…საკუთარ თავს “ნეკროფორუსს” უწოდებდა – ლათინურად ასე ერქვა მესაფლავე ხოჭოს, სილფიდების, ანუ მკვდარიჭამიების ოჯახის სახელოვან წარმომადგენელს.
ნეკროფორუსის მსგავსად, პაშა ლენკოვიც მიცვალებულთა ხარჯზე ცხოვრობდა და თან საკმაოდ ბარაქიანადაც.
ის იდეა, რომელიც საშუალებას აძლევდა, გაენაღდებინა ისტორიულ-ფილოლოგიური ცოდნის კაპიტალი, მზარდი საბაზრო ეკონომიკის პირობებში აბსოლუტურად არალიკვიდური რომ გამოდგა, გენიალურად მარტივი იყო: ძველ (სასურველია, გამოუქვეყნებელ) საბუთებსა და მემუარებში პაშა ეძებდა ისეთი ძვირფასი ნივთების მოხსენიებას, მიცვალებულს კუბოში რომ ჩაატანეს. სენტიმენტალურ XIX საუკუნეში ეს ძალზე გავრცელებულ ჩვეულებას წარმოადგენდა. ყველაზე მოსახერხებელი იყო მწერლებით დაწყება, რადგანაც თითოეულ მათგანზე ლიტერატურულ არქივში საგანგებო ფონდი იყო დაცული. შემდგომში პაშამ სხვა არქივებიც აითვისა და პოტენციურ “სპონსორთა” წრე გააფართოვა. ლენკოვის ხელში გამოვლილ “არტეფაქტებს” შორის ყოფილა ბეჭდები, მედალიონები, ძვირფასი თვლებით მოჭედილი რამდენიმე დაშნა, ვარსკვლავის ფორმის ბროლის ორდენები. ზოგჯერ უფრო ეგზოტიკური რამეც გამოერეოდა – მაგალითად, სასიყვარულო წერილების შეკვრა, რომლის საფლავში ჩატანებაც ითხოვა ანდერძში პუშკინის წრის ერთ-ერთმა პოეტმა. ნეკროფორუსმა აღნიშნული პიროვნების საფლავიდან გრუნტის სინჯი აიღო და დარწმუნდა, რომ სინოტივესთან დაკავშირებით სანერვიულო არაფერი იყო. დასაფლავების აღწერის თანახმად კუბო მუხისა უნდა ყოფილიყო და, მაშასადამე, წერილები კარგად იქნებოდა შემონახული. არქივის ბეჭდიან ფურცელს პაშამ მჟავის ხსნარი დააწვეთა, ძვირფასი ინფორმაცია კი, რომელიც ამიერიდან მხოლოდ მის საკუთრებად ქცეულიყო, თავის “კატალოგში” მოათავსა. ეს მართლაც უნიკალური საქონელია, მაგრამ მყიდველსაც განსაკუთრებულს მოითხოვს. ასეთი მყიდველი ჯერ მოსაძებნი ჰყავს. მარგალიტებზე ნადირობის წლებმა ლენკოვის “კატალოგს” არაერთი განძი შეჰმატა.
მაგრამ არტეფაქტის აღმოჩენა საწარმოო პროცესის მხოლოდ დასაწყისი გახლდათ. შემდეგ ეტაპზე კლიენტის მოძებნა ხდებოდა. ახლა პაშას უკვე დაუგროვდა კავშირები, მთელი მსოფლიოს შუამავლებსა და კოლექციონერებთან გაითქვა სახელი, თავიდან კი მაგარი სირბილი უწევდა.
ოკეი, კლიენტიც გამოჩნდა, ფასიც შეთანხმებულია. დგება მოპოვების ფაზა, ანუ სახელდობრ ოპერაცია. ეს საქმე კი თხუნელას გარეშე ვერ გაკეთდება.
უკვე მეოთხე წელი იყო, რაც ერთად მუშაობდნენ, მაგრამ პირადულ, ანუ არასამსახურეობრივ ურთიერთობებში არ შედიოდნენ – პაშამ გადაწყვიტა, რომ ასე უფრო უსაფრთხო იქნებოდა. სატელეფონო ზარი: ამ რიცხვიდან ამ რიცხვამდე გვიწევს მივლინება, ესა და ეს რეისი. მორჩა. თხუნელა ყურმილში ჩაიდუდღუნებს, “ჰოო”, არც კი იკითხავს, საით მიფრინავენ. იდეალური პარტნიორია.
