პოეზია

გელა ჩქვანავა – როცა არა გაქვს სახლი და სხვ. ლექსები

gela chkvanava

პოეტი, ფეხბურთი და ანგელოსი მეშვიდე სართულიდან

თუ პაპანაქება სიცხეში მზემ დაგაჭირათ

და მოგეჩვენათ რომ მას თქვენი დადნობა

გადაუწყვეტია წყლიდან ამოგდებული

მედუზასავით ან ჩრდილგადასულ ძელსკამზე

შეყვარებულთა ჩხუბის შემდეგ მივიწყებული

ნაყინივით ჩათვალეთ რომ სულაც არ მოგჩვენებიათ

ასე და სვლა განაგრძეთ მოიხადეთ ქუდი და

შორს მოისროლეთ ან თუ ვერ ელევით შარვლის

ჯიბეში მაინც ჩაიკუჭეთ და დადნით მედუზასავით

ან ნაყინივით

 

პალიმფსესტი ვარ იმ ერთი წინაპრის

სულზე გადაწერილი ვისი სახელიც

დამარქვა მშობელმა მამამ რომელმაც

ობიექტურ მიზეზთა გამო იმას

კი არ გააჩენინა ჩემი თავი ვინც

უყვარდა თავდავიწყებით არამედ

სულ სხვა ქალს სიცოცხლის ბოლომდე

ყოველ დღე რომ გვიდა უკლებლივ

ყველა ოთახს უკლებლივ ყველას

დააკრიალებდა ყოველივეს და

მაშინ ალბათ სადღაც ერთი წუთით

მაინც ბედნიერი გახლდათ

 

თუ პაპანაქება სიცხეში მზემ დაგაჭირათ

და მოგეჩვენათ რომ მას თქვენი დადნობა

გადაუწყვეტია ჩათვალეთ რომ სულაც არ მოგჩვენებიათ

ასე ქუდი მოიხადეთ და სვლა განაგრძეთ

 

ჰო ისიც მოკვდა ქალი მეშვიდე სართულიდან

ანგელოსივით ლამაზი ქალი

გიჟპოეტას რომ მეძახოდა და გულიანად იცინოდა

როცა კორპუსის ეზოში ბავშვებს ფეხბურთი ვეთამაშე

მოკვდა უფრო სწორად დაიღუპა მისი

დამტვრეული მანქანა ტელევიზორშიც აჩვენეს

სავარაუდოდ საჭესთან ჩასძინებოდა

ხრამში გადაჩეხილს

თვითონ დაურეკავს სასწრაფოში

მაგრამ არავინ იცის გაიგონა თუ არა

მისი სირენის ხმა

ხელჩანთაში ერთი ფერის მაგრამ

სამი სხვადასხვა ტონის

ტუჩის საცხი ჰქონდა და ბზის ტოტი

ლოტოს ბილეთიც და უცებ მომინდა

იქვე ჰქონოდა ჩემი ბოლო კრებულიც

 

მისი ნაბიჯების ხმა ახლაც ჩამესმის ყურში

უფრო სწორად შპილკა ტუფლების

ანგელოსივით ქალი

რომელსაც არასოდეს უჭირდა გადაწვეტილებების

მიღება

გაიღვიძა ერთ დილით და გადაწყვიტა

რომ უსიყვარულოდ აღარ გათხოვდებოდა

იმავ დღეს ნიშნობის ბეჭედი დაუბრუნა საქმროს

მას მერე კი ვერავინ შეაღო მისი გულის კარები

გაიარა დრომ და არ ვიცით რა დაესიზმრა კვლავ რა

სიზმრის ბზიკმა უკბინა მაგრამ ისევ და ისევ

ერთ დილას უცებ გადაწყვიტა რომ მანქანა

უნდა ყოლოდა იაფად

გაყიდა მამისეული აგარაკი და იყიდა ჯიპი

იმ დღიდან თმებსაც ქერად იღებავდა და

კიდევ უფრო დაემსგავსა ანგელოსს

ოღონდ თავისნათქვამას

მისი ნაბიჯების ხმა ახლაც ჩამესმის

და სულ ვცდილობ დავწერო მასზე ლექსი

გრძელი მაგრამ ისეთი რომ მოსაწყენი არ იყოს

 

