პროზა

ბესო სოლომანაშვილი – ჩახმახი, სასხლეტი, ლულა და სხვისი კინო

beso solomana 5334

1.

ღამის სამი საათი იყო, რომ დაიძინა, ფილმის ყურებას შეყვა. საშინელებათა ფილმის და ეროტიკის ნაზავი იყო. ვიღაც ლამაზი, შიშველი ქალი ყველა კაცს უწვებოდა და ვისთანაც ყველაზე ემოციური ორგაზმი ჰქონდა, – კლავდა. ბოლოს შეეშალა, მაგარ პოლიციელ ბიჭს დაუწვა და იმან მიაკლა. თან დაენანა ქალი და თან თავისთვის ჩაიბურდღუნა – არაა, მაინც მაგარი ნაბოზრები არიან რაა. საათს რომ დახედა, – ეე, ესე არ შეიძლებაო – თქვა, მთელი დღე საჭესთან უნდა მჯდარიყო, ვერ გაძლებდა. თან, დღეს პირველად უნდა მიჯდომოდა თავის ოცნების მანქანის საჭეს.

ბაკოს ღრმად ეძინა, ასე ეძახდა ცოლს, – ისე ბარბარე ერქვა. ლოგინში რომ შეწვა, მოშიშვლებულ მკერდს მოკრა თვალი და აენთო, მაგრამ ჩაიცხრო სურვილი. ჩაეძინა.

გამთენიისას, გარედან შემოსულმა ჩხუბის ხმამ გააღვიძა. დილისკენ კორპუსის ახლოს ძაღლმა დაიწყო ყმუილი, ბაკო აბუზღუნდა, – აუ, გააჩუმე რა?!

წამოდგა, ფანჯარა გააღო და ძაღლს დაუყვირა, მერე შეაგინა.

– რეებს ყვირი, სირცხვილია, რაა – უკმაყოფილოდ ამოიბურდღუნა ბაკომ.

– მიდი რა – მიუგდო და ისევ დაწვა. ამბობენ, ძაღლი რომ ყმუის, სადღაც ვიღაც ან კვდება, ან მოკვდებაო, – მიქელგაბრიელს ხედავს ძაღლიო.

რომ გაიღვიძა, ბაკო სამსახურში წასული დახვდა, ვერც დაიუთოვა, ვერც გაიცხელა, თან ეჩქარებოდა, იგინა. გამწარებულმა, წყალი გადაივლო და გავარდა, გზიდან დაურეკა ცოლს და ეჩხუბა, იმან კიდევ პასუხად:

– მანქანა ხო იყიდე, შენ ხო ისიამოვნე და ბავშვის სწავლის ფული როა გადასახდელი? ტოტალიზატორში ხო არ დადე ისევ? მთავარია, შენ ხო მიიღე რაც გინდოდაო?! – მერე მოაყოლა თავისი სურვილების დიდი სია – ის რო მინდოდაო… ეს რო მინდოდაო? – და გაუთიშა ტელეფონი.

ძალიან, ძალიან უნდოდა ეს მანქანა და რა ექნა? რომ ოცნებობდა, ზუსტად ისეთი იყო – მონაცემებითაც და გარეგნულადაც. სავარძელი მოირგო, საითაც გინდა გასწიე, – წინ, უკან, გვერდით, ცოტა ზემოთ, ცოტა ქვემოთ. სანამ ჩაჯდებოდა, ორჯერ შემოუარა მანქანას. სიამაყისგან და სიამოვნებისგან ტანშიც კი გააჟრიალა. საბურავს ფეხი მიარტყა, სახურავიდან დასკინტლული გადაწმინდა და მერე ჩაჯდა.

გასაღები რომ გადაწია, ძრავა ისე დაიქოქა, ხმა არ გაუგია. ბედნიერად იგრძნო თავი, სალონში სიახლის სუნი იდგა.

ფანჯარა ჩაწია, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და მანქანა დაძრა.

2.

– და-ვი-ღა-ლე! – თქვა დამარცვლით.

თავი უკან გადაწია, კისრის მალებმა გაიტკაცუნეს. თვალები დახუჭა. დაღლილობისგან ყველა კუნთი სტკიოდა, კაბინეტის კარი დაკეტა, ფეხები მაგიდაზე შეაწყო. სავარძლის საზურგე გადაწია და გადაწვა. ხერხემლის გარშემო კუნთები დაჭიმული ჰქონდა, ვერაფრით მოერგო სავარძელს: წინ გასწია, გვერდით, უკან, – ვერაფერი მოუხერხა. ბოლოს გაჭირვებით იპოვა შესაბამისი მდგომარეობა და ჩაწყნარდა. ორი დღე და ღამე სამსახურიდან არ გასულა. “რა სევდიანია ცხოვრება” – გაუელვა ფიქრმა, უნიათო ღიმილით ჩაეღიმა და ჩათვლიმა. ზურგის ტკივილმა გააღვიძა, შეაცია. ტელეფონს დახედა, უამრავი ზარი იყო შემოსული, გაღიზიანდა. არც ერთზე უცდია დარეკვა. “არ მაქ ამათი ნერვები” – და ტაქსი გამოიძახა, მერე დაიწყო ფიქრი, სად უნდოდა წასვლა. სახლში არ უნდოდა. ვერც ერთი მეგობარი ვერ გაიხსენა ვისთანაც სიამოვნებით დალევდა ცოტას და საერთოდ ვერავინ გაიხსენა, ვისთანაც გაატარებდა საღამოს. მოიწყინა. “დავიძინებ… არა, წავიკითხავ… ტელევიზორი… არა, ფილმს ვნახავ… თავს მოვიკლავ… არ ვიცი, რამეს ვიზამ” – გულში გაეცინა, ისევ მაგიდაზე ააწყო ფეხები, კუნთები მოადუნა. “რა მძიმე ყოფილა, ეე? არ მეგონა ფიზიკური ტკივილები თუ იცოდა?” – არაფრის სურვილი არ ჰქონდა. სულ ეძინებოდა. არ უნდოდა, რომ ასეთი განწყობა ჰქონოდა, მაგრამ მაინც სულ ასეთ განწყობაზე იყო.

დაურეკეს. “ფუუ რა მალე მოვიდა” – ლეპტოპი, რომელსაც მუდამ თან დაათრევდა, ზანტად დახურა და ჩანთაში ჩადო, აიკიდა მხარზე და კიბეებს ჩაუყვა. “მანქანა როგორ არ უნდა მყავდეს” – უკვე მერამდენედ ეწუწუნებოდა თავს.

3.

ქუჩაში ძალიან კარგი მანქანა იდგა. “ესეთი მანქანა რო გეყოლება და იტაქსავებ…” – კარი გააღო, ჩაჯდა და თავის მერკანტილურ სისულელეზე გაეცინა. მძღოლს მისი სიცილი გაუკვირდა, მაგრამ არ შეიმჩნია. “რამდენი სირია” – გაიფიქრა და კლიენტს მიესალმა.

შეამჩნია, რომ მძღოლი ახალგაზრდა კაცი იყო, მეტად აღარ დაინტერესებულა. სავარძელში ჩაეშვა.

– კარგად ზიხარ, ძმა? – კითხა მძღოლმა.

– ხო, რავი…- და მისამართი უთხრა. “ძმა? ძმა არა და ის კიდე”, – გაღიზიანდა თავისთვის.

– თუ გინდა, აი მანდ დააჭირე… არა, არა გვერდზე. ოო… და საითაც გინდა გაწიე… ხო მაგარია? გუშინ ჩამოვიყვანე რაა… ძაან მაგარია რაა… მატორი აქ ძმაოოო?!..”

“აუუჰ, ეხლა ამას უნდა ვუსმინოო… რატომ გადაწყვიტა, რომ მაინცდამაინც მე უნდა გამიზიაროს… და ეს ძმა, რა უბედურებაა – კიდევ უფრო გაღიზიანდა, მაგრამ არაფერი უთქვამს – აი, ეს მღუპავს, როცა არ გსიამოვნებს, ადექი და უთხარი რა… ზრდილობა… ეთიკა… და იგლიჯე ნერვები”.

მძღოლი აგრძელებდა მანქანაზე თხრობას. “ან რატო ჰგონია რო რამე მესმის მანქანის… ცოტა გაჩუმდი რაა” – სთხოვა ფიქრებში და თავი რბილ საზურგეზე გადადო. სალონში სიახლის სუნი იდგა. მოსწონდა, ეს ბენზინივით მძაფრი სუნი. ბევრს ხომ მოსწონს ბენზინის სუნი. მძღოლის ხმა შორიდან ესმოდა, თვითონ ფიქრებში წავიდა. არაფერი სასიამოვნო არ მოსდიოდა თავში. მანქანა რბილად მიდიოდა, სისწრაფე არ იგრძნობოდა. მძღოლმა მანქანის ქება შეწყვიტა და ბენზინის ჩასასხმელად გაჩერდა.

– ხომ არ გეჩქარება, ძმა – მოუბოდიშა. არ ეჩქარებოდა, იჯდებოდა და იჯდებოდა, ივლიდა და ივლიდა.

მძღოლი გადასული იყო, მის ტელეფონზე ზარი რომ დაირეკა. მძღოლმა თავი შემოყო, ნომერს დახედა და უკმაყოფილოდ შეიგინა: ფუ შენი – თქვა და ტელეფონი სავარძელზე მიაგდო. ზარი არ გაჩერდა. მძღოლი ბენზინის ჩამსხმელს ელაპარაკებოდა.

“გავთიშავ” – გაიფიქრა და ტელეფონს დახედა. “თაზიკო”- ეწერა მონიტორზე, თან ცოტა უცნაურად, “თა” და “კო” – დიდი ასოებით, “ზი” – პატარებით. ძალიან უნდოდა გაეთიშა, მაგრამ თავს არ მისცა უფლება, ტელეფონი გაჩუმდა.

მანქანა დაიძრა თუ არა, ისევ გაისმა ტელეფონის ზარი, ისევ გაექცა მზერა, ისევ “თაზიკო” რეკავდა. მძღოლმა აიღო და ისევ უკმაყოფილება შეეტყო. “ეტყობა თაზიკოს ვალი აქ”. მძღოლმა მოულოდნელად ალერსიანი ხმით უპასუხა:

– ხო თაკო… როგორ ხარ ჩემო სიცოცხლე?

“აუჰ” – გაეღიმა – “პაროლი ყოფილა, თა-ზი-კო… თაკო, ჰეეე!”.

მძღოლი კი აგრძელებდა: – ვერაფრით გამოვძვერი საქმეებიდან, საყვარელოო… ეხლაც ქალაქში არ ვარ, მომენატრე სიცოცხლე… კაი თაკოო… მე რეებს გეუბნები და შენ კიდე მეჩხუბები… გისმენ საყვარელო… აბა მითხარი… გისმენ ხოო, ეეე, დაწყნარდი და ისე მელაპარაკე, ეე! – შეუტია მძღოლმა თაკოს. მანქანის უჯრიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, ერთი ხელით ვირტუოზულად ამოაძვრინა ღერი და მოუკიდა, პარალელურად მანქანას მართავდა. კვამლი ღრმად ჩაისუნთქა, მანქანა სიგარეტის გამონაბოლქვმა გაავსო. ზოგიერთი კითხულობს მაინც: “ხომ არ შეგაწუხებთ? პასუხს კი არ ელოდებიან ხოლმე, ისე უკიდებენ, მარა… ეს?!” – კიდევ უფრო გააღიზიანა უტიფრობამ, მაგრამ მაინც არაფერი უთქვამს. “ამასაც თაკო ჰყავს… ეტყობა ეს თაკოც ნერვების მომშლელი თაკოა” – სითბომ დაურბინა მუცელში და თავისი თაკოს აუტანელი ხასიათი გაახსენდა, მერე გაახსენდა კოცნა და გაეღიმა, გაყუჩდა და ხმაც მოესმა, დაბალი, თბილი ტემბრით ნათქვამი გაურკვეველი სიტყვები. სუნი იგრძნო – რძეში ამოვლებული იების სუნი – რა რომანტიკაა? – დასცინა საკუთარ გრძნობებს. თავი გააქნია, თითქოს შეგრძნებების გამოყრა უნდოდა. კიდევ უფრო მოიწყინა.

“არ უნდა წასულიყოო… – უსაყვედურა ქალს.

“წავიდოდა აბა რა იქნებოდა” – დაადანაშაულა თავი.

ისევ სიცარიელის შეგრძნება დაეუფლა. სხეულში გრძნობდა ამ სიცარიელეს, მუცელსა და გულს შორის, თითქოს სულ გშია და თან გამუდმებული გულისრევის გრძნობა გაწუხებს, ოდნავი, მაგრამ უსიამოვნო, ძალიან უსიამოვნო.

ტაქსის მძღოლი აგრძელებდა: – ჰო გავიგე თაკო, გავიგე… არა… არა თბილისში არ ვარ, გასული ვარ… ქუთაისში მივდივარ – 200 კილომეტრს იტყუებოდა მძღოლი. გადახედა. გაეღიმა.

– არაა, ეხლა ჯერ იქით მივდივარ, იქით… და ხვალ არა, ალბათ სამ დღეში ჩამოვალ… – ეხლა 72 საათი მოიტყუა მძღოლმა – თაკო, პატრული მომადგება ეხლა… თაკოო…გეხვეწები რაა… რაა? რა ვალი? არ მახსოვს? აა? ხო, ხო, ეგ ხო დიდი ხნის წინ ავიღეთ… ჰო, კაი შენ აიღე ჩემთვის და რა ვქნა, არ მაქ ეხლა, აბა რა გიყო ვააჰ!.. – მძღოლს გაეცინა, ეტყობოდა რომ ეშმაკობდა, – ჰო გავიგეე… ბანკია რა, დაიკიდე, ფეხებს ვერ მოგჭამენ, თან რა ფეხები გააქ! შემოგევლე… ეეე, რა გაატრაკე, არ მაქ-მეთქი ეხლა… ნუ მეწიკვინები… ეე, რატო მეუბნები ეგეთ რამეებს? რაა? ააა? ბოდიშით, შენ ხო მაღალი ფენის წარმომადგენელი ხარ! თქვენ, ხო ყველაფრის ფასი იცით, კაი მადა გაქვთ… დაბალი ფენის ტაქსისტისას კარგად……- მგზავრს გადახედა და აღარ გააგრძელა, შეიძლება მოერიდა კიდეც – ჰოო, ჰოო ხო კარგად ირგებ, ხარისხიანი მოგწონს ხო ყველაფერი… ნუ მალაპარაკებ რა ეხლა, კაცი მიზის მანქანაში, თორე გეტყოდი რა… არ მითხრა რო არ გსიამოვნებს – გაეცინა – კაი რა თაკო, მეგონა, რო არ მინახიხარ, მაგაზე მიბრაზდებოდი,… დაიკიდე რა? არავინ მოგაკითხავს მაგ ვალზე ერთი სამი წელი, ან… ან შენ გადაიხადე თუ გაქ… შენ ქმარს ექნება და მერე მოგცემ… რავი როდისმე… ეეე, ნუ მაგინებ გოგო… გეღადავები აბა რას ვშვები, არ ინერვიულო რა?…მიეცი შენ და რო ჩამოვალ ეგრევე მოგცემ…… მაგარი გაჭედილი ვარ ხო იცი,…დამიდექი რა ამ ერთხელაც გვერდზე რა? აი, რამდენია? ასი… ჰა ასორმოცდაათი ხო, თვეში?.. ჰოდა, გადაიხადე რა!.. რა ახალი, ხო არ გაგიჟდი? ისევ იმ დანგრეულით დავდივარ,…იმიტო აღარ ვტაქსაობ, არავინ მიჯდება, არ ვიცი სად გავჩერდები……შენ კიდე დამირეკე და ეგრევე მეჩხუბები… კაი, თუ გინდა მიჩივლე და დააჭერინე… – ჩაიხითხითა.

გააღიზიანა მძღოლის საუბარმა, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებდა ვინ ეჯდა გვერდით, უნდოდა თუ არა ამ სისულელის სმენა. “აი ეხლა, მართლა ვეტყვი რაა… ჰოდა, ადექი და თქვი, – დასცინა თავს – მაგრამ ვერა, ზრდილობა კი არა, ალბათ სისუსტე ქვია ამას, არ ვიცი, ფაქტია რო მე ვიგლიჯავ ნერვებს”. მძღოლს ფეხებზე ეკიდა მისი აზრიც, ირონიული მზერაც და გაღიზიანებაც, ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა, უტევდა და უტევდა იმ თავის თაკოს, ხან უყვავებდა, ხან უბრაზდებოდა, უცებ თავხედურად ატყუებდა – თაკოო… კაი რა, ღმერთს გეფიცები, როცა მიჭირს, მაშინ მაჭერ წიხლს?!.. რას მეუბნები? ღმერთი დავიფიცე, რეებს ლაპარაკობ, გაგიჟდი ხო?…- და შეაგინა, სიგარეტის ნამწვი თითების მოქნილი, მკვეთრი მოძრაობით ფანჯრიდან გადააგდო – ბოდიში, აღარ შეგაგინებ, კაი, ზედმეტი მომივიდა, ჰო.

ნელ-ნელა ტაქსის მძღოლის ისტორიამ დააინტერესა. გაორებული გრძნობაც კი გაუჩნდა მის მიმართ, – ერთი გრძნობა კითხვას სვამდა: “ნეტა, როგორ ახერხებენ ესეთები ესეთ ურთიერთობას, როგორ გასდით ყველაფერი? ალბათ ინსტინქტებით აწვებიან”. მეორე კი კითხვას არ სვამდა, უბრალოდ გულშემატკივრობდა, რადგან მძღოლი თავისდაუნებურად, ქალების მიმართ მის მაგივრად იძიებდა შურს, თან მაინც და მაინც თაკოს მიმართ, გაეცინა. მძღოლმა გამოხედა, ჯერ გაკვირვება დაეხატა სახეზე, მერე გაუღიმა. მანქანას ენერგიული მოძრაობით სიჩქარე გამოუცვალა და სწორ შოსეზე გავიდა.

– ერთი წუთი რა? გადმოგირეკავ, პატრული მომყვება – უთხრა მძღოლმა თაკოს, მოხედა და თვალი ჩაუკრა. მიხვდა, რომ გაცინება ხმამაღლა მოუვიდა და პასუხად ეს ფამილარული გამოხტომაც მიიღო. საკუთარ თავზე გაღიზიანდა, ან ნამეტანს თხოულობს ადამიანებისგან, ან ვერაფრით შეგუებია ამ ყველაფერს. რა უბედურებაა ეს თეთრი ყვავობა, თან ამ ასაკში.

