ხსოვნა

გამოთხოვება იზა ორჯონიკიძესთან

თორნიკე მოდებაძე


იზა ორჯონიკიძე ლირიკული მუზის მსახური, ლირიკული ლექსის ოსტატი იყო. ის სმენით ამოწმებდა ყოველ ფრაზას, ესწრაფვოდა სათქმელის ზუსტად გამოხატვას და ლექსს, უპირველეს ყოვლისა, ყოველგვარი ზედმეტობისგან ათავისუფლებდა. მის შემოქმედებას მეწყერივით მოვარდნილი შთაგონების კვალი ატყვია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ავტორი ცხელ გულზე დაწერილს ბოლომდე არ ენდობოდა და პირველ ვარიანტს ზოგჯერ საფუძვლიანადაც უცვლიდა სახეს.
ქალბატონ იზას ლექსიკური პალიტრა მრავალფეროვანია. მან ბავშვობა ქართლის ერთ ულამაზეს სოფელში გაატარა და პატარაობიდანვე შეითვისა ის ენა, რომელმაც მის პოეზიას განუმეორებელი შეფერილობა და მადლი მიანიჭა. მოგვიანებით დაწერილ მოგონებათა წიგნში “თავწყარო” ავტორი იხსენებდა პირველქმნილი ბუნების წიაღში მიღებულ შთაბეჭდილებებს, რომელთა სიხალისეც აღიბეჭდა მის პოეზიაში. მაგრამ მხოლოდ ბავშვობის თუნდაც უაღრესად ცინცხალი შთაბეჭდილებები არ ქმნის იზა ორჯონიკიძის სამყაროს. სიცოცხლის მძაფრ სიყვარულს შერწყმული უკიდურესი დრამატიზმი შინაარსობრივად ავსებს და დასრულებულ სახეს სძენს პოეტის შემოქმედებას. ეს ბუნებრივად ხდება. პოეტი თავისი შემოქმედების ყველა ეტაპზე ყოველთვის ძალდაუტანებლად ამბობდა იმას, რაც ჰქონდა სათქმელი. სათქმელი კი თავისთავად ცხადყოფდა ინტენსიური შინაგანი ცხოვრების ზღვრულ დაძაბულობას.
იზა ორჯონიკიძეს არც მოგვიანო წლებში გამოლევია “სიტყვის მადანი”. თითქოს ოდნავ დაცხრა მისი ბობოქარი სამყარო, სიმშვიდე და სინანულნარევი ტონალობა შეიძინა, ლექსს კი ადრინდელი ნიშნები შერჩა: კონკრეტული აქცენტები, გამჭვირვალე ფრაზები, ზუსტი ლექსიკური ერთეულები, რომლებიც თავის ირგვლივ ძლიერ ემოციურ ველს ქმნიან.
ლექსის სტრუქტურულ საიდუმლოებებთან ზიარებამ იზა ორჯონიკიძეს მთარგმნელობითი მუშაობისკენ უბიძგა. მის მიერ თარგმნილი ბერძენი პოეტების რიცოსის, სეფერისის, ილიადისის… და სხვათა თარგმანებმა გააფართოვა ქართული პოეტური თვალსაწიერი. ცალკე წიგნად გამოცემული იანის რიცოსის შემოქმედება სამოცდაათიან წლებში მიიღო ქართველმა მკითხველმა. აქ უჩვეულო ლირიკულ ლექსებთან ერთად არის პოემა “მთვარის სონატა”. ამ პოემის ლირიკული ჟღერადობა ისე ფაქიზად განაფინა ქართულ ენაზე მთარგმნელმა, რომ შეუძლებელია მკითხველი გულგრილი დარჩეს. არ შეიძლება არ გავიხსენოთ სეფერისის უდახვეწილესი ლირიკაც, რომელიც ასეთივე მაღალი ოსტატობით შესრულდა. ანტიკური სამყაროს ალუზიებით გაჯერებული ახალბერძნული პოეზიის ვრცელი კორპუსი სრულიად ახალი ნაკადია ქართულ მთარგმნელობით პოეტურ კულტურაში, რაც ახალ შინაარსობრივ და ვერსიფიკაციულ შტრიხებს სძენს ორიგინალურ ქართულ პოეზიას.
არ შეიძლება აგრეთვე მცირე რამ არ ვთქვათ ანა ახმატოვას იზა ორჯონიკისეულ თარგმანებზე. ქალბატონი იზა დიდი რუსი პოეტი ქალის შემოქმედებას ზედმიწევნით კარგად იცნობდა. ის წლების მანძილზე არა მხოლოდ კითხულობდა, არამედ ითავისებდა ამ პოეტის ლირიკას. საბოლოოდ, როცა მის თარგმნას მოჰკიდა ხელი, უკვე კარგად იცოდა, რომელი ნაწარმოებები მიესადაგებოდა მის ხელწერას თუ განწყობას და შთაგონებით აღძრული შეუდგა საქმეს. მან თარგმნა ახმატოვას ორმოცდაათი ლექსი და პარალელური ტექსტებით აღჭურვილი ცალკე წიგნად გამოსცა კიდეც. ამ თარგმანში ნათლად გამოსჭვივის ახმატოვას თავშეკავებული ვნებათღელვა, მისი კდემამოსილება და სიამაყე. შეიძლება ითქვას, რომ ანა ახმატოვა ქართულად ამეტყველდა.
ზემოთ გაკვრით ვახსენეთ იზა ორჯონიკიძის მოგონებების წიგნი “თავწყარო”. ამ წიგნში უკვე პროზაიკოსად გარდასახულმა პოეტმა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა ქართული ენის შესანიშნავი ფლობა. აქ ქალბატონი იზა იხსენებს თავისი ცხოვრების სათავეებს, მშობლებს, დიდედას, ტეზერს და ჯარიაშენს, ძვირფასი ადამიანების დაუვიწყარ აჩრდილებს, გაგრძელებაც ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ აღარ დასცალდა.
ლიტერატურული წყაროებიდან ცალკე აღნიშვნის ღირსია ესსე შოთა ჩანტლაძეზე. აქ მართლაც ოსტატურად არის დახატული პოეტის პორტრეტი, მისი მარტოსულობა და ტრაგიკული ხვედრი. აქვეა განხილული შემოქმედება და აშკარად ჩანს, რომ შოთა ჩანტლაძის პიროვნება არაჩვეულებრივად მკაფიოდ ირეკლებოდა მისსავე პოეზიაში.
იზა ორჯონიკიძე როგორც ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, საზოგადო მოღვაწე და გამომცემელი მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის ავტორი გახლდათ. უპირველეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის ოცდახუთტომეული. რაც შეეხება სხვა გამოცემებს, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს: გიორგი ლეონიძის ერთტომეული, პაოლო იაშვილის ორტომეული, ნიკო სამადაშვილის საარქივო გამოცემა, შალვა ამირეჯიბის ორტომეული და სხვა მრავალი.
ქალბატონი იზა სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდა, ის მუდმივად ეხმაურებოდა ქვეყნის ყველაზე საჭირბოროტო პრობლემებს, განურჩევლად ყველგან – პოლიტიკის თუ კულტურის სფეროში. მისი პუბლიცისტური წერილების კრებული თვალნათლივ ავლენს ინტერესთა იმ ფართო წრეს, რომელიც არამარტო ხელოვნების და ლიტერატურის პრობლემებს მოიცავდა, არამედ საქართველოს ბედ-იღბალსაც.

წერილი დაიწერა 2010 წლის თებერვალში

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box