ახალი ამბები

გიორგი კახიშვილი -„საბამ“ ქართულ ლიტერატურულ პროცესს, ერთგვარად, ახალი სული შთაბერა

,,არილის” დღევანდელი სტუმარია გიორგი კახიშვილი, ,,საბას” დებიუტის ნომინაციის ფინალისტი,  მთარგმნელი. სოფოკლეს ,,ტრაქისელი ქალები”  გამომცემლობა ,,ლოგოსმა” დაბეჭდა.

ესაუბრა გუგა მგელაძე

რას ნიშნავს თქვენთვის ,,საბას’’ ფინალისტობა და როგორი მოლოდინები გაქვთ?

არ ვიქნები ორიგინალური და ვიტყვი, რომ „საბას“ ფინალისტობა ჩემთვის დიდი სტიმულია. თუკი, საზოგადოდ, მთარგმნელობა რთული საქმიანობაა, კლასიკური ენებიდან თარგმნას არაერთი დამატებითი სირთულე ახლავს. დიდი ბედნიერებაა, როდესაც ლიტერატურული საზოგადოება ამ სირთულეების დაძლევას გიფასებს. ეს ფაქტი გახსენებს, რომ შენი საქმიანობა მკითხველისათვის ჭეშმარიტად ძვირფასი და ღირებულია.

როგორ აფასებთ წლევანდელ მოკლე სიას? არიან მწერლები, რომლებიც იმსახურებდნენ სიაში მოხვედრას?

სამწუხაროდ, წლის საუკეთესო პიესისა და საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციებიდან, ჯერ-ჯერობით, არც ერთი წიგნი არ წამიკითხავს. დანარჩენ ნომინაციაში წარმოდგენილ წიგნებს, რამდენიმე წიგნის გამოკლებით, ვიცნობ და თუ ჩემს შეფასებას რაიმე ფასი და მნიშვნელობა აქვს, მათ ნამდვილად ეკუთვნით „საბას“ ფინალისტობა. სიაში ვერმოხვედრილ მწერლებზე საუბარი ჩემი მხრიდან მართებული არ მგონია, ამიტომ ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით.

 ,, ტრაქისელი ქალებისთვის’’ დართულ წერილში აღნიშნავთ, რომ ამ პიესის სახით სოფოკლემ შექმნა ,,გვიანი მცოდნისა’’ და შეიძლება ითქვას, უდანაშაულო დამნაშავის ტრაგედია’’. როგორია ჰერაკლესა და დეიანირას კონფლიქტის თანამედროვე  მოდელი?  ვინ ( რა ტიპის ფსიქოტიპი) შეიძლება ვიგულისხმოთ  თანამედროვე რეალობაში ამ პერსონაჟების  ,,მიღმა’’?

ეს მეტად ვრცელი თემაა მცირე ინტერვიუში რეფლექსირებისათვის. რაკი ანტიკურ ლიტერატურაში ღვთაებრივი ნება (ზედაპირზე, თორემ ამ ღვთაებრივი ნების ალეგორიული მოთარგმნით ინტერპრეტაციის უსასრულო შესაძლებლობას იღებ) ადამიანის ბედს მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა, „უნებლიე ცოდვილთა“ და „უდანაშაულო დამნაშავეთა“ რიცხვი დიდი იყო. დროდადრო ეს შეიცვალა, მაგრამ ასეთი პერსონაჟები ლიტერატურიდან არ გამქრალან. მეტიც, ასეთ პერსონაჟთა გალერეით ქართული ლიტერატურაც მდიდარია. თუ ამას ყოფით რეალობამდე დავიყვანთ, კეთილი ზრახვით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გარემო ფაქტორთა გაუთვალისწინებლობის მიზეზით ფატალური შედეგით სრულდება, ამ სისტემაში მოექცევა. დღევანდელ ფსიქოტიპებთან შედარებაც შესაძლებელია, მაგრამ ვრცელი წანამძღვრების გარეშე დასკვნას ძალიან ბანალური სახე ექნება.  ფართო საკითხია, მოკლე მსჯელობას ვერ იგუებს.

როგორ შეაფასებდით ,,საბას’’ ოც წლიან გამოცდილებას?

რა თქმა უნდა, კარგ მწერლობას თვითკმარი ღორებულება აქვს და მწერლებს წერისათვის ლიტერატურული პრემიის მიღებაზე ფიქრი, საზოგადოდ, არ სჭირდებათ, მაგრამ ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ „საბამ“ ქართულ ლიტერატურულ პროცესს, ერთგვარად,  ახალი სული შთაბერა. „საბას“ წვლილი შეუფასებელია ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში და ჩემთვის დიდი პატივია, რომ გარკვეული ფორმით, როგორც ფინალისტი თუ უბრალოდ მკითხველი, მეც იმ დიდი ისტორიის ნაწილი ვარ, რომელსაც „საბა“ უკვე მეოცე წელია უწყვეტად წერს.

© არილი

Facebook Comments Box