თუ პაპანაქება სიცხეში მზემ დაგაჭირათ

და მოგეჩვენათ რომ მას თქვენი დადნობა

გადაუწყვეტია ჩათვალეთ რომ სულაც არ მოგჩვენებიათ

ასე ქუდი მოიხადეთ და სვლა განაგრძეთ

 

მანამდე კი ითამაშეთ ფეხბურთი

შვილის ტოლა პატარებთან ერთად თქვენივ

კორპუსის ეზოში რომ ალალად გაეცინოთ

ქერა ანგელოსებს ან შავგვრემანებს

ითამაშეთ ფეხბურთი შვილის ტოლა პატარებთან

 

სინანულის ლექსი

მატარებლები თავიანთი მძიმე ბორბლებით

მოგზაურობენ მძიმე რელსებზე მათთვის

რომ გააკრეს როგორც ჯვარზე მუხის თუ კედრის

ან სულაც ევკალიპტის – ასეთებიც ყოფილა სადღაც –

განძელებზე საგანგებო ხსნარით გაჟღენთილებზე

კრეოზოტი რომ ქვია

ხშირად რომ ერევათ ბიტუმსა და გუდრონში

და სიცხეში სპეციფიკურ სუნს გამოსცემენ

რომელიც ვის როგორ მაგრამ მე მიყვარს ისე ძალიან

ზოგჯერ ვფიქრობ მატარებლებიც  ამან ხომ არ

შემაყვარა–მეთქი არადა პირიქით უნდა იყოს

 

რელსებიც მიყვარს განძელებზე როგორც ჯვარზე

გაკრული მაპატიე ღმერთო ასეთი შედარებისთვის

მაპატიე იმ ჩემი უძილო ღამეებისთვის

როცა შენს გარდა ვფიქრობ ყველაზე და ყველაფერზე

ჩემი ღრმა ძილისთვისაც მაპატიე როცა შენს მიერ

მომაგრებული ანგელოსი მდარაჯობს ხოლმე

სავარძელში მოკალათებული ან თუ ნასვამი ვარ

უფრო ახლოს სკამზე ჩამომჯდარი

რომლის საზურგეზეც გადავკიდებ ხოლმე

შარვალს და პერანგს დაწოლის წინ

მაპატიე ღმერთო იმისთვის რომ არ მესიზმრები

 

მატარებლების სიგნალის ხმა ხომ ისედაც მაგრამ

ხვრინვის ხმაც მიყვარს მეზობელი კუპედან არ

ვიცი რატომ არის რომ მატარებელში მყოფი

თითქმის არ ვფიქრობ შენზე მაშინ

როცა ხშირად გიხსენებ თუნდაც ავტობუსში

ან როცა თვითმფრინავში ვზივარ მიწიდან

ათი ათასი მეტრის სიმაღლეზე

 

განდეგილი გახლავარ და კეთროვანი და არც

ვიცი იმ ქვეყნადაც ვივარგებ თუ არა

იმ საგანგებოდ მოქსოვილი ტილოს

ნაჭერივითა ვარ რისგანაც აფრა კი

არ შეკერეს არამედ კომბინიზონი

პორტის მუშებისთვის

 

მაპატიე და მადლობა ხელში აყვანილი

რომ დაგყავდი ღმერთო

 

