ახალი ამბები,  ესე,  კრიტიკა

გიორგი კეკელიძე – წიგნი, სექსი, ცეცხლი და მახვილი

burned01books

მურტალი ის არის, რომ წიგნებისგან ბევრი ფერფლი გროვდება, და მერე, როცა ღუმელის კარს აღებ, ჰაერში დაფრინავს ქაღალდის შავი ფერფლი და იატაკს ეფინება, ჩვენც გვეფინება, როცა იატაკზე ვწევართ, მაგრამ არ ვაქცევთ ყურადღებას”.

                                 ზურა მესხი – “სპაზმები”

,,დონ კიხოტს ჯერ ისევ ეძინა. მღვდელმა დისწულს იმ ოთახის გასაღები სთხოვა, სადაც ესოდენ დიდი უბედურების მიზეზი – წიგნები ინახებოდა”. – ასე იწყება მეექვსე თავი – ,,თუ რა გულდასმითა და სეირით გასინჯეს მღვდელმა და დალაქმა ჩვენი მახვილგონიერი იდალგოს ბიბლიოთეკა”. ყოვლადგენიალური სერვანტესი. ყოვლადგენიალური ლამანჩელის ამბავი. ხოლო სცენა და დიალოგი ისე ვითარდება, მთელი მანამდელი და შემდეგი მსოფლიოს ამბებს აღწერს ამ მიმართულებით. დისწულის და სახლის გამგე ქალის მოსაზრებით ყველა წიგნი მავნეა, რადგან მათში ცხოვრებისგან მოწყვეტის და სხვისი ცხოვრებით გადარევის გარდა არა ყრია რა. ლიცენციატის წინადადებით კი საჭიროა მათი გადარჩევა სათაურების (აქ ქართული სამამულო სპორტი მოგაგონდებათ – სახელწოდებების მიხედვით ნაწარმოებების განსჯა) მიხედვით უნდა მოხდეს – მავნენი დაისაჯონ, უვნებელნი გადარჩნენ.

წიგნი ადამიანივითაა. მასავით იბადება და ცოცხლობს. ებრძვიან. იწონებენ ან იწუნებენ. უყვართ და სძულთ. ხშირად აპატიმრებენ კიდეც. მაგალითად, თბილისში, ყოფილი წიგნის პალატის შენობაში ოდესღაც ზუსტად მსგავსი სატუსაღო იყო მოწყობილი, სადაც რობაქიძისა და ჯავახიშვილის ტექსტები იხდიდნენ სასჯელს. ავად ხდება ან პირდაპირ ავადმყოფი იბადება. სიკვდილის კი რა მოგახსენოთ – წიგნები ადამიანისგან განსხვავებით, უცნაურად მრავლდებიან. მათი ცალები ხან რომელიმე სარდაფს აფარებს თავს, ხან ვიღაცის უბეს. ძნელია წიგნის მოკვლა. ყველაზე უფრო უიმედოდ დაკარგული წიგნის პოვნა შეიძლება სადმე, სრულიად შემთხვევით. ამ თვალსაზრისით მისი მაძიებლები კრიპტოზოოლოგებზე იმედიანად უნდა იყვნენ.

რაც შეეხება მოკვლის მცდელობას, აქ მიზეზი გახლავთ სხვადასხვა. პირველი და უმთავრესი – შიში. გავანდგუროთ ჩვენთვის მიუღებელი ჩვენივე სიმშვიდისთვის. მეორე, უფრო ცივილური – გადარჩევა. უკვე უვარგისი წიგნებისთვის არსებობს საერთო სასაფლაო – მაკულატურის საწყობი. ეს გზა საბოლოო ამოწყვეტას არ გულისხმობს, მათი ეგზემპლარები ინახება, ხოლო უმრავლესის სხეულიდან სხვა, ახალი სხეული იბადება. ევგენიკას მიაგავს ეს საქმე, მაგრამ ბეჭდური ეპოქებისთვის გარდაუვალი იყო. ელექტრონულ ეპოქაში, ბუნებრივია, ამგვარი მეთოდის აუცილებლობა ქრება. აქ უკვე მარადიული და თანაბარი სიცოცხლეა გარანტირებული. ჰო, კიდევ არის მესამე ამბავიც – საჭიროება. მაგალითად, იმისთვის, რომ ცეცხლი დაენთოთ, ოთხმოცდაათიანების ბნელ ღამეებში 1970 წლის გეოგრაფიის სახელმძღვანელოს ან მის ამხანაგს გაწირავდნენ ხოლმე. რაღა შორს წავიდეთ – ჩვენში ბებერი წიგნების  უმეტესობამ ჩეჩმებსა და საპირფარეშოებში განუტევა სული.

