ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ რატი ამაღლობელთან: მთავარია არა რა, არამედ როგორ

არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია რატი ამაღლობელი, პოეტი:

 

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

დავიბადე 1977 წლის…

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

ამათზე მნიშვნელოვანია შენი მიმართება, პოზიცია.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ.

თემას არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია არა რა, არამედ როგორ.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?

პირველი თომას მელორის ართურის ციკლიდან რაინდი სერ ლანსელოტი იყო, მერე აღაზა შემიყვარდა, მერე ჰაინრიხ ფაუსტი და გრეთჰენი, რაღაც დროს გენდალფთან მინდოდა მეგობრობა, რაღაც დროს ავთანდილობა.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ.

არაფერი წამიკითხავს მოპასანის, ძალიან ცუდად ვიცნობ ონორე დე ბალზაკის შემოქმედებას.

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

სტალინი და ჰიტლერი.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

ალბრეხტ დიურერი, რომ დავიწყო მოყოლა რატომ, ბლიც ინტერვიუ ჩაიშლება. კარგი ბიჭია, ერთდროულად ჭკვიანი, ნიჭიერი და ღირსეული.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ.

შემიძლია გავქრე, აი ასე უცებ, ჰოპ…

ცრურწმენები და აკვიატებები თუ გაქვთ?

ცუდი სიზმრები მთრგუნავს და მაშფოთბს.

როგორ სიკვდილს ისურვებდით?

ასაკში, მთაში.

ცნობილი, აღიარებული მწერალი, რომელიც ძალიან არ გიყვართ? რატომ?

არსიყვარულზე არ ვხარჯავ დროს, შეიძლება ვინმე ნაკლებად მეხეობოდეს, მაგალითად რომენ როლანი, ამას წინ ჰესე საერთოდ აღარ შემეხო, სტუდენტობისას დიდი სიყვარულით მიყვარდა.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება.

სკი ალპინიზმი.

ბოლოს რა წაიკითხეთ?

2  დღის წინ ლექცია მქონდა მერი შეილის „ფრანკენშტაინზე“, შესაბამისად „ფრანკენშტაინი, ანუ თანამედროვე პრომეთე“გადავიკითხე , ამ წუთას ვკითხულობ კოკა ქამუშაძის „ბალანდას“.

დიონისე თუ აპოლონი?

რიგირიგობით, ხან ერთი ხან მეორე, ოღონდ

„დოსტოევსკი (დიონისე) ზომიერად“.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით.

„გილგამეშიანი“.

ადამიანი, ვისიც გშურთ.

ვირტუოზი მუსიკოსების.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა.

საკუთარი შეცდომების ჯამი ვარ ასე რომ განსაკუთრებულად რომელიმეს არ გამოვყოფდი.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი.

არ დავასახელბ, მერე დანარჩენი საქართველო უნდა გადავიკიდო.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ.

რუდუნებით, მეყსეულად და ქვეშეცნეულად.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

ლაპის ლაზული, ქანდაკება, მშვენიერება.

დაასახელეთ 3 საუკეთესო ქართული რომანი.

თეთრი საყელო, მთვარის მოტაცება, გადაფრენა მადათოვზე და უკან.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

„კეისარს კეისრისა, ღმერთს ღმრთისა“

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

„სრა-სასახლე აღარ ეყოთ, ცამცა გაიდარბაზესა“ სივრცის და მასშტაბის ამგვარი განვრცობა, გაფართოვება არსად მინახავს, მათ შორის არც რეალურ სამყაროში.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

ვაჟას „კაი ყმის“ ფინალი, გალაკტიონის „ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი“.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

სამზე

ქალი / კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ.

ყაზგების მზაღო.

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

რუსთველთან მაქვს კითხვები.

წიგნი, რომელიც რამდენჯერმე გაქვთ წაკითხული.

ძირითადად ლექციების მომზადებისას მიწევს წიგნებთან მიბრუნება, ამას წინ გოგოლის ‘შინელსა“ და „ცხვირს“ მივუბრუნდი, არ იყო ცუდი. შიგადაშიგ დიდ სიხარულსაც ვგრძნობდი, რთულია ამ სიამოვნების რაციონალიზაცია, რაც კითხვისას გეუფლება,  კმაოფილს და გაღიმებულს ამ დროს გარედან ვინმემ თუ წაგასწრო და ამ სხით დაგინახა, შიძლება ნორმალურიც არ ეგონო.

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

ახლა, მაგალითად ვფიქრობ, 60-იანი წლების პარიზი არ იქნებოდა ურიგო, „ახალი ტალღის“ ტიპებთან ურთიერთობა, იდევ უფრო ადრე, მე-19 საუკუნის 10-იანი წლები, მაგალითად აქეთ შელი, ქითსი, ბაირონი, იქით ტბის სკოლა და ასაკოვანი უოდსვორთი. სადმე უილიამ ბლეიკსაც წააწყდებოდა კაცი.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

„ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს გავს, ყოველი უბედური ოჯახი თავისებურადაა უბედური“.

რომელია საუკეთესო დასარული?

„მე ჩემი ვქენი კარდინალო, ჯერი თქვენზეა.“  შილერის „დონ კარლოსი“.

ენა თუ ამბავი? რატომ?

ამბავი ქმნის ენას. თუმცა ენას ყოველთვის თავისი ამბავი აქვს.

პროცესი თუ შედეგი?

მწვერვალზე რომ ვერტმფრენით დაგვსვან, შედეგად მწვერვალზე ვიდგებით, თუმცა ეს უფრო ნუვორიშული ტურიზმი იქნება, ვიდრე ალპინიზმი და თვგადასავალი, ამიტომ ჩემთვის შედეგი სრულად გავლილი პროცესის ფინალური ფაზაა და არა ცალკე აკვიატება.

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება.

10 მცნება 10 არაა, 10 აკრძალვაა,  10 უარყოფა, მე უფრო დაშვების, თანხმობის, მიღების, ერთგვარი „ჰოყოფის“ სირთულეები მეძახის.

რომელი წიგნი არ წაიკითხეთ ბოლომდე?

ძალიან ბევრი, მაგალითად უელბეკის ერთერთი ბოლო რომანი.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე?

გადასარევი ხალხია, მეტწილად.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ.

ჯერჯერობით წაკითხული წიგნების სტრუქტურა და ფაბულა მახსოვს, აი გმირების სახელბი კი ამ ბოლო დროს უმაწყალოდ მავიწყდება.

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

ალბათ ჯოჯოხეთია, თან არამარტო პერსონალური, როცა ცუდად წერ, ამას ვერ ხვდები და არც არავინ გეუბნება, ასეთი ხალხი განსაკუთრებული ბრძოლის უნარიანობით გამოირჩევა, მებრძოლი ხალხია და მათი ჯოჯოხეთიც იბრძვის.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

სახარებას, მოციქულთა საქმეებით და იონაეს გამოცხადებით გიორგი მთაწმინდისეული რედაქციით.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ.

არ მაქვს მკაფიო პასუხი ამ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით და მინდა რომ ვიცოდე…

 

© არილი

Facebook Comments Box