცი, რისი ღირსიც იყო, ალბათ ერთადერთი ქალი იყო, ვინც გამიძლებდა და ვერ დავუფასეო… ვცადე, გადარწმუნება, მაგრამ ხელი ჩაიქნია, – მე ჰო ვიციო… და მისი ოთახი, წიგნები წინ, წიგნები მარცხნივ, წიგნები მარჯვნივ, წიგნები უკან“.
და ის მთავარი მარინა, მართლაც კინოსავით იყო მათი ურთიერთობა, ალბათ ოთარ ჭილაძის ლექსიც იმიტომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი.
ეს იმ ლექსის ფინალური სტრიქონებია:
„…მე კიდევ მთვლიდნენ ოჯახის წევრად,
მე კი ქუჩებში ვეძებდი საშველს.
და თოვლს მიჰყავდა ყინვის აღვირით
ჩვენი ქუჩები, როგორც ცხენები.
მარინა! შენი ძებნით დაღლილი
ვწვებოდი თოვლში და გიხსენებდი.
მარინა! მაგრამ როგორ გაიგებ:
ჩვენს შორის მთელი წელია უკვე.
ქუჩებში ქარი დგას და არიგებს
უჩინარ ეჟვნებს, ზარებს და ბუკებს“.
***
იყო 4 მეგობარი: ალეკო ჩავლეიშვილი, დათო ჩორგოლიანი, ლევან ნინიძე და ნუგზარ ზაზანაშვილი. თბილისი. „პლეხანოვი“ ყველა თავისი მეგობრულ-კაცურ-ბიჭური ტრადიციით, ერთი სკოლა, ერთი კლასი და ლევანის და, – მარინა, როგორც თვითონ ჰყვება, გატუტუცებული, თამამი, განებივრებული, როგორც მაშინ ეძახდნენ „ბელარუჩკა“ ანუ ქალი, რომელმაც არ იცის საოჯახო საქმეების კეთება, მითუმეტეს რომ, ფორტეპიანოზე უკრავდა და არაფერს აკარებდნენ. ბებოს საყვარელი შვილიშვილი, თუმცა ბებო ვერ ერეოდა, მეგობრები სულ ჭკუას ასწავლიდნენ – იქ არ წახვიდე, ეს არ გააკეთო, მაგრამ, ვინ აჩუმებდა და აჩერებდა? – ძმის მეგობარი ნუგზარი, – რით? არაფრით, – მხოლოდ საუბარი, – „აი ესე ვიჯექი და ხმაჩავარდნილი, თვალებგადიდებული ვუსმენდი“. ერთხელაც მარინამ მიატოვა ფორტეპიანოზე სწავლა და გამოაცხადა, რომ აბარებს მისაღებ გამოცდებს ხელოვნების ისტორიიის ფაკულტეტზე. ვინ თუ არა ძმის მეგობარი შეუმოწმებდა ცოდნას, ნუგზარმა თავისი ირონიული ტონით „აბა, ერთი, ვნახოთ, რა იცი?“ – და ჩაჭრა, – „სამიანს მიიღებ“ – მართლაც, სამიანი მიიღო. 16-17 წლის ასაკში ცოტა შეიცვალა, ქალობა დაეტყო, უფრო გოგოობა, თორემ მანამდე ფეხბურთი, ჰოკეი, ფიგურული სრიალი, ყველაფერი გამოიარა, კრივიც – და აი, ცოტათი რომ შეიცვალა, კი შეხედეს ერთმანეთ რაღაცნაირად ნუგზარმა და მარინამ, მაგრამ, უუჰ, მაშინ სხვა დროა – მეგობრის და, ძმის მეგობარი? – არ შეიძლებოდა ურთიერთობა, ძააალიან სირცხვილი იყო. ისე მოხდა, გოგო გათხოვდა და მალე გაშორდა. ბიჭმა ცოლი მოიყვანა და ისიც დაშორდა.
