ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ ქეთევან კოკოზაშვილთან: ,,სხვა კულტურაა სისადავეში…”

არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია ქეთევან კოკოზაშვილი, მთარგმნელი

 

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

მე დავიბდე ივლისის თვეში…

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

ჩვენ ხომ მწერლობას ვგულისხმობთ, ამიტომ გამონაგონი, თუმცა მწერლის ოსტატობაც ისაა, ნამდვილი ამბავი გამონაგონად აქციოს და გამონაგონი ნამდვილივით მოგვითხროს.
თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ

ნებისმიერმა თემამ და პრობლემამ შეიძლება ამაღელვოს, თუ ჩემი გემოვნების მწერალი შემხვდა და ჩვენ გადავიკვეთეთ.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი

ბევრია ასეთი პერსონაჟი, მაგრამ მაინც აღაზა და მუცალი, რომლის საქციელმაც ალუდას სრული ტრანსფორმაცია გამოიწვია. ბავშვობაში ტომ სოიერი და პეპი მიყვარდა განსაკუთრებით.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

მაგ. რუსოს ,,ახალი ელოიზა”.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

იმპრესიონისტებს გამოვყოფ. ალბათ, უფრო პოეტური ფერწერის, ესთეტიკის გამო.შემთხვევითი არ არის, რომ მაგ. ბოდლერი და მალარმე წერდნენ მათს მხატვრობაზე ესეებს, მანემ კი თავად მალარმეს მშვენიერი პორტრეტი ,,დაწერა”.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ

არ მგონია, რამე უცნაურობა მახასიათებდეს, თუმცა, როგორც ახლობლები და მეგობრები მეუბნებიან, ზოგჯერ მათთან ერთად ყოფნისასაც ვახერხებ განმარტოებას. არ ვიცი, ეს უცნაურობაა თუ არა.

ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?

ცრურწმენისა რა გითხრათ და აკვიატება მგონი, მაქვს. ჩემს შეჩვეულ, აკვიატებულ ადგილზე თუ არ ვზივარ, ისე ვერ ვმუშაობ, კონცენტრაციას ვერ ვახერხებ.

ცნობილი, აღიარებული მწერალი, რომელიც ძალიან არ გიყვართ? რატომ?

ძალიან არ მიყვარს ნამეტანია, მაგრამ არის რამდენიმე მწერალი ქართველიც, უცხოელიც… რუსო ვახსენე და მისი რომანი კომპოზიციურად კარგად არის აგებული, მაგრამ სენტიმენტალისტი მწერლის ენა და მე გაუცხოებულები აღმოვჩნდით. თანამედროვეს არ ვასახელებ, ან მწერალს უნდა ვაწყენინო, ან რომელიმე ჩემს კოლეგა მთარგმნელს.
თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება

მთა მიყვარს ძალიან,  მთამსვლელებივით ხშირად ვერ ვახერხებ წასვლას,  მაგრამ ზაფხულში მაინც ვცდილობ. მეგობრობასა და ადამიანებთან ურთიერთობას გატაცებას ვერ დავარქმევ, ეგ ცხოვრების წესი მგონია.

ბოლოს რა წაიკითხეთ?

სიმართლე უნდა ვაღიარო, ამ ბოლო დროს ადრინდელივით ბევრს ვეღარ ვკითხულობ, უფრო ვთარგმნი. ბოლოს წავიკითხე ბორხესის მოთხრობები, კიდევ ერთხელ კამიუს რამდენიმე მოთხრობასაც მივადექი, ეს უფრო საქმიანი თვალსაზრისით, თარგმნა მინდოდა, წავიკითხე ასევე მარგერიტ იურსენარის პოეზიაც და უნდა ვთქვა, რომ ძალიან გამიცრუვდა იმედი.

დიონისე თუ აპოლონი?

