პოლემიკა

სარა ჰარტი – შეუძლებელია, იყო მათემატიკოსი, თუკი შინაგანად პოეტი არა ხარ

„მე ისმაილს მეძახიან“ – ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასაწყისია ლიტერატურაში და მრცხვენია აღიარება, რომ – ბოლო პერიოდამდე – ჩემზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია.

„მობი დიკი“ ჩემთვის იყო ერთ-ერთი იმ წიგნებიდან, რომლებიც დიდი ხნის წინ უნდა წამეკითხა და ვერ მოვახერხე. გარდა ამისა, მე მათემატიკოსი ვარ და, მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურა მაინტერესებს, ჩემი ინტელექტუალური პრიორიტეტები ვეშაპებზე დაწერილი 400 გვერდიანი რომანების წაკითხვას არ მოიცავს – ყოველ შემთხვევაში, ასე ვფიქრობდი.

მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როცა ერთ დღეს ჩემმა მათემატიკოსმა მეგობარმა ახსენა, რომ „მობი დიკი“ ციკლოიდთან კავშირებს შეიცავს.

ამის შემდეგ დაინტრიგებულმა წავიკითხე „მობი დიკი“ და აღმაფრთოვანა იმის აღმოჩენამ, რომ უხვად შეიცავს მათემატიკურ მეტაფორებს. მერ ისიც გავაცნობიერე, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ჰერმან მელვილს. ლევ ტოლსტოი კალკულუსის შესახებ წერს, ჯოისი – გეომეტრიის. მაიკლ კრაიტონის „იურულ პარკს“ ფრაქტალური სტრუქტურები უდევს საფუძვლად, ალგებრის პრინციპები კი პოეზიის სხვადასხვა ფორმას წარმართავს. ჩვენ, მათემატიკოსები, ისეთი განსხვავებული ავტორების ნაწარმოებებშიც კი ვჩნდებით, როგორებიც ართურ კონან დოილი და ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი არიან.

სპეციფიკური ჟანრებისა და ავტორების მათემატიკურ ასპექტებზე აკადემიური კვლევები არსებობს, მაგრამ ლიტერატურისა და მათემატიკის უფრო ყოვლისმომცველ კავშირს ჯერ კიდევ არ ეთმობა სათანადო ყურადღება.

რეალურად, ისინი ხშირად უპირისპირდებიან კიდეც ერთმანეთს. ბრიტანული განათლების სისტემა ბოლო ათწლეულებია სტუდენტებისგან მოითხოვს, რომ ერთ-ერთი აირჩიონ – ან მათემატიკა, ან ჰუმანიტარული მეცნიერებები. მახსოვს ჩემი ბოლო წელი სკოლაში, 1991 წელს, ინგლისურის გაკვეთილზე. მასწავლებელმა მომცა ხელნაწერი წერილი, რომელშიც ეწერა იმ წიგნების გრძელი სია, რომლებიც, მისი აზრით, მომეწონებოდა და მითხრა – ვწუხვარ, რომ ლაბორატორიის გამო გკარგავო.

მეც ვწუხდი, რომ დაკარგულად ჩამთვალეს. არ დავკარგულვარ. ენა მიყვარს. მიყვარს, როგორ ერთიანდებიან სიტყვები. მიყვარს გზა, რომლითაც ფიქცია – მათემატიკის მსგავსად – ქმნის, თამაშობს და ამოწმებს წარმოსახვითი სამყაროების საზღვრებს. ოქსფორდში მათემატიკის სასწავლებლად წავედი, ბედნიერი იმით, რომ ერთი ქუჩის დაშორებით ვცხოვრობდი იმ პაბიდან, რომელშიც ყოველკვირა ხვდებოდნენ ერთმანეთს ჩემი ბავშვობის ლიტერატურული გმირები – ტოლკინი და კლაივ ლუისი.

ის, რომ მათემატიკისა და ლიტერატურას შორის ერთ-ერთი უნდა აირჩიო, ვფიქრობ, ტრაგედიაა – არა მარტო იმიტომ, რომ ეს ორი სფერო განუყოფლად, ფუნდამენტურად დაკავშირებულია, არამედ იმიტომაც, რომ ამ კავშირების გაგება ზრდის ორივე მათგანით მიღებულ სიამოვნებას.

პლატონის „სახელმწიფო“ გვთავაზობს იდეალურ სასწავლო გეგმას, რომელიც შუა საუკუნეების ავტორებმა დაჰყვეს ტრივიუმად (გრამატიკა, რიტორიკა, ლოგიკა) და კვადრივიუმად (არითმეტიკა, მუსიკა, გეომეტრია, ასტრონომია). ერთად ისინი შეადგენენ აუცილებლად შესასწავლ თავისუფალ მეცნიერებებს. გარდა ამისა, მათემატიკური ცნობები ლიტერატურულ ტექსტებში ჩანს სულ მცირე არისტოფანეს პერიოდიდან მაინც – („ჩიტები“).

