ესე

გიორგი მელიქიშვილი – ღმერთი ანუ ბუნება და ჰეგელის მოტივებზე

ეს ორი ტექსტი, რომელსაც დღეს გთავაზობთ, დიდი ქართველი მეცნიერის, გიორგი მელიქიშვილის არქივში აღმოჩნდა. საქაღალდეს, რომელშიც ისინი იყო, ეწერა: “სარეალიზაციოდ”. ჩანს, რომ აქ გამოთქმული იდეების გამოქვეყნებას ის ამა თუ იმ ფორმით ვარაუდობდა. ამ ჩანაწერებში ჩანს მოვლენათა საზრისის წვდომის მუდმივი მისწრაფება, რომელიც საფუძვლად ედო საზოგადოებრივ-ისტორიულ პროცესთა მისეულ კვლევას; ნიშანდობლივია გიორგი მელიქიშვილისეული პასუხი კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია მისი დაინტერესება ისტორიით: “ვფიქრობ, ისტორიამ დამაინტერესა, როგორც მრავალი სხვადასხვა ძალის, იდეის, სურვილისა და მისწრაფების ჭიდილის გრანდიოზულმა სანახაობამ. მოვლენათა ამ ლაბირინთში გარკვევა, ისტორიის მსვლელობის გეზის ამოცნობა, მრავალგზის საინტერესოა.” მისი მეორე უაღრესად ნიშანდობლივი თვისება იყო ადამიანის გონების, რაციოს შესაძლებლობების რწმენა. მოვლენათა და პროცესთა საზრისისა და საფუძველის შემეცნებისკენ მისწრაფებისას იგი არ იფარგლებოდა მხოლოდ მისი საკვლევი სფეროთი. მისი გონების წინაშე მუდამ იდგა სამყაროს არსის, წარმოშობისა და განვითარების საკითხებიც, რადგან მისი მუდმივი ამოცანა იყო მიზეზთა წვდომა, მოვლენათა ლოგიკური, რაციონალური საფუძვლის პოვნა. სამყაროს მთლიანობითი არსის გააზრებაში იგი საყრდენს სპინოზასა და ჰეგელის ფილოსოფიაში პოულობდა. მათი მსოფლგაგება მისთვის ყველაზე ახლობელი იყო. მისთვის ეს იყო ლოგიკური აზროვნების, რაციონალური შემეცნების ტრიუმფი. როდესაც იგი მათ ნააზრევზე ლაპარაკობდა, ინტონაციაც მისთვის დამახასიათებელი ჰქონდა – ეს იყო მოწიწება და ადამიანური შემეცნების შესაძლებლობების მწვერვალებით სიამაყე. თუმცა, როგორც ამ ჩანაწერებიდან ჩანს, იგი ლოგიკური შემეცნების შესაძლებლობების ჩარჩოებსაც გრძნობდა.

