ესე (თარგმანი)

ჯონათან გალასი – იტალო კალვინოს ხილვები

italo kalvino 75467567

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

თუ უმბერტო ეკოს არ ჩავთვლით, იტალო კალვინო (1923-1985) ომისშემდგომი პერიოდის ყველაზე გავლენიანი იტალიელი პროზაიკოსია (ამას ადასტურებს თუნდაც ის, რომ 1970 წლიდან მოყოლებული, ესაა მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი მეათე სტატია, რომელიც ჩვენში გამოქვეყნდა). კალვინოს დახვეწილი, რამდენადმე პესიმისტური, ირონიული პროზა რეალისტური ლიტერატურის დეკონსტრუქციას ისახავდა მიზნად, რაც ფრანგული “ახალი რომანის” წარმომადგენლებმა და “ულიპოს” ჯგუფში გაერთიანებულმა მწერლებმა ვერ შეძლეს. მათ მხოლოდ ნაწილობრივ ახადეს ფარდა ლიტერატურული შემოქმედების საიდუმლოებებს და მკითხველს შეახსენეს ლიტერატურული თამაშის თვითრეფლექსიური არსი.

ომისშემდგომი პერიოდის იტალიურ ლიტერატურაში ღირებულებების ისეთივე არსებითი კრიზისი მიმდინარეობდა, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის მწერლობაში, რასაც სათავე დაუდო ჯუზეპე ტომაზი დი ლამპედუზას სიკვდილის შემდეგ გამოცემულმა “ლეოპარდმა” (1958) – თუმცა ეს უკანასკნელი შეიძლება ჩაითვალოს ძველი ლიტერატურული სკოლის უკანასკნელ დიად რომანად. ომამდე ელიო ვიტორინიმ და ჩეზარე პავეზემ ჰემინგუეის და ამერიკული რეალიზმის მნიშვნელოვანი ზეგავლენა განიცადეს; მათ შეენაცვლა (თუ ყველაზე გამოჩენილ მწერლებს დავასახელებთ) ჯორჯო ბასანის, ალბერტო მორავიას და ელზა მორანტეს (მორავიას ცოლის), კარლო ემილიო გადას, ნატალია გინზბურგის, ლეონარდო შაშას, პიერ პაოლო პაზოლინის და პრიმო ლევის თაობა. ამ უკანასკნელთა სახელები ხშირად გვხვდება კალვინოს ქრონოლოგიურად დალაგებულ წერილებში, რომლებიც მაიკლ ვუდმა იტალიაში გამოქვეყნებული თითქმის ათასგვერდიანი ლიტერატურული კორესპონდენციიდან ამოკრიბა და წიგნად გამოსცა.

ამ მწერლებმა აღწერეს ინდუსტრიულ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებული ნახევრადფეოდალური საზოგადოების ცხოვრება; მათ შემოქმედებაზე ზეგავლენას ახდენდა ცივი ომის პოლიტიკა ამერიკაზე დამოკიდებული ქვეყნისა, რომელშიც არსებობდა დამოუკიდებელი, ლეგალური და პოპულარული კომუნისტური პარტია; ეს უკანასკნელი აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა მმართველ ქრისტიანულ-დემოკრატიულ კოალიციას, რომლის მემარცხენე და მემარჯვენე ფრთები გამუდმებით ეპაექრებოდნენ ერთმანეთს ყველა ფრონტზე. კალვინოს ნაწარმოებებში თავს იჩენს იტალიის კულტურული ცხოვრების ეს ტენდენციები, შესაძლოა, მათზე მწერლის არაიდეოლოგიური რეაქციის მეშვეობითაც კი.

კალვინო დაიბადა კუბაზე, სადაც მომავალი მწერლის ბოტანიკოსი მშობლები მუშაობდნენ საცდელ სადგურში, ჰავანის მახლობლად. ამასთან, ის გაიზარდა სან-რემოში, იტალიურ რივიერაზე. კალვინოს აგრონომის პროფესია იტაცებდა. წერილებში ბავშვობის მეგობარ ეუჯენიო სკალფარისადმი, რომელიც მოგვიანებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი გახდა, გამოსჭვივის ახალგაზრდა კალვინოს გატაცება ლიტერატურით, ფილოსოფიითა და გოგონებით.

