პოეზია

გივი ალხაზიშვილი – ის, რაც თამაშით იბადება და სხვ. ლექსები

givi alkhazishvili 2343

* * *

“ხომ არ გინახავთ ჩემი სულის შეყვარებული?”

ქებათა-ქება ლომონისა (3. 3)

 

სადაც შენ ხარ, იქ შიში ჩნდება…

შენ ცდილობ ხელი მიაფარო

შეღერილ სანთელს,

ან სულაც გულში გადამალო,

მშიერმა მზერამ რომ არ მოგტაცოს…

 

მინდა ჩემში გადაგარჩინო,

რომ გამოგხატო,

სამუდამოდ დაგიმახსოვრო, შენ კი არა,

არამედ ის დრო, შენი ხილვით განცვიფრებული,

სულგაკმენდილი რომ  ჩერდებოდა,

ის არასოდეს არ ყოფილა გაციფრებული

და სადაც უნდა ყვავილივით ისევ ამოვა

და ფეხაკრეფით ისე ჩაივლის,

ისე მსუბუქად ჩაითამაშებს,

მუსიკა მასში იბადება

და მომნუსხველ რიტმით აღავსებს

ჰაერს, ღმერთმა რომ სუნთქვად გვიბოძა…

 

…და მე ვწყვეტ სუნთქვას,

ვიდრე გავძლებ, მანამ ვიქნები,

ზღვართან ყოფნა ისე მომწყურდა…

 

* * *

…ძნელად მპოულობს სამშვინველი გაღვიძებისას,

თითქოს არ უნდა შინ დაბრუნება,

ორჭოფულია კაცის ბუნება

და ორ ზღვარს შორის მუდამ ირწევა,

ასე თანდათან ვეგუები თავის დაკარგვას

და უშენობით თავდავიწყებას…

 

უცხოა ყველა,

ვინც არსებობს მხოლოდ ეგოთი,

ვისაც მეგზურობს აკვიატება,

მოარულ თიხას,

ვალი დამრჩა ბებერ მექოთნის,

და გასტუმრება მაგვიანდება.

 

ხანდახან ჩნდები,

და ცხოვრებას სჭვრეტ დაეჭვებით,

ამსოფლიური იდილია მეც ხომ ჩამიქრა,

მე უშენობის სიახლოვეს ისე ვეჩვევი,

რომ შეიძლება უნებლიეთ გულში ჩავიკრა.

 

* * *

ექსპრომტად თემურ ჩხეტიანს

რადგან ჩვენ მხოლოდ ფიქრში ვსაუბრობთ

უხმოდ და ზოგჯერ სიტყვის წაცდენით,

ჩვენი სათქმელი არის საუბნო

და საზოგადო, ზღვარს რომ გავცდებით.

 

დაველოდები,  შენი ვენახი

რომაყვავდება და კვლავ დაისხამს

და ჩანაფიქრის გულში შენახვით,

შემოგვესმება შენი დაის ხმა.

 

იმ დღეს შორიდან მინდა შევღიმო,

და მოვიშორო დარდის ძონძები,

როცა შემასმევ ჯამით შენ ღვინოს

და ღვინის ექოს სისხლში მოვძებნი…

 

* * *

ვარსკვლავმა, აქვე რომ ენთო,

სხვა ცაში გადაინაცვლა,

იქნებ მე წაველ სულ სხვაგან

ან შენი ცა ჩაინაცრა?!

 

ვისაც კი რამეს დავპირდი,

ყველას თავისი მივაგე,

მაგრამ აქედან იქ წასულს

მხოლოდ ჩემ გულში მივაგენ.

 

* * *

ყოველთვის მიკვირს  და  თან მაშინებს,

წუთი მოსული დასაბამიდან,

მიფორიაქებს გულს და სამშვინველს,

მაგრამ მე სხვაგან არსად არ მინდა.

 

ჩაძინებული თვალში ელდები

უნაპირობას ეკედლებიან

და აღმოაჩენ, რომ აალდები,

შენი დღეები ეგ ეტლებია.

 

ეს წუთი სხვა წუთს  თუ შეიფარებს,

მიმატებით კი არ ემატება,

ეს ის წუთია, რომ შეიპარე

და მხოლოდ  შენში იწყო ნათება.

 

* * *

როცა შენ მხოლოდ სული იქნები

და უნებლიეთ მიეფინები

დროს, რომ დასხლტება სხივი ჭავლივით,

შენ ახლა მიხვდი, რომ ჩაიარეს,

ისინი ბევრჯერ იყვნენ ჩავლილი.

