ინტერვიუ

ბლიცი მკითხველთან – ლევან კიტია – „მეც ხომ ტექსტი ვარ“

გასული წლის თებერვალში არილმა ახალი რუბრიკა დაიწყო – ბლიცინტერვიუ ავტორებთან. ერთი წლის შემდეგ კი ბლიცინტერვიუს სტუმრები არა მარტო პოეტები, დრამატურგები, პროზაიკოსები, მთარგმნელები თუ გამომცემლები, არამედ არილის ერთგული მკითხველებიც არიან.

ამჯერად რუბრიკის სტუმარია ლევან კიტია:

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

რა სხვაობაა – ერთიც გამონაგონია და მეორეც.

ეს რეალობაც ხომ გამონაგონია. ვიღაცის.

როცა კორტასარი ამბობს, რომ გამონაგონი ერთადერთი რეალობაა, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი რეალობა გამონაგონია.

თემა, პრობლემა, რომელიც ტექსტებში ყველაზე მეტად გაინტერესებთ

ამბავი იყოს ღირებული და თემაც და პრობლემაც თვითონ მოერგებაო – ბრძენს უთქვამს. არ მკითხოთ, რომელს.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი ქართულ ლიტერატურაში

დღეს, რატომღაც, კვაჭი კვაჭანტირაძეზე მეფიქრებოდა. თუმცა, ალბათ, ყველაზე საყვარელი არ ეთქმის. უბრალოდ, მგონია, რომ ნაკლებობა გვაქვს ასეთი პერსონაჟების ქართულ ლიტერატურაში.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

სულ მშურდა მათი, ვინც კლასიკურ ფილოლოგიაზე ისწავლა. რაც აუცილებლად წასაკითხია, იმათ ნასწავლი აქვთ. მე კი უგზო-უკვლო განათლების იმედად ვარ. ბევრია ეგეთი ტექსტი.

თქვენი, როგორც მკითხველის, ყველაზე დიდი გატაცება

ალბათ, არ მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ფანტასტიკა, ფენტეზი… მოკლედ, ზღაპრები.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პროზაიკოსი

ვერ დავასახელებ. ვიღაც გამომრჩება და მერე ამ ინტერვიუს რომ გადავიკითხავ, გული დამწყდება.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით

რა ვქნისა ციხე ავაგე…

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

ვერც მაგას გეტყვით. ხვალ როგორ ხასიათზე ვიქნები და ვისი ლექსი გამერითმება, არ ვიცი.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

ეს კითხვა იმასავითაა – დედა უფრო გიყვარს თუ მამა. ისე კი სტუდენტის ნათქვამი უადგილო „ანუ“ მაღიზიანებს.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

როგორ გამოვარჩიო სხეულის ნაწილი, როგორც მეტად ან ნაკლებად საყვარელი, მეც ხომ ტექსტი ვარ თავად.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

ამისთვის იმის ნახევარი მაინც უნდა გქონდეს წაკითხული, რაც ამ ოცდასამი წლის განმავლობაში დაიბეჭდა.

თემა, რომელიც ლიტერატურაში თქვენთვის უინტერესოა

ალბათ, ბულვარული რომანტიკა.

როგორც მკითხველს, რაიმე უცნაურობა თუ გახასიათებთ?

თუ ეს უცნაურობაა – შეიძლება ორ-სამ წიგნს ერთდროულად ვკითხულობდე.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

სხვისი ღირსების შელახვა ყველაზე დიდი უღირსობააო – მამაჩემმა მითხრა ბიჭობაში, საყელომოხეული და ნაჩხუბარი რომ დავბრუნდი სახლში.

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

ახლა უნებლიედ ეს გამახსენდა – „შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს“.

აკი გითხარით, ზღაპრები მიყვარს-მეთქი.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

რომელიც იმ წუთას გახსენდება, როცა მაგ კითხვას გისვამენ. ყველას თავისი საუკეთესო ლექსი აქვს. თანაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა. ორმოცი წლის წინ საუკეთესო ერთი მექნებოდა, ოცი წლის წინ – სხვა. დღეს – არ ვიცი.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

სამწუხაროდ, მხოლოდ სამზე. ქართული, ინგლისური, რუსული – განათლება მაკლია აშკარად.

ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

ნასტასია ფილიპოვნა… და ვერაფერს ვუხერხებ საკუთარ თავს – სულ მინდა, რომ პენელოპე უფრო მიზიდავდეს.

ქართველი მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

დავით კლდიაშვილთან ვისაუბრებდი ისე, არაფერზე…

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

მარკესის „მარტოობის ასი წელის“ დასაწყისი მიყვარს. მაგრამ „ტომ სოიერის“ დასაწყისი მაინც პირველი სიყვარულია.