სამოქალაქო ომის დროს კალვინო პარტიზანებთან ერთად იბრძოდა, რასაც მუსოლინის დაცემა მოჰყვა. მისი ცხოვრების ეს ეტაპი აისახა პირველ რომანში “ბილიკი ობობების ბუდეებისკენ” (1947), ომის დასასრულს კი კალვინო კომუნისტური პარტიის წევრი გახდა. 1957 წელს მან, პარტიის უკიდურესად კონფორმისტული ხაზის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, დატოვა მისი რიგები. მწერლის აღიარებით, მას გაუცრუვდა იმედი იმისა, რომ “იტალიის კომუნისტური პარტია სათავეში ჩაუდგებოდა კომუნიზმის რეკონსტრუქციისთვის საერთაშორისო მოძრაობას და დაგმობდა ძალაუფლების გამოყენების მეთოდებს, რომლებიც არასწორი და ჭეშმარიტად არაპოპულარული იყო”. ამასთან, კალვინო გრძნობდა, რომ “კომუნისტები იტალიაში “უფრო გონივრულად იქცეოდნენ, ვიდრე სხვა ქვეყნებში”. “ნიუ-იორკ რევიუს” რედაქტორს ის სწერდა, რომ, მისი რწმენით, იტალიის კომუნისტური პარტია გახლდათ “ძალზე დისციპლინირებული და ქმედითუნარიანი ორგანიზაცია, რომელიც სასიცოცხლოდ იყო დაინტერესებული დემოკრატიის დაცვითა და განვითარებით”.

ჭეშმარიტი სოლიდარობა მშრომელებთან მისთვის არც ისე ადვილად მისაღწევი იდეალი გახლდათ – შესაძლოა, ეს კალვინოს სურვილად დარჩა და რეალურად ვერ განხორციელდა. 1950 წელს ის წერდა: “მთელი ოთხი დღის განმავლობაში შევძელი, მეგრძნო ძალზე მჭიდრო სიახლოვე მუშათა კლასის ბრძოლასთან და მისი არსებითი მნიშვნელობაც, რაც გარკვეული დროის განმავლობაში არ განმიცდია”. 1951 წელს კალვინო მეგობარ მწერლთან კამათის დროს აცხადებს (შესაძლოა, ჭარბი მგზნებარებით): “მწერალმა საკუთარი თავი მსხვერპლად უნდა გაიღოს, რათა დაეხმაროს მოყვასს”.

მაგრამ კალვინოს, თავისი ბუნებით, არ შეეძლო რომელიმე ორგანიზაციის რიგითი წევრი ან მიმდევარი ყოფილიყო. მრავალი ინტელექტუალის მსგავსად, მას გულთან ახლოს მიჰქონდა (როგორც 1958 წელს წერდა) მხოლოდ “ბურჟუაზიული ინტელიგენციის კრიზისი, რომელსაც კრიტიკულად განიხილავდა”. “პრობლემა ისაა, რომ ადამიანს არ ძალუძს თავისი თავის სრული იდენტიფიცირება ამა თუ იმ მოძრაობასთან”, – ჩიოდა ის მემარცხენე და მემარჯვენე ძალთა ექსტრემიზმის ეპოქაში – მრისხანე “ტყვიის წლებში” (1960-იანი წლების ბოლოდან 1970-იანი წლების ბოლომდე): “ჩემთვის მისაღებია მხოლოდ განკერძოებული დამკვირვებლის პოზიცია” (წარმომიდგენია, რა რეაქცია ექნებოდა მას 1990-იან წლებში ბეტინო კრაკსის და ბერლუსკონის კორუფციულ ქმედებებთან დაკავშირებით).

შეიძლება, კალვინოს ლიტერატურის ხალხურ წყაროების გაცნობის სურვილმა უბიძგა შეედგინა ბრწყინვალე ანთოლოგია “იტალიური ზღაპრები” (1956), რომელშიც მეოცე საუკუნის ამ გრიმმა შეიტანა მის მიერ შეგროვილი, ჩაწერილი და სხვადასხვა იტალიური დიალექტიდან ნათარგმნი უამრავი შესანიშნავი ხალხური ზღაპარი, რომლებიც (როგორც წინასიტყვაობაშია ნათქვამი) არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე – ნებისმიერი ხალხის ფოლკლორი. კალვინოს აღიარებით, ზღაპრების შეგროვებისა და თარგმნის დროს

“ტყეებსა და მოჯადოებულ ციხესიმაგრეებში ვცხოვრობდი, ერთდროულად ოცნებებსა და სინამდვილეს შორის ვმერყეობდი… და ამ ორი წლის განმავლობაში სამყარო ჩემ გარშემო თანდათან აღიჭურვა ზღაპრული ქვეყნის ატრიბუტებით, სადაც ყველაფერი ჯადოსნური ან სახეცვლილი იყო”.