ქალბატონ მარინა ნინიძეს ვესტუმრე ყიფშიძეზე, სადაც ნუგზარმა თავისი ცხოვრების უდიდესი დრო გაატარა, აქ იყო მისი სამუშაო ოთახი. აქ შექმნა ოჯახი, სადაც იზრდებოდა მისი ორი შვილი: ქეთი და ირაკლი და ხშირი სტუმარი იყო ნანოც – პირველი შვილი პირველი ქორწინებიდან. მაგიდაზე ელაგა სადა სადილი და ერთი ბოთლი ღვინო, ნუგზარი ამის გარეშე არ შეგხვდებოდა – მითხრა.
ერთი ბოთლი ღვინო კომუნიკაციისთვის ყოველთვის სჭირდებოდაო – მანამდე იხსენებდა კოტე.
მოკლედ, აქაც ზუსტად ისე და ალბათ ყველასთან შედარებით უფრო მეტად, კითხვები არ იყო საჭირო, ჰყვებოდა და ჰყვებოდა, ჰყვებოდა ემოციით, აღფრთოვანებით, სევდით, სინანულით, ხშირად იცინოდა და ხშირად ტიროდა, პერიოდულად ხმა უწყდებოდა… და ცრემლიანი თვალები გამუდმებით.
„ისე მოხდა, რომ მე გაშორების მერე ერთ ოთახიანი ბინა დამითმო ბებიამ, სტრესს ასე ადვილად გაუმკლავდებაო, და ერთხელაც ჩემი ძმის მეგობრები მოვიდნენ, „ვნახოთ, ერთი, ეს მარინა სად ცხოვრობს, რას აკეთებს მარტო?“ – ამას ზუსტად ნუგზარის მანერით ამბობს და ვხვდები, რომ ნუგზარის ნათქვამი იქნებოდა – „25 იანვარი იყო, ახალი წელი, გავშალე სუფრა, დაიწყო ქეიფი, გავედი სამზარეულოში და უცებ მესმის ნუგზარის ხმა, – ლევან, რაღაც უნდა გითხრა… ბიჭო, შენი და მომწონსო, ლევანი დაიძაბა – არა, ხო იცი, ბიჭო, ეგ ხო ცოტა გიჟია, უნდა მოვამზადოთ – და მე? რა დროს მომზადებაა! – იმ მომენტიდანვე იფეთქა… ძალიან მიყვარდა ნუგზარი და…“
და დაიწყო დიდი სიყვარულის ისტორია, ეს არ იყო ბანალური-ტკბილ-რომანტიკული ურთიერთობა, ეს იყო ნამდვილი სიყვარული. „ვერაფრით ვიტანდი მისთვის საყვედურის თქმას… არასოდეს არ გამოხატავდა ღიად გრძნობებს… მოსკოვში წასვლა მე მოვინდომე, არ მეგონა, რომ დამთანხმდებოდა… მიუხედავად იმისა, რომ იქ კომფორტულად ვიყავით, მალე ვიგრძენი ამ მოსკოვის მძიმე ხასიათი და რომ მითხრა, მორჩა, წავედით, ავიბარგეთო, წამოვედით… ფენომენალური ენერგიის კაცი იყო, ვერაფრით ვხვდებოდი, როგორ ასწრებდა ამდენს. ძალიან განიცადა სამოქალაქო ომი, ყველაზე მწარე წლები იყო და ალბათ ამიტომაც უფრო ადვილად დათმო და გაგვიშვა მოსკოვში. ძალიან განიცდიდა ამ არეულობას, იმ საშინელებას საქართველოში. დროსთან ერთად მივხვდი რომ ის ძალია არასტანდარტული ადამიანი იყო და ასევე უნდა მოვქცეულიყავი, ვიღაცას შეიძლება ეთქვა- აუ როგორ უძლებ- მე ვისწავლე მასთან ურთიერთობა, ადამიანთან, რომელსაც უნდა გაუფრთხილდე, რადგან ასეთები არია ცოტა… შრომობდა თავდაუზოგავად, გაუთავებელ მოგზაურობებში იყო და მუდმივი ნერვიულობა სამგზავრო ნივთებზე, რამე არ დარჩენოდა და მე ბევრს ვხალისობდი ამ ნერვიულობაზე, თან სულ მე ვულაგებდი…”
იყო ჩუმი ზრუნვა და ემოციური ცხოვრება. ხან უზომოდ ემოციურიც კი. მერე სინანული, მერე ჯანმრთელობის შერყევა და ბევრი ექიმი, რომლებიც აფრთხილებდნენ და რაღაცნაირი ფილოსოფიური სიმშვიდე სიკვდილ-სიცოცხლის აღქმაში.