როცა არა გაქვს სახლი

მობილურის დამტენს ყველა იმ სახლში ინახავს

თავისად რომ ეგულება მე ჯიბით დამაქვს როგორც

მაწანწალას თუმცა მაწანწალებს ტელეფონები

აღარ სჭირდებათ ისინი ძვირიან ვისკისაც კი

უბრალოდ სვამენ არ ესიზმრებათ ბავშვობის სახლი

არც ყოფილი ცოლები და არც პირს იბანენ დილ–

დილაობით რათა ეს სიზმრები ჩამოიბანონ

მობილურის დამტენი მე ჯიბით დამაქვს

და ტელეფონსაც თავის დროზე ვმუხტავ

რომ დარეკონ ჩემთან თავიანთი სახლებიდან

ქალაქებიდან ქუჩებიდან ავტობუსებიდან

სამსახურიდან დაკრძალვიდან რედაქციებიდანაც

მხიარულებმა ნაღვლიანებმა მედიდურებმა

სენტიმენტალურებმა რეალისტებმა მოკრძალებულებმა

მონატრებულებმა მობეზრებულებმა

მობილურის დამტენი მე ჯიბით დამაქვს

შარვლის ზოგჯერ პერანგის ზოგჯერ ქურთუკის

ჯიბით დამაქვს და თუ არა მაქვს თუ დამრჩა სადმე

თავს ვგრძნობ შიშვლად დაუცველად

და მიქრება ყველა იმედი ასე მგონია

რომ ეჭქვეშ დგება ჩემი არსებობა და ამ მოვლენას

უბრალო სახელი ნევროზი ქვია ამიტომაც არის

რომ დრო და დრო მესიზმრება ფერადი სიზმრები

დილით კი ვიბან პირს ზოგჯერ წვერსაც გავიპარსავ

და ვამბობ ჩემთვის რომ ვარ მაწანწალა ზოგჯერ კი

ვამბობ რომ მაწანწალა სულაც არა ვარ უფრო სწორად

სარკეში ვეუბნები საკუთარ ორეულს რომელიც ჩემსავით

ბერდება კბილები აკლდება თმებიც სცვივა ამასთან ერთად

მაგრამ თმებზე ნაკლებად ვდარდობ რადგან არსებობს ქუდი

ან კურტკის კაპიუშონი მერე გავდივარ გარეთ და მიუხედავად იმისა

თუ რა ვუწოდე საკუთარ თავს ცოტა ხნის წინათ იქ სარკესთან ვფიქრობ

რომ ყველა ნევროზიანი საბოლოო ჯამში მაწანწალაა ვფიქრობ იმაზეც

რომ დროა თავი დავანებო მოწევას სულ ტყუილია რომ პოეტს

უხდება სიგარეტი სულ ტყუილია რომ სახლი ადამიანს შველის რომ ის

მისი ციხე–სიმაგრეა არ მიყვარს ციხე–სიმაგრეები გალავნები

ჩინური კედლებისმაგვარი თუ სხვანაირები მობილურის

დამტენს ყველა იმ სახლში ინახავს თავისად რომ ეგულება

მე ჯიბით დამაქვს

 

კაფელის გაკვრა

ახალ სააბაზანოში კედელზე ვაკრავდი კაფელს

ვაკრავდი კარგად ანუ ხარისხიანად პატრონს

მთელი თორმეტი ლარი უნდა გადაეხადა

კვადრატულ მეტრში სარკმელში ცა ჩანდა

და ცაზე ღრუბელი უბრალო რიგითი ღრუბელი

ანუ ისეთი მხოლოდ საკუთარ თავს რომ გავდა

და არა თუნდაც მუნკის ნახატს სახელწოდებით

კივილი ან ველოსიპედის პედალს

 

სამზარეულოში მხიარული დიასახლისი ჩემთვის

ტაფაზე კუპატებს წვავდა მაშინ ადამიანები

გახლდნენ უფრო კეთილები და სადილითაც

უმასპინძლდებოდნენ ხოლმე ხელოსნებს

განსაკუთრებით მაშინ როცა ისინი იყვნენ

მორიდებულები და სევდიანები როგორც მე

 

სამზარეულოში ჩემთვის ტაფაზე კუპატებს წვავდა

დიასახლისი თავისი ახალი ქმრით კმაყოფილი

რომელიც ყველა სურვილს უსრულებდა

თანაც სიმპათიური გახლდათ და მოვლილხელება

ბედის ნებიერაც ისიც იცოდა ვაჟბატონმა რომ შექება

ხელოსანთა უმეტესობაზე დადებითად მოქმედებს

განსაკუთრებით მაშინ როცა ისინი არიან

მორიდებულები და სევდიანები

როგორიც მე ვიყავი მაშინ

 

ამიტომაც ისე გულმოდგინედ ვირჯებოდი

თითქოს ჩემთვის ვცდილობდი და იმ ახალ დიდ

სააბაზანოში ასე ლამაზად რომ მოვრთე კაფელით მე

და ჩემს ცოლს უნდა გვებანავა რომელიც მაშინ

ორსულად მყავდა

 