რა თქმა უნდა, ხალხური ლიტერატურით გატაცებამ მას საუკეთესო ნაწარმოებები შთააგონა. ვიტორინისა და პავეზეს ახალგაზრდა შეგირდი, რომლისთვისაც ჰემინგუეი “მართლაც რომ ღმერთი” გახლდათ, საბოლოოდ, რეალიზმის ბორკილებიდან განთავისუფლდა და იქცა ყველაზე დახვეწილ და შთამბეჭდავ პოსტმოდერნისტ მწერლად, რომელიც მხოლოდ არგენტინელ ხორხე ლუის ბორხესს თუ ჩამორჩებოდა. თუმცა 1967 წელს ის სწერდა ერთ-ერთ კრიტიკოსს (კალვინოს წერილთა უმრავლესობა წარმოადგენს დადებით ან კრიტიკულ გამოხმაურებას მისი შემოქმედების კრიტიკაზე) რომ “ჩემს სახლში დაკიდულ პორტრეტზე ჰემინგუეი, გარკვეულწილად, წააგავს ბორხესს, რომელსაც იმხანად არავინ იცნობდა”. კალვინო, საბოლოოდ, “ბორხესისტი” გახდა, მაგრამ ყოველთვის მოკრძალებით აღნიშნავდა თავის განსხვავებას არგენტინელი მწერლისგან, “რაც ჩვენი განსხვავებული პოზიციებიდან გამომდინარეობს”.

ფოლკლორული ნიმუშების შეგროვების დროს მან იპოვა მეგობარი და თანამოსაუბრე ახალგაზრდა ფრიულელი პოეტის, პიერ პაოლო პაზოლინის სახით, რომლის წიგნში “იტალიური სიმღერები: ხალხური პოეზიის ანთოლოგია” ნოვატორულადაა გაანალიზებული ხალხური პოეტური ტრადიციები იტალიის სხვადასხვა რეგიონის დიალექტებში. ეს წიგნი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე – კალვინოს “იტალიური ზღაპრები”. კალვინო და პაზოლინი ერთხანს მხარდამხარ მოღვაწეობდნენ ლიტერატურასა და პოლიტიკაში; კალვინოს შთააგონებდა და აღელვებდა პაზოლინის “გრამშის ფერფლის” (1957) გულში ჩამწვდომი, მჭევრმეტყველური სამოქალაქო პოეზია. “სწორედ ასეთი პოეზია გვჭირდება”, – ეუბნებოდა ის კორესპონდენტს. – პოეზია, რომელიც გვაიძულებს ვიმსჯელოთ, რომელიც ასახავს სამყაროს წინააღმდეგობებს, ახალ აზრებს გვიღვიძებს და სულს გვიფორიაქებს!”. მან პაზოლინის ძალზე აღფრთოვანებული წერილი გაუგზავნა მისი მეორე რომანის, “ულმობელი ცხოვრების” (1959) შესახებ, მაგრამ პაზოლინის, როგორც კინემატოგრაფისტის ნიჭს დიდად არ აფასებდა, 1964 წელს კი ისიც კი ჰკითხა, როდის წამოხვალ კინემატოგრაფიდანო.

არსებითად, ეს ორი მწერალი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. კალვინო სულ უფრო მეტად სცილდებოდა რეალიზმსა და პოლიტიკას, მაშინ, როდესაც პაზოლინი კიდევ უფრო მეტად ეფლობოდა რეალობაში. პოეტურ კრებულში “ვარდისებრი პოეზია” (1964)-ში, ის უკვე თავს ესხმოდა კალვინოსა და ფრანჩესკო ლეონეტის “ნიშანთა სისტემების სისტემატიზაციისა და დიალექტების უგულებელყოფის გამო” – ესე იგი, საყვედურობდა “ანთროპოლოგიურ”, მიუკერძოებელ მიდგომას მუშათა კლასისადმი, რომელთანაც უყოყმანოდ აიგივებდა თავს. მზარდი განხეთქილება ორ მწერალს შორის შეესაბამებოდა განხეთქილებას ომისშემდგომ იტალიურ კულტურაში. 1973 წლის წერილში კალვინო ეხმიანება პაზოლინის მიერ “უხილავი ქალაქების” შესანიშნავ მიმოხილვაში გამოთქმულ ბრალდებებს. კერძოდ, პაზოლინის თქმით, კალვინო თვითონ დასცილებია მას და უთქვამს: “ჩემი უკმაყოფილება და სიძულვილი ახალი პოლიტიკის მიმართ უფრო მძაფრია, ვიდრე ძველი პოლიტიკისადმი წინააღმდეგობის სურვილი” და, შემდგომ: “როდესაც მეუბნები, გაცრეცილი და მოწყენილი სახე გაქვსო, ეს იმიტომაა, რომ სწორედ ასეთი განწყობილება დამეუფლა”.