 

წაშლილ ხსოვნაში გამქრალ სახეებს

ზოგჯერ მუსიკის ბიძგი აღადგენს

ან მზის ამოსვლის ფესვივით წამი,

შენ რომ გეგონა უცნობი ექო,

ყოფილა ჩავლილ ცხოვრების ჩქამი…

 

მე აღარ ვუცდი კალენდრის ფურცელს,

არც ღრუბელს, ქარში რომ იფანტება

და ვისაც სიტყვა შიგ გულში უცემს,

ის სუნთქვაც მესმის, რომ იბადება.

 

ძველი ფრაგმენტი

მათრობს სურვილით, აღარაა ბავშვივით მორცხვი…

თუკი რამ დამრჩა დასაზოგი, მან ამახია,

დილა იწყება შეღვიძებით და ბაღის მორწყვით,

ეს ბაღი ახლა სამოთხეა, განა ბაღია,

ის არის ჩემი მბრძანებელი – მონომახია.

 

* * *

ისევ გამოჩნდი  ძველებურ ჩანთით,

შენ ახლო იყავ და ისე ძგერდი,

შენ ჩემს თვალებში მოსვლამდი ჩანდი,

მხარს ეხებოდი შიშველი მკერდით.

 

უცნაურია, ეს წარმოსახვა

როცა გინატრებ სულ ახლოსახარ.

 

* * *

თითქოს არ ახსოვს აღარაფერი,

თუმცა მან იცის სუყველაფერი

და არასოდეს აღარ იხსენებს…

 

მაგრამ იქ, სადაც ისმის ადაჯო,

ჩემს გულისცემას ახლაც დარაჯობ

და თავს მახსენებ, სიყრმის ლიხეთო,

გაიყურსები ჩემში ცოტახნით,

რომ მერე ჩემგან გამოიხედო.

 

* * *

დაუდია გუგულს კვერცხი,

კაჭკაჭმა კი გამოჩეკა

და შეჰყარეს  კაჭკაჭებმა

ამ შემთხვევის გამო ჩეკა.

 

გუგულს ბარტყი მიუბრუნეს,

თქვეს, წარსული წარსულია,

კვერცხს თუ კიდევ სხვას შესტენი,

შენი საქმე წასულია!

 

* * *

ღიმილიან შემოხედვით,

ჩემში ისე შემოხვედი,

გავიფიქრე, რა გაჩუქო,

ქვემორე თუ ზემო ხედი?!

 

ვიდრე პასუხს მივაგენი,

იმხნობამდე ქე მოხვედი.

ყვავილების სუნს მოჰყევი,

თივას, კართან შემოხვეტილს,

არაფერი არ გიკითხავს,

უკითხავად შემოხვედი!

 

* * *

შეხედე, ქრება, თანდათან ქრება…

ჩუმად, თვალსა და ხელს შუა ქრება,

სულის მოსათქმელს ეძებს პაუზა

და საუკუნის ჩუმი დინება

ასე წვეთწვეთად იქცა აუზად,

სადაც ჩვენ ვცურავთ

და ერთმანეთში

ფანტასტიკურად გვიყვარს ჩაყვინთვა,

მზესავით ჩასვლა, ნელ-ნელა ჩასვლა,

და ალმოდებულ ბინდში ჩაღვენთა.

 

* * *

ის ფრაგმენტები სადღაც გამქრალა,

ახლა რაც არ ჩანს,  ჩემში ბინადრობს

და როგორც ბოლოს, ბოლოქანქარა,

ბოლოს რომ აჩენს, მალავს იმავდროს.

 

ეს წასვლა-მოსვლა, სრბოლა ნიღაბთა,

თავის შექცევა ყოფნა-არყოფნით,

ხან შეგუება კუთვნილ იღბალთან,

ძებნა სხვა სივრცის და წყალგამყოფის.

 

შენ იმას მიხვდი, რომ ამ შეხვედრას

ვიღაც მალავდა და ვინც გვიცქერდა,

ის იყო ჩვენთან, ისე შეგვხედა,

რომ გულში იყო და… ჩვენ გვიძგერდა.

 

* * *

მიყვარს მალვინა, მისი კარი, ჰო, ნაბზარია!

არის კეთილი, გამრჯე, განა აბეზარია?!

ვთხოვე მალვინას და ფასადი, ჰო, ნაბზარია,

დამამალვინა, ერთხელაც არ დამზარებია…

 

* * *

მესამე დღეა ახლოს აღარ გამკარებია,

არის სიტყვაში შემძვრალი და აღარ გამოდის,

კარი კარია, ხოლო ერთად ხო კარებია,

და სხვა არავინ ენაღვლება ამ საღამოთი!

