რეცენზია (თარგმანი)

„კირკე“ – შემზარავი ქალიდან თანამედროვეობის ღვთაებამდე

 

ზუსტი არქეოლოგიური საბუთი არ მოგვეპოვება, მაგრამ პირველი „pussy hat“ (ტრამპის მიზოგინურ განცხადებებზე საპასუხო დემონსტრაციის სიმბოლო), ალბათ, კირკემ მოქსოვა. შემზარავ ქალებს შორის აიაელ გრძნეულს მითოსურ სამყაროში საპატიო ადგილი ყოველთვის ეკავა, თუმცა მადელინ მილერის ახალმა რომანმა  პერსონაჟი თანამედროვე ქალის სიმბოლოდ აქცია.

უმეტესობა ჩვენგანი „ოდისეას“ დიდი ხნის წინ – ძვ.წ. მე-7 საუკუნეში ან უნივერსიტეტის პირველ კურსზე გაეცნო – თუმცა საზოგადოების ინტერესი პოემისადმი 2017 წლის შემოდგომაზე განახლდა, როცა ქალის (ემილ ვილსონი) მიერ შესრულებული პოემის ინგლისური თარგმანი პირველად გამოიცა. პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა ვილსონმა კირკე აღწერა, როგორც „ადამიანურ ენაზე ამეტყველებული ქალღმერთი“, რომლის ძლიერებაც მის სილამაზეს უტოლდებოდა.

ამ თვისებათა შერწყმა მამაკაცებში სურვილსა და შიშს უხსოვარი დროიდან აღძრავდა. პაპირუსსა თუ ტვიტერზე, ოლიმპოსა თუ ჰოლივუდში მრავალი ხერხი მოიფიქრეს ქალთა სახეების ორ უკიდურესობას შორის დასამწყვდევად: აღვირახსნილი ან სპეტაკი, ლედი მაკბეტი ან მარიამ ღვთისმშობელი.

ახლა ამ უძველეს ბრძოლაში მადელინ მილერი ჩაება, რომანით „კირკე“. 1726 წლის „ოდისეას“ ინგლისურ თარგმანში აიეტის დას „ადამანტის გული“ აქვს, თუმცა მილერის ღვთაება სიყვარულით დაჭრილი, ამოუხსნელი ხასიათებისა და თანაგრძნობის გასაოცარი უნარის მქონე გრძნეულია,  ალაგ-ალაგ კაცებს ღორებად რომ გადააქცევს.

მილერიც, თავის მხრივ, ლიტერატურული ჯადოქარია. 39 წლისამ სამყარო აალაპარაკა, როცა „ილიადა“ „აქილევსის სიმღერად“ მოგვითხრო. გასახარია, რომ ამბავთა ფერიცვალების ნიჭი არც სახლში მიმავალ ოდისევსისა და მის კაცების მასპინძელ კირკეზე დაიშურა.

„როცა დავიბადე ჩემი არსების აღმნიშვნელი სიტყვა არ არსებობდა,“ – ასე იწყებს კირკე თავის ათასწლოვანი ამბის მოყოლას. პროზაული თხრობის მიუხედავად, მწერლის ენაში ეპოსის სული იგრძნობა, უკვდავ არსებათა შესაფერისი ხატოვანებით და მოკვდავთათვის დამახასიათებელი სითავხედის ნაპერწკლებით. კირკეს მამა, ჰელიოსი, „კლდეში ღრმად ნაკვეთ“ სასახლეში ცხოვრობდა, რომლის „მაღალმთიანი დერეფნები ოქროთი იყო დაფარული, ქვის იატაკი კი საუკუნეების განმავლობაში მასზე მოსიარულე ღვთაებრივი ფეხებით მოსიპული.“

ამ ღვთაებრივ სასახლეში მცხოვრებ კირკეს მილერი ტიტანების ჯეინ ეარივით აღგვიწერს, მგრძნობიარესა და უბედურს, მომავალში რკინის ურყევ ნებას რომ გამოიმუშავებს. ახლობლები, ნათესავები სისუსტისა და უუნარობის გამო აბუჩად იგდებენ, სანამ კირკე თავის თავში დამალულ ჯადოქრობის ნიჭს არ აღმოაჩენს.

„ოდისეითა“ და სხვა მითებით დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, მილერი ახერხებს მარტოობა მისჯილი ახალგაზრდა ქალის ისტორია გამაოგნებელი და მომნუსხველი თავგადასავლებით ათასფრად გააწყოს. მათ შორის ყველაზე შემზარავი კი შუა თაფლობისთვიდან უმცროსი ძმის სისხლით ხელებდაბანილი მედეას სტუმრობაა. კირკე ძმისშვილს ბრძნული რჩევებით გაისტუმრებს, თუმცა ეს ისტორია ყველამ იცის, როგორც მთავრდება.

რომანის ყველაზე მომხიბვლელი თვისებაც სწორედ ესაა: აღწერილი ამბები ათასგზის მოსმენილი და მოყოლილია, მაგრამ  მილერი მაინც ახერხებს მკითხველის გაოცებას. მისი  ფემინისტური მზერა, ანტიკურ მითებს პირვანდელ სახეს კი არ უკარგავს, არამედ მხოლოდ აქამდე შეუმჩნეველ დეტალებზე მიგვაქცევინებს ყურადღებას.

ოდისევსის გემს აიას კუნძულზე ტალღები თხრობის შუაში გამორიყავს. ქალღმერთსა და მრავალჭირნახულ გმირს შორის მილერისეული დიალოგები სხარტი და ვნებით სავსეა, მათ შორის გაღვივებული გრძნობა კი – კომპლექსური და მოწიფული. ავტორი ანტიკურობის მიზოგინურ ფანტაზიას ბრწყინვალედ გადასინჯავს:

„მოგვიანებით, წლების შემდეგ, ჩვენს შეხვედრაზე დაწერილი სიმღერა მოვისმინე, ბიჭი, რომელიც მღეროდა, ნიჭიერი არ იყო, ხშირად აყალბებდა ნოტებს, მაგრამ მის ყროყინშიც კი გამოსჭვიოდა სტროფების ტკბილი მუსიკა. სულაც არ გამკვირვებია, ასე რომ დამხატეს: ამაყი გრძნეული, რომელიც გმირის ხმლის წინაშე შედრკა, მუხლებზე დაეცა და მას შეწყალება სთხოვა. ვფიქრობ, დამცირებულ ქალებზე წერა პოეტების საყვარელი საქმიანობაა. თითქოს ვერც ერთ ამბავს ვერ მოჰყვებიან, თუ მუხლებზე არ დავეცემით და ცრემლებს არ გადმოვყრით.“

რომანი მართლაც ცრემლებით მთავრდება, მაგრამ არა პერსონაჟების, არამედ მკითხველის. ბედი, რომელიც მილერმა კირკეს არგუნა ერთდროულად ღვთაებრივიცაა და მოკვდავთათვის განკუთვნილი, წარმოუდგენლად უცხო, მაგრამ მაინც სრულად ადამიანური.

 

© არილი

Facebook Comments Box