კალვინოს აღაშფოთებდა პაზოლინის განდგომა და გარესამყაროს უგულებელყოფა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად აღიზიანებდა პოეტის უკმეხი საჯარო განცხადებები (“შენი გამოსვლები იმდენად მძიმედ აღიქმება, თითქოს მათი ტექსტი უზარმაზარ ეკრანებზე იწერებოდეს”). 1976 წელს, თავისი მეგობრის მკვლელობის შემდეგ კალვინო სწერდა პოეტ ანდრეა ძანძოტოს, რომ პაზოლინი გახლდათ “დ’ანუნციოსეული ერთადერთი ფიგურა ჩვენს დროში; ის ეროსის იდეოლოგიც იყო და იდეოლოგიის ეროტიზებასაც მიმართავდა”.

რეალური სინამდვილე კალვინოს არასოდეს იზიდავდა.Yთვით პირველ, ყველაზე უფრო რეალისტურ რომანში, რომელიც პარტიზანული გამოცდილებით იყო შთაგონებული, ახალგაზრდა გმირი გადის რიტუალებს, რომლებიც თითქოს ჯადოსნური ზღაპრებიდანაა ნასესხები. ფანტაზიის წყალობით ის “მესგან” თავისუფლდებოდა და “ენერგიის, მოქმედების, ოპტიმიზმის მოზღვავებას” განიცდიდა, “..რის საშუალებასაც თანამედროვე სინამდვილე არ მაძლევს”. ის უგულებელყოფდა “დეკადენტურ” ავტობიოგრაფიას, ინტროსპექციას, ეგოცენტრიზმს, “რაც ყოველთვის მძულდა და რასაც ვებრძოდი” – თუმცა, აღიარებდა, რომ მელანქოლიური მეოცნების პორტრეტი (ავტოპორტრეტი) “მარკოვალდოში” (1963) სოლიფსისტური გახლდათ: “მარკოვალდოსთან საკუთარი თავი მხოლოდ ამ წიგნის დაწერის შემდგომ გავაიგივე. მასზე მუშაობისას კი ვფიქრობდი, რომ ეს პერსონაჟი სასაცილოც იყო, სევდიანიც, და ჩემგან ძალზე განსხვავდებოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში…”.

მოგვიანებით კალვინოს შემოქმედება არსებითად შეიცვალა. მწერალი შესჩიოდა (ერთ-ერთ წერილში) მეგობარს, რომ “მხოლოდ დროდადრო, ფრაგმენტულად მუშაობდა”, მაგრამ ოცნებობდა, “დაეწერა ენციკლოპედიური თხზულებები, უნივერსალური ისტორიები, თეოგონიები, ზღვებისა და ხმელეთის რუკები და უტოპიები…” – ნახევრად მეცნიერება ან ფილოსოფია, ნახევრად კი ფანტაზია; ამგვარია “კოსმიკომიკური ამბები” და “უჩინარი ქალაქები”. ეს ნაწარმოებები, კალვინოს აზრით, “ლიტერატურის ერთადერთი სახეობაა, რომელიც ამჟამადაა შესაძლებელი: ლიტერატურა, რომელიც კრიტიკულიცაა და შემოქმედებითიც”. რადგან, თუკი ვიგულისხმებთ (როგორც ის ვარაუდობდა “იტალიურ ხალხურ ზღაპრებში”), რომ “ზღაპრები რეალურია…, მაშინ ქალთა და მამაკაცთა პოტენციური ბედ-იღბლის კატალოგი ყველაფერს მოიცავს”, და ეს ნაწარმოებები არა მარტო ასახავს ჩვენთვის კარგად ნაცნობ რეალობას, არამედ მას განწმენდილი, გაუმჯობესებული, ალტერნატიული, ახლებური სახითაც წარმოგვიდგენენ.

ფანტაზიის წყალობით კალვინომ შეიმუშავა სოციალური კრიტიკის ორიგინალური და ირონიული ფორმა. 1974 წელს ის წერდა პარიზიდან (სადაც 1967 წელს გადასახლდა):

 “ამჟამად უპირატესობას ვანიჭებ არა ესეს ჟანრს, – მისთვის დამახასიათებელი კატეგორიული კილოთი – არამედ დიალოგს, რეალურ დიალოგს, ანუ პოლემიკას რეალურ თანამოსაუბრესთან, რაც, იმავდროულად, ფიქტიური დიალოგიცაა, ანუ – წერილობითი ფორმით წარმოდგენილი, მაგრამ თითქოსდა წარმოთქმული”.