მე-11 საუკუნის სპარსელი პოეტი, ომარ ხაიამი, რომელიც ცნობილია, როგორც რობაიების ავტორი (თუმცა მკვლევრების ნაწილს სჯერა, რომ ისინი რამდენიმე ავტორს ეკუთვნის) მათემატიკოსიც გახლდათ და შექმნა იმ მათემატიკური პრობლემების მშვენიერი გეომეტრიული ამოხსნები, რომელთა სრული ალგებრული ამოხსნები შემდეგი 400 წლის განმავლობაში ვერ იპოვეს. ასეთივე მაგალითია ლუის კეროლი, პირველ ყოვლისა, მათემატიკოსი და შემდეგ – მწერალი.

არის უფრო საფუძვლიანი მიზეზიც, რატომ ვპოულობთ ლიტერატურის გულში მათემატიკას. სამყარო სავსეა ფუნდამენტური სტრუქტურებით, ნიმუშებითა და რეგულარობებით. მათემატიკა კი ამ ყველაფრის გასაგებად საუკეთესო საშუალებაა – ამიტომაც ეძახიან მას სამყაროს ენას, ამიტომაა ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მეცნიერებისთვის. რადგან ჩვენც სამყაროს ნაწილები ვართ, ბუნებრივია, რომ ჩვენი შემოქმედებითი გამოხატვის ფორმები, მათ შორის ლიტერატურა, ამ ნიმუშებისა და სტრუქტურების მანიფესტაციაა.

კარგი მათემატიკა, როგორც კარგად წერა, მოიცავს სტრუქტურის, რიტმისა და ნიმუშების თანდაყოლილ შეგრძნებას. გრძნობა, რომელიც დიდებული რომანის ან უნაკლო სონეტის კითხვისას გვეუფლება, ჰგავს იმ მათემატიკოსის გამოცდილებას, რომელიც კითხულობს მშვენიერ მათემატიკურ დამტკიცებას.

მათემატიკოსი გოდფრი ჰაროლდ ჰარდი წერდა: „მათემატიკოსი, როგორც მხატვარი ან პოეტი, ნიმუშების შემქმნელია. მათემატიკური ნიმუშები, როგორც მხატვრის ან პოეტის ნაწარმოებები, ლამაზი უნდა იყოს. იდეები ისე ჰარმონიულად უნდა მოერგოს ერთმანეთს, როგორც ფერები და სიტყვები. პირველი გამოცდა სილამაზეა – სამყაროში მახინჯი მათემატიკისთვის ადგილი არ არის.“

როგორც მათემატიკოსისთვის, ჩემთვის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნება ამ კავშირების გამოაშკარავება და კვლევაა.

ეს სტრუქტურები, ერთმანეთთან მათი მორგება, ალბათ, ყველაზე ხილვადი პოეზიაშია, თუმცა ნებისმიერ ტექსტს აქვს სტრუქტურა. ასოები ქმნის სიტყვებს, სიტყვები – წინადადებებს, წინადადებები – აბზაცებს. ხაზები, შეზღუდვები თუ წესები შეიძლება ნებისმიერ საფეხურზე დაწესდეს: შენ იმას კი არ ირჩევ, საერთოდ სტრუქტურა გქონდეს თუ არა, არამედ იმას – კონკრეტულად რომელ სტრუქტურას გამოიყენებ.

ფრანგმა ავტორმა ჟორჟ პერეკმა დაწერა რომანი (La Disparition), რომელშიც არც ერთხელ არ გამოიყენა ასო E. ელეონორა კეტონის რომანში კი, რომელმაც ბუკერის პრემია მიიღო, თავები განსაკუთრებული პრინციპით არის დაწერილი – ყოველი მათგანის სიგრძე წინამორბედის სიგრძის ნახევარია. ორივე შემთხვევაში, მათემატიკური შეზღუდვები ირეკლება რომანების თემატიკაში. შეზღუდვები, რომლებსაც ვირჩევთ, შთაგვაგონებს, რომ ვნახოთ, რა არის შესაძლებელი – სწორედ ისე, როგორც მათემატიკაში.

 […]

როგორც მათემატიკოსები იყენებენ ლიტერატურულ მეტაფორებს, ასევე ლიტერატურაშიც მრავლადაა იდეები, რომელთა აღმოჩენა და კვლევა მათემატიკური ხედვის ადამიანს შეუძლია. ეს ლიტერატურული ტექსტის შეფასებას ახალ განზომილებას მატებს.

დიდი ლიტერატურა და მათემატიკა – ორივე აკმაყოფილებს ჩვენს ღრმა მისწრაფებას სილამაზისკენ, სიმართლისკენ, გაგებისკენ. რუსი მათემატიკოსი სოფია კოვალევსკაია წერდა: „შეუძლებელია, იყო მათემატიკოსი, თუკი შინაგანად პოეტი არა ხარ. პოეტმა უნდა დაინახოს ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ, უნდა დაინახოს უფრო ღრმად… იგივე უნდა გააკეთოს მათემატიკოსმაც.“

აქედან გამომდინარე, მათემატიკისა და ლიტერატურის ერთი ლტოლვის – სამყაროსა და მასში ჩვენი ადგილის გაგების – ნაწილად დანახვით, ჩვენი საყვარელი ტექსტების კითხვით განცდილ სიამოვნებას სრულიად ახალ შრეებს დავუმატებთ და გავამდიდრებთ ჩვენს გამოცდილებას.

© არილი

Facebook Comments Box