ახალი ამბები,  ახალი წიგნები

ბუკერის პრემია 2023 – მოკლე სია

21 სექტემბერს ლონდონში ის ავტორები დასახელდნენ, რომლებიც წლევანდელი ბუკერის მოკლე სიაში მოხვდნენ. გამარჯვებულის ვინაობას 26 ნოემბერს შევიტყობთ, მანამ კი, შეგვიძლია, გავეცნოთ ნომინირებულ წიგნებსა და მათ ავტორებს:

ექვსი წიგნიდან ორი სადებიუტო რომანია. სიაში არიან ბრიტანელი, კანადელი, ირლანდიელი და ამერიკელი ავტორები და, მიუხედავად იმისა, რომ მათი ტექსტები იმედით, იუმორითა და ჰუმანიზმითაა სავსე, ისინი მაინც ეხმაურებიან ბევრ საყურადღებო პრობლემას (მაგალითად, კლიმატის ცვლილება, იმიგრაცია, ფინანსური სიძნელე, უმცირესობების უფლებები, პოლიტიკური ექსტრემიზმი და პიროვნული თავისუფლების შეზღუდვა და ა. შ.), აღწერენ პერსონაჟებს, რომლებიც ეძებენ მშვიდობას, გლოვობენ საყვარელ ადამიანებს, იბრძვიან და გადარჩენას ცდილობენ… ზოგიერთი წიგნის მოქმედება თანამედროვე სამყაროში ხდება, ზოგიერთი მათგანი კი ისტორიის უსიამოვნო ეტაპებს აშუქებს ან შემაშინებელ მომავალს გვიხატავს.

მაშ, ასე, წლევანდელ მოკლე სიაში მოხვდნენ:

ფუტკრის ნაკბენი – პოლ მიურეი

„ფუტკრის ნაკბენი ბარნსების ოჯახის ძალიან მხიარული, სევდიანი და გულწრფელი ამბავია. მოქმედება თანამედროვე ირლანდიაში ხდება და წიგნი დიდი გონებამახვილობითა და გრძნობითაა დაწერილი.“

„დაუვიწყარი პერსონაჟები არიან. არ კარგავენ იმედს და შეუძლიათ სიყვარულისა და უანგარობის გამაოგნებელი მომენტების განცდა, მიუხედავად მათი უამრავი ნაკლისა და პრობლემისა.“

„იმელდა ბარნსი დიდებული ქმნილებაა – თავდაპირველად ვხედავთ, როგორი უტაქტო და მატერიალისტია, მაგრამ შემდეგ, თანდათანობით, მიურეი მოხერხებულად გვიმხელს ოჯახის საიდუმლოებებს, რომლებმაც პერსონაჟები თავიანთ ამჟამინდელ მდგომარეობამდე მიიყვანა. იმელდა ბავშვობაში გადატანილ სირთულეებს პასუხობს ერთდროულად გაბედულებით, თავის მოტყუებით და, ამავე დროს, სრულიად ადამიანურად.“

ასე ახასიათებენ ჟიურის წევრები პოლ მიურეის წიგნს და მკითხველებს მის წაკითხვას ურჩევენ.

პოლ მიურეი ინტერვიუში ჰყვება, რომ თავად დუბლინში გაიზარდა, მაგრამ მისი მეგობრები დაქორწინებულები იყვნენ მიდლენდსელ ქალებზე და სწორედ მათგან ისმენდა პატარა ქალაქის ამბებს. მეგობრების მიერ მოთხრობილმა ისტორიებმა გადააწყვეტინა, რომ წიგნის მოქმედების ადგილიც მიდლენდსი ყოფილიყო. როგორც ამბობს, ქალაქის ატმოსფეროს გადმოსაცემად მთავარი მცირე დეტალებია და ფრაზები, რომლებსაც ადგილობრივები ხშირად იყენებენ. ასეთია, მაგალითად, „Well“ – რაც, ერთი მხრივ, მისალმების ფორმაა, მაგრამ, ამავე დროს, სარდონიკულ ფატალიზმსაც გამოხატავს – მდგომარეობას, როცა სათქმელი უკვე აღარაფერია.

„მიუხედავად იმისა, რამდენად იდეალურები არიან, რეალურ ადგილებსა და ადამიანებზე არ ვწერ“ – ამბობს მიურეი. იგი იყენებს მხოლოდ ფრაგმენტებს, ნაწილებს და ასე ქმნის ერთ გამოგონილ, ფიქციურ მთლიანობას.

ასეთი მთლიანობაა ფუტკრის ნაკბენი – ოჯახური საგა, რომელიც ბრწყინვალედ აჩვენებს, როგორი გავლენა აქვთ ადამიანების ცხოვრებაზე საიდუმლოებს. ეს ოჯახური დრამაა, სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახული, ერთდროულად სასაცილო და დამამწუხრებელი, პერსონალური და ეპიკური.