მძღოლმა ფანჯარა გააღო, თავი გადაყო და ერთი ორი წამით სახე ნიავს შეუშვირა. ისევ დარეკა მისმა ტელეფონმა, ნომერს დახედა – აუუ!!! – იყმუვლა, მაგრამ მაინც უპასუხა – ჰოო, თაკო, ჰოოო, რა ვქნა კიდეეე? ყველაფერი გითხარი და აღარ მელაპარაკო რაა ამ თემაზე… – სიგარეტის მორიგი ღერი მექანიკურად ამოიღო კოლოფიდან და ისე ვირტუოზულად იმოქმედა, რომელიც ალბათ მხოლოდ კარგ მძღოლებს შეუძლიათ – რახან შენმა აღმატებულებამ მომცა, უნდა ვილოცო შენზე…? კაი ვილოცებ, ზიხარ ეხლა მანდ და ზემოდან მიყურებ და ნანობ ხო, მტყუანის რაც არ ნანობ – გაეცინა – ვერ გავიგეე… მემუქრები?.. კაი, ეხლა რათ გინდა ეგ ლაპარაკი… ვინ შენი ქმრის ძმაკაცები? მიდი უთხარი. მე კიდე ვეტყვი – რა მექნა? ქალს უნდოდა-თქო და… არც შენ მოგეწონება… აა, მე გაწუხებდი? და ვერც წარმოიდგენენ რო ტაქსის შოფერს მიეცი…? მე კიდე ისეთ რამეებს მოვუყვები, მარტო ქმარმა და საყვარელმა რო იციან… უუ, ძალიან გველი ხარ, მარა, ხო იცი ერთხელ რო ეჭვს გაუჩენ?.. რაა, სავადმყოფო? მაშინებ? – არაბუნებრივად გაეცინა – აუ, გინდა მაგარი რამე გითხრა, არც შენი ქმარი იეჭვიანებს… შეილება ეგ ვალიც გადაგიხადო… და ყველა კარგად ვიქნებით… დამპირდი რო არ იჩხუბებ?.. ჰოო, კაი… აი, შენი დაქალი ლიკა… მაგასთან მიმიშვი… უუ, რა ძუძუ აქ… რას გაჩუმდი? – ხმამაღლა გაეცინა, მგზავრისთვის აღარ მიუქცევია ყურადღება, იმდენად გაიტაცა ლიკას მკერდის წარმოდგენამ, მგზავრმა გახედა და ისე ამოიოხრა ეტყობა მასაც გაახსენდა რაღაც.

– ჰა, რა იყო შენი ქმარიც ხო არ ეჩალიჩება ლიკუნას? – ჩაიხითხითა მძღოლმა – … ნუ სისინებ და ნუ იგინები მეთქი, ვიხუმრეე, – აგრესია დააყოლა ხმას, უკან საგზაო პატრულის მანქანა მართლა გამოჩნდა – …მოიცა მართლა პატრული მომყვება და დაგირეკავ – გათიშა ტელეფონი.

“რამე სისულელე არ ქნას ეე, ამის – გაიფიქრა და ფიქრშივე მწარედ შეიგინა, – აუუ, ეხლა ამის ქმრის ძმაკაცები მინდა?!..” – მგზავრს გახედა, კარგად არ ახსოვდა ვინ ეჯდა მანქანაში, კაცი ორმოცი-ორმოცდახუთი წლის იქნებოდა, თავი სავარძელზე გადაედო და თვალები დაეხუჭა. “ეე, ცუდად ხო არ არი?”.

– ცუდად ხო არ ხარ, სიგარეტი ხო არ ჩავაქრო, ძმა? – ჰკითხა მგზავრს, მგზავრმა თავი წამოწია. “მგონი წაყვანილი მყავს ერთი-ორჯერ”…

– ჩვენ გვიმგზავრია ხო ერთად, ძმა?

“ეე, რა ძმა, ვინა ხარ შენ?” – ეს უნდოდა ეთქვა მაგრამ სხვა რამე თქვა:

– კი მგონი, ალბათ… არ ვარ ცუდად, დაღლილი ვარ.

– ყველანი დაღლილები ვართ – უპასუხა მძღოლმა და ისევ თაკოს ქმრის ძმაკაცები გაახსენდა. ხასიათი გაუფუჭდა. მგზავრს კიდევ ერთხელ გახედა: “ეს ჩემზე უარეს დღეშია მგონი, არ იტიროს, ეე” – გაიფიქრა და გაეღიმა. ჩვეულებრივი მგზავრი არ ჩანდა, ლაპარაკის მანერაზეც ეტყობოდა და გარეგნობაზეც – “ან ხელოვნების კაცია, ან რამე ესეთი. გაახსენდა საიდან წამოიყვანა – ჰო – დაუდასტურა თავს – ხელოვნების კაცი იქნება, ან რამე ეგეთი”.

მძღოლს გახედა, გაუღიმა და დაგვიანებით უპასუხა: – მოწიეთ არ მიშლის. “ჰოო… აი თქვენობით მელაპარაკება, მართლა ის არი რა, რაღაც ალბათ… რავი… ერთი ამათი – და ისევ თაკო, იმის ქმარი, ვალი, თაკოს ქმრის ძმაკაცები გაახსენდა, გაახსენდა პირველად როგორ გაიცნო. “მაგრა ამაგდო რაა… ეე წავიდნენ მაგათი… ის, ლიკაც რა კაია და როგორ უნდა… ეტყობა მოუყვა” – ჯერ ჩაეღიმა, მერე შეიგინა.

მძღოლს ეტყობდა, რომ აფორიაქებული იყო, გარეგნობაზე დააკვირდა. ახალგაზრდა კაცი იყო, ალბათ 25-28 წლის იქნება. ერთი დღის გაუპარსავი უხეში წვერი, რომელიღაც ცნობილი საფეხბურთო გუნდის მაისური, – ალბათ ტოტალიზატორითაც ერთობა. ქალებსაც მოსწონთ. ვალები, ქალები, კარგი მანქანა – “მოძრაობს რა კაცი”. გაეღიმა, მიხვდა რომ ადამიანური დრამის თანამონაწილე გახდა. სასაცილოა, თან ორივეს თაკო ქვია. “ნეტა ამის თაკო როგორია? ვკითხო?.. რა სისულელეა”. ისევ თავისი თაკო გაახსენდა. “რატო წავიდა,…ან რატო მოვიდა?” უცებ თაკოს კისერი დაუდგა თვალწინ. ძალიან მოსწონდა, თავს რომ დახრიდა ხოლმე და კისერში კოცნიდა. პირი გაუშრა. მოსწყურდა, აწრიალდა.

– ერთი წუთი აქ გამიჩერეთ რა, მაღაზიასთან – მგზავრმა ლეპტოპის ჩანთა დატოვა და მანქანიდან გადავიდა, უცებ შემობრუნდა, – რამე ხომ არ გინდა ძმაო – ჰკითხა.

– ისა… არა, მოიცა, სიგარეტი თუ… და მერე ფასში…

– რომელი?

მძღოლმა უთხრა რომელი უნდოდა და მაღაზიისკენ წასულ მგზავრს დააკვირდა: “რაღაცნაირები არიან ეს ჩემისები” – ზარმა ისევ დარეკა, დახედა: – აუუ!!!

ცივი, მინერალური წყალი იყიდა, იქვე გახსნა და მოიყუდა. დადიოდა და თან თავის ნათქვამზე: “ძმაო”, ეცინებოდა. მზა საჭმელები შეიძინა, ალკოჰოლის დახლთან გაჩერდა. “არც ტელევიზორი, არც წიგნი, არც დავწერ, მარტო დავლევ, გავითხლიშები და დავიძინებ… არა, თავს მოვიკლავ… არა, დავიძინებ… მოკლედ ვნახავ რა” – ისე გაეცინა, მომსახურე გოგონას ცოტა შეეშინდა კიდეც. არ ეშვებოდა კისერში კოცნის შეგრძნება და სუნი, პირი ისევ გაუშრა. დახლი დაათვალიერა, ერთი დიდი ბოთლი არაყი აიღო, მოლარეს პლასტიკური ბარათი მიაწოდა, უკან შებრუნდა და კიდევ ერთი ბოთლი აიღო და გამოვიდა… არ ეშვებოდა შეგრძნება… აირია… გარეთ გავიდა, მძღოლის სიგარეტი გაახსენდა, შებრუნდა, სანამ შებრუნდებოდა, დაინახა რომ ისევ ემოციურად ლაპარაკობდა ტელეფონზე, უკვე ხელებს იქნევდა. წინ მომსახურე გოგონა შეეჩეხა: თქვენი ბარათი და გადასახდელია. სიგარეტიც იყიდა, ბარათის კოდი უნდა აეკრიფა და უცებ დაავიწყდე. “შენი დედა…” – შეიგინა ხმამაღლა, მოლარეს ბოდიში მოუხადა, დაფიქრდა, გაიხსენა ციფრები და აკრიფა აპარატზე… კოცნის შეგრძნება ისევ უტრიალებდა და კინაღამ დაახრჩო სუნმა. “მართლა, ან რატო მოხვედი, ან რატო წახვედი? ” – გაიფიქრა.

– რა? ჰკითხა მოლარემ გაკვირვებით.

– რა რა? არა… არაფერი – გაეღიმა – ჩემთვის – მოლარესაც გაეღიმა, ქვითარი მიაწოდა, “მადლობთ” თქვა და გავიდა, – ბარათი – მიადევნა მოლარემ. ისევ ხმამაღლა შეიგინა, თავი გააქნია, გამოართვა და გავიდა. რაც ის წავიდა, მას მერე უამრავჯერ დაკარგა ხან საფულე, ხან საბუთები, ხან პლასტიკური ბარათი, ყველაფერი ავიწყდებოდა და კარგავდა, აი ესე – ზის, ფიქრებში ან ელაპარაკება ან ეჩხუბება და დანარჩენი ყველაფერი ქრება და ავიწყდება.

მანქანაში ჩაჯდა, მძღოლმა, თითქოს მას ელოდაო, ლაპარაკი დაამთავრა, გათიშა ტელეფონი და მიაგდო. სიგარეტი გამოართვა, ეტყობა აღელვებული იყო, მადლობა არც მოუხდია, კოლოფი გახსნა და ერთ ღერს მოუკიდა, ღრმა ნაფაზი მოქაჩა და მხოლოდ მერე გაახსენდა ზრდილობა: უუჰ, ბოდიში ძმა, დიდი მადლობა…!

ცოტა ხანი ჩუმად მიდიოდნენ, ტელეფონმა დარეკა, ამჯერად მგზავრს ურეკავდნენ:

– გისმენ? – ვიღაცას რამდენიმე წუთი უსმინა.

– ეხლა ყურადღებით მომისმინე… ეგ თქვენ გგონიათ რო კარგია, მე მაგ თემაზე აღარ ვლაპარაკობ… თუ ვერ ახერხებთ, მითხარით… პასუხი მინდა ხვალ საღამომდე, მერე სხვა გააკეთებს.

მძღოლი არ მოელოდა მგზავრისგან ესეთ ხასიათს. “ესეც კაი გიჟი ყოფილა” – დაასკვნა.

“დამღალეს – გაიფიქრა მგზავრმა – აღარაფერი არ მინდა რაა… და არავინ – მძღოლს შეატყო რომ მისმა სატელეფონო აგრესიამ შთაბეჭდილება მოახდინა -ამან რო იცოდეს რა საწყალი ვარ, დაღლილი და დაჩლუნგებული… და არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებს ესეთი ლაპარაკი… ისე როგორ გავფლანგე ყველაფერი… ისევ შესტირა თავს – უიღბლო? ლუზერ? ნეუდაჩნიკ? პერდანტ? – მეტ ენაზე ვეღარ გაიხსენა. იგრძნო რომ სახლში მარტო ყოფნა არ უნდოდა, სხვაც არაფერი უნდოდა და არც მოსდიოდა თავში.

“თავის მოკვლა მინდება სიმარტოვისგან… რა სისულელეა, გადამივლის… და რო აღარაფერი მინდა… ნეტა ისევ…“.

ქუჩაში ლამპიონები აინთო, ნელ-ნელა, სულ რამდენიმე წამში ყველაფერს მოწითალო ლურჯი ფერი დაედო, ფეხით მოსიარულეები სილუეტები ხდებოდნენ. “რა უცნაურია – გაიფიქრა – კინოსავით არის, ეხლა შევესწარი წამს, რომელსაც თუ არ დაელოდე ვერ ნახავ, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა” – კიდევ აპირებდა ფიქრის ფილოსოფიას გაყოლოდა, მაგრამ მძღოლის ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა აზრი.

– ხო ბაკო… – ჩასძახა ყურმილში მძღოლმა – რა ვიცი ვარ რაა, ჯერ ვმუშაობ, შენ რას შვები… მირეკავდი?.. ზარი არ შემოსულა… ეეე, დაკავებული არა ის… არა, არავისთან არ ვლაპარაკობდიი… არა მეთქი ვააჰ, ღმერთს გეფიცები ეეე!!.. ვინა? ეე, რამ გაგასულელა გოგო, თაკო არა ის… ვენერა და ჟენია და კიდე რავი… სად, რა ნომერს აჩვენებდა? კომპიუტერმა არა იმან ამოგიგდო… მანდ ეგრე გაქვთ უფლება, რო რომელი ნომერიც გინდათ იმას ნახავთ? უთხრა შენ უფროსს – სინაზე გაურია ხმაში – ეე, კაი ბაკუნა ბარბარეეე… აუ, ნუ ყვირი თორე… არა, გვიან დავიძინე, ფილმს ვუყურებდი… ეხლა ნუ გამიხურე საქმე … მგზავრი მყავს რა, ნუ მალაპარაკებ ეე! მაცდენ, ბავშვის მასწავლებლის ფული საშოვნელი მაქ და შენი ბრალი იქნება თუ ვერ ვიშოვე – გაეცინა – დილას ხო მითხარი აღარ გელაპარაკებიო,… ჰო და მორჩა, ნუღარ მელაპარაკები, პატრული მომყვება დამაჯარიმებს და ვეღარ მოგცემ ფულს – მძღოლმა გათიშა ტელეფონი, გვერდით დააგდო, ჯიბიდან დიდი, დაჭმუჭნული და წითელი ცხვირსახოცი ამოიღო.…შუბლიდან ოფლი მოიწმინდა, ისევ გააღო ფანჯარა და ნიავზე გადაყო თავი, ათიოდე წამით ესე მიჰყავდა მანქანა.

– ფუ ეს დედა … – ხმამაღლა მოუვიდა, მგზავრმა გამოხედა, მანაც შეხედა – უჰჰ, ბოდიში ძმა… ამ ქალებს ხო ვერაფერს გააგებინებ.

4.

ძალიან უყვარდა თავისი სახლი. ის, რომელშიც ცხოვრობდა და რომელიც გაყიდა, ძველ ქალაქში იყო, ულამაზესი შენობა იყო, კინოებს იღებდნენ ხოლმე. სადარბაზო და ფასადი ორი საუკუნის წინანდელი იყო… ბაბუის ბაბუაც კი აქ ცხოვრობდა. თავისი ისტორია ჰქონდა ყველა ოთახს, კედელს, ნივთს. კინაღამ გადაყვა ამ სახლის გაყიდვას, ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ცოლს სთხოვა იქნებ რამე მოვიფიქროთ, არ დავიშალოთო, – დიდი ხანი ეძება სიტყვები ამის სათქმელად. ცოლს მარიამი ერქვა, მაკოს ეძახდა. იშვიათად, როცა ძალიან სერიოზულის თქმას აპირებდა, ან თავისი ცინიზმის გამოვლენა სურდა, მაშინ მიმართავდა ხოლმე გაწელილი ინტონაციით: მააარიაააამ. ეხლა კი ორივე სახელით მიმართა: მაკოოო-მარიააამ და მიკიბულ-მოკიბულად უთხრა სათქმელი. ცოლს არ ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება სახლთან და უარის ნიშნად ცივად გააქნია თავი, ქალი იყო და ადამიანების გარეშე არაფერს ფასი არ ჰქონდა მისთვის. ცოტა დასცინა კიდეც, სად არის შენი პრინციპები, არაფერზე დამოკიდებული რომ არ უნდა იყოო? რაღა ამ სახლის გამო ამბობ შენს პრინციპებზე უარსო, ეს სახლი არ ჯდება შენს ფორმულებშიო? გაღიზიანდა, ძალიან გაღიზიანდა და რაც შეიძლება სწრაფად და ენერგიულად იმოქმედა. გაყიდა სახლი და პატარ-პატარა ბუნაგები ყველას უყიდა. თავისი ისე მოაწყო, რომ ძველი სახლი ჰგონებოდა. უკვე მაშინ ჰქონდა ყველაფრის სურვილი დაკარგული. ვითომ ახალ ცხოვრებას იწყებდა, არადა უბრალო პასუხისმგებლობის გრძნობა ამოძრავებდა თავისი ცხოვრების და უკვე გაშორებული ოჯახის მიმართ.

ყოველთვის უყვარდა მარტო ყოფნა. სულ ენატრებოდა მარტო, მყუდრო ცხოვრება და ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ როდისმე ასეთი უსუსური იქნებოდა სიმარტოვის პირისპირ.

მერე მოულოდნელად გამოჩნდა ადამიანი და ისევ გაქრა, ეტყობა თავისდაუნებურად იმასაც თავის ფორმულებში ტენიდა.

სახლის კარი გააღო და ცოტა დაწყნარდა, ამშვიდებდა აქაურობა. ყველაფერი თავისი, ნაცნობი, მყუდრო და შეჩვეული. რომ შეძლებოდა მთელი დღე, კვირა, მთელი თვე არ გამოვიდოდა ამ სახლიდან. იჯდებოდა და იმუშავებდა და იმუშავებდა.

შიოდა.

სავარძელზე ჩამოჯდა და თავი უკან გადადო, მთელი ცხოვრება ამ სავარძელზე ჰქონდა გატარებული, ჯერ კიდე ბაბუის ბაბუა ისვენებდა ხოლმე. ბაბუამაც შეაკეთებინა, მამამაც და ერთი-ორი წლის წინ თვითონაც შეაკეთა, ძალიან კომფორტული და მყუდრო იყო. ჩაჯდებოდა თუ არა იმავე წუთას თვალები ელულებოდა.