ამ დიალექტიკური მიდგომის აპოთეოზს წარმოადგენს კალვინოს, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოები – “უჩინარი ქალაქები” (1972), რომელშიც მარკო პოლო აღუწერს კუბლაი ხანს მსოფლიოს ფანტასტიკურ ქალაქებს. ამ ქალაქებში ხანი საბოლოოდ ამოიცნობს ვენეციის ვარიანტებს (1960 წელს კალვინო სწერდა კინოპროდიუსერ სუზო ჩეკი დ’ამიკოს, რომ ამ წიგნის ერთ-ერთი წყარო გახლდათ მარკო პოლოს წიგნის – “სამყაროს მრავალფეროვნების შესახებ” – მიხედვით დაწერილი კინოსცენარი).

ძალზე მაცდუნებელია “უჩინარი ქალაქების” მიჩნევა უტოპიურ ნაწარმოებად, მიუხედავად იმისა, რომ აქ შთამბეჭდავადაა ასახული ადამიანის გამოცდილების ფართო დიაპაზონი. მარკო პოლო საუბრობს იდეალური ქალაქის შესახებ, რომლის ადგილმდებარეობის დასადგენად ყოველ ღონეს ხმარობს: “თუმცა ქალაქი, რომლისკენაც მივილტვი, სივრცესა და დროშია გაფანტული – ზოგან უფრო მჭიდროდ, ზოგან კი უფრო ხალვათად, – მაგრამ არ გეგონოთ, რომ მის ძებნას შევწყვეტ”. და თუმცა “ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ჯოჯოხეთია”, მაგრამ, კალვინოს აღიარებით, “ზოგიერთი ჯოჯოხეთში ცხოვრობს, მაგრამ ჯოჯოხეთთან არავითარი კავშირი არა აქვს. უნდა დავეხმაროთ მათ, რათა აიტანონ ეს ყველაფერი და დიდხანს გაუძლონ”. მარკო პოლოს ჯადოსნური ქალაქების მსგავსად, რომლებიც, საბოლოოდ, ვენეცია აღმოჩნდება, ფანტაზია ბოლოს გვაბრუნებს რეალობასთან და ყოველდღიური სოციალური აქტივობის პრობლემებთან.

მრავალი წერილი ამოკრებილია კალვინოს პროფესიონალური კორესპონდენციიდან, როდესაც ის ოცდაათი წლის განმავლობაში გამომცემლობის კონსულტანტად მუშაობდა ჯულიო ეინაუდის სახელგანთქმულ, მემარცხენე განწყობილებებით ცნობილ გამომცემლობაში (ტურინში). ეინაუდის მამა, ლუიჯი, ომისშემდგომი იტალიის მეორე პრეზიდენტი გახლდათ. კალვინო ამბობდა, რომ ეს გამომცემელი იყო “სამყაროს ჭეშმარიტი ჭიპი, რომელიც უტყუარად ასახავდა კრიზისს, თუ არა იტალიის ყოველდღიურ ყოფაში, ყოველ შემთხვევაში, ინტელექტუალურ იტალიაში მაინც”. სასიამოვნოა იმის გახსენება, რომ ამ გამომცემლობასთან თანამშრომლობდნენ ისეთი მწერლები, როგორებიც იყვნენ: პავეზე, ვიტორინი, გინზბურგი და კალვინო. “აღგვაფრთოვანებდა და გვახალისებდა… სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა, რომლებიც იმხანად საკმაოდ ბუნდოვნად წარმოგვიდგებოდა”.

კალვინოს აზრით, გამომცემლობაში მუშაობა ერთგვარი ბრძოლა გახლდათ; ის წერდა ერთ-ერთ ახალბედა მწერალს: “საკუთარ წიგნებზე მუშაობის გარდა ვიღვწი იმისთვის, რომ თანამედროვე კულტურა გარკვეული მიმართულებით განვითარდეს”. ვუდი იმოწმებს კალვინოს მიერ “შემთხვევით წამოცდენილ, კეთილშობილურ შენიშვნას”: “უფრო მეტი დრო დავუთმე სხვა ადამიანების წიგნებს, ვიდრე – საკუთარს”, რასაც მწერალი, მისივე თქმით, “არ ნანობდა”. ეინაუდის გამომცემლობაში კალვინო სიცოცხლის ბოლო დღემდე მუშაობდა და ამბობდა: “მაინცდამაინც კარგად ვერ ვართმევ თავს ამ სამუშაოს, რომელსაც მთელ ჩემს დროს ვუთმობ. ამიტომაც დროდადრო ვაპირებ, თავი დავანებო მას, მაგრამ ამ ჩანაფიქრს ვერ ვასრულებ”.