როგორც ახასიათებენ (და ასეთი დახასიათება ავტორსაც მოსწონს) – ესაა რომანი წარსულისა და იმის შესახებ, თუ როგორ ვერ ვახერხებთ წარსულისგან გაქცევას.

დასავლეთის ხაზი – ჩეტნა მარუ

დასავლეთის ხაზი ჩეტნა მარუს სადებიუტო რომანია, რომელიც თინეიჯერი გოგონების ემოციებითა და წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

„სამი წელი დამჭირდა. ნელა ვმუშაობდი. თავდაპირველად ფურცელზე ვწერდი, შემდეგ კი ვბეჭდავდი. ჩვეულებრივ, ვცდილობდი, რომ თითოეული წინადადებისა თუ აბზაცის ჟღერადობა სწორი ყოფილიყო. ვიდრე წერას გავაგრძელებდი, დასაწყისიდანვე ვკითხულობდი და ვარედაქტირებდი. წერის ასეთი ტექნიკა არ მიმაჩნია გონივრულად, რადგან ვიცი, საბოლოოდ წავშლი ნაწილებს, რომლებზეც კვირები თუ თვეები ვმუშაობდი, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს. უნდა მჯეროდეს, რომ დასრულების შემდეგ ასეთი ძალისხმევა სასარგებლო აღმოჩნდება ჩემი ნაწერისთვის,“ – ჰყვება ინტერვიუში ჩეტნა მარუ.

რომანში მკითხველი სამყაროს შვიდი წლის გოგონას თვალებით ხედავს. რაც შეეხება სიუჟეტს, გოპიმ და მისმა დებმა დედა დაკარგეს და ტექსტიც იმაზეა, თუ როგორ ცდილობენ გოგონები ამ დიდი დანაკლისით ცხოვრების გაგრძელებას.

„ერთ დღეს თითოეული ჩვენგანი გამოცდის დანაკარგის რომელიმე ფორმას. წიგნში კიდევ ერთი უნივერსალური თემა კი ოჯახური ურთიერთობების კომპლექსურობაა“.

წინასწარმეტყველის სიმღერა – პოლ ლინჩი

პოლ ლინჩის შემზარავი და დისტოპიური წიგნი ცოცხლად გვიჩვენებს დედას, რომელსაც ოჯახის დაცვა სურს. ესაა მწერლის აღსანიშნავი მიღწევა – ასე საინტერესოდ ასახვა ჩვენი დროის სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობის.

„ჩემი ვაჟი, ელიოტი, ცოტა ხნით ადრე დაიბადა, ვიდრე წერას დავიწყებდი და როცა დავასრულე, უკვე ველოსიპედის მართვა შეეძლო,“ – ჰყვება პოლ ლინჩი.

იხსენებს იმასაც, რომ ექვსი თვე წერდა წიგნს, რომელიც იცოდა, რომ „არასწორი წიგნი“ იყო, ამიტომ ერთ პარასკევს, დაახლოებით სამ საათზე, უბრალოდ შეწყვიტა წერა. ორშაბათ დილით კი ახალი დოკუმენტი გახსნა, თვალები დახუჭა და წინასწარმეტყველის სიმღერის პირველი გვერდი აკრიფა. რომანის პირველი წინადადებებიც თითქოს სიბნელიდან გამოვიდა. „მწერლებმა უნდა ისწავლონ საკუთარი ინტუიციის ნდობა“ – ამბობს ის.

„კვირაში ხუთი დღე, რამდენიმე ასეული ფრთხილად შერჩეული სიტყვა დღეში“ – ასე მუშაობს პოლ ლინჩი და ასე დაიწერა რომანი, რომელიც ბუკერის 2023 წლის მოკლე სიაში მოხვდა.

ჟიურის წევრების შეფასებით კი, „წიგნი გვიყვება იმ ახალგაზრდა ქალის მცდელობების შესახებ, რომელიც თავისი ოჯახის გადარჩენას ცდილობს დისტოპიურ ირლანდიაში, რომელიც უფრო და უფრო ავტორიტარული ხდება. ესაა გამაოგნებელი რომანი, რომელსაც ვერ დაივიწყებთ“.

„წინასწარმეტყველის სიმღერას აქვს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური ფინალი, რაც კი ოდესმე წაგიკითხავთ. წიგნი დიდხანს რჩება თქვენს გონებაში კითხვის დასრულების შემდეგ“.

ის სხვა ედემი – პოლ ჰარდინგი

პოლ ჰარდინგის რომანი ნაკლებად ცნობილ ისტორიულ მოვლენა ეფუძნება და მკითხველს ერთი კუნძულის უნიკალურ ცხოვრებას აზიარებს.