Deus sive Natura

ღმერთი ანუ ბუნება

ეს გამოთქმა ეკუთვნის გამოჩენილ ჰოლანდიელ ფილოსოფოსს ბარუხ სპინოზას (1632 – 1677). მისი აზრით, უნდა არსებობდეს მხოლოდ ერთადერთი უსასრულო და მარადიული სუბსტანცია – “ღმერთი ანუ ბუნება”. ამრიგად, იგი ღმერთისა და “ბუნების” (რა თქმა უნდა, ყოველივე არსებულის – სამყაროს მნიშვნელობით) გაიგივების პოზიციაზე დგას და ამით პანთეიზმის პრინციპს აღიარებს. მართალია, ზოგი მის პანთეიზმს მატერიალისტურად, ზოგი კი იდეალისტურად მიიჩნევს, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ შეიძლება ჰქონდეს, რადგანაც „სამყაროში” (ანუ ღმერთში) შეუძლებელია ორი საწყისი (ან იდეა, ან მატერია) ვიგულისხმოთ, ამიტომაც უსაგნოა იმაზე კამათი, “პირველადია” თუ არა რომელიმე მათგანი.
შესაძლებელია მხოლოდ ერთი საკითხის დასმა: რა არის მარადიულად არსებული ერთობის (ღმერთის ანუ სამყაროს, resp. სინამდვილის) ძირითადი მახასიათებლები? ამ ასპექტში ჩვენ გვეხმარება უკვე ანტიკური ხანიდან გაცნობიერებული, ხოლო შემდეგში გენიალური ჰეგელის მიერ მკაფიოდ ჩამოყალიბებული დიალექტიკის ძირითადი კანონზომიერებები: მთელის შიგნით დაპირისპირებულთა ერთიანობა, როგორც არსებითი საფუძველი განვითარებისა, რაოდენობის თვისობრიობაში გადასვლა (განვითარების მექანიზმი) და უარყოფის უარყოფა (წინსვლის, პროგრესის, უფრო მაღალ დონეზე ასვლის ფორმა).
ამასთანავე სახეცვლის, გაჩენა-განადგურების დილემის არსებობა აუცილებელია, გარდაუვალი კანონია და ეხება ყველასა და ყველაფერს მიკროელემენტებიდან დაწყებული ვიდრე მთელი სამყაროთი გათავებული. ასევე აუცილებელია და უარყოფის უარყოფის კანონის განსახიერებაა “ციკლიზმი” – სხვადასხვა დონეზე ერთნაირი, ან მსგავსი ფორმების შექმნა-არსებობა.
უკანასკნელი ხანის მეცნიერებამაც ბევრი ახალი მომენტი შეიტანა “აბსოლუტის” (ღმერთის) ცნების გააზრებაში. აღმოჩნდა, რომ სამყარო ემორჩილება ძირითადად დიდი ხნის წინათ მიგნებულ დიალექტიკური აზროვნების კანონებს (ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, იშვება, ვითარდება და ისპობა, ეს პროცესი მიმდინარეობს დიალექტიკის ძირითადი კანონების – წინააღმდეგობათა ერთიანობის, რაოდენობრიობის თვისობრიობაში გადასვლის, უარყოფის უარყოფის და ა.შ. – თანახმად). ირკვევა, რომ ჩვენი დღევანდელი ხილული სამყარო წარმოიშვა ამ 4-6 მილიარდი წლის წინ განუზომელად შეკუმშული მატერიის ბირთვისაგან, რომელშიც მატერიის შეკუმშვამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ აფეთქდა და ამის შედეგად დაიწყო წამოქმნილი ელემენტარული ნაწილაკების ნაკადის გაფანტვის პროცესი. თანდათან ამ სივრცეში ხდება ალაგ-ალაგ მატერიის კონცენტრაცია, წარმოიქმნება ციური სხეულები (მზე-ვარსკვლავები, პლანეტები, მათი თანამგზავრები და ა.