ჩაჯდა, მაგრამ შიმშილმა შეაწუხა. ეზარებოდა საჭმლის მომზადება, არ განძრეულა. მერე კიდევ უფრო შეაწუხა შიმშილმა, თავიც კი წამოსტკივდა. ბოლოს ძალიან შეაწუხა შიმშილმა, თავის ტკივილიც მოემატა, ჩაძინება კი არა, ჩათვლემაც კი ვერ მოახერხა. წამოდგა.

5.

მოშივდა. დილიდან დააქროლებდა მანქანას, თან ძალიან აუშალეს ნერვები ამ თაკომ და ბაკომ, მოეწონა რითმა თაკო და ბაკო. ლექსი უნდა დავწეროო, გაიფიქრა, მაგრამ დაეზარა. ერთხელ ბავშვობისას დაწერა ლექსი, ვერ გაიხსენა. სკოლაში ლექსებს ვერ სწავლობდა, არა არ სწავლობდა, პატარა ბიჭებისთვის სირცხვილი იყო იმ დროს ლექსის სწავლა… ტვინი უახლოესი კვების ობიექტის საძებნელად გადართო. გზისპირა საყავე გაახსენდა, ღამე სულ იქ ჭამს და სვამს და ერთი ოფიციანტი გოგო მოსწონს. რომ შედის იმის ძებნას იწყებს, მგონი არც ის გოგოა გულგრილი. გადაწყვიტა სასარგებლო და სასიამოვნო შეეზავებინა ერთმანეთისთვის და საყავეში მისულიყო. ქალებს შევეწირები – გაეღიმა და ესიამოვნა ეს აღმოჩენა. საყავეში ბევრი ტაქსის მძღოლი გროვდებოდა და ცოტა მანქანითაც გაიპრანჭებოდა. მანქანის მოფარებულში გაჩერება უნდოდა, მაგრამ გადაჭედილი იყო იქაურობა და ქუჩის პირას მოუწია დაყენება. საყავეში მალულად შევიდა. პატარა ქალაქია თბილისი, ყველა ერთმანეთს იცნობს, უცებ თაკოს ნაცნობს ან თვითონ თაკოს რომ გამოევლო?

ისეთი სიხარულით შეხვდა ოფიციანტი გოგონა, რომ კმაყოფილმა საკუთარ თავს გაუღიმა და გოგონას კომპლიმენტის მაგვარიც უთხრა. “ამას მართლა რაღაც უნდაა?!” – გოგონამ თვალები დაუფახულა და გაეკეკლუცა, მანაც პასუხად ისეთი უთხრა, აი, ახურებული ფარშევანგის კუდის გაშლას რომ ჰგავს. მერე, ნაცნობი მძღოლი შემოვიდა და მის მაგიდას მიუჯდა, ერთად იხუმრეს გოგოზე. მერე გოგონამ მანქანაზე ჰკითხა, – ახალიაო, როდის იყიდეო? ნაცნობ მძღოლს ცოტა შეშურდა. ორივე დაპატიჟა ახალი მანქანის სანახავად, უფრო გოგო, თორე მძღოლი სულ არ აინტერესებდა. ნაცნობმა მძღოლმა მანქანას შემოუარა, საბურავს ფეხი მიარტყა, საჭეს მიუჯდა. კაპოტი ახადა, რომ ძრავა ენახა, შურიანი გამომეტყველებით შეუქო და წავიდა. ოფიციანტი გოგონა, საჭის გვერდით, სავარძელზე დაჯდა, მიწი-მოწია, აწი-დაწია. მოეწონა. ფეხი სიჩქარის ბერკეტს გადაატარა, ისედაც მოკლე ქვედაკაბა ზემოთ გაექცა, იქვე იდგა და გული აუჩქარდა, როდესაც საცვლის თეთრმა ზოლმა გაიელვა. ოფიციანტმა გოგონამ ღიმილით ამოხედა, საჭეს მიუჯდა. რა თქმა უნდა თავი ვერ მოთოკა და როდესაც გოგონამ, საჭეს თითები შემოავლო, ზემოდან მკერდს დახედა და ხელი დაადო, გოგონა გაყუჩდა… და აქ მოხდა ის ჩვეულებრივი და ბანალური ამბავი, რომელიც ყოველთვის ხდება ხოლმე ასეთ დროს, თავისი სახელი და დედის გინება გაიგო: ქუთაისში ხარ არა… – და გინება. “ფუუ შენი?” – თქვა ხმამაღლა და სწრაფად აიღო ხელი მკერდიდან. მანქანის კარი მიხურა და ისე მიეყუდა, რომ გოგონა დაეფარა. თაკოს, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, შუა ქუჩაში გაეჩერებინა მანქანა, გადმოსულიყო და გაცეცხლებული გაყვიროდა, მერე მანქანაში ჩაჯდა, კარი მიიჯახუნა. უკან მომდგარ მანქანის მძღოლს, რომელიც საყვირიდან ხელს არ იღებდა, მიაგინა და მანქანა მკვეთრად დაძრა.

– რა ხდება? – ვერ მიხვდა ოფიციანტი გოგო – უუ, გადავალ, თორე გამაგდეს სამსახურიდან, კარგი მანქანაა… ძაან მაგარი, ხო გამასეირნებ მერე?

– აბა რაა – უპასუხა უგერგილოდ. გოგონა საყავესკენ წავიდა და თაკომაც დარეკა. ალოს თქმა არ აცალა: შენ გაჩვენებ მე ქუთაისს, ახალ მანქანას, ახალ ნაშას და… შენ თუ არ მო… – ისეთი შეაგინა საკუთარი დედის კვნესის ხმაც კი გაიგო და ტელეფონი გაითიშა. აკრიფა ნომერი და დაურეკა, თაკომ გათიშა. ისევ დაურეკა, ისევ გათიშა. ეხლა თვითონ უწევდა რეკვა და თაკოს ძებნა. დაიძაბა. ქალი ისეთი გამწარებული ჩანდა, შეიძლება, მართლა რამე სისულელე ჩაედინა. ძაღლის ყმუილი გაახსენდა ღამით.

6.

ყველაფერი ჩვეულებრივად, ბანალურად და ლოგიკურად ვითარდებოდა, ისე, როგორც ვითარდება ხოლმე ორი ადამიანის ერთად ცხოვრება, როცა ჰგონიათ რომ მათი შეხების ყველა უხეში ხორკლი მოცვდა და გაპრიალებულ ზედაპირზე ცხოვრება უმტკივნეულოდ უნდა გაგრძელდეს. ეს ისეთი კომფორტულია, რომ ძალიან გვიანღა აღმოაჩენენ ხოლმე, ერთმანეთს რომ ვეღარ ეხებიან. ასეთი რამე თუ შესაძლებელი იყო არც ეგონა, აი ასე, ერთ დღეს ისიც და ცოლიც მიხვდნენ, რომ მორჩა და გათავდა, – აღარც მეგობრობა, აღარც საერთო ინტერესები, აღარც ოჯახი, აღარც სექსი. დიდი ხნის მერე მიხვდა რას გრძნობს ქალი, როცა კაცი აღარ იგზნება. ერექცია ხომ ყველაფერს ამბობს, ალბათ ვერც ქალი ვერ ხვდება, რომ ერექცია ქალის ხელების სიმხურვალის პირდაპირ პროპორციულია. ამ დროს ალბათ ორივეს მეორე ჰგონია დამნაშავე და როცა თავის-თავშიც დაიწყებენ მიზეზის ძებნას, უკვე ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან. ჰოდა, თხუთმეტი წლის ოჯახის მერე, ერთმანეთისგან მოულოდნელად მოიწყინეს. ყოველთვის მიდრეკილი იყო დეპრესიისკენ და განსაკუთრებით გაუმძაფრდა. სულ ეძინებოდა, ვეღარც საქმეს აკეთებდა, ურთიერთობა ისედაც უჭირდა ადამიანებთან და საერთოდ გაჩუმდა. ძალიან ცუდად იყო ცოლს რომ გაეყარა, ვერაფრით ვერ მიხვდა რატომ მოხდა ეს, არაფრით არ ეწერებოდა მის ფორმულებში.

მივიდოდა ხოლმე შვილის სანახავად და შესცქეროდა ქალს, რომელთანაც თხუთმეტი წელი იცხოვრა, იცოდა მისი ყველა თვისება, ზოგი ალბათი ისეთი, რაც თვითონ ქალმაც არ იცოდა და რის გამოც უყვარდა. იჯდა, უცქერდა და იწყებდა მიზეზების ძებნას, რატომ ვეღარ იცხოვრეს ერთად, ყველა მიზეზი მნიშვნელოვანი იყო და თან ისეთი უმნიშვნელო და სულელური… რამდენჯერმე სცადა შეხება… ვერ იჯერებდა, რომ მართლა გაქრა ყველაფერი, მართლა გაცივდა ქალი? ვერ დარწმუნდა ვერც ერთში და ვერც მეორეში.

მარიამ-მაკოს კი ეშინოდა, უკვე მერამდენე იმედგაცრუების.

დიდი ხნის წინ, როცა კაცი გაიცნო, ერთი იმედგაცრუება უკვე გადატანილი ჰქონდა. ერთი შეცდომა ხომ ყველას მოსდის. პირველივე შეხვედრისას მიხვდა, რომ მთელი ცხოვრება სწორედ მას ეძებდა, სწორედ ასეთ კაცზე ოცნებობდა – საინტერესო, სიტყვაძუნწი, ცოტა ცინიკური, მზრუნველი მამა, საქმიანი, იმდენად საქმიანი, რომ ცოლქმრობის ძალიან დიდი დრო მიჰქონდა ამ საქმეებს, უჭირდა ამის გამო, მაგრამ ესეც მოსწონდა. რაც არ უნდა დაღლილი ყოფილიყო ამ საქმეებიდან – მაინც უზომოდ ალერსიანი იყო კაცი, ისე, რომ ხანდახან ვერც ეწეოდა. მეტი რა უნდა ქალს? მოეშვა და მიენდო, დაწყნარდა, გონებაც გათიშა და ემოციაც. ეტყობა ძალიან გადაღლილი იყო პირველი შეცდომისგან და ტვინმაც, გულმაც და სხეულმაც ცოტა ხნით შესვენება მოსთხოვა და გამორჩა ის მომენტი, როცა შეხების უხეში ხორკლები გაცვდა. როგორც ჩანს, ეგრე არ ხდება ცხოვრებაში, ბედნიერების მარათონში არავინ გაპატიებს შესვენებას.

გადიოდა დრო და შეშინდა მარიამ-მაკო. უცებ მიხვდა, რომ მარტოა. მიხვდა, რომ თვითდინებაზე მიუშვა ყველაფერი. ეჭვიანობა არ ჩვეოდა, მაგრამ ხანდახან ყურს ჭრიდა – ვითომ ეგრეა საქმით დაკავებული?

პროტესტის გამოთქმა სცადა ქმართან, მან კი პასუხად: ყველა ადამიანმა თავისი ცხოვრება თვითონ უნდა შექმნასო.

მიხვდა, რომ რაღაც გამოეპარა, დააგვიანა, ნელ-ნელა იმასაც მიხვდა, რომ ისევ სხვას შეხვდა. ალბათ აღარ ეყო ამ კაცს, ეტყობა ძალიან გაეწელა დასვენება, გულში რაღაცეებს ნანობდა, მაგრამ თავისთავს ვერ უტყდებოდა და ბრაზდებოდა: ის ხომ კაცია – ეთქვა ხმამაღლა, ეჩხუბა, ეგინებინა, შეენჯღრია, მაგრამ ეტყობა არ მოინდომა ან უბრალოდ, ესეც რიგითი მამაკაცური იდიოტიზმიაო.

თუმცა ეხლა უკვე გვიანი იყო. მშვიდი, წყნარი, თბილი ოჯახი და საინტერესო ადამიანი ერთად არ გამოვიდა. არ შედგა რომანტიული ოჯახის დედობა სიურპრიზების გარეშე. თითქოს გამოშრა შიგნიდან, უმნიშვნელო ემოციაც კი ძალას ართმევდა და ტკივილს ანიჭებდა.

ცოლმაც და ქმარმაც ყველაფერი ცხოვრებას დააბრალა.

პირველივე დღეს – უცოლოდ, უშვილოდ, მარტო რომ აღმოჩნდა სახლში, იფიქრა, რომ ყველაფერი დამთავრდა. ორმოცდახუთი წელი, თითქოს ბევრი არ იყო, მაგრამ ნახევარი ცხოვრება კი გასულიყო უკვე – შეაშინა ასაკმა. ერთხელ დათვალა კიდეც, – როგორც კაცს აქტიური ცხოვრება დარჩენილი მაქვს მაქსიმუმ 15 წელი, არაა, 10. საქმეშიც ძალიან დაიღალა უკვე და აღარაფერი უნდა. იძულებით მუშაობს, უბრალოდ ჩვევაში აქვს გადასული და კიდევ შვილი და ყოფილი ცოლი უნდა უზრუნველეყო – სწავლა, ჩაცმა, კვება, გადასახადები, დასვენება.

მარტო დარჩენიდან 6 თვის შემდეგ უცებ აღმოაჩინა, რომ ძალიან მონატრებოდა ქალის სუნი, სხეული, მოფერება, – ამოიბერტყა თავიდან ეს ყველაფერი და დაასკვნა, რომ უბრალოდ სექსი უნდოდა. ცოტა გაახარა კიდეც ამ აღმოჩენამ, იქნებ დეპრესიიდან გამოსვლის ნიშანიაო. “ასე არ შეიძლება, – გაიფიქრა მაშინ, – ყველაფერი წინ მაქვს” – დაიმშვიდა თავი. მეგობარს დაურეკა და ჰკითხა, – არ დავლიოთ?

აგიჟებდა სიმარტოვის ყოფითი გამოვლინებები, – ჭიანჭველა სამზარეულოში, – რომელსაც სასტიკად უსწორდებოდა. მტვერი თაროზე, – ერთხელ თითს გადაუსვამდა, დატოვებდა ზოლს და იქით აღარ იხედებოდა. ჩარჩენილი საჭმლისგან გაჩენილი სუნი მაცივარში, – ერთხელ ოდეკoლონიც კი შეასხურა. აულაგებელი ლოგინი – ღამე ხომ ისევ მარტო უნდა ჩაწოლილიყო.

სუპერმარკეტში ნაყიდ არყის ბოთლს თავი ტკაცუნით მოხადა და ჭიქა გაავსო.

რა ბედზე დაურეკა მაინც იმ მეგობარს მაშინ, ეხლა კი თავისთვის ჩაიბურდღუნა – გაუმარჯოს – ისე, რომ არც დაფიქრებულა, რას გაუმარჯოს და არაყი დიდი ყლუპებით დალია.

7.

ყავა დალია, ოფიციანტი გოგონა აგრძელებდა მის წინ ტანის რხევით სიარულს, ნაძალადევად უღიმოდა. “არაა, ეს ახალ შარში გამხვევს, ფუ ჩემი… როგორ დავიწვი… ამის დედას…” – ეგონა, რომ ფიქრში შეიგინა და გვერდით მაგიდიდან რომ გამოხედეს, მიხვდა რომ ხმამაღლა მოუვიდა.

“რამდენია ჩემზე?” – მივიდა დახლთან, ოფიციანტმა გოგომ გაუღიმა: “შენ რამდენი გინდა?” – ჰკითხა კეკლუცად. ქვითარს დახედა, ფული გადაიხა და ვერ მოითმინა, უხამსი ქათინაური უთხრა და წელზე მოუთათუნა ხელი, “მართლა კაი ძუძუ აქ, რაა?!” – გაიფიქრა და თავი გააქნია, რომ გამაღიზიანებლები გაეფანტა. მანქანაში ოპერატორმა რაციაზე მისამართი გამოუცხადა, უთხრა, რომ მისი მუდმივი კლიენტი რეკავდა და აუცილებლად უნდა წაეყვანა. კაი კაცი იყო ეს კლიენტი, თან კარგად უხდიდა, ერთ-ორჯერ დასალევადაც დაპატიჟა, ვერ ხვდებოდა რატომ პატიჟებდა. სულ კარგ რესტორნებში დადიოდა, ძვირ კონიაკს იღებდა. თავიდან კარგად იწყებდა: მხიარულობდა, ბევრს ლაპარაკობდა, მერე შეთვრებოდა და თავისთვის ჩუმად იწყებდა ტირილს, მარტო ცრემლები მოსდიოდა. ვერ ბედავდა ტირილის მიზეზი ეკითხა, მერე დგებოდა, – შენ გააგრძელეო და მიდიოდა. ერთხელ, ახლად გაშლილი სუფრა მიატოვა, მთელი ბოთლი კონიაკი ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა, ცოტა ხანი ჩუმად იტირა, მაგიდაზე ფული დაუტოვა – ეს შენო, სუფრაც გადახდილი იქნებაო და წავიდა. რა უნდა ექნა, ეგრევე თაკოს და ლიკას დაურეკა. თაკო პერიოდულად ეკითხებოდა, ვინმეს ნასუფრალს ხომ არ მაჭმევო და რა გინდა, მოულოდნელი ფული ვიშოვე და შენთან მინდა გავატარო დროო, – პასუხობდა. იმ ღამეს სასტუმროში დარჩნენ.

ეს კლიენტი დიდი ხანია ესე აღარ იქცევა, მაგრამ გადახდით მაინც კარგად უხდის. ისევ თაკო გაახსენდა. “ფუუ, როგორ გამაზა, რამე სისულელე არ გააკეთოს ამ გოგომ, მოიცა…” – ტელეფონი აიღო და მეგობარ მძღოლს დაურეკა: ბიჭო ხაზზე ხარ?

……

– სადა ხარ აბა?

-…ხო კაი, მეც ახლო ვარ, ორი წუთი გაჩერდი რა და რაღაც მინდა გთხოვო… –

ორი შუქნიშანი გაიარა, მანქანა მიაყენა და ნაცნობიც მოვიდა.

–   ბიჭო სათამაშო რო გაქ, ცოტა ხნით მჭირდება რა, დღეს და ხვალ და

ეგრევე…

–   რა ხდება?

–   არაფერი ისეთი, ქალაქგარეთ გავდივარ და მინდა რო მედოს, რა იცი

რა…

–   რამე შარში ხო არ ხარ, აქ ვარ ხო იცი?

–   არა, არა, არაფერი, გავდივარ, …დაცვის ამბავია რა… – ნაცნობმა მძღოლმა, სავარძლის ქვემოთ ხელი შეყო, ჩვარში გახვეული ფუთა გამოიღო.

