ინტერვიუ

ნორმან მეილერი – პრუსტის კითხვარი

იდეალური ბედნიერება როგორი წარმოგიდგენიათ?

მომავალი 35 პასუხი შემოგვთავაზებს თავის ვერსიებს. მხოლოდ სულელი დახაზავს მაგიური ქალაქის რუკას.

ყველაზე მეტად რისი გეშინიათ?

რომ ვერასოდეს შევხვდები მიჩიკო კაკუტანის და ვერ შევძლებ, ვუთხრა, რას ვფიქრობ მის შესახებ. შეუფერებლად ჩქარობს ნებისმიერ ჩემს გამოქვეყნებულ წიგნზე ძალიან ცუდი რეცენზიის დაწერას. თან ამას წიგნის დაბეჭდვამდე აკეთებს. ეს სტრატეგიაა, რადგან თუ წიგნის შესახებ დაწერილი პირველი რეცენზია საშინელია, ავტორს სულ მცირე სამი კარგი რეცენზია მაინც სჭირდება, რომ პირველი შთაბეჭდილება შეცვალოს.

ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?

ჰემინგუეისთან. მისი თვითმკვლელობა ჩემი პროფესიის უხილავ საფრთხეებს გამოხატავს.

რომელ ცოცხალ ადამიანს აღმერთებთ?
მუჰამედ ალის.

რომელი თვისება გაღიზიანებთ თქვენს თავში ყველაზე მეტად?

გამოფიტვა – დროდადრო მემართება ხოლმე. სხვებშიც მაღიზიანებს. მოსამართლე არასოდეს მიუტევებს დამნაშავეს იმ დანაშაულს, რომლის ჩადენა თავადაც შეეძლო.

სხვებში რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?

ბანალურობა. ამ კუთხით, ის ახლოსაა გამოფიტვასთან.

რა შემთხვევაში იტყუებით?

ძირითადად მაშინ, როცა Texas Hold ‘Em-ს ვთამაშობ.

თქვენს გარეგნობაში ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ?

მაპატიეთ, გვერდს ავუვლი ამ გრძელ სიას.

რომელი ცოცხალი ადამიანი გეზიზღებათ ყველაზე მეტად?

ადრე რონალდ რეიგანი იყო. ყველაზე უვიცი პრეზიდენტი, ვინც კი გვყოლია. ახლა ჯორჯ ბუშმა დაიკავა მისი ადგილი.

რომელ სიტყვებს ან ფრაზებს იყენებთ მეტისმეტად ხშირად?

იოლი არაა რთული წინადადების ისე კონსტრუირება, რომ არ გამოიყენო სიტყვა „ეს“.

თქვენი სინანულის ყველაზე დიდი საგანი?

იმ წიგნის ხსოვნა, რომლებიც უნდა დამეწერა და არ დავწერე.

რა ან ვინ არის თქვენი ცხოვრების უდიდესი სიყვარული?

ნორის მეილერი, ჩემი ცოლი ბოლო 30 წელია.

თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა როგორია?

კეთილგანწყობილი – ასე გასაოცრად. ეს სიბერის მცირე შეღავათთაგანია.

თქვენს ოჯახში ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?

ისინი იდეალურები არიან.

რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?

ის უნდა იყოს, რისი აღმოჩენაც ჩემს ბოლო რომანშია შესაძლებელი.

სიკვდილის შემდეგ ადამიანად ან საგნად თუ დაბრუნდებით უკან, როგორ ფიქრობთ, რა იქნება ეს?

რა იდიოტიზმია! ღმერთს, თუკი ის ყურადღებას გვაქცევს, უფრო ჭკვიანური დასჯისა და დაჯილდოების გზები ექნება მოფიქრებული ჩვენი ახალი არსებობის დასაწყებად.

და არჩევა რომ შეგეძლოთ, რას აირჩევდით?

მენდომებოდა, ვყოფილიყავი რომანისტი, რომელიც წინაზე უფრო ნიჭიერი იქნებოდა.

რა არის თქვენი ყველაზე ძვირფასი საკუთრება?