პაშა კარგა ხანია სწორედ ასეთს ეძებდა.
რაღაც მომენტში მიხვდა, რომ ყოველ ჯერზე ლოთ მესაფლავეებთან საქმის დაჭერა ზედმეტი რისკი იყო, თუნდაც ერთი ყუთი არყისათვის არც საფლავის გათხრას დაზარდებოდნენ და არც ნეშტის გაჩხრეკას. თავად ლენკოვს საამისოდ ჯანი არ ეყოფოდა, თანაც ეშინოდა.
პირდაპირ სასწაულია, რომელიღაც შემთხვევითმა ხელქვეითმა როგორ არ გასცა ლენკოვი სიმთვრალეში. დრო იყო, ბოლო მოეღო დილეტანტიზმისთვის. აქ საჭირო იყო პროფესიონალი – არც მსმელი, არც მოლაყბე, კარგი ფიზიკური და ტექნიკური მომზადებით.
საქმე კიდევ იმაშიც იყო, რომ ამასობაში პაშა საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად მომწიფდა. იქ კლიენტიც უფრო მდიდარია, სამოქმედო სივრცეც უფრო ფართოა. რუსეთის სასაფლაოები კი მეტისმეტად არასაიმედოა სადეპოზიტოდ. უკანასკნელი ასი წლის მანძილზე აქ ძალიან ბევრმა ომმა, რევოლუციამ და არეულობის პერიოდმა ჩაიარა, სოციალური კატაკლიზმების ეპოქებში კი, როგორც ცნობილია, დევალვაციას განიცდის ყოველგვარი ტაბუს საკრალური მნიშვნელობა, მათ შორის – სამარეთა შებღალვის ტაბუსიც. პაშას უკვე რამდენჯერმე მოსვლია ისე, რომ საკმაოდ დიდი დროის, ფულისა და აღუდგენელი ნერვული უჯრედების ფასად გათხრილი სამარხი კარგა ხნის გამოშიგნული დახვედრია, – ვინ იცის, შეიძლება, სამამულო ომის დროიდანაც.
ოსტატის ძიებაში ლენკოვმა რამდენიმე თვე თანამედროვე სასაფლაოებზე გაატარა, დამკრძალავი ბრიგადების მუშაობას ადევნებდა თვალს. და, აი, ნიკოლო-არხანგელსკის სასაფლაოზე გადააწყდა თხუნელას.
ერთი შეხედით უკვე ცხადი იყო: ეს უბრალო პროფესიონალი კი არა, ნამდვილი ვირტუოზია. ქვეყნად ერთ-ერთი ყველაზე წარმტაცი სანახაობა ოსტატის საქმიანობისათვის თვალის დევნება გახლავთ, – სულ ერთია, რა არის მისი ხელობა. სურათს ხატავს, ხორცს ჭრის თუ ფეხსაცმელს აპრიალებს – ამას არა აქვს მნიშვნელობა. როდესაც ადამიანი აკეთებს იმ საქმეს, რისთვისაც ამ ქვეყნადაა მოვლენილი, ის დიდებულია.
თხუნელა სოლებით მონიშნულ მიწის მონაკვეთს მიუახლოვდებოდა და ერთხანს ბანჯგვლიანი წარბების აწევ-დაწევით აკვირდებოდა. ბრიგადა მოწიწებით იდგა შორიახლოს და ელოდა.
შემდეგ გენიოსი მესაფლავე მოხდენილი სიმსუბუქით მოიქნევდა წერაქვს და რამდენიმეგან ჩაასობდა გრუნტში. მუშებიც აისხავდნენ ხელსაწყოებს და – ყველაზე ქვაღორღიანი ან გაყინული მიწაც კი თვითონ ეკვროდათ ნიჩბებზე.
ბრიგადის უფროსი განზე იდგა, აბოლებდა. მას მხოლოდ ფესვის ამოსაძირკვად, ანდა ღრმად ჩაფლული ლოდის ამოსაგდებად აწუხებდნენ. ისიც მაშინვე ორმოში ჩაეშვებოდა, რაღაცას მოკვეთავდა, სადღაც ჩამოჭრიდა და – მორჩა. პაშა არასოდეს შესწრებია ისეთ შემთხვევას, რომ ბრიგადირს ერთ წუთზე მეტი დრო დასჭირვებოდა.
