პოეზია

გივი ალხაზიშვილი – “მიკვირს ბალახი რომ ამოდის ამ სიძულვილში…” და სხვ. ლექსები

givi alkhazishvili 2343

* * *

თუ ვინმეს ვუმღერ,

მხოლოდ გულში და ისევ უხმოდ,

გარინდვით ვაღწევ

შენამდე და სხვას არვის ვუხმობ.

 

ვიდრე ეს სავსე სიმარტოვე

დაგეძებს სულით,

არაფერია და არავინ

იმ წუთზე სრული.

 

აჯადოებენ ბულბულები

ზაფხულის ბაღებს,

მპოულობს სიტყვა

და ჩაკეტილ კარივით მაღებს.

 

უხსოვარ წუთს ასე ვაგრძელებ…

 

დილით თვალში ცას რომ მაწვეთებ –

შენ გპოულობ გულში ჩავარდნილს,

აქ ხომ შენი ყოფნა იგრძნობა

და უნებლიეთ ნათქვამ სიტყვაში

უხსოვარ წუთს ისე აგრძელებ,

თითქოს არაფერს…

 

სული აღიდგენს გაწყვეტილ სხივს;

სამი წუთია შენს თვალებში ქარი ისვენებს

და ხეებიდან ჩამოღწეული

ჟრუანტელი სისხლში გადადის.

 

მათ, ერთმანეთში რომ შეზრდილან –

სულ ორ ხმაში უყვართ ღიღინი

და საერთო წუთს სუნთქვით ავსებენ.

 

შენ აქვე ცხოვრობ. თვალის მოხუჭვა საკმარისია

რომ შემოხვიდე და მყისვე გიცნო;

ეს იგივეა, სიყრმეში რომ ვსწავლობდი ფრენას

და ახლა შენთან ერთად ვაგრძელებ.

 

ასე არსებობს წუთი წუთით

და ჩვენთან ერთად ისე მოძრაობს,

როგორც ოდესღაც.

 

შევისულ-სისხლხორცე…

შევისულდგმულე და სიყვარულის უწყვეტელობა

ფლობს ყველა წუთს მწყემსად გაჩენილს,

სხვა არაფერი მაბადია

და არად მიჩანს სხვა დანარჩენი.

სიტყვა გამიქრა;

მოლაყბეებს ზურგი ვაჩვენე…

მათ მხოლოდ თავის სიზმრების სჯერათ

და სხეულში, როგორც მღვიმეში ისე ცხოვრობენ…

 

ვერაფერს ვეტყვი,

ვინც მკვდრად იშვა და ვერ მოკვდება…

 

* * *

შუქი ღამეს რომ გულივით უცემს,

მხოლოდ ის ხედავს, რაც არ ჩანს ჩვენთვის

და მასში ისევ ჰყვავის სინათლე,

ფიქრიან თვალის და გულის ღვენთის.

 

გადაიფიქრე… ახლა თუ დალევ,

შენ ღამეს შესვამ ამ ჭიქის შესმით…

ხომ გაქვს იმედი, რომ მოვა ჟამი,

თვალში გაჩენილ მზის სხივში შესვლის?!

ისე ჩაივლის, ვერც კი გავიგებ

და საუკუნეს წუთივით შეცვლის.

 

* * *

მოლაღურის ფრთებს ვერ იტანს,

რომ გაუდის კაშკაში.

ვერტმფრენივით გადაუფრეს

სამეზობლოს კაჭკაჭი,

ხმა როყიო, კუდი გრძელი,

საქციელით ქაჯ-ქაჯი.

 

* * *

…უსმენ თვალებით ნათქვამს და ფიქრობ:

ამ კამერტონზე რომ ააწყო შენი ცხოვრება,

მზეს და მიწას, მდინარეს და

დამალულ ქარს უნდა უსმინო

და უნდა იყო მათი გაზრდილი,

რომ სიტყვაში დაუნახავად იგრძნო მზე

და გაიხსენო ღამეები მზის ნაფერები;

როცა სულის უთქმელობა გამჭვირვალეა

სიტყვას არ ეძებს.

 

გაიხედე და იმ ყვავილს შეავლე თვალი,

მეუთვალავედ რომ გაიშალა, როგორც პირველად,

იგი ხომ სათქმელს სურნელით ამბობს

და ასე გიხმობს,

თვალმაც ხომ იქით გადაინაცვლა

და უხილავ სიღრმეში ჩაჰყვა.