ეს სიტყვებიც სწორედ იმ დღეების სწორს იწერება, როცა ის ამბავი მოხდა, რაზეც უნდა დავწერო. აღდგომის კვირა ყოფილა, ბრწყინვალე შვიდეული, შაბათს შვილები ესტუმრნენ თურმე, ჰქონდათ ლუდით გართობა, კვირა დილა თენდება და ჰაერი არ მყოფნისო, გაღვიძებია.
– მე ძალიან ზუსტად ვიცოდი ხოლმე, ამ დროს რა უნდა მექნა, სამედიცინო განათლებაც მქონდა და დავიწყე შემოწმება, თითქოს არაფერი ისეთი, მაგრამ სასწრაფო გამოვიძახოთ-მეთქი, ხელი მომკიდა და მითხრა: გ ა მ ი შ ვ ი!
მარინა ჩუმდება, ცრემლები ახრჩობს, სიტყვა უწყდება.
ამბობენ, ბრწყინვალე შვიდეულში წასულები პირდაპირ სამოთხეში ხვდებიანო.
***
უყვარდა ფრანგი პოეტები, საერთოდ ფრანგული ლიტერატურა, ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა, „ბევრს ვსწავლობო“, – ამბობდა. ალბათ, აპოლინერი, პოლ ვალერი, ჟან ჟუვი… სიმბოლისტებით დაწყებული: ბოდლერი, რემბო, ვერლენი…
არ უყვარდა ედგარ პო, განსაკუთრებით პროზა – „გიჟია ეს ედგარ პო… მერე რა რო გოთიკურ მოდაში იყო… მკვდარს კბილები როგორ უნდა ამოაცალო, ნორმალური დაწერს?.. გიჟია რა“- ბუზღუნებდა თავისი მანერით.
უყვარდა რობერტ ლოუელი, შეეძლო, დილის 6 საათზე მეგობართან დაერეკა და ეთქვა, – რობერტ ლოუელი გარდაცვლილა, ბიჭო, ამო, დავლიოთ და უნდა ასულიყავი და შესანდობარი გეთქვა. ეს რობერტ ლოუელია:
ათი წუთი
ორადგილიანი საწოლიდან
ზეწარი გამუდმებით ცურდება ქვემოთ.
რაც უფრო ჯიუტად ვასწორებ,
მით უფრო ჯიუტად ცურდება
ქვემოთ. აი
ასე ვიწყებ წოლას.
სხვებს აქვთ მიზანი,
ჩემი ვაგონი მიქრის არსაით.
ვიცი, ჩემი გზა ჩიხისკენ მიდის.
მაინც ვოცნებობ, ჩემმა ტყუილმა
სიმართლე მოისხას.
ყველაფერს კითხულობდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, არასოდეს არ იკავებდა თავს ქებისგან თუ მოეწონებოდა -„კაი ბიჭია, ჰო იცი ეს“ – და, რაც მთავარია, ასწრებდა წაკითხვას, თითქმის ყველა იცოდა, ვინც ახალი იბეჭდებოდა და ძალიან უხაროდა, თუ ნიჭს აღმოაჩენდა… ოტია პაჭკორიას პატარა მოთხრობებზე უთქვამს – ძალიან სერიოზული ავტორია. სიახლეები მოსწონდა ძალიან, მოულოდნელობა. ერთმანეთის პირველი მკითხველები კოტე და ნუგზარი იყვნენ. ოთარ ჭილაძის „ყოველმან ჩემმან მპოვნელმა“ ძალიან მოეწონა – „პოეტის დაწერილი პროზაა მაინც, იმიტოა ასეთი“.
