ივანე ლიქოკელი, “ხევსურები და ქაქუცა”. თბ. “არტანუჯი”, 2006.
1922 წელს ხევსურებმა საბჭოთა ხელისუფლებას ომი გამოუცხადეს.
ასეთ ცნობას ისტორიის ვერც ერთ სახელმძღვანელოში ვერ შეხვდებით, რადგან დღემდე 1922 წლის ზაფხულში ხევსურეთში განვითარებულ მოვლენებს, რომელშიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმიც მონაწილეობდა, აჯანყების სახელით ვიცნობდით.
რა თქმა უნდა, საუბარია ერთსა და იმავე მოვლენაზე, ივანე ლიქოკელის წიგნი “ხევსურები და ქაქუცა” კი მხოლოდ ცდაა ამ ისტორიული მოვლენის რაობის, ფორმისა და შინარსის გარკვევისა.
ომია და ომი იყოს. შესაძლოა ასეთი განმარტება უფრო მისაღებია ისტორიული მეცნიერების მკვლევართათვის, ხოლო ჩვეულებრივი მკითხველისათვის ამას გადმწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ის კმაყოფილი დარჩება, რაც ადრე ყურმოკვრით, ზეპირგადმოცემით იცოდა, კიდევ გამდიდრდება ახალ-ახალი მასლებით და მოვლენათა სრული, შეულამაზებელი სურათი აღდგება.
წინასიტყვაში ავტორი დაგვპირდა, რომ არ გაიმეორებდა სხვადასხვა მემუარებში გამოქვეყნებულ მასალებს, აჯანყების მონაწილეთა მონათხრობით, ზეპირგადმოცემაზე დაყრდნობით ახალი ფაქტებით გაამდიდრებდა მთელი ამ მოძრაობის ისტორიას და ადგილობრივი გარემოს, ხევსურთა წეს-ჩვეულებების სათანადო ცოდნით გამოკვლევას ობიექტური ისტორიის სახელს შესძენდა.
ასეთი პირობა ამ ოციოდე წლის წინ სრულიად საკმარისი იქნებოდა მკითხველის ნდობის მოსაპოვებლად, მაგრამ დღევანდელმა სამწუხარო გამოცდილებამ მას უნდობლობა გაუმძაფრა ისტორიული ტექსტების მიმართ. ასე ადვილად აღარც ზეპირი გადმოცემებისა სჯერა და არც მოვლენების გაპოეტურების ცდა ხიბლავს, მან იცის, რომ წარსულის დავიწყება ან გაიდიალება ფასეულობათა აღრევას იწვევს და ამისთვის უანგარიშოდ არავინ ირჯება.
ასეთ მკაცრ რეალობაში მოუწევს ამ წიგნს მკითხველთან შეხვედრა, მე კი გულწრფელად ვუსურვებ მას წარმატებას, რადგან ავტორს წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი უმუშავია, კვლევა კი ორ უმნიშვნელოვანეს საკითხს — ხევსურეთის აჯანყებას და ქაქუცა ჩოლოყაშვილის პიროვნებას ეხება.
ხევსურეთის აჯანყება 1921-24 წლებში ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი ათეული წელია იმ მოვლენების კვლევა მიმდინარეობს, ჯერ კიდევ ბევრი რამ ბურუსითაა მოცული, ამის მიზეზი კი ისაა, რომ კვლევა კონკრეტული დროით იზღუდება და არ ხდება თემის სრულყოფილი განხილვა, რომელიც მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ფორმატშია შესაძლებელი. დასაწერია ვრცელი ისტორიული მიმოხილვა 1801 წლიდან მოყოლებული, ვიდრე 1989 წლის აპრილამდე და კიდევ აქეთ, რომელიც ალბათ მომავალში დაიწერება. ამისთვის კი მომავალ ისტორიკოსს ხელთ სწორედ ასეთი დოკუმენტური მასალა უნდა ჰქონდეს, რომ საკითხის განხილვა გაუადვილდეს.
