ესე (თარგმანი),  თარგმანი

ჯუმფა ლაჰირი – მიბაძვა და უარყოფა

ავტორი: ვაუჰინი ვარა

საშუალო სკოლა 2000 წელს დავამთავრე, მაშინ, როცა ჯუმფა ლაჰირმა პულიცერის პრემია მიიღო თავისი პირველი წიგნისთვის, Interpreter of Maladies, რომელში შესული მოთხრობები ინდოელ იმიგრანტებსა და მათ ბავშვებზე მოგვითხრობს. ძალიან შემიყვარდა. პირველი შემთხვევა იყო, როცა ისეთი მხატვრული ტექსტი წავიკითხე, რომელიც რაღაცით ჰგავდა ჩემს პრივილეგირებულ, ინდურ-ამერიკულ ცხოვრებას.

დამთხვევა არ უნდა ყოფილიყო, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, კოლეჯში, შემოქმედებითი წერის კურსისთვის დაწერილი პირველი ტექსტი ეხებოდა ინდოელ ამერიკელ გოგოს, რომელიც ჰაიდარაბადიში ჩადის ბიძაშვილის ქორწილზე დასასწრებად. შვიდგვერდიან მოთხრობაში ვახსენებდი გარიგებით ქორწინებას, სარის, რიქშას და ჩაის. ცხადია, ვფიქრობდი, რომ მე, როგორც ინდოელ ამერიკელ მწერალს, სწორედ ამაზე უნდა მეწერა – ლაჰირი იყო ჩემი ერთადერთი მაგალითი.

შემდეგ მეტი რამის კითხვა დავიწყე: ჯორჯ სანდერსი, ჯოი უილიამსი, ლორი მური, დენის ჯონსონი – ისინი უცნაურ ამბებს წერდნენ, შავი იუმორით და ეს ამბები ჩემზე ემოციურად ზემოქმედებდა. ლაჰირი, თავისი ბენგალელი ბურჟუაზიის ცხოვრების მოკრძალებული ქრონიკებით, მათთან შედარებით შეზღუდული ჩანდა. ინდურ-ამერიკული ცხოვრების ზოგიერთი აღწერა ჩემს გამოცდილებებს კი ირეკლავდა, მაგრამ ნელ-ნელა ვიწყებდი იმის შემჩნევას, რასაც იგი არ აჩვენებდა.

მხოლოდ ეს როდი მაფიქრებდა. შევნიშნე, რომ კრიტიკოსები და მეგობრები სანდერსს, უილიამსს, მურსა და ჯონსონს მხოლოდ მათი პროზიდან გამომდინარე აფასებდნენ და ძალიან ცოტა ან თითქმის არაფერი იცოდნენ მათ წარმომავლობაზე. ლაჰირის შემთხვევაში კი მისი ეთნიკური კუთვნილება ყოველთვის წინა პლანზე იყო წამოწეული. NPR-ში ინტერვიუერმა ლაჰირის ერთ-ერთი ტექსტის პერსონაჟი, სევდიანი ინდოელი ქალი აღწერა და შემდეგ ჰკითხა, ეს დედათქვენიაო? ყველაფერი, რაც მის შესახებ წავიკითხე, სინამდვილეში მის წარმომავლობაზე, მის ინდოელობაზე იყო და არა მის ნაწერებზე.

ლაჰირის იმიტირება შევწყვიტე და სხვების მიბაძვა დავიწყე. უნივერსიტეტში შემოქმედებითი წერის ერთ-ერთ პირველ კურსზე თინეიჯერ მეგობრებზე დავწერე მოთხრობა, რომელიც მთავრდებოდა მათი ქუჩაზე ჩარბენით და ხმამაღალი სიცილით: „ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰა!“ პროფესორმა დასასრული ორიგინალურად მიიჩნია, სანამ დანარჩენმა სტუდენტებმა – საოცრად რბილად და დელიკატურად – არ აღნიშნეს, რომ თითქმის ასეთივე სტრიქონები მურის კარგად ცნობილ მოთხრობაში ჰქონდათ წაკითხული.

კიდევ იყო ერთი რამ, რაც მურისგან და სხვა ჩემთვის საყვარელი მწერლებისგან ავიღე: მათი სითეთრე. ჩემს სხვა მოთხრობაში დები (თეთრკანიანები) სტუმრობენ ასაკოვან ბებიას (თეთრკანიანს) ტბისპირა სახლში, მათი დედის (თეთრკანიანის) სიკვდილის შემდეგ. სხვა მოთხრობაში კი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი (თეთრკანიანი) იკარგება და მისი თანამშრომლები (უმეტესად თეთრკანიანები) იწყებენ მის ძებნას.