 

წარმოსახვაში ალბათ ქალერი იყო ქილერი

და ნაქალარი ან ქოლერიკი,

თურმე წარსულში  სძლია ქოლერას!

ისე უყვარდა თურმე ქალები,

რომ შუალედში სტვენდა ბოლეროს…

ექაჩებოდა თურმე სიგარას

და გაბოლებას ეძახოდა გააბოლეროს!

 

მითხრეს ქალერი ყველა კრეტინკოსს,

დაპირებია ერთად მასტერკლასს,

– არ დაუჯეროთ!  ურეიტინგოს,

შეგიტყუებთ და მერე მასთე კლავს!

 

* * *

ძველი ქალაქის საეშმაკეთო,

შენ, აბა, რაღა უნდა აკეთო?!

შენი ღლაბუცით, შენი მიდგომით,

მთელი ქალაქი არის მაკეთო.

 

შენ არ აგყვები და ვერც მიყიდი,

ან როგორ უნდა გადამაკეთო?

ხელის ბიჭები, ფეხის ქალები,

ხან უნდა გახსნა, ხანაც დაკეტო,

 

ყველა მათგანი, უსქესოებიც,

ბოროტ სულისგან არის მაკეთო,

ვინ ხარ, თითქოსდა ადამიანო,

იავარქმნილი დროის მაკეტო?!

 

ჩვენთვის სიცოცხლე  ვერგემეტება,

შენი სამშობლო “ელგებეტეა!”

 

თავს ვკარგავ შენთვის… 

სიჩუმეს კაწრავს მესკიას კვნესა

და შენს სიზმრებში იბუდებენ მოლაღურები,

თავს ვკარგავ შენთვის,

ვპოულობ შენთან,

სულს ვითქვამ შენი მონახულებით.

 

რა მესმის, გარდა გულისცემისა,

გავირინდები, ხმას ვეღარ გაგცემ,

მალე ამ ბაღებს დაიპყრობს ბინდი

და ჩვენ სიჩუმეს დუმილად აქცევს.

 

ეს ფრინველები მსტუმრობენ ხშირად,

მეგობრები კი  ვეღარ იცლიან,

მე ხომ ვინც მიყვარს,

გულში მყავს ყველა

და მათ გარეშე  არ შემიძლია…

 

* * *

ბაბუაწვერას ვერ შეადრი,

მისი ყვითელი ყვავილი მალე

ბუსუსებიან ქოლგად იქცევა

და მერე ჩიტის ჩაქროლებაც საკმარისია,

რომ გაიფანტოს.

 

ნიავის ჩქამსაც ვერ შეადრი,

ერთადერთ ფოთოლს რომ ათრთოლებს

იმ სიცოცხლის გასამჟღავნებლად –

რომელიც არ ჩანს.

 

მზის ამოსვლასაც ვერ შეადრი,

ის რაღაცით მასზე მეტია –

ანგელოზური გამოხედვით

და იმ ბგერებით, რომელიც რაღაც

ბანალურ აზრს კი არ შეიცავს,

არამედ განცდას –

სიტყვის თქმამდე რომ იბადება.

 

* * *

აყვავებული ცაცხვის სურნელი

ისევ მახსენებს ბავშვობის დღეებს.

როცა თელავის სასაფლაოზე,

დამალობანას თამაშობისას,

სულ პირველად გავიფიქრე:

– მეც შეიძლება მოვკვდე!

 

იქვე, საფლავზე,

დედაბერი გამხმარ მიწას აფხვიერებდა.

დედაბრის ხელი მიწისფერი იყო იმდენად,

რომ მოძრაობა განასხვავებდა ხელს მიწისაგან.

 

აყვავებული ცაცხვის სურნელით

გაჟღენთილია დღეს ჩემი ქუჩა.

 

* * *

სახლს გადავხადე სახურავი

და ფანჯრები გავუფართოვე,

რომ სხვა გზა ვნახო

და იმ თვალებით გავიპარო,

რომ მოვხუჭე

უხილავი ნაბიჯების გადასადგმელად.

 

განა ვინმესთან წასასვლელად ვემზადები?!

ყველას მინდა გავეპარო,

ნემსის ყუნწში გავძვრე ძაფივით

და სიმყუდროვის ქსოვას შევუდგე,

აბრეშუმის ჭიასავით

ჩემი პარკის ქსოვა დავიწყო.