 

აქ შეიძლება უცაბედად თვალი მოჰკრა

ან იგრძნო მისი სიახლოვის გამჭოლი წუთი,

ყველა დროს რომ ფლობს ერთდროულად,

მაგრამ თვითონ არსად არ არის

და მაშინ უყვარს ჩვენში ყოფნა,

სულის გარდა რომ ვერავინ ამჩნევს…

 

* * *

გიცნობდი სუნთქვით, ჰაერის რხევით,

აქვე ხარ… უფრო ახლოს რომ იყო…

აქ მეგულება ნაცნობი ხევი,

წეღან მიზანში რომ ამომიღო.

მივხდი, ამ გოგოს ვერ შეველევი,

ის ხომ მარტოა და მეც მარტო ვარ,

ამანთო უცბად თვალის შევლებით

და სულის თვალი ჩემში ჩატოვა.. …

 

* * *

შენ არ გენახა,

რაც გახსოვდა, მაგრამ იცი,

წარსულიდან ისე იცი,

როგორც შენში არსებობა დამალულ გულის..

 

ის გულისცემა –

სამყაროს რიტმს, რომ ამთლიანებს,

ისევ შენშია

და უშენობა სიტყვას ვერ ამბობს

და შენში ყოფნა

ნიშნავს ისევ ერთად სუნთქვას

და ფარულ გულში ჩასახულ ფეთქვას

ეხუჭება უსიტყვო თვალი

და ჩუმად ვუსმენ მაჯისცემას

წვეთებივით რომ ითვლის წამებს…

 

აი, საცაა ჩვენ ფრთებს გავშლით

და გავიფიქრებ, მერამდენედ გვაუჩინარებს

ის, ვინც სულ ჩვენი მეგზურია

და ნიადაგ სინათლეს ვეძებთ –

ჩვენთან ერთად რომ იბადება…

 

შენ არ გენახა,

რაც გახსოვდა, მაგრამ იცი,

რომ ერთხელ რაკურსს

შენი თვალი აეხილება!

 

გარდასახვა

მე ვწერდი ჩემთვის და არა სხვისთვის,

არც შენ მახსოვდი, როდესაც ვწერდი,

ვრჩებოდი მარტო ულურჯეს ზღვის წინ,

იმავე ზღვისგან შობილი წვეთი.

 

მავიწყდებოდა მარადი ჟამი,

რომელიც ჩემთვის  მოდის და მიდის,

უმარტივესი თეთრი და შავი,

რთული დუეტი – მარადი მითი.

 

როცა სივრცეთა სიჩუმე სრული

თვალის სიღრმეში იწყებდა ლივლივს,

ვგრძნობდი რომ სიტყვებს წაჰყვება სული

და სამყაროში  უჩემოდ ივლის.

 

* * *

საკუთარ თავის ძებნას უნდება,

როცა ბეზრდება ყურს არხალალი,

“მე” რომ ქრება და “ის” შინ ბრუნდება,

მაშინ არავინ, შინ აღარ არი…

 

შენ როგორც იქნა გადაისუფრე

და ობოლ სიტყვის ჩუმი დამარცვლით,

ჩაკეტილ ხმოვანს ათავისუფლებ

და ჟღერადობას ტემბრი დაგაცლის.

 

წავალ, მოვძებნი შიშველ ამინდებს,

აწმყო ყოველთვის უტიფარია,

ჰალოგენივით თვალებს ამინთებს,

სამივე დროის ბუტაფორია.

ვჩუმდები, ამ დროს არ გავამითებ,

იგი ისედაც უდაბურია.

 

* * *

შენ იქ ხარ, სადაც სინათლე გეძებს,

მაშინაც გეძებს,

როცა წყვდიადში გაილევა უცნობი წუთი

და მოიხედავს,

იქნებ წარსულს თვალი შეავლოს…

წუთის სარკე, სახეების კოლექციას

უნებლიე ხედვით აგროვებს,

და უცნობ სულდგმულს

ჩემს თვალებში უნდა ჩახედვა

და მათთან ყოფნა,

ვინც ჩემში ცხოვრობს დასაბამიდან

და მათ გარეშე ვეღარ ვარსებობ.

 

* * *
მეგონა მემალებოდი.

შენ თურმე თანმდევ

დღისით და ღამით.

რა ვიცოდი ასეთ წვიმაში

მუსიკას თუ შემოჰყვებოდი.

 

* * *

…ის ახლა ჩემში ისე ანათებს,

რომ ჯერ არ უნდა დამშვიდობება,

როცა თვალს ვხუჭავ,

ვშიშობ არ ჩაქრეს,

ის კი სინათლით უფრო ივსება.

