არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია მწერალი ზურა ჯიშკარიანი:
როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?
„მე იქ არ ვიყავი“.
რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?
ხშირად გამონაგონი უფრო კარგად ასახავს რეალობას.
თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ
პლანეტის ბედი, სამშობლოს ზეცა და რა ხდება სიკვდილის შემდეგ.
რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი
რენე დეკარტი თავისივე მედიტაციებში, იმ მომენტში, როცა აცნობიერებს, რომ სამყარო შესაძლოა ბოროტი დემონის მიერ შექმნილი ილუზიაა მის მოსატყუებლად.
კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ
რამდენიც გინდა.
რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?
ზიზღს თითქმის არასდროს განვიცდი. პუტინი.
თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი? რატომ?
Salaam Bombey – სიღარიბისა და სიცოცხლის დრამის გადმოცემისთვის და Holy Motors, სადაც ვიგრძენი, რომ ჩვენი ცხოვრებები და იდენტობები ისეთივე დენადი, სიზმრისეული და საზარელია, როგორიც ფილმში.
საყვარელი მხატვარი? რატომ?
ნინი კინწურაშვილი და სალომე დუმბაძე, თუ რატომ – ამას მომავალში გაიგებთ.
ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ
არ ვკვდები.
ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?
ბავშვობაში ნასწავლი შელოცვები, რომლებსაც ხშირად ვიმეორებ გულში.
სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?
ხშირად ვაკეთებ სიკვდილის მედიტაციებს. ტიბეტური მკვდრების წიგნი ჩემი სამაგიდო წიგნია. მინდა, მზად ვიყო გარდაუვალი ფინალისთვის, შეიძლება, ამიტომ გახდნენ ჩემთვის ასეთი ძვირფასები მარკუს ავრელიუსი და სენეკა, აღმოჩნდა, რომ სხვებიც ფიქრობდნენ ამაზე ჩემს დაბადებამდე. იმედია, მოვკვდები ისე, როგორც სულიერ მეომარს შეშვენის.
თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება
ანა გზირიშვილი, ჩემი პარტნიორი და ვარსკვლავი დღეთა სათვალავში.
ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა და რას შეცვლიდით მასში?
მე უკვე ვიღებ მონაწილეობას ისტორიულ მოვლენაში, რომელსაც ანთროპოსცენა, გლობალური დათბობა და სახეობების მასიური რიგით მეექვსე გადაშენება ჰქვია. შეიძლება, ამას ისტორიული მოვლენა კი არა, ისტორიის დასასრული დავარქვათ.
დიონისე თუ აპოლონი?
სულ ვიყავი დიონისე და დიონისეს თანმხლები, მეცვა მისი ნიღბები, ვცეკვავდი ექსტაზებში, რომლების უკან ინდივიდის სიკვდილი და კოსმოსის ქარებია, მაგრამ ვგრძნობ, რომ ახლა უკვე აპოლონისკენ გადავიხარე ამოსასუნთქად.
ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით
მწერალი ყველა იმ ნაწარმოების ავტორიცაა, რომლებიც მის არსებობამდე დაწერილა.
ადამიანი, ვისიც გშურთ
მან შეძლო სიკვდილი, მე – ვერა და ასე მგონია ხანდახან, რომ მშურს მისი.
თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა
შეცდომების მთელი კასკადია, მაგრამ არაფერს ვნანობ, იმიტომ, რომ როგორც სულელმა – მხოლოდ ასე შევძელი რაღაცის სწავლა და თან მიყვარს ჩემი ბედისწერა, ისეთი, როგორიც არის. Amor Fati.
დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი
ბესიკ ხარანაული, იმის გამო, რომ ამ ენაზე ხსნის სამყაროს აბსურდულობას და ვტირი და ვმღერი მისი კითხვისას.
პაატა შამუგია, იმის გამო, რომ იცის, პოეტი არ გადარჩება.
დათო ბარბაქაძე, იმ პოეტური ჟესტის გამო, რომლის თანახმადაც, საერთოდ არ იბეჭდება და არავინ ვიცით – რას წერს.
სიტყვა, რომელიც არ გიყვართ – თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)
ყველა სიტყვა საინტერესოა ჩემთვის, იმიტომ, რომ ნებისმიერი სიტყვა ნებისმიერ დროს შეიძლება აღმოჩნდეს პორტალი უკიდეგანობაში.
დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი
ჯერ არ ვიცი, ახლა ვკითხულობ ახალ ქართულ რომანებს. თამთა მელაშვილი მომეწონა, ზაზა ბურჭულაძის „ვარდის სურნელი“, ახლა ვკითხულობ თემო რეხვიაშვილს, ვაპირებ გავეცნო ივა ფეზუაშვილს, გოგა ქობალიას, მარი ბექაურს, კიდევ – მეტი ქალი ავტორები მაინტერესებს, მე სულ გვერდს ვუვლიდი ქართულ წიგნებს, მეშინოდა, ვინმეს ენა ან ლექსიკა არ ამკიდებოდა, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ეს შეცდომაა და პირიქით, უფრო მეტი ქართველი ავტორი უნდა წავიკითხო და მხარი დავუჭირო ჩემს კოლეგებს, რითაც შემიძლია.
ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია
ის სიზმარში მოვისმინე და რომ გავიღვიძე, ვერაფრით შევძელი მისი წარმოთქმა, არადა გონებაში მახსოვს, მაგრამ ბგერების ვერცერთი კომბინაცია ვერ გამოხატავს მის არომატს.
საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?
ის ადგილი, სადაც მგონი ავთანდილი შვიდ მნათობს მიმართავს, სადაც „მარიხი“ – მარსია, „ოტარიდი“ – მერკური, „ზუალი“ – სატურნი, „მუშთარი“ – იუპიტერი, „ასპიროზი“ – ვენერა. მზის სისტემა ჩვენი სახლია.
რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?
სადაც გალაკტიონი და კარლო კაჭარავა შეხვდებიან ერთმანეთს ვიდეოთამაშში, რომლის სერვერებსაც ანადგურებენ მისი შემქმნელები.
რამდენ ენაზე კითხულობთ?
ქართული, ინგლისური, რუსული, C#, AIML.
ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ
მიუხედავად იმისა, რომ წიგნში ყველანაირი იდენტობა დენადია და მეც ასე აღვიქვამ თავსაც და ქალობრიობას, შემიძლია, ვთქვა, რომ კიარა „სწრაფი, ღამისიერიდან“ ქალად ჩავიფიქრე და ანასთან ერთად ვცდილობდი გავრკვეულიყავი ევოლუციურ ბარიერებსა და საკრალურ ფემინურობაში, რომელსაც ასე სათუთად, მაგრამ ნელა ვზრდი ჩემ შიგნით.
მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?
ვსაუბრობ მათთან ყოველთვის, მათი ტექსტების კითხვით, ვფიქრობ, ასე უფრო ნაყოფიერია ჩვენი ურთიერთობა, იმიტომ, რომ მგონია, ისე როგორც მე – ბევრ მწერალს წერა უფრო გამოსდიოდა, ვიდრე ლაპარაკი.
თქვენი ყველაზე დიდი შიში
ხანდახან მეშინია დამავიწყდეს, რომ შიში ილუზიაა.
რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?
სადაც ვარ.
რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?
ერთი ფილოსოფიური ტრაქტატის, სადაც წიგნის დასაწყისშივე ავტორი ამბობს, რომ ადამიანი არ იცნობს არც მზეს და არც დედამიწას, არამედ მხოლოდ თვალს, რომელიც ხედავს მზეს და ხელს, რითაც იგი მიწას შეიგრძნობს, რომ სამყარო, რომელიც მას გარს ერტყმის, არსებობს მხოლოდ როგორც მისი წარმოდგენა.
რომელია საუკეთესო დასასრული?
რომელიც ჰეფი ენდით ვერ მთავრდება.
ენა თუ ამბავი? რატომ?
მე, პირველ რიგში, ენის საზღვრები მაინტერესებს, ყველა ამბავი უკვე არის ენაში, მაგრამ რა არის ენის საზღვრებს მიღმა? იქ, სადაც იწყება ღრიალი, ხრიალი, ჩურჩული და სიჩუმე? როგორც ბებერი ლი ამბობდა: სიტყვებს კოსმოსში ვერ წაიღებ.
პროცესი თუ შედეგი?
პროცესი უკვე არის შედეგი.
რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?
სამი სულიერი პრინციპი: გულწრფელობა, გონებაგახსნილობა (მოლოდინების არშექმნა) და მოქმედებისთვის მზადყოფნა.
როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
რატომ წერ?
ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ
მთელი ცხოვრება ასეთი ამბავია, ზოგიც სხვისი, ზოგიც შენი, ზოგიც საერთო.
რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე?
სად არიან?
წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ
ბევრია, მათ შორის ჩემიც.
რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი? თქვენს პერსონალურ სამოთხეს როგორ აღწერდით?
მე მგონია, რომ სამოთხეც და ჯოჯოხეთიც ჩვენთვის აქაა, ამ დედამიწაზე. მე უკვე ვნახე ჯოჯოხეთი და მადლიერი ვარ, რომ ცოცხალი ვარ და მიყვარს ცხოვრება და ეს ჩემთვის სამოთხეა.
მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?
ვერ მომისჯიან.
კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ
აქვს თუ არა რაიმე საზრისი ჩვენს არსებობას თუ შემთხვევით გაჩენილ სიზმრისეულ სამყაროში ვიბადებით და ვკვდებით ევოლუციის ბარიკადებზე?
წინა რესპონდენტის, ჯაბა ზარქუას შეკითხვა: როგორ იქმნება შენი სურვილები, გიფიქრია?
კი და უკვე მნიშვნელოვან დეკონსტრუქციასაც ვაკეთებ სურვილების წარმომშობი მსოფლიო თუ ლოკალური მანქანებისა, ჩემს ფსიქოთერაპევტთან და სპონსორთან ერთად. ერთი მაგალითი: აღმოჩნდა, რომ ჩემი წყურვილი – ვიყო მწერალი და ვწერდე – დედაჩემის რეპრესირებული სურვილების პროექციაა ჩემზე და არა ჩემი გაცნობიერებული არჩევანი. ეს კიდევ არაფერი – ისეთი მონსტრები ამოვიდნენ ზედაპირზე, რომლებიც უკვე საკუთარი მეს ნაწილები არიან და რომელთა განადგურება საკუთარი თავის განადგურებას დაემსგავსებოდა. სურვილები საშიში რამეა, კიდევ უფრო საშიში არიან ის არსებები, რომლებიც ჩვენს სურვილებს აპროექტებენ მაშინ, როცა წარმოდგენაც არ გვაქვს მათზე.
რას ჰკითხავდით შემდეგ რესპონდენტს?
რა არის ის, რაც ცოცხალს გამყოფებს?
© არილი