პროზა

ბექა ქურხული – გადაღმა

 

სოფლის ბოლოში ისროლეს.

ახალი ჩამოსული იყო.
სახლი ცივი და ცარიელი დახვდა.
დედა თბილისში წამოსულიყო. დააგვიანდა.
შუა ოთახში იდგა. რაღაცა მაგრად გაუხარდა. სამზარეულოში შევიდა. ტაფაში როდინდელი შემწვარი კარტოფილი იყო ჩარჩენილი. გიო მობრუნდა. ჩანთა გახსნა. შოთი პური ჩამტვრეულიყო. ერთი ნატეხი ამოიღო. მერე უკანვე ჩადო. ფანჯარაში შიშველი ალვის ხეები ჩანდნენ. ისე იდგნენ, თითქოს მის ტოტებზე ჩამომხრჩვალი ხალხი ახლახან ჩამოეხსნათ.
რომც არ ჩამოეხსნათ, რაა რო?
რა ვი ერთი… წლების წინ ნანახი სიზმრები ახსენდებოდა. თან სრულიად მოულოდნელად და უცნაური სიცხადით. თითქოს ვიღაც ახვარი სარკით მზის სხივებს იჭერდა და პირდაპირ თვალებში აჭყეტავდა.
უხსენებდნენ ძველი გადაბარებული თავანივით.
ისევ ისროლეს. ცალად ისროდნენ, თითქოს წარსულიდან, ახლა ასე აღარ ისვრიან.
აივანზე გამოვიდა.
მეზობელი შეშას ჭრიდა. ჩუმად წაუსტვინა. მეზობელმა მოიხედა, ცოტა ხანს უაზროდ უყურა, მერე თვალები გაუბრწყინდა, ნაჯახი კუნძზე დაარჭო, ხელი აუწია და გაუღიმა.
– სადა ხარ ბიჭო დაკარგული?
– რა ვი, საქმე, უბედურება.
– დღეს ჩამოხველ?
– ჰო.
– გადმო საღამოს.
თავი დაუქნია. გადავიდოდა, მა რას იზამდა, უყვარდა ლოთებთან სმა. ჯიგრები არიან. ეს მით უმეტეს ჯიგარი ბიჭი იყო. მონადირე, დღე და მოსწრება ტყეში აქვს გატარებული, საცხენის ხრამს მაგის მეტი ვერავინ ახტებოდა, ყოჩაღი, ხოშიანი ბიჭი იყო. მერე გალოთდა, ახლაც ხოშიანი ბიჭია, უბრალოდ, სანადიროდ აღარ დადის.
– გაიგე?.. – და ცას ახედა. – არ დაიკარგო.
– ჰო, ღვინო გააქ?
– იშოება. კარგი პური და ყველი მაქ და შეჭანგებული ღვინო.
მოენატრა აქაურობა. შეჭანგებული ზაფხულის ღვინოც, ფრთასავით რო გაკრავს სიმჟავე, მაგრამ დალევა არ უნდოდა…
არც არასოდეს უნდებოდა.
ცივი სახლი ნელა, ძნელად თბებოდა. შეშაც ცოტა იყო. ასანთის ღერებიც უთავდებოდა. ისევ შუა ოთახში იდგა. ცარიელ კედლებს შეჰხედა. შავი ტუშით იყო წაწერილი მაგარი სენტენციები, რომლებსაც ბებიამისი უწერდა ბავშვობიდან, კაი ტიპი რომ გამოსულიყო: “სილბო გქონდეს ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა”… და ეგეთი რამეები, კირკეგორი და ამბავი.