თუმცა, „იყო და არა იყო რა“ მაინც ყველაზე მაგარი დასაწყისია საერთოდ. თანაც პირველ კითხვას ეხმიანება.

რომელია საუკეთესო დასასრული?

ციტატის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ მოდი ეს იყოს: „ვუცქერდი ერთმანეთში აზელილი ადამიანების თიხას და ვფიქრობდი, რომ შესაძლოა თითოეულ მათგანში მოცარტია ჩაკლული“.

კიდევ, მგონია, 1984-ის ფინალური ფრაზა უნდა გვახსენდებოდეს ახლა – გამარჯვების შესახებ, რომელიც სინამდვილეში დამარცხებაა…

მაგრამ მოდი წინა კითხვის პასუხს გამოვეხმიანები და „ჭირი იქა, ლხინი აქა“ იყოს.

ენა თუ ამბავი? რატომ?

ამბავი. სამყარო ამბებისგანაა მოქსოვილი.

რა არის, თქვენი აზრით, მკითხველის პირველი მცნება?

შემთხვევით არცერთი წიგნი არ ჩაგივარდება ხელში. რადგან შენთან მოხვდა, შენი წასაკითხია.

ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ

იმ აკვალანგისტ-მყვინთავზე მეფიქრება ხოლმე, ნახანძრალ ტყეში რომ იპოვეს, დამწვარი ხის კენწეროზე.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე

კრიტიკოსი პროფესიონალი მკითხველია. რა თქმა უნდა, თუ ხელმოცარული მწერალი არ არის და ბოღმა არ ამოძრავებს.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

ამასწინათ სტუდენტთან შევედი დისკუსიაში დოსტოევსკის შესახებ და აღმოვაჩინე, რომ რაღაცები, ამბის დონეზე, საერთოდ აღარ მახსოვს. არის წიგნები, რომლებიც მხოლოდ შეგრძნებებს და იდეებს გიტოვებენ.

ყველაზე ცუდი წიგნი, რომელიც წაგიკითხავთ

პოლიტეკონომიის სახელმძღვანელო. მეორე ნაწილი.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

თუ მომისჯიან, ბიბლიას. თუ ჩემი ნებით ავირჩევ, ოდისეას ან ვეფხისტყაოსანს. ბევრი ამბებია ამ წიგნებში.

ახლა რას კითხულობთ?

წუხელ ჩეზარე პავეზეს „მთვარე კოცონთა მიღმას“ ვკითხულობდი. ქართულად, სხვათა შორის.

რამდენიმე სიტყვით დაახასიათეთ თანამედროვე ქართული ლიტერატურა

მგონია, რომ ჩვენი დროის შესახებ მეტ-ნაკლებად ადეკვატურ წარმოდგენას ქმნის, გინდაც წარსულის რეფლექსიები იყოს, და ეს არის მთავარი.

კლასიკად რა იქცევა, ამას ოცი-ოცდაათი წლის მერე გეტყვით.

რომელია, თქვენი აზრით, არილის საუკეთესო ნომერი?

მოდი ასე ვთქვათ – ყოველთვის ყველაზე კარგი ბოლოს გამოსული ნომერია.

ისე კი, თბილისზე რომ იყო, ის ნომერი გამახსენდა და კიდევ დეტექტივზე რომ იყო -ის.

ყველაზე დასამახსოვრებელი ყდა არილის რომელ ნომერს ჰქონდა?

დონ კიხოტის უწყვეტი კვდომის და სმა-ჭამის ამბავი რომ იყო, ახლა იმის ყდა გამახსენდა რატომღაც. ისე, „არილის“ ბევრ ყდას პოსტერებად გამოვუშვებდი. აშკარად უკეთეს პოლიგრაფიას იმსახურებს ეს ჟურნალი.

ბოლოს რა წაიკითხეთ ჩვენს ჟურნალში?

მარგარეტ ეტვუდის ინტერვიუ შემომხვდა ამასწინათ ნეტში… ჰოდა, ნუ მეკითხებით საუკეთესო მწერალი, პოეტი, რომანი ან ლექსი რომელია.

კიდევ, დავით ქართველიშვილის ესე ფალსიფიკაციის მოკრძალებული ხიბლის შესახებ. ასე არ ჰქვია, მაგრამ ბუნუელთან გარითმვა მომინდა რატომღაც.

ხომ არ გახსენდებათ რომელიმე ავტორი, რომელიც პირველად არილში აღმოაჩინეთ?

უამრავია ეგეთი… თუმცა, ბოლო აღმოჩენა აღასი აივაზიანია.

როგორ გგონიათ, კარგი მკითხველი ხართ?

ეგ ნიუტონის მესამე კანონივითაა – გააჩნია რას ვკითხულობ.

© არილი

Facebook Comments Box