შ.). ზოგიერთ პლანეტაზე (ეგების ჯერჯერობით მხოლოდ ერთ მათგანზე – “დედამიწაზე”) წარმოიქმნება სიცოცხლე, განვითარებას იწყებენ ცოცხალ არსებათა, ფლორისა და ფაუნის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები, დაბოლოს თვით ადამიანი, რომელიც აგვირგვინებს სამყაროს განვითარებას – ახორციელებს გარდაქმნას “საგნისა თავისთავად” “საგნად თავისთვის” (ჰეგელი) და როგორც ჩანს, აგვირგვინებს “აბსოლუტის” (ღმერთის, აბსოლუტური სულის) განვითარებას, რომლის შემდეგ უნდა დაიწყოს პოტენციადაკარგული, ძალაგამოლეული მატერიის გაფანტვის პროცესი. (ამ დროს მას შეიძლება მოუხდეს ანტინაწილაკებისაგან შედგენილ სხვა სამყაროსთან (resp. სამყაროებთან) კონტაქტირება, რასაც მოჰყვება, ალაგ-ალაგ ან საყოველთაოდ, ანიჰილაციის პროცესი). ძალაგამოლეული მატერია იწყებს ხელახალ შეკუმშვას, ვიდრე კვლავ არ მივა იმ ზეშეკუმშულ “პატარა” ბირთვამდე, რომელიც შემდეგ და შემდეგ კვლავ უნდა აფეთქდეს და დაიწყოს ამით განვითარების (არსებობის) ახალი ციკლი.
ვინ იტყვის, არსებობის უკვე რამდენი ციკლი განვლო სამყარომ და აღწევდა თუ არა იგი (ღმერთი, აბსოლუტი, აბსოლუტური სული) თანდათან სრულყოფის (ეგებ ნირვანას – თვითკმარობას, თვითშემეცნებას) სულ უფრო და უფრო მაღალ დონეს?
ადამიანთა მოდგმა დედამიწაზე მისი წარმოშობის შემდეგ თანდათან იპყრობდა სამყაროს შემეცნების სულ უფრო ახალ-ახალ მწვერვალებს. ჩვენი დრო ერთ-ერთი ასეთი მაღალი მწვერვალის დაპყრობის ხანაა. მის მიერ განვლილი უხანგრძლივესი გზის შედეგად კაცობრიობამ სამყაროს გააზრების არაერთი საფეხური განვლო. ეს საფეხურები განასახიერებს ადამიანთა საზოგადოების განვითარება-სრულყოფის პროგრესულ ნაბიჯებს. აქ ერთმანეთს სცვლიდა სხვადასხვა ეტაპები – ფეტიშიზმი, ტოტემიზმი, ბუნების ძალთა გაღმერთება, მითოლოგიური აღქმა და დიდი მსოფლიო რელიგიების შექმნა-ჩამოყალიბება, რომელთაც თანდათან სინთეტური სახე მიიღეს, პრეტენზია გაუჩნდათ სამყაროსა და კაცობრიობის შესახებ მთლიანი წარმოდგენის შენობის აგებისა; ისინი სთავაზობდნენ კაცობრიობას, ან მის ერთ-ერთ, დიდ თუ პატარა ნაწილს, მათ მიერ შექმნილ სურათს ღმერთის (აბსოლუტის), მისი ფუნქციების, არსებობის წესების შესახებ, ადამიანთა საზოგადოებას კი – საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი, ეთნიკურ-ზნეობრივი ცხოვრების ნორმებსა და კატეგორიებს.