“რა ბედნიერები იყვნენ ტო, ბებიაჩემიც კი… რა თავისუფლად უყურებდნენ და რამდენად იოლი ეგონათ ყველაფერი”. – გაიფიქრა და გაეცინა. “ე, ბებო, მანდ რომ მიხვედი, მაშინ მაინც გითხრეს, სად რა და როგორ?.. რო ცხოვრება სავსეა ჭეშმარიტებებით და სკანდინავიურ ბურუსში მობორიალე კირკეგორის გარეშეც ცხადზე ცხადია ყველაფერი”. მერე წარწერებს თვალი ჩაუკრა და მიტოვებული ოთახები დაიარა.
სამარადიოროდ შემოსული მარბიელი ჯარისკაცის არხეინი და მსუბუქი, რაღაცნაირი მოწყვეტილი ნაბიჯებით დაალაჯებდა, რომელმაც გრძელი და სახიფათო გზა გამოიარა, მდიდარი დავლისა და ალაფის მოლოდინში, მაგრამ შეცდომით საკუთარ სახლში ამოყო თავი. გულიც არ დასწყვეტია. ყოველ წამს შეეძლო, კარი გაეხურა და გზა გაეგრძელებინა.
არც არსად ეჩქარებოდა. პატარა ოთახში შევიდა და წიგნი გადმოიღო.
სავარძელში ჩაჯდა. ფეხები ფანჯრის რაფაზე შემოაწყო და კითხვა დაიწყო. დროდადრო თავის ტალახიან ბათინკებს შეავლებდა თვალს, და ისევ აგრძელებდა კითხვას. ციოდა. ხელები ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი და მარტო ფურცლის გადაშლისას იღებდა.
მიშკინი ეპანჩინების გოგოებს აბამდა. სისულელეებს ლაპარაკობდა, მაგრამ ის ბებერი ეპილეპტიკი ესარჩლებოდა.
“ვსე ანი ბილი როსლიე, გრუდასტიე ი კრასივიე”. სამივე ერთად მოუნდა. მაგრამ მიშკინს მაგარი კაცი აძლევდა მასტს და ყველაფერი მას რჩებოდა: ეპანჩინების ქალები ამას მოუტეხა და რაგოჟინს – მგელს – ნასტასია ფილიპოვნა. ეგრეა, მგლობა იდიოტობასთან რას მოვა, მგელი სუ შუაზე გახეული რჩება. მანამდე კი დაშლიგინებს უღრანი ტყის ნაგლეჯ-ნაგლეჯ მიმობნეულ თოვლში უჩინარი და თავისთვის მოფიქრალი.
ყოველდღე ელის დღის დასასრულს და იმ დღის დაწყებას, რომელსაც ნადავლი მოჰყვება, მაგრამ ნადავლიც ნადირია, ასწრებს და ისევ აქეთ-იქით აწყდება მუცელგალასტული. გააფთრებისაგან მიწის ჭამას იწყებს. მიწას ჩასაფრება და ლოდინი არ სჭირდება, აქვეა, შენს ფეხქვეშ.
მერე ამდენ წოწიალში ხაფანგს გადაეყრება და ღრუბელს შეფარებული მთვარის ქვეშ მოიღრღნის საკუთარ თათს, თან ცალ თვალს ისევ არ მოაშორებს ნადავლის ნაკვალევს, რომ შემორჩენილი სამი თათით უკანასკნელი ნახტომი მოჭიმოს.