ორივე. ხდება ასეც — ხან ერთი სჭარბობს, ხან – მეორე.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით

ბევრია ძალიან… მაგრამ ახლა ასეთ ხასიათზე ვარ და რენე შარის პოეზიას ვიტყვი.
ადამიანი, ვისიც გშურთ

არასდროს არავისი შემშურებია, ასეა ნამდვილად. რაღაც (მატერიალურს არ ვგულისხმობ) ან ვიღაც შეიძლება მაკლდეს და, უბრალოდ, ჩემთვის მენატრებოდეს.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა

არსებობს უშეცდომო ადამიანი? დავფიქრდი და იმდენი შეცდომა მაქვს დაშვებული…

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

სამზე მეტია ამიტომ გამიჭირდება დასახელება, თუმცა ბესიკ ხარანაული მაინც უნდა ვახსენო. მაკვირვებს მისი პოეტური ენერგია, თითქმის ყოველ წელს ახალ წიგნს გამოსცემს და სულ ძიებაშია. განა ტყუილად დაიბნა ყველა ერთ-ერთ ლიტერატურულ კონკურსზე, პროზა იყო თუ პოეზია, ისიც გასარკვევი გაუხდათ.
სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

ყველა სიტყვა მიყვარს, თუ თავის ადგილზეა ნახმარი და კონტექსტუალურად სწორადაა გამოყენებული.
თქვენი საყვარელი სიტყვა ( სიტყვები)

ამ შემთხვევაში, უმბერტო ეკოს ინტერვიუ მახსენდება. იმავე შეკითხვაზე უპასუხა-სიგარეტიო, ამ ინტერვიუს სიგარეტის გარეშე ვერ გავუძლებდიო. მისი მიბაძვით მე ვიტყოდი ჩაის, თუმცა ახლა ცოტა ხნით ექიმმა ამიკრძალა ჩაიც და ყავაც. საყვარელი სიტყვების მეტი რაა და, რაკი ამ ბოლო ხანებში იურა ჯაფარიძე გავიხსენეთ მეგობრებმა, მის სიტყვებს დავწერ:
,,დარდისას გეტყვი, დარდისას,
გულში რო ნაღვლად დიოდეს:
სიხარულს ვერ მიეკარო,
სული სიმწრითა გტკიოდეს,
დილა-საღამოს სხეულში
შავ სვეტად ჩამოდიოდეს,
ცას ბროლის წვიმა უწვიმდეს,
შენ ტალახადა გდიოდეს…

დღეის იმედი არ გქონდეს,

ხვალ მზე არ ამოგდიოდეს
ასე მოლხენით ცხოვრობდე,

სისხლი არსადა გდიოდეს,
ყველას კაჟივით ეგონო,
შენ სანთელივით ღვიოდე,
მითხარი, ამნაირ ყოფას
რა ყოფა უნდა ჰქვიოდეს?”

დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

ე. ი. რომანი, რომელიც ბოლო 22 წლის განმავლობაში დაიწერა? მე მგონი, ცოტა დრო კიდევ არის საჭირო, რომ კარგად გამოიკვეთოს საუკეთესო. მომავლისთვის გადავდოთ ამ კითხვაზე პასუხი.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

გივი გეგეჭკორის ლექსიდან ვიტყვი: ,,სხვა კულტურაა სისადავეში…”

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

,,რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა.” მე მიყვარს ადამიანი ადვილად რომ არ ნებდება, იმედს რომ არ კარგავს. თანაც ქალია ნესტანი და მომწონს მისი სიძლიერე.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

ერთი უნდა ვთქვა, ხომ (ორი მაინც მინდოდა)? ივანე წიკლაურის ,,რამ დამაბერა”. ბარათაშვილის ,,მერანსაც” დავამატებდი სიამოვნებით.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

სამზე თავისუფლად

ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

მე თავზეხელაღებული ხალხი მიზიდავს, თავად მაინცდამაინც ასეთი ვერ ვარ და ამიტომ ცოტა ხნით გავხდებოდი ცელქი და მოუხელთებელი ემა ბოვარი.