–   ფრთხილად იყავი გაძეძგილია და პირშიც აქ…

–   კაი… ხო იცი, არ მიყვარს ამის ქნევა…

ფუთა სავარძლის ქვეშ შეინახა. ჩვარი არ მოუხსნია ისე მოსინჯა ხელით. დაღლილობისგან და დაძაბულობისგან ზურგის ტკივილი იგრძნო და სავარძელზე გადაწვა.

8.

დაღლილობისგან და დაძაბულობისგან ზურგი ასტკივდა და სავარძელის საზურგეზე გადაწვა. არაყი უცებ მოერია, ხორცის ნაჭერი გემრიელად გაღეჭა და კიდევ დაასხა არაყი.

–   დავლიოთ! – სიხარულით უპასუხა მაშინ მეგობარმა.

ამ მეგობრის გარშემო უამრავი ქალი ტრიალებდა, – ლამაზი, თავისუფალი, უშნო, ჭკვიანი, დიდი, პატარა, მეძავი, დაკომპლექსებული, სერიოზული.

ცოტა ხანში რომელიღაც რესტორანში ტრადიციულად სუფრას შემოსხდომოდნენ. ღვინო, გემრიელი საჭმელი და საუბარი. მერე, როგორც მოსდით ხოლმე კაცებს, კიდევ სადმე ხომ არ წავიდეთო? მგონი ჩვენს ღირსეულ წრეს ლამაზი ქალები აკლიაო – ისე, სწორედ ამისთვის დაურეკა თავის მეგობარს.

ყველაფერი ელვის სისწრაფით განვითარდა, უბრალოდ გაყვა დინებას. ცდილობდა არ გაღიზიანებულიყო იმისგან, რაც ყოველთვის აღიზიანებდა, თან სიმთვრალეც შველოდა.

სახელი დღესაც არ ახსოვს, სათვალიანი გოგონა იყო. გოგონა ბევრს ელაპარაკებოდა და დროდადრო თვალებში უყურებდა. ჩახედავდა თვალებში – უცებ პაუზას იჭერდა, უხერხულად ჩაიცინებდა და ლაპარაკს აგრძელებდა. მორიგ პაუზაზე აღმოაჩინა, რომ გოგონას მუხლზე ედო ხელი, გოგონა ხელს არ იცილებდა და უცებ თავი სუპერმენად იგრძნო. სუპერმენი სამყაროს მიერ ის მოგონებული ტიპაჟი იყო, რომელიც ყველაზე მეტად ეზიზღებოდა, მაგრამ ეხლა მოსწონდა ეს მდგომარეობა. მოხდა ის, რასაც ვერასოდეს წარმოიდგენდა, – შევიდა ღამის კლუბში. სათვალიანი გოგო ძალიან აქტიურად ეცეკვებოდა, ხან მკერდით ეკვრებოდა, ხან საჯდომს უხახუნებდა. მერე გოგონა ფეხის თითებზე აიწია და ტუჩებში აკოცა, ენით პატარა მრგვალი აბი დაუგორა ენაზე და მოსცილდა. “გადაყლაპე” – უჩურჩულა.

არაფერი ახსოვს. ცუდ ფილმებში ცუდი რეჟისორები რომ გახსენების სცენებს ამონტაჟებენ, ისეთი გადღაბნილი გამოსახულება და ემოციები ჩარჩა. სათვალიანი პატარა გოგო თამამი და აღვირახსნილი აღმოჩნდა. ახსოვს, ღამის კლუბის ტუალეტში შემოსული დაცვის და მისი მეგობრის გაოცებისგან გადიდებული თვალები და კიდევ, ამ პატარა გოგოს მეგობარი ქალის დამცინავი მზერა ახსოვდა სულ. თავიდან მოეწონა ეს ქალი, გამოელაპარაკნენ კიდეც ერთმანეთს, მერე დაავიწყდა.

–   საერთოდ არ მცნობიხარ ეე, რეები ჩაატარე – სიცილით უთხრა მეორე

დილას მეგობარმა. ორივეს ბოთლით მოეყუდებინა ლუდი და ნაბახუსევს აცხრობდნენ, არც ეს იყო ჩვეული მდგომარეობა, მაგრამ მოსწონდა. პირსახოცშემოხვეულმა სათვალიანმა გოგომ კი გადაიკისკისა და წაიტიტინა:

– არადა ვერც წარმოიდგენ, რო ესეთი სერიოზულია, – ისევ გაიცინა და სააბაზანოში შევიდა.

– აუ, სახელი გამახსენე რა? – შეემუდარა მეგობარს, კვლავ დასერიოზულებულიყო, მაშინ ცოტა განიცდიდა კიდეც თავის საქციელს, თუმცა თავისუფლების უხამსი შეგრძნება ძალიან მოსწონდა.

ცოტა ხანი ჩაფიქრებული იყო და პაუზის შემდეგ ფრთხილად ჰკითხა მეგობარს: – შენა და ჩვენ ორივე ამასთან… თუ? – კითხვა ვეღარ დაამთავრა, სააბაზანოდან გოგონა გამოვიდა.

– გაგიჟდიი? – გაეცინა მეგობარს – თაკოო! – დაიძახა.

9.

რაციაში ოპერატორს ჩასძახა: – სამისამი ვარ, მივედი მისამართზე და ჩამოვიდეეს.

– კაი – უთხრა ოპერატორმა.

“სამი სამი” – ცოტა ეშინოდა თავისი ნომრის, ცამეტზე მეტად ეშინოდა, კლიენტისგან გაიგო, – ქრისტეს ასაკიაო და მაშინ დაიძაბა. რაიმე ცოდვის მსგავსს რომ აკეთებდა, იმავე წუთას ეს ციფრი ამოუტივტივდებოდა ხოლმე და ფიქრშივე მიაყოლებდა “ღმერთო მაპატიეო” ან თავის დასამშვიდებლად იტყოდა: “დაცული ვარო” და მშვიდდებოდა.

წინ მანქანა გაჩერდა და სინათლე შეანათა, ჩააქრო – აანთო, ჩააქრო – აანთო, შუქმა თვალი მოჭრა და მანქანა ვერ დაინახა. გვერდითაც ამოუდგა მანქანა, რომელმაც მოპირდაპირეს მიანათა. მოპირდაპირეში თაკო იჯდა, შუა თითი აჩვენა ქალმა და მანქანა გაიყვანა. სავარძლის ქვემოთ იარაღი მოსინჯა. ფანჯარაზე დაუკაკუნეს. გახედა, ორივე მხრიდან იდგნენ, ერთ-ერთი იარაღის ლულით აკაკუნებდა, მეორემ კარი გააღო და გვერდით დაუჯდა. იარაღის საქამრეში ჩადება ვერ მოასწრო, მაგრამ დამცველი გახსნა და საჯდომის ქვეშ ამოიდო.

–   რა გქვია შენა? – არ დაელოდა პასუხს გვერდზე მჯდომი – ესეთი კაი

მანქანა გყავს, ესეთი მშრომელი ბიჭი ხარ, დღედაღამე ათენებ და ხანდახან გართობა გინდება არა… ცოლი ხო გყავს, შვილიც… – სტუმარმა იარაღის ლულა ლოყაზე მოუსვა. თავისი იარაღის ლულა საჯდომზე ებჯინებოდა. “რო გავარდეს ეე” – და ტანში შიშის უსიამოვნო შეგრძნებამ დაურბინა.

რაციისკენ ხელი გააპარა, ვითომ შეუმჩნევლად უნდოდა ჩაერთო, გვერდით მჯდომმა ღონივრად მოქაჩა კაბელი და მიმღებიდან გამოაძრო. რაცია ჩაჩუმდა.

– კლიენტი უნდა ჩამოვიდეს… გავაფრთხილო რა… ისა… – მიხვდა რომ

სისულელე თქვა.

–   ეგ გამოძახება ჩვენი გაკეთებულია … დამშვიდდი… – აუხსნეს.

“უხ, თაკო… შენი… – შეიგინა გულში – რა გველია, იცოდა რო ამ კლიენტს არ გავმაზავდი”.

–   რა ხდება ხალხო, რამე გავაფუჭე?

–   ის გოგო იცანი, აი წინა მანქანაში რო იჯდა?

მიხვდა, რომ ყველზე მთავარი ეხლა ზუსტი ტყუილები იყო, არ უნდა დაბნეულიყო და თან რაღაც მაინც უნდა ეღიარებინა.

– კარგად ვერ დავინახე, მაგრამ მგონი ისინი არიან… ეგენი მიძახებენ ხოლმე ქალების საპარიკმახერო აქვთ, ეგა მგონი პატრონია, მაგას და მაგის თანამშრომელს თუ დაქალს ვატარებ… რამე დაკარგეს და მე…

–   რამე დაკარგეს კი არა, შენ… – უკან მჯდომმა თავში ჩაუთაქა… – მსახიობია ეს შობელძაღლი.

–   რატო მირტყამ ძმაო… მითხარით რა ხდება და იქნებ ყველაფერს გეუბნებით, ვერ მივხვდი და აბა რა ვქნა…

მანქანაში კიდევ ერთი კაცი ჩაჯდა, იცნო, თაკოს ქმარი იყო. “ფუ ამის გამოსირებული დედა…” – … შეიგინა.

–   აი, ძმაო, თქვენ იმ გოგოს ქმარი არა ხართ?.. თქვენ თითონ ხო იცით, რო

მიძახებენ ხოლმე, ჩემი კლიენტები არიან… თუ რამე დაეკარგათ ჩემ მანქანაში… დაერეკათ, მოეკითხათ, ისე შეილება მერე სხვა ჩამიჯდა და ვერაფერი გავიგე და…

–   ვინ არი შენი ძმა! – ღონივრად ჩაარტყა იარაღიანმა თავში, – ძმა ბებიაშენს უთხარი…

–   დაანებე ერთი წუთი… – გააჩერა ქმარმა იარაღიანი, – ბიჭო, – გადმოიწია წინ და სახე ცხვირთან მიუტანა – იცი ვის ელაპარაკები, იცი ვის ცოლს აწუხეებ? თან იცის რო ჩემი ცოლია… ამის… – შეიგინა.

იარაღის ტარი ისევ მოხვდა კეფაში.

–   ეე, კარგით რა ძმაო, ვის ვაწუხებ, ვინ გითხრათ – მიხვდა, რომ ცოტა

უნდა გაეწელა და მერე რამე უნდა მოეფიქრებინა – თითონ თხოულობენ, რავი, ვეხმარები ხოლმე, კაი გოგოები არიან, – შეწუხებული ხმა ჰქონდა, თავს აცოდებდა.

–   ეხლა, მომისმინე – წყნარად თქვა გვერდით მჯდომმა –

ტაქსისტობისთვის შენნაირ კაცს ნამეტანი კაი მანქანა ჰყავს, უნდა დაგაჯარიმოთ, ეს მანქანა მიგვყავს, რო მიხვდე რო სხვის ცოლს… თან ვისას, ზედმეტი არ უთხრა არაფერი.

–   ეგრე სად არი მაგის დედა ვატირე? მომიყვანეთ კაცი ვინც გითხრათ, აბა

მაჩვენეთ…რო მე ვინმე რამე… აი, ეგრე სად არი, მე რო ვინმეზე ეგრე ეჭვი ავიღო – მანქანის დაკარგვის საფრთხემ მოულოდნელად გამბედაობა შემატა, ვეღარ აკონტროლებდა თავს, გაცხარდა – აბა ძმაო, მოდიხართ და მეუბნები ჩემი ცოლიო… თითონ ქალმა გითხრა? იქნებ რამეზე გამწარება უნდა შენი და მაგის გამოა, უბრალო ტაქსის მძღოლზე გეუბნება… – ზუსტად იცოდა რომ თაკოსაც და ლიკასაც ძალიან უნდოდათ ქმრების გამწარება.

–   რამდენს ბედავ, ეეე?!.. – ისევ წაუთაქა უკან მჯდომმა, თავისი იარაღის

ლულა ისევ შეერჭო…

–   მოიცა – გააჩერა თაკოს ქმარმა იარაღიანი – რაღა შენზე მეუბნება ბიჭო,

ჭორები დადის, შენ ხო არ გგონია ეგრე ნალაპარაკებს გამოვყევი…

–   ჭორები დადის როგორ? აი ესე ქუჩაში დადის რო მე შენ… თქვენ

ცოლთან… რა ქვია აღარ მახსოვს… რამე?

–   რა რამე…

–   შენ… თქვენ ცოლს რო რამე?

–   რა რო რამე?

–   რავი, რო რამე, რა?

–   ვის რამე, რა რო? რას მაშტერებ ბიჭო – დაიბნა თაკოს ქმარი.

–   აი, მანქანაში რო იყო რა? მარა ვიცი მე რაზეა ეს ამბავი – მიხვდა რომ

ზუსტი დრო იყო ყურადღების გადატანისთვის. მთავარი იყო მანქანიდან არ გადაეყვანათ და იარაღი არ ენახათ. “არ გავარდეს, ეს დამცველი რაღას გავხსენი… ფუ ამის…” – ჩახმახს გრძნობდა დუნდულით. ოფლი ასხამდა, ტანის მოძრაობას აკონტროლებდა, რომ სავარძელზე არ აცურებულიყო.

–   რა იცი, ბიჭო?.. მოვკლავ ამ ღორს ამას… ეს ვინ არი, ტოო?.. – გადაირია

უკან მჯდომი… – რამდენს ლაპარაკობ, ბიჭოო?ეხლა წავიყვანოთ, მუხლები დავუხვრიტოთ, მანქანიდან ჩამოვაგდოთ და დავამთავროთ რა?!

– მოიცა! – გაღიზიანდა თაკოს ქმარი – რას ამბობ ბიჭო……რაზეა ეს ამბავი,

აბა თქვიი?

–   რა რაზე, რაზე და… – “რას გავს ეს დედანატირები, ამას როგორ გაყვა,

ფული მართლა ჯოჯოხეთს ანათებს რა… ფუ, რა სუნი ამოსდის პირიდან”, – ეს იფიქრა, მაგრამ იძულებული იყო სხვა რამე ეთქვა – რაზე და… მერე ისიც ვიღაცის ცოლი აღმოჩნდება და…

–   ვიზე ამბობ ბიჭო?

–   ვიზე და შენი ცოლის დაქალზე, ძმაო!…

–   მე შენი ძმა არა ვარ… და რა ჩემი ცოლის დაქალზე… დაქალზე

რომელზე…?

–   რავი, სუ ერთად არიან ძმაო და… და რო მიძახებდნენ ხან ის მომყვებოდა და ისე აცვია რო… და ისე იქცეოდა ძმაო რო… რავი…

–   შენი ძმა არა ვარ მეთქი… და თაკო რა შუაშია… ბიჭო, რას გვაბოლებ?

–   მე რავი რა შუაშია, ეგ მაგათ კითხეთ, მე ძმაო ვაღიარებ რა რო…

ლიკაზე რა… და იმანაც ისეთი შემისრულა ძმაო… რავი თუ რამე ქალებს ერთმანეთში აქვთ… მეც მყავს ძმაო ცოლი და ვარკვევ ჩემ ცოლთან… და ეგრევე ვუყურებ რა, რო სხვისი ცოლის ამბავში ზედმეტი არ მომივიდეს, იმ ლიკაზე კიდე ვიცი რა რო გათხოვილი არ არი… კაცი ვარ რა და თქვენ მაპატიეთ და ნახევრად გახდილი ქალი რო ჩაგიჯდება ძმაო და გეტყვის რო… აი სექსებზე რო დაგიწყებს და კაცურ ამბავზე რო გეკითხება რაღაცეებს და ამბავი, ავდგები და გაუბედავ რა… ეხლა ერთი ქალით მეტს რო… თორე ეგრე სად არი… ჩემი ცოლი… შენი ცოლი, მეც მყავს ძმაო ცოლი… – ისე გაჩუმდნენ სტუმრები, მიხვდა რომ შეტევაზე გადასვლის დრო იყო, – თორე თქვენ მეუღლეს, კარგად არც მახსოვს რა ქვია თაკო ხო, მგონი… ის კი არა ძმაო ერთი 2 კვირის წინ მოვემსახურე ორივეს რა, სად არა მყავდა, ცოტა ნასვამებიც იყვნენ რა, – დაეფიცებოდა, ამას ნამდვილად არ იტყუებოდა, რომ ორი კვირის წინ ჯერ რაღაცეები მიატანინა თაკოს, მერე ლიკაც ჩაისვეს. საჭმელად წავიდნენ, იქ გოგოებმა ცოტა დალიეს, მერე თაკო მეგობართან დარჩა, ლიკა კი ოფისში წაიყვანა. გზად გოგო ელაზღანდარავებოდა, ეკითხებოდა, თაკოს უფრო კარგი ძუძუ აქვს თუ მეო, ხელიც კი მოაკიდებინა. მერე ქალმა დაცინვა დაუწყო, თაკო რა გამოშტერებულია, ტაქსის მძღოლთან როგორ დადისო. მთელი დღე უმტკიცებდა, არაფერი არ გვაქვს მე და თაკოსო, მაშინ ამდენი ხანი უფასოდ რატო გვატარებდი, ეხლა გამოდის ფული უნდა გადაგიხადოო? შუა ქუჩაში გააჩერა მანქანა, კარი გააღო და ქალი მანქანიდან ძალით ჩასვა – ჰოდა, დაეფიცებოდა და დაიფიცა კიდეც, – მერე იმ ლიკამ დაცინვა დამიწყო და ისე გამამწარა მანქანიდან ჩავაგდე, ერთი ხუთი თუმნის მოვემსახურე, ვალიც კი აქვთ ძმაო, რა – მოულოდნელად ის, რომელიც უკან იჯდა – თაკოს ქმრის გვერდით და ყველაზე მეტად აქტიურობდა და უხეშობდა, ისტერიკაში ჩავარდა. ქალივით კივილი და გინება ატეხა. ლიკას აგინებდა და იმუქრებოდა, რომ მოკლავდა, თაკოს ქმარმა დაწყნარება დაუწყო, შემდეგ უბრძანა რომ მეორე მანქანაში გადამჯდარიყო და დამშვიდებულიყო. კაცი ხმისამოუღებლად გადავიდა.

კიდევ უფრო იგრძნო თავისი ძალა.

10.

კიდევ უფრო იგრძნო თავისი ძალა, შაშხი კბილებით გაძიძგნა და ჭიქა ისევ პირამდე გაავსო.