განსაკუთრებით იმან მოხიბლა, რომ მიწის ოსტატი თითქმის უსიტყვოდ მუშაობდა. გამოხედვაც კარგი ჰქონდა – მიმქრალი, თითქოს საკუთარ სიღმეში ჩაბრუნებული. ჭკუის კოლოფი ნამდვილად არ იყო. მაგრამ არც დებილი ჩანდა – თორემ ბრიგადის უფროსობას ვერ გაქაჩავდა.
შემდგომმა შემოწმებამ არჩევანის სისწორე დაუდასტურა. არ სვამს, ენები არ იცის, არც გეოგრაფია. გინდ მადრიდი, გინდ ნიუ-იორი, გინდ პარიზი – მისთვის აბსოლუტურად სულ ერთია. ზის თავისთვის სასტუმროში, უყურებს ფეხბურთს ან, თუ არის, პორნოარხს. სამაგიეროდ ღამით, სასაფლაოზე, ხელსაწყოთი აღჭურვილი – ნამდილი პაგანინია.
აი, ასეთი მეწყვილე ჰყავს.
* * *
თხუნელამ პაშას შარვლის ტოტზე მოქაჩა. ესეიგი, დროა.
პაშამ ნერვიულად გადაყლაპა ნერწყვი და შავ კვადრატში ჩაეშვა. გული სადღაც ყელის არეში უფართხალებდა, მაგრამ ეს სასიამოვნო განცდა იყო – თითქოს ციცაბო დაღმართიდან ეშვები ციგით.
მალე ნეკროფორუსი თხუნელას გვერდით ვიწრო სამარხში აღმოჩნდა და ასწლოვანი სიძველის სუნი შეისუნთქა. ფარნის სხივი კუბოს თავსახურზე დასრიალებდა. მტვრის ერთსანტიმეტრიანი ფენის ქვეშ (ნეტავ საიდან ჩნდება აქ მტვერი?) უხალისოდ ბზინავდა ლაქის ზედაპირი.
– ბრინჯაოსია, – პატივისცემით წარმოსთქვა თხუნელამ, თან თითი კუთხეებში ჩასმულ ფიგუროვან ჭანჭიკებს გადაუსვა., – მაგარია.
ბევრი დროის კარგვის გარეშე ჩართო ელექტროსახრახნისი.
ზზიკ, ზზიკ – გულისგამაწვრილებლად აწივლდა ხელსაწყო და ჭანჭიკიც ამოძვრა ხვრელიდან. თხუნელა დროდადრო მის დასაზეთად ჩერდებოდა, რის შემდეგაც კვლავ იგივე ზრიალი გაისმოდა. გატანჯულ პაშას ყურებზე ხელები აეფარებინა: ზრიალი ბორმანქანის ხმას აგონებდა.
– მიდი, – ხელით ანიშნა თხუნელამ.
ფრთხილად აწიეს კუბოს თავსახური და გვერდზე გადადგეს.
ყოველი შემთხვევისათვის პაშამ საგანგებოდ აიფარა პირზე ლავანდით გაჟღენთილი რესპირატორი. ძველი სამარიდან ზოგჯერ ისეთი სურნელი გეცემა, შეიძლება მთელ სამუშაო ადგილს მოარწყიო. თხუნელას არაფერი ენაღვლება, ასეთ რამეებს შეჩვეულია.
მაგრამ მიცვალებულის დანახვაზე სასაფლაო საქმეთა ოსტატსაც კი კანკალი აუვარდა.
ოსკარ უაილდი აბსოლუტურად გაუხრწნელი იწვა კუბოში. შავი სერთუკი დაშლილიყო, თეთრ საყელოს კუთხეები გაშავებოდა, მაგრამ ფართო შუბლი თეთრი და კრიალა ჰქონდა, სავსე, დონდლო ღაწვებზე კი ვარდისფერი გადაჰკრავდა.
პაშა ამ სანახაობისათვის მზად იყო და კმაყოფილებით ჩაიხითხითა: ამ ერთხელ მაინც თანაშემწეზე უფრო ძლიერი ნერვები აღმოაჩნდა:
სიკვდილიც შვენის ბრძოლის შემდეგ
ლელიანში დაცემულ რაინდს,
გარს ჭიჭყინები ეხვევიან,
თითო ლუკმა ერგებათ მაინც…
– ეს მე და შენზეა. რას იტყვი, თხუნელ, თითო ლუკმა მაინც ხომ გვერგება, ჰა?
– რა ჭირს? რა ლენინივით მთელ-მთელი წევს? – საფლავის სპეციალისტისთვის ეს არნახულად გრძელი ფრაზა იყო.
