პოეზია

გივი ალხაზიშვილი – “მეგონა ჩემთან იყვნენ ისინი…” და სხვ. ლექსები

givi alkhazishvili 2343

* * *

მეგონა ჩემთან იყვნენ ისინი,

მოვიხედე და აღარ არიან,

ეს მეგობრობაც ქრება ნისლივით

და რაც შემოგვრჩა “არხალალია”!

 

სულ ასე იყო, ახლაც ასეა,

რაღა თქმა უნდა – არახალია,

ყოველი ღამე შხამით სავსეა

და სიტყვაც გულში დანახალია.

 

ჩემს მარტოობას ვმწყემსავ დროდადრო

ძმაც კი სულეთში სანახავია,

ვინც წყვდიადიდან მზე გამოადნო,

უხსოვარია, თან ახალია.

 

მოვა დრო, როცა ცა შემეცვლება

და ჩემთვის მიწა არ იარსებებს,

მარად მოუცლელს მარად მეცლება

და მოიცლიან ჩემთვის ასევე…

 

* * *

დრო აღარ გვრჩება…

აღარ… თანაზიარებისთვის.

ეს იგივეა, ყვავილი რომ

ვერ პოულობს გასაშლელ ადგილს

და გაშლამდე დაიწყებს ჭკნობას.

 

მე რაღა დამრჩა,

გარდა შენი სიყვარულისა?!

მარტის უდაბნოს

გაზაფხულის ცები მორწყავენ,

შენ ხომ ყოველთვის და ყველგან მელი,

სულ უმიზეზო და გულმოწყალე.

 

* * *

გადამავიწყდა ჩემთვის ახლობელ

გოგო-ბიჭების მოძრავი კასტა,

ისინი ზოგჯერ სარფზე ნაღვლობენ

და ერთგულებენ ახლებურ აღზრდას.

 

რასაც ამჩნევენ ზედაპირია,

გარეშე სიღრმის, გარეშე წვდომის,

ესეც მეტაა, მეტაფირია

და შურიანი თვალების ომი.

 

არ შევუდგები ვინმეს დამოძღვრას,

მე ვიუცხოვე მოძღვრის წოდება,

მაფიქრებს გესლი როგორ ამოძვრა,

იმის ბაგიდან, ვინც მეცოდება.

 

მე წავალ, სადაც იგი წავიდა,

გავყვები ხილვას მეტაფორიანს,

არის ცხოვრება ერთი წამითაც,

მაგრამ ის წამიც უდაბურია!

 

ჩანახატი შენთვის

რა ნაცნობი ჩქამი არი,

ისე ახლოს ჩამიარე,
მხოლოდ ვიგრძენ, შენი ჟრჟოლა,

რომ მოედო ამ იარებს.

 

შენ იყავ თუ შენი მსგავსი,

ვინც მე გვერდით ჩამიარა,

სულ ერთია, ორივენი

უშველიდით ჩემ იარას.

შენს თვალებში ვკითხულობდი,

– სულ ჰოს ნიშნავს, ჩემი არა.

 

რა უნდა გეთქვა?!

შენ რომ შეგეძლოს ჩვენთან მოსვლა,

ან მე შენამდე რომ მოვაღწიო,

თუნდაც ისე, სიტყვაში რომ მეგულები

და ვგრძნობ შენს ყოფნას;

 

არ არსებობს ჩვენს შორის დრო და არც მანძილი,

არის მხოლოდ უცბად გასვლა რეალობიდან

და გახედვა წუთის ღრიჭოში,

სადაც ჩნდება ფარშევანგი –

შეწყვეტილ სიზმრის ორეულივით,

მდუმარებამ  რომ გამოჩეკა

და აქედან გასასვლელს ეძებს.

 

უხმო სიტყვას ზოგჯერ გულსაც ამოაყოლებ

და ისე გიჭირს მისი უკან ჩაბრუნება,

როგორც თვალში ბრწყინვის დამალვა.

 

ღამე რომ შვა, ის დღე დამთავრდა,

თავს აფარებ მიმიკრიას და არითმიას,

დამემალე და მომინდა იმის გაგება –

რისი თქმა გსურდა?!

 

მაგრამ  შენი ხმა ისე გაქრა,

სიტყვად  ვერ იქცა

და მივხდი, ისე ახლოს იყო შეგრძნების ენა,

რომ შევუერთდით დუმილს ორივე,

სადაც შეგვეძლო უსიტყვოდ ყოფნა

და სათქმელის გულში გავლება,

ჩვენ რომ გვესმოდა და სხვას არავის;

 

რა ახლოსაა ორი დრო და

ორივე მხარე;

წონასწორობას ვგრძნობ, მაგრამ არ ჩანს,

მე ხმებს ვხედავ,

თქვენს  მოძრაობას სმენას ვაყოლებ,

გეძახით უხმოდ,

თქვენს გამო ჩემში მიწა ატირდა!

 

* * *

მე და მინდორი გულაღმა ვწევართ,

თაფლის სურნელი მაბრუებს მინდვრის,

ის ჩემი, მე კი მისი შემწე ვარ,

მე მას ვუდრი და იგი მე მიდრის.

ესაა ჩემი მყუდრო სახლ-კარი,

ცის სახურავი, გულში საყდარი..

ვინ მიუჩინა ჩემს მარტოობას

ულამაზესად მკვიდრი საყრდენი –

განსაცვიფრებლად მდედრი მინდორი,

ისე ღრმა, ისე სურნელოვანი –

დო რე მი ფა სოლ,

ლა ლა სი დო რე,

საუკუნეთა ფარული სუნთქვა,

გადამალული დროის სიმდორე

და ვარსკვლავები – წვრილ-წვრილ შვილებით,

მოყურადებულ ცის მონიტორით,

ჩვენს სიახლოვეს მოენატრება,

ღამის სიმშვიდე და ცხრა-კლიტური.