ჩემმა შეზღუდულმა მკითხველურმა გამოცდილებამ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ფერადკანიან ადამიანებზე დაწერილი მოთხრობები უნდა ყოფილიყო აუცილებლად იმის შესახებ, თუ როგორია ფერადკანიან ადამიანად ყოფნა. მე ჯერ კიდევ არ ვიყავი საკმარისად ნაკითხი და იმ ფერადკანიანები მწერლების ყველა ნაწერში, რომლებიც მე ვიცოდი, ძირითადი საკითხი სწორედ მათი იდენტობა იყო. ეს ეხებოდა არა მხოლოდ ლაჰირს, არამედ სხვა ყველა ცნობილ ფერადკანიან მწერალსაც: სანდრა სისნეროსს, ჯუნოტ დიასს, ემი ტანის.

ერთხელ ჩემმა მეგობარმა, ჟენი ჟანმა, რომელმაც მოგვიანებით აღიარებული მოთხრობების კრებული Sour Heart გამოსცა, მკითხა: რატომ არ ვწერდი უფრო მეტს ინდოელ ამერიკელ პერსონაჟებზე, ჩემნაირებზე. ავუხსენი – ასე იმიტომ ვიქცეოდი, რომ არ მინდოდა, ჩემი ტექსტები პოპულარული გამხდარიყო გარიგებით ქორწინებების, სარის, რიქშას და ჩაის გამო. მაგრამ ჯენიმ გონივრული შეკითხვა დამისვა: რამ მაფიქრებინა, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი?

მე არ ვარ ჩემი თაობის ერთადერთი მწერალი, რომელიც ინდურ-ამერიკული გამოცდილებების ლაჰირისეულმა ვერსიამ გააღიზიანა. 2021 წელს რომანისტმა სანჯენა სეთიანმა გააკრიტიკა ის, რასაც იგი მოიხსენიებს, როგორც ლაჰირის „ღირსეულობის ესთეტიკას“.

მხოლოდ ძალიან გვიან გავაცნობიერე, რომ ლაჰირი ისეთ პერიოდში გაიზარდა, რომ მისი გამოცდილებები განსხვავებული იყო ჩემი ან სეთიანის გამოცდილებებისგან. ლაჰირის ოჯახი როდ-აილენდზე 1970 წელს გადავიდა საცხოვრებლად, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში 51 000 ინდოელი იმიგრანტი ცხოვრობდა – და ბევრად უფრო ცოტა როდ-აილენდში. თავის ესეიში, რომელიც მან მოგვიანებით დაწერა ამერიკის შესახებ, იგი ამბობს, რომ მისი ოჯახი „ფუნდამენტურად არ მიეკუთვნებოდა“ იქაურობას და იხსენებს, როგორ მიიღო დედამისმა რასიზმით გაჯერებული წერილები იმ სკოლაში მუშაობისას, სადაც თავად სწავლობდა. ამერიკელების უცოდინარობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება – როგორც ლაჰირის პერსონაჟები იქცევიან – ინდოელი ამერიკელებისთვის სოციალურად გადარჩენის საშუალება უნდა ყოფილიყო.

მე 1982 წელს დავიბადე, კანადის ერთ პატარა ქალაქში, სასკაჩევანში, მაგრამ იმ დროს, როცა საშუალო სკოლაში დავიწყე სწავლა, ჩემი ოჯახი უკვე სიეტლის გარეუბანში ცხოვრობდა. ჩვენ 1995 წელს ჩავედით, ვიდრე სიეტლში ტექნიკური აღმავლობა დაიწყებოდა – ჯეფ ბეზოსს სულ ცოტა ხნის წინ დაეარსებინა ამაზონი საკუთარ გარაჟში, იმ ადგილთან ახლოს, სადაც მე და ჩემი და საყიდლებზე დავდიოდით… მაგრამ იქვე ახლოს Microsoft-ის არსებობა იმას ნიშნავდა, რომ იქ უკვე სწრაფად იზრდებოდა ინდოელების რაოდენობა. ერთი ბიძა Microsoft-ის პირველი ინდოელი თანამშრომელი იყო, მეორემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა Amazon’s Kindle-ის შექმნაში. ჩემი მშობლების მეგობრები კი იცნობდნენ სატია ნადელას, რომელიც Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.