ახალ სააბაზანოში კედელზე ვაკრავდი კაფელს

სარკმელში ცა ჩანდა და ცაზე ღრუბელი

საკუთარ თავში ჩაკეტილი როგორც მე სააბაზანოში

არ აღიზიანებდა ზედმეტად წარმოსახვას ანუ არ გავდა

რამეს და იყო ღრუბელი საკუთარი სახით

 

სანამ დალპება ვაშლი

ანუ ლექსი-აბსურდი გზააბნეულთათვის სევდის სიტკბოზე

ორი თვის წინ გაყიდული ძროხა პატრონს რომ დაუბრუნდება

ჭიშკართან შებღავლებს და მშვიდად და ერთგულად განაგრძობს

ცოხნას და ლოდინს ხოლო გარეთ გამოსული პატრონი ტელეფონით

იმასაც გაიგებს რომ ახალ პატრონთან მოგებული ხბო მოკვდომია იმის დანახვაზე

კი თუ როგორ ეღვრება რძე ჯიქნიდან ერთს ამოიოხრებს ჩამოწველის იქვე ნაჩქარევად

იმ მიწაზე დაღვრილ რძეში ღმერთს დაინახავ სულ ტყუილია როცა ამბობენ თითქოს ზღარბს ვაშლები ზურგით გადააქვს თავისი ბუნაგისაკენ ის საერთოდ არ იმარაგებს ზამთრისთვის სანოვაგეს რადგან ამ დროს ძინავს და ესეც რომ არა ზურგის ეკლებზე წამოცმულ ვაშლს დამოუკიდებლად

ვერაფრით მოიძრობს გაყიდული ძროხებიც პატრონებს ძალიან იშვიათად უბრუნდებიან

მაგრამ იმ ერთეულ შემთხვევას თუ შეესწარით და ყველაფერი ისე წარიმართა როგორც

აღვწერე ჩათვალეთ რომ გაგიმართლათ რადგან გაქვთ შანსი მიწაზე დაღვრილ რძეში

იხილოთ ღმერთი აბა წარმოიდგინეთ სულ ერთი წამით ან თუ გაუძლებთ უფრო

მეტი ხნითაც წარმოიდგინეთ ადამიანს თვალები რომ არ ქონდეს და გავდეს

წვიმის ჭიას ბრმას და სლიპინას მახსოვს ერთხელ ბავშვობაში როგორ

ვესროლე მშვილდიდან ისარი მეზობლის დენის სადენს ისარმა კი

მოულოდნელად მიზანს მიაღწია მოხვდა სადენს მოხდა მოკლე

ჩართვა სადენი დაიწვა მეზობელი კი თავის სტუმრებიანად

უშუქოდ დარჩა მერე დიდხანს ისხდნენ აივანზე ლამფის

შუქზე მუსაიფობდნენ მე კი გატრუნული ვიწექი

ლოგინში და ვიყავი ბედნიერი რადგან ვერავინ მიხვდა რომ ამ

ყველაფერის მიზეზი გახლდით ისინი კი საუბრობდნენ ძალიან დიდხანს

ლამის დილამდე მეორე დღეს კი მამამ დაპირებული ტყავის წითელი ბურთი

მომიტანა და მე ისევ ბედნიერი ვიყავი აღარ მრცხვენოდა რკინის ბრჭყალებით

ბოძზე ასული მონტიორის რომელიც სადენს ცვლიდა ხოლო რატომ მოვითხოვე

რომ ბურთი მაინცდამაინც წითელი ყოფილიყო წლებია ვიხსენებ და ვერ გავიხსენე

სამაგიეროდ დავიწყების მტვერი გადავაცალე სხვა უამრავ რამეს ფაქტს მოვლენას

და მივედი იმ დასკვნამდე რომ ძალიან მივქარე დღიურებს რომ არ ვწერდი იმ

დასკვნამდეც მივედი რომ არ იქნება ურიგო ამ საქმეს ახლა მაინც შევუდგე

მაგრამ არ ვშვრები ის რაც შორია არ არის მძიმე თუნდაც მთა ან პლანეტა

ანდა წარსული და საერთოდაც მოძრაობაში არის სიამე და შვება

 

ჩებურეკების მოყვარული აფერისტის სიკვდილი

ცისფერთვალება

დაუღალავი

ტელეფონის უამრავი ნომერი ახსოვდა ზეპირად

და უცებ მოკლეს ჩვენი უბნის აფერისტი

არც ადარდებდა რომ ვერ იხდიდა ვალებს

ჩებურეკებს ზოგჯერ მაწანწალა ძაღლებსაც უწილადებდა

იმასაც ამბობდნენ ლიფტსაც ატყუებს

და ნისიად ატარებინებსო თავს

 