კალვინო პრინციპულობას ინარჩუნებდა თვით მეგობარ მწერლებთან, მაგალითად, ეკოსთან (რომლის თხზულების გამოქვეყნებაზე უარი თქვა) ურთიერთობის დროსაც. ის ამჩნევდა სიუჟეტების ხარვეზებს და თამამად გამოთქვამდა თავის შეხედულებებს – მაგალითად, გააკრიტიკა პრიმო ლევი იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა მოთხრობა “არგონი” კრებულ “პერიოდული ტაბულის” დასაწყისში განათავსაO(ეს მოთხრობა ახლაც იქაა). ზოგჯერ კალვინოს, როგორც რედაქტორის ურთიერთობა ამა თუ იმ მწერალთან ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა. მას სიამოვნებას ანიჭებდა გამოჩენილი სიცილიელი რომანისტის, ლეონარდო შაშას ლიტერატურულ მისტერიათა რთული სიუჟეტების ანალიზი. შაშას “ტოდო მოდოს” (1974 ), მისი “ინფერნალური ხედვით”, კალვინო უწოდებს “რომანს, რომელიც განგვიმარტავს იტალიის ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის არსს და ამას შაშაზე უკეთ ვერავინ შეძლებდა”.

კალვინოს თქმით, მისი წერილები მეგობრისადმი, რომლებიც ოცდასამზე მეტი წლის წინ დაიწერა, “შაშას შემოქმედების ნამდვილი გზამკვლევია”. სხვა მწერლების ნაწარმოებთა გაცნობამ მას საშუალებას მისცა დაესკვნა, რომ “ბოლო ათი თუ ოცი წლის განმავლობაში ლიტერატურა დეგრადირებას განიცდის”. ნათარგმნი ლიტერატურის მიმოხილვისას კი მწერალმა განაცხადა, რომ “სტილს სულ უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა”, და, ზანზოტოს მსგავსად, გულისტკივილით საუბრობდა “პოეტური ენისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო”, დაწყებული იმით, რომ “მონტალემ ლექსები ფანქრით ჩაჯღაბნა” თავის გვიანდელ ნაწარმოებში. ის, აგრეთვე, ყურადღებით აკვირდებოდა ლიტერატურაში შემოჭრილ ახალ ტენდენციებს და ლუჩანო ბერიოსთან თანამშრომლობის წარუმატებელი მცდელობის შესახებ წერდა: “მისი წარმოდგენა თეატრის შესახებ სრულიად შეუსაბამოა. ბერიო ჯერ კიდევ იმყოფება “ოცი წლის წინანდელი ავანგარდული მოძრაობის ტყვეობაში”.

თავის წინასიტყვაობაში მაიკლ ვუდი ახასიათებს კალვინოს ინტელექტუალურ დიაპაზონს და ყოველგვარი იდეოლოგიისგან ეგზომ ძნელად მოპოვებულ თავისუფლებას – მიუხედავად მწერლის გატაცებისა ამა თუ იმ საცთურით, დაწყებული კომუნიზმითა და დამთავრებული დეკონსტრუქციით. 1971 წელს, სტრუქტურალიზმის აღმავლობის ზენიტში, ის წერდა პაოლო ვალეზიოს: “იმისთვის, რომ შევისწავლოთ მწერალი, ის უნდა მოკვდეს, ესე იგი – თუ ცოცხალია – უნდა მოიკლას… უფრო მეტიც, თვით მისი შემოქმედების არსებობა მოწმობს, რომ ავტორი მკვდარია – ნამდვილად მკვდარია, თუკი მისი შემოქმედება მეტ-ნაკლებად ღირებულია. ნაწარმოები სხვა არაფერია, თუ არა ავტორის, როგორც (ემპირიული თვალსაზრისით) ცოცხალი არსების უარყოფა”.

კალვინო, მისივე აზრით, უფრო დამკვირვებელი გახლდათ, ვიდრე იდეოლოგიური პაექრობების მონაწილე P- თუმცა ნამდვილად ხიბლავდა მისი მეგობრის, როლან ბარტის თეორიები (“ბარტი ერთადერთი თანამედროვე კრიტიკოსია, რომელსაც ვაფასებ” – წერდა ის 1965 წელს), 1973 წელს მან, შესაძლოა, რამდენადმე არაგულწრფელად უთხრა პაზოლინის:

“სწრაფად მივხვდი, რომ რეალური სინამდვილის განაპირას აღმოვჩნდი… შემთხვევით როდი დავსახლდი დიდ ქალაქში, სადაც არავინ იცოდა ჩემი არსებობის შესახებ. მინდოდა მეცხოვრა ისე, როგორც მსურდა: თითქმის ყოველდღე თორმეტი საათი დამეთმო წიგნების კითხვისთვის”.