ინდოელ ამერიკელად ყოფნა არც ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ჩემს ცხოვრებაში და არც დაძაბულობის გამომწვევი მიზეზი. ჩემი მშობლები მონაცვლეობით საუბრობდნენ ინგლისურად და ტელუგურად და არ ღელავდნენ, რომ მე და ჩემი და ინგლისურად ვპასუხობდით. ჩემს ზოგიერთ ახლო მეგობარს ჩინური, ტაივანური და პანამური ფესვები ჰქონდა; მათ სახლებში, ინგლისურის გარდა, სხვა ენების გაგონებაც ჩვეულებრივი რამ იყო.

2000 წლის აღწერისას – იმ წელს, როცა ლაჰირმა პულიცერი მიიღო – ინდოელი იმიგრანტების რიცხვი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1970 წლის შემდეგ, 20-ჯერ იყო გაზრდილი. გარშემომყოფები მე მხოლოდ ჩემი წარმომავლობით არ მაფასებდნენ, რაც, ცხადია, მეც მიადვილებდა იმას, რომ თავად, დამოუკიდებლად ჩამომეყალიბებინა საკუთარი თავი. ამგვარად, ლაჰირი აღწერდა იმ მსოფლიოს, რომელშიც იგი გაიზარდა და არა იმას, რომელშიც მე ვიზრდებოდი.

ჯენისთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ კვლავ დამეწერა ინდოელ ამერიკელებზე. დავიწყე რომანი The Immortal King Rao, რომლის პერსონაჟი (ვისი სახელიც ჰქვია რომანს) იმიგრანტია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და წარმოშობით ინდოეთის იმ რეგიონიდანაა, საიდანაც ჩემი ოჯახი – არა ლაჰირის  მაღალი კლასის ჩრდილოელი საზოგადოებიდან, არამედ აგრიკულტურული სამხრეთიდან, სადაც დედაჩემი ვეტერინარმა მამამ აღზარდა, მამაჩემის ოჯახის წევრები კი ფერმერები იყვნენ. დავიწყე, ასევე, იმ მოთხრობებს წერა, რომლებიც ჩემს ახალ კრებულში This Is Salvaged ჩნდება. მათი პერსონაჟები მულტიკულტურულ საზოგადოებებში მცხოვრები ინდოელი ამერიკელები არიან და არცერთი მათგანი არაა უმცირესობის სანიმუშო წარმომადგენელი.

ათ წელიწადზე მეტი დამჭირდა ორივე წიგნის დასასრულებლად. ამასობაში ინდოელთა დიასპორა კიდევ უფრო ხილვადი გახდა ამერიკულ კულტურაში. […]

ლაჰირიც კი დაიღალა ლაჰირიზმით. 2012 წელს რომში გადავიდა და იტალიურად დაიწყო წერა. 2016 წელს In other Words გამოსცა, ესეების კრებული, რომელშიც ამბობს, რომ ისეთი პერსონაჟების შექმნას იწყებს, რომლებსაც კონკრეტული კულტურული იდენტობა არ ექნებათ. მისი უახლესი რომანი Whereabouts (2021) ასევე იტალიურადაა დაწერილი; შეუბოჭავი, პირველ პირში დაწერილი მონათხრობია, პროტაგონისტის იდენტობა კი იმდენად აბსტრაქტულია, რომ მას სახელიც კი არა აქვს.

ამის შემდეგ, ინდურ-ამერიკული ლიტერატურის მრავალფეროვნება მხოლოდ იზრდება.

ერთ საღამოს The New Yorker გადავშალე და წავაწყდი ლაჰირის მოთხრობას, მისი ახალი კრებულიდან Roman Stories, რომელიც ოქტომბერში გამოიცემა. ნარატორი უსახელო იტალიელი კაცია, რომელიც ფიქრობს უცხოელ, ასევე უსახელო უცნობთან ურთიერთობის წამოწყებაზე. ბევრმა რამემ აღმაფრთოვანა. ის არაფრით ჰგავდა ჩემს, სეთიანის ან მეთიუს ნაწერს. იმ საღამოს კარგად მეძინა, დილით კი ჩემს მაგიდას დავუბრუნდი, რათა წერა დამეწყო.

© არილი

Facebook Comments Box