– აუხსნელი ფენომენია, ჯერ კიდევ 1909 წელს დარეგისტრირებული. მაშინ ნეშტი ბანიოს სასაფლაოდან აქეთ გადმოასვენეს. ეგონათ, ჩონჩხიღა დახვდებოდათ, მაგრამ კლასიკოსმა ყველანი გააოცა. წმინდანივით უხრწნელი გამოდგა. არადა, ისე ულამაზოდ კვდებოდა. სული როგორც კი განუტევა, ყველა ხვრელიდან გაასხა. ყურებიდანაც კი. ესთეტისათვის ძალზე არაესთეტურად მოკვდა. იქნებ იმიტომაც აღარ დალპა, რომ მთელი სიბინძურე გარეთ გადმოანთხია? ასეთ კარგ ფერზე კი იმიტომაა, რომ ამაზე მისმა საყვარელმა, ბობი როსმა იზრუნა. გრიმი დაადო. გადასვენებას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. სხვათა შორის, ბობიც სადღაც ახლო-მახლო უნდა იყოს, ისიც აქ დაასაფლავეს.
პაშამ აქეთ-იქით მიმოანათა და მართლაც: სხივმა კუბოს თავთით მდგომი ამფორის მაღალი ფერდი ააბრდღვიალა.
– ოქროსია? – ჭურჭლისკენ ხელი გაიშირა თხუნელამ.
იქვე, მახლობლად განისვენებს
საუცხოოდ მორთული პაჟი.
ხარბი ყორანი, კუნაპეტი,
როგორც ღამე, ტრიალებს ცაში…
– ჩაიბურტყუნა პაშამ, თან გაიფიქრა, როსის სანეშტე ურნაც ხელს ხომ არ გავაყოლოო. არა, არ ღირს. ვიღას ადარდებს დღეს ბობი როსი? მხოლოდ ზედმეტი ტვირთი იქნება.
– ტუფტაა, – ამოიხვნეშა იმედგაცრუებულმა თხუნელამ, როდესაც ამფორის წონა მოსინჯა, – თითბერია.
ოსკარ უაილდის თაობაზე კი შენიშნა:
– სუფთა მსახიობი ზოლოტუხინია.
ლენკოვი “სპონსორის” სახეს ჩააკვირდა და, მართლაც, გაოცდა: გაჭრილი ვაშლივით ჰგავს.
– ხელი გაუთავისუფლე. მარცხენა, – უბრძანა თანაშემწეს აღელვებულმა ნეკროფორუსმა – ახლა უკვე სენტიმენტალურად კი არა, სერიოზული მიზეზის გამო ღელავდა. ოპერაცია კრიტიკულ წერტილს მიუახლოვდა, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტების საათმა ჩამოჰკრა.
შარშან, ლონდონის არქივში მუშაობისას, პაშა გადააწყდა წერილს, რომლის ავტორიც ერთ-ერთი გახლდათ იმ თხუთმეტი ადამიანიდან, ვინც 1900 წლის 3 დეკემბერს დევნილი მგოსანი უკანასკნელ გზაზე გააცილა. პაშას, კარგა ხანია, იზიდავდა ოსკარ უაილდის ფიგურა – ის, უკვე არაერთი თვეა რაც, ბალადისა არ იყოს, კუნაპეტი ყორანივით დასტრიალებდა საბრალო პედერასტს.