საკმარისად ცრუმორწმუნე ვარ იმისათვის, რომ დავასახელო.

რა მიგაჩნიათ უბედურების უკიდურეს ფსკერად?

დღეების გაფლანგვა.

სად იცხოვრებდით?

სადაც ვცხოვრობდი – წლების წინ ბრუკლინში, ახლა კი – პრავინსთაუნში. მენის შტატში ჩასვლამდე, უფრო ლამაზი ქალაქი არ არსებობს აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე.

რა არის თქვენი საყვარელი საქმიანობა?

ყოველთვის წერას ვუბრუნდები. ვეწინააღმდეგები ცდუნებას, ვთქვა, რომ კარგი სექსიც ჩემი საყვარელი საქმიანობაა. მეტისმეტად ბებერი ვარ ასეთი საუბრისთვის.

რა არის თქვენი ყველაზე ნიშანდობლივი მახასიათებელი?

ვფიქრობ, ის, რომ შემიძლია, გავრისკო. აუცილებელი ღირსება გახდა. ჩვენ, ამერიკელები, ისეთი მოუხერხებლები, სულელები, დამნაშავეები და  მომწამვლელად პატრიოტულები გავხდით, რომ ჩვენი მშვენიერი ქვეყნის დანგრევის საფრთხის წინაშე ვართ.

რა თვისება მოგწონთ კაცებში ყველაზე მეტად?

შენ გვერდით დგომა, როცა დაგჭირდება.

ქალებში რა თვისება მოგწონთ ყველაზე მეტად?

სილამაზე, მისტიკურობა, გონიერება, შინაგანი უპირატესობა, დადგნენ პოლიტკორექტულობაზე მაღლა.

რას აფასებთ მეგობრებში ყველაზე მეტად?

ერთგულებას, ჭკუას და გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, კონსტრუქციული კრიტიკის ძალას.

თქვენი საყვარელი მწერლები ვინ არიან?

მხოლოდ მკვდრებს დავასახელებ. არცერთი ცოცხალი ავტორი არასოდეს გაპატიებს, თუ არ ახსენებ. ასე რომ, ტოლსტოი, დოსტოევსკი, ჩეხოვი, სტენდალი, მელვილი, ჰემინგუეი, ფოლკნერი, ჯონ დოს პასოსი, პრუსტი, ზოლა, მანი, გოეთე და, რა თქმა უნდა, შექსპირი.

თქვენი საყვარელი ლიტერატურული გმირი?

არ ვთქვათ გმირი, მაგრამ პროტაგონისტი, რომლისგანაც ყველაზე მეტი ვისწავლე – ანა კარენინა.

ვინ არიან რეალურ ცხოვრებაში თქვენი გმირები?

ცოტანი არიან. ფრანკლინ დელანო რუზველტი, ჯონ ფიცჯერალდ კენედი. ასევე, დე გოლი და კასტრო; დიახ, ვიღაცები მათ ნაკლს ხედავენ, მაგრამ თავის დროზე ორივენი გმირები იყვნენ. შესაძლოა, გმირობას მეტი ღირებულება ჰქონდეს ცივილიზაციისთვის, ვიდრე პოლიტიკურ მიღწევებს.

თქვენი საყვარელი სახელები?

ცხრა შვილი მყავს. მათ სახელებს ჩამოვთვლი.

ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ?

პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული გადაჭარბებული ღვთისმოსაობა. ჰიტლერი და ჰიმლერი მახსენდებიან. ასევე რამდენიმე ამერიკელი მაღალჩინოსანი.

როგორ ისურვებდით სიკვდილს?

შეუსაბამო შიშის გარეშე – ვგულისხმობ იმას, რომ მოვკვდე იმ რწმენით, რომელიც ახლა მაქვს: სიკვდილის შემდეგ სხვა სამყაროში შევდივარ და (კლიშეთაგან საუკეთესო) სიკვდილი დიდი თავგადასავალია.

რა არის თქვენი დევიზი?

აშკარა უნდა იყოს. „Excelsior!“

© არილი

Facebook Comments Box