 

* * *

ამავსებს შენი მოახლოება

და შევეზრდები შენს სიახლოვეს:

გსურს სიყვარულის მოახლეობა

და ჩვენში ეძებ უფრო ახლობელს.

ძებნა-ძებნაში თითქოს მალავენ,

რასაც ეძებენ, მერე შერთავენ

და გვახსენდება, მეუთვალავედ,

ერთიან გულის ჩამოღვენთამდე,

არა ზმანება წუთის – არამედ,

წუთის სიღრმეში სწრაფვა ღმერთამდე!

 

წუთის გამეორება..

დაგელოდები,  ჩამოდი მალე,

შენ რომ არა ხარ, არც მე ვარ სახლში,

მთელი ცხოვრება  ხანძარი ვმალე,

ახლა ვაგროვებ ფერფლსა და ნახშირს…

 

სწვავს შემოდგომას ყვითელი შხეფი

და მოწითალო წინწკლები ფოთოლს,

ისევ შორიდან მოისმის  ხმები,

განელებულო ზაფხულის შფოთო.

 

გადამალულო აგვისტოდ ხვატო,

ეს მონატრების წუთი შეუნდე,

როგორ მწყურია რომ ისევ გხატო,

და ისევ შენით რომ დავსნეულდე!

 

* * *

მიკვირს  ბალახი რომ ამოდის ამ სიძულვილში,

ყვავილები რომ იშლებიან,

მზე რომ აბრწყინებს  თვალების  ჭაობს,

სისხლიან ხელზე რომ გაკრთება უმანკო სხივი,

სიცრუის ხავსში ნიავი რომ გაიშრიალებს.

რა უნდათ აქ,

სადაც ჰაერიც  აღარ არის,

სადაც მშიერი ბავშვის თვალებში

ტანჯვით შობილი ნათელი ბჟუტავს…

რა უნდა  ვარსკვლავს და ამ სიმღერას

გულგრილობით  მკვდარ უდაბნოში?!

 

* * *

მზე რომ იყო ჩამავალი, დასავლის,

ვიდრე მარტმა საქმე არ გაართულა,

გაზაფხული მოგვიახლოვდასავით

ამეტყველდა მონატრებულ ქართულად.

 

არ ინდობა, ჩემთვის რაც გაიფიქრე,

შენც ხომ იცი, დაცდენილი ყასიდად…

არა უშავს, გულსგარეთ რომ მიმიქრეს,

ან გამოკრთეს ძველი მონახაზიდან.

 

შენ სურვილის გიყვარს გულში შენახვა

სათავისოდ, სარკეს რომ ეპრაანჭები,

რა ლამაზად მოინდომე ხელახლა

და გაზაფხულს დაანახე კანჭები.

 

* * *

შენამდე ვეღარ მოვაღწიე,

ვერც წარმოსახვით და ვერც ფიქრით,

აღარც მზერას არ მოჰყვები – შენგან ჩემამდე,

მხოლოდ ეგაა, ისე ჩუმად ხარ,

რომ ყველა შენი სიტყვა მესმის,

გულში ჩემთვის რაც გაიფიქრე!

 

* * *

რაც გუშინ  ერთად ავიშვით,

ვხედავ, რომ ქალო, გინდება!

მკლავებს რაც უფრო გამიშლი,

ეს მდელოც გალოგინდება.

თვალსაც – რაც უფრო გაახელ,

მით უფრო ჰალოგენდება!

 

უარი!

თურმე საითაც მიღოღავს მატლი,

თვალუწვდენელი ერთი ადლია,

ამის სიცოცხლე თუ არის მადლი,

ნებისმიერი, ალბათ, მადლია.

 

ვინც მუდამ გვფარავს, სავსეა ნათლით,

ის შეგვაგებებს სიტყვას ნატვრიანს,

ამ გაფიქრებას სიცოცხლედ ჩავთვლი

და შემოჰყვება ნატვრას ნათლია.

 

ბრუნავს ქვეყანა, მითხრეს, ამ ტრიალს,

ნუღარ მიიბამ გულზე ქადაგო,

საწუთრომ ისე მწარედ მამტვრია,

არ მსურს ამ თახსირს მივესადაგო!.