–   აი ეხლა ავიღებ და დავურეკავ და ვეტყვი, რომ უიმისოდ არ შემიძლია,

და რომ უნდა მოვიდეს და რომ – ფუუ, რა ბანალურია… გაგვიმარჯოოს …

– ტელევიზორში რაღაც ფილმი მიდიოდა, ეტყობოდა სიყვარულის ისტორია იყო, დროდადრო გაურბოდა თვალი და უნდოდა, რომ გმირი თაკოსთვის მიემსგავსებინა, რაღაც საერთო ეპოვა ფილმის ისტორიასა და თავის ისტორიას შორის, – გაგვიმარჯოოს – გაიმეორა და არაყი ბოლომდე ჩაცალა. მხოლოდ მესამე ჭიქა იყო და უკვე მთვრალი იყო.

აღარ უნდოდა მარტო ყოფნა, მერე გაბრაზდა. ცდილობდა ცუდი გაეხსენებინა, რომ დავიწყებოდა. იქნებ იმან მაინც მიშველოს, რომ ჩემს მეგობართან იწვაო და ხვდებოდა, რომ სულელურ მიზეზს იგონებდა. არც არასოდეს ყოფილა მისი მეგობრის, ორჯერ თუ სამჯერ შეხვდნენ მანამდე და ერთხელაც იმ დღეს, როცა გაიცნო. თაკომ გაკვრით უთხრა არაფერი არ მქონიაო შენ მეგობართანო, მაგრამ მაინც არ სჯეროდა და აღარ ჩაძიებია, ან რატომ უნდა ჩაძიებოდა.

გაცნობის დღეს საერთოდ არანაირი ემოცია არ გასჩენია ქალის მიმართ, მსუბუქი სიმპათია და ქალის დამცინავი ღიმილი – მეტს ვერაფერს ვერ იხსენებდა.

ორი-სამი თვის შემდეგ, სულ შემთხვევით შეხვდა საქმიან შეხვედრაზე. გაუღიმეს ერთმანეთს და ასეთი რამ თუ შეიძლებოდა, არც იცოდა. იგრძნო, რომ ის ორი-სამი თვე ზუსტად ამ ქალის ნახვა უნდოდა. თაკოც თბილად შეხვდა, კეკლუცობაც კი დაეტყო, ვერ ხვდებოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო, ხვდებოდა რომ რაღაც ემართებოდა და მაინცდამაინც თავისი მეგობრის ქალთან, რამ გააგიჟა? არასოდეს უკითხავს თაკოსთვის იმ ღამეს იქ როგორ აღმოჩნდა. ერთხელ გადაწყვიტა, რომ მეგობართან გაერკვია, მაგრამ სიტყვები ვერ დაალაგა და დაანება ამ საქმეს თავი.

11.

სულ პირველად… სულ, სულ პირველად ვერაფრით მიხვდა რა დაემართა, მიხვდა რომ კაცი რომელთანაც ცხოვრობდა უკვე ათი წელი, აღარ უნდოდა. აი ესე, ეს კაცი აღარ უნდოდა, – აღარ აფორიაქებდა მასთან ურთიერთობა, სულ ერთი იყო რას ჩაიცვამდა, გაპარსული იყო თუ არა. უკვე მერამდენეჯერ დაიჭირა თავი, რომ ორგაზმს იგონებდა. მაშინ ინატრა ჩვეულებრივი მეოჯახე ქალი ყოფილიყო, შვილებზე და ქმრის მოვლაზე გადართულ-გადაგებული. და ერთხელ ძალიან მშვიდად, ათი წლის ცხოვრების შემდეგ, ადგა და წავიდა. ჯერ თავისუფლების შეგრძნებით გამოწვეული მოულოდნელი სიხარული იგრძნო, ცოტა ხანი დაისვენა. მერე მიხვდა რომ, აღარავის მიმართ არანაირი ემოცია არ უჩნდებოდა. გაუთავებელი ფლირტი და არანაირი ემოცია, გახუნდა ყველა. “მგონი ნამდვილი ბოზი ვარ – ამბობდა – მაგრამ უკაცებო ბოზი, ვითომ ასაკის ბრალია?” – ეკითხებოდა თავს და არაფრით არ უნდოდა დაჯერება რომ 35 წლის ქალი მხოლოდ საქმის ანაბარა დარჩებოდა და დანარჩენი ცხოვრება მუდმივად აგზნებულ შინაბერას აღმოაჩენდა თავში. წამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ერთთვიანი ურთიერთობა ჰქონდა, – მშვენიერი კაცი იყო, მიდიოდნენ-მოდიოდნენ, ურთიერთობდნენ, მაგრამ ერთხელ არ აღელვებულა, თითქოს თავს ავალებდა რომ მონატრებოდა, შეხვედროდა. ერთხელაც დაეზარა შეხვედრა და მორჩა. მერე კიდევ ერთი იყო, მასზე ძალიან პატარა ბიჭი, იქ ცოტა გადაირია, ვნება მოეძალა, რომ ახსენდებოდა პულსი მართლა უჩქარდებოდა, ოფლი ასხამდა. მაგრამ ერთ თვეში გაქრა ყველაფერი, ალბათ დაკმაყოფილდა და მორჩა – დაასკვნა და შეზიზღდა თავი. ის პატარა ბიჭი თავს იკლავდა, სიყვარულს ეფიცებოდა, მაგრამ ვერაფრით მოერია თავს. სადღაც შიგნით კი, და არც ისე შიგნით, სულაც ზედაპირზე, ძალიან უნდოდა მოფერება, უცებ მჭახე კაცური სუნი ეცემოდა ხოლმე, არავისი კონკრეტულად, ზოგადად კაცის სუნი… ნეტავ რა ნივთიერებები აქვთ ამ ნაძირალა კაცებს იმ სითხეში, ესე რო აკლდება ქალს? ალბათ ქიმიაა ყველაფერი. ჰოდა, თავისი თავისგან დაღლილი იჯდა აუდიტორიაში და ზოგადად ცხოვრება მოსაწყენი გამხდარიყო, აქ იჯდებოდა და იჯდებოდა.

–   რა გჭირს? – ზურგიდან თავისი ასისტენტი მიადგა – სტუდენტობისას

ძალიან ნიჭიერი და საშინლად თავაშვებული იყო ეს გოგო. თავიდან პრაქტიკანტად დატოვა, მერე ასისტენტად. გოგონა ჯერ ბაკალავრი გახდა, ეხლა მაგისტრობას აპირებს. ცოტა თავხედი იყო და რატომღაც ეს ხიბლავდა მასში, გარეგნულად ვერაფერს შეატყობდი, ვულგარულობის მისხალი არ ჰქონდა, პირიქით – სათვალიან, წიგნიდან გადმომხტარ სკოლის მოწაფეს ჰგავდა. უცებ დაუმეგობრდა, იმდენად დაუმეგობრდა, რომ ერთხელ მოფერებაც კი სცადა უტიფარმა გოგომ. მთლად უსიამოვნო არ აღმოჩნდა ქალის ალერსი, მაგრამ ნამდვილად არ იყო მისი. გოგონა ყოველთვის ცდილობდა შეხებოდა, ეხლაც ყურთან მიუტანა დაბუშტული ტუჩები და ჩასჩურჩულა, რა გჭირს? იცი, სანდრომ დამირეკა და გვეპატიჟება, შენზე რო გადაირია აი ის… წამო რა, დაიკიდე ყველაფერი და გავერთოთ რაა? – სანამ ეს რამდენიმე სიტყვა უთხრა, ყურზე სამჯერ შეეხო სველი ენის წვერით. ტანში გააჟრიალა. “ოო, არ მაქვს იმის თავმომწონე ერექციის თავი” – გაიფიქრა.

–   ვერაა, დაღლილი ვარ რაა – უპასუხა გოგონას.

–   წამო რა, დავლიოთ ცოტა, თან თავის მეგობართან იქნება, იცი ვინ?…

იცი შენ.

არასოდეს სჯეროდა ბედისწერის, არც მისტიკის, დიდი ხნის მერე

იხსენებდა ამ წამს, როდესაც ამ მოუსვენარმა პატარა გოგომ კაცის სახელი

უთხრა. თავს ძალას ატანდა, რომ გაეხსენებინა რაიმე წინათგრძნობის მაგვარი ხო არ ეწვია იმ დროს, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა. ყოველთვის უნდოდა ამ კაცის გაცნობა. იცოდა ტელევიზორიდან, გაზეთებიდან, სტატიებით, ეჩვენებოდა, რომ საინტერესო ადამიანი უნდა ყოფილიყო და უცებ გადაწყვიტა, – დღეს ძალიან დავთვრები, ძალიან. თან ეს გოგო ნამდვილი ეშმაკია, ჭინკასავით მხარზე მოგასკუპდება და… დავლევ და დილას სად გავიღვიძებ, ვისთან და რა ხასიათზე, მერე ვნახოთ, – უთხრა თავს და გადაეშვაა… უფრო სწორედ სცადა გადაშვება, მაგრამ არ გამოუვიდა. ჯერ ვერაფრით დათვრა, მერე ვეღარ გაერკვა რა უნდოდა – თავდავიწყება თუ დროის მშვიდად გატარება… გარშემო ყველაფერი ერთმანეთში აიზილა და სიმკვეთრე დაკარგა. თითქოს იქ არ იყო, თითქოს ძალიან უინტერესო ფილმს უყურებდა, რომელსაც თავისი ნებით არასოდეს ნახავდა და სულ შემთხვევით აღმოჩნდა ეკრანის წინ, სხვების ხათრით. ნაძალადევად იღიმოდა და უყურებდა, ეს პატარა, ცუღლუტი გოგო როგორ თვრებოდა და მამაკაცებს როგორ ითრევდა თამაშში. სხვებისვე ხათრით აღმოჩნდა, სხვებთან ერთად სხვის სახლში. სანდროს არ იცნობდა, მაგრამ უკვე სამჯერ შეხვდა, კაცი აშკარად არ მალავდა მის მიმართ ინტერესს. მეორეს მთელი ცხოვრება იცნობდა, უბრალოდ პირველად გადაეყარა. სულ ეგონა, რომ შეხვდებოდა – ისაუბრებდნენ, სასიამოვნოდ გაატარებდნენ დროს და იმასაც კი ფიქრობდა, ურთიერთობის პატარა ნაპერწკალიც თუ გაჩნდა, გასაღვივებლად სულსაც კი შევუბერავო, მაგრამ ძნელია თავს უბრძანო… სულ სხვანაირი ეგონა და სულ სხვანაირი შეხვდა, თან ვერაფრით მიხვდა იმ სანდროსთან როგორ მეგობრობდა. კლუბში, ამ პატარა გოგომ მისი დიდი ხნის ნაცნობი თუ უცნობი ყველას თვალწინ იხმარა და მიუხედავად იმისა, რომ ეს გოგო თავის ახალგაზრდობას ახსენებდა, მაინც უსიამოვნო შეგრძნება დარჩა. სანდროს აღარც უცდია კონტაქტი, გამოცდილი კაცი იყო და მიხვდა, არაფერი საინტერესო მისგან არ გამოდნებოდა. პატარა გოგომ ორივე კაცი გააუპატიურა იმ ღამეს და მასაც შეუძვრა ლოგინში. დილას, სანდროს ხმა გაიგო: თაკოო, ეძახდა, ძალიან ეზარებოდა მათთან ურთიერთობა, გაპარვაც კი იფიქრა, მაგრამ მოერიდა და რომ დაუძახეს, გაუხარდა კიდეც, მიზეზი რომ გაუჩნდა, რამენაირად გამოსულიყო საძინებლიდან. სამზარეულოში მამაკაცები მაგიდას მისხდომოდნენ და ლუდს წრუპავდნენ, მისი პატარა მეგობარი პირსახოცმოხვეული სააბაზანოდან გამოვიდა, გვერდით რომ ჩაუარა, გოგონამ საჯდომზე მოუთათუნა ხელი და საძინებელში მიიმალა, სურვილი გაუჩნდა სილა გაეწნა, მაგრამ რა თქმა უნდა არ შეიმჩნია. ყავა დაისხა და კაცებს მიხედა.

– გაიცანი, თაკო – როგორ ეზიზღებოდა ასეთი გაცნობები, არ იცოდა, რომ ვისაც გააცნეს მასაც გულს ურევდა ეს.

მას მერე, ის შეცდომა აღარ დაუშვია, რაც იმ საღამოს. ისევ სიცარიელე ერჩივნა მოგონილ თავდავიწყებას… და მხოლოდ საქმე, სულ საქმე და მოულოდნელი შეხვედრა, გაუღიმეს ერთმანეთს და ასეთი რამ თუ შეიძლებოდა, არც იცოდა, არასოდეს მოსვლია ასე, მიხვდა, რომ ის ორი-სამი თვე ზუსტად ამ ადამიანის ნახვა უნდოდა.

იმ დღეს საქმიან შეხვედრაზე იყო. შეხვედრის დამთავრების შემდეგ ყველა უცებ მიიფანტ-მოიფანტა, ისინი რატომღაც მარტო აღმოჩნდნენ ქუჩაში, ალბათ თვითონაც იზრუნა ამაზე.

– ყავას დალევ? – ჰკითხა კაცმა.

– რამე უფრო მაგარიც ხო შეიძლება? ძალიან დავიღალე – ტუჩებმა თვითონ გაიღიმეს.

ისეთი შეგრძნება ჰქონდა ორივეს, თითქოს წლები ცხოვრობდნენ ერთად. აი, წლები რომ ცხოვრობთ ერთად და პირველი ემოცია ისევ რომ მოგყვებათ, ხომ იშვიათია ესეთი. აღმოაჩინა, რომ პირიქითაც შეიძლება, პირველი შეხვედრის ემოცია და გატაცება გაქვს და გგონია რომ წლები ცხოვრობთ ერთად.

–   ის სულელი გოგო კი მიყვებოდა რაღაცას მარა… მაინც არ მჯეროდა –

მოეფერა ქალი და პატარა ბიჭებს რომ აქებენ ყოჩაღი საქციელისთვის, ისე შეაქო.

– უუ, რა ხართ ეს ქალებიი? რას მოგიყვა აბა მოყევი? – შეიფერა კაცმა.

– ყველაფერი – გაიკეკლუცა და ცხვირი კაცის ნიკაპს ქვემოთ, ყელთან

შერგო, კაცს ეტყობა პირი გაუშრა და ნერწყვი გადაყლაპა, ქალმა ხორხის მოძრაობა იგრძნო, კანზე ხორკლები წამოეშალნენ.

–   ისე, მგონი მართლა არ მეტყობა ასაკი, არა? – პატარა ბიჭივით

წაიტრაბახა კაცმა.

–   არა – გაეცინა და კაცს კისერთან დაყნოსა.

–   არც იქ?

–   არც იქ – ისევ გაეცინა, მგონი მართლა ძალიან საწყლები არიან ეს

კაცები და იგრძნო, რომ სადღაც მკერდსა და მუცელს შორის სითბო ჩაეღვარა, რომელიც დიდი ხანია არ უგრძვნია. კაცი ვერც ხვდებოდა, რომ ამ წუთას ქალს საერთოდ არ აინტერესებდა, ეტყობოდა ასაკი თუ არა, არც იქ და არც არსად. შეუყვარდა ეს უხასიათო კაცი? ბედნიერებას მაშინ გრძნობდა, როცა დილას კაცი თავს ქვემოთ ხელს შეუცურებდა, იპოვიდა მკერდს, კერტს თითებში მოიქცევდა, მოეფერებოდა, ცხვირს ყვრიმალზე ადებდა და ისევ იძინებდა. ქალის სხეულში სისხლი თბილად იწყებდა მოძრაობას და მერე ისიც იძინებდა.

ეხლა კი გაუთავებელ მონატრების შეგრძნებას ვერაფრით ერეოდა. ვერ წარმოედგენდა, რომ მარტო ყოფნა ასეთი აუტანელი გახდებოდა.

12.

ვერაფრით წარმოედგინა, რომ მარტო ყოფნა ასეთი აუტანელი გახდებოდა. ხანდახან თავმოყვარეობაც კი ელახებოდა. უკვე დიდი ხანი ვერ გრძნობდა იმ ქალს, რომელთან ერთად გაღვიძება სურდა, ვეღარ გრძნობდა ზუსტად იმ თბილ სხეულს, ზუსტად იმ სუნს, რომელსაც თურმე მთელი ცხოვრება ეძებდა.

ყოველთვის ეღიმებოდა ბანალურ მელოდრამულ წარმოსახვაზე: დილა, ქალი მამაკაცის კუბოკრულ, ფლანელის პერანგში, ნახევრად შეკრული ღილები მკერდზე, კერტები რომ აღმგზნებად მოჩანს, უხეშ “ბათინკებში” ჩაყოფილი მოშიშვლებული ფეხები და ძილბურანიდან გამოსული კაცი, რომელიც ახლად მოდუღებული ყავის სურნელს გაუღვიძებია. თურმე ეს ყველაფერი მართლა ბედნიერება ყოფილა და ეს აღარ იყო უკვე დიდი ხანი. იქნებ ამის გამო მომენატრა და სულაც არა სიყვარულის გამოო? თუმცა ესეც ხო სიყვარულის ნაწილი იყო. იქნებ დაბერდა, იქნებ საშუალო ასაკის კრიზისია? უბრალო მამაკაცური კლიმაქსი და ამიტომ ვერ იტანს მარტოობას? რა დროს სიბერეა, დაებერა სისხლისგან ფეხებს შორის. თუმცა კარგად ესმოდა, რომ არც ახალგაზრდობის და არც სიბერის ნიშანი არ იყო ფეხებშორის მომსკდარი სისხლი.

როცა ქალი წავიდა, ჩაეღიმა, ქვემოდან ირონიული ღიმილით ამოხედა და მზერით გააცილა. ძალიან აღიზიანებდა კაცების თვითდაჯერებული სიბრიყვე, მაგრამ თვითონაც ხომ კაცი იყო. ეგონა წავიდა რაღაც ცხოვრებიდან და მოვა სხვა. საქმეებით იყო დაკავებული, მაგრამ მალე გაურკვეველმა დისკომფორტმა მუშაობაში ხელი შეუშალა, თავიდან ვერ მიხვდა რა ხდებოდა.

მოენატრა, უყვარს, დაბრუნდეს, დაუბრუნდეს, – ააარრრ ვიიიციიი!!!! – ამოიღმუვლა.

ვერც კი წარმოიდგენდა თუ ქალის წასვლა ასეთ მძიმე ემოციებს ააგორებდა. ძალიან ღიზიანდებოდა, რომ ვერ აკონტროლებდა თავს. უკვირდა, რომ ასე განიცდიდა და ხვდებოდა, რომ ეს იყო სიყვარული, მაგრამ არ უნდოდა აღიარება.