არ შეიძლება ეგრე, მა რა, ეგ ყველამ იცის, იდიოტებმაც, მგლებმაც და ისე ხალხმაც.
ღუმელი გახურდა და ცოტა დათბა. იჯდა, კითხულობდა და აპარსულ კეფაზე ისვამდა ხელს.
აქ წამოსვლამდე, თბილისში თმა შეიჭრა. გვერდითა სკამთან ერთი სომეხი პარიკმახერი გადაბრუნდა და მოკვდა. ხალხი მიეხვია. ვიღაცამ წნევის გაზომვა დაუწყო, მაგრამ უკვე გათანგული იყო. უცებ დამძიმდა და გაქრა, თითქოს თავისი ბარგი სხვას დაუტოვა გადასატანად.
გაქრა.
მისმა პარიკმახერმა თმის შეჭრა გააგრძელა, თან უყვებოდა, რა კარგი კაცი იყო და რა მურტალი ბედი ჰქონდა. – “ამის გოგო ვიღაც აფერისტმა რუსეთში წაიყვანა, მთელი ფული შეუჭამა, იქ გალოთდა და გოგო უკან გამოაბრუნა. ეგრე დაუნგრია ოჯახი. კაცმაც, ამ უბედურმა, ინერვიულა და აჰა, აღარ არი, რა ცუდი დრო მოვიდა”…
აღარ უსმენდა, არც თავიდან უსმენდა, უბრალოდ, ესმოდა. გამოსვლისას მაინც დახვდა კორიდორში დასვენებული. ნაცრისფერი იყო, ზუსტად თავისი ხალათის ფერი. ზედა ტუჩი ასწეოდა და ყვითელი კბილები გამხელილი ცოდვასავით უჩანდა.
გზაშივე დაავიწყდა ეს ამბავი. ახლა კეფა რომ მოიფხანა, იმან გაახსენა.
“სხვაგან რომ ვიყო და სხვა რამეს რომ ვაკეთებდე, გამახსენდებოდა? საერთოდ რაზე ვიფიქრებდი ახლა, სხვაგან რომ ვიყო?.. კაროჩე, მე მიშკინზე იდიოტი ვარ”. – გაიფიქრა და ისევ საკუთარ ბათინკებს გახედა. ბათინკებს ტალახი ნაცრისფრად ახმებოდა.
კითხვა განაგრძო. წიგნის ფურცლები სავსე იყო სიტყვებით, რომელსაც ჯიუტად წერდა ვიღაცა.
კითხულობდა. მერე დაბნელდა. საღამოს ბინდმა ძმაკაცივით მოაკითხა. ეზოში მდგარი ხეებიც სიბნელეს აფრქვევდნენ, მყუდროდ ღამდებოდა. მობეზრდა მიშკინის ჭიჭყინი. ამათი გულისთვის ლამფის ანთება ნამდვილად არ ღირდა.
ადგა, დიდ, ნახევრად გახსნილ შავ ჩანთას გადმოაბიჯა და გარეთ გამოვიდა.
ცოტა ხანს აივანზე იდგა. მეზობლის სახლში ლამფა აენთოთ და ჭურჭლის ჩხრიალი ისმოდა.
ჭიშკრიდან მოვლა დაეზარა. ღობეს გადაახტა და მეზობლის ტალახიან ეზოში ჩაჭყაპუნდა.
მეზობელმა სათონიდან გამოყო თავი.
– მოხველ?.. ეგე მაქედან ხახვი გამოაყოლე.
ბნელოდა. ერთმანეთს ვერ არჩევდნენ.
და სუ ფეხებზე ეკიდათ, თუ არც გათენდებოდა.