სამაგიეროდ, გიორგი ნახუცრიშვილმაც, კოტე ჯანდიერმაც, მარინამაც, ირაკლიმაც მითხრეს, ხანდახან დაუნდობელიც კი იყო ადამიანების მიმართ, თუ თვალთმაქცობას შეატყობდა, უნიჭოთა უტიფრობას ვერ იტანდა და სიბრიყვეს – განსაკუთრებითო.
ზეპირად იცოდა ბევრი პოეტი. თვითონ ჩუმად ბეჭდავდა და ჩუმად გამოსცემდა, ბოლო წიგნზე,ირაკლის უთხრა, წამო გამომცემლობაში, რაღაც გამომიცეს, 200 წიგნი უნდა წამოვიღო საჩუქრად. გაუკვირდა ირაკლის, რატომ არ მითხარიო. ოოჰ, კაი რა, ისეთები წერენ, ისეთები გამოსცემენ, ჩემი რა არისო.
ერთ ინტერვიუში, ელისო მეტრეველთან აქვს ნათქვამი: „ლევან ბრეგაძეს ჰქონდა თავის ჟურნალში რუბრიკა „რატომ წერ“, მერე დაიხურა ეს ჟურნალი, თორემ მინდოდა მიმეწერა, „რატომ წერ“ კი არა, „რატომ აქვეყნებ“ – ეს არის მთავარი. რატომ წერ, გასაგებია, ჩაჯდა შენში ეს რაღაც და აღარ შეგიძლია, რომ არ წერო. რატომ აქვეყნებ? ზუსტადაც რომ, აქვეყნებ და ეს უმნიშვნელოვანესი შეკითხვაა“.
ფილოსოფიით გადადიოდა პოეზიაში, პოეზიიდან ფილოსოფიაში, სარჩევს რომ ჩაუყვებით, შეგხვდებათ: „გოეთედან“, „შოპენჰაუერიდან“, „ემერსონიდან“, „მანდელშტამიდან“, „ჰაინრიხ ბიოლიდან“, „უმბერტო ეკოდან“, „სენეკადან“… „ბულვარზე ჰაიდეგერთან ერთად“
***
ბულვარზე ჰაიდეგერთან ერთად
„ზეთისხილის ხე
ალვა
ჩინარი
კარგიც წინ არი
ცუდიც წინ არი
ასეა
რადგან კაცი გზაზეა
მუდამ გზაზეა
რადგან ასეა
ასეა რადგან
ასე წერია
და რადგან უკან
არაფერია“
და ამონარიდი ერთი უცნაური ლექსიდან:
„უცნაური გრძნობა მიპყრობს,
როცა გარდაცვლილი მეგობრის
ფეისბუქ-გვერდზე მოვხვდები ხოლმე…
ულოცავენ დაბადების დღეს…
გეგონება, ამ ვირტუალურ სივრცეში
ისევ გრძელდებოდეს მისი არსებობა…
უცნაური გრძნობა – რაღაც საშუალო
შეცბუნებასა და შეძრწუნებას შორის:
ვხედავ, რომ სიკვდილამდე ორი-სამი
დღით ადრე დაუპოსტია რაღაც“
და ამავე ლექსისი ფინალი, მართლაც, შემაძრწუნებლად მსუბუქად ჰყვება სიკვდილზე:
„ეტყობა, უნდა გაითავისო,
რომ სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა ხარ:
ბავშვობაში ერთი ხარ,
სიყმაწვილეში უკვე სხვა ადამიანი ხარ,
ახალგაზრდობაში კიდევ – სულ სხვა,
შუაწლებში, სიბერის პირზე…
ასე მგონია, ამის გათავისებას თუ შევძლებ –
გარდაცვლილთა ფეისბუქ-გვერდებსაც
უფრო მშვიდად აღვიქვამ…
მაგრამ მე მაინც გავაუქმებ ჩემს გვერდს
სიკვდილის წინ,
ან თუ ვერ მოვასწარი –
ა ბატონო, დამიბარებია –
გააუქმეთ!..“
ნუგზარის ფეისბუქ გვერდი რომ ნახოთ, ვერაფრით იგრძნობთ, რომ ამ ქვეყნიდან გასულია, მასთან ჩვეულებრივად შედიან ადამიანები: სტუდენტები, მეგობრები, თანამშრომლები, საქმიანი პარტნიორები, შორი და ახლო ნაცნობები და ურთიერთობენ, ესაუბრებიან, დებენ კომენტარებს, პოსტებს.