შეუძლებელია ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელის გამიჯვნა ხევსურეთის აჯანყებისგან, თუმცა, ეს ორი სრულიად დამოუკიდებელი მოვლენაა, ერთ შემთხვევაში თუ ავსებენ ერთმანერთს, მეორე შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდიან და ავტორს უხდება მტკიცება, რომ ხევსურეთის აჯანყება მაინც დაიწყებოდა ჩოლოყაშვილის რაზმი რომ არ შესულიყო ხევსურეთში და შეფიცულთა მიერ ხევსურეთის დატოვება ობიექტური მიზეზებით იყო ნაკარნახევი.
ირკვევა, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის პიროვნების ირგვლივ კითხვები მაინც არსებობს, თუმცა ჩვენი ცხოვრების უცნაურობა ისაა, რომ ამ კითხვების დასმას საზოგადოებიდან შეიძლება ისეთივე მძაფრი რეაქცია მოჰყვეს, როგორსაც ათწლეულების მანძილზე მისი სახელის ხსენება იწვევდა.
ასეთია ამ დატანჯული კაცის ბედისწერა, ბრწყინვალე არისტოკრატიული გვარის წარმომადგენელს, დაუდგრომელი ხასიათის გამო შინაურებმა მეტსახელად ქაქუცა რომ დარქვეს. ამ სახელით, თუნდაც კავალერიის პოლკოვნიკი მატანსაც ვერ უნდა გაცდენოდა, მაგრამ სხვანაირად ინება განგებამ, სწორედ ამ სახელით და ეროვნული გმირის მანტიით 2006 წელს ხალხმა მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში პატივით მიაბარა მშობლიურ მიწას. პირველად 90-იან წლებში გაცხადდა მისი სახელი, როცა ეროვნული მოძრაობის მესვეურებმა თავდადებულთა გალერეაში ცარიელი ჩარჩოების შევსება მოიწადინეს, თუმცა მაშინ ის ჯერ კიდევ რიგითი თავგანწირული იყო, შემდგომმა თაობამ უფრო ზევით, მთაწმინდაზე მაღლა ასწია მისი სახელი და თავიანთ სულიერ წინაპრად გამოაცხადა.
წიგნში ადგილი ეთმობა აჯანყების მონაწილე, ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის მიხა ხელაშვილის პიროვნებასაც. მისი ლექსები ქრონოლოგიურად მიჰყვება მოვლენებს, თუმცა ამ თემაზე რამდენიმე ლექსი და მათ შორის, ეს ცნობილი სტრიქონებიც: “ერთი შეცდომა დავუშვი, გამოვყევ ქაქუცელებსა…” დამაკლდა თვალში…
წიგნს უხდება იშვიათი ღირებულების შავ-თეთრი ფოტოები და ფერადი ხევსურული დიალექტი: “…… ტყვიის წვიმაში შემკრთალ არვის უნახავ ის-ი, სიკვდილს ქვე არას ჩაგიხედევდ… ცხენზე ჯდომა რახელ-იცოდის, ქვეთას გვერდზეით მაევლის აი უნაგირს უზანგაის უხმარად… ქვე რახე შეშპრობა-თამაშობა იცოდა იმან, აი ფეხთ რო ცეცხლი ეკიდის, ჩოხის კალთან ქვე არ იძროდიან…” და ასე დაუსრულებლად, გმირის სახეს დანატრებული ხევსურები ფარდაგებს აქსოვენ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს სახელს.
ხევსურეთს ხომ ყოველთვის მითებით ჰყავდა განებივრებული დანარჩენი საქართველო, ჰოდა, ამჯერადაც მითიურ გარემოს ქმნიან ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის პორტრეტისათვის. მალე აქ, ფიც-ვერცხლით შეკრულ და ღვთიური ფიცით შედუღაბებული რაზმის, ღვთით მოცემულ და დამტკიცებულ, გაბელადებულ პოლკოვნიკს ისეთ საგმირო ლექსს გამოუთქვამენ, რომ როგორც ბესიკ ხარანაული ამბობს, ჰომეროსის მუზაც დაიმორცხვებს მის წინაშე…
ამიტომ სჯობს, ისევ ხევსურთა გმირულ პანთეონში დარჩეს მისი სახელი, რომ ისტორიკოსთა განმაქიქებელი სიტყვა ვერასოდეს მისწვდეს.
© “ცხელი შოკოლადი”