 

მიწას

მე დავინახე მიწის ტუჩები –

ბზარები, გვალვამ რომ გაამკაცრა,

მიწას, ტკივილის გამაყუჩებელს,

დიდება მიწას ვნების ჩამნაცრავს.

 

კვიპაროსებით და ამ ვარდებით,

რაღაცას ამბობს, მიწა საუბრობს.

დიდება მიწას, მილიარდების,

დაქანცულების ძვირფას საუფლოს.

 

ყველა საფლავი დარდის ბორცვია,

დიდება მიწას ჯვრებით მოფენილს

და ეს ყვავილი ჩუმი ლოცვაა

და უარყოფის უარმყოფელი.

 

დამალობანა

დაუცადე, თვითონ მოვა,

ან მზე მოიყვანს, ან ვარსკვლავები

და მზერაში აღმოცენდება

და თვალებით შეიწოვს დუმილს –

ბალახივით რომ იზრდება აქვე

და შენს ფიქრებში შემოიხედავს

ღია სარკმელში მცხოვრები ხედი,

რომელმაც ისევ რაღაცის თქმა გადაიფიქრა.

 

დაფარულია ყველაფერი,

რაც თვალწინაა,

და უსასრულოდ ვლაპარაკობთ

რომ არ დავმუნჯდეთ

და ჩვენს სიტყვებში

ვცდილობთ დამალვას.

 

ჩვენ ხომ ტალღები ვიყავით მაშინ…

…ისე ფშვინავდა ზღვის სიახლოვე

და ერთმანეთი ისე გვიყვარდა,

ზღვას ერთმანეთში ვემალებოდით,

სხეული ერთად რომ აგვიყვავდა..

 

ჩვენ ხომ ტალღები ვიყავით მაშინ,

გადადინება ზღვამ გვიკარნახა,

რასაც ვეძებდით, ის იყო ჩვენში

და არ შეგვეძლო მისი დანახვა.

 

ის დღე დროდადრო ჩემში ბრუნდება,

როცა ზღვის სუნთქვა ისევ ჩამესმის

და მეორდება მოწყვეტის წუთი

ფანტასტიკურად უსიამესი!

 

ჩვენ ამ რეფრენით ვსაზრდოობთ დღემდე,

სავსე მოტივით, გაუხუნარით,

ზოგჯერ სხვები ვართ, თან იგივენი

და უცვლელია ცისდამხურავი.

 

ის, რაც თამაშით იბადება

დროს, ზოგჯერ, ისე სწყურია ყოფნა,

იგი ჩვენი ხმით იწყებს ჩურჩულს

და ჩვენს მკლავებს ასწავლის ხვევნას

და ამ რიტმიდან ამოცურდება ალისფერი წრე,

როგორც ნიშანი,

რომ დროს სწყურია იქცეს ანთებულ სხეულებად

და მათ მსუბუქ მოძრაობაში

მე ვგრძნობ რომ დრო ვარ,

როცა შენთან ერთად გავდივარ.

 

ეს ხეივანი, ეს მტევნები, ჩვენი სიტყვები –

ფიქრს ფუტკრებივით რომ დაბზუიან,

და ჩვეული მოუსვენრობით

სულ რომ დავეძებთ იმას,

რასაც ვერასდროს ვპოვებთ –

ეს ხომ გაქცევის სურვილია

და არსაითკენ მიმავალ დროში ჩაძირვის შიში

ბადებს ისეთ რიტმს,

რომელსაც  თურმე სიცოცხლე ჰქვია.

 

ამ რიტმზე ვართ ყველა მიბმული

და ზოგჯერ ჩვენი სიარულიც ცეკვას წააგავს,

რადგან ყველანი ერთ წრეში ვბრუნავთ..

 

რიტმი პირველი ტალღიდან ჩნდება,

ვრცელ პაუზაში რომ დაიბადა

და ერწყმის სხეულს

და გრძნობს გასაღწევ სიახლოვის მოუთმენლობას…

 

ხეების რწევაც – მხოლოდ იმის მინიშნებაა,

რომ დრო, არსად მიმავალი მუდამ აქვეა,

და ის ამოდის საკუთარი არყოფნიდან,

როგორც სიმღერა.

 

* * *

შენ ხომ ზღვასავით  გრძნობდი ნაპირებს,

აღარ იცოდი, ან რა გეღონა,

ნალოლიავებს, ასე ნაფერებს

ჩემი სუნთქვაც კი შენი გეგონა.