ჰეგელის მოტივებზე

“აბსოლუტური სული” უდრის ღმერთს – ყველაზე მისაღები თეზისია. მისი არსის გასაგებად უნდა გავიცნობიეროთ, რას წარმოადგენს სამყარო, რა ახასიათებს მას.
როგორც ჩანს, იგი არ არის ყოვლისშემძლე, მას ზღუდავენ ცნობილი უზოგადესი კანონები – დაპირისპირებულთა ერთიანობა, (განვითარების საფუძველი!) რაოდენობის თვისობრიობაში გადასვლა (განვითარების მექანიზმი) და უარყოფის უარყოფა (წინსვლის, პროგრესის, დასაბამიდან ბოლომდე მისვლის გზა).
ამასთანავე სახეცვლის, გაჩენა-განადგურების დილემის აუცილებლობა გარდაუვალი კანონია და ეხება ყველა დონის ობიექტებს – მიკროელემენტებიდან დაწყებული მთელი სამყაროთი გათავებული.
ფორმაციები და მათი ცვალებადობა – ზედმეტი დაკონკრეტებაა, ისინი ერთდროულად, ერთმანეთის გვერდით შეიძლება არსებობდნენ. ამიტომაა ახლა ლაპარაკი – პროტოფეოდალიზმზე, პროტოკაპიტალიზმზე (ანტიკა!), პროტოკომუნიზმზე, და ა. შ. (აუცილებელია “ციკლიზმის” ცნება – იგი დიალექტიკის “უარყოფის უარყოფის” ილუსტრაცია ხომ არ არის?).
“კომუნიზმის” – დამამთავრებელი სამოთხის – თეზისი რომ ჰიპოთეტურია, ახლაც კარგად გამოჩნდა – იგი (“საყოველთაო კეთილდღეობის საზოგადოება”) მხოლოდ მსოფლიოს 1/3-ს, ან 1/20-ს, ან 1/100-ს ეხება და მთელი კაცობრიობის ჩართვით საერთოდ სწრაფად აორთქლდება!
დაპირისპირება – ღმერთი (ე. ი. “მთელი”) კეთილია, მან უნდა სძლიოს “ბოროტს” (resp. ეშმაკს) არაა სწორი, რადგანაც ამ ძლევით უქმდება სამყაროს არსი, ამით შეიძლება ანიჰილაცია მივიღოთ და ასეც იქნება. აქედან – განმეორებადობა, ციკლიზმი. თვით სამყაროს ისტორიაშიც სწორი უნდა იყოს მრავალი სამყაროს (დროის სხვადასხვა მონაკვეთში) არსებობა, შეკუმშვა-მოსპობის შემდეგ განვითარების თავიდან დაწყების ჰიპოთეზა etc.
ძალით რაიმეს კეთება („კომუნიზმი”!) არ გამოვა, პროგრესის “დაჩქარება” საბოლოო შედეგს არ იძლევა, უფრო სწორედ, უკუშედეგს გვაძლევს – საწინააღმდეგოს წარმოქმნის (მაგ. სტალინის რეპრესიები > კომუნიზმის კრახი სსრკში).
არა მარტო პროგრესი და განვითარებაა კანონზომიერება, არამედ “სახეცვლაც”. ერთსა და იმავეს არ უწერია სამუდამო არსებობა – იგი უნდა მოისპოს (მცირე ვარიანტი!).
მცირესაც იგივე მოსდის, რაც დიდს, მთელს! მცირედან დიდისკენ, ნაწილიდან მთელისკენ ლტოლვა კანონზომიერებაა (რაოდენობრიობიდან – თვისობრიობისაკენ?) – არის ეს სახეცვლის საფუძველი?
ჰეგელი გახაზავს სპინოზასეული “ღმერთისადმი ინტელექტუალური სიყვარულის” განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ანუ ობიექტური კანონზომიერების შემეცნებას, როგორც თავისუფლების აქტუალიზაციის საშუალებას.
თავისუფლების პრობლემა – იგი დამახასიათებელია “სულისთვის” და არა მატერიისთვის – თავისუფალი “აბსოლუტური სული”!
ჰეგელმა, მსოფლიო-ისტორიული პროგრესის იდეასთან დაკავშირებით წამოაყენა პროგრესის კრიტერიუმი – თავისუფლების იდეის გაცნობიერება. ჰეგელი: “მსოფლიო ისტორია გადმოგვცემს სულის ცნობიერების განვითარებას მისი თავისუფლების შესახებ და ამ ცნობიერების მიერ განხორციელებულ რეალიზაციას”.
წინააღმდეგობის ფაქტორი თვით სამყაროშია ჩადებული: მასში ყველაფერი იცვლება, იქმნება და ქრება, მაგრამ თვით სამყარო უცვლელია, ის არც წარმოიშობა და არც ქრება. ყველაფერს აქვს მიზეზი, მას – არა, არის მხოლოდ ციკლები არსებობისა? რომელია ჩვენი ციკლი? ეს საკითხიც არ დაისმის, რადგანაც ყველაფერი, მასთან დაკავშირებული, უსასრულოა, არც თავი აქვს და არც ბოლო. მაგრამ ესეც არ არის საკითხის გადაწყვეტა, რადგანაც ჩვენთვის აუცილებელი ლოგიკით (არაფრისგან არ შეიძლება რაიმე წარმოიშვას!) იგი (თვით ღმერთი!), მისი არსებობა შეიძლება გასაგები გახდეს მის ზემოთ კიდევ სხვა, მასზე უფრო ძლიერი ღმერთის არსებობის დაშვებით, ე. ი. აქაც ჩიხში ვექცევით – კითხვა უპასუხოდ რჩება!

(c) „წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box