 

* * *

კიდევ ერთხელ შევისრუტე ალი

სიყვარულის, ჩავლილის,

რა საამოა ყავის რიტუალი

განცდა მოთამაშე ჭავლივით.

 

ახლა ყველას სძინავს, ჯერ კიდევ ადრეა,

ისევ ყეფს ძაღლი მაწანწალა,

გაქცევა არაერთხელ მინატრია,

ნატვრა სინამდვილემ ჩამამწვრა.

 

ოჯახიც პატარა თეატრია –

უსცენო, უფულო, უფარდო,

ფიქრმა წყვდიადში შემათრია,

მე კი მინდოდა უფალთან.

 

ცხოვრებას ნაბიჯი უნდა შევუფარდო,

ისევ მივდიო უწყვეტელ დინებას,

მიკვირს, მავანს რომ შევუყვარდი,

ყავას ვსვამ, მწარედ მეცინება.

 

სიმშვიდეს ვიღაც მეცილება,

უნდა რომ გამახსენოს მე ცეცხლთან თამაში,

ამ დღეებს ისედაც ვეწირები –

ჩაფლული ვალში და დამაში.

 

ელეგია

ზოგჯერ თვითონაც არ ვიცი, ვინ ვარ,

როცა საკუთარ სურვილს ვერევი,

მე სხვა ვარ, როცა გავყურებ მყინვარს

და სულ სხვა, როცა შენ გეფერები.

 

თანდათანობით ვშორდები ყოფას –

ცრემლისმომგვრელს და დამამცირებელს,

ამ საუკუნეს, ავსა და მყეფარს,

სისხლის წვიმები გააცილებენ.

 

შენ იცვამ მთვარის ბოძებულ ქსოვილს

და მთვარის შუქში სუნთქავს წარსული, –

განათებული წარუშლელ ხსოვნით

და მწუხარებით – გზის დასასრულის.

 

* * *

ამ კედლის იქით, დიდ ოთახში, ლარნაკი რომ დგას,

ვერ გამიგია, ღამღამობით, მღერის თუ მოთქვამს.

 

აქამდე აღწევს უცნაურად დახშული ხმები,

ვარდი სურნელით მაგრძნობინებს: შენსავით ვხმები.

 

ოთახის ჰაერს შეუცნობელ ბგერებით დაღლილს –

კვლავინდებურად ენატრება სიტყვების სახლი:

 

რადგან ჰაერსაც, ჰაერსაც კი სათქმელი სტანჯავს,

დაეძებს სიტყვას – მარად უთქმელს, არსად რომ არ ჩანს.

 

ძველი ლარნაკის გახელილი წყლიანი თვალი,

ალბათ ჩემსავით აღსავსეა უსიტყვო მთვარით.

 

ჩემი ფესვებით ვიწოვ ღამეს და ძალას ვიკრებ,

მაგრამ ეს ღამე ვარსკვლავების ყვავილებს მიკრეფს.

 

ვეხმიანები კედლის იქით ჩაკეტილ სივრცეს,

რომ უსახლკარო  ბგერებს სიტყვა სახლივით მივცე.

 

* * *

იყო საღამო ჩავლილთა მსგავსი,

მზის სუნი ჰქონდა ბალახს მოცელილს,

თითქოსდა ბინდის უვრცესი გარსი

სხვა საღამოთა იყო მომცველი.

 

იმ შეღამების ნაცნობი ხმები

იმეორებდნენ ძახილს უძველესს,

გვიხმობდნენ ჩვენი წასული ძმები

ჩვენ, ჯერჯერობით გარდაუცვლელებს.

 

ღმერთო, საღამო წყნარია ისე

და ცის კიდური ისე გახამდა,

რომ ყველა დროის სიჩუმეს ვისმენ,

თითქოს ყველა დღე ერთად დაღამდა.

 

მესამე ფურცელი

მე მახსოვს შენი თბილი მკლავები

და იმ მკლავებში როგორ გავები

სულ უნებლიეთ, ახლაც ვიგონებ

და შევექცევი როგორც სალაფავს

ჩემივე წარსულს სადღაც გაფრენილს,

რადგან ესაა ჩემი ალაფი,

სხვა აღარ დამრჩა აღარაფერი.

 

…და ამ ფუჭ სიტყვებს, ვით ბურბუშელას,

დროდადრო მაინც ვაცლი შალაშინს,

ბედნიერია, ვინც თავს უშველა

და ფიქრში – ბებერ მაწანწალაში

ისევ იღვიძებს ძველი სურვილი.

 

მე მახსოვს შენი თბილი მკლავები

და იმ მკლავებში როგორ გავები…

მახსოვს, გავები იგივეები

და სხვანაირიც მახსოვს, გავები…

 

და კიდევ მზერა ორაზროვანი –

აღსავსე ნდომით და იგავებით,

წამღერებული მახსოვს ხმოვანი,

მე იმ ხმოვანში ისევ გავები…

 

შიშის გამჟღავნება

როცა მოისმის შაშვის გალობა,

ყველა ფოთოლი უთრთის ალუბალს

და გამთენიის დიად შესავალს

ფანჯრებთან მოაქვთ ლურჯი სიგრილე;

 

მეც, ახლა თითქოს მთელი მესა ვარ

და იმდაგვარი ხმები მავსებენ,

რომ ვეღარ ვუძლებ დაუკვნესავად:

 

შენ გაანათლე იგი უფალო,

ვინც ახლა სოფელს გამოესალმა.

© არილი

Facebook Comments Box