ვიღაც მევალემ

ჯარის ამხანაგმა

თევზაობის დიდად მოყვარულმა

მუცელში დანა ისე მშვიდად გაუყარა

თითქოს სამზარეულოში ახალდაჭერილ თევზს ფატრავდა

გამოსაწველად მისი შვილი ანუ მკვლელის

ლოტბარი ყოფილიყო მაგრამ ლოთი სამჯერ ნაცოლარი

ამ მხრივ ჩვენი უბნის აფერისტი ერთით ჯობდა

 

ოთხგზის ოჯახდანგრეული მილიონჯერ დაწყევლილი

ჩვენი უბნის აფერისტი მოკლეს

ვალებს კი არადა ალიმენტებსაც აღარ იხდიდა

 

ალიმენტებს არ იხდიდა

მაგრამ ნაშიერებს ორჯერ მეტს ჩუქნიდა

ვალად აღებული ფულიდან და

უყვებოდა წინაპრებზე ათასნაირ საინტერესო ისტორიებს

ისე ცოცხლად და დამაჯერებლად

თითქოს ამ ამბების თანამონაწილე თვითონაც ყოფილიყო

მოკლეს ჩვენი უბნის აფერისტის თვალთა ეშმაკები

ვერ აიღებს ვალებს ვეღარც ჩებურეკებს შეჭამს

და ვერც გაუყოფს ძმურად მაწანწალა ძაღლებს და მე ახლა

მათზე რომ დავწერო მისი სიკვდილი წინასწარ იგრძნეს

და ყმუოდნენ-მეთქი იქნებ დამიჯეროს კიდეც ვინმემ

და შეიძლება ლექსსაც მოუხდეს მაგრამ არ ვწერ

ჩვენი უბნის აფერისტი მოკლეს

უკვე ვეღარ დააშავებს იმდენს

რომ სასიკვდილოდ გაიმეტოს ვინმემ

 

მე რომ ვიყო პრეზიდენტი

მე რომ პრეზიდენტი ვიყო ყველა სოფელში დავნიშნავდი

თითო ტრამვაის თავისი ვატმანით და ივლიდნენ ისინი ველ-

მინდვრების გავლით ძროხების თვალწინ კამეჩების და თხების თვალწინ

ღორ-გოჭთა თვალწინ მოვახატინებდი შიგნიდან გვირილებით და მაგ გვირილებში

ჩავასმევინებდი სოფლელ მიცვალებულთა ფოტოსურათებს რომ ყველას

ახსოვდეს რომ თბილი ღიმილით შეხედონ მკვდარ სახლეულებს

ნათესავებს და მეზობლებს მე რომ თავად პრეზიდენტი ვიყო

 

მე რომ პრეზიდენტი ვიყო ყველა იმ ტრამვაით ვიმგზავრებდი

ინკოგნიტოდ და მთელს ჩემს ხელფასს გრიმიორებში დავხარჯავდი

პრემიებსაც დავუწესებდი ჩემივ ჯიბიდან მათაც ხომ უნდა არჩინონ ოჯახი

და შვილებს სკოლაში ბუფეტის ფულიც გააყოლონ დილ-დილაობით მე რომ

პრეზიდენტი ვიყო ყველა სოფელში დავნიშნავდი თითო ტრამვაის და ივლიდნენ

ისინი ფოტოებიანი გვირილებით მოხატულები ველ-მინდვრების გავლით ძროხების

თვალწინ კამეჩების და ღორ-გოჭთა თვალწინ მათ დასათვალიერებლად

ტყის პირას ერთად შეჯგუფუებულ ტურა-მელა-მგელთა თვალწინ

 

ახალგაზრდა ღამურა

თავდაღმა კიდია

შია

ვერა და ვერ ჩამობნელდა

მას კი ისე ძალიან უნდა რომ მოვიდეს ღამე

ფრთები გაშალოს

ის ხომ ახალგაზრდაა მაჭარივით

უდუღს სისხლი ყველა სისხლძარღვში

და კაპილარში

 