კლასიკოსი ხომ საკულტო პერსონაჟი გამხდარა, აუარება მიმდევარი ჰყავს, მისგან შემორჩენილი ნებისმიერი რელიქვია ცეცხლის ფასად იყიდება, ათვლა ათი ათასობით ფუნტიდან იწყება. არადა, სულ უბრალო ჯინჯილიკებია. მაშინ როდესაც მემუარები ცხადჰყოფს, რომ მწვანე მიხაკების მოტრფიალე ორივე ნეკზე დიდრონი ზურმუხტებით შემკულ თითო უნიკალურ ბეჭედს ატარებდა. მას სწამდა, რომ ერთ-ერთს (მარჯვენაზე რომ ეკეთა) მისთვის იღბალი მოჰქონდა, მეორეს კი (მარცხენა ხელიდან) – უიღბლობა. და, რაკიღა დარდის გარეშე ბედნიერებაც არ არსებობს, უაილდი ხელიდან არასოდეს იშორებდა არც ერთ ბეჭედს. ცხადია, ციხეში ჯდომისას ავგაროზებთან განშორება მოუხდა, მაგრამ განთავისუფლებისთანავე ისევ აისხა. მრავალი მემუარისტი გაოცებით შენიშნავს იმას, რომ დევნილს უკიდურესი გაჭირვების დროსაც კი არ გაუყიდია და არ გაუგირავებია თავისი სანუკვარი ზურმუხტები. იჯდა ქუჩაში, რომელიმე ღია კაფეში, აბსენტს წრუპავდა და ელოდა მრავალრიცხოვან პარიზელ ნაცნობთაგან რომელიმეს, ვინც კაფეში მის ანგარიშს გაასწორებდა. ზოგჯერ ლოდინი უგრძელდებოდა. ფრედერიკ ბუტე იხსენებს, თუ როგორ ნახა უაილდი კაფეში სენ-ჟერმენის ბულვარზე თავსხმა წვიმაში. მწერალი იჯდა ეულად, სრულიად დასველებული, ჩამოშლილი ქუდით და მაინც უცვლელად მეფური იერით: მძიმე ნიკაპი ხელჯოხის ბუნიკზე ჩამოეყრდნო, მსუქან ნეკათითებზე ზურმუხტის სკარაბეუსები უბზინავდა, ხოლო ჟესტი, რომლითაც უაილდმა ნაცნობს მოუხმო, დახვეწილ კეთილშობილებას გამოსახავდა.
შემდგომში რა ბედი ეწიათ ბეჭდებს – აი, რა აღელვებდა ნეოფორუსს. არც ერთ მუზეუმში ეს საგნები დაცული არ იყო, არც აუქციონებზე გამოჩენილა. მაშ, პერ-ლაშეზზე ხომ არ მარხია?
ვინმე სიბილ ჰემპტონის წერილმა, სკანდალურად ცნობილი მწერლის გასვენებას მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო რომ დაესწრო, ბრწყინვალედ დაადასტურა ეს ჰიპოთეზა, – ყოველ შემთხვევაში, სანახევროდ მაინც.
სამგლოვიარო ცერემონიის სხვა მონაწილეთა გამოქვეყნებული ჩანაწერები ცხადჰყოფს, რომ ღია სამარის პირას რაღაც უსიამო ინციდენტს ჰქონია ადგილი – იმდენად უსიამოს, რომ ეს ზრდილი ბატონები, გეგონება პირი შეკრესო, მის შესახებ ერთსულოვნად დუმან. მათი ბუნდოვანი მინიშნებების საფუძელზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საძაგელ ალფრედ დაგლასს, საბრალო ოსკარის დამღუპველ homme fatal[1]-ს რაღაც უმსგავსო სცენა უნდა მოეწყო.
მისტერ ჰემპტონი აღმოჩნდა ერთადერთი, ვისაც მიცვალებულთან არაფერი აკავშირებდა, და ისიც სიამოვნებით ეჭორავება მომხდარის შესახებ ერთ თავის ლონდონელ მეგობარ ქალს: “…იმას, რაც შემდგომში მოხდა, მხოლოდ თქვენ თუ გიამბობთ, რადგანაც მჯერა, ძვირფასო მეგობარო, რომ თქვენი ტაქტის პატრონი, საიდუმლოდ შეინახავთ ამ ულამაზო ეპიზოდს – ამის თაობაზე ყველა იქ დამსწრე ერთსულოვნად შევთანხმდით, და ეს სავსებით გონივრული იყო, თუკი გავითვალისწინებთ, რომ პრესის ნაწილი სრულიად არაჯანსაღ ინტერესს იჩენს ყოველივე იმის მიმართ, რაც ბედკრულ მისტერ უაილდს ეხება. მაშასადამე, როგორც უკვე მოგახსენეთ, “ღვთაებრივი ბოუზი” (ამბობენ, სწორედ ასე უძახდა გარდაცვლილი თავის ეფებუსს) სასაფლაოზე დაგვიანებით გამოცხადდა. ამან ხელი არ შეუშალა, ყურისწამღები ქვითინით აეკლო იქაურობა. ლამის გული ამერია, როდესაც ეს ვულგარული ბატონი (დაუჯერებელია, რომ ეს მარკიზ ქუინსბერის ვაჟია!) ორმოში ჩახტა და აყვირდა, ჩემს “უსაყვარლეს სალომესთან” ერთად დამმარხეთო. ბოლოს და ბოლოს, რა თქმა უნდა, უკან ამოძვრა, ოღონდ მანამდე მიცვალებულს ტუჩებში აკოცა, როგორც ჩემი ლაქია ტობი იტყოდა, “კუჭის წვენი ამოუღო”. ამ დროსათვის ყველანი ამ ახალგაზრდა ჯამბაზისადმი იმდენად ღრმა ზიზღით აღვივსეთ, რომ კაციშვილს ხმაც კი არ ამოუღია, როდესაც მან გარდაცვლილს მარჯვენა ხელიდან ზურმუხტიანი ბეჭედი ჩამოხსნა, თითზე გაიკეთა და შესძახა: “ამიერიდან სამუდამოდ შევუღლდით!”…”
მარჯვენა ხელიდან – ესე იგი, იღბლიანი ბეჭედია, გაცხარებით გაიფიქრა ლენკოვმა. ლორდ ალფრედი უჭკუო არ ყოფილა. მაგრამ ბეჭედს მისთვის იღბალი მაინც არ მოუტანია. ბოუზიმ სწრაფად დაანიავა მამიკოს ქონება და სიღარიბეში გადაიცვალა.