11 მარტს მისი დაბადების დღე იყო და ულოცავდნენ, მაგალითად, აზერბაიჯანელი კოლეგა ულოცავდა და ბედნიერი იყო, რომ მისი ტექსტების თარგმანი მოახერხა და ახლა გამოვა აზერბაიჯანულ ენაზე.
სტუდენტები წერენ, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ და როგორ მოენატრათ, მკითხველები მის ლექსებს დებენ მისივე გვერდზე და ეს ყველაფერი აწმყო დროში, ახლა და ამ წუთას….
ელშად ასკეროვი, მისი კოლეგა, წერს, როგორ მიენიჭა მისი სახელი ნაკრძალს. „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის ნაკრძალი. საქართველოს პარლამენტმა მდინარე ივრის მეორე ნაპირზე ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის ახალი ნაკრძალის შექმნის შესახებ კანონი მიიღო. ღირსეული ნაბიჯია ჩემი ძვირფასი მასწავლებლის ხსოვნის უკვდავსაყოფად. არც ჩვენ დაგვვიწყებიხარ, ოსტატო. ადრე დაგვტოვე, მაგრამ დიდი გამოცდილება დაგვიტოვე.
პირველად 2013 წელს შირვანის ეროვნული პარკიდან 10 ქურციკი წამოვიყვანეთ საქართველოში, 19 საათი ვატარე დღე და ღამე ისე, რომ არ გავჩერებულვარ. ახლა იქ ქურციკების რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა. ჩვენს ძალისხმევას უშედეგოდ არ ჩაუვლია“.
საბას ჟიურიში მძიმე ამბების გადატანა მოგვიწია. არ ველოდი. თუმცა თუნდაც იმიტომ ღირდა, რომ ნუგზარ ზაზანაშვილის პოეზიის კრებულის – „წავა, წავა, წავა, წავა“ – აღნიშვნაში ჩემი მცირე წვლილიც არის. ბევრჯერ მოვყევით, მეც, ჟიურის სხვა წევრებმაც და კიდევ ერთხელ მოვყვები, იმ წელს, 2021 წლის საბაზე, მართლაც, ერთმანეთზე უკეთესი კრებულები შემოვიდა პოეზიაში. პრინციპი გვქონდა, რაც შეიძლება დაწურული მოკლე სიები გაგვეკეთებინა. ვიფიქრეთ, რომ ეს, გარკვეულად, თამასას მაღლა აწევდა, თუმცა ძალიან ძნელი აღმოჩნდა. ამან გამოიწვია კიდეც დაძაბულობა, მაგრამ, ჯანდაბას, მერე ყველაფერი ჩვეულად დამთავრდა, დრო დაჭირდა, მაგრამ მაინც. ბოლო-ბოლო მწერლები გვქვია და ამისი ადამიანური ვალდებულება გვაქვს. ერთადერთი წიგნი, რომელზეც გარჩევა და კამათი არ მოგვსვლია, იყო ნუგზარის კრებული და ერთმანეთს ჩავუსაფრდით, აბა, ვინ გამოაცხადებდა დაჯილდოებაზე, ვინ გაახარებდა ნუგზარ ზაზანაშვილს. წარმოვიდგენდით კიდეც, როგორ შეაფასებდა, დაიმორცხვებდა, შეიძლება ბოდიშიც კი მოეხადა დანარჩენი მოკლე სიის ავტორებისთვის. განვიხილავდით, როგორი აწყობილი კრებული იყო, ხან კინოა, ხან პოეზია, რა მსუბუქია და თან რა ღრმა, ჩემთვის იმპრესიონისტებთან ასოციაციას იწვევდა. მოკლედ, უსწრაფესად და ყველაზე ადრე გადაწყდა პოეზიის მთავარი ჯილდოს ბედი, თან გვეამაყება დანარჩენი ნომინანტების სიძლიერეც და წარმოვიდგინეთ ნუგზარი სცენაზე, თავისი ღია, გულწრფელი ღიმილით და ცოტა დარცხვენილი მადლობით… და უცებ…
ეს ჩემი საყვარელი ლექსიდანაა:
***
კორონავირუსობის ჟამს
ჰესეს “ტრამალის მგელი”-დან
რამდენი ხანია არ მიცეკვია…
კარგი მოცეკვავე არასოდეს ვყოფილვარ –
პლასტიკურობა მაკლდა,
მაგრამ მელოდიას და რიტმს ვგრძნობდი
და სიამოვნებით ვეცეკვებოდი ხოლმე
ნელ ცეკვებს ახალგაზრდა
და არც ისე ახალგაზრდა ქალბატონებს.