მაგრამ მთავარი და საშინელი მტერი – ცხადია, შიშია. სიძულვილი და შიში.

სწორედ შიში და სიძულვილი კარნახობდათ, ესპანეთსა და პორტუგალიაში – ერეტიკოსების და მათი ნაწერების საჯაროდ დაწვას რომ მიჰყვეს ხელი. იქ, ბოლოს ეს საქმე 1826 წელს, ვალენსიაში აღსრულდა.

1933 წელს ნაცისტურმა რეჟიმმა დიდი აუტოდაფე მოაწყო. მანები, ბრეხტი, ფოიხტვანგერი, რემარკი და სხვა ,,საეჭვო” ხალხის წიგნები ცეცხლს მისცეს და ამ ავტორების წინაპრის წინასწარმეტყველების ასრულება დაიწყეს – ,,იქ სადაც წვავენ წიგნებს, მალე ადამიანებსაც დაწვავენ’’ (ჰაინე).

წიგნის დაწვა მაგიური აქტია. სულ ტრიუფოს 451  ფარენჰეიტის კადრები გახსენდება – თან საშიშიც და თან რაღაცით ავად მომხიბლავიც. როგორც ბევრი ცუდი რამ – მაგალითად, შენი სოფლისკენ მთიდან დაძრული ვულკანი.

ჩვენთან, ახლო-მახლო რაც მახსენდება, – 2009 წელს, ცხინვალში, იქაური უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, მოიძიეს იქ დაცული ყველა ქართული წიგნი და საერთო საცხოვრებლის ეზოში კოცონად აქციეს. მანამდე ოთხმოცდაათიანების დასაწყისში წიგნების დაწვა ძირითად პატრიოტულ-პოლიტიკური მოტივით ხდებოდა – ვინ ვისისტი იყო და მსგავსი ამბები თამაშობდა გადამწყვეტ როლს.

ბოლო საქმე ასეთი გახლავთ: ბათუმის ერთ-ერთ წიგნის მაღაზიაში, წლების წინ ჯერ ზაზა ბურჭულაძის ,,ხსნადი კაფკა” დაუწვავთ – ეროტიკული პასაჟების სიმრავლის გამო. ახლა პაულო კოელიოს უწყინარ ნაწარმოებს მალავენ სექსის და მარხვის შეუთავსებლობის მოტივით. ბოკაჩო, დე სადი (ფუი, ეშმაკს!) ან სარამაგო, ეტყობა, არ ჰქონდათ. ან სათაურმა არ მიიზიდათ. ამ საქმემ მცირე სამამულო სკანდალი გამოიწვია და სოციალური ქსელში ერთი-ორი კონსილიუმიც გაიმართა. არ მინდა დავიჯერო, რომ გულში უმრავლესი მაინც დამწველებს უთანაგრძნობდა, მაგრამ ამ განხილვებს ჰა-ჰა რამდენიმე ასეული კაცი თუ შეუერთდა.

კონსულტანტებს კი სრულიად კეთილშობილური მიზანი ჰქონდათ: მკითხველისგან დაემალათ ის, რაც მათი სულებისთვის საშიშად მიაჩნდათ.  ამ მოცემულობაში იმაზე საუბარი, რომ ეს წიგნის მაღაზიის რაობის ზოგად პრინციპს  ეწინააღმდეგება, ცოტა გულუბრყვილო საქმედ მიმაჩნია. ვერც ჩვენი მხრიდან დამუნათება და ნამდვილ ქრისიტიანულ მორალზე მითითება და სხვა მსგავსი ილეთები შეცვლის საქმეს. არც შეხსენება, რომ დრო იყო ბიბლიასაც წვავდნენ. “ვეფხისტყაოსანსაც” წყალს ატანდნენ. არ გაამართლა ამგვარმა მიდგომამ არასდროს. მთავარი ამოცანა, ამ ხალხის შიშის დაძლევაა. ეგებ და ეს დროებითი შიშია, უწყინარი აკვიატება. დაძლევა კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ადამიანები წიგნებს წაიკითხავენ. ამგვარ ამბებზე საკულტო რომანის ავტორი, რეი ბრედბერიც ხომ ამას გვეუბნება: ,,არსებობს უფრო დიდი ბოროტება, ვიდრე წიგნების დაწვაა – მათი არწაკითხვა”.

© “არილი

Facebook Comments Box