ამ დორიან გრეის მწირი ავლა-დიდების ნუსხაში ნეკროფორუსმა ვერ აღმოაჩინა ზურმუხტის ბეჭედი. უთუოდ რომელიმე ლომბარდში ამოჰყოფდა თავს, იქიდან კი უკვალოდ ჩაიკარგებოდა.
ამ ყოველივედან სრულიად თავბრუდამხვევი დასკვნების გაკეთება შეიძლებოდა.
ჯერ ერთი, მეორე ბეჭედი თითქმის უეჭველად დღემდე პერ-ლაშეზზე, საფლავში იმყოფება. ძნელი დასაჯერებელია, რომ ის, საძაგელი ბოუზის მსგავსად, მიეთვისებინა კეთილსინდისიერ ბობი როსს, გადასვენების ცერემონიას რომ ხელმძღვანელობდა.
მეორეც ის, რომ სახეზეა სრულიად უნიკალური სიტუაცია – უკანონოდ მოპოვებულ რელიქვიათა ნებისმიერი კოლექციონერისათვის საოცნებო: ისინი, როგორც წესი, იძულებულნი არიან, თავიანთი განძი ყველასაგან საიდუმლოდ შეინახონ. ასეთ საგანს ვერც ხელახლა გაყიდი, ვერც მემკვიდრეობით გადასცემ, ჩვენებითაც მხოლოდ ახლობელს თუ უჩვენებ. აქ კი ყველაფერი სხვაგვარადაა. კლიენტი ყიდულობს პაშას მიერ კუბოდან ამოღებულ ბეჭედს და საჯაროდ აცხადებს, დუგლასის ზურმუხტი აღმოვაჩინეო. გენიალურია! ორმაგი, არა, სამმაგი ფრაისი განაღდებულია!
ლენკოვმა რამდენიმე თვე მოანდომა შესაფერისი კლიენტის ძებნას და ბოლოს და ბოლოს გავიდა ლოს-ანჟელესში გეი-ოტელებისა და ტრანსვესტიტ-კლუბების ქსელის მფლობელ მისტერ რინალდიზე. ისიც სიხარბისაგან აცახცახდა, როდესაც გაიგო, თუ რა საქონელს სთავაზობდნენ. ახლა პაშა ნანობდა, ლიმონზე მეტი რატომ არ მოვთხოვეო. ის ცისფერი ბებრუხუნა მეტის გადამხდელიც არის. ხომ გიჟივით ჩამოქანდა პარიზში. ახლა ზის თავის “კრიიონში”, იცდის, ნერწყვებს ყლაპავს. აი, რას ვიზამ, გაუნათდა გონება პაშას: თავს მოვიკატუნებ, ვითომ ბაქსები კი არა, ევროები ვიგულისხმე. რა იყო? საფრანგეთი – ევროვალუტის ტერიტორიაა. ან სულაც გირვანქა სტერლინგებში ხომ არ ავიჭრათ? “სპონსორი” ხომ ინგლისელია.
– გამეცალე, მე თვითონ, – წყვეტილად ამოცრა ნეკროფორუსმა, თხუნელას ხელი ჰკრა და განზე გასწია.
არის! ღმერთმანი, არის!