როგორც ბუკერის პრემიის ჟიური ამბობს, „იშვიათად შეხვდებით ასეთ ლირიკულ და ემპათიით სავსე ისტორიულ ნაწარმოებს“ და, მიუხედავად იმისა, რომ რომანის მოქმედება წარსულში ხდება, შეუძლებელია იმის უარყოფა, თუ რამდენად დაკავშირებულია იგი თანამედროვეობასთან, განსაკუთრებით კი დღესდღეობით ძალაუფლების მფლობელი ადამიანების დამოკიდებულებასთან მათ მიმართ, ვისი იდენტობა და ცხოვრების წესი მიუღებელია მათთვის.

შთაგონების წყარო, როგორც უკვე ვახსენეთ, ნაკლებად ცნობილი ამბავია –  კუნძულ მალაგაზე განვითარებული მოვლენები. ავტორის თქმით, როცა წერა დაიწყო, ფაქტობრივი ინფორმაციების კითხვა შეწყვიტა… იგი პერსონალურად დაკავშირებული არ ყოფილა იმ ადამიანებთან, რომლებსაც შეეხოთ კუნძულზე მომხდარი კატასტროფა, ამიტომ მან ალტერნატიული, გამოგონილი ვერსია შექმნა და შესამჩნევად დაშორდა თავდაპირველ მოცემულობას. ასე შეიქმნა რომანი, რომლის დამსახურებითაც პრემიის მოკლე სიაში პოლ ჰარდინგიც მოხვდა.

თუ გადაგირჩები – ჯონათან ესკოფერი

ამერიკული ოცნება, კლიმატის ცვლილება, გაუგებრობები ადამიანებს შორის, საერთაშორისო მიგრაცია, ყოფიერების სიძნელე –  ეს ის ძირითადი თემებია, რომლებსაც ესკოფერი ეხება თავის სადებიუტო რომანში, რომლის თითოეული თავი უფრო და უფრო უკეთ გვაცნობს ერთი ოჯახის ისტორიას და იმიგრანტების მარადიულ შეკითხვასაც უბრუნდება: ვინ ვარ ახლა მე და რა ადგილს ვეკუთვნი?

როგორც ავტორი ამბობს, თავიდანვე სურდა, დაეწერა ისეთი რომანი, რომლის თითოეული თავი დამოუკიდებელი ამბავი იქნებოდა, რომელიც საბოლოოდ ერთი მთლიანობის ორგანულ ნაწილად იქცეოდა, რადგან სწორედ ეს გამოხატავს ადამიანური გამოცდილებების ეპიზოდურ ბუნებას. ესკოფერის თქმით, დიდი სიამოვნება იყო იმაზე დაკვირვება, როგორ დააღწევდნენ პერსონაჟები მის მიერ შექმნილ დაბრკოლებებს თავს. ზოგიერთ შემთხვევაში კი, ცხადია, ამას ვერ მოახერხებდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მძიმე თემებს ავტორი არბილებს იუმორით, ერთგვარი თვითგადარჩენის მექანიზმით.

„იუმორი გადარჩენის გზაა მათთვის, ვინც კარგად აცნობიერებს საკუთარ უძლურებას იმ სისტემების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც მის გასანადგურებლადაა შექმნილი.“

სწავლა მორჩილებისთვის – სარა ბერნშტაინი

ქალი თავის ძმასთან გადადის საცხოვრებლად, რათა მის სახლს მიხედოს, მაგრამ მისი ჩასვლიდან მალევე ქალაქში უსიამოვნებები ხდება და ამჩნევს, როგორ იზრდება მის მიმართ მტრული დამოკიდებულება.

ამბავი აბსურდულია, შავი იუმორით მოთხრობილი და ზუსტად აღწერს ქსენოფობიის გავლენას ადამიანებზე. რომანი შეიძლება ალეგორიადაც მივიჩნიოთ, რომელიც დღევანდელ მზარდ იდეოლოგიურ რადიკალიზმზე მიანიშნებს.

„განსაკუთრებით მომხიბვლელია განცდა, რომ კითხულობ თან ისტორიულ ტექსტს – პასტორალური გარემოთი, ცრურწმენებით, საეჭვო მაცხოვრებლებით – და თან რაღაც სრულიად თანამედროვესაც. წიგნი ძალიან ჭკვიანურად და დიდი ირონიით აკავშირებს ერთმანეთთან წარსულს, რომელიც გვეგონა, რომ უკან მოვიტოვეთ და ჩვენს პრობლემებით სავსე აწმყოს.“ – ამბობენ ჟიურის წევრები.

© არილი

Facebook Comments Box