პროზა

გიგი გულედანი – იმპერიის საპასუხო დარტყმა


ჩემი კარიერა თსუ-ში სტუდენტ-ასპირანტობით დაიწყო და ახალგაზრდა ლექტორის კარიერით გაგრძელდა. სანამ სტუდენტი ვიყავი, ვიჯექი ფილოსოფიისა და ხელოვნებათმცოდნეობის პირქუშ ლექციებზე. კათედრებზე ჯერ კიდევ ბლომად იყო საბჭოთა ბიბლიოთეკიდან შემორჩენილი ლიტერატურა. ლექციიდან ცარიელ კორიდორში გამოსული ვხედავდი ხოლმე როგორ ეცემოდა მზე სარემონტოდ აყრილ პარკეტს ისე, რომ მისი შუქ-ჩრდილისგან შთამბეჭდავი აბსტრაქცია გამოდიოდა.

სტუდკავშირს თუ მოქკავშირს, არ ვიცი ზუსტად, უკვე დაესრულებინა ტუალეტების რემონტი – შესასვლელში იატაკზე კაუჩუკი დაეგოთ, ხოლო უკვე შიგნით – ხაოიანი ბაზალტი, თუ მისი იმიტაცია, რომ ადამიანს ფეხი  არ დაგცურებოდა. და აქ იწყებოდა ყველაზე საინტერესო – ტუალეტების რეკონსტრუქცია გულისხმობდა ე.წ. “ღია ტუალეტების” სისტემაზე გადასვლას, რომელსაც ექსპერიმენტის სახე ქონდა და გულისხმობდა პისუარების მოწყობას ღია ცის ქვეშ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა ეზოში.

ეზოზე გადმოდიოდა უნივერსიტეტის კორიდორების, კიბის უჯრედებისა და მოსაწევი ოთახების, ასევე მიმდებარედ აშენებული ახალი ფეშენებელური უბნის სტუდიების უზარმაზარი ფანჯრები, საიდანაც ხელის გულზე ვჩანდით ჩვენ, ანუ ხალხი, ვინც უნივერსიტეტიდან ღია ცის ქვეშ, “ღია ტუალეტში” მოსაფსმელად გამოვიდოდა.

თუმცა, არავინ იმჩნევდა, რომ ამაში რამე უჩვეულო იყო. ჩვენ (მშარდავები) და სამ-ოთხ სართულიანი ახალი სახლებიდან (ოფისები იყო ძირითადად) მაყურებლები ერთმანეთს თვალებში ღიმილით ვუყურებდით, მაგრამ მაინც ვაგრძელებდით შარდვას “ღია ტუალეტების” პისუარებში, რომლებიც დაქსაქსულ გამწვანებაში ლადშაფტის დიზაინერებს ოსტატურად ჩაემონტაჟებინათ.
უკვე ვასრულებდი შარდვას, როცა კარი გაიღო და “ღია ტუალეტში” გამოვიდა თსუ-ს რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის გიორგი დანელია ვიღაც ქალთან ერთად, თუმცა ქალების ღია ტუალეტს ცალკე შესასვლელი ჰქონდა – ვარდისფერი კედლებით. ჩვენსას – ლურჯი!

დანელიამ მკითხა, როგორ ვეგუებოდი ახალ სამუშაოს. მე ვუთხარი, რომ ყველაფერი „ნაის“ იყო. მართლაც ასე ვფიქრობდი. თუმცა შევატყე, მან არ დაიჯერა და იფიქრა რომ უბრალოდ კორექტულად ვპასუხობდი, როგორც ახალ, მორიდებულ თანამშრომელს შეეფერება.
შემდეგი ლექცია ჟურნალისტების კორპუსში უნდა მქონოდა. ეს უფრო პრაქტიკული კურსი იყო, რომელზეც მონტაჟის საფუძვლებს ვეუფლებოდით. სამონტაჟო მასალად კი ხშირად ვიყენებდით ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ვიდეოარქივში უსისტემოდ შენახულ ფაილებს, რომლების წარმოშობაც არც არავინ იცოდა, და არც არავის აინტერესებდა, მაინცდამაინც. ეს უბრალოდ სამუშაო მასალა იყო, რომლითაც უნდა აგვეთვისებინა ვიდეომონტაჟის ხრიკები. თუმცა, ვიდეოგამოსახულების ფანატიკოსები ამ ციფრულ ნაგავში ხშირად წააწყდებოდნენ ერთი შეხედვით უაზრო კადრებს, რომლებიც სინამდვილეში ბევრისთვის უხილავ ისტორიულ ფასეულობას შეიცავდა.

სამონტაჟო აპარატი იყო პაწაწინა და შიგნით ეტეოდა ასევე პაწაწინა ლენტი, რომელიც ალაგ-ალაგ გადაწეპებული იყო ლაკით. აქვე იყო საპროექციო ფუნქციაც, მოკლედ აპარატი იყო ტექნიკურად საკმაოდ სრულყოფილი. ლენტა ხელით დავახვიე, რომ ყველაფერი სულ თავიდან მენახა, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ 1990-ზე იქით (ანუ, უფრო ადრე) არაფერი იყო ზედ ჩაწერილი. პატარა ეკრანი აჩვენებდა რაღაც უღიმღამო გადაცემის ნაწყვეტებს:

ქალაქში შემოსული იყო მტრის მძიმე ტექნიკა, 1 ერთეული. ჩვენ ვიცოდით, რომ ჯავშანმანქანის შიგნით მჯდომები გარემოს ხედავდნენ მხოლოდ რადარის დახმარებით, ანუ როგორც ბაყაყები, დაახლოებით. მათ მომართული ქონდათ ლოკატორები, მაგრამ მთავარი იყო ის, რომ ჩვენ შეგვეძლო თავისუფლად გვემოძრავა ქუჩებში თუ  მათ შევუქმნიდით იმის ილუზიას, რომ თითქოს არ ვიცით, რომ ეს მტრის მანქანაა. ყველას მაგრად გვეცოდებოდა ბრონირებულ მანქანაში მსხდომები. ისინი იყვნენ მტრის ქალაქში, მარტო, აგროვებდნენ ინფორმაციას და არ იცოდნენ რომ გარეთ უკვე ყველამ იცოდა მათი არსებობის შესახებ.