მიცვალებულს მსუქანი ხელები რატომღაც მკერდზე კი არა, მუცელსქვემოთ ელაგა, როგორც ფეხბურთელს თერთმეტმეტრიანი დატყმისას. მარცხენა ხელზე კაშკაშად აალდა მწვანე ნაპერწკალი. ტაქსის ნათურასავითო, გაიფიქრა პაშამ. რაღაც შემოუტიეს მეტაფორებმა.
– ავშენდით, თხუნელ, ავშენდით! – დაიწივლა გახარებულმა, – საკვნეტა მომაწოდე! – უაილდს კი ინგლისურად მიმართა. – Nor shall I take aught from thee but that little ring that thou wearest on the finger of thy hand.[2]
მაგრამ სახსრის გადაჭა არ დასჭირვებია. ბეჭედი საოცრად მსუბუქად ჩამოსცილდა მუმიფიცირებულ თითს.
და აი, ლენკოვი უკვე ფარნის შუქის ქვეშ ათვალიერებს ზურმუხტის სკარაბეუსს, რომლის ფრთებზე რაღაც ნიშნებია ამოტვიფრული, – როგორც ჩანს, კაბალისტური.
ბეჭედი არათითზე ჩამოიცვა. ოდნავ დიდი ჰქონდა, მაგრამ მუჭა შეკრა.
– უსუნე, – მეწყვილეს სიცილით ააფარა ცხვირზე თავისი ქეციანი მუშტი. – მწვანე ლიმონი, ციტრუსების ოჯახიდან.
ლიმონი რომ ახლა უკვე მწვანე კი არა, ბრიტანული იქნება, ამას თხუნელა ვერც კი გაიგებს. “კრიიონში” მისტერ რინალდისთან მას არაფერი ესაქმება. საფლავის სპეციალისტისათვის პაშას არც კლიენტის სახელი, არც სასტუმროს დასახელება არ უთქვამს. თვითონაც არ დაინტერესებულა.
ეიფორიული ქარაფშუტობის შეტევამ უბიძგა ნეკროფორუსს, მიცვალებულისათვის ფერუმარილიან ლოყაზე ხელი ნაზად მოეთათუნებინა.
ერთბაშად უკან დაიხია – თან ისე, რომ კეფით ქვის ფილას მიეხალა.
– რა არი?
– არა, არაფერი… – ჩაილუღლუღა ლენკოვმა. – წავედით.
ლოყა თბილი მოეჩვენა. და დრეკადი.
* * *
დაესიზმრა ფერხორციანი, მოხდენილად მოძრავი, გამჭვირვალე აბრეშუმით შემოსილი ქალი, უცნაურ ცეკვას რომ ასრულებდა. ხან ცისკენ აღაპყრობდა შიშველ ხელებს, ხან ძირს დაიხრებოდა, ხანაც გაშმაგებით იწყებდა თეძოების რხევას.
რაღაც ორაზროვანი მუსიკა უკრავდა. თან თითქოს სასიყვარულო ვნებით სავსე, თან რაღაცნაირად საშინელი. და ძალიან-ძალიან ნაცნობი, ოღონდ პაშა ვერაფრით იხსენებდა მელოდიას.
შემდეგ მოცეკვავემ ლენკოვს ზურგი შეაქცია, ჩაიმუხლა და ძირიდან რაღაც ასწია. მთელი სხეულით მოირკალა და პაშას ვერცხლის სინი დაანახა, რომელზედაც მოკვეთილი გაბურძგნული თავი იდო. პაშა ეცადა, მაინცდამაინც არ ჩაჰკვირვებოდა მას.
ჩვეულებრივი დეკადენტიზმია, – გაიმხნევა თავი. ზმანებას საფუძვლად უდევს ცნობილი ფოტოსურათი, სადაც პედერასტი ოსკარი სალომეს განასახიერებს. თავის მაგივრად მულაჟია.
ამ დროს წამოვიდა მსხვილი პლანი, როგორც კინოში, და ვარაუდიც გამართლდა. ნეკროფორუსის პირისპირ აღმოჩნდა კლასიკოსის ფერუმარილიანი სახე ჭირვეულად ჩამოშვებული ქვედა ტუჩით. მაშინვე ამოიცნო მელოდიაც. ოსკარ უაილდმა მსახიობ ზოლოტუხინის ხმით წაიმღერა: “У меня жена-а, й-эх, красавица. Ждет меня-а домо-о-о-ой, ждет, печалится”. მერე გრძელი, ტუშით გამუქებული წამწამები დაუშვა და ჩურჩულით წამოაყარა ციტატები კოლრიჯიდან, “სალომედან” და კიდევ რაღაც ჯანდაბიდან:
– She had dreams all yesternight of her own betrothed knight…[3] მე სიყვარულის მოგეც დასტური და შეგვაუღლა ღვთაება-კურომ… შენს ბაგეს ვეტრფი. ო, ბაგე შენი ელავს, ვით მეწამული თასმა. ის ჰგავს ბროწეულს, სპილოს ძვლის დანით ორად გაპობილს. მინდა გემთხვიო ძოწის ბაგეზე. ის ყირმიზია, ვით მოაბის ქვეყნიდან ჩამოტანილი სიგური. მორკალულია, ვით სპარსთა ხელმწიფის მარჯნებასხმული მშვილდი. მოდი, გაკოცო!