მისი ფრთები მისი სიმდიდრეა

ვარსკვლავებს ეთამაშება

ეს ყმაწვილიო

ამბობენ მასზე სხვა ღამურები

 

უგრძნობდა გული რომ დამდეგ ღამესაც

არ იწვიმებდა

და ამიტომაც გამთენიისას მშვიდად დაიძინა

უცდომელია მისი ულტრაბგერები

ორიენტირების საშუალებას რომ აძლევს

ექოლოკაციის შემოქმედმა დიადმა

ღმერთმა ნუ ქნას დაკარგოს იგი

 

ის ახალგაზრდაა

ჯან-ღონით სავსე და სულაც არ ფიქრობს

როგორც მისი ძმა რომ კარგი იქნებოდა

თუნდაც ბუდ მოვლენოდა ქვეყნიერებას

დედამისი კი მოხუცდა და ღალატობენ

ულტრაბგერები დაუჩლუნგდა უნარი ნავიგაციის

ამას წინათ ფრთებით გაიხლართა ხის ტოტებში

წუხელ კი სადღაც ღია სარკმელში შეფრენილა

და დილამდე უძებნია გამოსასვლელი უთავბოლოდ

დაფრინავდა თურმე ოთახში აწყდებოდა კუთხიდან

კუთხეს გაუმართლა

რომ მასპინძელიც ერთი გადამღრძვალი დედაბერი

ყოფილიყო ყურს აკლდა და ამიტომ ხმაურმა

ვერ გამოაღვიძა

 

ის ახალგაზრდა ღამურაა

მთელი ცხოვრება წინ აქვს

მისი სიმდიდრე მისი ფრთებია

მადლობა ღმერთს რომ არ არის წვიმა

 

მე ვიცი საიდან მოდის ჩაი

სოფელი სადაც ზაფხულობით ბავშვობაში ვისვენებდი

ხოლმე ბიძაჩემთან კოლმეურნეობის გაზ-51-ის შოფერთან

თაკარა მზისქვეშ თუ წვიმაში მკრეფავი ქალები კრეფდნენ ჩაის

ზოგჯერ კი შუადღისას სახლშიც არ მიდიოდნენ ჩამოსხდებოდნენ

სადმე პლანტაციებს შორის ხეთა ჩრდილქვეშ და მიირთმევდნენ

სახლში გამომცხვარ პურს კიტრს პომიდორს და ყველს ყველაფერი

გემრიელი იყო მათ უკან კი მათი ოფლიანი ჭილის ქუდები შრებოდა

ნიავზე სადილის შემდეგ მე მათთვის წყაროდან მომქონდა წყალი ალუმინის

მომცრო ბიდონით და ისინიც სანამ დალევდნენ რიგ-რიგობით მლოცავდნენ

სტანდარტული ტექსტით მაგრამ გულით ხოლო წყურვილს რომ დაიცხრობდნენ

და ალუმინისსავე ტოლჩას გვერდით მჯდომს გადასცემდნენ თითქოს ესეც

რიტუალის ნაწილიაო გაირინდებოდნენ ხოლმე ალალ თვალებში კი ნაღველი

ჩაუდგებოდათ ამ დროისათვის ბიძაჩემის მანქანის ძარა პირთამდე გახლდათ

სავსე მათი მოკრეფილი ჩაით და მე და ბიძაჩემს ფარბრიკაში უნდა წაგვეღო

ბრიგადირთან ერთად რომლის სიგარეტებსაც ბიძაჩემი დაუკითხავად ეწეოდა

 

როგორც ბიძაჩემი აღარც ჩაის მკრეფავი ქალები არიან ცოცხლებში ზოგჯერ დილ

-დილაობით მუშაობისას რომ ამღერდებოდნენ უცებ ეს მაშინ ალბათ როცა

საკუთარი პირმშოები მოენატრებოდათ მესიზმრებიან ზოგჯერ ისინი და ძილშივე

მენატრებიან მათ ნაკლებადმოვლილ საფლავებზე ახლა ჩიტები ჭიკჭიკებენ და

გალობენ კიდეც როგორც სამოთხეში ახლა ჩაის პლანტაციებიც აღარ არის და

ჭილის ქუდებიც სხვანაირია უკვე

© არილი

Facebook Comments Box