ერთი ყლუპი არაყი მოსვა, ჭიქა დადგა და უცებ გიჟივით დასწვდა ტელეფონს, უნდა დავურეკო… აკრიფა ნომერი: “მ… ა… რ… ი… ა… ” – მიხვდა, რომ ცოლის ნომერს კრეფდა, იმავე წამს გათიშა. გულის ცემა ისე აუჩქარდა, პირველად რომ აკოცა მაშინ არ მოსვლია ასე. რა ხდება? – ჰკითხა თავს. ისეთი ქოშინი აუვარდა, თითქოს ათი სართული აერბინოს. ნელ-ნელა დამშვიდდა, არაყი მოყლუპა, ისევ აკრიფა ნომერი, დარწმუნდა, რომ თაკოსი იყო. თითი დარეკვის ღილაკს დაუმიზნა, გაშტერებული უყურა ეკრანზე ნომერს, ისევ აიღო ჭიქა, არაყი დიდი ხანი ყნოსა და მოსვა, მწარე გემოსგან თვალებიც კი აეწვა და წამით მხედველობა დაებინდა, ტელეფონი მიაგდო და საზურგეზე გადაწვა.

მოიწყინა.

სავარძელში ჩაჯდა და თავი უკან გადადო, არყისგან მთელი ტანი უხურდა, ძალიან მთვრალი იყო… ხასიათი ყოველ წუთს ეცვლებოდა… ჭიქა აწია და ხმამაღლა თქვა სადღეგრძელო – მთელი ცხოვრება გავიდაა!! – იყვირა – მთელიიი!! და არაფერიიი!!! გავლილ ცხოვრებას გაუმარჯოოოს… არაფერს გაუმარჯოოს!! – და ჭიქა ბოლომდე ჩაცალა, სახე დაებრიცა, წამოაზიდა, თავი ჩაკიდა და ვერც კი მიხვდა ისე წამოუვიდა ცრემლები. აუ, ეს ცრემლი რა შუაშია, – რა გჭირს, ეე? ნევროზი. მსოფლიოს მოსახლეობის 70%-ს ნევროზი აწუხებს – გაახსენდა სადღაც ამოკითხული სტატისტიკა, მეგაპოლისებში – 99%-ს. მე ალბათ სადღაც შუაში ვარ, არც მეგაპოლისი, არც პროვინცია, 80%-იანების ჯგუფში. ცრემლმა ტუჩთან შეუღიტინა, მოიწმინდა და ჭიქა კიდევ ერთხელ გაავსო ბოლომდე.

ის კი ადგა და წავიდა, ვერ გავძლებ – უთხრა, დამღალა შენმა ცინიზმმა. მეტისმეტად რთული ხარ და ცხოვრების შენი ფორმულები გაქვს, არ მიყვარს რომ მტენიან სხვის თამაშში. “რა ერთნაირები ხართ ქალები” – და გააღიზიანა კაცების ტრივიალურმა ფრაზამ, მასაც რომ გამოადგა თავის დასაცავად.

…ან იქნებ მართლა ერთნაირები არიან, ან იქნებ კაცები არიან ბრიყვები.

თაკო კიბეებზე ჩადიოდა, ზუსტად არ იცოდა სწორად იქცეოდა თუ არა, ვერაფრით აკონკრეტებდა რა აღიზიანებდა ამ კაცში. პირველად ვერ ხვდებოდა, რა მოსწონდა და რა არ მოსწონდა ადამიანში, რომელიც ასე უყვარდა. ხან ყველაფერი მოსწონდა, ხან საერთოდ არაფერი. არაა, თვითონაც გვარიანი უხასიათოა. ან იქნებ უბრალოდ ეშინოდა, რომ როდისმე ეს კაციც მობეზრდება, ეს კაციც აღარ მოუნდებოდა… და ეს რომ არ მომხდარიყო დროზე უნდა წასულიყო, – “რა სისულელეა” – უპასუხა საკუთარ ფიქრებს – “უბრალოდ, ალბათ ძალიან ძნელია ამ ასაკში იცხოვრო ვინმესთან ერთად, ახალ ადამიანს შეეწყო, რაც არ უნდა გიყვარდეს… და ესეც რომ სისულელეა?” – თაკომ კიბეები ჩაამთავრა და ქუჩაში გავიდა. წავიდა.

– შენთან მინდა – დაებერა მკერდში რაღაც, – ძალიან მინდა – და მოულოდნელად თაკოს და ცოლის სახეები ერთმანეთში აერია, სწრაფად აწია თავი, – რატო? – თავისი ცრემლების, სისუსტის და გაურკვევლობის შერცხვა. აქვს რამე აზრი ეხლა ამ ცხოვრებას? – ამ კითხვას სხვისგან რომ იგებდა ცინიზმის ნიაღვარი მოასკდებოდა ხოლმე და დაცინვის დიდოსტატი ხდებოდა, ეხლა კი უცებ წამოხტა: – უნდა წავიდე და ვნახო, მოვძებნო, რა საქმე… რა სტუდენტები… ვის ჭირდება… და სად არი… გადახდილი მაქ? უნდა დაერეკა და რომელ ავარიაში… არ დაულევია? – თავში აზრები აერია, სავარძელში ჩაეხეთქა და გაყუჩდა. “როგორ დავღუპე… როგორ შემეშალა… უცებ რო მიხვდები რო… ბილეთები გამოგზავნეს ნეტა,…რომელი რეისია?.. ჩაიარა… რო გეგონა……მეგონა… რატო უნდაა… ეხლა შევხვდები და ორივე თემაზე მოველაპარაკები… ეს არ იწერება… მანქანას დავურეკავ… ძმაოო, რომელი საათია? მოიცა და სასწავლებლად რო გაუშვებ და ცოლს რო… არა, იმასთან რატო მეეე… და მისი ნამუშევრების ფსიქო-სოციალური სახე ფერში… რა ფერის იყო? – ბურდღუნებდა, ადგა, ჩაცმა დაიწყო, მერე ისევ გაიხადა – ის შარვალი რა იქნა… გამიუთოვე რა?.. ჰეჰეე,…ვინ?.. მარტო ხარ ხო… როდისღაც ხო უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი… ხო უნდა მორჩეს… არ გინდოდა… ნაწერები მაქ გასასწორებელი… რომელ საათზე უნდა… არა, მოიცა ეხლა დაწყნარდი” – დაამშვიდა თავი, დაჯდა, ისევ დაასხა არაყი, ცრემლები მოიწმინდა. მისი ერთი მე ეუბნებოდა, რომ ძალიან მთვრალი იყო და დრო იყო დაეძინა. მეორე, ემოციური მე – დასცინოდა და ეუბნებდა, რომ იქნებ, ცხოვრებაში ერთხელ აჰყვეს ემოციას, თორემ გაქრა წლები- მოწესრიგებული, მშვიდი, ირონიული დამოკიდებულებით ცხოვრებასთან. იქნებ, ცხოვრებაში ერთხელ იყოს ბანალური, მაგრამ გულწრფელი. კედელს მიშტერებოდა, რომელზეც ცნობილი ფოტო იყო გაკრული. ფოტოგრაფს ქუჩაში, კაფეს წინ წყვილი გადაეღო სასიყვარულო კოცნისას. ისე მოესწრო ფოტოგრაფს, როგორც თვითონ შეესწრო ქუჩაში შუქების ანთებას. ფოტოზე ქუჩიდან შემოვარდნილი მანქანის შუქები გადარბოდნენ პერიოდულად, კინოს ჰგავდა მისი კედელი. ბრიყვულად გაეღიმა, შეაგინა თავის ცინიზმით სავსე ინტელექტს და ბანალურ, მაგრამ გულწრფელ ემოციას გაჰყვა – უნდა დავამთავრო ეს ყველაფერი, უნდა დავამთავრო – იღრიალა.

თავის ტკივილი დაეწყო.

13.

დაძაბულობისგან თავის ტკივილი დაეწყო, მიხვდა რომ რაღაც ხდებოდა მის სტუმრებს შორის. “მგონი ამათ ჩემზე კარგად იციან რა ბოზები ჰყავთ, ჰეჰ, უუჰ გამისკდა თავი!..” – ჩაეცინა. …

მანქანაში სიჩუმე იდგა.

მეორე დაბრუნდა და ისევ უკან ჩაჯდა, უხეშად მოაჯახუნა კარი: “ნელაა, შე ჩემააა,… დაიმტვრა მანქანა – და კიდე უფრო ასტკივდა თავი – ნეტა ეს იარაღი გამომაძრობინა ეხლა და… ესენი მიხმარებენ თუ ჩემი იარაღი, რა მნიშვნელობა აქ…”

უკან მჯდომმა იარაღი მოიმარჯვა, გადატენა:

– ეხლა მითხარი ნამყოფი ხარ თუ არა? – ლულა კეფაზე დაადო.

– სადა… სადა ვარ ნამყოფი? რასა შვებით, ეე, არ გავარდეს ეეე? – შეეშინდა, თავის ტკივილმა ერთ წამში გაუარა, საზურგეს აეკრო და ხელებით სავარძელში ჩაფრენა უნდოდა, მაგრამ თითქოს სპეციალურად, საჯდომის ქვემოდან იარაღის ტარი გამოჩრილიყო და ზუსტად მოაჯდა ხელში, ისე რომ საჩვენებელი თითი თვითონ შეძვრა სასხლეტთან და გამოედო. კინაღამ გამოიღო იარაღი და… დროზე გადაიფიქრა.

– რა სადა, ბიჭო, სად კი არა ვისთან?

– რა ვისთან?

– უუუჰ შენი, – იარაღის ტარი ჩაკრა კეფაში.

– კაი ეხლა? – ჩაიბურდღუნა თაკოს ქმარმა.

– მაცალე ეხლა მე – უპასუხა უხეშად, – ეგრე არ არი რა? – ლულა ისევ კეფაზე მიაბჯინა – ნამყოფი ხარ-თქო ბიჭო?

– სადა ვარ ნამყოფი? – მართლა დაიბნა.

– ააა! სადა კი არა, ნახმარი გყავს!!!?? გაიგე ეხლაა? – და კიდევ ერთხელ ჩაარტყა კეფაში.

– ნახმარი? რა ნახმარი, რას მეკითხებით? ვალი აქვთ-მეთქი ჩემი…

– ვალი კი არა შენი… – დედა შეაგინა, თავი მოუტრიალა და იარაღის ლულა პირში ჩათხარა, ჩახმახი გადასწია. ლულის სამიზნემ სასა გაუჩხაპნა, ტკივილი იგრძნო, მიხვდა რომ ვერ გათვალა და რაღაც შეეშალა, ზედმეტი მოუვიდა.

საჯდომის ქვემოთ იარაღის ტარს ხელი მაგრად მოუჭირა. ბეწვის ხიდზე გადიოდა, იქით სიცოცხლე, აქეთ სასხლეტზე შემთხვევით გამოდებული თითი, ხელისგული სულ სველი ჰქონდა.

14.

ხელის გულებიდან ოფლი ნიაღვრად გასდიოდა. სკამზე შემდგარიყო, რომელიც ისე ირყეოდა, ჩამოხეთქებას არაფერი ეკლდა. გრძნობდა თავბრუსხვევას, სიმძიმეს მკერდში და გრძნობდა აზრების მოსვლა-წასვლას: “უნდა დავამთავრო… უნდა დავამთავრო… იმდენი გავფლანგე… უნდა დავამთავრო” – როგორც იქნა დაიმორჩილა ფეხები. კარადის მტვრიან სახურავზე ხელი კიდევ ერთხელ მოაფათურა და იპოვა. სკამიდან ჩამოხტა. კარადის სარკეში, ჩასისხლიანებული თვალები, გაწეწილი თმა დაინახა. “ჰოოდა უნდა დავამთავრო” – გარშემო ყველაფერი ტრიალებდა, მხოლოდ აზრი იდგა მყარად: “უნდა დავამთავროოო… ერთხელ ხო შეიძლება, არ დავეჭვდე ჩემს ნათქვამში და გაკეთებულში”. მკლავები მთლიანად ამოთხვროდა მტვერში და სველ ხელისგულებზე ტალახად აკვროდა, ყურადღება არ მიუქცევია მტვრის ბუღისთვის.

იარაღი ძალიან არ უყვარდა, კატეგორიულად არ ცნობდა. თვლიდა, რომ ადამიანების პირველი და უმთავრესი შეცდომა იარაღის მოგონება იყო. იმ პირველ ქვას თვლიდა კაცობრიობის ყველაზე დიდ სასჯელად, ამიტომ ღმერთის ბევრ გადაწყვეტილებაზე ხშირად მოსვლია ფილოსოფიური კამათი. ცხოვრების ცინიზმი ის არის, რომ სწორედ მას აჩუქეს ეს იარაღი. ერთ-ერთი ელიტარული სამხედრო ნაწილისთვის იმუშავა, პაციფისტური იდეები განავითარა და მადლობის ნიშნად, ცეცხლსასროლი იარაღის ისტორიაში გამოგონილი ერთ-ერთი საუკეთესო იარაღი უბოძეს. იმ პარადოქსულ შეგრძნებასაც არ უარყოფდა, რომ კაცობრიობას, ასე იდეალურობამდე დახვეწილი, თითქმის არც ერთი მნიშვნელოვანი ნივთი არ შეუქმნია, – არაფერი ზედმეტი, არაფერი რაც არ არის საჭირო, – მინიმალიზმის და სისადავის დღესასწაული. ვერც იმას უარყოფდა, რომ, როცა ხელში ეკავა, მამაკაცური ღირსების უცნაურ მოზღვავებას გრძნობდა. დანიშნულება რომ არ ჰქონოდა, – ის რაც ჰქონდა, სულ თან ატარებდა, ისე როგორც მელნის ავტოკალამს ატარებდა უკვე ოცი წელი. საჩუქარზე უარს ვერაფრით ეტყოდა სამხედროებს, ისეთი მოწიწებით გადასცეს. ყველაზე შორ და ყველაზე მტვრიან ადგილას მიაგდო, მოხდენილ ყუთში ჩასვენებული, სიფრიფანა ტყავის შალითაში შეხვეული ვერცხლისფერი, ხისტარიანი რევოლვერი.

იარაღს ხელების ცახცახით მოაშორა შალითა, კინაღამ დაუვარდა, გაღიზიანდა და ბინძურად შეიგინა. მოირგო თუ არა ხელში, ტარს ისე მოუჭირა თითები, ეტკინა კიდეც მტევანი. მკლავი ნელა გაშალა და უსასრულობას დაუმიზნა, ერთი თვალი მოჭუტა და სამიზნეს გახედა. რევოლვერის დოლი ვაზნებით იყო გადავსებული. ჭურვები და ვაზნები ადამიანებივით არიან – არც იციან რისთვის გაჩნდნენ, არადა უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურებიან.

სამიზნე აქეთ-იქით დახტოდა, იმიტომ რომ მთელი ტანით ცახცახებდა. დაუშვა, ღრმად და მძიმედ სუნთქავდა. ოფლი ღვარად მოსდიოდა. რევოლვერის ტარსა და ხელისგულს შორის ოფლის ცივი წვეთები პატარა გველებივით ცურავდნენ, მკვეთრი მოძრაობით აწია ხელი და ლულა პირში ჩაიდო. ერთი ფილმი გაახსენდა, გმირს თავის მოკვლა უნდოდა და ლულას ისე ღრმად იდებდა პირში, რომ აზიდებდა. გაეცინა და ლულა დადორბლა.

გაყუჩდა, უცებ გაიაზრა რას აკეთებდა. ერთ წამში სიბნელე იქნებოდა და სხვა არაფერი. დაფიქრდა,- ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო მის ცხოვრებაში, რომლის გაქრობასაც ყველაზე მეტად ინანებდა? ედო ლულა პირში, ტარზე ორივე ხელს უჭერდა, სასხლეტზე თითი ჰქონდა გამოდებული და ფიქრობდა… ფიქრობდა და ცახცახებდა.

რევოლვერი სულ ახალი იყო, დაზეთილი და მგრძნობიარე.

15.

“ნეტა ახალი დაზეთილი ხო არ აქვს იარაღი? თითი არ გამომეკრას, ეე” – ფიქრობდა და საჯდომს ქვემოთ ფრთხილად არიდებდა თითს სასხლეტს, რომ არ გავარდნილიყო და საჯდომი არ გაეხვრიტა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ლულა დუნდულაზე აწვებოდა, მეორე კი პირში ედო, მაინც საოცარ სიმშვიდეს გრძნობდა. ფანჯრიდან ნიავი შემოდიოდა და გაოფლიანებულ სხეულს სასიამოვნოდ აგრილებდა. ამ სიბნელეშიც კი ხედავდა სტუმრის ჩასისხლიანებულ თვალებს: “თუ აქედან გამოვედი, ის ლიკა ისე უნდა ვიხმარო… გიჟი ხო არ ხარ… აქედან გამოვიდე და ქალს არ გავეკარები,…მონასტერში წავალ…“ – თავისი ტაქსის ნომერი გაახსენდა – “ოცდაცამეტი დამიცავს?” – ჰკითხა ვიღაცას, გაეღიმა და ლულა დადორბლა. უკან მჯდომის ხმამაღალი გინება და ყვირილი შორიდან ესმოდა. თვალები გააცეცა, გვერდით მჯდომს თავი სავარძელზე გადაედო, ხელი ღილაკისთვის დაეჭირა და სავარძელს ხან წინ, ხან უკან, მარჯვნივ-მარცხნივ, ზემოთ-ქვემოთ არწევდა. “არ გააფუჭო, შე ჩემა…“.

თიკას ქმარს შიში შეპარვოდა თვალებში: – არ გაგივარდეს ბიჭო, არ გაგივარდეს ბიჭო – ბურდღუნებდა.

“არ გაგივარდეს ბიჭო”- ააყოლა ფიქრი ბურდღუნს.

16.

– არ გაგივარდეს ბიჭო – ისე თქვა ლულა პირიდან არ გამოუღია, – ჯერ არ გაგივარდეს – დააზუსტა. ლულის სამიზნე სასაზე მოირტყა და გაეკაწრა. ტანში შიშის ელვამ დაურბინა. ეხლა შეიძლება გავარდნილიყო და ფიქრის მოუსწრებლად დაემთავრებინა ყველაფერი. იარაღი მაგიდაზე დადო, ნადორბლმა ლულიდან მაგიდაზე ჩამოწვეთა. არაყი დაისხა. სულმოუთქმელად დალია, ისე, სიმწარეც არ უგრძვნია, გაკაწრულიც კი არ დაწვია. მის ერთ მეს ძალიან უკვირდა, თავისი მეორე მეს საქციელი და საიდანღაც შორიდან დასცინოდა, იმ მეს, რომელიც ემოციებს აყოლოდა და მარტოსულ, განწირულ ადამიანს თამაშობდა.