ქუჩაში იდო დიდი თოვლი და მტრის ტრანსპორტი, თავისი ჭკუით, შეუმჩნევლად გადაადგილდებოდა თოვლზე მუხლუხოების ღრჭიალით.

ლექციების შემდეგ უნივერსიტეტიდან ლაბორატორიაში ჩავედი პლეხანოვზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადღაც უზნაძის მიდამოებში, ზედ მტკვრის პირას იყო დიდი, სანახევროდ მიტოვებული ეზო, სადაც იმ დროს ჩვენი სამეგობრო ყოველდღე იყრიდა თავს. ჟურნალის გოგოები, ტელევიზიის ბიჭები და სხვებიც – აკადემიის კონტემპო არტისტების უფროსი თაობიდან. ჩვენ არალეგალურად გვქონდა დაკავებული დასანგრევად გამზადებული ეზოს ერთ-ერთი მიტოვებული ბინა, სადაც ადრე მედიცინის ინსტიტუტის ლაბორატორია ფუნქციონირებდა.

დიდ ოთახში რომ შევედი, დავინახე, რომ იქ დიდ სასტავს მოეყარა თავი და ბიჭებს უკვე დაეწყოთ მოსაწევის დახარისხება გასაყიდად. „როგორც იქნა გადადგეს ეს ნაბიჯიც“ გავიფიქრე ბალახით ვაჭრობის პერსპექტივაზე და თან ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ მოსაწევის შოვნა მაშინ უკვე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა.

ამასთან ერთად, ძალიან შემეშინდა, იმიტომ რომ ზუსტად წინა დღეს სადღაც წავიკითხე, რომ ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, სპეცოპერაციის დროს მნიშვნელობა არ აქვს შენ პირადად გქონდა მოსაწევი თუ არა. უკვე იქ ყოფნით მე ვარღვევდი კანონს, რამაც საკმაოდ დამძაბა, მითუმეტეს, რომ საითაც არ უნდა გამეხედა, ყველა კუთხეში მიდიოდა დიდი ბანკებიდან და პაკეტებიდან ბალახისა და მწვანე მტვერის დახარისხება.

კიბეებზე სიგარეტს ეწეოდნენ გოგოები, ოთახში იყვნენ ასათიანი, ფილო, ამიკო და სასტავი. გადავწყვიტე გარეთ გამოვსულიყავი.

ლაბორატორიის კიბეებიდან თვალი შევავლე შორს, გაღმა, საღამოს მზეზე მოელვარე ძველი შენობების ფორმებს. ჩანდა, როგორ მოდის ჩვენსა და მეორე ნაპირს შორის ძალიან ადიდებული მტკვარი. ვინატრე, რომ ვინმეს ამ ფონზე გადაეღო ჩვენთვის ჯგუფური ფოტო – ჩვენ ვდგავართ მიტოვებული ლაბორატორიის კიბეებზე, ხოლო ჩვენს უკან მოჩანს იმპერიის ნანგრევები.
ლაბორატორიის ეზოს დანგრევიდან რამდენიმე წლის შემდეგ, მე და თემომ თავი მოვაბით და მოვიფიქრეთ ვებსაიტი ძველი “სეგას” გრაფიკული დიზაინით, სადაც სპეციალური ალგორითმით, ერთმანეთზე, ტეტრისის სტილში, ფუტკრის ფიჭასავით ლაგდებოდა ლაბორატორიის სასტავის სხვადასხვა წლებში გადაღებული ფოტოები, რომლებიც საბოლოო ჯამში ქმნიდა ერთ დიიდ სურათს.

ეს იყო ჯგუფური ფოტო, გადაღებული უკვე 2000-იანების დასაწყისში, სადაც ყველა ვიდექით სასრიალოდ გამოწყობილები სათხილამურო კურორტზე, მზეზე აბრჭყვიალებულ თეთრ თოვლში, და კამერაში ვიღიმოდით.
საიტს უნდა ემუშავა ერთჯერადი ტრანსლაციის პრინციპით. დადებული მასალები იქ მუდმივად არ რჩებოდა. გუდაურის ჯგუფური ფოტოს შექმნისთანავე ტრანსლაცია დასრულდებოდა და ყველაფერი გაქრებოდა სამუდამოდ.

თემომ კომპიუტერი გამორთო და მითხრა, რომ კარგი იქნებოდა თუ ვებსაიტის ტრანსლაციის დასრულებისას, ბოლოში დავამატებდით ილია მეორეს მოძრავ გიფს, რომელიც საიტზე დაგვიანებით შემოსულ ვიზიტორებს ეტყოდა: „წადით, წადით!“, რაზეც, რამდენიმეწამიანი სიჩუმის შემდეგ, ორივეს აგვიტყდა სიცილი.

© არილი

Facebook Comments Box