1998 წელი

მაღლა მიწაში

მდინარის პირას წითელი ფორდი იდგა. კოლხეთის დაბლობს ცა ზევიდან გადმოსწოლოდა. ჰაერი დახუთული იყო. მანქანასთან ხუთი კაცი ჩაცუცქულიყო. ორი ორმოც-ორმოცდახუთ წლამდე, ერთი ოცდაცხრა და ორიც – ოცი-ოცდაორი წლისები.
პლანს აკეთებდნენ…
მზე მთელ ცაზე გაშლილ ღრუბლებში იხლართებოდა.
– არ იცი ეგა ტო? – ყვებოდა გობია, თან ხელის გულზე პლანს იფშვნიდა ცერა თითით. – თავისი მოწყობილობით რამე, ეგრე ახდი ყუთს, ამოიღებ, იწევა რა, მამენტ შეგიძლია გადაყლაპო – “კალიოსას” პონტში.
– ეგრე ყველაფერი იწევა, ჰაშიშიც, ოპიუმიც და რა ვი ტო – ბაგომ სიგარასავით მსხვილად გადაახვია ქაღალდი და შიგ პლანის ჩაყრა დაიწყო.
– რას შვრები, დაგვბრიდავს – შეიცხადა ერთ-ერთმა.
გობიამ და ბაგომ ერთმანეთს ღიმილით გადახედეს.
– მერე? – ჰკითხა ბაგომ.
– რა მერე? – გობიამ.
– როგორი იყო ისა, ყუთს რო გახსნიდი…
– ჰო… გახსნიდი, ამოიღებდი, შუშის პონტი იყო. ჩილიმივით, ოღონდ სხვანაირი და პატარა. მოსაწევი იყო, მაგრამ თუ გინდოდა, გაიკეთებდი. კაროჩე, გაკეთებაც შეიძლებოდა, მოწევაც.
პირველი მასტერკა ჩამოტარდა.
როგორც იქნა, ნიავი დაიძრა.
ბაგომ ღრმა ნაფაზი დაარტყა, ბოლი ფილტვებში გაიჩერა, მკლავები გამოშალა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოიძახა:
– როგორი იყო?
– უბედური. – თქვა გობიამ – უბედურება იყო. ლენინგრადში ვიყავით მე და ქოშინა. თითოს ოც-ოცი ათასი შეგვხვდა. რა უნდა გვექნა ამდენი ფულისთვის?.. კომუნისტების დროს ოცი ათასი მაყუთად ითვლებოდა…
– როგორი კაიფი ჰქონდა? – ისევ იკითხა ბაგომ.
– სუფთა ჰალუცინაცია… კაროჩე, რაც მოგინდებოდა, იმას დაინახავდი და რაც გაგისწორდებოდა, იმას იგრძნობდი…
– კაი, ბოიშვილი ვიყო. – ბაგომ უცბად გააჭყიტა მილულული თვალები: – რაც მოგინდებოდა? სამოთხე განა სხვა რამეა ტო…
– არა. – გობიამ თავი გადაიქნია. – მერე ცუდი იწყებოდა, პატარავდებოდი.
– მაიცაა…
– ბოიშვილი ვიყო, ქოშინა ტიროდა, ეგეთი ვახტანგა ძიას – მამაჩემს რა – ვახტანგა ძიას ეგეთი როგორ ჩავუყვანოო ტო, ეგეთი დაპატარავებულიო.
– მაგრა? – ჰკითხა ბაგიამ.
კასიაკიც წამოვიდა.
– რა მაგრა? – ჰკითხა ბაგიამ, ხველას რომ მორჩა.
– მაგრა დაპატარავდი?
– მაგრა ტოო, დავპატარავდი, დავპატარავდი, აი ეგრე, თაგვისხელა გავხდი, ქოშინა გაგიჟდა, რაღა ვქნაო. მერე სული ამომივიდა, დავინახე, როგორ ამომივიდა სული, ფანჯრიდან გაფრინდა და ნევას აჰყვა, აეგრე აიფრიალა შხუილით.
– დაბრედილხარ რა – თქვა ოცდაცხრა წლისამ.
– არა – თავი გადააქნია გობიამ. აზრზე ვიყავი, პროსტო დავპატარავდი და სული აღარ მქონდა. მაგრა გამიტყდა, რო დავბრედილიყავი, შეიძლება ეგრე არ გამტყდომოდა. იჯდა ქოშინა, ტიროდა. მერე სული უკან მოფრინდა და ისევ გავიზარდე.
– ისევ ფანჯრიდან შემოფრინდა?
გობიამ მხრები აიჩეჩა. ნაფაზი დაარტყა. ამოისუნთქა და თქვა:
– საიდანღაც მოფრინდა. გავიზარდე. ახლა უბრალოდ მაგარ კაიფში ვიყავი…
“Бог создал вора, а черт прокурора” – უბერავდა მაგნიტოფონში ვიღაც ახალგაზრდა ურკა.
– მაგარ კაიფში ვიყავი, მოვკიდე ქოშინას ხელი და გარეთ გამოვედი. ზამთარი იყო, თოვლი, ქარი უბერავდა, ყინვა, “Метель” რამე… შიშველ ტანზე ერთი საროჩკა ბოლომდე ჩახსნილი, ამ საროჩკაზე პირდაპირ დუბლიონკა, ისიც ბოლომდე ჩახსნილი და ეგრე გიჟივით… წავედით ფეხით, მანქანაში ვერ ვჯდებოდი, მეთქი არ დავდნე. ვიარეთ ფეხით, ნევის პროსპექტზე ერთ ადგილას ტაქსების სტაიანკა იყო, პუტანკები იკრიბებოდნენ. ისხდნენ მანქანებში, მიხვიდოდი, ორმოცდაათ მანეთს გადაიხდიდი და მთელი ღამით წაიყვანდი. თან მაგარი ქალები…
– აბა, ახლა გადაიხდი მაყუთს და თან წამზომს გირთავენ, ამათი სუტენიორი დედაც… – ბაგო თვალდახუჭული ბაზრობდა.
– არა ტო, კომუნისტების დროს, რას ლაპარაკობ… თან ვევასებოდით.
– ე, კი ტო…
– მაგრა, ძაან, ახლა ამათ “პაკალენიას” ჭკუაში არ მოსდით ეგ ბაზარი, რას ვევასებით, გვბრიდავენო, მაგრამ მართლა ეგრე იყო, თქვენ ქართველებს სხვანაირი შიკი გაქვთო, ტო, თან ხო “გალავერეზები” ხართ, მაგრამ თან სხვანაირი კეთილებიო.
– თუ კეთილ…
– ჰო რა, ორივე, ორივენაირები ხართო და ეგ ევასებოდათ.
– მივედი, ქალი დავითრიე, ვუთხარი: აჰა, შენ სიმონ ასი მანეთი და შენი არაფერი მინდა, მარტო მეთქი მთელი ღამე მელაპარაკე. თან მეთქი კაის გაჭმევ და გასმევ. ევასებათ ჭამა-სმა. წამოვიდა კუნტრუშით. ეს ქალიც ფეხით ვატარე. იარა ხოშიანად, სუფთა ჰაერიაო. ქოშინა უფრო ვეღარ მოდიოდა, გაიყინა. მერე ერთი შენიცო და სადღაც შეძვრა.
ვისხედით მე და ის ქალი მთელი ღამე კაი ბრატებივით. ის არაყს სვამდა, მე ჩაის. მაგარი ჩაი მომითუხთუხა, მაგარი, “პაჩტი” ჩეფირი რა, მე ეგრე გემრიელად ჩაი არ მისვია. და ვიბაზრეთ და ვიბაზრეთ მთელი ღამე.
– მართლა არაფერი ტო?…
– არა, დილით ჰო, მეთქი არ გაუტყდეს, კაი გოგო იყო, რაზე მეწყენინებინა. ძაან ჯიგრულად ვიბაზრეთ რა და სხვანაირად გამეპრანჭა, ვიფიქრე, გული არ დაწყდეს, რა ვი, ცოდოა…
– ან არ ეფიქრა, ტიპი ვერ არიო… – თქვა ყველაზე პატარამ. თვალებდაჭყეტილი იჯდა და ისეთ კაიფში იყო, ტუჩები ეფანტებოდა.
გობიამ და ბაგომ ისევ ღიმილით გადახედეს ერთმანეთს.
ბაგომ ცას ახედა.
– ე, ნახე რას შვრება!..
ცა და მიწა ცუდად მიუახლოვდა ერთმანეთს.
მანქანაში ჩასხდნენ, რო არ გაჭყლეტილიყვნენ.
“С собаками жить по собачьи лаять”,
გმინავდა ნოგოვიცინი. მერე უცებ ამოიხრიალა:
“Но я волк…”
– წამო, სასაფლაოზე გავიდეთ, ბიჭები ვნახოთ. – თქვა ბაგომ.
გობიამ მანქანა დაქოქა.
დაღამდა:
…И буду по волчьи выть!
ანთებულმა ფარებმა სიბნელე გაჭრა.
შუქის ორი სვეტი უხმოდ მისრიალებდა სასაფლაოსკენ.

2004 წ. 25 აგვისტო

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box