– თავი დამანებე, – ჩაიბურტყუნა პაშამ და გაერიდა.
მაინცდამაინც არ შეშინებია, მაგრამ უსიამო გრძნობა დაეუფლა.
– განა ბეჭედმა არ შეგვაუღლა? – კვლავაც ლექსად ალაპარაკდა ზმანება, – ღაწვზე შემეხე კრძალვით, და ცივ სამარის კარად გაისმა ფიცი უხმოდ და მალვით. ჩვენ ერთურთს აღარასოდეს დავშორდებით. მოდი, მინდა გაკოცო ბაგეზე!
ასეთი აბდა-უბდა სიზმრის ბოლომდე ნახვა აღარც კი ღირდა. ლენკოვი მეორე გვერდზე გადაბრუნდა, ბალიშს მკლავები შემოხვია და მაღვიძარას ზარამდე სიზმრების გარეშე ეძინა.
* * *
ტელეფონის აპარატთან ჩამომჯდარი ნეკროფორუსი არტეფაქტს ათვალიერებდა, აქეთ-იქით ატრიალებდა, მაგრამ დილის უღიმღამო შუქზე ზურმუხტმა არა და არ ინება ბრჭყვიალი. ნახევარი წუთიღა რჩებოდა. პაშა ზუსტად რვა საათზე აპირებდა დარეკვას, რადგანაც პუნქტუალობა პროფესიონალიზმის მაჩვენებელია.
მაგრამ აი, როგორც იქნა, ბრეგეტის გრძელი ისარი ციფერბლატის უმაღლეს წერტილამდე აბობღდა. პი-პი-პი-პი-პი-პი-პი-პი-პი-პი, – სწრაფად აკრიფა ლენკოვმა სავიზიტო ბარათზე აღნიშნული ათი ციფრი. ბარათზე ეწერა: “Joe Rinaldi, Crillion”, სასტუმროს ტელეფონის ნომერი და ოთახის ნომერი. თამაშ-თამაშით წაავლო თითები ბეჭედს, უნდოდა მოეხსნა – და შეკრთა.
ღამით სკარაბეუსი თავისუფლად უმოძრავებდა თითზე, ახლა კი თითქოს მიაკვდაო. ხელი შეუშუპდა თუ რა მოხდა?
– That’s you? – ჩაესმა ყურმილიდან კლიენტის მსუყე ხმა, – Did it… did it go well?[4]
– Perfect. Just perfect[5], – უპასუხა პაშამ, თან გამწარებული ეჯაჯგურებოდა ბეჭედს.
ჯანდაბა! არაფრით არ სძვრებოდა. თან არათითი სულაც არ ჰქონდა შესიებული.
– Have you got it? I mean, the… thing. You’ve got it?[6]
კლიენტი აღელვებას ვერ მალავდა და ეს შესანიშნავი იყო. მწვანე ლიმონიდან ანგლოსაქსურზე გადასვლა გარანტირებული იყო, ოღონდაც როგორმე თითიდან უნდა ჩამოეძრო ეს წყეული ხოჭო. რა იდიოტობაა!
– საპონი! – შეჰყვირა პაშამ.
– Pardon?
– Sure, I’ve got it. It’s right here, on my finger. Oh, you wouldn’t believe how very, very special it feels[7], – ჟღურტულებდა ლენკოვი, თან აბაზანისაკენ მიიწევდა. წყალი მოუშვა, თითი დაისაპნა – და ჩურჩულით შეიგინა. – Shit!
ბეჭედი ერთი მილიმეტრითაც კი არ დაძრულა. პაშას შუბლზე ცივმა ოფლმა ამოასხა. Shit! Shit! Shit!
თარგმნა თამარ კოტრიკაძემ
[1] საბედისწერო მამაკაცი (ფრანგ.).