შესაძლოა, ასეც იყო, მაგრამ ბიჭი, რომელმაც დაიფიცა, პარიზს არასოდეს გავეკარებიო, ბოლოს სწორედ პარიზში დასახლდა, რათა თეორიული აზროვნების თავბრუდამხვევ აღმაფრენას შესწრებოდა, რისი შედეგიც – ვინ იცის, რამდენად კეთილისმყოფელი? – აისახა მის მიდგომაზე ლიტერატურისადმი.

მარტინ მაკლაფლინის თარგმანი, ზოგადად, საკმაოდ კარგია, მაგრამ ზოგჯერ ვერ გადმოცემს კალვინოს დახვეწილ ოსტატობას; კომენტარებიც ყოველთვის როდია საკმარისად ღრმად გააზრებული. ვუდი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს იმ ფაქტს, რომ კალვინოს “ანტიავტობიოგრაფიული” წიგნი მხოლოდ მინიმალურად ასახავს მისსავე ცხოვრებისეულ მოვლენებს (თუმცა ისინი ქრონოლოგიური წესითაა დაჯგუფებული და არა თემატურად). ამდენად, სამწუხაროდ, ესა თუ ის პირადი დეტალი მხოლოდ შემთხვევით იჩენს ხოლმე თავს წიგნში, რომელშიც, გამომცემლის ძალისხმევის შედეგად, შეიძლებოდა ასახულიყო არა მხოლოდ კალვინოს, არამედ – ომისშემდგომი იტალიის ინტელექტუალური განვითარების ისტორიაც. როდის შეხვდა კალვინო არგენტინელ მომღერალ ესთერ ზინგერს, რომელზეც 1964 წელს – კუბაზე მოგზაურობისას – დაქორწინდა? როგორ აისახა მის ცხოვრებაში ეპოქის მნიშვნელოვანი მოვლენები? რატომ გადასახლდა კალვინო პარიზში? რატომ მიატოვა პარიზი და დაბრუნდა რომში? ალბათ, უფლება გვაქვს, დავინტერესდეთ ამ საკითხებით.

ვუდის თქმით, წერილებში თავს არ იჩენს კალვინოს რეალური “მე” – და მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა გვექმნება მწერლის შინაგანი სამყაროს შესახებ: “ვეცნობით არა მის ფარულ აზრებს, არამედ – მარტოოდენ იმას, რასაც მკაფიოდ განმარტავს”, მათ შორის – საკითხს ლიტერატურის, როგორც “შემეცნების საშუალების შესახებ”. ისაია ბერლინის მიერ მოაზროვნეების კლასიფიკაციასთან დაკავშირებით კალვინო სწერს გვიდო ალმანსის, არიან მელიები, რომლებმაც ბევრი რამ იციან, და, ასევე, ზღარბები, რომლებმაც ერთი მნიშვნელოვანი რამ იციან, მე კი მელია ვარო: “ჩემს ნაწარმოებებში ყოველთვის სხვადასხვა თვალსაზრისსა და თემატიკას ვიყენებ, რადგან არასოდეს მჯეროდა, რომ ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ შესვლა შეიძლება”. კალვინო იმეორებდა, რომ “ყოველთვის უსისტემოდ… ხელის ცეცებით” წერდა, თუმცა, გაუხარდა, როდესაც გორ ვიდალმა 1974 წელს კალვინოში განჭვრიტა მელიის ტყავით შენიღბული პლატონისეული ზღარბი. “კალვინოს კითხვისას, – წერდა ვიდალი, – ისეთი განცდა მქონდა, თითქოს იმას ვწერდი, რაც მას ჰქონდა დაწერილი”, და ასეთ შემთხვევაში “მწერალი და მკითხველი ერთ არსებად, ან ერთარსებად იქცევიან”.

მიუხედავად ამისა, სარდონიული გაუცხოება ყოველთვის იჩენს თავს კალვინოს “ანტისისტემურ” დამოკიდებულებაში მოვლენებისადმი:

“ახლა ჩემთვის ძალზე აშკარაა, რომ სამყაროს როგორც “სისტემის” – უარყოფითი, მტრული სისტემის – წარმოდგენა (რაც შიზოფრენიის დამახასიათებელი სიმპტომია) გამორიცხავს მის მიმართ ნებისმიერ დამოკიდებულებას, გარდა ირაციონალური, თვითგამანადგურებელი გაუცხოებისა; მხოლოდ ის, რასაც შეიძლება ვებრძოლოთ (გაუცხოების ნაცვლად), წარმოგვიდგება სისტემის სახით, ეს კი გვეხმარება, გამოვყოთ მისი ელემენტები, შეუსაბამობები, ხარვეზები და თანდათანობით ვძლიოთ მას”.