ისევ მოერია ბოღმა და მარტოობის შეგრძნება. გაოფლიანდა და შეაცია.

– არ მინდააა – იღრიალა, რევოლვერს ხელი დასტაცა და ტელევიზორს ხმა აუწია, სროლის ხმა რომ არ გაიგონ, ესეც რომელიღაც ფილმში ჰქონდა ნანახი.

ხელი უკანკალებდა და რევოლვერის ლულა კბილებზე კაკუნებდა, მაგრამ ვერც გრძნობდა და არც ესმოდა.

ცდილობდა ტვინში რამოდენიმე წინადადება შინაარსით ისე დაელაგებინა, რომ თითის საბოლოო მოძრაობა, ლოგიკური ფინალი ყოფილიყო.

17.

ხმამაღლა ღრიალებდა და ლულა ტაქსის მძღოლის პირში სასამდე ჩაეჩარა:

– ტაქსის მძღოლთან, ეეე?!?!.. ამ მათხოვართან ეეე?!?!.. ამას აქ და იმას იქ… – ბღაოდა, პირიდან დორბლებს ყრიდა.

თაკოს ქმარი გაუჩერებლად ბუტბუტებდა: – დაანებე არ გავარდეს, დაანებე არ გავარდეს, ქალებიის… – და ქალებს აგინებდა მომგონს, გამჩენს, ცოცხალს და მკვდარს და იმათ, ვისაც ისინი უყვარს და ვინც ქალს ენდობა.

ტელეფონმა დარეკა. ყველა მყის გაჩუმდა. თაკოს ქმრის ტელეფონი რეკავდა.

– რა გინდა? – უპასუხა მკაცრი ხმით.

–   …

– ყველაფერი ვიცი უკვე თაკოო… ვიციიიი! მოვალ დავილაპარაკოთ.

–   …

– კაი დამშვიდდი… – ისევ მკაცრი ტონი ჰქონდა – დამშვიდდი-მეთქი თაკო…

თაკოო!!! – იყვირა – დამშვიდდი და ნუ უწევ ხოლმე ტონს, მგონი მილიონჯერ გთხოვე რააა? – მოლბა.

–   ……

–    მოვალ და გეტყვი… რას ნერვიულობ…თუ სხვა რამე ხდება და ეს არ

მეუბნება, ჰა? – დამცინავი ინტონაცია შეაპარა კითხვას.

“ეხლა ღირსი არ არი ყველაფერი ვუთხრა, რასაც მიყვებოდა ამ სირზე, პატარა რო გაქ და ისიც არ გიდგება, ეგეც ვიცი, – გაეღიმა, დროზე შეიკავა თავი რომ არ შეემჩნიათ, – შე უბედურო, ზეპირად ვიცი როდის რა გამაზე და სად, რა ჩაგიტარა… – გააგრძელა ფიქრი, – ხო არ უთხრა ჰა?!” – ისიც კი იცოდა, კაცობის გასამაგრებელ წამლებს რო სვამდა და მაინც არაფერს შველოდა და ისიც, თაკო კაცზე რომ ეჭვიანობდა, მგონი, სანამ არ იხმარებენ არ უდგებაო. ერთხელ მოუყვა და ბევრი იცინეს ერთად. ის მეორე, ლიკას ქმარი კი არა, საყვარელი იყო. ლიკას არ უნდა გათხოვებაო, უყვებოდა თაკო, ქუჩის ბინძური ბოზების დევნა უყვარდა თურმე, სადაც ქუჩაში დაგდებულს ნახავს მარტო ისინი მოსწონსო, მეშინია რამე არ გადამდოსო, მეგობრებში დასცინოდა თავის საყვარელს თურმე ლიკა. “ხო არ მოვუყვე ყველაფერი?” – თუმცა ჩახმახმოზიდული იარაღი აფრთხობდა.

– კაი თაკო, კაი, ეს აღარ შეგაწუხებს და ვალი რამდენი გაქ, ამის ვალი როგორ დაიდე, მითხარი რაა… თუ სხვა რამეშია საქმე, ჰა? – ფრთხილად და უგერგილოდ გაეცინა თაკოს ქმარს. ცდილობდა რამე ისეთი არ ეთქვა, რაც ქალს გააღიზიანებდა. გაღიზიანებული თაკო ყველაზე მზაკვრული და მტკივნეული დარტყმების დიდოსტატი იყო, ამიტომ თავის მოტყუება ერჩივნა, ესე უფრო კომფორტული იყო. თაკოც მიხვდა რომ, თუ ბევრს ილაპარაკებდა, ბევრად მეტს დაკარგავდა, ვიდრე ის ორი კაპიკი, რომლის გადახდაზეც დიდსულოვნად დათანხმდა ქმარი. ჩაეცინა თაკოს, ირონიულად ჩაეცინა. იცოდა ქალმა თავისი ძალის ფასი. უბრალოდ არ უნდოდა, ამ ნაძირალა ბიჭს, რომელსაც თავი გაუყადრა, ესე ადვილად მოეტყუებინა. ენანებოდა ეს უბირი ტაქსის მძღოლი, ძალიან კარგი იყო ლოგინში. ყველაზე მეტად მაინც ის ენანებოდა, რომ ვერაფრით დაიმორჩილა, ეგონა ბრიყვი აღმოჩნდებოდა და როგორც უნდოდა ისე გამოიყენებდა, ის კი ბედნიერი იქნებოდა და სამარადჟამოდ მადლიერი, რომ ასეთმა ქალმა დასდო პატივი, მაგრამ შეეშალა. ო, რა არამზადა და ავანტიურისტია! ისევ ირონიულად ჩაეღიმა თაკოს, ოღონდ ცოტა სევდანარევი ირონიით, – ისე, მგონი ეს მომწონდა – გაეცინა, – ეგ და კიდე… – ისევ გაეცინა, – მოკლედ, იმედია ჭკუა ეყოფათ და არ მოკლავენ… ისე, ნეტა ლიკაც?.. ეგ ბოზუკა ძალიან უქნევდა უკანალს. სექსის დეტალებმა გაუელვა თვალწინ. ტანში გააჟრიალა, ზამბარასავით დაიძაბა და მოეშვა. იცოდა რომ დიდი ხანი ვერ დაივიწყებდა, ისევ მოენატრებოდა, მითუმეტეს თავის ქმრის გვერდით. ქალები უფრო დამოკიდებულები ყოფილან… მარა ეგ არაფერი, წინ კიდევ ბევრი ახალი შეგრძნებებია, ცხოვრება გრძელდება… მთავარია არ მოკლან… მაგრამ, თუ შემთხვევით არ გაუვარდებოდათ, ამის თავი არც ერთს არ ჰქონდა… ისე რამენაირად ლიკას უნდა მოვაყოლო, გასინჯა თუ არა… ბოზუკა ეგა – გაიფიქრა. ფეხებს შორის სიმხურვალე და სისველე იგრძნო, მანქანის საზურგეზე გადაწვა და მაგნიტოფონს ხმა აუწია.

18.

თავისუფალი ხელით არყის მეორე ბოთლი გახსნა. გაახსენდა, ერთდროულად რამდენ საქმეს აკეთებდა ტაქსის მძღოლი. ჭიქა ისევ ბოლომდე გაავსო. ისე სცადა დალევა, ლულა არ გამოეღო პირიდან, არ გამოუვიდა. ლულის პირიდან გამოღება სისუსტის ნიშანი იქნებოდა. გვერდზე გაწია, ჭიქა პირის მეორე მხარეს მიიდო და არაყი სასაში შეისხა. წამოაზიდა, მაგრამ დალია. ლულა გაასწორა და დაიწყო:

– იმას, რასაც ცხოვრებიდან ველოდი არ შედგა; ის, რასაც ვაკეთებ სხვაც გააკეთებს; ისე, როგორც ვცხოვრობდი სწორი არ აღმოჩნდა; არ არის ქვეყნად ადამიანი, რომელსაც უჩემოდ ცხოვრება არ შეეძლება; ისინი, ვინც მინდოდა, რომ ჩემთან ერთად ბედნიერები ყოფილიყვნენ, უჩემოდ არიან ბედნიერები; ისე დავანგრიე ერთი, მეორე ვერ ავაშენე, მენანება რომ დავანგრიე, მენანება რომ ვერ ავაშენე… გავფლანგე ყველაფერი… გრძნობა, ემოცია, ადამიანები, ქონება… აუტანელია სიმარტოვე, აღარ მინდააა… როგორ დამცინა ცხოვრებამ – და მისი ერთი მე ხარხარებდა მის პათეტიკაზე, მეორე მეს მოსწონდა ეს პათეტიკა და სიამოვნებდა იმის წარმოდგენა, როგორ ეტკინებოდათ უიმისობა და ეს უკანასკნელი აშკარად ჯაბნიდა წინას. თვალები დაელმებოდა და გიჟის მზერა კონცენტრირებული ჰქონდა მხოლოდ ჩახმახზე, რევოლვერის ტარს გაოფლიანებული ხელებით ჩაფრენოდა და ცერები სასხლეტისთვის მოერგო. ოფლის წვეთები სახეზე ჩამოსდიოდა და პირდაპირ პირში ეწვეთებოდა. ღრმად სუნთქავდა და კბილებს უფრო და უფრო უჭერდა ლულას, თითქოს მოჭყლეტა უნდოდა რომ ტყვია არ გამოტეულიყო. ცახცახებდა, ძლივს აკავებდა კბილებს, ხელებს, თითებს: – ააააა!!! – იღრიალა, ისევ მოუჭირა კბილები ლულას. ლულა კბილებზე ასხლტა, თითი სასხლეტზე და სროლის ხმა გაისმა.

19.

დასცქეროდა ტაქსის მძღოლის პირში ჩაჩრილ ლულას და აღარ იცოდა რა ექნა. გასროლა ნამდვილად არ უნდოდა, მაგრამ ესე უბრალოდაც ხომ არ დაამთავრებდა, – ჰო, აბა კაი ბიჭი ხარ წადი, ტყუილად ვიყვირეთ და ვიგინეთ ამდენი და თან შენნაირ მათხოვარ ტაქსის შოფერზე ვეჭვიანობთ, რომ ჩვენ ქალებს ხმარობდაო, – ეს ისე ხმამაღლა სათქმელად, თორე, რაც ქალები ენახა და რაც იცოდა, დარწმუნებული იყო, რომ თაკოც და ლიკაც იყვნენ ამის ჩამდენები. წამიერად ლიკას შიშველმა სხეულმა გაუელვა, ისე აშკარად დაინახა ამ ტაქსის მძღოლის წინ ჩამუხლული ლიკა და კაცის სიამოვნებისგან ატრიალებული თვალები, რომ კონტროლი დაკარგაა:

– ტვინს გაგასხმეინებ! – უღრიალა მძღოლს და ლულა ხორხში ჩაუყო, იმ საცოდავს წამოაზიდა.

– ფუ შენი… – მიაგინა, არადა არ ღირდა ამ მათხოვრის მოკვლა იმ ორი ბოზუკას გამო. დავიჯერო ლიკაც ეგრე დაეთრევა, როგორც ამის თიკა?

შეეძლო ამ წუთასვე დაეჭირა ეს მათხოვარი და რაიმე მუხლი შეეტენა, – ნარკოტიკების მოხმარება, იარაღის ტარება, სამშობლოს ღალატიც კი – ამაზე ადვილი არაფერი იყო, მაგრამ რეალური ამბავი ადრე თუ გვიან სადღაც მაინც გასკდებოდა. მტრები, მოხალისე ჭორიკნები, შეიძლებოდა ამასვე დაეყრანტალებინა ციხეში, ისე სატრაბახოდ ან რომელიმე მის მტერს სამართლიანობის გრძნობაზე წამოეგო. ამ ჭორის გავრცელება ნამდვილად არ აწყობდა, აბსოლუტურად დარწმუნებული რომ ყოფილიყო ქალების პატიოსნებაში, თან ამაშიც ვერ იყო დარწმუნებული. მოკვლითაც არ მოკლავდა. ელვის სისწრაფით უნდა მოეფიქრებინა, როგორ მოემთავრებინა ეს სიგიჟე, ისე რომ ტემპერატურა არ დაეწია, ამის გამო უფრო და უფრო უწევდა ხმას და აგრესიაც ემატებოდა.

ერთი ლულა პირში, მეორე უკანალში – ნეტა რომლის გავარდნა ჯობია? – გაუელვა უაზრო კითხვამ. თითქოს დაწყნარდა ეს ცოფიანი და ისევ დაიწყო, ეხლა მართლა, მთელი სხეულით იგრძნო შიში, შიშმა მხედველობაც დაუბნელა და აზროვნებაც. ორად-ორი შეგრძნება, პირში და უკანალში, ღრიალის ყრუ ხმა შორიდან და ტკივილამდე დაძაბული კუნთები. მერე, სახეში მოხვდა, ინსტინქტურად მეორე დარტყმის აცილება სცადა და ხელი რომლითაც იარაღი ეკავა, ტარზე აუსხლტა. შიშისგან, კუნთებმა, მისგან დამოუკიდებლად იმუშავეს და თავი გადააქნია. პირში ჩადებული ლულა კბილზე მოხვდა, სროლის ხმა და შორიდან კივილი: – მოკალი შე ჩემისა?

20.

ისე თენდება და ღამდება, ისე ცხოვრობ, ვერც კი ხვდები როგორ გადის დრო, გგონია აკეთებ რამეს და აღმოჩნდება, რომ რასაც აკეთებ არასდროს არავისთვის მნიშვნელოვანი არ ყოფილა, განსაკუთრებით შენთვის. მაგრამ მიყვები და ყოველთვის გახსენდება ის ბანალური შედარება, ასეთი ცხოვრების ასაწერად რომ იყენებენ კინოში, ლიტერატურაში, უბრალო საუბარში: ციყვი ბორბალში, ან ქვიშის საათი – და მართლა ასე ქრება დრო. უცებ იგრძნობ, რომ არაფერში არ გჭირდება ეს სიცოცხლე, არც არავის სჭირდება და გაურკვეველი პრინციპების, ვიღაცის ხათრის გამო ცოცხლობ. რომ იმ ვიღაცას არ ეტკინოს უშენობა. მერე ამას მოყვება კიდევ უფრო ბანალური აზრი – არავინ არავის ჩაჰყოლია და შუშის თვალებით ბრტყელ კედელს მიშტერებიხარ, რომელიც შენს ბუნაგს აკრავს გარშემო და არაფერი. ასე ბანალურად წყდება სიკვდილ-სიცოცხლის ამბები… და კვალი რომ დატოვო კაცობრიობის ისტორიაში? და რა, რომ კვალი დატოვო? ის, რომ ღმერთმა მაინცდამაინც შენ აგირჩია იმ კვალის დასატოვებლად? ღმერთია რა, ხვალ სხვას აირჩევს, შენგან თუ არაფერი გამოდნა.

მოპირდაპირე მხარეს, ბრტყელ კედელზე, შპალერის ბაცი კაკაოსფერი და ოდნავ უფრო მუქი ზოლები ერთმანეთში ლივლივებს. უშველებელი შავ-თეთრი ფოტოს მარჯვენა ქვედა კუთხე, – კაფეს მაგიდის ნაწილი, ყავის ჭიქის ნაწილი, მაგიდაზე დაყრდნობილი იდაყვის ნაწილი. ფანჯრიდან შემოვარდნილმა მანქანის შუქმა გადაირბინა და გაქრა.

21.

– ეე, ცოცხალია ეეე, მაიცააა, ბიჭო დარეკე… დროზე, არ ჩაგვაკვდეს, შემომხედე, შემომხდე შენი – და ორივე აგინებდა, დაჭრეს და აგინებდნენ მაინც – მესმის… ესე იგი არ მოვკვდი, – ტელეფონების ფანრის შუქებით სახეზე და თვალებში ანათებდნენ, – ნეტა სად მომხვდა, ნეტა ვიცოცხლებ? ფუ, ბავშვის სწავლის ფული მქონდა მისატანი… მომკლავს რაა ბაკო… რომელი საათია ეხლა, სისხლით რო დამესვაროს, როგორ გავრეცხო? აუ, ნეტა ტყავიდან ამოდის სისხლი?

– მარტო ლოყა აქ მგონი გახვრეტილი, გააღე პირი!…კრიჭა აქ შეკრული, გააღე შენი, ეგრე, კიდე, კიდეე… მარტო ლოყაა.. ფუ ამის, ეხლა ეს ჩვენებთან წავიყვანოთ და… იარაღი შენ წაიღე……ტყვია სად ჩაჯდა, ეე? შუშაში არ გაუვლია… რა ბედი აქ… აი, სად არი გაჭედილი… მიდი მიდი, მე ამ მანქანას წამოვიყვან… შეძლებ, ბიჭო გვერდზე რო გადაჯდე?  მიდი… მიდი, რას წვალობ… მოიცა, ეს რა არი?

22.

– ეს რა არი? – დაიხედა ხელზე, რომელიც სისხლით იყო მოთხვრილი,

ყველა კუნთი სტკიოდა, განსაკუთრებით სახის კუნთები. საფეთქლებთან, სისხლძარღვები ხმაურით უფეთქავდა, თავი სტკიოდა. მზის სხივები თვალს ჭრიდა, საათზე დაიხედა, უყვარდა მაჯის საათის ტარება. დილის შვიდი საათი იყო უკვე. წამოდგომისას წელი ეტკინა, წამოყვირება უნდოდა მაგრამ ლოყა მწვავე ტკივილმა გაუსერა და ყურადღება გადაიტანა. სითბო იგრძნო ლოყაზეც და შიგნითაც, პირში. ხელი მოისვა, სისხლი აყვა, დაეწვა ლოყა. მძიმედ წამოდგა და სარკესთან მივიდა – რა არი, ეეე?! – ლოყაზე გამოფლეთილი ჭრილობა ჰქონდა. პირი სისხლის კოლტებით ჰქონდა სავსე, ახალი სისხლი ჭრილობიდან ბუშტებად იბერებოდა და სკდებოდა.