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

ვაჟასთანაც ბევრი კითხვა მაქვს, მაგრამ მგონი, არავის გაუკვირდება, მე რომ ქართველებიდან ნიკოლოზ ბარათაშვილი ავირჩიო და უცხოელებიდან – ფრანგი სიმბოლისტი, არტურ რემბო– ორი ერთნაირი ბედისწერის პოეტი. ჩემნაირი მორიდებული ადამიანიც კი მოახერხებდა რამეს… რა ვიცი, პოეტებს რაზე უნდა ვესაუბრო? ალბათ, პოეზიაზე.

წიგნი,რომელიც რამდენჯერმე გაქვთ წაკითხული

მაგ. დოსტოევსკის ,,იდიოტი“. სულ ჩემს მაგიდაზე მიდევს გივი გეგეჭკორის ფრანგული პოეზიის თარგმანები, დავით წერედიანის თარგმანი პოლ ვალერის ლექსისა ,,ზღვის სასაფლაო“, დიდი ლექსია, ადრინდელი ,,ლიტერატურული საქართველოდან“ ამოვიღე ეს ფურცლები, კიდევ ბევრი რამე…
რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

ან ცოტა ადრე, ან ცოტა გვიან, ოღონდ ასეთ დაძაბულ და ზამბარასავით დაჭიმულ დროში არა.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

მარკესის რომანებს  აქვთ კარგი დასაწყისი. მაგ. ,,მარტოობის ასი წელი“. კამიუს ,,უცხოსი“ ყველას ახსოვს, მე ჩეხოვის მოთხრობებისაც მომწონს.

რომელია საუკეთესო დასასრული?

ამ წუთას მახსენდება ბიოლის ,,კლოუნის თვალთახედვა“ (სათაური ასეა ნათარგმნი ქართულად).

ენა თუ ამბავი? რატომ?

რა თქმა უნდა ენა. ამბავი რაა ენის გარეშე? ენამ უნდა გადმოსცეს, ენა არის გამოხატვის საშუალება.

პროცესი თუ შედეგი?

რასაკვირველია, შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი პროცესია, მითუმეტეს, ჩემისთანა ჩხირკედელასთვის. თარგმნაც ხომ ძალიან საჩხირკედელაო სამუშაოა,  სიტყვებს ეძებ, ადარებ, ათას რამეს ჩხრეკ…

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?

,,მომეც დათმობა სურვილთა…“

რომელი წიგნი არ წაიკითხეთ ბოლომდე?

შეიძლება იყო ასეთი შემთხვევა, მაგრამ არ ვიცი, არ მახსენდება.  თუ ვიწყებ, აუცილებლად ვამთავრებ. დიდი ხანია, წიგნს შემთხვევით აღარ ვიღებ ხელში.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე

ლიტერატურის კრიტიკოსობა ძალიან უმადური საქმეა, თუმცა კრიტიკის გარეშე როგორ წარმოგვიდგენია მწერლობა? ჯერ წიგნის წაკითხვა, მერე მისი გაანალიზება ადვილი არ არის და ამიტომ მხოლოდ პატივს ვცემ ამ ხალხს.
წიგნი, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

წიგნის შინაარსი თუ არ მახსოვს (ზოგისა შეიძლება სათაურიც აღარ მახსოვდეს), ე.ი. არ იყო დასამახსოვრებელი. ესენია ძირითადად ადრეულ ასაკში წაკითხული წიგნები.
რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

ახლობლებისგან, მეგობრებისგან შორის ყოფნა.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით

როგორ გამიჭირდა პასუხის გაცემა. არ ვიცი, ალბათ, ,,ბიბლიას“ ვირჩევდი.

 კითხვა,რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ

ჩვენისთანა ბედნიერი განა არის  სადმე ერი?… მთელი ილიასეული ირონიით…

© არილი

 

 

Facebook Comments Box