სულის სიღრმეში კალვინო ემპირიკოსი იყო, რომლისთვისაც შემეცნება “თანმიმდევრული მიახლოება და შეცდომების გამოსწორება” გახლდათ.

კალვინო, რომელიც, მისივე აღიარებით, პესიმისტი და გულჩათხრობილი იყო, როგორც “მორალური პრინციპების გამო”, ისე იმის გამო, რომ მისი წინაპრები – ლიგურიელები – “გაცილებით უფრო ნაკლებად ექსპანსიურნი იყვნენ, ვიდრე იტალიის ნებისმიერი სხვა კუთხის მკვიდრნი”, ხშირად ჩიოდა, რომ “ქრონიკული დეპრესია” სჭირდა და პერიოდულად შემოქმედებითი უუნარობისგანაც იტანჯებოდა. ალბათ, არ უნდა გაგვაკვირვოს პიტერ შნაიდერის სიტყვებმა იმასთან დაკავშირებით, რომ მწერალს აღაფრთოვანებდა მისი მეგობრის, რენცო პიანოს intelligenza leggera ნათელი გონება; “სინათლე” არის პირველი თვისება, რომელიც მას ხოტბას ასხამს ლექციებში ჩარლზ ელიოტ ნორტონის შესახებ, რომელთა წაკითხვას კალვინო აპირებდა ჰარვარდის უნივერსიტეტში სიკვდილის წინა ხანებში:

“ჩემი მუშაობის მეთოდი ძალზე ხშირად ზეგავლენისგან განთავისუფლებაში მდგომარეობს. ვცადე განვთავისუფლებულიყავი ადამიანების, ციური სხეულების, ქალაქების, უპირველეს ყოვლისა კი – ლიტერატურული ნაწარმოებების სტრუქტურისა და ენის ზეგავლენისგან”.

კალვინოს აზრით, “შესაძლოა, მხოლოდ ცოცხალი და მობილური ინტელექტი გვაძლევს საშუალებას, თავი დავაღწიოთ… კერძო პირებისა და სახელმწიფოს ზეწოლას”. ამ წიგნში თავმოყრილი წერილები გამოირჩევა უდიდესი მახვილგონიერებით, აზროვნების სიღრმით, ზოგჯერ კი ცინიზმითაც; მათში ვლინდება ავტორის გამჭრიახი, მრავალმხრივი, ძალზე საღი აზროვნება. რომანში “ხეზე მცხოვრები ბარონი” (1957), რომელმაც სახელი გაუთქვა კალვინოს, თორმეტი წლის გმირი, ნორჩი გრაფი კოზიმო პიოვასკო დი რონდო უარს ამბობს იმაზე, რომ ყოველდღე მოხარშული ხამანწკებით ისადილოს, ტოვებს მამის სახლს, ადის თავისი ბაღის ერთ-ერთ ხეზე და ფიცს დებს, რომ ძირს არასოდეს ჩამოვა. კოზიმოს შეემთხვევა ათასგვარი – სასიყვარულო, ინტელექტუალური, საომარი, პოლიტიკური თავგადასავლები (ბოლოს და ბოლოს, ის ხომ განმანათლებლობის ეპოქაში ცხოვრობდა), მაგრამ თითქმის ყოველთვის თავისი ოჯახის ბაღში დარჩება.

თავის გმირს კალვინო უწოდებს “პრინციპულ ადამიანს, …რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საზოგადოების ისტორიასა და განვითარებაში; კოზიმომ იცოდა, რომ მისი სავალი გზები განსხვავდებოდა იმ გზებისგან, რომლებზეც სხვები დადიოდნენ”. მიუხედავად ამისა, მკითხველს უჩნდება სურვილი, სხვაგვარ შუქზე დაინახოს კოზიმოც და მისი შემოქმედიც (რომელიც, ბოლოს და ბოლოს, მებაღის ვაჟი გახლდათ). იტალო კალვინომ, ინტელექტუალური და მხატვრული თვალსაზრისით, მრავალი მწვერვალი დაიპყრო, მაგრამ ბოლომდე არ უღალატნია კულტურული და ინტელექტუალური ტრადიციისთვის, და არც იმის საჭიროება უგრძნია (იქნებ, შესაბამისი უნარი არ შესწევდა?) უგულებელეყო ის. კალვინოს შემოქმედების გენიალურობამ და მელანქოლიურმა ხიბლმა, მისმა მძაფრმა სიყვარულმა სიცოცხლისადმი საშუალება მისცა მწერალს, უვნებლად დაეღწია თავი ეპოქის ბობოქარი ქარიშხლებისთვის, რაც მის თანამედროვეთაგან ცოტამ თუ შეძლო.

© The New York Review of Books, 2013

თარგმანი © არილი

 

Facebook Comments Box