 

* * *

შენ იქ ხარ, სადაც სინათლე გეძებს,

მაშინაც გეძებს,

როცა წყვდიადში გაილევა უცნობი წუთი

და მოიხედავს,

იქნებ წარსულს თვალი შეავლოს…

წუთის სარკე, სახეების კოლექციას

უნებლიე ხედვით აგროვებს,

და უცნობ სულდგმულს

ჩემს თვალებში უნდა ჩახედვა

და მათთან ყოფნა,

ვინც ჩემში ცხოვრობს დასაბამიდან

და მათ გარეშე ვეღარ ვარსებობ.

 

* * *

ზოგი გამა დღემდე მახსოვს,

ვმღერი, ზოგჯერ ხმა მიწყდება,

ყველა სიყვარული მახსოვს,

არცერთი არ მავიწყდება.

 

ქალის საჭეს რულს ვეძახი,

ზოგჯერ ძილსაც ვუხმობ რულად

და შენს სამეგობროშიაც

ბალანსია გენდერულად.

 

ლა-მინორიც მიმავიწყდა,

არ ვიცვლები მენტალურად,

ყველა სიყვარული მახსოვს,

ზოგიერთი დეტალურად.

 

* * *

თვალი ცრემლით ევსებოდა,

ვერ მალავდა აღფრთოვანებას…

 

ახლა ის სხვაგანაა და მისი გული

მიკავშირდება მზის სხივით და

უმიზეზოდ გამკრთალ ღიმილით,

თავს რომ მახსენებს

და სხვა ტალღაზე გადავყავარ სულ უნებლიეთ.

 

ახლა მისი სულის უთვალავი სენსორი,

გამჭოლად მხედავს,

და ვიდრე ვეტყვი რამეს – მანამდე იცის,

ჩუმად კითხულობს ჩემს ნაფიქრალს

და მპასუხობს უხმო სიტყვებით…

 

სულები ასე საუბრობენ აქაც და იქაც,

სიტყვის უთქმელად, ფიქრის ენაზე…

 

ნაცვალსახელთა გადანაცვლება…

ჩვენ ერთმანეთში გავცვლით ადგილებს

და აღარ გვახსოვს, ვინ, სად წავედით,

გულმავიწყობა გაგვიადვილებს;

დღეს რა რიცხვია? ისევ ცამეტი!

 

ნაცვალსახელთა ჩუმ როტაციას

კვლავ ერთმანეთში მოჰყვა შერევა

და მე მას, მას მე რომ გამოვტაცე,

სულ არ მგონია ბედნიერება.

 

და თუ იმ სამში ერთი ქალია,

და სულ ერთმანეთს ეძებს სამივე,

წარმოიდგინეთ ბაკქანალია,

სამი სიამე და სიამევე!

იქნებ მოვიდეს  ჩვენთან მიქელა

და ერთდროულად  გავქრეთ სამივე.

 

* * *

რად უნდა ზრუნვა რაიმეს თარგმნას,

სულ ბოლოს მაინც სიკვდილი გთარგმნის,

ხომ გაგაცურა ფიქციის დარგმა,

თუმცა სიცრუეს შენ არსად არ ქმნი!

 

ვერ შეგიტყუა სიყალბის თარგმა,

არ მიიზომე ნახმარი თარგი,

შემოდგომაზე იხსენებ დარგვას,

ისევ თავს იქცევ სიცოცხლის დარგვით.

 

ამ სოფელს მუდამ თავისი უყვარს,

ამათი არ ხარ და არც იქნები,

გამხიარულდი, მიბაძე ბუხარს,

საწუთრო მუდამ არის ციგნების!

 

* * *

ცრემლს თვალში ვეღარ ჩავიბრუნებ

გულში ყოველთვის

და შენსკენ ისევ გულით მოველტვი…

 

* * *

სანთელს რომ ვანთებ,

სიკვდილ-სიცოცხლეს ერთად ვეხები

და შუქ-ჩრდილები ცვლიან ადგილებს…

მხოლოდ შენ იცი, რომელია შუქი ან ჩრდილი,

ადგილის შეცვლას რომ მიადვილებ?!

 

გადამდები წუთი..

მე გაგროვებდი ნაწილ-ნაწილად,

გამთლიანებდი ნაწოლ-ნაწოლად,

ბოლოს ორივე ერთად აღმოვჩნდით  –

ნაწილ-ნაწოლად, ნაწოლ-ნაწილად

და საღამომაც ერთად გვიპოვა

გვიყურა, თვალი არ მოგვაცილა

და ბოლოს მიხვდა, მასაც ჩვენსავით

რომ სიყვარულის სჭირდა ბაცილა!

© არილი

Facebook Comments Box