მიხვდა რისი ჩადენა დაეპირებინა, სირცხვილის გრძნობის გამო მეორედ გადაწყვიტა თავის მოკვლა. ისევ ოთახში დაბრუნდა, ეხლაღა შეამჩნია რომ გასისხლიანებული პერანგი გაეხადა და მაგიდა მოეწმინდა, – არ ახსოვდა. იატაკზე სისხლის კოლტების გროვა იყო – ეტყობა გადმოაფურთხა, არც ეს ახსოვდა. ტყვიას ლოყა გაეხია. რევოლვერი მაგიდაზე იდო. ლულას და ტარს სისხლი შეხმობოდა. დაჯდა, წარმოიდგინა როგორ ისროლა. მზერით სავარაუდო ტრაექტორიას გააყოლა თვალი. ტყვია კედელში ჩაჭედილიყო. სავაზნეს ჩახედა, ერთი ტყვია აკლდა. თვალების ცეცება დაიწყო, რომ ცარიელი ვაზნა ეპოვა და იპოვა. აიღო, უყურა უყურა და თაროზე შემოდო. მძიმედ შეიგინა, საკუთარ თავს შეაგინა.

23.

–   ეს რა არის? მიიწიე ბიჭო, ეს რა არის? – თავიდან ეგონა რომ იარაღი

იპოვეს და შიშისგან მუხლები მოეკვეთა. ახსოვდა, რომ სავარძლის ქვეშ შეგდება მოასწრო. მერე მიხვდა, რომ ოფლისგან მთლად დასველებული, იარაღის შესახვევი ჩვარი იპოვეს. სავარძლის ტყავიც სულ სველი იყო და როცა თაკოს ქმარი მიხმარებისას სავარძელს დაეყრდნო, სველი ჩვარი და სავარძელი დახვდა.

– ფუუუ, ჩაიფსი შე უბედურო? – მიაგინა, მერე ლიკას საყვარელს მიუბრუნდა, – დაწყნარდი, დაწყნარდი და წამო ეხლა ეს წავიყვანოთ, სანამ სისხლისგან არ დაცლილა.

საავადმყოფოში უკანა კარიდან შევიდნენ. ექიმი ძველი ნაცნობი იყო.

– მიხედე რა ამას, ცოტა გავუბრაზდით და…

–   საჭირო ჩვენებას არ იძლევა? – გაეცინა ქირურგს.

–   რაც საჭირო იყო თქვა.

–   აა?! თუ გინდათ უნარკოზოთ გავუკერავ და რაც დარჩა, იტყვის, დასცინა ქირურგმა.

ისევ შიში მოერია, ეგონა კიდევ რამეს უმზადებდნენ. გადარჩა, ლოყაზე პატარა ნაკერი დაადო ქირურგმა და სამედიცინო პლასტირი დააკრა. საპროცედუროში მესამე შემოვიდა:

– სუფთაა მანქანა, აი – ჩაჭყლეტილი ტყვია ხელისგულზე ედო, – კაი მანქანა ყავს ხო იცი?

– გადააგდე შე ჩემა, ხო არ გაგიჟდი?

მანქანაში ჩაუჯდნენ და ქალაქგარეთ გაიყვანეს, ისევ შეეშინდა. ხელში უამრავი ფული ჩაუდეს და მაინც არ სჯეროდა რომ სამშვიდობოს იყო. ხუთ წუთში სადღაც გაქრნენ, წასვლის წინ ისე დაემუქრნენ, კაი ხანი გაყუჩებული იჯდა და არ ინძრეოდა. ხელი ფრთხილად ჩააცურა სავარძლის ქვემოთ, იარაღი ისევ იქ იდო. ფული გადათვალა, ბევრი იყო, საკმარისზე ბევრი. სიმსუბუქე იგრძნო და სიხარული. მანქანიდან გადმოვიდა. იარაღი ამოიღო, ჩვარი ვერ იპოვა, თავისი მაისური გახია, სისხლით მოთხვრილი ნაწილი გადააგდო, სუფთაში გაახვია. მერე მეგობარს დაურეკა: “დაყაჩაღება უნდოდათ და შენმა იარაღმა მიშველა, მაგრამ ლოყაზე გამკაწრეს და პატრულმა გადამარჩინა, მოდი რა, ესე ნუ მატარებ, რამე ჩასაცმელი მიყიდე, ფულს აქ მოგცემ და სათამაშოსაც გაგატან”.

ბაკო გაახსენდა: “რამდენი ხანია არ დაურეკავს ეეე? მებუტება, გაგიჟდება ფულს რო მივუტან. ნეტა რომელზე უფრო გაგიჟდება, ფულს რო მივუტან თუ დაჭრილს რო მნახავს?”

იარაღი დააბრუნა, ახალი მაისური მოირგო, ეს სულელურ-ვაჟკაცური ტყუილი ხელმეორედ მოუყვა მეგობარს და სახლში დილის ხუთი საათზე მივიდა.

ბაკოს კინაღამ გული წაუვიდა, ლოყაახვეული და ყბაშესიებული რომ დაინახა. მასაც მოუყვა სულელურ-ვაჟკაცური ტყუილი და ფული გაუწოდა. ვალი დამიბრუნესო.

ბაკო ჩაეხუტა, მოეფერა, ცოლის მკვრივმა მკერდმა აახურა. “მე თუ ეხლა რამის თავი მექნება?” – აღმოაჩნდა. გემრიელი გოგო იყო ბაკო, ძალიან ლამაზი ტანი ჰქონდა. ისე იმშობიარა და აწოვა ძუძუ, არაფერი შეტყობია. ნეტა ჩემს ტვინში ჩამახედა, რას დავეთრევი, რა მინდოდა ამ თაკოსთან? გაახსენდა რა უნდოდა და სიამოვნებისგან დასცხა. ბაკოს ძალიან ესიამოვნა ქმარი რომ ემოციურად პასუხობდა მის ალერსს და უფრო და უფრო ვნებიანი ხდებოდა. ქმარი კი თავისდაუნებურად ადარებდა და აშკარად აგებდა ბაკო თაკოსთან, მაგრამ ცოლი ძალიან, ძალიან უყვარდა, ხელები მოხვია და ჩაიკარგა მის სხეულში.

24.

ტელეფონმა დარეკა, შვილი იყო, – სახლში ხარ მაა? უნდა ამოვიდე რა? არ წახვიდე, დაგილაგებ და სადილს გაგიკეთებ.

– მადლობა მაა, თავს ნუ მოიკლავ თუ არ გცალია – ასეთ მდგომარეობაში, ერთი-ორი დღე არ დაენახებოდა არავის.

– არა მაა, მცალია, მააა… აუუუ, აა, საღამოს სადმე წავიდეთ რაა?

– სად?

– რავი, მოგვენატრე რაა, სადმე გრილად… აი, ქალაქგარეთ…

– კაი მაა – დათბა, გაეღიმა და ლოყა ეტკინა.

დარეკილ ზარებს დახედა, დაერეკა თაკოსთან, დაერეკა მაკოსთან.

– ეუჰ?! რეები ველაპარაკე ნეტა? – შეტყობინებები ნახა, – შეტყობინებებში არაფერი საინტერესო არ იყო, არც გაგზავნილში, არც მიღებულში.

მეგობარი ექიმის ნომერი აკრიფა, უნდოდა ეკითხა, ესეთი რამე ჩავიდინე და რომ არ გამირთულდეს რა ვქნაო, მაგრამ იმავე წამს გათიშა, შერცხვა. ინტერნეტში შეძვრა და მოძებნა ცეცხლსასროლი იარაღით მიღებული ჭრილობის მოვლა, იპოვა, მიყვა ინსტრუქციას. ჩქარობდა, შვილი უნდა მოსულიყო და კვალის გაქრობა უნდა მოესწრო. სპირტით სწრაფად დაიმუშავა ჭრილობა. სიჩქარისგან, რამდენჯერმე ძალიან იტკინა. მოძებნა სამედიცინო პლასტირი და ლოყაზე დაიკრა.

მერე დაქროდა ოთახებში, წმენდდა, რეცხავდა, გვიდა, ყრიდა. სისხლით დასვრილი პერანგი სანაგვეში მოისროლა, ჯინსები ნაჩქარევად გამორეცხა და სარეცხ მანქანაში შეაგდო. შიგნიდან შესიებოდა ლოყა, გარედან არაფერი ეტყობოდა, გარდა სქლად გაკრული სამედიცინო პლასტირისა.

–   რა უნდა თქვას? – მთვრალი ვიყავი და ბაბუას ძველი სამართებლით

გავიპარსე, რამ გამაგიჟა ნეტა…- ან რამე ამგვარი. არ დაიჯერებენ, მაგრამ რაღაც ხომ უნდა თქვას.

ყველაფერი დაალაგა, კიდევ ერთხელ მიათვალიერ-მოათვალიერა სახლი.

– ფუ შენი! – იარაღი ისევ მაგიდაზე იდო, სავარძელზე გახსნილი ყუთი. სასწრაფოდ გაახვია რევოლვერი შალითაში, ჩადო ყუთში და კარადის მტვრიან სახურავზე შეაგდო. მტვრის ბუღი ავარდა. ხელები გაიბერტყა და ჩაიდანი დაადგა.

ჩათვლიმა.

ჩაიდნის სტვენამ და კარზე ზარმა ერთდროულად გამოაფხიზლა.

–   გასაღები ხო გაქ, შემო მაა, – ზარი ისევ დაირეკა, – შემოო – ჩაიდანი

გადადგა ქურიდან და დერეფანში გავიდა, სათვალთვალოში გაიხედა და გაშრა. ოფლმა დაასხა, კარში მაკო იდგა. ხელები აუკანკალდა. “რა მჭირს, ჰე, აბა ეხლა… რატო ვიძაბები… ისევ ხო არ მიყვარს?.. თუ რა არი?” – საკუთარ თავზე გაღიზიანდა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ექნა, ზარი ისევ გაისმა. გააღო.

25.

დილას სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა, პირველი რაც გააკეთა ნატყვიარი მონახა. რომ არ გცოდნოდა, ვერც მიხვდებოდი რა იყო. ბედს უმადლოდა რომ მინაში არ გაიარა, ჯერ ხარჯები და მერე კითხვაზე, “რა მოხდა?”, – პასუხის მოგონება. “მართლა ოცდაცამეტი მშველის მგონი”. მანქანას შემოუარა, საბურავს ფეხი მიარტყა, სახურავიდან დასკინტლული გადაწმინდა და ჩაჯდა. ლოყა სტკიოდა, დილით ბაკომ გამაყუჩებელი დაალევინა, ცოტა გაეპრანჭა, უხამსი ანეკდოტიც მოუყვა. დიდი ხანი კოცნიდა ვნებიანად ტუჩებში. ითმენდა ყბის ტკივილს, სიმწრის ოფლიც კი ასხამდა. უკვე ჩაცმული იყო და გადიოდა, ერთხელ კიდევ გაიგიჟეს თავები.

გაისწორა ტანსაცმელი და წავიდა სამუშაოდ.

ბედნიერების აბსოლუტურ შეგრძნებას მხოლოდ ლოყის ტკივილი არღვევდა.

“არაა, ოჯახზე კაი?!.. გავკარი ყველას და ყველაფერს” – რადიოს აუწია და საჭეზე თითები მუსიკის რიტმში აათამაშა.

კაი დღე იყო, გამოძახება გამოძახებაზე ჰქონდა. დროდადრო ნატყვიარის დანახვა უფუჭებდა ხასიათს, მაგრამ იქვე ფული ახსენდებოდა და სიამოვნების ჟრუანტელი უვლიდა, დილის გახსენებაც ბედნიერებას ანიჭებდა და თაკოსთანაც რომ დაამთავრდა ყველაფერი – ისიც. გულში კი ნანობდა მაგრამ თავისუფლების შეგრძნებას ვერაფერი ვერ შეედრებოდა.

შუადღისას კაფეში შეიარა. ოფიციანტი გოგონა ისევ აღფრთოვანებული შეხვდა და გულწრფელად შეწუხდა ჭრილობის გამო.

26.

მაკო კარში იდგა, – შემომიშვებ? – ჰკითხა ისე, როგორც ბანალურ დრამებშია. პაუზა გააკეთა და ნაბიჯი გადადგა, მანაც ზუსტად ისე გააკეთა, როგორც ბანალურ ფილმებში ხდება ხოლმე – გაიწია, გაატარა და დიდი პაუზის მერე დაკეტა კარი. კინოში ეგონა თავი. ქალმა რომ ჩაუარა, დიდი ხნის დავიწყებული სუნი ეცა და გული აუჩქარდა. ჩაეცინა, ასეთ კინოებზე სულ იცინოდა.

ოთახში შევიდა, ცოლი თუ ყოფილი ცოლი მობრუნდა, ჩანთა მაგიდაზე მიაგდო და მაგიდაზევე ჩამოჯდა.

–   რა დაგემართა – ჰკითხა უბრალოდ, ემოციის გარეშე, ღიმილით, ოდნავ

დამცინავად – ისევ ბაბუაშენის ძველი სამართებლით გაიპარსე? – თავი დაუქნია და გაეღიმა. თავის თავზე გაეღიმა. აღარ იცოდა, ეჩვენებოდა თუ მართლა ძალიან გალამაზებულიყო მარიამ-მაკო, ან დიდი ხანია ქალთან არ იყო ნამყოფი და… თუ მართლა ისევ?

–   ბავშვი მოვა? – ჰკითხა.

–   რა? – ჩაახველა ქალმა, ხმა წაერთვა, ისევ ჩაახველა. სახეზე სიწითლემ

გადაურბინა, – გთხოვა, იქნებ საღამოს სადმე წავიდეთო… მართლა რა დაგემართა?

–   მართლა სამართებლით გავიპარსე… წუხელ მთვრალმა.

–   ბევრს სვამ ამ ბოლო დროს.

–   რაა? არა… რა ვიცი…

– როგორ არა… არ დალიო, არ გიხდება. რეკავდი გუშინ, ვერ გავიგე,

ხმა მქონდა… გაპარსვაში გინდოდა მოგხმარებოდი? – გაიცინა ქალმა.

“ეხლა რა უნდა გავაკეთო?” – მაკოს ხუმრობაზე თავი ჩაღუნა, ქვემოდან ამოხედა, გაღიმება უნდოდა, მაგრამ ლოყა ეტკინა და სახე დაემანჭა.

ქალი მიუახლოვდა, – აბა მაჩვენე… გტკივა? – ისევ თავბრუ დაეხვა მისი სიახლოვისგან და სუნისგან. ეხლა მზად იყო, დაჩოქილიყო, ბოდიში მოეხადა ყველაფრისთვის: თავისი და მისი შეცდომებისთვის, თავისი ფორმულებისთვის და ცინიზმისთვის, მისი სიცივისთვის და უყურადღებობისთვის. “დავიღალე სიმარტოვით” – უნდოდა ეთქვა. ქალის თითებმა ჭრილობასთან, ლოყაზე გადაურბინეს. მოპირდაპირედ კედელზე, ფოტოში, კაცი ქალს კოცნიდა, ქალს სკამის საზურგეზე ხელი გადმოეკიდებინა და მაღლა აწეულ ხელის მტევანში სიგარეტი ბოლავდა. ფოტოს მარჯვენა ქვედა კუთხეში, მაგიდის ნაწილი, ყავის ჭიქის ნაწილი, მაგიდაზე დაყრდნობილი იდაყვის ნაწილი მოჩანდა.

მართლა არ იცოდა რა ექნა, ეხლა რომ არ შერიგებოდა – ვეღარასოდეს შეურიგდებოდა და იქნებოდა ისევ სიმარტოვე, ეხლა რომ შერიგებოდა – კვლავ გაურკვეველი ურთიერთობა? ისევ რომ ვერ დალაგდეს? ისევ რომ… და იქნებ… და რომ? იქნებ იმიტომ მოუნდა უცებ შერიგება, რომ მარტოა და უბრალოდ ადამიანი სჭირდება? და რომ გადაივლის ეს სიმარტოვის შეგრძნება, ისევ რომ აირიოს? ისევ შეაწუხოს სიცივემ… და იქნებ დააოკოს თავისი მოთხოვნები და დამშვიდდეს… მაგრამ იქნებ? არა, ნამდვილად კინოშია – ბანალურ სასიყვარულო, ოღონდ კარგად გადაღებულ ტკბილ დრამაში, ყველა რომ უყურებს და გულიც რომ უჩქროლდებათ, მარტო ქალებს არა, კაცებსაც კი

….და იქნებ გუშინ მართლა მოიკლა თავი და ეხლა ეს საიქიოში ეჩვენება? ან რეანიმაციაშია და იქ ელანდება? კარზე ზარმა დარეკა. გაუხარდა, რომ მოსაფიქრებლად პატარა პაუზის აღება შეეძლო, თორემ გუშინ რომ ემოციებს აყოლოდა, რით დამთავრდებოდა ყველაფერი, კაცმა არ იცის.

27.

– როდის ამთავრებ მუშაობას – ღიმილით ჰკითხა ოფიციანტ გოგონას და ისევ მისი მკერდისკენ გაექცა თვალი – ლიფი არ უკეთია და როგორ დგას, ეე? – გაიფიქრა, გული აუჩქარდა და ფეხებს შორის სიმხურვალე იგრძნო.

ოფიციანტმა გოგონამაც გაუღიმა და მანაც სიმხურვალე იგრძნო ფეხებს შორის.

–   სადღაც რვაზე, სულ ბოლო – ცხრაზე – თქვა გოგონამ და ყელში ბურთი

გაეჩხირა, პირი გაუშრა – ჩემი გმირი… – და ლოყაზე ჭრილობასთან, თითებით გადაურბინა კაცს, კაცს გული კიდევ უფრო აუჩქარდა. “ეს უბრალო, ჩვეულებრივი გოგო მაინც არი…” – დაიცვა ფიქრში თავი.

28.

– ალბათ ბავშვია – თქვა მაკომ. ქალს მოსცილდა და კართან მივიდა. სათვალთვალოში გაიხედა და მუხლები მოეკვეთა, მთელი სხეულით აცახცახდა, ტირილი მოუნდა. გული ისე აუჩქარდა, სუნთქვას ვეღარ ახერხებდა, ოთახისკენ გამოიხედა, მაკოს თვალი მოკრა, – სიგარეტი მოემარჯვებინა და უკიდებდა.

“არაა, ნამდვილად ფილმშია, ამჯერად, ცინიკურ, ცოტა პათოლოგიური ფილმში, ძალიან ცოტანი რომ უყურებენ. ნეტა ვინ დაწერა სცენარი?”- კარს იქით თაკო იდგა, ერთი ხელით თმებს ისწორებდა, მეორე ხელით სიგარეტს უკიდებდა, – ყოველთვის აღელვებდა მისი ეს მანერა.

ეხლა იარაღი რომ სჭეროდა ხელში, ნამდვილად არ გაუჭირდებოდა თითით, იმ ერთი, საბოლოო ლოგიკური მოძრაობის გაკეთება ჩახმახზე.

© არილი

Facebook Comments Box