ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ გიორგი მაისურაძესთან – „შედეგი ჩემგან დამოუკიდებელ არსებობას იწყებს“

არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია გიორგი მაისურაძე:

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

„ავტობიოგრაფიის წერა სიცოცხლეშივე საკუთარი საფლავის მოწყობას ჰგავს…“

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

ერთი მეორეს ხელს არ უშლის.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ

ამაღელვებელი თემების იერარქია არ გამაჩნია.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი

დონ კიხოტი.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

ერთხელ რატომღაც სკოლის ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე ვალტერ სკოტის „აივენგო“. მთელი თვე სახლში მედო, მაგრამ ერთი სტრიქონიც არ წამიკითხავს, ისე დავაბრუნე. ისე არც გოლზუორთი და არც თეკერეი არ წამიკითხავს. საერთოდ არ მაქვს ყველაფრის ცოდნისკენ სწრაფვა. „ომი და მშვიდობა“ წელს წავიკითხე მთლიანად.

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

ჩემი აზრით, ზიზღი ისეთი გრძნობაა, რომლის გამოწვევაც მხოლოდ არაისტორიულ, თანამედროვე „პერსონაჟს“ შეუძლია.

თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი? რატომ?

ლუის ბუნუელის „გამანადგურებელი ანგელოზი“. იმიტომ!

საყვარელი მხატვარი? რატომ?

ასე ერთის გამორჩევა არ შემიძლია, მაგრამ რამდენიმე მხატვრის ნამუშევრის ნახვას ნამდვილი ეიფორია გამოუწვევია. ასე დამემართა ბერნადინო პინტურიქიოს ფრესკებზე სიქსტის კაპელაში. შესვლისთანავე, სანამ ჭერისკენ ავიხედებოდი, თვალი გამექცა კედლის მოხატულობისკენ. მონუსხული ვიდექი და თვალს ვერ ვწყვეტდი. ისე გამოვედი, ჭერისკენ არ ამიხედავს.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ

ჩემი თავისთვის განსაკუთრებით უცნაური თვისებები არ შემიმჩნევია.

ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?

შავი კატა თუ გადამირბენს, სამჯერ გადავაფურთხებ.

სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

კი, სულ იმას ვფიქრობ, რომ ერთხელაც იქნება და მოვკვდები.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება

რამე თუ გამიტაცებს, სრული სერიოზულობით ვიწყებ მის კეთებას, ამიტომ გატაცებად არ რჩება.

ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა და რას შეცვლიდით მასში?

მილანის ედიქტს გავაუქმებდი.

დიონისე თუ აპოლონი?

სილენი

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით

„დონ კიხოტის“, მხოლოდ იმ პირობით, რომ მისი დაწერა წინ მქონდეს.

ადამიანი, ვისიც გშურთ

დონ კიხოტის

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა

ძალიან დიდი ეჭვით ვუყურებ ასეთ აღიარებით ჩვენებებს. „ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა“ – რამხელა პათეტიკაა!

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

არ დავასახელებ.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

„ქეისი“.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

ყველა შორისდებული

დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

საუკეთესო ქართული რომანები მე-20 საუკუნეში მეგულება.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

„სადაც იყო იგი, უნდა გახდეს მე“

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;
მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი
იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,
ნუვინ გარევთ ერთმანეთსა! გესმის ჩემი ნაუბარი?

ვეთანხმები.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

„ვარდს გაეფურჩქნა კოკორი,

გადახვეოდა იასა…“

რამდენ ენაზე კითხულობთ?

ოთხზე.

ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

სვიდრიგაილოვი

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

ანდრეი პლატონოვთან, როზა ლუქსემბურგზე.

თქვენი ყველაზე დიდი შიში

დღემდე ყველაზე ხშირად მესიზმრება, რომ გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი და არაფერი არ ვიცი.

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

როცა ეგეთი ფანტაზიებით ვერთობი, ყველაზე ხშირად ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნის ალექსანდრია წარმომიდგენია, მაგრამ იქაური სიცხეების ატანა დიდად არ მხიბლავს. ამიტომ უფრო 1960-90-იანი წლების დასავლეთ ბერლინისკენ ვიხრები, თუმცა მანდაც აუტანელი ამინდებია. ჰოდა, ვეღარ გადამიწყვეტია, სად და რომელ დროში მინდა ყოფნა.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

„ილიადის“

რომელია საუკეთესო დასასრული?

კაფკას „გოდოლის“ (რატომღაც „გოდოლად“ თარგმნილის).

ენა თუ ამბავი? რატომ?

ენის გარეშე ყველა ამბავი მოსაწყენი და უაზროა.

პროცესი თუ შედეგი?

ნაწარმოები, სანამ პროცესშია, მანამ მაქვს მასთან ორგანული ურთიერთობა, შედეგი ჩემგან დამოუკიდებელ არსებობას იწყებს.

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?

ვინც მუდამ ათ მცნებაზე აპელირებს, თვალთმაქცია.

როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

არ მაქვს საკუთარ თავთან კითხვები, რომლებსაც ჟურნალისტს დავასმევინებდი.

ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ

როდესაც ლუკ სკაივოლკერს დართ ვედერი ეუბნება: „ლუკ, მე მამაშენი ვარ“.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე

საქართველოში გადაშენებული სახეობაა ჰომინიდებისა.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

რომლებსაც აღარასდროს მივბრუნებივარ.

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

ძალიან პირადული შეკითხვაა, საჯაროდ ვერ ვიტყვი.

თქვენს პერსონალურ სამოთხეს როგორ აღწერდით?

ყვარლის რაიონი სოფელი ალმატი, ზურაბ კიკნაძის კარმიდამო.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

„დონ კიხოტს“

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ

რამ შემქმნა ადამიანად, რატომ არ მოველ წვიმადა?

წინა რესპონდენტის, ზურა ჯიშკარიანის შეკითხვა: რა არის ის, რაც ცოცხალს გამყოფებს?

რავი.

რას ჰკითხავდით შემდეგ რესპონდენტს?

ქართული ლიტერატურის სკოლის პროგრამიდან ყველაზე ხშირად რომელი საზეპირო გახსენდებათ?

© არილი

Facebook Comments Box