 

მე მზის აბრეშუმს შევეწირები,

ისე ვცნობ, თითქოს შენი მხრებია

და შეგრძნებათა კენწეროები

თეთრ ოვალისკენ დაიხრებიან…

 

რა უნდა გითხრა შეშლილ მელომანს,

ალბათ განგებამ ასე არჩია,

მკლავს სიყვარულის მოუთმენლობა

და ამ სიშლეგემ გადამარჩინა.

 

(ის)

(ის) უკვე იყო…

ის ხომ სიტყვებმა გააფერმკრთალეს,

სიტყვებმა გაიტანეს გულიდან

და შემოდგომის ქარს გაატანეს;

იქ იყო მისი ადგილი

ფოთლებაჭრელებულ ტყეებში,

მონატრებისგან ამღვრეულ ჰაერში.

 

ის ყველგან არის,

რადგან სიტყვებმა მოასწრეს და

ჭიანჭველების სიბეჯითით

ამოზიდეს თავის ბუდიდან

და მარცვალ-მარცვალ გაიტანეს გარეთ, –

გულსგარეთ;

ამიტომაც ის ყველგან არის,

ოღონდ გულსგარეთ:

იქ, სადაც ასკილი მწიფს საკუთარ ღიმილში,

იქ, სადაც გეორგენის ყვავილი

გამვლელთა დაჟინებული მზერით იშლება,

იქ, სადაც კოპლებიანი პეპელა დაფარფატებს,

რათა სიჩუმის მოძრაობის დანახვა შევძლოთ

და იქაც, სადაც სარკეები  ისე გიმზერენ,

რომ თითქოს შენში

ისევ უნდათ აღმოაჩინონ იმის ნამცეცი,

რაც უკვე იყო, გულში იყო

და თვალებში ისე  გამოჩნდა –

მდინარესავით, ცა რომ ირეკლავს…

 

(ის) უკვე იყო,

მაგრამ რაღაც მაინც დარჩა

და სიტყვები ჭიანჭველების სიბეჯითით

ისევ გარეთ ეზიდებიან, დაუსრულებლად ეზიდებიან

და სამწუხაროდ, ვერ გამოლიეს,

(ის), სწორედ  (ის), რაც უკვე იყო!

 

* * *

ჩვენ ვერ ვამჩნევთ, იქიდანაც

რომ ბრუნდებიან,

ზოგჯერ სიტყვებსაც რომ გვკარნახობენ

ან სულაც ჩვენში სახლდებიან

ძველი სიცოცხლის გასაგრძელებლად.

 

ისინი მუდამ აქვე არიან…

 

მე ვგრძნობ მათთან თანაცხოვრებას,

სრულ სიჩუმეში, როცა ისმის:

როგორ ივსება მტევნები წვენით,

როგორ მწიფდება დუმილში სიტყვა

მათი სუნთქვის აღმოსაჩენად.

 

ისინი მუდამ აქვე არიან…

 

თავიანთ საგნებს უბრუნდებიან,

თავიანთ ნივთებს ეხებიან უჩინარ ხელით

და გრძნობს ჰაერი მათ არსებობას –

უმიზეზოდ რომ ირწევა ფარდა,

როცა ფოთოლი ეკრობა მინას

დედაჩემის ხელისგულივით.

 

* * *

თვალი ცრემლით ევსებოდა,

ვერ მალავდა აღფრთოვანებას..

 

ახლა ის სხვაგანაა და მისი გული

მიკავშირდება მზის სხივით  და

უმიზეზოდ გამკრთალ ღიმილით,

თავს რომ მახსენებს

და სხვა ტალღაზე გადავყავარ სულ უნებლიეთ.

 

ახლა მისი სულის უთვალავი სენსორი,

გამჭოლად მხედავს,

და ვიდრე ვეტყვი რამეს – მანამდე იცის,

ჩუმად კითხულობს ჩემს ნაფიქრალს

და მპასუხობს უხმო სიტყვებით…

 

სულები ასე საუბრობენ აქაც და იქაც,

სიტყვის უთქმელად, ფიქრის ენაზე…

 

* * *

აი, ჩემი ძმის პროფილი –

კლდის წანაზარდი,

მზის და ქარ-წვიმის საჭრეთელმა

გამოკვეთა ის ამქვეყნად დაბადებამდე..

 

გაუტეხელი იყო მუდამ

და უნებლიეთ შექმნა ბუნებამ

მისი მსგავსი ბარელიეფი

და ვერ ვარჩევ ასლია თუ ორიგინალი,

ჩემთვის კი ძმაა და მიხარია…

© არილი

Facebook Comments Box