როდის ვიცეკვე ბოლოს?
აღარც კი მახსოვს,
ალბათ ასე ოცდახუთი წლის წინ.
მეოთხედი საუკუნეა არ მიცეკვია…
ოთხი კრებული გამოსცა, ერთი ძალიან ადრე და პაუზის შემდეგ სამი: „ცის ლექსები“, „მექანიკური როიალი“, „წავა, წავა,წავა, წავა“ – ზუსტად ვიცი, რომ არსადაც არ წავა, რადგან ვინც მის კრებულებს აიღებს ხელში, პირდაპირ მის სამყაროში აღმოჩნდება, როგორც „ელისი სასწაულების ქვეყანაში“. ნუგზარი ლექსების კრებული არის ხეტიალი სამყაროში, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ძალიან ეგზოტიკურ უცხო ქალაქში რომ ჩასულხართ და თქვენთვის ყველაფერი უცნობია და უცნაური, სულ აღმოჩენებში რომ ხართ, ადამიანების, განწყობის, ფერის, ხმის, სუნის… უმნიშვნელოდ მნიშვნელოვანი დეტალები და პირიქით მნიშვნელოვნად უმნიშვნელოები… თან ამ დროს, ყველაფერი თითქოს ძალიან ნაცნობია, ვაჰ, გაიოცებ, მე რატომ ვერ დავინახე, მე რატომ ვერ ვიგრძენი, ვაჰ, რა მსუბუქია… ხან ვერლიბრი, ხან კონვენციური, ხან კლასიკური რითმა, ხან კანონების მთლიანად რღვევა, მარცვლებით და სიტყვებით თამაში, თვით ირონიით გაჟღენთილი… და თან რა სიმძიმე აქვს პოეტის, რომელმაც იცხოვრა ისე, რომ თავი პოეტი არ ეგონა, უბრალოდ პოეტივით ცხოვრობდა და როგორც ცხოვრობდა, ისე წერდა.
და ბოლოს:
***
„ნამდვილი პოეზია
„სალფეთქის“ ფურცლებზე
და „პაპიროსის“ კოლოფებზე
იწერება“
შესაძლოა, ცოტა ქაოსური ამბავია კაცზე, რომელიც თვითონ ქაოსური იყო, არა, ბუნებასავით მოწესრიგებული ქაოსი, როგორც კოსმოსი. თავის პოეზიაზე კი გეტყოდათ, თავისი სპეციფიკური მანერით და ხმით, იქნებ ქართლური პირდაპირობით, ცოტა უხეშადაც: „რავი, როგორია, წაიკითხე და ნახავ… მე მარტივი ვარ“.
„მე მარტივი ვარ
ექიმმა
არტერიები ჯერ კიდევ გაგიძლებსო
და მიხარია
მე მარტივი ვარ
ცოტათი დათბა
აყვავდა ატმის ხე
და მიხარია
მე მარტივი ვარ
ჩემმა შვილმა რომელიღაც
კონკურსზე გაიმარჯვა
და მიხარია
მე მარტივი ვარ
მოუგო საქართველოს
რაგბის ნაკრებმა რუსეთისას
და მიხარია
მე მარტივი ვარ
წავიკითხე ვიღაცის მშვენიერი ლექსი
და მიხარია
მე მარტივი ვარ
ჩემზე ვიღაცამ რაღაც კარგი თქვა
და მიხარია
© არილი